რატომ გაქრა ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ქართველი კლასიკოსი მწერლების ცალკეული ნაწარმოებები და რა საფრთხეებს უქმნის განათლების სისტემას პარტიულად მოტივირებული გადაწყვეტილებები? – ამ თემაზე განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ და ფილოსოფოსმა ლევან შატბერაშვილმა ისაუბრეს „თავისუფლების მოედნის“ პირდაპირ ეთერში.
გთავაზობთ დისკუსიას მცირე შემოკლებით.
„სიმართლე არის ის, რომ ეს ნაწარმოებები კი ისწავლებოდა სკოლაში, მაგრამ არც არასდროს ყოფილა სავალდებულო სასწავლო პროგრამაში. მაგალითად, „ბახტრიონი“ სავალდებულო არ არის დიდი ხანია.
სასწავლო გეგმა, რომელიც დღეს მოქმედებს, 2018 წლიდან არის დამტკიცებული და ის ნაწარმოებები, რაზეც დღეს ღელავს ხალხი, თუნდაც იგივე ილიას „ბედნიერი ერი“, ვაჟას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, ამ პერიოდიდან აღარ შედის სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალში“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, სკოლაში ამ ნაწარმოებებს მხოლოდ იმიტომ ასწავლიდნენ, რომ სახელმძღვანელოების ავტორებს ჰქონდათ შეტანილი სახელმძღვანელოებში და რადგან მასწავლებლები სახელმძღვანელოებს ძირითად რესურსად იყენებენ, ამიტომ ასწავლიდნენ.
„ასე რომ, ეს ნაწარმოებები არა მარტო საგამოცდო პროგრამაში, ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც არ არის. ამიტომ სამინისტროს მხრიდან იმის თქმა, რომ „ჩვენ არაფერი შეგვიცვლია“ და არაფერი არ მომხდარა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
სხვა საკითხია, რატომ ხდება ის, რომ ზოგიერთი ნაწარმოები, რომელიც საზოგადოებას მიაჩნია მნიშვნელოვნად, ვერ ხვდება სავალდებულო სასწავლო პროგრამაში და რატომ აქვს საზოგადოებას ამაზე მძაფრი რეაქცია?
მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმაზე, რა პოლიტიკას ატარებდა განათლების სამინისტრო და „ქართული ოცნება“, რომელმაც გამოიწვია ასეთი უნდობლობა, რომელიც იწვევს შიშს, რომ თუ სამინისტრო არ განსაზღვრავს ამ ნაწარმოებების სიას, შეიძლება ისინი საერთოდ გაქრნენ სასკოლო პედაგოგიური პრაქტიკიდან.
ამ პოლიტიკას თვალს თუ გადავავლებთ, არის მთლიანად ტყუილზე დაფუძნებული, რადგან არა მხოლოდ ახლა იტყუებიან იმას, რომ პროგრამიდან არ ამოუღიათ აღნიშნული ნაწარმოებები, არამედ სულ იტყუებიან. მაგალითად იმას, რომ ეს მთავრობა არის პატრიოტული მოტივებით მოქმედი ხელისუფლება, რომ აქ ვიღაც „ურჯულო და უსამშობლო“ ოპოზიციას ებრძვის და ამიტომ აძლიერებს ქართულის და ისტორიის სწავლებას და ასე შემდეგ.
ეს ტექსტები სადღაც ზეციდან არ ვარდება.
იმისთვის, რომ მრავალფეროვნება არსებობდეს, გამოვცადოთ სხვადასხვა შინაარსი, არსებობდეს რაღაც ბირთვი პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სავალდებულო მინიმუმი იყოს განსაზღვრული და ამის გარდა, იყოს თავისუფლებაც. მე ამის მომხრე ვარ.
სხვა საკითხია ამ ბირთვში რა უნდა შედიოდეს და რა – არა. შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს, რატომ არ არის ვთქვათ აქ „ბახტრიონი“, მაგრამ ცალკე საკითხია, პედაგოგიური ლოგიკიდან გამომდინარე ხდება ეს ცვლილება სასწავლო გეგმაში, თუ კიდევ რაღაც სხვა ლოგიკა მუშაობს?
აი მაგალითად, ისტორიის პროგრამას თუ შევხედავთ, იქ აღმოაჩენთ საინტერესო აქცენტებს. მაგალითად, ისტორიის პროგრამაშიც ფაქტების ჩამონათვალი ქრება და აქცენტი კეთდება არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე.
მაგალითად, X, XI კლასების პროგრამა რომ ნახოთ, პირდაპირ წერია ასეთი საკითხები: რუსეთ-საქართველოს ომი, აფხაზეთის ომი, 2008 წლის ომი და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა, ასეთი დეტალები ამოღებულია პროგრამიდან და მოსწავლემ უნდა გაანალიზოს 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პოლიტიკური და სოციალური პრობლემები.
სასწავლო გეგმის მიზანში წერია ასეთი რამ, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს 1990-იან წლების შემდგომი პერიოდის საქართველოს სოციალური და პოლიტიკური მოვლენების პროცესების კვლევა და ამის მაგალითი არ არის მოცემული. ერთადერთი მაგალითია მოყვანილი – „რა გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს გლობალიზაცია“.
აი, ამდენ ჩამონათვალში, რატომღაც გლობალიზაცია მოხვდა. და ეს არ არის ერთი წლის ამბავი ან „გლობალური ომის პარტია“ რომ გამოიგონა „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ კი არ ჩაიწერა, არამედ რამდენიმე წლით უფრო ადრე მოხდა ეს ცვლილება“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში უნდა დავფიქრდეთ, რა განსაზღვრავს ასეთ ცვლილებებს. ის ჯგუფი, რომელიც მუშაობს ესგ-ზე და რომელსაც ასევე ჰყავს მრჩეველთა საბჭო, თუ ეს არის სახელმწიფო დაკვეთა?
„მაგალითად, ამ მრჩეველთა საბჭოებში ჰყავთ ელიზბარ ელიზბარაშვილი, თსუ-ს პროფესორი, რომელიც არის „ალტ-ინფოს“ წევრი, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, როგორი კარგია რუსეთი, რუსეთთან უნდა დავმეგობრდეთ. 2023-ში სტუდენტები მოითხოვდნენ ამ კაცის უნივერსიტეტიდან გაძევებას.
როცა ასეთ ადამიანებს მოიწვევ მრჩეველთა საბჭოში, მერე აღარ არის გასაკვირი, როცა ხალხი ფიქრობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ კონიუნქტურიდან არის გამოსული.
მაგალითად, პოლიტიკოსებმა დაუკვეთეს ამ ადამიანებს, რომ ვითომ პატრიოტული იქნებოდა საქართველოს ისტორიის აღდგენა, რომელიც ვითომ აღარ ისწავლებოდა სკოლაში და ეს იყო ტყუილი. ასევე, 2019 წელს გამოაცხადეს, რომ გოგებაშვილი იყო ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ხელახლა „შეიტანეს“, რომელიც სკოლებში ისედაც ისწავლებოდა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
ფილოსოფოსი ლევან შატბერაშვილი ყურადღებას ამახვილებს ისტორიაზე:
„ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებები მთლიანად არის ამოღებული ეროვნული გამოცდების პროგრამიდან, ვფიქრობ ნათელია (ხელისუფლების მიზანი), რადგან ეს ინფორმაციები პარადიგმულად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების ეროვნული თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად. თან აშკარაა, რომ მიზანმიმართულად არის ეს ყველაფერი.
თანაც ეს დღეები მე რასაც ვუყურებ, თავზე გვეცემა ისეთი ამბები – დაწყებული ყაველაშვილის გაპრეზიდენტების მცდელობიდან, დამთავრებული არაკომპეტენტური ადამიანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნით. ძალიან ბევრი სტრატეგიაა მოფიქრებული იმისათვის, რომ საქართველო ჩამოშორდეს ეროვნულ იდენტობაზე ფიქრს – ერთი მხრივ, თავის ეროვნულ გმირებზე ფიქრს, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ევროპული იდეას და მეორე მხრივ, გაჩერდეს სასწავლო პროცესი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია, რომელიმე ნორმალური ქვეყნის არსებობა“, – ამბობს ლევან შატბერაშვილი.
