მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი ცათამბჯენის პროექტი იუსტიციის სახლთან და გახარებული ბათუმის მერი

11.06.2023
კიდევ ერთი ცათამბჯენის პროექტი იუსტიციის სახლთან და გახარებული ბათუმის მერი

ბათუმში, ფიროსმანის #21-ში კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობა დააანონსეს. პროექტის პრეზენტაციას ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია ერთ-ერთმა სახელისუფლებო არხმა გააშუქა. როგორც ჩანს, კომპანიამ, რომელსაც სახელმწიფოსთან ვალდებულება აქვს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, სხვა მედიების მიწვევა საჭიროდ არ ჩათვალა.

სიუჟეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ამ პროექტის გამო ძალიან გახარებულები არიან.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე პრეზენტაციაზე

ფიროსმანის #21-ში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბრძანებას არჩილ ჩიქოვანმა ხელი 2023 წლის თებერვალში მოაწერა. ნებართვა შპს „ბიჩ ბილდინგ ბათუმმა“ მიიღო.

რენდერი

ბრძანების მიხედვით, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 144 მეტრი იქნება, ხოლო სართულების რაოდენობა – 44.

სამშენებლო ფართობი – 3769 კვ.მეტრი ფიროსმანის #21-ში აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით 2016 წელს გაყიდა.

 

აუქციონიდან მალევ მიწის ნაკვეთი რამდენჯერმე გადაყიდეს.

მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მყიდველი „ჯეო დეველოპმენტი“ იყო. ამ კომპანიას უკრაინის მოქალაქე ნატალია ტოვაჩი ფლობდა. ქონების შესყიდვიდან ცოტა ხანში მან სიმბოლურ ფასად, 100 ლარად კომპანიის ასივე პროცენტი ირაკლი სირაძეს გადაუფორმა. 2018 წელსვე „ჯეო დეველოპმენტის“  ასივე პროცენტის მფლობელად „ორბი ჯგუფი“ დარეგისტრირდა.

შპს „ბიჩ ბილდინგ ბათუმმა“ მიწის ნაკვეთი 2022 წლის მარტში იყიდა „ორბი ჯგუფისგან“, შემდეგ კი მშენებლობის ნებართვაც მიიღო.

2023 წლის მარტიდან ქონება შპს „პრემიუმ მეტროპოლ ინკ“-ის საკუთრებაა – კომპანიის 75 პროცენტი, მშენებლობის ნებართვის მფლობელს „ბიჩ ბილდინგს“ ეკუთვნის. 25 პროცენტი კი შპს „პრემიუმ ჯგუფს“ საკუთრებაა.

„პრემიუმ ჯგუფი“ ჯემალ ჩურუკბას ეკუთვნის. შპს „ბიჩ ბილდინგს“ კი რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არიან გოგა ხაჩიძე, ვანო გიგლემიანი, კნიაზ დასენი [ორმაგი მოქალაქეობა საქართველო რუსეთი] გიორგი ჩხეიძე, კობა გიგლემიანი, ლევან ახვლედიანი, თემურ მიქელაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: