„სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მზია ამაღლობელთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის 10 თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე.
პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს, 6 თებერვალს.
ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, რადგან მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ. მოგვიანებით, როდესაც ადვოკატებს ამაღლობელის ნახვის უფლება მისცეს, არაადამიანურ მოპყრობაზე მათაც უთხრა.
საიას შეფასებით, დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა – სახეში შეფურთხება, გინება, წყალზე და საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა, ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.
დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.
„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.
შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში აქციაზე დაკავებული პირების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება ბათუმში 13 იანვარს დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმე N199130125002-ს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველო იძიებს.
არის თუ არა გამოძიება დაწყებული მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე, ვკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„გამოძიება დაწყებულია და ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს, როცა ამის საფუძველი არსებობს,“ – მოგვწერეს პასუხად.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ამაღლობელის საქმეში არსებობს, არის ის, თუ რატომ არაა ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელი. ამ კითხვას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ოსტატურად ისხლეტს.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამ ეტაპზე მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნობილი არ არის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს პროკურორი, შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობა სცილდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს,“ – მოგვწერეს დღეს, 6 თებერვალს.
რა უნდა გააკეთოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი დროულად ცნოს პროკურატურამ დაზარალებულად?
როგორც საია განმარტავს, ვინაიდან ამ საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, [პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ საქმეებს], ისინი ვალდებულნი არიან, შეაგროვონ მტკიცებულებები.
„მინიმალური სტანდარტით მაინც უნდა შეაგროვონ მათ მტკიცებულებები და გამოკვეთონ ის, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად არის დაზარალებული. ამის შემდეგ პროკურორი ვალდებულია, დაზარალებულად ცნოს პირი, რის შედეგადაც დაცვის მხარესა და დაზარალებულს ექნებათ უფლება იმისა, რომ საქმის მასალებს გაეცნონ.
აქამდეც უნდა მომხდარიყო მზიას დაზარალებულად ცნობა,“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე, საიას იურისტი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული კანონში, თუ რამდენ ხანში უნდა შეაგროვოს საგამოძიებომ მტკიცებულებები დაზარალებულად ცნობის თაობაზე, თუმცა როგორც ჯუბა ქათამაძე განმარტავს, სწრაფად უნდა შეგროვდეს ეს მტკიცებულებები.
„პრაქტიკაში არის ერთი თვე დაახლოებით, მაგრამ ჩვენ უკვე ვაპირებთ მივმართოთ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას, რადგან გამოძიებაზე ზედამხედველი პროკურატურაა და მათი ვალდებულებაცაა ეს.
თუ, რა თქმა უნდა, არ შეაგროვეს მტკიცებულებები და არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაზარალებულად ცნობაზე ზედმეტია ლაპარაკი,“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.
ამავე თემაზე:
რა კომენტარი გააკეთა საგამოძიებოს უფროსმა გიორგი პერანიძემ, მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობაზე