„თხილის ფასი 6-7 ლარია, პროდუქციის 80 %-ი ევროკავშირის ბაზარზე გადის“ – ასოციაცია

„თხილის კარგი მოსავალი გვაქვს და ველოდებით, რომ ექსპორტი წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონ დოლარამდე. ჩვენი პროდუქციის 80 პროცენტი კი ევროკავშირის ბაზარზე გადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი მერაბ ჭითანავა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 100,7 მილიონი აშშ დოლარის თხილია გატანილი.

„ნორმალურად მიდის მოსავლის აღება, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა ჩვენთან, სექტემბერში აქტიურდება ეს პროცესი. შესაბამისად, პოზიტიურად ვუყურებთ და ველოდებით, რომ ჩვენი ექსპორტი, წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონზე გავა მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი წელია, მაღალი ფასებია თხილზე და ფერმერების გააქტიურებასაც გამოიწვევს მომავალი სეზონისთვისაც,“ – ამბობს მერაბ ჭითანავა.

მისივე თქმით, თხილის ფასი ჯერ არ დარეგულირებულა, თუმცა ყოველდღიურად მატულობს: „ჩვეულებრივად იყიდება თხილი და ხარისხიანი თხილის ფასი დღეს 6-7 ლარია, გააჩნია რა პროდუქციაზეა საუბარი. უხარისხო თხილი კი, სადღაც 5,5-6 ლარის ფარგლებშია“.

მერაბ ჭითანავას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზეც ვკითხეთ – თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს თხილის ექსპორტიორები.

„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გეტყვით, რომ ჩვენი თხილის 80% გადის ევროკავშირის ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიკაცია ევროპის ბაზართან. რაც უფრო მარტივად იქნება ჩვენი ექსპორტი, მით უკეთესია, ორი აზრი ამაზე არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ახლა კარგი იქნება ჩვენთვის ეგ [უვიზოს გაუქმება]-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს არ დადგება. რამდენადაც ვიცი, რაღაც ფორმით ეს საკითხი გადაიდო და პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვეულებრივად გრძელდება უვიზო რეჟიმი, როგორც იყო,” – ამბობს მერაბ ჭითანავა.

მერაბ ჭითანავას ვკითხეთ, როგორ აისახება უვიზო რეჟიმის გაუქმება თხილის ექსპორტზე და რა მნიშვნელობა აქვს ქართული ბიზნესისათვის ევროპულ ბაზარს.

“ძალიან ძნელია მომავალზე საუბარი. ადრე არ გვქონდა უვიზო მიმოსვლა და ვმოძრაობდით, იმიტომ რომ გაცემა არ იყო პრობლემა… ერთადერთი მოცემულობა რაც არის, ისაა, რომ ევროპის ბაზარი არის ჩვენი საექსპორტო ძირითადი ბაზარი და მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტია.

[უვიზო რეჟიმი] კომფორტია და რა ვიცი, ვაჭრობის შესაძლებლობაა, კომუნიკაციის შესაძლებლობაა, მიმოსვლის შესაძლებლობაა“, – აცხადებს მერაბ ჭითანავა.

მერაბ ჭითანავას თქმით, ქართული თხილის ძირითადი ბაზრები იტალია და გერმანიაა. ქართული თხილი ჩინეთშიც გადის, თუმცა, ჩინეთი ევროპის ბაზრის ალტერნატივა „არავითარ შემთხვევაში არ იქნება“.

ამავე თემაზე:

სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს

 

„რამდენიმე საათი იატაკზე ეწვინათ მოზარდი“ – შშმ მოზარდის რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ

18 წლის შშმ პირი, ანზორ (გიო) დავითური „ჯეო ჰოსპიტალში“ მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში, 21 აგვისტოს, მის მიღებაზე სამმა საავადმყოფომ განაცხადა უარი.

როგორც მოზარდის დედა, მაია ბარათაშვილი მედიასთან აცხადებდა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო დამძიმდა.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების უფლებები როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული, საქართველოში შშმ პირებს და მათ მშობლებს მაინც უწევთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ყოფნა.

რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ შშმ პირის ჯანმრთელობის უფლების დაცვა და რატომ ამბობენ უარს კლინიკები მათთვის მომსახურებაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა უფლებადამცველს და ადვოკატს ანა არგანაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში შშმ ბავშვების მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზად ადგილის ან ტექნიკის უქონლობას ასახელებენ კლინიკები, თუმცა რეალური მიზეზი დამოკიდებულებაა.

„ბოლოს დედას დასჭირდა პოლიციის გამოძახება, რომ მისი შვილი მიეღოთ კლინიკაში. პოლიციის გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს გიორგი „ჯეო ჰოსპიტალში“. ამ დროს გიორგის ჰქონდა ძლიერი ტკივილები და ტიროდა, იყო ცუდად.

წინა კლინიკებში, როცა დაინახეს, რომ პაციენტი იყო შშმ, დედას უთხრეს ფსიქიატრიულში წაიყვანეთო. ეს არის სწორედ დისკრიმინაციული მიდგომა, რადგან დაინახავენ თუ არა შშმ პირს, ფიქრობენ, რომ მისი ადგილი ფსიქიატრიულშია და არა ისეთ საავადმყოფოში, სადაც დანარჩენი საზოგადოება დადის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, „ჯეო ჰოსპიტალში“ შეყვანილი მოზარდი, რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე ჰყავდათ დაწვენილი.

„ეს ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ მოზარდი იატაკზე წევს და მერე თვითონაც აღიარეს კლინიკაში, რომ „სულ რაღაც სამ საათამდეო“. მაგრამ 3 საათზე მეტი ხანი ეწვათ იატაკზე ადამიანი, რომელსაც ძლიერი ტკივილები ჰქონდა და იატაკს თავს ურტყამდა.

ფსიქიატრებსაც ესაუბრა დედა, თუმცა მათაც თქვეს, რომ თუ ტკივილი სომატურია, ვერ დაეხმარებიან. ბოლოს გიორგის გაუკეთეს ანესთეზია და ასე გადაიყვანეს პალატაში“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

18 წლის ანზორ (გიო) დავითურის დედა, მაია ბარათაშვილი.

მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მოზარდის დედა, რომელსაც მხოლოდ თავად შეუძლია შვილის საჭიროებების გაგება, გარეთ დატოვეს და არ შეუშვეს პალატაში.

მშობელს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა პროცედურები ჩაუტარდა მის შვილს. გადაუღეს თუ არა მრტ, რა გამოკვლევები ჩატარდა და დილით ეუბნებიან, რომ თურმე მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს – სიცოცხლესთან შეუთავსებელია ეს სუნთქვის დარღვევაო და ბავშვი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე“, – გვეუბნება ანა.

სანამ ანესთეზიას ჩაუტარებდნენ, მანამდე თუ გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცედურის ჩატარება მოზარდისთვის? – ვკითხეთ ანას. მისი თქმით, ამის თაობაზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია მათთვის.

„პირველად რომ გამოუტანეს მშობელს რაღაც ფურცლები, იქ ყველა გრაფა ცარიელი იყო, ხელმოუწერელი, საიდანაც ვერაფერს გაიგებდი. შემდეგ ვითხოვდით ინფორმაციის საათობრივ განახლებას, ანუ ორ საათში ერთხელ, ერთ საათში ერთხელ, ექვს საათში ერთხელ და ამასაც არ აკეთებდნენ. მაშინ მივხვდით, რომ რაღაც დიდი პრობლემა იყო.

მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის სისტემაში, რადგან გიორგის შემთხვევა არ არის პირველი, როცა შშმ პირს, კლინიკები არ მოექცნენ სათანადოდ ან დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება“, – ამბობს ანა არგანაშვილი და სხვა ბავშვების ისტორიებსაც იხსენებს.

„ჩვენ გვაქვს ერთ ასეთი შემთხვევა, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სამი წლის წინ – შშმ ბავშვი გარდაიცვალა და ზუსტად ასეთივე სიტუაცია იყო, როგორც გიორგის შემთხვევაშია დღეს. თუმცა ვხედავთ, რომ რეალურად, შშმ პირების მიმართ დამოკიდებულება მაინც არ იცვლება კლინიკებში.

პროკურატურასაც გულგრილი დამოკიდებულება აქვს, გამოძიებას იწყებენ და არ ამთავრებენ. იმ შემთხვევაზეც, როცა ბავშვი გარდაიცვალა, არავის ბრალი არ წარუდგინეს, არ მივიდა საქმე სასამართლომდე, რადგან ეს პრობლემა არის არაღიარებული სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც ბავშვთა ქორწინებებს არ აღრიცხავდა სახელმწიფო წლები წინ, როცა ჩვენ ათასობით შემთხვევა გვქონდა, ასეა შშმ პირებთან მიმართებაშიც: არ აღრიცხავენ შშმ პირებთან დაკავშირებულ არასათანადო სამედიცინო მომსახურების შემთხვევებს, რადგან არ უნდათ ასეთი მაგალითები შევიდეს სტატისტიკაში.

როგორ უმკურნალეს, უმკურნალეს თუ არა, რატომ დამძიმდა, ვინ რა არ გააკეთა – ამის ანალიზი არ არსებობს. ეს არის პირდაპირ გაწირვა ამ ადამიანების – სიცოცხლის უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე და პროტოკოლების ქონა-არქონაზე მეტი დარღვევაა სიცოცხლის უფლების დარღვევა“, – ამბობს ანა.

მსგავს ისტორიებზე წერენ შშმ ბავშვების მშობლები ფეისბუქზეც.

მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი, თეონა ბარბაქაძე წერს, რომ მისი მცირეწლოვანი გოგონა, სწორედ არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.

„ამიხსენით რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ანგელოზი. მე ის ცოცხალი და ბედნიერი მინდოდა. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის“, – წერს ის.

კიდევ ერთი მშობელი, სახელად მანანა, ეხმიანება გიორგის შემთხვევას და თავის პირად ისტორიასაც იხსენებს.

„18 წლის გიორგიმ, ჩემი ბოლო ერთი წლის ტკივილი განმიახლა. როგორ დაგვარბენინებდნენ მე და 23 წლის ლუკას კლინიკიდან კლინიკაში. როგორ ეჩხუბა სასწრაფოს ექიმს მორიგე ექიმი კლინიკაში, როგორ დავავლე გამწარებულმა ლუკას ხელი და ქარში გავვარდი. არ ვიცი, სად მივდიოდით. სასწრაფოს ექიმმა არ მიგვატოვა და სხვა კლინიკაში გადაგვიყვანეს.

ერთი წელი ჯოჯოხეთი გავიარეთ. შშმ პირის ტკივილს, მშობელზე კარგად ვერავინ აგიხსნით. შვილის გვერდით უნდა იყოს დედა. ისიც გვეყოფა, რომ ყოველდღე ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, არც მორგებული ჯანდაცვის სისტემაა შშმ პირებზე და არც პენსია ნორმალური“-წერს მანანა.

ანა არგანაშვილიც სწორედ ამ ტიპის გულგრილობასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს.

„ბევრი ისტორიაა ასეთი. ერთი დედა წერდა, რომ საავადმყოფოებს შორის დაატარებდნენ მის შშმ შვილს, რომელიც ვერ ლაპარაკობს. შუა გადასხმიდან მოხსნეს და გააგდეს კლინიკიდან  იმიტომ, რომ სხვა პაციენტები ჰყავდათ მისაღები.

დედები გვიყვებიან, რომ მათთვის არ არის ადგილი არც ერთ საავადმყოფოში. ეუბნებიან, რომ „ამ ბავშვს ხელს ვერ მოვკიდებ“, რამე არ დაემართოს. ანუ ერთმანეთში არის არეული შიშიც, უცოდინარობაც და გამოუცდელობაც.

გიორგის შემთხვევაშიც კადრებში ვნახეთ, რომ ანესთეზიას როცა უკეთებენ, დაცვას უჭირავს მოზარდი და ვიზიტორებს, ანუ გამვლელ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულია სისტემური პრობლემა. არ იციან, როგორ იმუშაონ შშმ ბავშვთან, როგორ მოექცნენ“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

გიორგის ამბავს ფსიქიატრთა ასოციაციაც გამოეხმაურა ფეისბუქზე, სადაც წერენ, რომ არ შეიძლებოდა დედის და გიორგი დაშორება პალატაში შეყვანისას, რადგან ეს წარმოქმნის დამატებით შფოთვებს, უნებლიე მოძრაობებს, უფრო პანიკურია მოზარდის რეაქცია, რადგან ვერავის ვერ აგებინებს რა უნდა, მხოლოდ დედას ესმის და დედაც არ არის მასთან“, – გვეუბნება ანა.

მისი აზრით, ცალკე პრობლემაა შშმ ბავშვის მშობლის მიმართ დამოკიდებულება.

„გიორგის დედა, მაგალითად, ორი ღამე იყო გარეთ, ღია ცის ქვეშ. ასე ხომ ზიანდება მშობლის ორგანიზმიც, არა? ვერ ვხედავთ ჩვენ თანასწორობას, პატივისცემას მშობლის მიმართ.

არც ინფორმაციას აწვდის ვინმე დედას, რა მდგომარეობაშია მისი შვილი, რა სამედიცინო პროცედურები უტარდება, რადგან, მათი აზრით, მაინც ვერ გაიგებს დედა. ანუ არათანაბრად აღიქვამენ ამ დროს შშმ ბავშვის მშობელს და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებენ, დამცირებულად აღიქვამენ“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მას შემდეგ ჩაერია საქმეში, როცა თავად დაუკავშირდა.

„მე თვითონ დავუკავშირდი სამინისტროს, როდესაც გამწვავდა პრობლემა და დაიწყო კრიზისი, მაგრამ ყველა ხომ ვერ დაუკავშირდება სამინისტროს? მაშინ უნდა დადგეს მინისტრი და ყველა ექიმი, კლინიკა ცალ-ცალკე მოიაროს. ეს შეუძლებელია. გამოდის ვწირავთ მათ, ვინც ვერ უკავშირდება მინისტრს.

ის, რომ იატაკზე ეწვინათ პაციენტი, ეგ იმის გამოხატულებაა, რომ არ იცოდნენ რა უნდა ექნათ ამ პაციენტისთვის.

გამოდის, თანასწორად არ აღიქვამენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც პირებს და არც მათ ოჯახებს, ამიტომ მათ ეზღუდებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, მიიღონ ინფორმაცია და აქედან გამომდინარე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ეს დისკრიმინაცია ნამდვილად გამომდინარეობს იქიდან, რომ პაციენტი შშმ პირია და ის ამ პირის მშობელი. ვფიქრობ, დღემდე ირღვევა ეს უფლებები, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული და სხვა კონვენციებითაც, რომ მშობელი ჩართული იყოს სრულფასოვნად თავისი შვილის სამედიცინო ინტერვენციაში.

ეს სრულფასოვანი ჩართულობა ნიშნავს ინფორმაციის დროულად და სრულყოფილ ქონას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, მეორე აზრის მოსმენას და ყველა ამასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც ანა ამბობს, ამჟამად ყველა ორიენტირებულია იმაზე, რომ შშმ მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნდეს.

„როდესაც ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა, თქვა, რომ მოდით, ამ წუთში ყველა ვიყოთ ორიენტირებული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაზე და შემდეგ გაირკვეს ზუსტად, იყო თუ არა გადაცდომა, ან რაიმე დარღვევა.

რაღაცნაირი კომპრომისი ჩამოყალიბდა და მართალი გითხრა, ალბათ ლოგიკურიც არის: ახლა ნამდვილად ყველა ძალა მიმართულია, რომ მოზარდი გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მოზარდის მშობელი ითხოვდა შვილის გადაყვანას უცხოეთში, მაგრამ გადაყვანაზე უარი უთხრეს, „არ არის უსაფრთხოო, იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა“.

თუმცა მშობელი ითხოვს, რომ მისი შვილის გადარჩენაში ჩაერთონ კვალიფიციური ექიმები. „როგორც ვიცი, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა კლინიკებიდანაც მოიწვევენ სპეციალისტებს“, – ამბობს ანა.

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

თიბისი -მ  საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა.

ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და  ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და ამავდროულად, ითვალისწინებს ქართული ბაზრის სპეციფიკას.

თიბისის მიზანი არა მხოლოდ მორიგი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხობრივი ტრანსფორმაცია და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება იყო. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს ჩატბოტს, ღრმად გაანალიზოს კლიენტის კითხვები და მიაწოდოს დეტალური პასუხები სხვადასხვა ფინანსურ თემებზე. სისტემა მუდმივად სწავლობს, ვითარდება და ჩატბოტის ფუნქციონალი მუდმივად ფართოვდება. ყოველივე აღნიშნული, ამ ინსტრუმენტს კლიენტებისთვის ნამდვილ AI ასისტენტად აქცევს.

ახალი გენერაციული ჩატბოტი, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია ჩვენ ვებგვერდზე – https://tbcbank.ge/ka. უახლოეს მომავალში კი, სისტემა დაინერგება თიბისის ყველა ციფრულ არხში.

ამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯით, თიბისიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია – მოუსვენარი, გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.

თუ უვიზოს დავკარგავთ, ჩვენი ხალხის პასუხისმგებლობაც იქნება – ემიგრანტი საფრანგეთიდან

„გული მიჩუყდება, აქ, საფრანგეთში როცა მეუბნებიან, ძალიან ლამაზია თქვენი საქართველოო,“ – გვიყვება საფრანგეთის ქალაქ ნანტში მცხოვრები ინგა ცეკვაშვილი, რომელიც ემიგრაციაში 2018 წელს წავიდა.

ინგა ცეკვაშვილს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ – „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, მას ვადა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე აქვს.

საფრანგეთის ქალაქი ნანტი, სადაც არაერთი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, თბილისთან ჯერ კიდევ 1979 წელს დაძმობილებული ქალაქია, თუმცა „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის „რეპრესიების გამო“ ნანტმა თბილისთან მეგობრობა 2025 წელს შეაჩერა.

„ერთი ლამაზი ხიდია, „თბილისის ხიდი“ ჰქვია გაჩერებასაც. ამასწინათ ამომიგდო ფეისბუქმა სტატია – დროებით წყვეტს ნანტი თბილისთან ურთიერთობასო. ძალიან გული დამწყდა, ეს რომ ჩავიკითხე. მაშინ გავიაზრე, რომ რაღაც არ მიდის კარგად და ძალიან ცუდადაა საქმე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინგა ცეკვაშვილი.

„იცით, რა მინდა გითხრათ? როცა ამბობენ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, თავისთავად, მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ხალხს გვაქვს პასუხისმგებლობა. შენ უნდა დაიცვა შენი აზრი, შენი სიტყვის თავისუფლება, უნდა დაიცვა შენი უფლებები. ხალხი არ არსებობს სახელმწიფოს გარეშე და არც სახელმწიფოა ხალხის გარეშე. ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული,“ – მიიჩნევს მოქალაქე ინგა ცეკვაშვილი.

როგორ შეიცვლება ცხოვრება, თუ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირი საქართველოსთან შეაჩერებს?

„მგონი, აღარ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც ერთი წევრი მაინც არ ჰყავს საზღვარგარეთ.

უვიზო რეჟიმის დროს სამ თვეში ერთხელ მაინც ახერხებენ ემიგრანტები ოჯახის წევრების ნახვას. უვიზო მიმოსვლა თუ აღარ იქნება, მაშინ ისევ საქართველოში უნდა დარჩნენ, ვინც ახლა ემიგრაციაშია და ევროპაში ვეღარ წამოვიდნენ, ან აქ დარჩნენ და წლობით ისევ ვეღარ ნახონ შვილები.

ეს ხდებოდა წლების წინ, რამდენი ასეთი ისტორია გვახსოვს?

მე საფრანგეთში მოქალაქეობის მიღებას ველოდები ახლა და ამიტომ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას 2018 წლის მერე.

შვილი აქ გავაჩინე, საფრანგეთში, ფეხმძიმე ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე. საფრანგეთი, აშშ-სგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მოქალაქეობას არ ანიჭებს ბავშვს, რომელიც აქ იბადება.

მაგრამ მე იმდენად დამეხმარა საფრანგეთი, როგორც სახელმწიფო და ხალხი, არ ვიცი, როგორ აღვწერო…

საქართველოდან გამოვექეცი მარტოხელა დედის სტატუსს, წამოვედი, ვიდრე მარტოხელა დედა გავხდებოდი,“ – გვიყვება ინგა ცეკვაშვილი და აღწერს, რამდენი სირთულის გადალახვა მოუწია საფრანგეთში ჩამოსულს, როცა არც ფრანგული იცოდა და ფეხმძიმე ქალი თავშესაფარს ითხოვდა.

ემიგრანტის თქმით, საქართველოდან ახლობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას გაერიდა:

„ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არ მქონია, მაგრამ შესაძლებელია, ესეც ყოფილიყო… დეტალებზე საუბარი არ მინდა. ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, სირცხვილის განცდა, არ მინდოდა მე და ჩემი შვილი მუდმივად დაცინვის მსხვერპლი ვყოფილიყავით, მე გამოვერიდე იქაურობას…

დრო გავიდა და ურთიერთობაც გავაგრძელეთ ოჯახთან და ახლობლებთან: მართალია, მე ვერ ჩავედი საქართველოში, რადგან სტატუსს ველოდები, მაგრამ დედაჩემი ორჯერ იყო ჩამოსული ჩემთან. უვიზო რომ ამოქმედდეს, დედა ვეღარ ჩამოვა ჩემთან?

ჩამოსვლისთანავე აქ ძალიან დამეხმარნენ ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიც დამინიშნეს, მათ შორის, ორსულობის პერიოდში. ძალიან ჰუმანური ხალხი არიან ფრანგები, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი. ჩამოსვლისთანავე დავიწყე ფრანგული ენის შესწავლა, დამასაქმეს კიდეც: საბავშვო ბაღში ანიმატორად ვმუშაობდი, მერე ძიძად ვიმუშავე, სახლების დალაგებაზეც ვმუშაობდი…

განათლებით იურისტი ვარ და ახლა მინდა, თუ მოქალაქეობა მივიღე, ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა,“ – გვითხრა ინგა ცეკვაშვილმა.

ემიგრანტის დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა მანიპულირებს, როცა, მაგალითად, ლგბტქ პროპაგანდაზე საუბრობს – საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ხშირად იგებენ ამბებს გაღარიბებული საქართველოდან, სადაც ბავშვებსაც კი უწევთ სიღარიბესთან გამკლავება:

„მთავრობას ეს გეი პროპაგანდა თუ ასე ძალიან აინტერესებს, მაშინ ჯერ სხვა რამით უნდა დაინტერესდეს, ხომ? ჯერ მშიერი ბავშვებით დაინტერესდეს, ესაა დაღუპვა,“ – აღნიშნა ინგა ცეკვაშვილმა „ბათუმელებთან“.

რას ნიშნავს ევროპა თქვენთვის? – ესეც ვკითხეთ სოციალურ ქსელში გასაუბრების დროს ემიგრანტს.

„უბრალოებას და თავისუფლებას… საფრანგეთი ჩემთვის უფრო მანერებია – უბრალო და კულტურული მანერები, გულისხმიერება, თავაზიანობა, ასევე დისტანცია – ზედმეტად არავინ არასდროს შეგაწუხებს.

ევროპა არის ჩემთვის ყურადღებით მოსმენა. შეიძლება, ვიღაც ვერ დაგეხმაროს, მაგრამ მოგისმენს. ეს დიდი შველაა.

მინდა, ჩემს საქართველოშიც ასეთი ადამიანები ვნახო,“ – დაგვემშვიდობა ინგა ცეკვაშვილი.

„პირად თავისუფლებას ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს“ – ზვიად ცეცხლაძე

„ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს“, – სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართავს.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ –  არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ, ამ რეალობაში მომახვედრა.

თანამედროვე ევროპის ისტორია, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით, მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ქვაკუთხედს აერთიანებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არასდროს ყოფილა მხოლოდ დადებითი და სიკეთის მომტანი. შეცდომა ინდივიდის და შეცდომა სოციუმის, მრავალ წარმატებას თან სდევდა კეთროვანი მეგზურის სახით.

თავისუფლება ინდივიდის თუ თავისუფლება სოციუმის, არცთუ ისე მრავალკუთხოვან ტრადიციას ქმნის დასავლეთში. სწორედ ამგვარ ბრძოლებში, მრავალი ჩაგრულის ბრძოლის ისტორია აყალიბებდა დასავლური აზროვნების კულტურას.

თაობათა მძიმე და უსამართლო ბრძოლებს ეწირებოდნენ ერთეული ინდივიდები და ამავე ინდივიდების მიერ შექმნილი სოციალური წრეები, რომლებიც გაბატონებულ კლასებს ებრძოდნენ, მრავალი თავგანწირვის – ბრძოლის თავდადებული მაგალითებით,  რომელთაც სწამდათ, რომ თავისუფლების გარეშე ცხოვრებას თავისუფლების მოპოვების გზაზე სიკვდილი სჯობდა.

როდესაც კაცობრიობა პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, მისი დასასრული ზოგისთვის თავისუფლების საბოლოო გამარჯვებად იქნა აღქმული, რომლის დასასრულს თან ახლდა ევროპაში ახალი დემოკრატიების ჩასახვა და ძველი მონარქიების ნგრევა, მაგრამ მალევე აღმოცენდნენ ახალი სისტემები, რომლებმაც მთლიანად უგულებელყვეს მანამდე არსებული მონაპოვარი – ადამიანი.

ახალმა სისტემებმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წარმატებით მიითვისეს ადამიანის სასიცოცხლო ყველა ასპექტი. სოციალურ-ეკონომიკური და პირადი ცხოვრების მოსპობით მიღებულმა განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ, მოიპოვა საყოველთაო მორჩილება. როცა ევროპელთა ერთი ნაწილი (მცირე) თავის ნუგეშს იყო მიცემული და ამგვარ მოვლენებს ერთი ინდივიდის ახირებებს აბრალებდა, მეორე ნაწილი მყარი და დამანგრეველი ძალის მქონე სოციუმს აყალიბებდა. მაშინ “ცივილურმა ევროპამ” კონტინენტური ევროპის ნაწილზე მძიმე კომფორმიზმით (მეტიც, თანამონაწილეობის გზით) გზა გაუხსნა ფაშიზმის აყვავებას, რომლის შემდგომი საფრთხეების არიდებაც არაერთი სიცოცხლის მოსპობის ფასად დაუჯდათ.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“. ეს გემი მძიმე და მძლავრ ზღვაზე არა დღეს, არამედ „აიეტისა და ფარტაძის“ დროსაც იდგა, მაგრამ ზღვა, რომელიც შორი იყო და გადაულახავი ჩანდა. დაახლოვდა, როდესაც ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია.

პირველად კი ამ გემს შტორმიან ზღვაში საბა გაჰყვა, მაგრამ მაშინდელმა ევროპამ არ დაუშვა ჩვენი პატარა გემი თავის ნავსაყუდელში.

ევროპა – ეს იდეაა თავისუფლებისა.

ევროპამ მიაღწია მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ აღმასვლას, რითაც შეძლო „ადამიანის“ წინ წამოწევა, მაგრამ როცა ევროპაში დანტემ შექმნა „ღვთაებრივი კომედია“, ეს ევროპული იდეალები ჩვენთან უკვე გააზრებული იყო „ვეფხისტყაოსნის“ სახით.

როდესაც ევროპული იდეა დგას ისეთ საწყისებზე, როგორიცაა ათენის დემოკრატია, რომის სამართალი და ქრისტეს მორალი, რომლის ქვემდებარედ უნდა მივიჩნიოთ საქართველოსთვის ზურგის შექცევა?!

მთელმა კაცობრიობის ისტორიამ მხოლოდ ერთი ცივილიზაცია შექმნა, რომლის საფუძველიც დასავლური აზროვნების კულტურაა და ჩვენც ვართ ამ ცივილიზაციის თანაავტორები, თუნდაც იმით, რომ გვყავდა რუსთაველი, ვაჟა, ილია და დღეს ყოვლად დაუშვებელია ამ მემკვიდრეობით დავეშვათ ფსკერზე.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – ამ სიტყვების გაჟღერებისას ხომ ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პორტრეტი, ის, რომ ამ მოსახლეობის ნაწილი „საბჭოთა საქართველოში“ არის დაბადებული? ნუთუ ეს არ არის ერის ტრამვა?! განა რთულია ამ მძიმე იარების დანახვა, რაც გაგვაჩნია და რაც ასე გვიშლის ხელს ამ გემზე ნიჩბის მოსასმელად?!

ჩვენი აწმყო, როგორც წარსული, ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინებას.

ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს, მაგრამ ის „იზოლაციის“ პერსპექტივა რას გვიქადის, თუ არა რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენას, სადაც ერთხელ უკვე პირისპირ მარტონი დავრჩით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ბოროტ ძალებთან.

ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან.

გაახსენეთ ის თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ  რჩება სიტყვები – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს თბილისში. მაშინ როცა მთელს ქვეყანაში პროევროპული საპროტესტო აქციები ახალი დაწყებული იყო.

19 წლის სტუდენტს, ოფიციალური ბრალის მიხედვით, პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ზვიად ცეცხლაძე ბრალს არ აღიარებს. მეტიც ის დაკავებამდე არ იცნობდა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაშია ბრალდებული.

ამავე თემაზე:

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 11 130 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 175 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 31 946 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 472 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 347 ერთეული [+291]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 672 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 948 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 79 322 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 755 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 873 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 314 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.

მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“.

ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სამ რეგიონში, მათ შორის აჭარაში.

ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025

ნონა ჯიქია, ცხოველთა მოყვარული: „მე მიკედლებული მყავს უამრავი ძაღლი, ყველა არის კასტრირებული, აცრილები, პასპორტებით, ყელსაბამებით. ამ ძაღლებიდან ნახევარი გაქრა. მითხრეს ქუთაისის თავშესაფარში უნდა იყოს გადაყვანილიო, მაგრამ ბევრს იქაც ვერ ვპოულობ. არც ცოცხლებში არიან, არც მკვდრებში. სად გააქრეს ეს ძაღლები ნამდვილად არ ვიცი. ბათუმიდან, რაც მარტო მე ვიცი და ვცნობ, ალბათ გაყვანილია 300-ზე მეტი ცუგა. არც ერთი უკან დაბრუნებული არ არის ბათუმის ლოკაციაზე.“

ნონა ჯიქიას თქმით, საპილოტე პროგრამა ბათუმში ისე დაიწყეს, რომ ცხოველთა დამცველებმა არაფერი იცოდნენ: „არავის არ შეგვატყობინეს, რომ ეს პროგრამა იგეგმებოდა ბათუმში. ხომ შეეძლოთ შეექმნათ ბაზა ცხოველთა მოყვარულების, დამცველების, ამასთან, რომელი ძაღლი კასტრირებულია, რომელი ვაქცინირებულია. მაგრამ ეს ბაზები არ შექმნეს. ჩუმად დაიწყეს – ღამის 3-4 საათზე წაყვანა ძაღლების. ეს კითხვაც დავუსვი, რატომ ღამის 3-4 საათზე? რატომ დილის 5 საათზე? და პასუხი იცით რა იყო? რომ ტურისტები არ შეწუხდნენო.

ვუთხარი, ტურისტები კი არ წუხდებიან, ტურისტები უვლიან ჩვენს მიუსაფრებს და თქვენ იმიტომ აკეთებთ ამას, რომ არ დაინახოს ხალხმა, რა გენოციდს უწყობთ ძაღლებს-მეთქი. ამაზე პასუხი არ გამცეს.“

ნონა ჯიქია აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად ამბობს, რომ ისინი არ არიან ამ საპილოტე პროგრამის წინააღმდეგი, „უბრალოდ გეგმა შეიმუშავეს ძალიან ცუდად. ეს უნდა დაეწყოთ სოფლებიდან, სადაც არ სტერილიზდება, სადაც არ უკეთდება კასტრაცია და არა იქ, სადაც მოვლილი ძაღლებია. ბათუმის ძაღლები ხომ გააქრეს, არ ვიცით სად არიან, ახლა ავადმყოფი ძაღლები ბრუნდებიან. სუსტები, სხვა რეგიონის ძაღლები შემოდის ბათუმში. ვითომ აბრუნებენ ძაღლებს ლოკაციაზე, მაგრამ სინამდვილეში უცვლიან ტერიტორიას“.

„მე ვარ ლანა შაშიაშვილი, ცხოველთა დამცველი, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი. ვაცხადებ ამას თამამად, არავის მეშინია – იცით რას აკეთებენ? – ქრებიან ძაღლები. ქალაქში ვისაც დაბირკული არ ჰყავდა და ვისაც, მაგალითად, აი, რეგისტრირებული ჰყავდა და მოხალისეები ჩვეულებრივად კვებავდნენ, აი, ესენიც გაუჩინარებულები არიან.

ძალიან ცუდი ხმები მოდის, მდინარე ჩოლოქთან არის ბეიკერის ორმო და თურმე უამრავ ცუგებს იქ კლავენ. მე „ძაღლი“ სიტყვა არ მიყვარს… ჰოდა, შევწირავ თავს. კიდევ ერთხელ მივმართავ სურსათის სააგენტოს, რომ შეწყდეს ეს მარაზმი. ჩვენ არ შევჩერდებით.“

ლანა შაშიაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნაა „ყველა ცუგა, რომელიც არის აჭარის რეგიონიდან გაყვანილი, დააბრუნონ. ღამით არ გავიდნენ – 4 საათზე და 3 საათზე რომ იპარავენ ქურდულად და ჩვენ, ცხოველთა დამცველებს და მოყვარულებს საქმის კურსში არ გვაყენებენ. ყველა ცუგას აღრიცხვიანობა უნდა მოხდეს, ვიდეოკამერა უნდა იყოს და ყველა უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და ამ საქმეს მივხედავთ ერთიანად.“

ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ცხოველთა მოყვარული ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რასაც ითხოვენ არის ის, რომ „შეწყდეს ძაღლების ხოცვა, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის. ქრება ძაღლები, მიჰყავთ 100, მოჰყავთ უკან 10.“

„აუცილებელია ყველა რეგიონს ჰქონდეს თავისი თავშესაფარი, სადაც ჩვენ შევძლებთ დაავადებული ძაღლების განკურნებას, გადაყვანას და პატრონობას.

ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ეტაპობრივად, ძალიან სწორი ნაბიჯებით – მოსაწესრიგებელია როგორც მიუსაფარი ძაღლების თემა, ასევე პატრონიანი ძაღლების თემაც. ამ ძაღლების გადაყვან-გადმოყვანა, ზოგი ქუთაისში რომ სტერილდება, ზოგი ბათუმში, ზოგი გურიაში, ეს უნდა დასრულდეს. ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს თავისი თავშესაფარი და თავისი სტაციონარი“, – ამბობს ლია მგელაძე.

მისივე თქმით, თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდოდა მათთან თანამშრომლობა, სააგენტოში იცოდნენ მათი საქმიანობის შესახებ და მას შემდეგ არ უნდა დაეწყოთ საუბარი, რომ ითანამშრომლებენ, როდესაც „ძაღლები გაიყვანეს, ჩუმად მოგვპარეს და ვეძებდით ქუჩა-ქუჩა, ვერ ვპოულობდით და განგაშის შემდეგ დაიდო ინფორმაცია, რომ თურმე ახალი საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო მანამდე, ჩვენთან შეთანხმებულად. ჩვენ მივაწვდიდით ყველა ბაზას – რომელი ძაღლი იყო სტერილური, რომელი არ იყო სტერილური და რომელი იყო ვაქცინაგასაკეთებელი. ახლა კი რა გააკეთეს? – წაიყვანეს ის მოწესრიგებული ძაღლები ქალაქიდან, რომლებშიც უკვე ძალიან დიდი თანხა გვაქვს დახარჯული.“

თეონა ყურშუბაძე, პროფესიით პედაგოგი, ცხოველთა მოყვარული და დამცველი: „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სტერილიზაცია-კასტრაციას, პირიქით, მომხრე ვართ, მაგრამ არ მომხდარა ეს ჰუმანური გზით. ეს არ მომხდარა ადამიანურად, დალაგებულად, ორგანიზებულად და დაგეგმილად. ჩვენ ვნახეთ ვიდეოკადრები, როგორ ექცევიან ცხოველებს და როგორ სვამენ თუნდაც იმ მანქანის ვოლიერებში. ეს არ არის ნორმალური.

ძალიან ბევრი ცხოველი არის არეული. ანუ არავინ იცის, რომელი რეგიონიდან, ან ბათუმის რომელი ქუჩიდან რამდენი ცხოველი იყო გადაყვანილი, სად წერია და სად აქვთ აღრიცხული? რევაქცინაციისთვის ბათუმიდან ქუთაისში ცხოველის გადაყვანაც რა საჭირო იყო. რატომ არ შეიძლებოდა დაექირავებინათ ვეტექიმები. 12 კლინიკაა ბათუმში. ადგილზე მომხდარიყო ამ ცხოველების რევაქცინაცია.“

თეონა ყურშუბაძეც თვლის, რომ საპილოტე პროგრამა ბათუმით არ უნდა დაწყებულიყო: „ეს საპილოტე პროგრამა უნდა დაწყებულიყო სოფლებიდან, უკვე პატრონიანი ძაღლებით. იმიტომ, რომ სოფლებში ხალხი ცხოველს არ ასტერილებს, ან ვერ ასტერილებს. აი, აქედან უნდა დაიწყოს.

ექვს თვეში ზუსტად იგივე რაოდენობა მიუსაფარი ცხოველი იქნება ქალაქში, მოდიან სოფლებიდან, ყრიან ნაგავსაყრელზე, ის ცხოველები მრავლდებიან, შემოდიან მერე ქალაქში… ანუ, კარუსელი ტრიალებს და ფულიც თეთრდება.“

ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025

აქციის მონაწილეებმა ერთობლივი წერილით მიმართეს სხვადასხვა უწყებას, მათ შორის ქვეყნის მთავრობას, რომ მიუსაფარი ცხოველების რეგულირების საპილოტე პროგრამა მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება და მათი მთავარი მოთხოვნაა „პროცესი განხორციელდეს გამჭვირვალედ და სრულყოფილი ანგარიშგებით“.

„ბათუმელები“ მიმართვას მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობას; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს; ქალაქ ბათუმის მერიას; ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას

მოგმართავთ საპილოტე პროგრამის – მიუსაფარი ცხოველების რეგულირების და მიმდინარეობასთან დაკავშირებით. არსებული მონაცემებით, პროცესი არასწორი მიმართულებით ვითარდება და ხორციელდება მნიშვნელოვანი დარღვევებით. კერძოდ:

პროგრამის ფარგლებში ხდება უკვე სტერილური/კასტრირებული და ცოფის ვაქცინით აცრილი [ასევე კომპლექსური ვაქცინით აცრილი] ცხოველების გადაყვანა, რაც რესურსების და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.

პროგრამის დაწყებამდე შესაბამისი ორგანოები არ შეხვედრიან ადგილობრივ ცხოველთა მოყვარულებს, მოხალისეებს და მიმკედლებლებს, რათა მათგან სრულყოფილად მოეპოვებინათ ინფორმაცია კონკრეტულ ცხოველებზე.

პროცესი მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ [მალულად] – არ არსებობს ღია, საჯარო პლატფორმა [ვებგვერდი ან სოციალური გვერდი], სადაც აისახება, რომელ უბნიდან [აჭარის მასშტაბით], რომელი ცხოველია გადაყვანილი [ლოკაციების მიხედვით], სად ჩატარდა მასზე მანიპულაციები და როდის დაბრუნდა, ასევე არ არის თანდართული ფოტო-ვიდეო მასალა.

დაფიქსირდა ცხოველებზე და მოხალისეებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები – მათ შორის, უკვე გასტერილებული ცხოველები ღია, სისხლმდენი ჭრილობებით დაბრუნდნენ.

ცხოველების გადამყვანი პირების მხრიდან გამოვლენილია უხეში ქცევა და ფიზიკური შეურაცხყოფაც ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულის მიმართ, რომელსაც მის მიერ მიკედლებულ ცხოველზე ყველა საჭირო პროცედურა უკვე ჰქონდა გაწეული [უკვე კასტრირებული, სტერილური, ვაქცინირებული, ჭიაზე და ტკიპაზე დამუშავებული].

არ ხდება სამი უწყების – გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გუნდური მუშაობა; ჩვენს სატელეფონო ზარებზე გვპასუხობენ, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ და გვამისამართებენ სხვადასხვა ცხელ ხაზზე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზეც კი. ყველა იხსნის პასუხისმგებლობას.

ვაცხადებთ მოთხოვნებს:

  • პროცესი უნდა ხორციელდებოდეს გამჭვირვალედ, სრულყოფილი ანგარიშგებით, საჯარო მონაცემებითა და დოკუმენტაციით.
  • დაუყოვნებლივ შეწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან ცხოველების გადაყვანა ქუთაისის თავშესაფარში, სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.
  • გათვალისწინებულ იქნას, რომ შპს „CEBEP“ [ახლანდელი შპს „რესიკაბ“ – ავტ.] არის კომპანია, რომელიც გამარჯვებულია ელექტრონულ ტენდერებში ბათუმში, ქედაში, შუახევსა და ხულოში და ასრულებს უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებას [კომპლექსური/ცოფის ვაქცინაციას], რის შედეგადაც ბათუმში აღარ ფიქსირდება ჭირისა და ენტერიტის შემთხვევები, ცოფი კი ისედაც არ დაფიქსირებულა.
  • გაფორმდეს ხელშეკრულება ბათუმში/ქობულეთში მოქმედ ვეტერინარულ კლინიკებთან, ასევე შპს „CEBEP“-თან, რათა ცხოველების რევაქცინაცია და სხვა აუცილებელი მანიპულაციები ჩატარდეს ადგილზე, დამატებითი გადაყვანის გარეშე [ცხოველები საათობით გამომწყვდეულია მანქანებში, რაც არის მათი წამება].
  • მოგმართავთ, დროულად იმოქმედოთ, რათა ზემოაღნიშნული პილოტური პროგრამით რეალურად მოხდეს მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არ გახდეს მათი გენოციდისა და ინფიცირების წყარო.“

———-

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს.

ამ თემაზე:

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ერევანში რუსული გამანადგურებელი რკინის ბოძს შეეჯახა – მედია

ერევანში რუსული გამანადგურებელი რკინის ბოძს შეეჯახა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ერებუნის აეროპორტის მიმდებარედ, რუსული გამანადგურებელი ჯერ რკინის ბოძს, შემდეგ კი ლითონის შემოღობვას შეეჯახა.

ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ერებუნის აეროპორტისკენ მიმავალი მოძრაობა გადაკეტეს.

როგორც სომხური მედია იუწყება, შემთხვევა მოხდა 24 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, სომხეთის დედაქალაქში, არშაკუნიანცის გამზირზე.

მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

___

ფოტო: სქრინი ვიდეოდან

1 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, დაიმტვრა 4 მანქანა – ავარია ბათუმში

ავარია მოხდა დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის გამო დაშავებული 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად კი 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კადრები შემთხვევის ამსახველი ვიდეოდან, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერია გამოცხადებული

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის მაგისტრალური ახალი გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურებისთვის, დღევანდელი გათვლებით, 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.

„პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 13 986 483 აშშ დოლარს შეადგენს.

ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

რაც შეეხება ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.

რა თანხაა გამოყოფილი მთლიანობაში ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის პროექტისთვის და როდის გამოაცხადებენ ტენდერს უშუალოდ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, ამ დროისთვის უცნობია. 

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად [სასესხო შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით] უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა.

ამ თემაზე:

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

რეჟისორი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ოთარ [ოთო] ქათამაძე, ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი.

ოთო ქათამაძის გადასარჩენად საზოგადოება ცოტა ხნის წინ გაერთიანდა. მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოთარ [ოთო] ქათამაძე დაიბადა 1983 წლის 9 ივლისს.

2004 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

2014 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, რეჟისურა, მაგისტრი.

2004-2006 წლებში იყო თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი.

გამოცემული აქვს პიესების კრებული.

ოთო ქათამაძე იყო არაერთი ფესტივალისა და პროექტის ავტორი.

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი, დღისით 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით 26 აგვისტოს მოსალოდნელია ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა; მომდევნო ორ დღეს – 27 და 28 აგვისტოს კი აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

 

ბათუმის სტადიონთან მთავრობა კიდევ ერთ ნაკვეთს ასხვისებს – ცნობილია დაინტერესებული კომპანია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, ტბელ აბუსერიძის 17 ნომერში მდებარე 2 244 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება. ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, თუმცა მის განკარგვამდე აჭარის არალეგიტიმური მთავრობა გეგმავს ამ ნაკვეთთან გააერთიანოს მომიჯნავე 36 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

როგორც ქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე გაერთიანებული ნაკვეთის ერთ ლოტად გასხვისებას აპირებს [ანუ, 2 280 კვ.მ-ის, ან 2 232 კვ.მ-ის, ვინაიდან აბუსერიძის 17-ის მიმდებარედ კიდევ ერთი ნაკვეთია აჭარის საკუთრებაში, რომელიც 52 კვ.მ-ია].

ბათუმის საკრებულო კი, 36 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის აჭარის საკუთრებაში გადაცემაზე 2025 წლის 29 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის“ შესაბამისი წერილი ბათუმის მერიაში 22 აგვისტოს შევიდა. მერიას კი, განკარგულების პროექტი ქონების გადაცემაზე საკრებულოში იმავე დღეს შეუტანია.

ნაკვეთები ბათუმში, რომელთა გაერთიანებას და განკარგვას აჭარის მთავრობა გეგმავს [წითელი ფერით აღნიშნულია 36 კვ/მ ნაკვეთი, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია; მომწვანო ფერით აღნიშნული ნაკვეთები კი, აჭარის ავტონომიის საკუთრებაა]
„ვინაიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიხილება 36 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან გაერთიანება, შემდგომში ერთ ლოტად განკარგვის მიზნით, სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოეცეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N17-ის მიმდებარედ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 36 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“. – აღნიშნულია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში.

მიწის ნაკვეთით დაინტერესებულია შპს „,პრემიუმ მეტროპოლ ინკ“. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ კომპანიის დირექტორი გიორგი შარაშიძეა, მესაკუთრეები კი შპს „პრემიუმ ჯგუფი“[25%] და შპს „ბიჩ ბილდინგი“[75%].

თავის მხრივ „პრემიუმ ჯგუფის“ მესაკუთრეა ჯემალ ჩურუკბა; ხოლო „ბიჩ ბილდინგის“ 2024 წლის თებერვალში შეუცვალეს სახელწოდება და დღეს არის „მეტროპოლ ჰოლდინგი“, რომელსაც რამდენინე მესაკუთრე ჰყავს: ვანო გიგლემიანი, კნიაზ დასენი [ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია], გიორგი ჩხეიძე, გოჩა ხაჩიძე, ლევანი ახვლედიანი, თემურ მიქელაძე, გიორგი მხეიძე და ალექსანდრე გიგლემიანი.

კომპანია „პრემიუმ მეტროპოლ ინკ“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთიდან 70 მეტრში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში, ცათამბჯენს აშენებს, რომლის კონსტრუქციული სიმაღლე 144 მეტრი იქნება, ხოლო სართულების რაოდენობა – 44. ფიროსმანის 21-ში მდებარე ეს სამშენებლო ფართობი – 3 769 კვ.მეტრი – აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით 2016 წელს გაყიდა.

ამ ნაკვეთის გასხვისებისა და მიმდინარე მშენებლობის დეტალებზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

კიდევ ერთი ცათამბჯენის პროექტი იუსტიციის სახლთან და გახარებული ბათუმის მერი

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 11 129 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 167 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 31 898 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 472 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 211 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 056 ერთეული [+121]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 593 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 79 322 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 755 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 873 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 314 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

  • უკრაინა დღეს, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ

ბათუმის საკრებულო ბათუმში, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებას გეგმავს. საკითხს ქალაქის საკრებულო 2025 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს.

გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალონ, წმინდა სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გრძელდება და მისი სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ეს მონაკვეთი ბონის დასახლებას ბარცხანასთან აკავშირებს.

ქუჩის ამ მონაკვეთის ერთ მხარეს ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაა, მეორე მხარეს კი რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ამავე მხარესაა „მეტრო ტერმინალისა“ და „ტექნო პარკ ბათუმის“ ტერიტორიები [„მეტროს“ მიერ უკანონოდ აშენებული კორპუსებით].

ბათუმში გოგოლის ქუჩის მონაკვეთი, რომელსაც გიორგი ცაბაძის სახელი უნდა დაარქვან [მონიშნულია წითელი ხაზით]
ბათუმის საკრებულოში შეტანილ განკარგულების პროექტში აღნიშნილია, რომ „საკრებულოს მიმიდინარე წელს საქართველოს პარლამენტის წევრმა არჩილ ბერიძემ და აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა მოსახლეობამ [საერთო ხელმოწერებით] ინიციატივით მომართა ქალაქ ბათუმში, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთისათვის [ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა] ნიკოლოზ გოგოლის სახელის ნაცვლად ქართველი კომპოზიტორის, სახალხო არტისტის – გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ.“

განკარგულების პროექტს აღნიშნული საინიციატივო წერილი არ ახლავს, თუმცა განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმით, რომ ქალაქ ბათუმმა 2021 წელს იუნესკოს მუსიკის ქალაქის წოდება მიიღო, ასევე 2025 წელს ქალაქი ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა. აქედან გამომდინარე ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთს [ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა], რომელიც მოსახლეობის თანხმობითაც არის წარმოდგენილი, მართებული იქნება ცნობილი კომპოზიტორის და სახალხო არტისტის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭება.“

განმარტებითი ბარათის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის სახელის შეცვლაზე თანახმაა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული
ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისია“.

2025 წლის 29 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე საკრებულოს მიერ განკარგულების მიღების შემდეგ ბათუმის მერიას დაევალება „განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები“.

ამავე თემაზე:

უნდა იყოს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები ბათუმში? – რას ფიქრობენ ქართველი მწერლები

გრიბოედოვის ქუჩისთვის ტატუნაშვილის სახელის დარქმევის განხილვაზე საკრებულომ უარი თქვა

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 075 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 11 129 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 164 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 31 858 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 472 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 210 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 935 ერთეული [+148]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+33]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 512 ერთეული [+86]
  • სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 79 150 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 741 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 845 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 259 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა საერთო აქვთ „ოცნების“ პროპაგანდას საბჭოთა პროპაგანდასთან – რას წერდა „კომუნისტი“ დასავლეთზე 

საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად ასახავს იმ ნარატივებს, რომლებიც წლებია რუსეთში გამოიყენება. სუვერენიტეტის დაცვის ილუზია, „ტრადიციული ღირებულებებით“ მანიპულირება და დასავლეთის დემონიზაცია – ეს თემები ოკუპანტი სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის საყრდენია, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უფრო აქტიურად ჟღერს. 

  • ანტიდასავლური გზავნილები – რუსული ეკოსისტემის ნაწილი

მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან აკვირდება ქვეყანაში ანტიდასავლურ პროპაგანდას. ორგანიზაციის კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილები ხშირად რუსული დეზინფორმაციის ეკოსისტემის ნაწილია, მაგალითად, პროპაგანდა ხშირად წარმოაჩენს დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ძალას.

ეს გზავნილი ამტკიცებს, რომ დასავლური სახელმწიფოები ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, კანონმდებლობასა და საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. სწორედ აქ ერთიანდება კრემლისა და “ქართული ოცნების” ნარატივები „ფერადი რევოლუციის“ თეორიის, “მაიდნის” მოწყობისა და ომში ჩათრევის მუქარის შესახებ.

  • „ტრადიციული ღირებულებები“ 

კრემლისა და “ქართლი ოცნების” ანტიდასავლურ პროპაგანდაში, კიდევ ერთ საერთო ხაზზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ანტონ ვაჭარაძე. მისი თქმით, ორივეგან ერთ-ერთი ძირითადი ხაზი არის „ტრადიციული ღირებულებების“ თემატიკაზე თამაში:

„აი, ამ თემატიკას მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს, მასში ერთიანდება როგორც ეს ე.წ. ოჯახური ღირებულებები, იგივე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა…”. მისივე თქმით, ეს ნარატივი მრავალმხრივია და ხშირად ხელოვნურად წამოწეული ისეთ კონტექსტში, სადაც საზოგადოებას გაცილებით უფრო რეალური პრობლემები აქვს.

  • საბჭოთა პროპაგანდის კვალდაკვალ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), რომელიც 16 წელია საქართველოში ანალიტიკურ და ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას ეწევა, დეზინფორმაციის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა აქვს ჩატარებული. ერთ-ერთი მათგანია „ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები“, რომელიც 1970-იანი წლების გაზეთ „კომუნისტის” მიხედვით არის ჩატარებული.

ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ თანამედროვე ანტიდასავლური ნარატივი, რომელსაც კრემლი აწარმოებს, საბჭოთა პროპაგანდას ეფუძნება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ საინფორმაციო მანქანად ითვლება და იყენებდა ამ ჟანრის „საუკეთესო მიღწევებს“, მათ შორის ნაცისტური პროპაგანდის ტექნიკებს: „იქ სპეციალური აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებები არსებობდა… იყო პირდაპირი ინსტრუქციები, რა უნდა გასულიყო საინფორმაციო ველში და რა არა“, – ამბობს ვაჭარაძე.

  • საბჭოთა და თანამედროვე პროპაგანდის დასავლეთის წინააღმდეგ 

საბჭოთა და თანამედროვე კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადი სტრატეგიები ნაწილობრივ ტრანსფორმირდა, თუმცა დასავლეთის აგრესორად,რუსეთის კი მშვიდობისმყოფელად წარმოჩენის სტრატეგია – იგივე დარჩა. მაგალითად საბჭოთა პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა კრიტიკული სტატიები ნატოს გეგმებისა და წვრთნების შესახებ.

„დაუპატიჟებელი სტუმრის უადგილო ჩარევა“ – ეს კარიკატურის მინაწერია გაზეთ „კომუნისტის“ 75 წლის თებერვლის ნომერში. 1970-იანი წლების საბჭოთა პრესისთვის დამახასიათებელი იყო დასავლური სამყაროს, როგორც განხეთქილების შემომტანად და კონფლიქტის წამახალისებელ აქტორად წარმოდგენა.

საბჭოთა პერიოდში ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი საყრდენი კომუნისტური იდეოლოგია და ანტიკაპიტალიზმი იყო. თანამედროვე რუსულ პროპაგანდაში ეს იდეოლოგიური საფუძველი შეიცვალა და მის საფუძვლად „ტრადიციული ღირებულებები“, გვევლინება. ეს, ძირითადად, ლგბტ თემის დემონიზაციასა და დასავლეთის კულტურული „დეგრადაციის“ ხაზგასმას გულისხმობს. 

ამავდროულად IDFI-ს ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისების შესახებ კვლევაში ვკითხულობთ:„თანამედროვე ანტიდასავლური წარმოდგენების ფესვებს დავინახავთ ასევე 1970-იანი წლების პრესაში დასავლური ცხოვრების სტილის აღწერაზე დაკვირვებისას. საბჭოური პროპაგანდა დასავლურ ცხოვრების სტილს ცალსახად უკავშირებდა ნარკომანიას, ძალადობასა და რასიზმს, ამ უკანასკნელზე განსაკუთრებული ხაზგასმით”.

  • ომით მანიპულაცია 

კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთი ცენტრალური ხერხია ომით მანიპულაცია. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთს, ომში ჩამთრევ, ბოროტ ძალად წარმოაჩენს „ქართული ოცნებაც“.

ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ ომის თემით მანიპულირება არის კლასიკური საბჭოთა მეთოდი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ხელისუფლების მაქსიმალურად გასახანგრძლივებლად:

„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო სამი წლის განმავლობაში ომის შიშის ნარატივმა საუკეთესოდ იმუშავა, ამის გარშემო შეუძლიათ ახლა ხალხის გაერთიანება და კონტროლი. 17 წლის წინ ვნახეთ ეს საშინელება ჩვენს ქვეყანაში და დღეს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ კიდევ უფრო დიდ მასშტაბურ საშინელებას უკრაინაში. ამ ომით დაშინებამ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ომი დაიწყება, ესეც ერთ-ერთი საბჭოთა პროპაგანდის მეთოდია. ეს არის მეთოდი ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდ ხანს ყოფნისთვის“, – ამბობს ის.

ამასთან, აქტიურად გამოიყენება „ომში ჩათრევის“ თემა – სხვადასხვა ინტერვიუდან ამოკრებილი ცალკეული ციტატებისგან იქმნება ნარატივი, თითქოს ხელისუფლების ყველა ოპონენტი ომის მომხრეა და მიზანმიმართულად ითრევს ქვეყანას კონფლიქტში.

IDFI: თანამედროვე რუსული პროპაგანდა, საკუთარ განსაკუთრებულ როლს სხვადასხვა ღირებულების დაცვის კუთხით მუდმივად უსვამს ხაზს, იქნება ეს ქრისტიანობა/ სულიერება, ოჯახი თუ სხვა ასოცირებული ცნებები. ამ მიზნით, 2000-იანი წლებიდან აქტიურად ხორციელდება ე.წ. Русский мир-ის კონცეფციის კულტივირება, რომელიც ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსული გავლენისა და ორბიტის ქვეშ მოიაზრებს; რუსეთისთვის ჩარევის უფლებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები რუსეთისთვის მიუღებელ საგარეო კურსს აირჩევენ. რუსეთის შიგნით კი Русский мир-ის კონცეფცია ხაზს უსვამს რუსული ცივილიზაციის, როგორც ტრადიციული ღირებულებებისა და ქრისტიანობის უკანასკნელ ბასტიონის, გამორჩეულობას. Русский мир-ს საქართველოშიც ჰყავს პარტნიორები.

  • დასავლეთის დისკრედიტაცია – პროპაგანდის უცვლელი მეთოდი

კიდევ ერთი მსგავსება საბჭოთა და თანამედროვე ანტიდასავლურ პროპაგანდას შორის არის დასავლეთის ცხოვრების პირობების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. IDFI-ს კვლევის მიხედვით, საბჭოთა კავშირში მრავალფეროვანი ნარატივები და ვიზუალური მასალა იქმნებოდა, დასავლეთში არსებული რეალობის შესახებ და პრესის მეშვეობით ვრცელდებოდა. მათი მიზანი იყო დაერწმუნებინა მკითხველი, რომ – დასავლეთში ცხოვრება უარესია, ვიდრე საბჭოთა კავშირში.

მსგავსი გზავნილი დღესაც ისმის „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და სპიკერებისგან. მაგალითად, „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „საქართველო ევროკავშირის წევრ ათამდე სახელმწიფოსაც კი უსწრებს პრაქტიკულად, ყველა პარამეტრით“; „ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ „ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა, ჩაფლავდა“; ხოლო “ოცნების” ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს უსწრებს.

ასეთი განცხადებები, როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე დღეს, მიზნად ისახავს დასავლეთის ღირებულებებისა და განვითარების მოდელის დაკნინებას – ქვეყნის შიდა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ ადგილობრივი სისტემა უფრო წარმატებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია, რაც თანამედროვე ანტიდასავლურ პროპაგანდას აქვს ინფორმაციის გავრცელების არხების გაფართოებაა, კერძოდ ის, რომ ტრადიციული მედიასთან ერთად გამოიყენება სოციალური ქსელები და ტროლ-ფაბრიკები.

MDF-ის ანგარიშებიდან დასტურდება, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტექნიკა ხშირად, ვიზუალური და ვიდეო მანიპულაციებია. ასევე დაჭრილი ციტატებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება. ასევე, სოციალურ მედიასა და ტრადიციულ მედიაში კოორდინირებული გავრცელება.

IDFI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა კავშირში მედიის საქმიანობას პრესის სააგენტო „ნოვოსტი“ (Агентство печати «Новости») არეგულირებდა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. მისი მიზანი საზღვარგარეთ საბჭოთა პროპაგანდის გავრცელება იყო. დღეს იგი სახეშეცვლილი სახით, როგორც „რია ნოვოსტი“ (РИА Новости), კვლავ ფუნქციონირებს და ეკუთვნის სახელმწიფო კომპანიას „Россия сегодня-ს“. ამ მედიაჯგუფში შედის РИА და „სპუტნიკი“, რომლებიც რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ არხებია საზღვარგარეთ.

ვაჭარაძის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნარატივები პირდაპირი დირექტივით მოდის რუსეთიდან თუ კოპირებით: „ფაქტია, რომ ეს ხდება“. გვერდიგვერდ დალაგებული განცხადებები „პრაქტიკულად იდენტურია“, თუმცა „ამას აქვს კიდევ ადგილობრივი ხასიათიც, ადგილობრივი მარილსაც მოაყრიან ხოლმე“, – ამბობს ის. შემდეგ კი რუსი პროპაგანდისტები – მათ შორის მარგარიტა სიმონიანი – ამ ხაზს საჯაროდ აქებენ, თითქოს საქართველო „ხუთიანზე ასრულებს დავალებას“ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში.

ანტონ ვაჭარაძე განმარტავს, რომ პროპაგანდისტული ნარატივების გაღრმავების მთავარი საფრთხე, საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და შთაბეჭდილებების ჩამოყალიბებაა, რაც მას უფრო ადვილად მართვადს ხდის და ასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. 

„მაშინ, როცა ასეთ ანკესზე არის წამოგებული, ადამიანების დიდი ჯგუფი, გაცილებით უფრო ადვილია მათი მართვა, მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება, მათი ჯიბეების დაცარიელება და ასე შემდეგ. საზოგადოება ხდება მოწყვლადი… ეს ყველაფერი იწვევს თავდაცვის უნარიანობის შესუსტებას ყველა ფრონტზე, მათ შორის საინფორმაციო, განათლების და ასე შემდეგ“. 

წინააღმდეგობის მთავარ გზად ის განათლების დონის ამაღლებას მიიჩნევს: „თუ საერთო განათლების დონე არ წავიდა, აქეთა მხარეს არ არის რესურსი, რომ ამხელა მანქანას დაუპირისპირდეს“.

მისი შეფასებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს: „იქითა მხრიდან პირდაპირ ისვრიან… არანაირი ეთიკის ნორმები არ აქვთ, ხოლო აქეთ მხარეს ყოველი სიტყვა უნდა იყოს ფაქტებზე დაყრდნობილი“.

სწორედ ეს განაპირობებს, რომ მიუხედავად მცდელობისა, პროპაგანდის მასშტაბი და სისწრაფე ხშირად აჭარბებს სიმართლის გავრცელების შესაძლებლობებს.

წყარო: IDFI

სტატია აშშ-ის სამხედრო ძალებში ახალი ტიპის იარაღის დანერგვის შესახებ: „უკვე სამი ათეული წელია ამერიკის სამხედრო ხროვა ცდილობს ბევრი ცხოველის ინსტინქტები და ჩვევები მილიტარისტული მიზნებით გამოიყენოს“. სტატიაში საუბარია სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის – სელაპი, დელფინი, თოლია, ღამურა, სკუნსი – სამხედრო მიზნით გაწვრთნაზე. მაგ.: ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ დელფინს უნდა ამოეცნო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავი და აეფეთქებინა.

პროპაგანდისთვის აქტუალური თემა იყო სპორტიც, განსაკუთრებით 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის კონტექსტში, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა დაახლოებით 70 ქვეყანამ — საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში დაწყებული ომის საპასუხოდ. წყარო: IDFI

ფეხქვეშაც გამიგდო პოლიციამ, მაგრამ ვერ გავჩერდები – 71 წლის გაგრელი აზას ბრძოლა რუსთაველზე 

40 წლის იყო, როცა 7 წლის შვილთან და დედასთან ერთად რუსების მიერ ოკუპირებული გაგრა დატოვა. გაგრის დაცემის შემდეგ ორი თვე დაყო ქალაქში და ქუჩაში მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრებს მარხავდა.

ახლა 71 წლისაა და ისევ რუსეთს ებრძვის. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან აზა ჩილაჩავა რუსთაველზე დგას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

„მე ვიბრძოლებ ბოლომდე, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, უბრალოდ“, – ამბობს აზა „ბათუმელებთან“ და ამ ბრძოლის აუცილებლობაზე გვესაუბრება.

„აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, სადღაც 40 წლის ვიქნებოდი. მეუღლე ომამდე გარდამეცვალა და 7 წლის გოგონას მარტო ვზრდიდი. გაგრა რომ დაეცა, ქალაქიდან გასვლა ვერ მოვასწარი და ორი თვე ოკუპირებულ ქალაქში დავრჩი.

დაღუპული ჯარისკაცები ქუჩებში ეყარა. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ უცოლშვილო… ჩემი ხელით დავმარხე.

მერე დედაჩემი მოვძებნე და ბინაში რომ დავბრუნდი, სახლში ბოევიკები დამხვდნენ. ვინ ხარო – მკითხეს. ეს ჩემი ბინაა, აქ ვცხოვრობ-მეთქი – ვუთხარი. შენი ბინა საქართველოშია, წადი აქედანო, მითხრეს და გამომაგდეს. დედაჩემს ცოტა ფული და ოქროს სამკაულები ჰქონდა, ყველაფერი წაგვართვეს. კიდევ კარგი, რომ არ მოგვკლეს.

ორი თვე აფხაზმა მეზობლებმა შეგვიფარეს, მაგრამ მერე მითხრეს, უნდა წახვიდეთ, თორემ მოგკლავენო და გამოგვაცილეს.

ასე წამოვედით, სრულიად უყველაფროდ“, – ამბობს აზა ჩილაჩავა.

აზა ჩილაჩავა საპროტესტო აქციაზე/ფოტო: მარიამ ნიკურაძე.

საკუთარ ქალაქიდან დევნილი აზა და მისი გოგონა დედასთან ერთად წყალტუბოში დასახლდა. გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება და თავის გატანა.

„ზურგით დავათრევდი შაქრის ტომრებს და ვყიდდი, რომ თავი გვერჩინა. საკმარისი საკვები არ გვქონდა. ჩემი შვილი სკოლიდან რომ დაბრუნდებოდა და საჭმელს დავუდებდი, მეტყოდა – „დედა, შენც ჭამე“. მე ვატყუებდი, შენს მოსვლამდე ვჭამე-მეთქი. ბავშვს თუ რამე მორჩებოდა, იმით გამქონდა თავი.

ბოლოს თურქეთში წავედი სამუშაოდ და 15 წელი ემიგრაციაში ვიყავი.

თბილისში კუს ტბაზე, პატარა ოთახი ვიყიდე. ახლაც აქ ვცხოვრობთ. მზის შუქიც კი არ აღწევს წესიერად.

ჩემი გოგონა 27 წლის რომ გახდა, მხოლოდ მაშინ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაბარება. გრანტიც მოიპოვა, მანამდე ვერ ვასწავლე.

ახლა ადგა და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. შეეშინდა, თუ ვიზალიბერალიზაცია გაგვიუქმეს, მერე ვეღარ გავაღწევ აქედან და თავი როგორ ვირჩინოთო. სესხები გვაქვს, გადახდა ხომ უნდა.

ასე დავრჩი მარტოდ. თუ უვიზო მიმოსვლა დავკარგეთ, ალბათ ჩემს შვილს ინტერნეტით თუ ვნახავ აწი. ამაზე ძალიან ვდარდობ“, – გვეუბნება აზა ჩილაჩავა.

მან გვითხრა, რომ არ არსებობს დღე, რომ საპროტესტო აქციაზე არ წავიდეს. აზას თქმით, ახლა სწორედ რუსთაველზე დგომაა გადამწყვეტი, რომ ივანიშვილის მიერ მიტაცებული საქართველო გადარჩეს.

„დარბევების დროსაც იქ ვიყავი და ახლაც, ყოველ ღამე ვდგავარ რუსთაველზე. საზმაუს მარშს ვუერთდები და შემდეგ იქიდან მივდივართ რუსთაველზე.

დარბევების დროს, ერთ ახალგაზრდას გადავეფარე და პოლიციელებმა ძირს დამაგდეს, გადამიარეს. ყველაფერი მტკიოდა და რამდენიმე დღე ჩაწოლილი ვიყავი. მერე წამლები მივიღე, ვიტამინებიც დავლიე და ფეხზე დავდექი. ახლა ნაკლებად მიჭირს და ყოველ დღე აქციაზე ვარ.

ერთმა პოლიციელმა ძალიან მომიშალა ნერვები, როცა მითხრა, არ ხარ შენ აფხაზეთიდან, თვალით არ გაქვს ნანახი აფხაზეთიო. მერე აქციის მონაწილეებმა მითხრეს, ბებო, შენ რომ ნერვები მოგიშალა, ეგ ცრუმოწმეაო და ასე ეძახდნენ კიდეც – „ცრუმოწმე, ცრუმოწმე“, – გვიყვება აზა.

აზა ჩილაჩავა იდგა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე და ფარნებიც აანთო თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად.

„მზიას მხარდასაჭერ აქციაზე მანქანების ზოლში რომ ვიდექი, უკნიდან ვიღაცამ ბოთლი მესროლა და რაღაც მომაძახა. თუმცა სხვა ახალგაზრდა მოვიდა და ჩამეხუტა.

დავდივარ სინდისის პატიმრების სასამართლოებზეც. დღეს მუსელიანცს მიუსაჯეს და ვიტირე. რატომ ტანჯავენ ასე ახალგაზრდებს…

ჩემთან უბანში დევნილები ცხოვრობენ და ზოგი მეუბნება, რომ რუსი მოსწონს. საკუთარი სახლებიდან რომ აყარა, იმათზე მეუბნებიან მომწონსო. არ ვიცი რა სჭირს ამ ხალხს. მოვკვდები და ამას არასდროს ვიტყვი. ყოველთვის ვამბობ, რომ რუსი ჩვენი მტერია.

ვფიქრობ, უფრო შიში აქვთ რუსის, ვიდრე სიყვარული, რადგან ამბობენ – „რას იზამ, ბომბი რომ დაგიშინონო“. აბა რა გინდათ, დავუჩოქოთ, რუსებს მივცეთ ქვეყანა-მეთქი?

იცით, რამდენი ნანობს აფხაზეთში ჩვენს აქეთ წამოსვლას? იმიტომ, რომ უარესი ცხოვრება აქვთ დღეს. თავიანთ ენაზეც კი ვეღარ ლაპარაკობენ ახალგაზრდები. ეგონათ კარგად იცხოვრებდნენ, მაგრამ უარესი მიიღეს. მათაც ასე ატყუებდნენ რუსები.

განა ჩვენი წინაპრები ყოველთვის არ იბრძოდნენ? მაგრამ ის აქვთ ჩაჭედილი ტვინში, რასაც „ოცნება“ იმეორებს.

ამხელა უბნიდან ორი ადამიანი დავდივართ მარტო აქციაზე, წარმოგიდგენიათ? „ჰე, წავიდა მიტინგა“ – ასე მომაძახებენ ხოლმე, დამცინიან.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

71 წლის ქალი ვარ და ხალისით დავდივარ აქციაზე, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის ვიბრძვი. ქვეყნის ბედი მადარდებს, თორემ ჩემი ცხოვრება ისედაც გაილია. მინდა ახალგაზრდებმა მაინც იცხოვრონ ევროპაში.

ევროპაში გვექნება მშვიდობაც, რადგან ომი მარტო რუსეთს უნდა. ან როდის იყო, რომ ქართველები სადმე ომს ვიწყებდით. ან რა ენა უტრიალდებათ ანწუხელიძის გმირობას რომ აუფასურებენ.

მე ბოლომდე ვიბრძოლებ, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, უბრალოდ. ღამეებიც მაქვს ნათენები, მოწამლულიც ვარ გაზისგან, ფეხქვეშაც გამიგდეს პოლიციელმა, მაგრამ სულ ვიძახი, რომ მე ჩემი დრო მოჭმული მაქვს, აქ ახალგაზრდების მომავლისთვის ვდგავარ.

რუსების ხელში ერთი დღე არ მინახავს. ვიბრძვი, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს და ასე ვიქნები ბოლომდე ახალგაზრდების გვერდით.

ისეთ სიკვდილს ვნატრობ, ქვეყნის დარდი რომ არ გამყვეს, რომ გული მქონდეს კმაყოფილი იმით, რომ რუსებს მოვიშორებთ და ვიქნებით ევროპაში. მაშინ გვექნება წესიერი ჯანდაცვა, წესიერი პენსია და წესიერი სასამართლო. არა ისეთი უსამართლო სასამართლო, როგორც დღეს გვაქვს.

არ მინდა შემეშინდეს იმის, ქუჩაში როცა მივდივარ პოლიციელმა დაცვის ნაცვლად თავში არ ჩამარტყას. კარგი ცხოვრება მინდა რომ გვქონდეს.

მეც შემიძლია სახლში ჯდომა, მაგრამ ვერ დავჯდები, ახალგაზრდების გულისთვის ვიბრძვი.

უნდა გამოფხიზლდნენ ადამიანები და გამოვიდნენ საბრძოლველად. ერთი გოგო მეუბნება, ბებო, სულ გხედავ, როგორ დადიხარ აქციაზე და მეც მომეცი მოტივაცია, ვნანობ, რომ ცხრა თვე სახლში ვიჯექი და აწი სულ ვივლიო. ძალიან გამიხარდა, რომ ვიღაცისთვის მაინც ვარ მაგალითი.

ერთ-ერთი აქციის მონაწილეს დაბადების დღე ჰქონდა და ტორტი გავუკეთე. ვუთხარი, როცა გავიმარჯვებთ, უფრო დიდ ტორტს გამოვაცხობ-მეთქი. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. აუცილებლად.

4 ოქტომბერს ბევრ ხალხს ველოდები საპროტესტო აქციაზე. ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეთ. მე მაშინ დავმშვიდდები, როცა „ოცნება“ წავა და ეს ქვეყანა აყვავდება. ივანიშვილის გარეშე, რა თქმა უნდა“, – ამბობს აზა ჩილაჩავა.

__________________

მთავარ ფოტოზე: აზა ჩილაჩავა/ფოტო: მარიამ ნიკურაძე.

3 სახლი, 6 ბინა, 6 მანქანა, 2,2 მილიონი ბანკში – ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის ქონება

19 მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე – ეს ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია.

ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, ქონების ნაწილი, კერძოდ მიწის ნაკვეთი, 653 კვ.მეტრი კოჯორში და 3 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში [1912 კვ.მეტრი] მას 2025 წელს შეუძენია. ამ ქონებაში ნიკოლოზ კვეზერელმა 100 000 დოლარი და 48 000 ლარი გადაიხადა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს ნიკოლოზ კვეზერელის ოჯახმა 500 000 ლარამდე დახარჯა, მათ შორის არის სესხების მომსახურებაც.

  • სახლი, რომლის ფართობიც 2 391.57 კვ. მეტრია

კვეზერელის უძრავ ქონებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სახლი თბილისში, პიმენ ყურაშვილის ქუჩაზე – მისი ფართობი 2 391.57 კვ. მეტრია [მათ შორის I სართული 971.14 კვ.მ, II სართული 986.36 კვ.მ, მანსარდი 80.02 კვ.მ. სხვენები 225.89 კვ.მ. ტერასა 128.16 კვ.მ, N2 ფართით 35.23 კვ.მ, N3 ფართით 64.08 კვ.მ, N4 ფართით 111.77 კვ.მ] ეს სახლი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც 5552 კვ.მეტრია.

ნიკოზ კვეზერელი ბოლოს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ მიწის ნაკვეთი პიმენ ყურაშვილის ქუჩაზე 30 000 დოლარად იყიდა 2016 წელს. კვეზერელი მიერ შევსებული მონაცემებით, მას ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 5.4 დოლარი აქვს გადახდილი. იქვე შენიშვნის სახით უთითებს, რომ სახლი აშენებულია მესაკუთრის მიერ და მისი ღირებულება 1 მილიონი ლარია. 

ნიკოლოზ კვეზერელის სახლი, რომელიც მას 2016 წელს შეუძენია
სახლს ირგვლივ მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული

ის ფლობს ასევე საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, სახლის ფართობი 217.4 კვ.მეტრია, მიწის ნაკვეთის ფართობი 5823 კვ.მეტრი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ეს ქონება მას 2022 წელს 10 000 ლარად შეუძენია.

კვეზერელის ოჯახი კიდევ ერთ სახლს ფლობს ბახმაროში, ეს სახლი ნიკოლოზ კვეზერელის მეუღლის, სალომე კვეზერელის სახელზეა დარეგისტრირებული. გარდა ამისა, ნიკოლოზ კვეზერელი და მისი ოჯახი 6 ბინას ფლობს თბილისში, სხვადასხვა მისამართზე.

  • მიწის ნაკვეთები

ნიკოლოზ კვეზერელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში 4 მიწის ნაკვეთს ფლობს, ამ ნაკვეთების ფართობი ჯამში 3521 კვ.მეტრია. გარდა ამისა 2022 – 2023 წლებში მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი დაირეგისტრა – მათი საერთო ფართობი 11 ჰექტარზე მეტია.

  • მიწის ნაკვეთი 1 ლარად

ნიკოლოზ კვეზერელმა მიწის ნაკვეთი გუდაურში სიმბოლურ ფასად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით  იყიდა და შემდეგ გაყიდა. მან ამ ნაკვეთთან დაკავშირებით დეკლარაციაში ჩაწერა, რომ  ყაზბეგში, დაბა გუდაურის ტერიტორიაზე – 12 799 კვ.მეტრი მიწა 2019 წელს 1 ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს ნაკვეთი 2025 წლის აპრილში შპს „არპა ჯგუფმა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგიტრირა. რეესტრში დარეგიტრირდა გასხვისების პირობაც, რაც ნასყიდობის ფასის გადახდამდე გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, ქონების იპოთეკით დატვირთვას ან გადაყიდვას ზღუდავდა. 

ამონარიდი ქონებრივი დეკლარაციიდან

ნიკოლოზ კვეზერელმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2025 წელს მიწის გაყიდვიდან შემოსავლის სახით 150 000 დოლარი მიიღო.

გუდაურში მიწის გაყიდვის შემდეგ, ამავე ნაკვეთის 2025 წლის აპრილის ამონაწერში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მყიდველს გარკვეული შეზღუდვები ქონების ღირებულების სრულად გადახდამდე ჰქონდა, ახლა ეს ვალდებულება ამონაწერში აღარ ფიქსირდება. შესაბამისად, მომავალ წელს შევსებულ დეკლარაციაში უნდა გამოჩნდეს, ზუსტად რამდენი გადაუხადეს 1 ლარად შესყიდულ მიწაში. 

„არპა ჯგუფის“ ასი პროცენტის მფლობელი ირაკლი ვარშალომიძეა.

გარდა ამისა, ნიკოლოზ კვეზერელმა 2025 წელს 257 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. ამ ქონებას ის რამდენიმე მესაკუთრესთან ერთად ფლობს და როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ქონების მცირე ნაწილი – 44 კვადრატულის 1/3 – შეძენილია 2016 წელს.

  • „პორშე“ და სხვა ავტომანქანები

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წლის ივნისში ნიკოლოზ კვეზერელის შვილმა, ანასტასია კვეზრელემა „თეგეტასთან“ გარიგების საფუძველზე იყიდა ავტომანქანა „პორშე“ [porsche cayenne coupe] 105 000 ევროდ. მალევე მან ეს მანქანა 80 000 ევროდ გაყიდა, 65 000 ევროდ გაყიდა ასევე 2024 წელს 147 182 დოლარად შეძენილი LAND ROVER. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ყიდვა-გაყიდა სამმხრივი გარიგების საფუძველზე განხორციელდა.

ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის საკუთრებაშია რამდენიმე ავტომობილი : „მერსედესი“, „ტოიოტა პრიუსი“, „ჰიუნდაი“, „შკოდა“, „მაზდა“, „პობედა“, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორი, რომელიც ნიკოლოზ კვეზერელს 2024 წელს 62 849 ლარად შეუძენია.

 2025 წელს „Shkoda karoq“ შეუძენია სალომე კვეზრელს 15 000 დოლარად. კვეზერელის მეუღლემ გასულ წელს გაყიდა Mitsubishi Outlander Sportes – 15 000 დოლარად.

  • 2.2 მილიონზე მეტი საბანკო ანგარიშებზე

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საერთო ჯამში ნიკოლოზ კვეზერელს საქართველოს ბანკის ანაბარზე 824 831, 43 აშშ დოლარი ჰქონდა.

გასულ წელს ვეტერანთა სამსახრის უფროსის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს ხელფასის სახით 49 946,28 ლარი მიუღია, რაც თვეში 4162 ლარია.

  • კომპანიები 

მისივე დეკლარაციის მიხედვით, ნიკოლოზ კვეზერელი და მისი ოჯახი ფლობს თხუთმეტამდე კომპანიას.

მის საკუთრებაშია შპს „საქართველო- რუსეთის საინვესტიციო ჯგუფი“,  შპს „კორეან-ჯორჯიან ინვესტმენტ გრუპ“, შპს „ელმონდ გარდენ-35“, შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს 5“, შპს „ოლე 7“, შპს „ოლე 8“, შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს 7“,  შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს 8“, შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს 3“, შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს 4“.

ნიკოლოზ კვეზერელი წილებს ფლობს ასევე შპს „ნიუ პეტროლში“ [ 50%] , შპს „დ და კომპანია“ – ში [ 30%]  შპს „მუხა“ – ში [ 40%]

კვეზერელი ფლობს 100%-იან წილს რამდენიმე კომპანიაში. მათ შორის არის „კორეან-ჯორჯიან ინვესტმენტ გრუპი“, „ელმონდ გარდენ-35“, „ჯორჯიან ფრუთ გარდენს“ სერიები, „ოლე 7“ და „ოლე 8“ და ნაწილობრივ წილს სხვა კომპანიებში, როგორიცაა „ნიუ პეტროლი“ [50%)] და „დ და კომპანია“ [30%].

 2016 წელს ნიკოლოზ კვეზერელს დაუფუძნებია შპს „საქართველო რუსეთის საინვესტიციო ჯგუფი“. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის მთავარი საქმიანობა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა უნდა ყოფილიღო. კომპანიის დირქტორად მირზა ლიპარტელიანი ფიქსირდება. 2016 წელის შემდეგ ამ კომპანიის ახალი ამონაწერი არ მოუმზადებიათ. 

ასევე, მისი მეუღლე სალომე კვეზერელი ფლობს 60%-იან წილს კომპანიებში – „ვაშლის ბაღები შინდისში“ და „შინდისის ბაღი“.

რეესტრის მონაცემებით, ნიკოლოზ კვეზრელის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიები ჰექტრობით მიწის ნაკვეთს ფლობენ ან საიჯარო ხელშეკრულებებით სარგებლობენ.

მაგალითად  შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს“- თან დაკავშირებულ კომპანიებს რამდენიმე ქვეიჯარა აქვთ გაფორმებული – სახელმწიფო ქონებით რამდენიმე ათეული მიწის ნაკვეთით სარგებლობენ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში. 

შპს „ჯოჯიან ფრუიტ გარდენს 3“ –  ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს სახელმწიფოს მიწის ნაკვეთით სოფელ შინდისში – კომპანიას ქვეიჯარით აქ 5 ჰექტარი აქვს აღებული. ხუთი ჰექტარი ფართობი აქვს ქვეიჯარით „ჯოჯიან ფრუიტ გარდენ 4“ -საც.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შპს „ოლე 8“-ს დარეგისტრირებული აქვს 6 ჰეტარზე მეტი, ეს ქონება იპოთეკით არის დატვირთული. 3 ჰექტარზე მეტს „ოლე 7“ ფლობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში და ასე შემდეგ …

ნიკოლოზ კვეზერელის კომპანია შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს 8“ გორში, სოფელ შინდისში ფლობს 4 ჰექტარზე მეტს.

  • სახელმწიფო სუბსიდია სოფლის მეურნეობის დარგში – ვაშლის ბაღები

შპს „ვაშლის ბაღები შინდისში“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლებმაც სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღეს. სააგენტოს მონაცმებით, ნიკოლოზ კვზერლის ცოლის კომპანიამ 2023 წელს სახელმწიფო სუბსიდიიდს სახით 350 000 ლარი მიიღო.

2019 წელს სახელმწიფო სუბსიდია სოფლის მეურნების პროგრამის ფარგლებში მიიღო შპს „ნუშის ბაღებმაც“, რომლის 33. 3 პროცენტს ნიკოლოზ კვეზერელი ფლობდა, შემდეგ კი გაასხვისა, იგივე კომპანიაში 33.4% პროცენტის მფლობელი იყო გიორგი მღებრიშივილი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.

ბიძინასთან „უფასო ფულმა“ იმუშავა, კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა მიშასთან – რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? | ინტერვიუ

„საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში  მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა.

საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, უნდა გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. როცა ეს მოხდება, აღარც ეს მუქარა იმუშავებს და არც ხმის ყიდვის მცდელობა,“ – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

  • როცა ვლაპარაკობთ რეჟიმზე, რა სახის რეჟიმად იქცა „ქართული ოცნება“, როგორია მისი ბუნება და რაზე დგას?

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მემარჯვენე პოპულისტური რეჟიმი, რომელიც დაფუძნებულია მანამდე მიღებული ჭეშმარიტების ცნების სრულიად გაუფასურებაზე და არსებული ნორმების გაუფასურების გზით საკუთარი ლეგიტიმაციის გაღრმავებაზე.

ასევე დაფუძნებულია მანამდე ტრადიციულად მიჩნეული ფასეულობების, ჩვეულებების, ნორმების, ღირებულებების და პარადიგმების სრულ გაუფასურებაზე.

„ოცნება“ აქტიურად მიმართავს მანამდე არსებული ნაციონალისტური პარადიგმების, მიდგომების გაუფასურების პოლიტიკას.

საზოგადოებაში ისპობა ჭეშმარიტების, ღირებულებების ცნება და მსგავსი რაღაცები, იმ მიზნით, რომ მათ ნიადაგზე ვერ მოხდეს ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზება.

  • რა პოლიტტექნოლოგიას იყენებს რეჟიმი საზოგადოების დასამორჩილებლად?

ამათი პოლიტტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ აქამდე წარმოუდგენელი, მიუღებელი რიტორიკაც კი, სხვადასხვა დოზით მიეწოდება საზოგადოებას.

მათი მთავარი მიზანი ამ მიუღებელი რიტორიკის ნორმალიზაცია და პოზიტიურად წარმოჩენა კი არ არის, არამედ ის, რომ ეს უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. იმდენად უნდა გაჩვეულებრივდნენ, რომ საზოგადოებას ამაზე არანაირი რეაქცია აღარ უნდა ჰქონდეს.

  • „რუსებო“, „სამშობლოს მოღალატეებო“ – ეს არის ოპოზიციის რიტორიკა ხელისუფლებისადმი. თქვენ ფიქრობთ, რომ ამასაც ყური შეეჩვია და მსგავს შეფასებებზე აღარ აქვთ ხელისუფლებას ან მის მომხრეებს რეაქცია?

ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი საზოგადოების წარსული როგორია. გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ვიდეო, სადაც ასე ვთქვათ, აგენტებს ასამართლებენ.

ყველამ ვიცით ეს ვიდეო. რეალურად, ამის სათავეები ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნულ მოძრაობამდე და ჩვენთან არსებულ პოლიტიკის კეთების სტილამდე მიდის.

ჯერ კიდევ გამსახურდიას პერიოდის რიტორიკით – „ამათ ვამხელ, იმათ ვამხელ, აგერ არქივები გაიხსნება, აგერ სუკ-ის შენობაში ეს დევს, ის დევს“ – 90-იანებშივე დაიწყო სამშობლოს მოღალატის და აგენტის ცნების გაუფასურების პროცესი.

შევარდნაძის და მერე უკვე სააკაშვილის პერიოდში, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ამ საკითხზე მსგავსი მიდგომა, საჭირო აღარ გამხდარა. თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში დაწყებულ „ენვერის“ ტიპის სპეცოპერაციებს. მაშინ ეს ყველაფერი ისე მართეს, რომ „მოღალატის“, „რუსეთუმეს“ და მსგავსი ტიპის ცნებები გააუფასურა.

სანდრო ბაკურაძე

შესაბამისად, ეს საკმაოდ ადრე დაწყებული პროცესია, რომელსაც ახლა „ოცნებამ“ სათავისო ფორმა მისცა.

ანუ „ოცნების“ ინოვაციასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ქვეყანაში უკვე არსებული პოლიტიკის კეთების სტილის აპროპრიაციასთან.

რაც შეეხება პერსპექტივებს, თუკი რაიმე რეალური იდეოლოგიური ცვლილება არ მოხდა, საბოლოოდ ალბათ მივალთ იქამდე, როდესაც ყველა პოლიტიკური და კულტურული ცნება, რომელიც ტრიალებდა ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში, გაუფასურდება და საკმაოდ ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებას მივიღებთ.

  • როგორ უნდა ველაპარაკოთ მაშინ რეჟიმს, ანუ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი?

პირველ რიგში, ვფიქრობ, სრულიად რეალური ნათელი მომავლის ცნებაა საჭირო, მაგალითად, შეღავათიანი კრედიტების თემა წამოვწიოთ, სოფლის განვითარების საკითხი. თუ ვაპირებთ ალტერნატიული ხელისუფლების შეთავაზებას, ვინ, რის საფუძველზე და როგორ აპირებს ამ ქვეყნის მართვას და რა უმაგრებს ამას ზურგს – ამ თემაზე უნდა ელაპარაკოს ოპოზიცია ხალხს.

ყველა ქვეყანაში, სადაც მემარჯვენე პოპულისტებმა წაიფორხილეს, იმუშავა სრულიად რეალისტურმა, გასაგებმა ნათელი მომავლის ცნებამ. იმუშავა ოპტიმისტურმა პოლიტიკამ, რომელიც აგებული იყო არა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსთან პოლემიკაში შესვლაზე, არამედ იმაზე, თუ რას გააკეთებდნენ თავად მომავალში.

თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, სტამბოლის მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუს მთელი პოლიტიკა ხალხთან პირისპირ კომუნიკაციას ემყარებოდა. მან მოიგო უდიდეს ქალაქში არჩევნები.

იმამოღლუს მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა იმაზე, თვითონ ვინ იყო და რას გააკეთებდა. არ ლაპარაკობდა იმაზე ვინ იყო ხელისუფლება. ალტერნატივის განცდა გააჩინა. ხელისუფლება თითქოს არც არსებობდა.

როცა სტამბოლის მართვის საშუალება მიეცა, საქმის გამკეთებელი კაცის იმიჯზე ააგო დანარჩენი პოლიტიკური იმიჯი.

ავიღოთ უნგრეთი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პეტერ მადიარი. უნგრეთი ორბანის პერიოდში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ განსხვავებით ორბანისაგან, მადიარმა მომავალზე გააკეთა აქცენტი.

პეტერ მადიარი ლაპარაკობს რას გააკეთებს, როგორ და რა ვადაში. ამ რიტორიკაში ორბანი მხოლოდ წარსულის გადმონაშთად იქცა, მთავარი აქცენტი კი მომავალზე კეთდება.

პროპაგანდაც სათავისოდ გამოიყენა მადიარმა. მან თქვა, „თუკი Deep State-ი ასეთი ძლიერია, დავალაგოთ ურთიერთობა და ვიმეგობროთ Deep State-თან“. პეტერ მადიარმა, როდესაც საშუალება მიეცა, ხელისუფლების რიტორიკა ხელისუფლებისავე წინააღმდეგ თავის სასარგებლოდ შეაბრუნა.

მაგრამ დავაკვირდეთ, ორივე შემთხვევაში, ნაცვლად ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პოლემიკაში ჩართვისა, პოლიტიკოსებმა რესურსი დახარჯეს საკუთარი მესიჯების გადაცემაზე. ორივე შემთხვევაში აქტიურად იმუშავა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთან პირისპირ კომუნიკაციის სტრატეგიამ.

მაგალითად, პიტერ მადიარი ტრანსილვანიაშიც კი ჩავიდა ადგილობრივ უნგრელებთან სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსილვანია რუმინეთის შემადგენლობაშია და იქაური უნგრელები ტექნიკურად, როგორც დიასპორა, ისე აძლევენ ხმას.

ანუ ნაცვლად ბუდაპეშტის კომფორტულ უბანში ყოფნისა, პიტერ მადიარი ტრანსილვანიის სოფლებშიც კი ჩავიდა.

ჩვენთან კიდევ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ.

ოპოზიცია ვერ გვპირდება ვერაფერს, თან ნაწილი ისევ წარსულის რომანტიზებითაა დაკავებული. ვგულისხმობ იგივე სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, რომლის ისტორიული შეფასებაც რეალურად საკმაოდ ორაზროვანია და ნებისმიერ ოპოზიციას ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

ამ დროს ხელისუფლებას, რომელიც ბევრად უფრო შორეული წარსულის რომანტიზებითაა დაკავებული, როდესაც საქმეს სჭირდება, ვერანაირად ვერ აჯობებ.

ერეკლე მეორის პერიოდი რომ ახსოვდეს, ისეთი ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. შესაბამისად, ის პერიოდი ბევრად უფრო იოლია, მოჭრა შენს გემოზე და მის რომანტიზება მოახდინო, თავისი გეორგიევსკის ტრაქტატით, რუსეთთან კარგი ურთიერთობების მითებით, რაღაცეები დაამახინჯო, რაღაც ვარდისფერი სურათი შექმნა.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მომსწრე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს ქვეყანაში – მათთვის ევროინტეგრაციის და რეფორმების პერიოდის თემის მიყიდვა ბევრად უფრო რთულია.

შესაბამისად, მომავალზე ორიენტირების გარდა, რას, როგორ, რანაირად გავაკეთებთ, სხვა გზა არ არსებობს.

მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა იყოს იმაზე, ქვეყნის შიგნით რას ვაკეთებთ. ვინაიდან, ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ, ისეთი ფაქტორებია, რის გამოც ქართული პუბლიკა არაერთხელ, საკმაოდ სერიოზული იმედგაცრუების მსხვერპლი გახდა. თუკი მთლიანად საგარეო პოლიტიკაზე და ევროინტეგრაციაზე იქნება აგებული ოპოზიციის პოლიტიკური მესიჯი, ამას ძალიან ბევრი ისეთი სუსტი წერტილი აქვს, რომელსაც თუკი ხელისუფლება გამოიყენებს, მაშინ ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. შესაბამისად, ეს მომავალზე ორიენტირებული რიტორიკაც პირველ რიგში შიდა პოლიტიკურ გეგმაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

  • თქვენი აზრით, კონკრეტულად რა გეგმა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ ხალხს?

პირველ რიგში, პოზიტიური და რეალისტური მესიჯები უნდა იყოს და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად ეს რა იქნება. მთავარია, იყოს შესრულებადი და როდესაც გკითხავენ, როგორ შეასრულებ, იცოდე პასუხი.

მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში იმ დროს კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა იმუშავა. ვინაიდან ეს იყო მარტივად გასაგები და პრინციპში განხორციელებადიც.

ბიძინას შემთხვევაში, უფასო ფულის და მსგავსი ტიპის რიტორიკამ იმუშავა. უფასო ფულის ამბავი, ცოტა ფინანსური განათლება თუ გაქვს საზოგადოებას, რა თქმა უნდა სისულელეა, მაგრამ პოზიტიური მესიჯი იყო და იმუშავა.

მთავარია, რეალისტური და გასაგები მესიჯი იყოს.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ როდესაც ხელისუფლების მესიჯებს პოლემიკაში არავინ არ მიჰყვება, ამ მესიჯებს ძალიან მალე ივიწყებენ.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ შიდა კეთილდღეობაზე დამყარებული გზავნილები სჭირდება დღეს ოპოზიციას, რაშიც თითოეული მოქალაქე თავის თავს დაინახავს?

კი, ასეა.

ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენთან უყვართ წამოძახება „კარტოფილზე გაცვალა ხმა“ და ა.შ. მაგრამ გვაქვს იგივე 2012 წლის მაგალითი, ამას გარდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული მაგალითები გვაჩვენებს, რომ თუკი ცვლილებების ატმოსფერო იქმნება ქვეყანაში, თუ ოპოზიციის მესიჯი, იმიჯი პოზიტიურია, ეს ხალხი ხმას აღარ ყიდის.

საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა.

უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. ეს როცა მოხდება, აღარც მუქარა იმუშავებს და არც ხმის ყიდვა.

„საქართველოდან ახლაც მომწერეს, რომელ კლინიკას გვირჩევო“ – დოქტორანტი საფრანგეთიდან

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ძალიან დიდი უკუსვლა იქნება… ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი ემსახუროს მთავრობას“ – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ლაშა ხუბაშვილი. ის დოქტორანტია და მესამე წელია გრენობლში სწავლობს სამოქალაქო ინჟინერიას და ენერგეტიკულ პოლიტიკას.

ლაშა ხუბაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე – „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ევროკომისიამ კონკრეტული პირობების შესასრულებლად და დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად ვადა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე მისცა, თუმცა „ქართული ოცნება“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს არაკონსტიტურ ხელისუფლებას, ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს.

როგორ აისახება საქართველოზე ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა?

„არ ვიცი, საიდან დავიწყო, რამდენ რამეს დავკარგავთ. პირველ რიგში, დავკარგავთ სერიოზულ კავშირებს“, – გვიყვება ლაშა ხუბაშვილი, „- უვიზოს გაუქმების შემთხვევაში შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს, მაგალითად, მოკლევადიანი ვიზიტები, კვლევებისთვის აქ ჩამოსვლა, კონფერენციები. საქართველოში ისედაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა კვლევების მიმართულებით და უვიზო მიმოსვლის გაუქმება ამ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. საქართველოში ამ კუთხით არც ტექნიკური და მატერიალური რესურსებია სამწუხაროდ და არც გონებრივი.

მახსოვს, როცა ჩამოვედი და დამჭირდა ხანგრძლივი ვიზა უკვე სასწავლო მიზნით, მოთხოვნის გაკეთებამდე მარტივად ჩამოვედი საფრანგეთში და შემდეგ მივმართე შესაბამის სამსახურს, ჩემი ჯგუფელები კი, მაგალითად, ინდოეთიდან, ან სხვა ქვეყნებიდან ორი თვის დაგვიანებით ჩამოვიდნენ ვიზის პრობლემიდან გამომდინარე. მე ლექციებს ვესწრებოდი მანამდე ჩვეულებრივად.

ხშირად ჩამოდიან სტუდენტები საქართველოდან საფრანგეთში კონფერენციებზე, ლაბორატორიებში კვლევების ჩასატარებლად, ან დასასწრებად. ეს არის განათლების მიღების ძალიან დიდი საშუალება – უვიზოს გარეშე, ეს ყველაფერი უბრალოდ ზღაპარი იქნება.

ტექნიკურად გართულდება მინიმუმ ვიზის მიღება. როცა, მაგალითად, ვინმეს ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში კონფერენციაზე უნდა დასწრება, დღეს შეიძლება უბრალოდ ბილეთი იყიდო და გაფრინდე, დაესწრო კონფერენციას და უკან დაბრუნდე. ვიზის მოთხოვნას კი, რამდენი პროცედურა ახლავს? პლუს დამატებით თანხაა საჭირო, რადგან ვიზის მომსახურება ფასიანია.

ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ სტუდენტს შესაძლოა ამის თანხაც არ ჰქონდეს. ამიტომაც, იგივე კონფერენციაზე დასწრებაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტმა ვეღარ შეძლოს“, – გვითხრა ლაშა ხუბაშვილმა და დასძინა, საქართველოში ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე უმაღლესი განათლება, ინჟინრად მუშაობაც კი დავიწყე, მაგრამ შემდეგ პროფესიული უხერხულობა ვიგრძენიო:

„ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი საქართველოში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე. კონკრეტულ სიტუაციაში შევეჩეხე პრობლემას, რომ საინჟინრო გადაწყვეტილებაში არ ვიყავი კომპეტენტური, ამ დროს მთავარი ინჟინერი მერქვა. გადავწყვიტე, რომ უნდა მომეძიებინა ცოდნა. თავდაპირველად გერმანიას დავუკავშირდი“ – გვითხრა ლაშა ხუბაშვილმა.

ლაშა ხუბაშვილი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დოქტორანტი ყურადღებას ამახვილებს ემიგრაციის კიდევ ერთ მხარეზე:

„ერთია ხილული, იურიდიული მხარე, მოგზაურობა იქნება ეს, თუ სწავლა ევროპაში, პროფესიული განვითარება, ბიზნესის მიმართულება, მაგრამ მეორეა არაოფიციალური მხარე: საქართველოში, სავარაუდოდ, ყოველი მესამე ოჯახიდან ვიღაც ემიგრანტია, რომ თავი გადაირჩინოს. ჩამოდიან სამკურნალო მიზნებით და ითხოვენ ლტოლვილის სტატუსს. ისინი ძალიან რთულ გზას, დამოკიდებული არიან სრულიად უცხო ადამიანების კეთილ ნებაზე. ისინიც ვეღარ მიიღებენ ამ სიკეთეს.

ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, მესიჯი მომწერეს საქართველოდან, გრენობლში კარგი კლინიკები თუ არის, რომელს გვირჩევდიო.

იგივე ბიზნესმენმა, ვისაც ბიზნესი აქვს საქართველოში, ბიზნესპარტნიორს ევროპაში უნდა მიწეროს, ორი თვე მაინც დამჭირდება, ვიზა უნდა ავიღო, მერე შეიძლება ჩამოვიდე და შეგხვდეო,“ – აღნიშნა ლაშა ხუბაშვილმა.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ რეალობაზე და რა შეიძლება შევცვალოთ?

„ეს დაკავშირებულია ჩვენი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებასთან. „ქართული ოცნება“ მიუთითებს რაღაც საფრთხეებზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს საქართველოსთვის, მაგალითად ლგბტქ პროპაგანდა. სინამდვილეში ევროპა ითხოვს იმას, რომ არ იყოს დისკრიმინაცია, ჩაგვრა.

ევროპასთან დაშორება ამ კუთხითაც იქნება ცუდი, რომ უფრო მეტად ამუშავდება ანტიდასავლური პროპაგანდა – ადამიანები საკუთარი თვალით ნაკლებად ნახავენ, როგორ ცხოვრობენ სინამდვილეში ევროპელები. სიმართლის დანახვა კიდევ უფრო რთული გახდება.

პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ეკისრებათ.

მინდა, ოპტიმისტად დავრჩე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება – ბევრი მსგავსი სირთულე გადაგვიტანია. ადამიანებმა სწორად უნდა გაანალიზონ, რა ხდება სინამდვილეში. გამოსავალი ესაა,“- მიიჩნევს ლაშა ხუბაშვილი.

რესტორნების შეჯიბრება ბულვარში მუსიკის ხმის გადაფარვაში – საკითხი, რომელიც არ რეგულირდება

ბათუმის ძველ ბულვარში საღამოობით რესტორნებში ჩართული მუსიკის ხმა ერთმანეთს ფარავს და გაუსაძლის ვითარებას ქმნის – ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე.

ძველ ბულვარში, პრომენადის გასწვრივ განლაგებული რესტორნებიდან პერიოდულად მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის, ზოგან ცოცხალი შესრულებაც არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რესტორნების მეპატრონეები და მენეჯერები ცდილობენ ერთმანეთის სივრციდან გამომავალი ხმა გადაფარონ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ხმის რეგულაცია ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კონტროლის საგანია და თავად ვერ ჩაერევიან.

მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებისგან პრეტენზია არ დაფიქსირებულა და რეაგირების უფლება მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა პრეტენზია ოფიციალურად დაფიქსირდება, საკუთარი ინიციატივით კი ვერ ჩაერევიან.

ხმაურზე მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა ინსპექციამ ბოლოს 6 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკის მიხედვით ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარე წელს 69 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 16 სუბიექტი დაჯარიმდა.

ბათუმში ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ ნომერზე – 598 85 15 20.

ინსპექცია ასევე განმარტავს, რომ აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში, დილის 07:00 საათიდან 23:00 საათამდე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

ცოფის უვარგისი ვაქცინები, არასათანადო მოპყრობა – ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

ცხოველთა თავშესაფარი ოზურგეთში

ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა:

ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები.

თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები.

დადგენილი წესების შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება.

არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველები ერთმანეთისგან იზოლირება, ცხოველების მკურნალობის შესახებ ჩანაწერები არ არის სრულყოფილად წარმოებული.

ვერ იქნა წარმოდგენილი ვოლიერებში არსებული ცხოველების მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მათ შორის, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ ტარდებოდა ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია.

თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები, დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა.

პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები“- წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ამ თემაზე:

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ოზურგეთში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა.

გურიის პოლიციამ ოჯახის წევრის, მეუღლის, 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს, 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აფხაზეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რუსეთიდან დააფინანსებენ

2025 წლის პირველი სექტემბრიდან, აფხაზეთში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები რუსეთიდან, 5 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს.

„2025 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდეს ყოველთვიური დანამატები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და ლექტორების განაკვეთებსა და ხელფასებზე, 5 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულებაში

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ დელბას თქმით, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგია და მიზნად ისახავს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მხარდაჭერას.

გარდა ამისა, აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველთვიურ დანამატს მიღებენ აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და ლექტორებიც, თუმცა მათთვის დამატებითი ანაზღაურება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყოფა; ხოლო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის – რუსეთის ფინანსური დახმარებიდან.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რუსული ენის მასწავლებელი უფრო მეტია, ვიდრე აფხაზური ენისა და ლიტერატურის.

ამავე თემაზე:

ოლისოვი: რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციას გააგრძელებს

„ოცნების“ განათლების მინისტრმა მასწავლებლის სახლის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობაზე ეკატერინე ხუციშვილმა შეცვალა.

შუკაკიძე ცენტრის დირექტორად, 2018 წლიდან მუშაობდა.

ახალი დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი დღეს, 22 აგვისტოს წარადგინეს. ხუციშვილი 2017 წლიდან მუშაობს განათლების სამინისტროში, ზოგადი განათლების პოლიტიკის მიმართულებით.

წლების განმავლობაში მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა ბიუჯეტიდან, თუმცა მასწავლებლების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების მიმართ, რადგან მათი თქმით, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ხშირ შემთხვევაში, ფორმალური დანიშნულება ჰქონდა და არ იყო მასწავლებლის რეალურ საჭიროებებზე მორგებული.

ამ წლების განმავლობაში არაერთი ცვლილება შევიდა მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში, რაც ასევე კრიტიკას იწვევდა მასწავლებლების მხრიდან.

მასწავლებლის ხელფასი ბოლო წლების განმავლობაში ამ კარიერულ სქემაზე იყო მიბმული და პედაგოგების ანაზღაურებას განსაზღვრავდა სტატუსი.

მენტორი და წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგები შედარებით მაღალ ხელფასს იღებდნენ, პრაქტიკოსი პედაგოგები კი შედარებით ნაკლებს, რაც ასევე იწვევდა მასწავლებლების ნაწილის უკმაყოფილებას.

განათლების ერთ-ერთმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, კარიერული განვითარების სქემით მიღებული სტატუსები 2024 წელს გააუქმა და სახელფასო ანაზღაურება საათობრივ ბადეს დაუკავშირა, რამაც ახალი უკმაყოფილების ტალღა ააგორა სკოლებში.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ახალი სასწავლო წლისთვის ასევე აანონსებს განათლების სისტემის რეფორმას, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.

განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სფეროს წარმომადგენლების გარეშე მიღებული პარტიული გადაწყვეტილებები, განათლების სისტემას მხოლოდ ზიანს მოუტანს და არა განვითარებას.

__________________

მთავარ ფოტოზე: ეკატერინე ხუციშვილი და ბერიკა შუკაკიძე.

სამეგრელოში საბავშვო ბაღებს დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმით ამარაგებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ, რომლებიც საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი რძის პროდუქტების მიწოდებისას, ბიუჯეტიდან თაღლითურად დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2025 წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს. 

„მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამშობლო ყოველი თქვენგანია. შევხვდებით რუსთაველზე“ – არჩილ მუსელიანცის წერილი

დღეს, 22 აგვისტოს, სინდისის პატიმარს, 29 წლის არჩილ მუსელიანცს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა არჩილ მუსელიანცის წერილი, რომელიც მან განაჩენამდე, წინასწარ დაწერა.

„მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის.

ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ ვიცი მომისჯიან. მაინც შეასრულებენ ამ დავალებას.

ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდას რაც შეეხება, გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მომავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება.

ერთს გთხოვთ მხოლოდ — იბრძოლეთ!

წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა?

და ილია ჭავჭავაძე?

როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა?

როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება?

და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე?

ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ამას შევძლებთ!

მიყვარხართ ყველა თქვენგანი. მეამაყებით ყოველი თქვენგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია. სამშობლო ყოველივე თქვენგანია.

შევხვდებით რუსთაველზე — იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო“, — ნათქვამია წერილში, რომლის ბოლოს საქართველოს დროშა ხატია.

არჩილ მუსელიანცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურება, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

პროკურატურა მას ედავებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას.

ჯერ კიდევ დეკემბერში, მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიძულებდნენ, დაესახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორც წამხალისებლები და დავალების მიმცემები.

„ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ … შეიძლება არც დაეკავებინათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ იმ გარკვეულ მიზანს და გაეშვათ, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი“.

წელს არჩილ მუსელიანცმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა.

Museliantsi Given Four Years Following Claims of Beatings and Forced Confession

Prisoner of conscience Archil Museliantsi, who was arrested in connection with pro-European rallies and has reported police abuse and a forced confession, was sentenced to four years in prison. The decision was handed down by Judge Giorgi Arevadze. Notably, while in pre-trial detention, Museliantsi took the Unified National Exams and was admitted to a four-year bachelor’s degree program in law, mirroring the length of his sentence.

Before the verdict was announced, defense attorney Dimitri Vardiashvili delivered his closing statement, in which he questioned the conclusions of the prosecution’s forensic examination. He also drew attention to the fact that Museliantsi was initially detained under administrative procedure, but after the 48-hour detention period expired, he was charged under the Criminal Code. According to Vardiashvili, investigative actions were carried out before the formal charges were filed, and the case was “stitched together with white thread” [i.e., poorly fabricated].

Museliantsi was charged under Article 187, Part 2 of the Criminal Code, which concerns the damaging or destruction of another person’s property by means of arson, explosion, or other methods considered generally dangerous.

Prosecutor Ani Khubejishvili accused him of setting fire to surveillance camera cables on Rustaveli Avenue, near the Parliament building.

Back in December, shortly after Museliantsi was first placed in pre-trial detention, his lawyer told Netgazeti that police officers had beaten him and tried to force him to name opposition politicians as the ones who incited him and gave him orders.

“This man has no wife, no children, no parents — he has nobody at all in the world. In the end, it turned out they couldn’t use him for the purpose they wanted … Maybe they wouldn’t even have prosecuted him if they had managed to achieve their goal and then released him. But as practice shows, if he had gone along with what they demanded, he would have still been left in prison, and on top of that, his testimony would have been used against some party leaders. That was the only reason he was arrested. Nothing more,” Dimitri Vardiashvili said in the first months of Archil Museliants’ detention.

“The prosecutor claims that the [protocol] signatures were voluntary. But after what I went through, God forbid — you wouldn’t just sign, you’d even confess to Kennedy’s assassination,” Archil Museliantsi told the prosecutor.

He has repeatedly stated that he was subjected to violence and pressure after his arrest.

Museliantsi also pointed to violence and falsification of case materials in his closing statement.

“As for the signatures on the protocols, I confirm that they are indeed mine. With those signatures, they got exactly what they wanted. I wasn’t a lawyer, but I did know that these testimonies would have no legal force in court. I signed just so they would leave me alone. Another key piece of evidence that doesn’t exist — where are the clothes? Every place I set foot in was searched. When Levan Chkhikvadze couldn’t find a way out, he wrote down that Archil Museliantsi himself had said he burned his clothes… Apparently, I was walking around Rustaveli naked. From 6 p.m. on November 29 until 3 a.m. on November 30, before I was arrested, I was on Rustaveli Avenue wearing the same clothes that were put into evidence. But the top I was wearing — the one stained with blood — wasn’t included, because the blood came from the beating I endured. As for the torture and abuse I went through, I won’t go into detail again, since I’ve already explained how they obtained my signatures, how they blackmailed me, threatened me, and intimidated me,” said Archil Museliants.

“I want to sincerely thank everyone for standing by me during this difficult stage of my life.

I am writing this letter in advance because I know I will be sentenced. They will fulfil this order regardless.

As for my feelings about future imprisonment, I can tell you that I do not worried at all, because the country and its future are at stake. Even if I am sentenced to six years, I am ready to serve this unjust punishment because for me, the homeland is dignity.

I ask only one thing — fight!

Imagine what Georgia would be like if General Mazniashvili had surrendered?

And Ilia Chavchavadze?

What kind of Georgia would there be without the struggle of Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava?

How would we live in Georgia if it weren’t for the spirit of the heroes of Shindisi?

And what would Georgia be like without Giorgi Antsukhelidze?

They fought for a beautiful, happy, and independent Georgia. We fight for the same, and we will achieve it. We can do it!

I love every one of you. I am proud of every one of you. Take care of each other, love each other — the homeland is love. The homeland is each one of you.

We will meet at Rustaveli — there we will celebrate victory, where it all began,” – reads the letter written by Archil Museliantsi. At the end of the letter, the Georgian flag is drawn.


What is Happening in Georgia

In late fall 2024 and the beginning of winter, massive daily protests erupted across Georgia. The demonstrations were sparked by the ruling Georgian Dream party’s November 28 announcement to “postpone” the country’s EU integration bid until the end of 2028.

By that time, the ruling party had already been accused of massive electoral fraud during the October 26, 2024 parliamentary elections and of unconstitutionally forming a parliament boycotted by all opposition parties. The one-party parliament then proceeded to elect the government and appoint the president — all widely regarded as Georgian Dream-appointed, underscoring their perceived illegitimacy.

The protests, often referred to as the “Georgia Protests,” were met with violent crackdowns. Numerous journalists and citizens sustained physical injuries, and hundreds reported inhumane treatment at the hands of police and in detention, including cases amounting to torture. Journalists were attacked by uniformed, unidentified law enforcement officers during live broadcasts — none of which have been investigated.

Amidst police impunity and tightening repressive legislation, over 60 people have been jailed on criminal charges widely viewed as trumped-up and politically motivated attempts to silence dissent.

Since the late spring of 2025, eight opposition leaders were jailed for refusing to participate in a parliamentary commission purportedly formed to investigate crimes committed by the previous government, which left office in 2012. This commission has been widely criticized as a tool aimed at banning opposition parties. Notably, most opposition leaders summoned had never held high-ranking positions during the previous government’s rule, reinforcing suspicions that the commission’s true goal is to suppress the current opposition rather than investigate past crimes.

One of the main opposition figures, Giorgi Gakharia — who previously served as Interior Minister and Prime Minister under Georgian Dream — has been abroad “on an international business trip” since June, 2025. Meanwhile, an investigation is underway into his role in opening a checkpoint during his tenure as Interior Minister. The investigation involves criminal charges including sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, aiding hostile activities on behalf of a foreign organization or one under foreign control, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and national security.

These are serious charges that carry potential prison sentences ranging from 7 to 15 years.

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში.

პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, ნაკრების წევრი – თემიკო მაჭავარიანი, ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

„ამხელა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სიტყვის თქმა, ალბათ, ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი ოცნება და პასუხისმგებლობაა. ყოველ საათში, როდესაც ორგანიზატორები ოლიმპიადის დარჩენილ დროს აცხადებდნენ, თავს ვუმეორებდი, რომ ამას ვაკეთებდი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის და ეს არაამქვეყნიურ ენერგიას მაძლევდა” – აღნიშნავს თემიკო მაჭავარიანი.

60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მონაწილესთან ერთად ასპარეზობდნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებმაც პეკინში გამგზავრებამდე ინტენსიური მოსამზადებელი კურსები გაიარეს. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები იყვნენ და მოსწავლეებს აქტიურად უჭერდნენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

„ოლიმპიადის დავალებები საკმაოდ საინტერესო იყო და მოულოდნელიც. ამოცანების ფურცელი როგორც კი გადავშალე, მივხვდი, რომ აქ ჩემით, ადგილზე უნდა შემექმნა „რაღაც სხვაც“. დავალებების კეთებისას, მახსენდებოდა მოსამზადებელ ლექციებზე რა ხრიკებს და ხერხებს ვიყენებდით, მენტორებთან ერთად, სხვადასხვა სიტუაციის გადასაჭრელად, რაც ფიქრშიც მეხმარებოდა და ამოცანებსაც მიმარტივებდა. მჯერა, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, ძლიერი გუნდის მხარდაჭერა დგას. ნაკრების მწვრთნელების გულით და სულით გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ოლიმპიადაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა“ – ამბობს თემიკო.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, უკვე მეორე წელია აერთიანებს. საქართველოში გამართული ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA). მხარდამჭერები არიან თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.

დღეს ბათუმში „თავისუფლების მოედანი“ ლუსტრაციის კანონზე დისკუსიას გამართავს

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „თავისუფლების მოედანი“ გამართავს დისკუსიას ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით.

საჯარო განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან 20:00 საათზე დაიწყება.

„თავისუფლების მოედნის“ განცხადებით, ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს.

ლუსტრაციის კანონი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. კანონის მიზანი იყო გამოეაშკარავებინა ყველა ის პირი, რომელიც ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

„ლუსტრაციის მიზანია არასდროს განმეორდეს ის, რაც ხდებოდა მაშინ და რაც ხდება დღეს.

იმიტომ, რომ დღესაც სპეცსამსახურები მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების დაშინებაში. ისინი განსაზღვრავენ დღევანდელი მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, უნივერსიტეტის პროფესორების, ხელოვანების, ჩვეულებრივი მშრომელების ბედს. ისინი წყვეტენ, ვინ დაწინაურდება და ვინ არა და ა.შ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს“- თქვა სიმონ ჯანაშიამ, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა კანონპროექტზე საუბრისას „ნეტგაზეთთან“.

„თავისუფლების მოედანი“ მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

საბჭომ უნდა შეისწავლოს არქივები და გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდნენ.

კანონის მიღების შემთხვევაში, მათ დროებით ან სამუდამოდ აეკრძალებათ პოლიტიკური თანამდებობების დაკავება, საჯარო სამსახურში დასაქმება, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობა, სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში მონაწილეობა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აგვისტოს 21 საათიდან 23 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 24 აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 25 აგვისტოს კი აჭარაში იწვიმებს.

ოზურგეთი – გომისმთას გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი – გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.

„შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება დეპარტამენტი დღეს, 22 აგვისტოს.

განახლებული ინფორმაცია: გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 აგვისტოს 13:00 საათის მდგომარეობით, გზაზე მოძრაობა აღდგა. 

რუსეთის მიერ „დარიალთან“ დატოვებული უკრაინის მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დააბრუნეს

შსს-ს ინფორმაციით, „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე ჩარტერული რეისით უკრაინაში დაბრუნდა.

„უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“-აცხადებს შსს.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ „დარიალსა” და რუსულ გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს“ შორის ათობით უკრაინელი იმყოფებოდა გაუსაძლის პირობებში. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.

მათ არ აქვთ უფლება რუსეთში დაბრუნდნენ, თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი.

_____________

ამ თემაზე:

შსს საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელებზე განცხადებას ავრცელებს

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 074 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 11 124 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 160 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 31 835 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 472 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 210 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 787 ერთეული [+318]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+33]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 426 ერთეული [+110]
  • სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 78 728 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 697 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 772 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 095 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

„რუსეთისთვის ღირებულია მიწა და არა ხალხი. მას მიწის ავადმყოფობა სჭირს“ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოპოზიციამ საერთო ჩარჩოში უნდა იმოქმედოს, ცალკე მათი განადგურება მარტივია „ოცნებისთვის“ – ინტერვიუ

„საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან და ზარალდება. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი,“ – მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. მას 4 ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ და იმ საპროტესტო აქციაზე, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აანონსებენ.

ანალიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე უმთავრესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია და თანმიმდევრული მოქმედებებია, რაც ჯერ არ ჩანს:

„4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას. ამ მოლოდინებს აჩენენ ისევ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია და „ოცნების“ დასასრულის დასაწყისი.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა,“ – გვიყვება გიორგი ბილანიშვილი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბილანიშვილთან ჩაწერა, ის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარია.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია წინააღმდეგობის პროცესისთვის 4 ოქტომბერი? ამ თარიღზე აკეთებს სწორებას ოპოზიციის ნაწილი და მიიჩნევს, რომ დასავლეთის თვალში ამ დღეს უნდა გამოჩნდეს პროტესტის მასშტაბი. 

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი უკვე გადალახა და დასავლეთში მათზე მკაფიო წარმოდგენა არსებობს, თუ რას წარმოადგენს ის. არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვები, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მათ შორის ოპოზიცია როგორ მოახერხებს მობილიზებას და ხალხში არსებული პროტესტის გარდასახვას პოლიტიკურ დივიდენდებში.

გიორგი ბილანიშვილი

ამიტომაც, 4 ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი ეტაპია, ეს მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ მას დააკვირდებიან: რომელი პარტია როგორ მოიქცევა და ეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები რა შედეგებს გამოიღებს. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ ოპოზიციურმა პარტიებმა და ძალიან ფრთხილად, ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთი ქმედებების განსაზღვრისას, რომ საკუთარი თავი, ასევე ერთმანეთი არ დააზიანონ. ნებისმიერი ქმედება, რასაც ოპოზიცია გეგმავს, უნდა იყოს თანმიმდევრული და არა მყისიერ შედეგზე გათვლილი.

ის გეგმები, რაც ახლა ჟღერდება, არა მგონია მაინცადამაინც სწორი იყოს და შედეგზე ორიენტირებული.

  • რომელ გეგმას გულისხმობთ? ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი აანონსებს ხალხმრავალ აქციას რუსთაველზე და მშვიდობიან რევოლუციას, ნაწილი კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებას აპირებს… 

ჩემი აზრით, ჯობდა, რომ ამ არჩევნებში არავის არ მიეღო მონაწილეობა, ან თუ ასე გადაწყვიტეს, ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. ორმა პარტიამ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, დანარჩენებმა – უარი თქვეს. ახლა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა არ მიმაჩნია სწორად – ორივე მხარე ზარალდება.

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას.

  • მშვიდობიან რევოლუციასაც აანონსებს, მაგალითად, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი – ლევან ხაბეიშვილი.

თუ ამ განცხადებებს არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ეს იქნება დამაზიანებელი.

როცა გვესმის განცხადებები, რომ რაღაც ძალიან მასშტაბური იქნება და ეს იქნება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი – დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები ისმის, თუ ამას არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ბუნებრივია, ეს ისევ დამაზიანებელი იქნება პროტესტისთვის.

საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან ხოლმე და ზარალდებიან. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი. ამ თვალსაზრისით ეს არასწორია.

მეორეა „ქართული ოცნება“, რომელშიც არ ვგულისხმობ მარტო პარტია „ქართულ ოცნებას“ – ვგულისხმობ კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც აქვს მედია რესურსი, საექსპერტო და პროპაგანდის რესურსები, ასევე იყენებს სპეცსამსახურებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად – ამ ყველაფერს გამოიყენებს, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რომ გაიძლიეროს საკუთარი პოზიციები და კიდევ უფრო დაასუსტოს ოპოზიცია.

ეს უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ყველას, როგორც ამ აქციის ორგანიზატორებს, ისე მთლიანად ოპოზიციას, რომელიც გეგმავს თავის ქმედებებს.

  • ოპოზიცია საეტაპო თარიღად ნიშნავს 4 ოქტომბერს. თქვენი დაკვირვებით,  კონკრეტულად ამ დღეს ამა თუ იმ ფორმით გამოხატულმა პროტესტმა რა შეიძლება შეცვალოს? 

მე არ ვუყურებ ასე, რომ ეს არჩევნები არის რაღაც საეტაპო, არა მგონია მაინცდამაინც მნიშვნელოვანი იყოს ის, ამ არჩევნებზე როგორ აჩვენებს თავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში.

ამას არჩევნები კი ჰქვია, მაგრამ ეს არ არის არჩევნები, რომელიც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ტარდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ხომ? ეს არჩევნები ტარდება ძალიან მძიმე გარემოში. ასევე ძალიან მძიმე გარემოში ჩატარდა წინა არჩევნები, მასშტაბური გაყალბებებით, სადაც პირდაპირ იყო, მაგალითად, ხმების ყიდვა. ეს შედარებით ახალი პრაქტიკაა მასშტაბების გაზრდის თვალსაზრისით და ამას მარტო საქართველოში არ ვხედავთ, ეს იყო იგივე მოლდოვასა და უკრაინაში. ეს ყველაფერი რუსეთის ხელწერაა.

ამიტომაც ალოგიკური იქნება ვინმეს ეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს, ან დამთავრებულია ყველაფერი.

არსებობს რისკი, რომ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამას ის ყველა ვარიანტში ეცდება, მაგრამ მგონია, რომ იმდენად აღარ არსებობს კითხვის ნიშნები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ქვეყნის გარეთ, არა მგონია, ამ არჩევნებში მონაწილეობით, ან არმონაწილეობით, ვინმეს წარმოდგენა შეეცვალოს.

ერთადერთი, რაც სამწუხაროდ არჩევნებმა შეიძლება აჩვენოს, არის ეს: ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს რესურსი და მყარად დგას ფეხზე. ეს არა იმდენად საგარეო შედეგისთვის, არამედ საპროტესტო მუხტისთვის იქნება დამაზიანებელი.

  • 4 ოქტომბრის აქციის მასშტაბს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა იმაზე საქართველოს შეუჩერებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას, ან გააძევებენ თუ არა ევროსაბჭოდან? 

„ქართული ოცნება“ ამ შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა აქამდე და გააგრძელებს ამ კურსს. თუ ის დარჩება ხელისუფლებაში, მიაღწევს კიდეც ამ შედეგს, რადგან ეს შედის რუსეთის ინტერესში – „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ინტერესების პირდაპირი გამტარი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაში. „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა ევროკავშირი, რომ შეეჩერებინა ჩვენი გაწევრიანების პროცესი – საერთოდ აღარ არსებობს ნატოში ინტეგრაციის თემა. თავად გააქრო დღის წესრიგიდან, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხები.

„ქართული ოცნება“ არ შეცვლის და ვერც შეცვლის ამ კურსს, იმდენად არის რუსეთზე დამოკიდებული. ასე რომ, „ოცნების“ ამოცანაა შეწყდეს უვიზო მიმოსვლა და აღარ ჰქონდეს საქართველოს ევროპასთან არანაირი ურთიერთობა.

  • ამ ვითარებაში რის გაკეთება შეიძლება იყოს სწორი 4 ოქტომბერს, თქვენი აზრით?  

ოპოზიციური პარტიები უნდა მოქმედებდნენ საერთო ჩარჩოს ფარგლებში – არ უნდა აზიანებდნენ ერთმანეთს, უნდა მოქმედებდნენ თანმიმდევრულად და აძლიერებდნენ წნეხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მე არ ვიძახი, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, მაგრამ კოორდინაციის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა იყოს, რომ რა რესურსებიც გააჩნიათ, ისინი ეფექტურად, ერთმანეთის დასაზიანებლად კი არ გამოიყენონ, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ეგ არ ჩანს და როცა ეს არ ჩანს, რა სტრატეგიაზეა საუბარი? ვის რა სტრატეგია შეიძლება ჰქონდეს? შეიძლება, ერთი ერთს ფიქრობდეს, მეორე მეორეს ფიქრობდეს და საბოლოო ჯამში, არც ერთი არ იყოს, ასე ვთქვათ, გამართლებული ბოლომდე და ასეთი დაქსაქსულობის პირობებში – გამართული.

„ქართული ოცნებას“ აქვს სათანადო რესურსები: ადამიანური რესურსი, მატერიალური, პროპაგანდის, ფინანსური.  სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერაც. ისე არ არის, რომ მისი რეიტინგი ნულს უტოლდება.

„ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული მხარდაჭერა კრემლის სახით, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორ იმოქმედოს, რომ ეს პროტესტი ჩაშალოს – ეს იქნება რუსეთის ფედერაციაში თუ, მაგალითად, ბელარუსში.

ოპოზიციას კი, ეს რესურსები არ აქვს. ამას ემატება ერთმანეთს შორის გათიშულობა და დაქსაქსულობა. ამ პირობებში წარმატება ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება, თუ შეუძლებელი არა.

  • რუსეთს ზურგი აქციეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ეს მოცემულობა არაფერს ცვლის? 

ჩვენს რეგიონში განვითარებული პროცესები გულისხმობს რუსეთის პოზიციების შესუსტებას სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც დამაიმედებელია. ფართო სურათში რომ შევხედოთ, „ქართული ოცნებისთვის“ დამაიმედებელი დიდად არაფერი არ ჩანს. ის, რომ სანქციები მის წინააღმდეგ მოქმედებს და რუსეთს პრობლემები ექმნება – რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, აუცილებლად აისახება საქართველოზე. ეს დამატებითი პრობლემა იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ქვეყნის შიდა და საგარეო ფლანგზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო ეფექტურად, კოორდინირებულად და დახვეწილად უნდა იმუშაონ ამ მოცემულობაში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს – ხელისუფლების შენარჩუნების და გადარჩენის საკმაოდ მაღალი შანსი. თუ ოპოზიცია იმუშავებდა უფრო აქტიურად და კოორდინირებულად, ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნების“ ეს შანსები განულდებოდა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

მზა რეცეპტი, ბუნებრივია, არ მაქვს.

  • დღეს რამდენად შეიძლება ეს მოლოდინი გვქონდეს ოპოზიციისგან, როცა ლიდერების დიდი ნაწილი ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია?

დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ ისინი აბსოლუტურად უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, ეს რეჟიმის ავტორიტარიზმის ხარისხს უსვამს ხაზს, მაგრამ ჩემი აზრით, ოპოზიციის შიგნით პრობლემები „ქართული ოცნების“ გარეშეც არსებობს.

  •  უშვებთ, რომ შესაძლოა გააძლიეროს კრემლმა ზეწოლა „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობაზე?

რუსეთის ხედვით პოსტ-უკრაინის მერე, პოსტ-საბჭოთა სივრცეში უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რეალობა. იმ ახალ რეალობაში ისეთი კვაზი-სუბიექტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, იმ სტატუსს ვერ შეინარჩუნებენ და დაიწყება „სიტუაციის გადალაგება“.

ამ სიტუაციის გადალაგების პროცესში, რას მოსთხოვენ „ქართულ ოცნებას“, ან როგორი კონფიგურაცია იქნება, ამაზე მიჭირს მსჯელობა  – ჯერ არ ჩანს კარგად კონტურები, თუ როგორ დასრულდება ომი.

  • თქვენი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე და მხოლოდ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი?

არა. გარეთ შეიძლება ყველაფერი დალაგდეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ, მაგრამ თუ შიგნიდან არ გამოვიყენებთ ამას, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

თუ ოპოზიციას არ ექნება სტრატეგია და თანმიმდევრული მოქმედება, ძალიან მცირე შანსია გადარჩენის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არსებობენ იმისთვის, რომ ხელისუფლების პრობლემები გამოიყენონ, ასე ვთქვათ, საკუთარი რეიტინგის, პოლიტიკური დივიდენდების გასაზრდელად. თუ ამას არ გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, მაშინ ძალიან გაჭირდება სიტუაციის შეცვლა.

  • ავტორიტარიზმი ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ანადგურებს, ასუსტებს პოლიტიკურ ოპოზიციას. ამ ვითარებაში საზოგადოების ორგანიზებას და წინააღმდეგობას, თქვენი აზრით, არ შეუძლია პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა? 

რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი ამას ნიშნავს და ჩვენ მყარად ვდგავართ ავტორიტარიზმის გზაზე. ამიტომაც ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ძალები კოორდინირებულად მოქმედებდნენ: ცალ-ცალკე მათი განადგურება, ბევრად უფრო მარტივი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება რაღაც მოხდეს – „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა.

Exit mobile version