მთავარი,სიახლეები

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი პატიმრობიდან – ოპოზიციის განცხადება ბათუმში

28.01.2025
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი პატიმრობიდან – ოპოზიციის განცხადება ბათუმში

დღეს, 28 იანვარს, აჭარაში მოქმედმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს ონლაინგამოცემა „ბათუმელები„/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

მათი განცხადებით, აჭარაში მედიის თავისუფლების მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს რეპრესიები გაატაროს „ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების ზრდა, დირექტორისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება, დაიხურა ტვ25, ახლა მიმდინარეობს შეტევა ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ.

ივანიშვილის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმის პროვოცირებით მოხდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობლის დაკავება, მას დაკავებისას პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე აყენებდა შეურაცხყოფას, რაზედაც არავინ დასჯილა დღემდე.

ივანიშვილის სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და პატიმრობა შეუფარდეს მზია ამაღლობელს, ის მე-17 დღეა შიმშილობს და მისთვის დღემდე არ გაუწევიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიცური სამედიცინო დახმარება.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება, გამოყენებული იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა გადარჩეს მზია ამაღლობლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ასევე, სათანადო შეფასება მიეცეს საქართველოში, მათ შორის, აჭარის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მედიაგარემოს მდგომარეობას. მოვუწოდებთ ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, დაუწესონ სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ მედიაზე შეტევას, მზია ამაღლობლის დაკავებასა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელებაში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ახორციელებენ სათანადო სამედიცინო სევრისების მიწოდებას  მზია ამაღლობელზე“ – განაცხადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ გუნდს.

მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე განცხადება გაავრცელა  სამმა ოპოზიციურმა პარტიამ  – „ძლიერი საქართველოსთვის“, ენმ და „გახარია – საქართველოსთვის“.

პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 11-12 იანვარს, ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამის უწყებებს ამომწურავი და სათანადო ინფორმაცია არ მიუწოდებიათ საზოგადოებისთვის.

მზია ამაღლობელის უაკნონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები გააკეთა არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ასევე ევროპარლამენტარებმა.

______________

მზია ამაღლობელი და ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – უილსონი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: