დღეს, 22 აგვისტოს, სინდისის პატიმარს, 29 წლის არჩილ მუსელიანცს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა არჩილ მუსელიანცის წერილი, რომელიც მან განაჩენამდე, წინასწარ დაწერა.
„მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის.
ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ ვიცი მომისჯიან. მაინც შეასრულებენ ამ დავალებას.
ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდას რაც შეეხება, გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მომავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება.
ერთს გთხოვთ მხოლოდ — იბრძოლეთ!
წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა?
და ილია ჭავჭავაძე?
როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა?
როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება?
და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე?
ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ამას შევძლებთ!
მიყვარხართ ყველა თქვენგანი. მეამაყებით ყოველი თქვენგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია. სამშობლო ყოველივე თქვენგანია.
შევხვდებით რუსთაველზე — იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო“, — ნათქვამია წერილში, რომლის ბოლოს საქართველოს დროშა ხატია.
არჩილ მუსელიანცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურება, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
პროკურატურა მას ედავებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას.
ჯერ კიდევ დეკემბერში, მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიძულებდნენ, დაესახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორც წამხალისებლები და დავალების მიმცემები.
„ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ … შეიძლება არც დაეკავებინათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ იმ გარკვეულ მიზანს და გაეშვათ, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი“.
წელს არჩილ მუსელიანცმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა.






