ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელი ბოდიშს არ მოუხდის ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელმაც მას შეაფურთხა.
„მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები.
მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
ის პასუხისმგებლობას აკისრებს ,,ქართულ ოცნებას”, სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს“ – წერს საიას თავმჯდომარე. საიას, სხვა ადვოკატებთან ერთად, მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.
გუშინ, 3 თებერვალს, „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მზია ამაღლობლის საქმეზე კომენტარისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა „ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“. მან ასევე თქვა:
„არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მსოფლიო, ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. და კარგად უნდა იყოს. შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს“.
მზია ამაღლობელმა არაერთგზის გაუსვა ხაზი, რომ არ შიმშილობს რაიმე შეღავათის მიღების მიზნით და ესაა შიმშილობა პროტესტის ნიშნად. იგი დაკავების დღიდან, 2025 წლის 12 იანვრიდან დღემდე შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს.
- რა ხდება? – მოკლედ
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.