მთავარი,სიახლეები

კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრისთვის მზაობა გადათქვა

08.02.2025
კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრისთვის მზაობა გადათქვა

ირაკლი კობახიძემ გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ ყველას შეხვდებოდა.

„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა.

თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ, ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი“, — თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 თებერვალს.

სხვა რამეს ამბობდა კობახიძე 29 იანვარს. მაშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვინმეს უნდოდა მზია ამაღლობელის შესახებ მასთან საუბარი, ის მზად იყო ყველას შეხვედროდა.

„ყოველ ჯერზე ვაფიქსირებთ მზაობას დიალოგისთვის.

თუ მოვლენ ადამიანები, ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა საჯაროდ იქნება თუ არასაჯაროდ, ნებისმიერ ფორმატში, თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, აი, ხვალვე მზად ვარ, რომ შემხვდნენ და განვიხილო ეს საკითხი,“ – თქვა 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 7 თებერვალს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეკრებისას, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ კიდევ ერთხელ მიმართა ირაკლი კობახიძეს, რომ ის მზად იყო შეხვედრისთვის, რასაც უკვე დღეს კობახიძემ უარით უპასუხა.

„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა,“ – ასე მიმართა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ირაკლი კობახიძეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: