მთავარი,სიახლეები

„მივდივარ პოლიტიკიდან. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ“ – თამარ კორძაია

07.02.2025
„მივდივარ პოლიტიკიდან. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ“ – თამარ კორძაია

პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

„მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან.

2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია.

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად“ – წერს თამარ კორძაია.

პროფესიით იურისტი თამარ კორძაია ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2013 წელს იგი პარლამენტში  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2020 წელს კი თამარ კორძაია გაერთიანებული ოპოზიციის სიით გახდა პარლამენტის წევრი. 2021 წელს მან დატოვა „რესპუბლიკური პარტია“ ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ და პარლამენტში მუშაობა გააგრძელა როგორც უპარტიო პარლამენტარმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: