ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

24.08.2025 •
ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.

მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“.

ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სამ რეგიონში, მათ შორის აჭარაში.

ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025

ნონა ჯიქია, ცხოველთა მოყვარული: „მე მიკედლებული მყავს უამრავი ძაღლი, ყველა არის კასტრირებული, აცრილები, პასპორტებით, ყელსაბამებით. ამ ძაღლებიდან ნახევარი გაქრა. მითხრეს ქუთაისის თავშესაფარში უნდა იყოს გადაყვანილიო, მაგრამ ბევრს იქაც ვერ ვპოულობ. არც ცოცხლებში არიან, არც მკვდრებში. სად გააქრეს ეს ძაღლები ნამდვილად არ ვიცი. ბათუმიდან, რაც მარტო მე ვიცი და ვცნობ, ალბათ გაყვანილია 300-ზე მეტი ცუგა. არც ერთი უკან დაბრუნებული არ არის ბათუმის ლოკაციაზე.“

ნონა ჯიქიას თქმით, საპილოტე პროგრამა ბათუმში ისე დაიწყეს, რომ ცხოველთა დამცველებმა არაფერი იცოდნენ: „არავის არ შეგვატყობინეს, რომ ეს პროგრამა იგეგმებოდა ბათუმში. ხომ შეეძლოთ შეექმნათ ბაზა ცხოველთა მოყვარულების, დამცველების, ამასთან, რომელი ძაღლი კასტრირებულია, რომელი ვაქცინირებულია. მაგრამ ეს ბაზები არ შექმნეს. ჩუმად დაიწყეს – ღამის 3-4 საათზე წაყვანა ძაღლების. ეს კითხვაც დავუსვი, რატომ ღამის 3-4 საათზე? რატომ დილის 5 საათზე? და პასუხი იცით რა იყო? რომ ტურისტები არ შეწუხდნენო.

ვუთხარი, ტურისტები კი არ წუხდებიან, ტურისტები უვლიან ჩვენს მიუსაფრებს და თქვენ იმიტომ აკეთებთ ამას, რომ არ დაინახოს ხალხმა, რა გენოციდს უწყობთ ძაღლებს-მეთქი. ამაზე პასუხი არ გამცეს.“

ნონა ჯიქია აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად ამბობს, რომ ისინი არ არიან ამ საპილოტე პროგრამის წინააღმდეგი, „უბრალოდ გეგმა შეიმუშავეს ძალიან ცუდად. ეს უნდა დაეწყოთ სოფლებიდან, სადაც არ სტერილიზდება, სადაც არ უკეთდება კასტრაცია და არა იქ, სადაც მოვლილი ძაღლებია. ბათუმის ძაღლები ხომ გააქრეს, არ ვიცით სად არიან, ახლა ავადმყოფი ძაღლები ბრუნდებიან. სუსტები, სხვა რეგიონის ძაღლები შემოდის ბათუმში. ვითომ აბრუნებენ ძაღლებს ლოკაციაზე, მაგრამ სინამდვილეში უცვლიან ტერიტორიას“.

„მე ვარ ლანა შაშიაშვილი, ცხოველთა დამცველი, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი. ვაცხადებ ამას თამამად, არავის მეშინია – იცით რას აკეთებენ? – ქრებიან ძაღლები. ქალაქში ვისაც დაბირკული არ ჰყავდა და ვისაც, მაგალითად, აი, რეგისტრირებული ჰყავდა და მოხალისეები ჩვეულებრივად კვებავდნენ, აი, ესენიც გაუჩინარებულები არიან.

ძალიან ცუდი ხმები მოდის, მდინარე ჩოლოქთან არის ბეიკერის ორმო და თურმე უამრავ ცუგებს იქ კლავენ. მე „ძაღლი“ სიტყვა არ მიყვარს… ჰოდა, შევწირავ თავს. კიდევ ერთხელ მივმართავ სურსათის სააგენტოს, რომ შეწყდეს ეს მარაზმი. ჩვენ არ შევჩერდებით.“

ლანა შაშიაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნაა „ყველა ცუგა, რომელიც არის აჭარის რეგიონიდან გაყვანილი, დააბრუნონ. ღამით არ გავიდნენ – 4 საათზე და 3 საათზე რომ იპარავენ ქურდულად და ჩვენ, ცხოველთა დამცველებს და მოყვარულებს საქმის კურსში არ გვაყენებენ. ყველა ცუგას აღრიცხვიანობა უნდა მოხდეს, ვიდეოკამერა უნდა იყოს და ყველა უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და ამ საქმეს მივხედავთ ერთიანად.“

ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ცხოველთა მოყვარული ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რასაც ითხოვენ არის ის, რომ „შეწყდეს ძაღლების ხოცვა, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის. ქრება ძაღლები, მიჰყავთ 100, მოჰყავთ უკან 10.“

„აუცილებელია ყველა რეგიონს ჰქონდეს თავისი თავშესაფარი, სადაც ჩვენ შევძლებთ დაავადებული ძაღლების განკურნებას, გადაყვანას და პატრონობას.

ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ეტაპობრივად, ძალიან სწორი ნაბიჯებით – მოსაწესრიგებელია როგორც მიუსაფარი ძაღლების თემა, ასევე პატრონიანი ძაღლების თემაც. ამ ძაღლების გადაყვან-გადმოყვანა, ზოგი ქუთაისში რომ სტერილდება, ზოგი ბათუმში, ზოგი გურიაში, ეს უნდა დასრულდეს. ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს თავისი თავშესაფარი და თავისი სტაციონარი“, – ამბობს ლია მგელაძე.

მისივე თქმით, თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდოდა მათთან თანამშრომლობა, სააგენტოში იცოდნენ მათი საქმიანობის შესახებ და მას შემდეგ არ უნდა დაეწყოთ საუბარი, რომ ითანამშრომლებენ, როდესაც „ძაღლები გაიყვანეს, ჩუმად მოგვპარეს და ვეძებდით ქუჩა-ქუჩა, ვერ ვპოულობდით და განგაშის შემდეგ დაიდო ინფორმაცია, რომ თურმე ახალი საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო მანამდე, ჩვენთან შეთანხმებულად. ჩვენ მივაწვდიდით ყველა ბაზას – რომელი ძაღლი იყო სტერილური, რომელი არ იყო სტერილური და რომელი იყო ვაქცინაგასაკეთებელი. ახლა კი რა გააკეთეს? – წაიყვანეს ის მოწესრიგებული ძაღლები ქალაქიდან, რომლებშიც უკვე ძალიან დიდი თანხა გვაქვს დახარჯული.“

თეონა ყურშუბაძე, პროფესიით პედაგოგი, ცხოველთა მოყვარული და დამცველი: „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სტერილიზაცია-კასტრაციას, პირიქით, მომხრე ვართ, მაგრამ არ მომხდარა ეს ჰუმანური გზით. ეს არ მომხდარა ადამიანურად, დალაგებულად, ორგანიზებულად და დაგეგმილად. ჩვენ ვნახეთ ვიდეოკადრები, როგორ ექცევიან ცხოველებს და როგორ სვამენ თუნდაც იმ მანქანის ვოლიერებში. ეს არ არის ნორმალური.

ძალიან ბევრი ცხოველი არის არეული. ანუ არავინ იცის, რომელი რეგიონიდან, ან ბათუმის რომელი ქუჩიდან რამდენი ცხოველი იყო გადაყვანილი, სად წერია და სად აქვთ აღრიცხული? რევაქცინაციისთვის ბათუმიდან ქუთაისში ცხოველის გადაყვანაც რა საჭირო იყო. რატომ არ შეიძლებოდა დაექირავებინათ ვეტექიმები. 12 კლინიკაა ბათუმში. ადგილზე მომხდარიყო ამ ცხოველების რევაქცინაცია.“

თეონა ყურშუბაძეც თვლის, რომ საპილოტე პროგრამა ბათუმით არ უნდა დაწყებულიყო: „ეს საპილოტე პროგრამა უნდა დაწყებულიყო სოფლებიდან, უკვე პატრონიანი ძაღლებით. იმიტომ, რომ სოფლებში ხალხი ცხოველს არ ასტერილებს, ან ვერ ასტერილებს. აი, აქედან უნდა დაიწყოს.

ექვს თვეში ზუსტად იგივე რაოდენობა მიუსაფარი ცხოველი იქნება ქალაქში, მოდიან სოფლებიდან, ყრიან ნაგავსაყრელზე, ის ცხოველები მრავლდებიან, შემოდიან მერე ქალაქში… ანუ, კარუსელი ტრიალებს და ფულიც თეთრდება.“

ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025

აქციის მონაწილეებმა ერთობლივი წერილით მიმართეს სხვადასხვა უწყებას, მათ შორის ქვეყნის მთავრობას, რომ მიუსაფარი ცხოველების რეგულირების საპილოტე პროგრამა მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება და მათი მთავარი მოთხოვნაა „პროცესი განხორციელდეს გამჭვირვალედ და სრულყოფილი ანგარიშგებით“.

„ბათუმელები“ მიმართვას მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობას; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს; ქალაქ ბათუმის მერიას; ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას

მოგმართავთ საპილოტე პროგრამის – მიუსაფარი ცხოველების რეგულირების და მიმდინარეობასთან დაკავშირებით. არსებული მონაცემებით, პროცესი არასწორი მიმართულებით ვითარდება და ხორციელდება მნიშვნელოვანი დარღვევებით. კერძოდ:

პროგრამის ფარგლებში ხდება უკვე სტერილური/კასტრირებული და ცოფის ვაქცინით აცრილი [ასევე კომპლექსური ვაქცინით აცრილი] ცხოველების გადაყვანა, რაც რესურსების და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.

პროგრამის დაწყებამდე შესაბამისი ორგანოები არ შეხვედრიან ადგილობრივ ცხოველთა მოყვარულებს, მოხალისეებს და მიმკედლებლებს, რათა მათგან სრულყოფილად მოეპოვებინათ ინფორმაცია კონკრეტულ ცხოველებზე.

პროცესი მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ [მალულად] – არ არსებობს ღია, საჯარო პლატფორმა [ვებგვერდი ან სოციალური გვერდი], სადაც აისახება, რომელ უბნიდან [აჭარის მასშტაბით], რომელი ცხოველია გადაყვანილი [ლოკაციების მიხედვით], სად ჩატარდა მასზე მანიპულაციები და როდის დაბრუნდა, ასევე არ არის თანდართული ფოტო-ვიდეო მასალა.

დაფიქსირდა ცხოველებზე და მოხალისეებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები – მათ შორის, უკვე გასტერილებული ცხოველები ღია, სისხლმდენი ჭრილობებით დაბრუნდნენ.

ცხოველების გადამყვანი პირების მხრიდან გამოვლენილია უხეში ქცევა და ფიზიკური შეურაცხყოფაც ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულის მიმართ, რომელსაც მის მიერ მიკედლებულ ცხოველზე ყველა საჭირო პროცედურა უკვე ჰქონდა გაწეული [უკვე კასტრირებული, სტერილური, ვაქცინირებული, ჭიაზე და ტკიპაზე დამუშავებული].

არ ხდება სამი უწყების – გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გუნდური მუშაობა; ჩვენს სატელეფონო ზარებზე გვპასუხობენ, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ და გვამისამართებენ სხვადასხვა ცხელ ხაზზე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზეც კი. ყველა იხსნის პასუხისმგებლობას.

ვაცხადებთ მოთხოვნებს:

  • პროცესი უნდა ხორციელდებოდეს გამჭვირვალედ, სრულყოფილი ანგარიშგებით, საჯარო მონაცემებითა და დოკუმენტაციით.
  • დაუყოვნებლივ შეწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან ცხოველების გადაყვანა ქუთაისის თავშესაფარში, სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.
  • გათვალისწინებულ იქნას, რომ შპს „CEBEP“ [ახლანდელი შპს „რესიკაბ“ – ავტ.] არის კომპანია, რომელიც გამარჯვებულია ელექტრონულ ტენდერებში ბათუმში, ქედაში, შუახევსა და ხულოში და ასრულებს უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებას [კომპლექსური/ცოფის ვაქცინაციას], რის შედეგადაც ბათუმში აღარ ფიქსირდება ჭირისა და ენტერიტის შემთხვევები, ცოფი კი ისედაც არ დაფიქსირებულა.
  • გაფორმდეს ხელშეკრულება ბათუმში/ქობულეთში მოქმედ ვეტერინარულ კლინიკებთან, ასევე შპს „CEBEP“-თან, რათა ცხოველების რევაქცინაცია და სხვა აუცილებელი მანიპულაციები ჩატარდეს ადგილზე, დამატებითი გადაყვანის გარეშე [ცხოველები საათობით გამომწყვდეულია მანქანებში, რაც არის მათი წამება].
  • მოგმართავთ, დროულად იმოქმედოთ, რათა ზემოაღნიშნული პილოტური პროგრამით რეალურად მოხდეს მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არ გახდეს მათი გენოციდისა და ინფიცირების წყარო.“

———-

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს.

ამ თემაზე:

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: