მთავარი,სიახლეები

არსებობს ჯანმრთელობის გართულების რისკი – მზია ამაღლობელი ომბუდსმენის ეგიდით ექიმმა მოინახულა

31.01.2025
არსებობს ჯანმრთელობის გართულების რისკი – მზია ამაღლობელი ომბუდსმენის ეგიდით ექიმმა მოინახულა

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

„მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი. მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო მიმდინარე კვირაში ჩატარებული უახლესი გამოკვლევების შედეგები, რაც დღეს უკვე მიეწოდა ადვოკატს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატი ეხმაურება კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს და განმარტავს, რომ არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ.

„სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობლისთვის პენიტენციური სამსახურის მხრიდან სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხზე სახალხო დამცველი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს აპარატში დასაქმებული ექიმის დახმარებით, ისევე, როგორც სხვადასხვა დროს არაერთი სხვა მოშიმშილე პატიმრის შიმშილობისა თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მართვის მონიტორინგის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში და ომბუდსმენის მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც დაკავებულთა ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თუ იმ სამედიცინო მასალების საფუძველზე, რასაც სახალხო დამცველის აპარატი გადასცემს დაცვის მხარეს, მათგან იქნება დაყენებული დამატებითი კვლევებისა თუ სხვაგვარი სამედიცინო მომსახურების საჭიროების საკითხი, კომპეტენციის ფარგლებში დამატებით რეაგირებას მოახდენს.

მზია ამაღლობელი მე-20 დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: