მთავარი,სიახლეები

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

04.11.2024 •
უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

„ჩიქოვანი არ არის, რიჟვაძე არ არისო, ეს ხალხი ტყუილად შენობებს იკავებენ, მოგვცენ ეს შენობები ჩვენ, უსახლკაროებს… მე დავრჩები აქ, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ამბობდა დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის მერიაში მისული მოქალაქე მაგული ფუტკარაძე. ის უსახლკაროა და წლებია საცხოვრისს ითხოვს.

მაგული ფუტკარაძეს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა. მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები ამოიწურა, მაგულიმ შშმ პირის სტატუსის მქონე შვილთან ერთად მერიის შენობა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემდეგ დატოვა.

უსახლკარო დედა-შვილი ისევ ქუჩაშია.

მაგული ფუტკარაძე და სხვა პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეს.

მაგული ფუტკარაძე მარტოხელა დედაა და აქამდე 15 წელი ნაქირავებში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მაგული მუშაობას და ქირის გადახდას ვეღარ ახერხებს. პენსიონერი ქალი სახელმწიფოს დახმარებას 7 წელია სთხოვს, ამბობს, რომ ყველა ინსტანცია რამდენჯერმე მოიარა, თუმცა უშედეგოდ.

მაგული ფუტკარაძე შვილთან ერთად ბათუმის მერიის მისაღებში

უსახლკაროები ბათუმში აქციებს ბათუმის მერიასთან პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ.

„ორი დღის წინ ხომ გესაუბრეთ?“ – მიმართა მაგული ფუტკარაძეს ირაკლი თავდგირიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელმაც მერიის მისაღებში ჩაუარა უსახლკარო დედა-შვილს და ჩვენ უსახლკარობის პრობლემაზე სალაპარაკოდ შევაჩერეთ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კომენტარზე უარი გვითხრა.

„ქუჩაში რომ ვარ დარჩენილი, რას მთავაზობ? არ მეკუთვნის, თავჩაღუნული რომ გაიქეცი? დავრჩები აქ“, – თანამდებობის პირს გზაში დაადევნა სიტყვა მაგული ფუტკარაძემ.

„ერთი კვირაა ქუჩაში ვარ, ტანსაცმელიც ერთი კვირაა არ გამომიცვლია, დღეს სასწრაფო იყო მოსული, წნევა 180 მქონდა…

არავინ არ შემხვდა აქ. მითხრეს, ვიღაცას ტელეფონზე დაელაპარაკეო, ვუთხარი, რომ აქ ვარ, მოვიდნენ და დამელაპარაკონ. არც კანცელარიაში დავწერ განცხადებას, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე განცხადება დავწერო? რამდენჯერ უნდა მივიღო უარი და პასუხი, რომ სოციალური სახლები არ აქვთ?

სახელმწიფოს მივმართავ, რომ მომცეს თავშესაფარი,“ – გვითხრა მაგული ფუტკარაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს შეკითხვით: რას სთავაზობს ბათუმის მერია უსახლკაროს, რომელიც დღეს მთელი დღე ბათუმის მერიის მისაღებში იყო? – პასუხი ბათუმის მერიიდან ჯერ არ მიგვიღია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: