მთავარი,სიახლეები

„მაცნობეს, რომ სამსახურიდან გამიშვეს“ – რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი

08.02.2025 •
„მაცნობეს, რომ სამსახურიდან გამიშვეს“ – რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი

ნინო ელიაური ფეისბუქზე წერს, რომ გაათავისუფლეს რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციიდან. მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.

„გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს…

ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი!

ვინც მიცნობს ყველამ იცის რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი!

ბედნიერი ვარ რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი!

ახლა მთავარი…

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საშტატო ერთეულით განსაზღვრულ პოზიციაზე, კონკურსის წესით უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, 2024 წლის 30 დეკემბრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გავხდი დასაქმებული.

და ამის შემდეგ!

7 თებერვალს სატელეფონო კომუნიკაციით მაცნობეს, რომ 6 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება აღარ მიგრძელდება.

მიზეზი?

მიზეზი არ არსებობს!

მიზანი?

უკანონობის დაკანონება!

იუსტიციის სახლს ჩემი კარიერა 2012 წლიდან უკავშირდება, მათ შორის ბოლო 6 წელი ვიკავებდი რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციას, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, ეს იყო ადგილი სადაც ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი ყოველთვის უპირობოდ იყო საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

რუსთავის იუსტიციის სახლი არის ფილიალი რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა იუსტიციის სახლის იმიჯის შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში.

ვერასოდეს შეიცვლება ჩემი დამოკიდებულება იუსტიციის სახლის მიმართ რადგან ის იყო და იქნება ჩემი იდენტობის ნაწილი!

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამდენი წლის მანძილზე ჩემთან ერთად იზიარებდა იუსტიციის სახლის მიზანს და ღირებულებებს, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ამ ადამიანების შრომაზე დგას სამსახური!

ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობდი გუნდთან #რუსთავისიუსტიციისსახლი, ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითები, ჩემი მეგობრობა სამუდამოა, გახსოვდეთ, მთავარი ძალა ხართ თქვენ, დაიცავით თქვენი მომავალი!

არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება.

უდიდესი სიამაყით და სიყვარულით,

ნინო ელიაური“ – წერს ნინო ელიაური.

დღეს, 8 თებერვალს ფეისბუქზე დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა, ერეკლე თურმანიძემაც. იგი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერის გამო, რომელიც იუსტიციის სახლი თანამშრომლებმა გაავრცელეს 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

ამავე თემაზე: 

ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: