მთავარი,სიახლეები

ამ ცვლილებებით ადამიანის ყველა უფლება განადგურებულია, დიქტატურა ფორმდება – იურისტი

04.02.2025 •
ამ ცვლილებებით ადამიანის ყველა უფლება განადგურებულია, დიქტატურა ფორმდება – იურისტი

„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, სადაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მთელი რიგი რეპრესიული ცვლილებები შედის.

როგორც პლატფორმა „კომენტარის“ იურისტი ნინო კაპანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ახალი ცვლილებებით „ოცნება“ ფაქტობრივად აუქმებს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში და ოფიციალურად ფორმდება დიქტატურა.

  • ნინო, გვინდა საზოგადოებას აუხსნათ, რა იცვლება „ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში და ეწინააღმდეგება თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლებას?

ეს ცვლილებები ძირითადად ეხება შეკრება-მანიფესტაციების ძირითად უფლებას და მაქსიმალურად, კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებს შეზღუდვებს და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის იმ მიზნის მიღწევას, რაც შესაძლოა შეკრება-მანიფესტაციას ჰქონდეს.

პირველ რიგში შემოდის სპონტანური შეკრების და მანიფესტაციებზე გაფრთხილების ვალდებულება. ეს აქამდე არ იყო, როგორც ვიცით. ახლა კი ეს გაჩნდა.

უნდა იცოდეს წინასწარ მერიამ, ვინ სად და როდის იკრიბება.

  • თუ არ მომცა მერიამ შეკრების უფლება, ვერ ვმართავ აქციას?

ნებართვას არ იღებ, მაგრამ აფრთხილებ მერიას, რომ აპირებ შეკრების გამართვას, განცხადება უნდა დაწერო, შეატყობინო, თუ სად მართავ, რამდენი იქნება დაახლოებით ტრაექტორია და ასე შემდეგ.

  • მაგალითად, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებდნენ, ხალხი კი პროტესტის ნიშნად, სპონტანურად შეიკრიბა რუსთაველზე, ახლა ამის უფლება აღარ ექნებათ მოქალაქეებს?

ვერა. თუ ვინმე იქნება ორგანიზატორი, მან უნდა შეატყობინოს მერიას.

  • თუ არ ჰყავს შეკრებას ორგანიზატორი?

ერთ-ერთი ცვლილებით, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ორგანიზატორი. და იმდენად აწვრილმანებენ ამას, რომ შესაძლებელია ნებისმიერი პირი იყოს, რომელსაც იმ მომენტში რუპორი უჭირავს ხელში, ან პოსტს დაწერს და იტყვის, რომ აი, აქ წავიდეთ.

ნახეთ, როგორი განმარტებაა – ინიციატორი შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

  • თუ რომელიმე მოქალაქე სპონტანურად აიღებს რუპორს და სიტყვით გამოვა აქციაზე, ისიც შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზატორად?

კი ბატონო. ნებისმიერი მოწოდება – თუნდაც, მაგალითად, აქედან იქ გადავადგილდე რომ უთხრას აქციის მონაწილეებს, ესეც შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზატორობად. ძალიან ბევრი ვინმე შეიძლება მიიჩნიონ ორგანიზატორად და შემდეგ მათზე გავრცელდება ორგანიზატორის ვალდებულებები.

გაფრთხილება მან უნდა შეიტანოს მერიაში, მასზე ხდება ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის გადატანა და ორგანიზატორი უფრო მაღალი ჯარიმით ისჯება ცალკეულ შემთხვევებში. შესაბამისად, არავინ იცის ვის რის ორგანიზატორად ჩათვლიან და ვფიქრობ, ეს სპეციალურად არის შემოღებული, რადგან აქამდე ვერ იპოვეს ამ აქციების ორგანიზატორი.

  • ეს სჭირდებათ, ვთქვათ, იმისთვის, რომ შემდეგ მარგინალიზაცია მოახდინონ ამ პროტესტის ორგანიზატორის გაშავებით?

მათ შორის. აქციებისაც და იმ პირების მაღალი ჯარიმებით დასჯისთვის და დაშინებისთვის.

ხშირად მოქალაქეები ბანერებით გამოდიან ხოლმე და აპროტესტებენ და შეკრებად თუ ჩაითვლება ეს ყველაფერი და ამას არ ექნება წინასწარი თანხმობა, ესეც დარღვევად ჩაითვლება, ფაქტობრივად.

  • შენობის მფლობელმა, სადაც პროტესტს აპირებს მოქალაქე, თანხმობა უნდა მისცეს, თუ გაფრთხილებაც საკმარისია?

თანხმობა. წინასწარი წერილობითი თანხმობაა საჭირო.

  • როგორც ვიცით, გარკვეულ უნივერსიტეტებში, მაგალითად, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები ღამეს ათენებენ. ამ ცვლილებებით, სტუდენტებს აღარ ექნებათ იქ დარჩენის, შეკრებისა და პროტესტის უფლება?

თუ წერილობით თანხმობას არ მისცემს უნივერსიტეტი სტუდენტებს, ცხადია, აკრძალული იქნება და დარღვევაში ჩაეთვლებათ პროტესტი.

ამიტომ, ჩატარების წესის დარღვევისთვის პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, მაგრამ თუ ორგანიზატორად ჩაითვლება ვინმე – 5000 ლარია ჯარიმა.

შემდეგ განმეორების შემთხვევებია ჩამატებული, სამმაგდება, 6 000 ლარია და უკვე პატიმრობაც არის შემოტანილი 60 დღემდე ვადით.

  • უნივერსიტეტის ეზო ექცევა ამ რეგულაციებში?

ეზო ალბათ ვერ ჩაითვლება. შეიძლება რომელიმე მუხლში გაიყვანონ, ზუსტად ვერ გეტყვით.

ასევე, აკრძალული ხდება ხიდების, გვირაბების, ესტაკადების ან სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება.

მაგალითად, ხიდი რომ გადაკეტო, ეს ითვლება ბლოკირებად. ან ხიდზე რომ დადგე და აღარ იყოს შესაძლებელი იქ ავტომანქანის გავლა. აქ წერია, რომ მანიფესტანტებს ეკრძალებათ განზრახ დაბრკოლებების შექმნა ხალხის გადაადგილებისთვის. ეს იმდენად ბლანკეტური და ზოგადი ჩანაწერია, რომ თუ ხალხის გადაადგილებას ეშლება ხელი, ამაში ნებისმიერი რამე შეუძლიათ გაიყვანონ – გინდათ ტროტუარები იყოს, გინდათ მეტროს შესასვლელი.

  • ფაქტობრივად ყველაფერი იკრძალება, ასე გამოდის?

კი, ასე გამოდის.

ადრე სალომე ზურაბიშვილმა დაადო ვეტო ამ კანონპროექტს, თუმცა ახლა აქ მოხდა მისი ინტეგრირება, რომ აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების აგება. კარვების გამოა ალბათ ეს ჩანაწერი. უშლი თუ არ უშლი ამ კონსტრუქციის დადგმით ხელს პოლიციას ან საზოგადოებას, ეს უნდა შეფასდეს და მტკიცების ტვირთი ალბათ იქნება პოლიციაზე.

  • ახალი რეგულაციებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რას გულისხმობენ აქ. მაგალითად, მოქალაქეები ხშირად „ოცნების“ მაღალჩინოსნებს ეძახიან „მონას“, „რუსს“ და ასე შემდეგ, ესეც შეურაცხყოფად ჩაითვლება?

კი ბატონო, ითვლება სიტყვიერ შეურაცხყოფად.

  • „შე რუსო!“- აი, ამ ფრაზას, მაგალითად, რის საფუძველზე ჩათვლის სასამართლო შეურაცხყოფად?

ვერ გეტყვით, შეიძლება ესეც გაიყვანონ შეურაცხყოფაში. შესაძლოა იმსჯელოს ამაზე, რომ შეურაცხმყოფელია. ეს არის პრობლემატური ზუსტად, რომ ყველაფერი შეიძლება შეიყვანონ ამაში.

ასევე აღნიშნულია შეურაცხმყოფელი გადაკიდება, რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სიტყვებს რომ ეძახი და თავს არ ანებებ პირს.

ფაქტობრივად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

  • მაშინ გამოდის, რომ საჯარო მოხელეებს კი აღარ აკისრებენ თმენის ვალდებულებას, არამედ მოქალაქეებს?

ასე გამოდის, კი. მოთმენის ტვირთი გადავიდა მოქალაქეზე და არა პოლიტიკოსზე. ამაში კიდევ რა შევა, პირადად გალანძღვა თუ სოციალური ქსელით გალანძღვა, ესეც ცალკე საკითხია.

  • ხშირად გამწარებული ადამიანები წყევლიან მოძალადეებს. ესეც შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს?

წყევლა არა მგონია.

ეს საქმეები მიდის სასამართლოში და იქ რას გადაწყვეტს მოსამართლე… მდინარაძემ ასეთი ტიპის კომენტარი გააკეთა, გააჩნია რა ტიპის შეურაცხყოფა იქნებაო.

  • ჩვენ ვნახეთ როგორ აკავებენ ადამიანებს ქუჩებში, არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ჩანს დაკავების პროცესი, ჩანს რომ მოქალაქეებზე რეალურად პოლიციელები ძალადობენ და აგინებენ, მაგრამ სასამართლოში მოდიან ცრუმოწმეები და აცხადებენ, რომ მოქალაქემ მათ აგინა, რისი მტკიცებულებაც არ აქვთ, მოსამართლე კი მაინც მოქალაქეს აჯარიმებს ან აპატიმრებს. ანუ, აქამდეც ასამართლებდნენ ადამიანებს ცრუ ბრალდებებით და ახლა რა შეიცვლება ამით?

ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. თავის დამზღვევი არაფერი გვაქვს.

ასევე, გაიზარდა ჯარიმები წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის. 60 დღით შეუძლიათ ადამიანი ჩასვან ციხეში 15 დღის ნაცვლად.

  • ვიღაც ნიღბიანი, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული, მოდის და მეუბნება, რომ არ მაქვს ტროტუარზე დგომის უფლება. ნებისმიერი რამ, შეუძლია ჩათვალოს „პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობად“, შეურაცხყოფად, დამაჯარიმოს ან დამაკავოს 60 დღით. მაშინ სად არის მოქალაქის უფლება?

არა, არანაირი ადამიანის უფლებები აქ აღარ არის, ამას ვაპროტესტებთ სწორედ.

ამ ცვლილებებით აბსოლუტურად განადგურებულია ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება. ეს არის ბოლო წერტილი, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს. არაფერზე აღარ გვაქვს თავის დაზღვევის ინსტრუმენტი, რომ აქ რაზე შეიძლება მოგედავონ.

  • ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ფაქტობრივად გამქრალი, ასე გამოდის?

რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ უფლებებს აქრობენ ამ ცვლილებებით. კანონი უნდათ სასამართლოსთვის, რომ თქვან, „აი, კანონში მიწერია“.

  • მაგრამ კონსტიტუციაში ხომ წერია, რომ ორგანული კანონი არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონსტიტუციასთან?

დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასაც სასამართლო ადგენს მერე და სასამართლო ვისაც არ გვაქვს, რისი იმედი უნდა გვქონდეს.

ჯარიმებიც ძალიან დიდია, 60 დღე ადმინისტრაციული პატიმრობაც ძალიან დიდია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება თავისი არსით, ამხელა არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სახდელი.

  • როგორც ვიცით, რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმებსაც კი არ აქვთ ამხელა ადმინისტრაციული სახდელი…

დიახ ასეა, 15-15 დღეა აქაც.

  • ერთ-ერთი დაკავებული ამბობდა, რომ მხოლოდ იმიტომ დააკავა პოლიციამ, რომ უთხრა „სისტემას არ ვენდობიო“. მაშინ რა შეურაცხყოფაზე საუბრობთ, როცა აზრის გამოხატვის გამო აკავებენ ფაქტობრივად ადამიანებს…

არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს არაფერში არ გადის. აქ შეუძლებელია პასუხი იპოვო რისთვის გსჯიან. გამოდის, რომ ყველანაირი კრიტიკა შეიძლება შეურაცხყოფაში ჩაგითვალონ.

  • თუკი ჩვენი, როგორც მოქალაქის ყველა უფლება შეიზღუდება ამ ქვეყანაში ამ საკანონმდებლო ცვლილებით, მაშინ რა გვრჩება ჩვენი უფლებების დასაცავად?

ეს კანონები, რასაც ახლა მიიღებენ, შესაძლოა გასაჩივრდეს. განა თვითონ არ იცია, რომ ეს კანონები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება? უბრალოდ ახლა სჭირდებათ სასწრაფო წესით ამ პროტესტის შეკავება რაც ქვეყანაშია.

  • გასაგებია, მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია აღარ გვაქვს და პირდაპირ დიქტატურა ფორმდება?

კი, ნამდვილად ასეა, რადგან ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რაც დეკემბრიდან მოყოლებული მიიღო „ოცნების“ ხელისუფლებამ, ყველაფერი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. ერთადერთი უფლება, რაც მოქალაქეს საკუთარი უფლების დასაცავად დარჩა, ეს არის ქუჩაში გამოსვლა. თუმცა რაზე უნდა ვისაუბროთ, როცა მაგისტრალზე გადასვლის გამო სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს ხალხი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: