მთავარი,სიახლეები

უსახლკაროებს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა, ისინი ძალით გამოიყვანეს შენობიდან

06.02.2025 •
უსახლკაროებს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა, ისინი ძალით გამოიყვანეს შენობიდან

მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის მერიის ფოიეში დაახლოებით 3 საათი ელოდნენ ბათუმის მერთან, ან მერიის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას.

ბათუმის მერიაში უსახლკაროებისთვის ისევ არავინ მოიცალა. სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ უსახლკაროები დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალით გამოიყვანა.

„4 თვეა მიტოვებულ შენობაში ვართ, საპირფარეშოს ჩვენით ვაწყობდით ხის ფიცრებით, მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია, დაგვიშალეს და მასალაც თან წაიღეს,“ – ამბობს მოქალაქე შოთა ბერიძე, რომელიც დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვდა.

უსახლკაროები ბათუმში აქციებს ბათუმის მერიასთან პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები, უსახლკარო შშმ პირები ისარგებლებენ.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ამ ადამიანებს არც კი მოუსმინა, უსახლკაროების ნაწილი სახელმწიფო ბალანსზე არსებულ რამდენიმე შენობაში შევიდნენ.

მაგალითად, 4 თვის წინ სოციალურად დაუცველი 21 ოჯახი თევზის ბაზრობის მიმდებარედ მიტოვებულ შენობაში შევიდა. მოქალაქეები გვიყვებიან, რომ ამ დრომდე მათი ბედით ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა.

„დღეს მოვიდა მუნიციპალური ინსპექციის 50 თანამშრომელი ერთად, არც გაფრთხილება, არც არაფერი, პირდაპირ დაიწყეს ჩვენი მოწყობილი სველი წერტილების დაშლა. ქალები იყვნენ იქვე, მათზეც იძალადეს…

კაპიკები შევაგროვეთ, რომ ეს ხის მასალა და მილები გვეყიდა. შენობა, სადაც ვართ, ტექნიკურად არ მოიწყობოდა ტუალეტი, პრობლემაა დაერთება… ამიტომაც თევზის ბაზრობის დირექტორს ვთხოვეთ, ნებართვა მივიღეთ და იმ მილთან ახლოს ვაწყობდით საერთო სამზარეულოს და ტუალეტს,“ – გვითხრა შოთა ბერიძემ.

შოთა ბერიძის თქმით, მისი შვილი შშმ პირია – 23 წლის რამინ ბერიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი უყურადღებობით გახადა იძულებული, თვითნებურად დაეკავებია მიტოვებული შენობა:

„ჩემი შვილი შშმ პირია, ჩვენ ხულოში ვცხოვრობდით. ვინც სოფელში ცხოვრობს, თქვას, როგორ იცხოვრებს სოფელში ცალხელა კაცი? ჩვენ გვჭირდება ყურადღება, ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ.

დღეს ვნახე, რომ შეიძლება ყველას გადაუარონ… ჩვენ მაქ რაც ვიწვალეთ და ნაგავი ვზიდეთ – 80-იანი წლების შემდეგ მიტოვებულია ეს შენობა,“ – გვიყვება შოთა ბერიძე.

ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან

ბათუმის მერიის ფოიეში ელოდა დღეს მერთან შეხვედრას მარტოხელა დედა, ეთერ ცენტერაძეც:

„მე 4 შვილის დედა ვარ, მეც დამარტყეს ხელი, პოლიცია იქვე იდგა და არაფერი არ თქვა, შენობისგან გიცავთო, ნუ ანგრევთ და არ დაგვეცემა-მეთქი, ვუთხარი.

ვიდრე მიტოვებულ შენობაში, გაუსაძლის პირობებში შევიდოდი საცხოვრებლად, მეც ნაქირავებში ვიყავი, ვინ იცის რამდენი წელი. მერე გაძვირდა ქირა და მეც ვეღარ ვიხდიდი, ბარში ვმუშაობ….

ერთ მუჭა საქართველოს ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ჰყავდეს? რაც შევაკოწიწეთ ხის მასალა, ისიც წაგვართვეს,“ – გვითხრა ეთერ ცენტერაძემ.

„გამობრძანდით და ისწავლეთ ხალხთან ურთიერთობა, დამალული რომ ხართ ჩირგვებში… თქვენი კაბინეტები ისეა მოწყობილი, 100 ათასი ლარი მაინც ჯდება, ქვეყანა კი, წავიდა ემიგრაციაში, ვინც დარჩა, სოციალურად დაუცველია ყველა,“ – მიმართავდა დღეს ბათუმის მერიის ფოიეში მერიის თანამშრომლებს ნაილი ბეჟანიძე, ის ორგანიზაციის – „ხმა ერისა, გზა სხნისა“ წარმომადგენელია და უსახლკაროების უფლებებს იცავს.

ამ თემაზე:

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: