მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში 23-ე დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც მზია ამაღლობლის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, ტელეკომპანია „პირველზე“ განმარტა ის გარემოებები, თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს მზია ამაღლობლის საქმე სისხლის სამართლის მუხლით და რატომ არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს აჭარის პროკურატურა.
„მზია არის უკანონო პატიმარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობა არის ბარბაროსულად დაუსაბუთებელი, არამედ იმიტომ, რომ აქ დანაშაულის შემადგენლობა საერთოდ არ არის.
ორი კადრი არსებობს სულ მზიასთან დაკავშირებით, – სტიკერის გაკვრა და მეორე და ორივე კადრი დაცვის პოზიციას ამყარებს და არა პირიქით.
პირველ კადრზე რაც ხდება, ეს არის უკანონო დაკავება და ჩვენ ამ დღეებში ვიშუამდგომლებთ პროკურატურასთან ბესელიას [აჭარის პოლიციის უფროსი, რომელმაც სტიკერის გაკვრის გამო დააკავა მზია ამაღლობელი] პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს გენერალურმა პროკურორმა.
რატომ არის უკანონო პირველი დაკავება? ყველა ხედავს კადრში, რომ მზიამ გააკრა სტიკერი. კობახიძემ თვითონ დაადასტურა თავის ოფიციალურ განცხადებაში, რომ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, თუმცა მან დაამახინჯა ფაქტი და თქვა, რომ სტიკერი მიაკრა პოლიციელსო, რაც ტყუილია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებითაც კი არ იკრძალება სტიკერის გაკვრა,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ადვოკატის თქმით, ბოლო საკანონმდებლო ცვლილება კრძალავს ნახატის შესრულებას კედელზე, იერ-სახის დამახინჯებას და არა სტიკერის გაკვრას.
„ამიტომ ეს არ არის სამართალდარღვევა [სტიკერის გაკვრა კედელზე]. ამიტომ იყო მზიას პირველი დაკავება უკანონო,“ – განმარტავს მაია მწარიაშვილი.
„იმ შემთხვევაშიც კი, რომ მზიას კედელზე დაეხატა და ჩაედინა ეს სამართალდარღვევა, ესეც კი არ არის პოლიციის ქვემდებარე, პოლიციას არ შეეძლო ამაზე რეაგირება, რადგან ეს არის მერიის სამსახურების ქვემდებარე და ის სანქციის სახით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. ვინაიდან ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ამაზე მზიას დაკავების უფლება საერთოდ არ არსებობდა.
დააკავეს და შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და იქედან როგორი გამოუშვეს მერე? შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. შემდეგ ალბათ ვიღაცამ უთხრა, რომ ეს არ იყო დაკავების საფუძველი, ვერ დააკავებდნენ სტიკერზე, ამიტომ მის დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ ის იდგა, პოლიციას აგინებდა, აფურთხებდა, ეძახდა “ღორებო, ძაღლებო” – პირველი დაკავების ოქმში ასე წერია და ამიტომ დააკავეს თურმე 173-ე მუხლით, მაშინ, როცა თვალნათლივ ვხედავთ, რის გამო დააკავეს მზია.
ესაა მთელი ამბავი. დააკავეს ამ კადრით და დაკავების ოქმი შეუდგინეს სრულიად სხვა რამეზე. მაჩვენოს ბრალდებამ ან პოლიციამ ერთი კადრი, სადაც მზიას პირიდან ისმის „ძაღლებო, ღორებო“ ან რაც წერია ოქმში. ასეთი ტერმინოლოგიაა იქ. სწორედ ამიტომაა ეს უკანონო დაკავება და ჩვენ მოვითხოვთ ამაზე პროკურატურის შეფასებას,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ნახეთ მზია ამაღლობელის პირველი დაკავების კადრები:
ადვოკატმა ისაუბრა მზია ამაღლობლის მეორე დაკავების კადრებზეც.
„მგონი, ვიღაცას ჰგონია, რომ მზია იტყვის: „სახე ჩემია, ხელი ჩემი არ არის…” ასეთი პოზიცია არ იქნება, ცხადია. მან თავშივე თქვა, რომ არაფერს არ შევალამაზებთ, ჩემი დაცვის ხაზი იქნება ღირსეული. დაცვის ხაზი იქნება ზუსტად ისეთი, რაც მოხდა სინამდვილეში.
რა მოხდა სინამდვილეში, მოდი ვთქვათ და მერე სამართლებრივად შევაფასოთ. აი, ამ კადრში ვხედავთ, როგორც გინდათ ისე დავარქვათ – ალიყური, შემოულაწუნა, გაარტყა, სილა გააწნა, სთხლიშა (უფრო დავამძიმოთ) როგორც გინდათ… მაგრამ სინამდვილეში კადრში ვხედავთ, რაც ხდება, ეს არის მარცხენა ხელით, გაშლილი ხელიც ვერ ხვდება, სამი თითით ხდება მის [ირაკლი დგებუაძის] სახეზე კონტაქტი.
ახლა, რა არის ეს სამართლებრივად? სამართლებრივად მზიას ბრალდების კვალიფიკაცია გახლავთ პოლიციელზე თავდასხმა. კარგი იქნებოდა ვიზუალიზაციისთვის, თუ აჩვენებდით, რა არის თავდასხმა. თავდასხმა არის, როცა ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხა მოძალადეების ჯგუფი. აი, ათი კაცი რომ დაესხა თავს და სულ ერთი იყო მათთვის გადარჩებოდა თუ მოკვდებოდა. კინაღამ მოტეხეს კისერი და ვნახეთ ეს კადრებში.
თავდასხმა სამართლებრივად არის მძიმე, აგრესიული ქმედება და თავდასხმის ობიექტია ჯანმრთელობა, სიცოცხლე და შესაძლებელია, ქონებაც.
ანუ თავდასხმა უნდა იყოს მიმართული იქეთკენ, რომ დავაზიანო შენი ჯანმრთელობა, სიცოცხლე ან ქონება. ამიტომ ხელის გარტყმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, იმიტომ, რომ ჯანმრთელობა ამით ვერ დაზიანდება.
რაც არ უნდა ძალით დაერტყა მზიას მისთვის, ობიექტი აქ არ არის ჯანმრთელობა.
ეს ქმედება ვერ აზიანებს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქონებას და ეს რომ თავდასხმა არ არის, ორჯერ ორი ოთხია.
სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ გვაქვს ასევე 126-ე მუხლი, რომელიც არის ცემა და „სხვაგვარი ძალადობა“ და ერთი შემოლაწუნება ცემის კვალიფიკაციისთვისაც კი არ ვარგა.
რატომ არ დაიწყეს ამ მუხლით? – იმიტომ, რომ აქ სასჯელი არის 1 წლამდე და რომ დაეწყოთ გამოძიება, პატიმრობას ვერ მოითხოვდნენ და ვერ მიიღებდნენ. იმიტომ იყო ეს მანიპულირებული, რომ ამ მუხლით დაეწყოთ გამოძიება და პატიმრობა მიეღოთ,“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მისი თქმით, „სხვაგვარი ძალადობაც“ არის ისეთი ძალადობა, რომელიც სისხლის სამართლებრივად შეიძლება იყოს დასჯადი, თუმცა „ტკივილი“ ვერ იქნება სუბიექტურ აღქმებზე დამოკიდებული.
„მეტკინაო“, რომ ამბობს ეგრეთ წოდებული დაზარალებული, მის სუბიექტურ აღქმებზე ვერ იქნება დამოკიდებული ქმედების ინკრიმინირება დანაშაული ჩავიდინე თუ არა. ეს ობიექტურადაც აღქმადი უნდა იყოს.
ტკივილი კიდევ სამედიცინო დეფინიციაა. ტკივილი არაა, „მეტკინა და რაღაც შეწითლება მქონდა თურმე“, ეს ანეკდოტური კვალიფიკაციაა აი, ამ „სხვაგვარი ძალადობისთვის“.
ჩამოვედით კიდევ უფრო დაბლა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არცერთი მუხლი არ გვაქვს. ეს არ არის ძალადობის სფერო.
აქ შეიძლება ილაპარაკო, რომ ეს არის შეურაცხყოფის სფერო პოლიციელისთვის, იმიტომ, რომ ეს არ არის ძალადობა. მიაქციეთ ყურადღება, რომ სახელისუფლებო სპიკერებიც კი აღქმაშიც შეურაცხყოფად აღიქვამენ, რადგან იმეორებენ, რომ „პოლიციელს მიაყენა შეურაცხყოფა“.
ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გვაქვს 173-ე მუხლი, რომელიც მზიას პირველ შემთხვევაში ყალბად წარუდგინეს. ეს არის პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი „სხვაგვარი ქმედებით“ შეურაცხყოფა და ესეც არ ისჯება სისხლისსამართლებრივად.
თუ მაინც და მაინც უნდა ეძებო, უნდა ეძებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას და არა ადმინისტრაციულ პატიმრობას.
თუ ასეთ შემთხვევაში დაზარალებული ჩათვლის, რომ მისი პატივი, ღირსება შეილახა და მიიღო მორალური ზიანი, მას შეუძლია იდავოს სამოქალაქო სამართლის წესით და მოითხოვოს მორალური ზიანის კომპენსაცია. აი, ეს არის ამ საქმის ალია-ბალია და ამიტომ იმყოფება მზია ამაღლობელი აი, ამ ბარბაროსულ პატიმრობაში,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ადვოკატის თქმით, წარმოუდგენელი დაუსაბუთებლობის გარდა, მზიას ქმედებას არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციასთან – თავდასხმასთან ან ძალადობასთან.
„ერთი კადრია და რაც არ უნდა გაწიო და გამოწიო, პირველი არის მისი უკანონო, ადმინისტრაციული დაკავება და მეორე, სისხლის სამართლის კვალიფიკაციით დაკავება. სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და მისი სისხლის წესით დაკავების საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ არის ორივე დაკავება უკანონო.
აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მზიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, საქმეში დაზარალებულად ცნობილია ქალაქის პოლიციის უფროსი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ამ საქმეზე არის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ყველა სხვა მოწმე, ასევე არიან ამავე პოლიციის თანამშრომლები.
მთელი ეს რგოლი არის ბესელიას დაქვემდებარებაში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი თვითონ არის მოწმე, თავისი გამომძიებელი კითხავს. ანუ „დაზარალებული“ ბესელია, მოწმეები, – ესენი ერთ შენობაში არიან მოთავსებული. უფრო მეტიც, სხედან გვერდიგვერდ სამუშაო ოთახებში. მოკლედ, მხარე არის აჭარის პოლიცია მთლიანად.
მზიას სანიმუშოდ დასჯის ინტერესი ვის აქვს?! აჭარის პოლიციას, ხომ?! თუ იმასაც მხედველობაში მივიღებთ, რომ მისი (ამაღლობლის) გამოცემები მუდმივად ამზადებდნენ სხვადასხვა სიუჟეტებს პოლიციის ხელმძღვანელ პირებზე…
საქმეს იძიებს აჭარის პოლიციაში, ასე ვთქვათ, ყველაზე დაბალი საპოლიციო ჩინი და თურმე ამან უნდა იმსჯელოს ყველაზე მაღალი საპოლიციო ჩინების ქმედებაზე და თან საკუთარი უფროსი და ყველა თავისი თანამშრომელი მოწმეებად უნდა ჰყავდეთ.
წარმოუდგენელია აჭარის პოლიცია იძიებდეს ამ საქმეს, ჩვენ ვიშუამდგომლეთ გენერალურ პროკურორთან ამ გარემოებების გამო, რადგან მან უნდა შეისწავლოს საქმე და მისცეს დავალება აჭარის პროკურატურას, რომ ეს საქმე შეწყვიტოს. თუ არა, უნდა წამოიღოს საკუთარ დანაყოფში და შემდეგ შეწყვიტოს მისი დანაყოფის მეშვეობით, იმიტომ, რომ შეუძლებელია ამას იძიებდეს აჭარა, იმ მინიმალური სტანდარტით მაინც, რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მის თქმით, მზია ამაღლობელს წარმოუდგენელი პროტესტი აქვს ამ უკანონობაზე, მის მიმართ ჩადენილი თუ სხვების მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო და აქვს განცდა, რომ მას სისტემა დაუპირისპირდა. „აქვს საშინელი დაუცველობის განცდა და შიმშილობა ჩათვალა პროტესტის ერთადერთ ფორმად“.
„თუ ამ პროცესის გააზრების უნარი აქვს სახალხო დამცველს, სწორედ მას აქვს იმის საშუალება, რომ იშუამდგომლოს გენერალურ პროკურორთან, ვინაიდან, პროკურატურას ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ეს უკანონო, დაუსაბუთებელი, აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს.
თუ ეს პოლიციელის შეურაცხყოფაა, მაშინ ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი და არავითარი თავდასხმა.
ახლა რაც შეეხება ამ სახელისუფლებო კომენტარებს, რომლებიც პრინციპში შეიცავს სრულიად სხვა რამეს და ეს არის პირდაპირი ზეწოლა, მე თუ მკითხავთ, იმიტომ, რომ კობახიძის კომენტარი, რასაც მე გავეცანი ამბობს, რომ „მთელი სიმკაცრით დაისაჯოს პოლიციელის შეურაცხყოფა“, მაგრამ მზიას გადმოსახედიდან რომ გითხრათ, როცა მასთან შევედით და ვკითხეთ, თუ როგორ არის, მან თქვა, „ალბათ ეს სიბრაზე მაძლებინებს“, რადგან იყო კიდევ უფრო შეურაცხყოფილი“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.