სიმონ ჯანაშიას აზრით კი, ყველაზე დიდი პრობლემა იქმნება მაშინ, როცა გყავს ხელისუფლება, რომელიც გეუბნება – „რასაც მინდა, იმას ვიზამ“.
„გაუნათლებელს დავნიშნავ განათლების სფეროს მმართველად, ან საერთოდ, ქვეყნის მმართველად, სისასტიკით ცნობილ ადამიანს დავნიშნავ კულტურის სფეროში, ბადრაგს დავნიშნავთ მუზეუმის დირექტორად – ასეთ სისტემაში, ცხადია, ყოველთვის გვექნება უნდობლობა საზოგადოების წევრებს, როგორც სპეციალისტების მიმართ, ასევე პოლიტიკოსების მიმართ.
საფრთხე, რაზეც ახლა რეაგირებს საზოგადოება, არის რეალური და საფრთხე არის ის, რომ პოლიტიკური სისტემა და „ქართული ოცნება“ დღეს ცდილობს, რომ განათლების სისტემა გამოიყენოს პარტიული მიზნებისთვის. ეს პარტიული მიზნები კი ვხედავთ რაც არის – გაიხანგრძლივოს ხელისუფლება და პლუს, განათლების სისტემა გამოიყენოს ამისთვის ბევრნაირად.
ერთი რაც აშკარაა, უნდა რომ განათლების სისტემაში ისეთი ხალხი ჰყავდეს, რომელიც სრულად იქნება დაქვემდებარებული პარტიულ კონტროლს.
ამისთვის ნიშნავენ მინისტრებად ისეთ ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ განათლებაზე. მაგალითად, ახლანდელი მინისტრი არის ყოფილი მოსამართლე, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. თავისი დღის წესრიგი განათლებაში მას შეუძლებელია, რომ ჰქონდეს“, – ამბობს ჯანაშია.
მის თქმით, წარმოუდგენელია არსებობდეს ისეთი დრო, როცა ყველა იქნება კმაყოფილი იმ ლიტერატურის ჩამონათვალით, რომელიც შეიძლება სამინისტრომ განსაზღვროს სკოლებისთვის. მაგრამ, სანამ არ იქნება დემოკრატია სახელმწიფოში და მათ შორის განათლების სისტემის მართვაში, მანამდე შეუძლებელი იქნება ამაზე შეთანხმება.
„დემოკრატია განათლებაში ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ჩვენ ვიაროთ მხოლოდ მშობლების ჭკუაზე ან მხოლოდ სპეციალისტების და პოლიტიკოსების ჭკუაზე. დემოკრატია ნიშნავს ამ სამი ჯგუფის გადაკვეთას.
რადგან არ არის დემოკრატია სახელმწიფოში, ვერასდროს ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ აქედან რომელიმე ჯგუფი არ ძალადობს მეორეზე, რომ ეს პოლიტიკოსების დაკვეთა არ არის, რომ კონკრეტული ნაწარმოებები ამოიღონ პროგრამიდან და ასე შემდეგ“, – ამბობს ჯანაშია.
ლევან შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს დაუოკებელი ჟინი, ეს ქვეყანა აუცილებლად ჩამოაშოროს ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობას.
„ამბობს, რომ უნდა ევროკავშირში, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების არცერთ ელჩს არ იწვევს, ყველა ქვეყანასთან აქვს საშინელი დაძაბული ურთიერთობა და განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობაც ამ პოლიტიკის გამოძახილია.
როცა ასე კონსოლიდირებულია ერთი კაცის ხელში ხელისუფლება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველომ გადაუხვიოს იმ გეზიდან, რომელზეც 30 წელია დავდივართ. შეიძლება ძალიან მარტივად დავასკვნათ, რომ (ამ ნაწარმოებების ამოღება) ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
როცა ეს ტექსტები ან ფაქტები და მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს დიდი თანამეგობრობის წევრი, რომ საქართველო უნდა იყოს თანამედროვე, შემწყნარებლური, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც სამართლიანად იქნება გადანაწილებული როგორც სწავლის, ასევე ნებისმიერი უფლება, ამგვარი აზრები, ასეთი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იქნება, დარწმუნებული ვარ.
ამიტომაც მგონია, რომ ეს არის ცენზურა.
ჯერ ერთი, შერჩეულია ტექსტები, რომელიც ძალიან ახლოსაა პატრიოტიზმთან, თან არა მხოლოდ მჯიღის მცემელ პატრიოტიზმთან, არამედ ნათელ, გონების პატრიოტიზმთან. ის, არც ჩვენ გვჭირდება და ამავდროულად ისეთი ტექსტებიც, რომელიც პრინციპში გვაახლოებს ევროპას და იმ საერთო ღირებულებებს, რის გამოც ამდენი ხანია იბრძვის ჩვენი ქვეყანა, რომ გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი“, – ამბობს ლევან შატბერაშვილი.
სიმონ ჯანაშიას შეფასებით კი, ისეთ სისტემაში, როცა ავტორიტარული რეჟიმი მყარდება, იწყება შინაარსის კონტროლიც.
„მაგალითად, წინა განათლების მინისტრი დახურულ შეხვედრაზე მიყვებოდა იმაზე, რომ მან აღადგინა სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება, მაშინ, როცა ისტორიის სახელმძღვანელოები მაღაზიების დახლებზე იდო და ყველას შეეძლო ენახა იყო თუ არა ეს სიმართლე.
ასეთ სისტემაში, როცა ავტორიტარული რეჟიმი მყარდება, შინაარსის კონტროლიც იწყება და იწყება იმისთვის, რომ ახალი თაობაც განაწყოს იმ იდეოლოგიის მიმართ, რომელსაც ნერგავს. რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველები რაღაცნაირად უნდა დავემორჩილოთ ძალას, რომ მნიშვნელოვანია არა ღირებულებები და მორალი, არამედ ძალა და ჩვენ ამ ძალას, მაგალითად რუსეთს, უნდა დავექვემდებაროთ, რადგან ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა.
ცხადია, რომ ასეთი შინაარსების დანერგვას ისინი აუცილებლად ეცდებიან.
ამის პარალელურად ეცდებიან იმის დანერგვას, რასაც აკეთებენ არა მარტო განათლების სისტემაში, არამედ ზოგადად, როდესაც პატრიოტიზმს არქმევენ სადღეგრძელოს, როცა ამბობენ, რომ ჩვენი ოპონენტები არიან უსამშობლოები, რომ მათ არ უყვართ არაფერი ქართული, ჩვენ კი გვიყვარს და აი, გოგებაშვილი დავაბრუნეთ სკოლაში, მუზეუმი გავხსენით მაგალითად და ამის პარალელურად, სრულიად არაპატრიოტულ საქმეებს აკეთებენ.
არაპატრიოტულია ის, რომ კონცენტრირებული ხარ პატრიოტიზმზე და არა იმაზე, რომ გააუმჯობესო განათლების სისტემა, რომ უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდეთ მაგალითად ღარიბ ბავშვებს, რომლებიც ვერ დადიან სკოლებში. არაპატრიოტულია საქართველოს ისტორიის გამოტანა მსოფლიო ისტორიიდან და ამ დროს, არ გაქვს გაკეთებული სახელმძღვანელო.
მაგალითად წელს ეროვნული გამოცდების პროგრამას ვერ აკეთებენ ისტორიაში, რადგან არ არსებობს მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო. ისე დანერგეს კურსი მე-12 კლასში, რომ არ უფიქრიათ სახელმძღვანელოზე და სექტემბერში დაიწყეს სახელმძღვანელოს დაწერა.
შეუძლებელია, რომ ეს იყოს პატრიოტული მიდგომა, როცა შენ ასე არაკომპეტენტურად ექცევი საკუთარ საზოგადოებას.
ყაველაშვილი ახსენა ლევანმა და კი, არაპატრიოტულია ისიც, როცა ახალგაზრდობას ეუბნები, რომ განათლება საერთოდ არაფერ შუაშია წარმატებისთვის, რომ მთავარია ემსახურო პარტიას. თუ პარტიას ემსახურები პირნათლად, მაშინ სრულიად არაკომპეტენტური ადამიანი შეიძლება დაგნიშნონ განათლების, კულტურის მინისტრად, პრეზიდენტად.
ამიტომ ძალიან კარგია, როცა საზოგადოება ასე კრიტიკულად უყურებს ასეთ საკითხებს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.