გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უახლოეს პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ომის ახალი ეტაპის დაწყებას ელოდება. სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა უკვე ბევრი პირობა აქვს გაძლიერებისთვის, რუსეთმა კი, ომის დაწყებიდან 3 წლისთავზეც კი, ვერაფერი მოიგო:
„საქმე იქამდეც მიდის, რომ რუსები თავიანთ ჯავშანტექნიკას ვეღარ იყენებენ ბრძოლის ველზე. ისინი იყენებენ ჯავშანტექნიკას მხოლოდ დახურული პოზიციებიდან საცეცხლე მხარდაჭერისთვის, ტანკის მთელი ხიბლი რაც არის – მანევრი, დაცულობა და ცეცხლი, წარმოიდგინეთ, ეს დაყვანილია არაზუსტი „ჰაუბიცის“ დონემდე,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, – „ამ დროს კი, უკრაინელები, ვინაიდან დრონების მხარდაჭერა კარგად აქვთ აწყობილი, უპირატესობას ფლობენ ე.წ. მცირე ჰაერში, ანუ სადაც დრონები მოქმედებენ“.
ვახტანგ კაპანაძის აზრით, უკრაინას სამხედრო მრეწველობის განვითარების პერსპექტივაც გაუჩნდა: „ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკრაინა უკვე ლაზერული იარაღის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს და მეხუთე ქვეყანა იქნება მალე მსოფლიოში, რომელსაც ასეთი იარაღი ექნება,“ – დასძენს გენერალი და იმის ჩამოთვლას იწყებს, რამდენი მიმართულებით დასუსტდა რუსეთი:
„ნატოს საზღვარი გაეზარდა, მეზობელი ჰყავს, რომელიც გამწარებული მოემზადება მასთან საომრად, სირია დაკარგა, ყირიმიდან იძულებულია შავი ზღვის ფლოტი გაიყვანოს… ბალტიის ზღვა ფაქტობრივად გახდა ნატოს ტბა, იგივე სურათი იკვეთება თანდათანობით შავ ზღვაზეც. რა მოიგო რუსეთმა ამით?“
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი თანახმაა პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე. რას აჩვენებს თქვენთვის ეს გადაწყვეტილება?
ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ მიდიოდა ორივე მხარე. ფაქტია, რომ ორივე მხარეს უნდოდა სულის მოთქმა. ტრამპის ფაქტორი აიძულებს ორივე მხარეს, გადადგან ნაბიჯები ერთმანეთისკენ. პუტინმა განაცხადა, ზელენსკი არალეგიტიმურია და მას არ შეუძლია შეთანხმებას ხელი მოაწეროს, მაგრამ დაესწროს მოლაპარაკებებსო – ეს საინტერესო ფორმულირება იყო.
ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე მეტად ახლა ტრამპის პრესტიჟის საკითხია. მან აქამდე სხვადასხვა ვადა დაასახელა: 100 დღეში, ან 3 თვეში გადავწყვეტ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხსო, ამიტომაც, ყველაზე მეტად ტრამპია მოწადინებული, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს.
- რაზე შეიძლება შედგეს შეთანხმება, რა ჩანს ამ გადასახედიდან?
ძნელია საუბარი მოლაპარაკებების დაწყების წინ. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ტრამპის მოსაზრებით, ეს ეტაპი უნდა გამოიყენოს უკრაინამ, რომ არჩევნები ჩატარდეს. როგორც ჩანს, ასე უყურებენ საკითხს, რომ ზელენსკის შემცვლელთან უკვე უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების წარმოება რუსეთის, თუ სხვა მხარეების ჩართულობით.
მე რომ მკითხოთ, ეს სწორიც არის: ზელენსკიმ გარკვეული ნიშა შექმნა, ამ ნიშაშია იგი დაბეტონებული, მას თავისი პრინციპები აქვს გაცხადებული და ხისტი იქნება მასთან გადაწყვეტილებების მიღწევა.
ჩემი აზრით, უკრაინისთვის არ იქნება ცუდი, თუ ზელენსკის შემცვლელი მოვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რაც სჭირდება არჩევნების წესიერად ჩატარებას: ლტოლვილები, რომლებიც გასული არიან უკრაინიდან, მათ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, შემდეგ უფრო სწრაფად წავა პროცესი.
- ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის ვადა გაახანგრძლივა 9 მაისამდე. ამ ვადაში ელოდებიან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას?
ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული თარიღი. ეს ტრამპზეა უფრო დამოკიდებული, ვიდრე ზელენსკიზე. არის ვარაუდი, რომ აღდგომისთვის დაიწყება მოლაპარაკებები, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის სავარაუდოდ, ლოგიკური თარიღია მაისი.
- რას შეიძლება დათანხმდეს უკრაინა, რა იქნება მისთვის მისაღები?
პირველ რიგში, ესაა ცეცხლის შეწყვეტა. რაღაცის გაცვლაზეც შეიძლება დაიწყოს უკრაინამ მოლაპარაკება, მაგალითად, კურსკის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცვლასთან დაკავშირებით. მე ძალიან ეჭვი მეპარება ზაპოროჟიეს გაცვლას დათანხმდნენ რუსები – ამ შემთხვევაში უკრაინელები კვლავ შეძლებენ აზოვის ზღვაზე გასვლას და რუსეთის სახმელეთო დერეფნის მოწყვეტას ყირიმთან.
მოლაპარაკების საგანი იქნება ასევე ტყვეების გაცვლა „ყველა ყველაზე“ და იმის გარანტია, რომ სამშვიდობოების ჩაყენებით, ან ამერიკის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ჩაყენებით, გარანტირებულად რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაზე თავდასხმას ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში.
- ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რა შანსი აქვს უკრაინას ამ ომის მოგებისთვის?
რუსეთიც გამოფიტულია, მასაც სჭირდება სულის მოთქმა. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინელებმა რეკორდული რაოდენობის დარტყმა განახორციელეს რუსეთის ნავთობმწარმოებელ ქარხნებზე. 30 ყველაზე მსხვილი ქარხნიდან ორ-მესამედზე უკრაინელებმა მოახერხეს დარტყმა.
ბოლო დარტყმა უკრაინელებმა განახორციელეს კრასნოდარში იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ხდებოდა „შაჰიდების“ გაშვება. ასე რომ, ეს დარტყმაც უმტკივნეულო არ არის რუსეთისთვის, რადგან საკმაოდ მცირდება მათი ნავთობის წარმოების და საცავის შესაძლებლობები.
ფაქტობრივად გამოჩნდა, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტიანობა 30-35 %-ის ფარგლებში მერყეობს – ვერ ახერხებენ ისინი ტერიტორიის დაცვას და რუსებიც საუბრობენ უკვე ამაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსებს აქვთ ინიციატივა: გარკვეულ ტერიტორიას იკავებენ, კუპიანსკის ჩრდილოეთით ვითარება იძაბება, მაგრამ ბოლო 2 წელი რომ ავიღოთ, ზამთრის შეტევიდან დაწყებული, რუსებმა დაიკავეს დაახლოებით 3500 – 4000 კვადრატული კილომეტრი. ეს უკრაინაში რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის სულ 1 %-ია, თუ არ ჩავთვლით ყირიმს, დონბასს, რომელიც მანამდე ჰქონდათ დაკავებული რუსებს. პირველად არის ასეთი ვითარება, რომ თანამედროვე ჯავშანტექნიკის, ტანკების რაოდენობით უკრაინა ფაქტობრივად თითქმის გაუტოლდა რუსეთს. ამ შემთხვევაში არ ითვლება ის მოძველებული ტ-55 თუ ტ -62, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა დარჩენილი ყოფილ საბჭოთა საცავებში [თუმცა ძალიან საეჭვოა მათი გამართულობა].
საქმე იქამდეც მიდის, რომ რუსები თავიანთ ჯავშანტექნიკას ვეღარ იყენებენ ბრძოლის წინა ხაზზე. ისინი იყენებენ ჯავშანტექნიკას მხოლოდ დახურული პოზიციებიდან საცეცხლე მხარდაჭერისთვის. ტანკის მთელი ხიბლი რაც არის – მანევრი, დაცულობა და ცეცხლი, ეს დაყვანილია არაზუსტი „ჰაუბიცის“ დონემდე. ამ დროს კი, უკრაინელები, ვინაიდან დრონების მხარდაჭერა კარგად აქვთ აწყობილი, უპირატესობას ფლობენ ე.წ. მცირე ჰაერში, ანუ სადაც დრონები მოქმედებს.
უკრაინელები მოქმედებენ ჯავშანჯგუფებით. სულ ბოლო მონაცემებია, რომ კურსკის ოლქში სუჯის მიმართულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით უკრაინელებს ერთი ბატალიონის შემადგენლობის ტაქტიკურმა ჯგუფმა, დასავლეთის ჯავშანტექნიკით შეუტია და აიღო დასახლებული პუნქტი ულანაკი. ასე რომ, უკრაინელებიც მიდიან წინ.
სასაცილოა, რომ ამ მიმართულებაზე ისევ „ახმატი“ დგას და ისევ „ასცდა“ სპეცრაზმი „ახმატი“ უკრაინელების ამ შეტევას. გამოდიან მერე და იძახიან, უკრაინელებს არ უნდა ჩვენთან შეტაკებაო. შენ შეხვდი სამაგიეროდ, თუ იმათ არ უნდათ. ამ ტიკ-ტოკ ჯარისკაცებს თვითონ რუსები დასცინიან უკვე.
ეს აჩვენებს იმას, რომ რუსებისთვისაც არაა კარგი ეს ოპერატიული ვითარება. მაგალითად, არ გაამართლა კორეელების შემოყვანამ და გაიყვანეს უკვე. ეს აბსოლუტურად არაეფექტური აღმოჩნდა – უშველებელი დანაკარგი მიიღეს და იძულებული გახდნენ, გაეყვანათ ბრძოლის ველიდან.
- ხომ არ ვითარდება პროცესი ისე, რომ უკრაინაშიც ე.წ. გაყინული კონფლიქტი მივიღოთ?
ეს ომი გადაქცეულია უკვე გაჭიანურებულ კონფლიქტად.
ვინმემ არ უნდა გაიგოს ისე, რომ ახლა უკრაინელებს ულხინთ. მათ ძალიან უჭირთ.
მაგალითად, უჭირთ პირადი შემადგენლობა. ვისაც ბრძოლა უნდოდა, ის უკვე დიდი ხანია ფრონტზეა წასული და ვინც თავი აარიდა ფრონტზე მოხვედრას, იმას დასდევენ გაწვევის სამსახურიდან. ბოლო ტენდენცია, რაც შეიმჩნევა უკრაინაში, არის ის, რომ სამობილიზაციო პუნქტებში ხდება აფეთქებები: ვიღაცამ თავი აიფეთქა იმ პუნქტში ვიღაცამ მოკლა კომისარი. უკრაინელები აბრალებენ ამას რუსებს, რომ ისინი ახდენენ დივერსიას, მაგრამ ფაქტია, რომ 4 თუ 5 სამობილიზაციო პუნქტში ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს მოხდა აფეთქებები. ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ არის ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, რომ გავიდეს ბრძოლის ველზე.
უკრაინელებსაც უჭირთ, როტაციაა საჭირო. ხანგრძლივი ომი მძიმე ტვირთია მებრძოლებისთვის ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მორალურადაც.
- თქვენ ახსენეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომ ეს „ტრამპის პრესტიჟია“. მოიგებს თუ არა უკრაინა ამ ომს, ესეც ხომ ტრამპის და დასავლეთის იმიჯის საკითხია? თუ ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში როგორ ხედავს აშშ და ევროპა იმას, რომ უკრაინამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს?
პირველი, რასაც იძახიან, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა. ჩემი აზრით, ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ იქნება „კორეიზაციის“ ვარიანტი, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულების გამოცხადების გარეშე, ხოლო მსოფლიო არ აღიარებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
შეიძლება იქნეს ასევე გაცემული იმის გარანტია, რომ უახლოესი 10 ან 20 წლის განმავლობაში უკრაინა არ შევა ნატოში. ჩემი აზრით, უკრაინამ ტაიმ-აუტი უნდა აიღოს აუცილებლად და ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს გასაძლიერებლად. ამისთვის დასავლეთი აუცილებლად უნდა დაეხმაროს უკრაინას.
უკრაინას ასევე აქვს იმის პოტენციალი, რომ თავისი სამხედრო მრეწველობა ააწყოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკრაინა უკვე ლაზერული იარაღის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს და მეხუთე ქვეყანა იქნება მალე მსოფლიოში, რომელსაც ასეთი იარაღი ექნება
ნატოში შესვლა საბოლოო მიზანი არ არის. ნატოში შესვლა არის საშუალება უკრაინის იდენტობის და უკრაინის სიძლიერის. ამას თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაანაცვლებს, უკრაინისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიცავს: აშშ თუ, მაგალითად, პოლონეთი?
წინა ინტერვიუში ვახსენე და ახლაც მოვიყვან ყარაბაღის მაგალითს: 30 წელიწადი ელოდებოდა აზერბაიჯანი თავის მომენტს. 30 წლის შემდეგ რა იქნება, მაგალითად, რუსეთში, ან რამდენად გაძლიერდება უკრაინა, არავინ იცის ახლა.
ტრამპის მოწოდებაა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მშპ-ს 5 %-მდე გაზარდონ თავდაცვის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ეს დიდი ზრდა იქნება დასავლეთის ქვეყნების შეიარაღების გაძლიერების და უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. პოლონეთში ფაქტობრივად თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 4.7 %-მდე გაიზარდა.
ზოგადად რომ გადავხედოთ სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რუსეთმა ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ამ ომით: ნატოსთან საზღვარი გაეზარდა დაახლოებით 1200 კილომეტრით, უკრაინის სახით მეზობელი ჰყავს, რომელიც გამწარებული მოემზადება მასთან საომრად, სირია დაკარგა, ყირიმიდან იძულებულია შავი ზღვის ფლოტი გაიყვანოს. რუსეთმა უკვე დაკარგა გეოპოლიტიკური სამკუთხედი: გიუმრი, სევასტოპოლი, ტარტუსი [ლატაკია, სირია]. ეს სამკუთხედი მას აძლევდა საშუალებას დიდი ტერიტორია დაეფარა შორი მანძილის საჰაერო
თავდაცვის და ბალისტიკური რაკეტებით და შეექმნა საჰაერო სივრცის ე.წ. ბუშტი, სადაც თავის ინტერესებს გაატარებდა და არავის დაუშვებდა.
ასევე, დნესტრისპირეთიც რომ ავიღოთ, ისეთი პირობები შეიქმნა, რომ იგი მწიფე ვაშლივით ჩაუვარდება ხელში მოლდოვას. იქ გათბობა და გაზი სათხოვარი გაუხდათ. ერთი მხრიდან ჰყავთ უკრაინა, მეორე მხრიდან მოლდოვა და რუმინეთი. იქ ვერ შედის რუსეთი და თავისი სამხედრო კონტიგენტის ვერც როტაციას, ვერც მომარაგებას ვერ ახორციელებენ.
ბალტიის ზღვაზე გადახედეთ რა ვითარებაა: ესტონეთის და ფინეთის 12-მილიანი ზონა ერთმანეთს ეხება და შუაზე ყოფს ფინეთის ყურეს. რუსეთს ხელშეკრულებით აქვს იქ დერეფანი დატოვებული. ხვალ რა იქნება, გარანტიას არავინ აძლევს. ბალტიის ზღვა ფაქტობრივად გახდა ნატოს ტბა.
იგივე სურათი იკვეთება თანდათანობით შავ ზღვაზეც. რა მოიგო რუსეთმა ამით?!
- არ წარმოაჩენს რუსეთი ახალ მოცემულობას ისე, რომ აი, დასავლეთი საკმარისად არ დაეხმარა უკრაინა საკმარისად?
თავის აუდიტორიას რუსეთი ყველაფერს დააჯერებს, მაგრამ რეალურად რა ხდება? დონეცკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია უკრაინაში, რომელიც ტაშ-ფანდურით გახდა „რუსული სამყაროს“ ნაწილი. ვიდრე დონეცკი უკრაინაში იყო, იქ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და თანამედროვე ქალაქი იყო. დღეს კი იქ წყალი და შუქიც არ აქვთ. არც იმის რესურსი აქვს რუსეთს, მიწასთან თავისივე გასწორებული დონბასი ააღორძინოს, ცენტრალური რუსეთისთვის ვერ მოუვლია და ხალხი მათხოვრობაში ცხოვრობს.
აი, აქამდე მივიდა „რუსული სამყარო“ და ამას რუსეთის მოტრფიალე ჩვენების გასაგონადაც ვიძახი.
თავის დროზე აქტიურად რომ დახმარებოდა დასავლეთი უკრაინას, შეეძლებოდა უკრაინას უფრო მეტი მოეგო. ამასთანავე, უკრაინამ ძალიან კარგი მომენტი დაკარგა, როცა 2022 წელს რუსებმა უკან დახევა დაიწყეს, მაშინ მაქსიმალურად უნდა გამოეყენებია ეს შესაძლებლობა – მაშინ ოპერატიული შეცდომა დაუშვა ჩემი გადასახედიდან, თორემ ჩვენთვის უცნობი იქ ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება არსებობდა, მათ შორის, შეიარაღების, ჯარების მზადყოფნის და ასე შემდეგ. მაშინ უფრო მეტის წართმევა შეიძლებოდა რუსებისთვის.
- გამოდის, შემდეგ „კარგ მომენტს“ უნდა დაელოდოს უკრაინა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს?
დიახ, სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს. უკრაინა უნდა დაელოდოს, რა ცვლილებები მოხდება მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა გაძლიერდეს, გამოასწოროს თავისი ინსტიტუტების მდგომარეობა. უკრაინა უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე, დასავლურ ქვეყნად.
გადამწვარ ტერიტორიებს რუსები ვერ აითვისებენ. ისინი კურსკის ლტოლვილებსაც კი ვერ უვლიან და ამ ტერიტორიებს ააყვავებენ?!
- უკრაინის წიაღისეულის შესახებ ტრამპის ცნობილ განცხადებაზე მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ტრამპის ეს ინტერესი?
ტრამპი ბიზნესმენია ფაქტობრივად. ჩემი აზრით, ეს წინადადება უკრაინისთვის ძალიან კარგი და მისაღებია. თუ ამერიკული კომპანიები დაიწყებენ უკრაინაში ამ წიაღისეულის დამუშავებას, ეს უკრაინას წაადგება და მეორეა ის, რომ იზრდება უკრაინის დაცულობის ხარისხი.
- ახლა რა ეტაპია ფრონტის ხაზზე – ისევ აქვთ მხარეებს იმის მცდელობა, რომ უკეთესი პირობით მოახერხონ მოლაპარაკებაზე მისვლა?
დიდი ოპერატიული ცვლილების სურათი არ არის. რუსებს აღმოსავლეთ ფრონტზე აქვთ გარკვეული, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებები, უკრაინას კი, აქვს გარკვეული წარმატებები კურსკში. რუსები კუპიანსკს აწვებიან ძალიან, მე-6 საერთოსაჯარისო არმიის ძალებით, დვურუჩნაიას-კუპიანსკის გზის გაყოლებით ცდილობენ კონდრაშოვკას და დოროშევკის მიმართულებით გაჭრას. კუპიანსკის ჩრდილოეთიდან უტევენ, სადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტია. კუპიანსკის ჩრდილოეთიდან უტევენ, სადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტია, იქ მდინარე გადის – ოსკოლი, სადაც რუსები ცდილობენ, რომ პლაცდარმი შექმნან და ამისთვის დაიკავეს სოფელი ზაპადნაია.
ძალიან რთული ვითარება შეიძლება ჩამოყალიბდეს კუპიანსკისთან, თუ რუსები გავლენ კუპიანსკის გარე უბნებამდე, თუმცა ზოგადი თვალსაზრისით კუპიანსკი არ არის გრავიტაციის ცენტრი, რომლის შემთხვევაშიც თავდაცვის გარღვევა მოხდება.
- ფრონტის ხაზზე მეტად პოლიტიკოსებზეა ახლა დამოკიდებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების დაწყება?
ფაქტია, რომ დაახლოებით სამჯერ შემცირდა ის ტემპი, რაც რუსებს აქამდე ჰქონდათ. ამას ამინდებიც დაემატა. რესურსის საკითხიც დგას რუსებისთვის.
ახლა მართლაც ბურთი უკვე პოლიტიკის მხარესაა. უკვე მოლაპარაკებები დაიწყება და პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ტყვეების გაცვლა და ცეცხლის შეწყვეტა. შემდეგ უკვე წავა ვაჭრობა: ვინ რას დათმობს.
- რამდენიმე დღეში 3 წელი გავა ამ ომის დაწყებიდან. სამი წლის თავზე თქვენ ცეცხლის შეწყვეტას ელოდებით?
დიახ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცეცხლი სრულიად შეწყდება და არსად სროლა არ იქნება. მოხდება იქ პროვოკაციები გარკვეულ მონაკვეთებზე, მაგრამ იმედია ფართომასშტაბიანი შეტაკებები აღარ იქნება.