მთავარი,სიახლეები

ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

16.01.2025 •
ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

  • რა მოხდა სასტუმრო „შერატონში“?

ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პოლიტიკოს გიორგი გახარიას ბათუმში, „შერატონში“ თავს დაესხნენ

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა 14 იანვარს, „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, რომელიც სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ყველამ იცით რა მდგომარეობა იყო იმ დღეს ბათუმში, მეც და ჩემი ყველა მეგობარი, კოლეგა ვიმყოფებოდით მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე და ამის შემდეგ გარკვეულ ღონისძიებებსაც ვგეგმავდით მზია ამაღლობელის საპყრობილეში ყოფნასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ ჩვენ მომავალში და ბუნებრივია, გვიან მოვედი სასტუმროში.

გვიან, ვიდრე ავიდოდი ნომერში, სასტუმროს ფოიეში, აი, ამ სავარძელზე ვიყავი ჩამომჯდარი, ვსაუბრობდი ტელეფონზე. მოპირდაპირე, ბარის მხარეს რამდენიმე მაგიდა იყო, სადაც ადამიანები ისხდნენ და სვამდნენ. ჩვენ შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ერთ-ერთი მაგიდიდან მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი, ვისკი ან კონიაკი, მითხრა „გილოცავ ახალ წელს“ და შემომთავაზა, ხომ არ მიირთმევთო. ვუთხარი, რომ სამწუხაროდ არ ვსვამ-მეთქი“-ამბობს ზვიად ქორიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, უცნობი პირი მას გაეცნო და უთხრა, რომ იყო გიორგი მანველიძე.

„გიორგი ვარ მანველიძეო, თვითონ გამეცნო, მანამდე კი მითხრა, მე გიცნობ, ზვიადი ხარ ქორიძეო. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია. წავიდა და დაჯდა მაგიდასთან.

დაახლოებით 5-7 წუთში, ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი ტელეფონზე, ლიფტის მხრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ ქალბატონთან ერთად. ჯერ მოდის როიალთან, თითქოს დაკვრა უნდა, შემდეგ მიდის სუფრასთან, შემდეგ კი მიზანმიმართულად მოდის ჩემთან და მეუბნება, – „მე გიცნობ, ვიცი, რომ ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული“ და შეიგინა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება.

მერე მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, ისევ გამობრუნდა და დამიწყო ყვირილი – „რა თქვი შენ ქოცებზე?“„ვის აგინებ შენ?“

მე ვუთხარი – „ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ?“ და შემდეგ გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს ამ მაგიდას და როცა დავინახე, რომ აიშალა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მე წავედი ლობისკენ და დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა.

დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს რომელიღაც მათგანმა აიღო რაღაც ნივთი (არ ვიცი, ვერ ამოვიცნობ ვერანაირად რა ნივთი იყო) და მომარტყა აი აქ, (საფეთქელთან) და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. მაქვს საკმაო დაზიანებები, რის გამოც ვიყავი შემდეგ კლინიკაში.

შემდეგ კი გიორგი მანველიძემ აიღო კერამიკის ქოთანი თუ რაღაც, რომელშიც იყო მიწა და ისროლა ლობის მაგიდის მიმართულებით, რომელიც ამცდა. დაიმსხვრა ეს ქილა და დაიყარა მიწა.

ამის მერე მე დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარები ჩემი მისამართით, მესმოდა ეს მუქარები და დაახლოებით 15-20 წუთში, მოვიდნენ სასტუმროში ჩემი მეგობრები და მათ აქ სულ სხვა სურათი დახვდათ – საკმაოდ დაზიანებული, მძიმე ტრავმებით იყო გიორგი გახარია ჰოლში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძესთან იმავე ღამით „შერატონში“ მივიდა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელმაც გაიგო, რომ ქორიძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ.

  • რა სურათი დახვდა გელა მთივლიშვილს „შერატონში“ მისვლისას?

გელა მთივლიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, რომ მისვლისთანავე სასტუმროს ჰოლში დაინახა პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია, რომელიც სისხლით იყო მოსვრილი.

„ვკითხე, თქვენც სამხარაძე დაგესხათ თავს მეთქი? მოჭიდავეო, – მითხრა და როცა ჩავეძიე თქვა, – ვარლამ ლიპარტელიანი. ორჯერ გაიმეორა მისი სახელი“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

თუმცა ძიუდოისტი, „ოცნების“ დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი უარყოფს, რომ 15 იანვარს ბათუმში იყო. მან „იმედს“ უთხრა, რომ „სამწუხაროდ“ თბილისში იყო, თორემ „საკადრის პასუხს“ გასცემდა გახარიას, „ისევე, როგორც დიტომ გასცა“.

გელა მთივლიშვილის თქმით, „შერატონის“ ჰოლში ვიდეოთვალები ისეა განთავსებული, რომ ორივე თავდასხმა სრულად უნდა იყოს აღბეჭდილი.

„მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო იყო მოსული, პოლიცია ადგილზე მოვიდა გვიან, როცა უკვე დანაშაულის ადგილზე გარკვეული მტკიცებულებები იყო განადგურებული – მოწმენდილი იყო მაგიდა, გაწმინდეს სისხლიანი სავარძელი, მოწმინდეს სისხლის გუბე და ასე შემდეგ.

იმედი გვაქვს, რომ ვიდეო ჩანაწერები არ იქნება განადგურებული და სრულად გადაცემა გამოძიებას“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

თავად გიორგი გახარიას თავდამსხმელთა ვინაობა მედიასთან არ დაუსახელებია. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა და დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ მხარდაჭერა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კი გიორგი გახარიას თავს 10-მდე პირი დაესხა.

რატომ გაასუფთავეს დანაშაულის ადგილი პოლიციის მოსვლამდე, ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება? – ჟურნალისტებმა ეს კითხვები დღეს, „შერატონის“ მენეჯერს მეგი ჟღენტს დაუსვეს.

მისი თქმით, დანაშაულის ადგილი დასუფთავების სამსახურმა გაწმინდა, „რადგან შემოსასვლელში იყო სისხლის გუბე“ – ამბობს მეგი ჟღენტი.

დანაშაულის ადგილი შერატონში, რომელიც პოლიციის მოსვლამდე მოასუფთავეს. 
ფოტო: გელა მთივლიშვილი

„დაგვიანებით მისულმა პოლიციამ ლენტით შემოფარგლა ორი დანაშაულის ადგილი და ანაბეჭდების აღება დაიწყეს მას შემდეგ, როცა მე და ზვიად ქორიძე საავადმყოფოდან ორსაათიანი კვლევის შემდეგ დავბრუნდით სასტუმროში. წარმოგიდგენიათ?!

თუმცა, ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება მატერიალური სახით, გარდა ამ ჩვენებებისა და დაზარალებულების ჩვენებებისა, არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც უნდა იყოს „შერატონში“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.

„შერატონის“ ოფის-მენეჯერი ამბობს, რომ 15 იანვრის ღამის ჩანაწერები არსებობს და მას გამოძიებას ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ სრულად გადასცემენ. თუმცა, კონკრეტული პასუხი არ აქვს კითხვაზე, თუ რატომ გაასუფთავეს პოლიციის მისვლამდე დანაშაულის ადგილი.

„შერატონში“ პოლიცია სასწრაფოს მისვლის შემდეგ, დაგვიანებით მივიდა.
ფოტო: გელა მთივლიშვილი

  • დაიწყო თუ არა გამოძიება?

როგორც შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „შერატონში“ ჯგუფური თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებული არავინაა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ყოფილი პროკურორი და გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პოლიციას ადგილზე უნდა დაეკავებინა ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე პირები.

„როცა ხდება დანაშაულზე წასწრება, მაშინ ხდება დაკავება და მერე უნდა მიმართო პარლამენტს გამოძიებამ იმუნიტეტის მოხსნაზე.

გარდა ამისა, როცა თანამდებობის პირები მონაწილეობენ თავდასხმაში, ამ დროს გამოძიებაში უნდა ჩაერთოს პროკურატურა. აქ უნდა მოსულიყო პროკურატურა, შსს-ს აქ არაფერი ესაქმებოდა“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, გიორგი გახარიაზე პერსონალური თავდასხმა ივანიშვილის მიერ არის წახალისებული, რადგან გახარიას ივანიშვილი დასჯით დაემუქრა.

„ჩვენ არა მარტო ამ ჯგუფურ თავდასხმაზე შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, არამედ მოვითხოვთ დამკვეთების დასჯასაც.

მათ არც კი იციან, რა უმძიმესი პასუხისმგებლობა ელოდებათ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის გამო და როგორც ყოფილი პროკურორი, მე ვპირდები, რომ პასუხს აგებენ ამის გამო“ – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, ამოღებულია იმ ავტომანქანების ნომრები, რომლითაც ჯგუფური თავდასხმის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ იმ ღამით, და, ასევე მოითხოვენ ვიდეო ჩანაწერების გადმოცემას.

„ჩვენ ვიმყოფებით ავტორიტარული მმართველობის პირობებში და დღისით, მზისით ვინ დაგესხმება თავს არ ვიცით და ამის მითითებებს იძლევა მთავარი ზონდერი ივანიშვილი.

როგორც ვიცით, მიდის კადრების ჭრა-კერვა და ამით არიან დაკავებული, ძალიან აფუთფუთებული არიან სუს-ში, მაგრამ რაც შეკერეს, ისიც მათ წინააღმდეგ მუშაობს.

„შერატონში“ კი იმიტომ მოვედით, რომ ამოიღონ სრული ჩანაწერი და შეინახონ, რომ ყველამ ნახოს, როგორ ესხმიან თავს მშვიდობიან ადამიანებს „ოცნების“ დეპუტატები“ – განაცხადა დღეს ნათია მეზვრიშვილმა.

  • ვინ არიან დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე

„ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დესტრუქციით და აგრესიითაა ცნობილი.

ის „ოცნების“ კრიტიკოსებისადმი ძალადობას ღიად ახალისებდა. მოქალაქეების თქმით, სამხარაძე პირადად ურეკავდა ტელეფონზე და აგინებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, ახალგაზრდებს და ემუქრებოდა.

ფეისბუქზე მისი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თავს დაესხნენ „ფორმულას“ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს და ფიზიკურად დაუსწორდნენ.

დიმიტრი სამხარაძე „ქართული ოცნების“ ოფისიდან აგინებდა აქციის – „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს.

2024 წლის ივნისში დიმიტრი სამხარაძეს სავიზო სანქცია დაუწესა აშშ-მა რუსული კანონის მხარდაჭერის და საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.

რაც შეეხება გიორგი მანველიძეს, მისი ოჯახი ბათუმში უკანონო მშენებლობების მფარველობაში არაერთხელაა მხილებული. 2025 წელს გიორგი მანველიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაასაქმეს მეხუთე მოადგილედ.

  • რას ამბობს „ოცნების“ პროპაგანდისტული მედია – მდინარაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გახარიას აქეთ წაუყენონ ბრალი

„ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, „იმედმა“ დღეს გაავრცელა რამდენიმე კადრი. „იმედი“ წერს, რომ გახარიამ სამხარაძეს ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა „ჩაარტყა“ და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.

დღესვე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია პირველი დაესხა თავს დიმიტრი სამხარაძეს, რაც შესაძლოა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმად დაკვალიფიცირდეს.

დიმიტრი სამხარაძეს, ისევე როგორც გიორგი გახარიას, დეპუტატის, ე.ი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი აქვთ. სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ისჯება 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა ისჯება 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გიორგი გახარიას დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით, რაც 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მამუკა მდინარაძის კომენტარიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, საქმეში დაზარალებულად არა გახარია, არამედ დიმიტრი სამხარაძე ცნონ.

ამავე თემაზე: 

მდინარაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გახარიას აქეთ წაუყენონ ბრალი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: