მთავარი,სიახლეები

ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

08.02.2025
ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმის იუსტიციის სახლი მენეჯერი ერეკლე თურმანიძე ფეისბუქზე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერის გამო, რომელიც იუსტიციის სახლი თანამშრომლებმა გაავრცელეს 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს:

„განაჩენი“ გამოტანილია.

გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა.

ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი ემოცია და სიტყვები ტრიალებს გონებაში, თუმცა, ვცდილობ რამენაირად შევძლო და მოკლედ გადმოვცე სათქმელი.

იუსტიციის სახლი – ეს არის უნიკალური ქართული პროდუქტი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ საქართველომ შეძლო და რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, დემონი სსრკ-ს განდევნაში და ვიზალიბერალიზაციის საქმეში, რომლის შედეგადაც, თითოეულმა ჩვენგანმა შევძელით და ვნახეთ მშვენიერი გარესამყარო.

ჩვენ ვიზრდებოდით იმ გარემოში, სადაც მნიშვნელოვანი იყო კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზრი, სამართლიანობა, ჯანსაღი კამათი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზემოჩამოთვლილი უნარები, ჩემი და ჩემი მეგობრების სამაგალითოდ დასჯის საფუძველი გახდებოდა.

იუსტიციის სახლთან ჩემი კავშირი დაიწყო სტაჟირებით. მისი დაარსების დღიდან, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების, 13 წლის განმავლობაში, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, შევძელი არაერთ ჩემთვის საინტერესო პოზიციაზე დაწინაურება და ბოლოს დავინიშნე ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერად.

ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ხელმძღვანელისგან მიღებული მაქვს არაერთი სიგელი, ჯილდო, საუკეთესო მენეჯერის/ფილიალის წოდება და ყველაზე დიდი საჩუქარი – ძალიან ბევრი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული. ალბათ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი შრომისა და ადამიანურობის გარეშე.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ერთადერთი რამ, განცხადებაზე ხელის მოწერა გახდა იუსტიციის სახლის კიდევ ერთი, ერთგული თანამშრომლის სისტემიდან მოშორების მიზეზი. განცხადებაზე, რომელიც კონსტიტუციის ერთგულებასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმის შესახებ, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას ეხებოდა.

რა თქმა უნდა, პირადი ემოციების მიღმა უფრო მტკივნეული იმის ყურებაა, თუ როგორ აცლიან იუსტიციის სახლის სისტემას ყველაზე მნიშვნელოვანს – კომპეტენციას, თავისუფლებასა და წლებით ნაგროვებ თავდაჯერებას; როგორ თესავენ შიშს ყველაზე გაბედულ ორგანიზაციაში, რომელიც არასდროს (მათ შორის, პანდემიის დროსაც) შეშინებია გამოწვევებს და გაუჩერებლად, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის სადარაჯოს წინა ხაზზე იდგა. მტკივნეულია იმის ყურება, ნელ-ნელა როგორ ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათს დანარჩენ დედამიწაზე.

იუსტიციელებო – თქვენ ხართ გმირები და ძალიან დიდი ძალა, რომელსაც ვერაფერი დაამარცხებს თუ მტკიცეთ დადგებით იუსტიციის სახლისა და ერთმანეთის დასაცავად. დღეს თუ არა ხვალ ყველას მოგაკითხავენ, თქვენ ვეღარასოდეს დააფიქსირებთ პირად აზრსა თუ უკმაყოფილებას, ნუ შეეგუებით უსამართლობას!

ყოფილი იუსტიციელი არ არსებობს!

მე ვარ თავისუფალი.

დიახ, მე ვარ იუსტიციის სახლი“ – წერს ერეკლე თურმანიძე ფეისბუქზე.

იუსტიციის სახლი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლების ნაწილმაც 29 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ აპირებენ გააგრძელონ ევროპული მომავლის დაცვა.

__________________

ფოტოზე: ერეკლე თურმანიძე/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: