მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა – „ამ კანონს ვერ გაიტანენ“

11.05.2024 •
რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა – „ამ კანონს ვერ გაიტანენ“

ირაკლი წიგნაძე, რომელიც სპეცრაზმის წევრებმა 11 მაისს ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგადაა და საშიში არაფერი სჭირს.

ის მომხდარ ამბავს ასე აღწერს:

„ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაეარათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტო რო ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რო შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან.

ბოლოს ალბათ მივხდნენ რო სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რო მე არ გავიწეოდი, ამიტომ დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ – ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის „პაძელნიკს“ ეუბნება „ეს დედამ**** თუ არ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო“. დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რო ვთქვა. უბრალოდ, არ მინდა ეგონოთ რო მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.

ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მე მგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ )))) და ასჯერ რო მცემეს მერე ავტობუსთან რო დავდექი კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ, ვინმე უფრო მაგრა მაგინებდა შგნიდან, მაგაზე დავცინი ვიდეოში )))))

ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან, სად არიან და რას ემსახურებიან და გონიათ რო კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის, ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე, როგორც ეს ერთამენთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა ახლა რის კეთებაზეც გადავიდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რო არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.

ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ!“ – წერს ირაკლი წიგნაძე.

ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც საუბარია, რომ ნასვამმა მძღოლმა გზა არ დაუთმო სპეცრაზმის ავტობუსს, თუმცა არაფერია ნათქვამი სამართალდამცველების მიერ მოქალაქის სასტიკ ცემაზე:

შსს მოქალაქის ცემის ინციდენტზე: გზა არ დაუთმო სპეცრაზმის ავტობუსს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმის ინფორმაციით კი, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით:

სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემაზე გამოძიება დაიწყო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: