მთავარი,სიახლეები

„რამდენიმე საათი იატაკზე ეწვინათ მოზარდი“ – შშმ მოზარდის რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ

25.08.2025
„რამდენიმე საათი იატაკზე ეწვინათ მოზარდი“ – შშმ მოზარდის რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ

18 წლის შშმ პირი, ანზორ (გიო) დავითური „ჯეო ჰოსპიტალში“ მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში, 21 აგვისტოს, მის მიღებაზე სამმა საავადმყოფომ განაცხადა უარი.

როგორც მოზარდის დედა, მაია ბარათაშვილი მედიასთან აცხადებდა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო დამძიმდა.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების უფლებები როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული, საქართველოში შშმ პირებს და მათ მშობლებს მაინც უწევთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ყოფნა.

რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ შშმ პირის ჯანმრთელობის უფლების დაცვა და რატომ ამბობენ უარს კლინიკები მათთვის მომსახურებაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა უფლებადამცველს და ადვოკატს ანა არგანაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში შშმ ბავშვების მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზად ადგილის ან ტექნიკის უქონლობას ასახელებენ კლინიკები, თუმცა რეალური მიზეზი დამოკიდებულებაა.

„ბოლოს დედას დასჭირდა პოლიციის გამოძახება, რომ მისი შვილი მიეღოთ კლინიკაში. პოლიციის გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს გიორგი „ჯეო ჰოსპიტალში“. ამ დროს გიორგის ჰქონდა ძლიერი ტკივილები და ტიროდა, იყო ცუდად.

წინა კლინიკებში, როცა დაინახეს, რომ პაციენტი იყო შშმ, დედას უთხრეს ფსიქიატრიულში წაიყვანეთო. ეს არის სწორედ დისკრიმინაციული მიდგომა, რადგან დაინახავენ თუ არა შშმ პირს, ფიქრობენ, რომ მისი ადგილი ფსიქიატრიულშია და არა ისეთ საავადმყოფოში, სადაც დანარჩენი საზოგადოება დადის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, „ჯეო ჰოსპიტალში“ შეყვანილი მოზარდი, რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე ჰყავდათ დაწვენილი.

„ეს ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ მოზარდი იატაკზე წევს და მერე თვითონაც აღიარეს კლინიკაში, რომ „სულ რაღაც სამ საათამდეო“. მაგრამ 3 საათზე მეტი ხანი ეწვათ იატაკზე ადამიანი, რომელსაც ძლიერი ტკივილები ჰქონდა და იატაკს თავს ურტყამდა.

ფსიქიატრებსაც ესაუბრა დედა, თუმცა მათაც თქვეს, რომ თუ ტკივილი სომატურია, ვერ დაეხმარებიან. ბოლოს გიორგის გაუკეთეს ანესთეზია და ასე გადაიყვანეს პალატაში“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

18 წლის ანზორ (გიო) დავითურის დედა, მაია ბარათაშვილი.

მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მოზარდის დედა, რომელსაც მხოლოდ თავად შეუძლია შვილის საჭიროებების გაგება, გარეთ დატოვეს და არ შეუშვეს პალატაში.

მშობელს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა პროცედურები ჩაუტარდა მის შვილს. გადაუღეს თუ არა მრტ, რა გამოკვლევები ჩატარდა და დილით ეუბნებიან, რომ თურმე მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს – სიცოცხლესთან შეუთავსებელია ეს სუნთქვის დარღვევაო და ბავშვი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე“, – გვეუბნება ანა.

სანამ ანესთეზიას ჩაუტარებდნენ, მანამდე თუ გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცედურის ჩატარება მოზარდისთვის? – ვკითხეთ ანას. მისი თქმით, ამის თაობაზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია მათთვის.

„პირველად რომ გამოუტანეს მშობელს რაღაც ფურცლები, იქ ყველა გრაფა ცარიელი იყო, ხელმოუწერელი, საიდანაც ვერაფერს გაიგებდი. შემდეგ ვითხოვდით ინფორმაციის საათობრივ განახლებას, ანუ ორ საათში ერთხელ, ერთ საათში ერთხელ, ექვს საათში ერთხელ და ამასაც არ აკეთებდნენ. მაშინ მივხვდით, რომ რაღაც დიდი პრობლემა იყო.

მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის სისტემაში, რადგან გიორგის შემთხვევა არ არის პირველი, როცა შშმ პირს, კლინიკები არ მოექცნენ სათანადოდ ან დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება“, – ამბობს ანა არგანაშვილი და სხვა ბავშვების ისტორიებსაც იხსენებს.

„ჩვენ გვაქვს ერთ ასეთი შემთხვევა, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სამი წლის წინ – შშმ ბავშვი გარდაიცვალა და ზუსტად ასეთივე სიტუაცია იყო, როგორც გიორგის შემთხვევაშია დღეს. თუმცა ვხედავთ, რომ რეალურად, შშმ პირების მიმართ დამოკიდებულება მაინც არ იცვლება კლინიკებში.

პროკურატურასაც გულგრილი დამოკიდებულება აქვს, გამოძიებას იწყებენ და არ ამთავრებენ. იმ შემთხვევაზეც, როცა ბავშვი გარდაიცვალა, არავის ბრალი არ წარუდგინეს, არ მივიდა საქმე სასამართლომდე, რადგან ეს პრობლემა არის არაღიარებული სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც ბავშვთა ქორწინებებს არ აღრიცხავდა სახელმწიფო წლები წინ, როცა ჩვენ ათასობით შემთხვევა გვქონდა, ასეა შშმ პირებთან მიმართებაშიც: არ აღრიცხავენ შშმ პირებთან დაკავშირებულ არასათანადო სამედიცინო მომსახურების შემთხვევებს, რადგან არ უნდათ ასეთი მაგალითები შევიდეს სტატისტიკაში.

როგორ უმკურნალეს, უმკურნალეს თუ არა, რატომ დამძიმდა, ვინ რა არ გააკეთა – ამის ანალიზი არ არსებობს. ეს არის პირდაპირ გაწირვა ამ ადამიანების – სიცოცხლის უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე და პროტოკოლების ქონა-არქონაზე მეტი დარღვევაა სიცოცხლის უფლების დარღვევა“, – ამბობს ანა.

მსგავს ისტორიებზე წერენ შშმ ბავშვების მშობლები ფეისბუქზეც.

მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი, თეონა ბარბაქაძე წერს, რომ მისი მცირეწლოვანი გოგონა, სწორედ არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.

„ამიხსენით რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ანგელოზი. მე ის ცოცხალი და ბედნიერი მინდოდა. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის“, – წერს ის.

კიდევ ერთი მშობელი, სახელად მანანა, ეხმიანება გიორგის შემთხვევას და თავის პირად ისტორიასაც იხსენებს.

„18 წლის გიორგიმ, ჩემი ბოლო ერთი წლის ტკივილი განმიახლა. როგორ დაგვარბენინებდნენ მე და 23 წლის ლუკას კლინიკიდან კლინიკაში. როგორ ეჩხუბა სასწრაფოს ექიმს მორიგე ექიმი კლინიკაში, როგორ დავავლე გამწარებულმა ლუკას ხელი და ქარში გავვარდი. არ ვიცი, სად მივდიოდით. სასწრაფოს ექიმმა არ მიგვატოვა და სხვა კლინიკაში გადაგვიყვანეს.

ერთი წელი ჯოჯოხეთი გავიარეთ. შშმ პირის ტკივილს, მშობელზე კარგად ვერავინ აგიხსნით. შვილის გვერდით უნდა იყოს დედა. ისიც გვეყოფა, რომ ყოველდღე ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, არც მორგებული ჯანდაცვის სისტემაა შშმ პირებზე და არც პენსია ნორმალური“-წერს მანანა.

ანა არგანაშვილიც სწორედ ამ ტიპის გულგრილობასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს.

„ბევრი ისტორიაა ასეთი. ერთი დედა წერდა, რომ საავადმყოფოებს შორის დაატარებდნენ მის შშმ შვილს, რომელიც ვერ ლაპარაკობს. შუა გადასხმიდან მოხსნეს და გააგდეს კლინიკიდან  იმიტომ, რომ სხვა პაციენტები ჰყავდათ მისაღები.

დედები გვიყვებიან, რომ მათთვის არ არის ადგილი არც ერთ საავადმყოფოში. ეუბნებიან, რომ „ამ ბავშვს ხელს ვერ მოვკიდებ“, რამე არ დაემართოს. ანუ ერთმანეთში არის არეული შიშიც, უცოდინარობაც და გამოუცდელობაც.

გიორგის შემთხვევაშიც კადრებში ვნახეთ, რომ ანესთეზიას როცა უკეთებენ, დაცვას უჭირავს მოზარდი და ვიზიტორებს, ანუ გამვლელ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულია სისტემური პრობლემა. არ იციან, როგორ იმუშაონ შშმ ბავშვთან, როგორ მოექცნენ“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

გიორგის ამბავს ფსიქიატრთა ასოციაციაც გამოეხმაურა ფეისბუქზე, სადაც წერენ, რომ არ შეიძლებოდა დედის და გიორგი დაშორება პალატაში შეყვანისას, რადგან ეს წარმოქმნის დამატებით შფოთვებს, უნებლიე მოძრაობებს, უფრო პანიკურია მოზარდის რეაქცია, რადგან ვერავის ვერ აგებინებს რა უნდა, მხოლოდ დედას ესმის და დედაც არ არის მასთან“, – გვეუბნება ანა.

მისი აზრით, ცალკე პრობლემაა შშმ ბავშვის მშობლის მიმართ დამოკიდებულება.

„გიორგის დედა, მაგალითად, ორი ღამე იყო გარეთ, ღია ცის ქვეშ. ასე ხომ ზიანდება მშობლის ორგანიზმიც, არა? ვერ ვხედავთ ჩვენ თანასწორობას, პატივისცემას მშობლის მიმართ.

არც ინფორმაციას აწვდის ვინმე დედას, რა მდგომარეობაშია მისი შვილი, რა სამედიცინო პროცედურები უტარდება, რადგან, მათი აზრით, მაინც ვერ გაიგებს დედა. ანუ არათანაბრად აღიქვამენ ამ დროს შშმ ბავშვის მშობელს და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებენ, დამცირებულად აღიქვამენ“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მას შემდეგ ჩაერია საქმეში, როცა თავად დაუკავშირდა.

„მე თვითონ დავუკავშირდი სამინისტროს, როდესაც გამწვავდა პრობლემა და დაიწყო კრიზისი, მაგრამ ყველა ხომ ვერ დაუკავშირდება სამინისტროს? მაშინ უნდა დადგეს მინისტრი და ყველა ექიმი, კლინიკა ცალ-ცალკე მოიაროს. ეს შეუძლებელია. გამოდის ვწირავთ მათ, ვინც ვერ უკავშირდება მინისტრს.

ის, რომ იატაკზე ეწვინათ პაციენტი, ეგ იმის გამოხატულებაა, რომ არ იცოდნენ რა უნდა ექნათ ამ პაციენტისთვის.

გამოდის, თანასწორად არ აღიქვამენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც პირებს და არც მათ ოჯახებს, ამიტომ მათ ეზღუდებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, მიიღონ ინფორმაცია და აქედან გამომდინარე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ეს დისკრიმინაცია ნამდვილად გამომდინარეობს იქიდან, რომ პაციენტი შშმ პირია და ის ამ პირის მშობელი. ვფიქრობ, დღემდე ირღვევა ეს უფლებები, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული და სხვა კონვენციებითაც, რომ მშობელი ჩართული იყოს სრულფასოვნად თავისი შვილის სამედიცინო ინტერვენციაში.

ეს სრულფასოვანი ჩართულობა ნიშნავს ინფორმაციის დროულად და სრულყოფილ ქონას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, მეორე აზრის მოსმენას და ყველა ამასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც ანა ამბობს, ამჟამად ყველა ორიენტირებულია იმაზე, რომ შშმ მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნდეს.

„როდესაც ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა, თქვა, რომ მოდით, ამ წუთში ყველა ვიყოთ ორიენტირებული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაზე და შემდეგ გაირკვეს ზუსტად, იყო თუ არა გადაცდომა, ან რაიმე დარღვევა.

რაღაცნაირი კომპრომისი ჩამოყალიბდა და მართალი გითხრა, ალბათ ლოგიკურიც არის: ახლა ნამდვილად ყველა ძალა მიმართულია, რომ მოზარდი გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მოზარდის მშობელი ითხოვდა შვილის გადაყვანას უცხოეთში, მაგრამ გადაყვანაზე უარი უთხრეს, „არ არის უსაფრთხოო, იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა“.

თუმცა მშობელი ითხოვს, რომ მისი შვილის გადარჩენაში ჩაერთონ კვალიფიციური ექიმები. „როგორც ვიცი, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა კლინიკებიდანაც მოიწვევენ სპეციალისტებს“, – ამბობს ანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: