„მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსი არ მაქვს. ვცხოვრობ ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ძალიან ცუდად არის, მარტო ვზრდი ბავშვებს, ორი შვილი მყავს. ქირას როგორ იხდიო თქვენ მკითხეთ. სოციალურ დახმარებას ვიღებ 500 ლარს და სრულად ვიხდი ქირაში. საკვებს ვიღებ უფასო სასადილოდან.
მივმართავ აჭარის მთავრობას, რომ ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. მინდა, რომ ყველას გვერდში დაუდგნენ და ელემენტარული სახლ-კარი გამოუნახონ, თავშესაფარი. გაუსაძლის პირობებში მიწაზე დადებულ პატარა ოთახში ვცხოვრობთ, ნესტია, ბავშვს ასთმური პრობლემები აქვს“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი, შორენა ცეცხლაძე.
უსახლკარობის პრობლემა ბათუმში ათასობით ოჯახს აწუხებს. მოქალაქეები, რომლებიც წლებია უსახლკაროდ ცხოვრობენ, პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს, ხან აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან და ხან ბათუმის მერიასთან.
ამბობენ, რომ სახლს კი არა თავშესაფარს ითხოვენ. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც „იაფის სახლის“ პროგრამით სარგებლობა იმის გამო არ შეუძლია, რომ გადახდის უნარიანი არ არის. ამ ოჯახებში არიან როგორც ასაკოვანი, ასევე მცირეწლოვანი ბავშვები და შშმ პირები.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში 3000-მდე უსახლკარო ოჯახია.
ამის პარალელურად, როგორც აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც უკვე თვეებია, ზოგჯერ კი წლებია მერიას დაკეტილი აქვს. ამ ბინების გასაცემად მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კრიტერიუმები აქვს დაწესებული.
გარდა ამისა, სოციალური სახლების მშენებლობისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ბათუმის მერია ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია იმ სახლებს ანაცვლებს, რომლებსაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგანგაშო ვითარება აქვთ და მათი მდებარეობით მშენებელი არ ინტერესდება. პროგრამა მრავალწლიანია და მისი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია.
თუმცა, ძირითად შემთხვევაში ბათუმში ავარიულ სახლებთან მიმართებაში მშენებლების ინტერესი მაღალია, უფრო ქალაქის ცენტრთან ახლო ტერიტორიების მიმართ. ისინი 2 -5 სართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ 15-30 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებს ითხოვენ. ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახები, რომ დააკმაყოფილონ და შემოსავალიც ნახონ.
მშენებლების უმეტესობას, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობს, ზონაში დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი არ აკმაყოფილებს და მაქსიმალურის მიღება სურს. ასეთ შემთხვევაში კანონი ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თუ მშენებელს დადგენილი კოეფიციენტის მიხედვით 8 სართულიანი სახლის მშენებლობა შეეძლო და კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში 10 სართულიანი სახლი ააშენა, ნამატი ფართობის 10 % მან მერიას უნდა გადასცეს.
კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიის საკუთრებაში გადადის არამხოლოდ ავარიული სახლების, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში. ამას კანონი აწესებს ერთგვარი კომპენსაციის სახით. თუმცა, მაკომპენსირებელი ღონისძიება სხვაც შეიძლება იყოს, მაგალითად სკვერის მოწყობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების აშენება და ასე შემდეგ, ეს მუნიციპალიტეტსა და მშენებელს შორის შეთანხმების საგანია.
ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია მშენებლებს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობის პროექტებისთვის კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას იღებენ, ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტის გადაცემაზე უთანხმდება. ამას განაშენიანების დეტალურ გეგმებში ვკითხულობთ, რომლებსაც საკრებულო ამტკიცებს.
ავარიული სახლების პროგრამის გააქტიურების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ყველაზე ცოტა 3 განაშენიანების გეგმა და ამდენივე კონცეფცია შემოდის დასამტკიცებლად. გასულ კვირას კი, საკრებულოს სხდომაზე 23 საკითხი განიხილეს, აქედან თვრამეტი სამშენებლო პროექტს უკავშირდებოდა.
საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა ფართობი მიიღო მერიამ საბინაო ფონდში ან მომავალში მიიღებს ამ შეთანხმებებისგან, K2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ფართობების ხარჯზე ბიუჯეტიდან სოციალური სახლებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხა დაიზოგოს ან ამ დაზოგილი თანხით უფრო მეტი სოციალური სახლი აშენდეს, ბათუმში უსახლკარობის პრობლემები რომ გადაიჭრას.
„ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია მერიიდან გამოითხოვა.
ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვებისა და სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მერიისათვის გადასაცემი ფართობი – 5 394,73 კვ.მეტრია. ეს ასაშენებელი ან მშენებარე ფართობია, რომელიც მერიამ მომავალში უნდა მიიღოს. მერიის ინფორმაციით, ეს სხვადასხვა ფართობის მქონე 35 ბინა და 75 აპარტამენტია [1897.2 კვ მეტრი საცხოვრებელი ბინა, ხოლო, 3497.53 აპარტამენტი].
იმის გათვალისწინებით, რა ოდენობის და მასშტაბის მშენებლობებზეც გაფორმდა შეთანხმებები, ეს ციფრი – 5 394,73 კვ.მეტრი ფართობი, რომელსაც მერია საბინაო ფონდში ელოდება, არ გვეჩვენება სარწმუნოდ. ეჭვს ამყარებს მერიის ოფიციალური პასუხიც, სადაც ერთ შემთხვევაში გვწერენ:
„დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვებისა და სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გადმოსაცემი ფართი შეადგენს – 5394,73კვ.მ-ს“
იმავე წერილის ბოლოს კი განგვიმარტავენ:
„რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას, თუ რამდენ ბინას ელოდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მომდევნო ხუთი ან მეტი წლის განმავლობაში, გაცნობებთ, რომ აღნიშნული დამოკიდებულია სამომავლოდ სამშენებლო კომპანიების მოთხოვნის წარმოდგენაზე და შემდგომში მათთან შესაბამისი ხელშეკრულებების და შეთანხმებების გაფორმებაზე.“
საქმე ისაა, რომ ჩვენი კითხვა არ ეხებოდა გაუფორმებელ ხელშეკრულებებს. ჩვენ გვაინტერესებდა გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით K2-კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ, ასაშენებელი კორპუსებიდან მოსაღები ბინების ოდენობა, ან ფართობი. თუმცა მერიაში ინფორმაციის დაზუსტება ვერ შევძელით. ტელეფონზე არ გვიპასუხეს.
K2-კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მისაღები ფართობის გარდა, მოწოდებული ინფორმაციით, მერიას, საბინაო ფონდში, უკვე აშენებულ კორპუსებში, სხვადასხვა ზომის 159 ბინა აქვს.
მერიის ინფორმაციით, 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მერიამ ფონდიდან 38 ბინა გადასცა მოქალაქეებს, რომლებმაც დადგენილი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამაში არ შედის იაფი სახლის პროგრამით გასხვისებული ბინები. დამატებით, მერიამ ავარიული ფართობების სანაცვლოდ, ჩანაცვლების მიზნით, საბინაო ფონდიდან 24 ბინა გასცა.
მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება 2023 წლის 6 თებერვალს დაიწყო. ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, რომელიც მოიცავს უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურასა და რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმას ბათუმი საკრებულომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა.
უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის მიხედვით, ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მერიის ინფორმაციით, დამტკიცებული წესის შესაბამისად მერიაში დარეგისტრირდა 121 განაცხადი.