40 წლის იყო, როცა 7 წლის შვილთან და დედასთან ერთად რუსების მიერ ოკუპირებული გაგრა დატოვა. გაგრის დაცემის შემდეგ ორი თვე დაყო ქალაქში და ქუჩაში მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრებს მარხავდა.
ახლა 71 წლისაა და ისევ რუსეთს ებრძვის. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან აზა ჩილაჩავა რუსთაველზე დგას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
„მე ვიბრძოლებ ბოლომდე, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, უბრალოდ“, – ამბობს აზა „ბათუმელებთან“ და ამ ბრძოლის აუცილებლობაზე გვესაუბრება.
„აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, სადღაც 40 წლის ვიქნებოდი. მეუღლე ომამდე გარდამეცვალა და 7 წლის გოგონას მარტო ვზრდიდი. გაგრა რომ დაეცა, ქალაქიდან გასვლა ვერ მოვასწარი და ორი თვე ოკუპირებულ ქალაქში დავრჩი.
დაღუპული ჯარისკაცები ქუჩებში ეყარა. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ უცოლშვილო… ჩემი ხელით დავმარხე.
მერე დედაჩემი მოვძებნე და ბინაში რომ დავბრუნდი, სახლში ბოევიკები დამხვდნენ. ვინ ხარო – მკითხეს. ეს ჩემი ბინაა, აქ ვცხოვრობ-მეთქი – ვუთხარი. შენი ბინა საქართველოშია, წადი აქედანო, მითხრეს და გამომაგდეს. დედაჩემს ცოტა ფული და ოქროს სამკაულები ჰქონდა, ყველაფერი წაგვართვეს. კიდევ კარგი, რომ არ მოგვკლეს.
ორი თვე აფხაზმა მეზობლებმა შეგვიფარეს, მაგრამ მერე მითხრეს, უნდა წახვიდეთ, თორემ მოგკლავენო და გამოგვაცილეს.
ასე წამოვედით, სრულიად უყველაფროდ“, – ამბობს აზა ჩილაჩავა.

აზა ჩილაჩავა საპროტესტო აქციაზე/ფოტო: მარიამ ნიკურაძე.
საკუთარ ქალაქიდან დევნილი აზა და მისი გოგონა დედასთან ერთად წყალტუბოში დასახლდა. გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება და თავის გატანა.
„ზურგით დავათრევდი შაქრის ტომრებს და ვყიდდი, რომ თავი გვერჩინა. საკმარისი საკვები არ გვქონდა. ჩემი შვილი სკოლიდან რომ დაბრუნდებოდა და საჭმელს დავუდებდი, მეტყოდა – „დედა, შენც ჭამე“. მე ვატყუებდი, შენს მოსვლამდე ვჭამე-მეთქი. ბავშვს თუ რამე მორჩებოდა, იმით გამქონდა თავი.
ბოლოს თურქეთში წავედი სამუშაოდ და 15 წელი ემიგრაციაში ვიყავი.
თბილისში კუს ტბაზე, პატარა ოთახი ვიყიდე. ახლაც აქ ვცხოვრობთ. მზის შუქიც კი არ აღწევს წესიერად.
ჩემი გოგონა 27 წლის რომ გახდა, მხოლოდ მაშინ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაბარება. გრანტიც მოიპოვა, მანამდე ვერ ვასწავლე.
ახლა ადგა და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. შეეშინდა, თუ ვიზალიბერალიზაცია გაგვიუქმეს, მერე ვეღარ გავაღწევ აქედან და თავი როგორ ვირჩინოთო. სესხები გვაქვს, გადახდა ხომ უნდა.
ასე დავრჩი მარტოდ. თუ უვიზო მიმოსვლა დავკარგეთ, ალბათ ჩემს შვილს ინტერნეტით თუ ვნახავ აწი. ამაზე ძალიან ვდარდობ“, – გვეუბნება აზა ჩილაჩავა.
მან გვითხრა, რომ არ არსებობს დღე, რომ საპროტესტო აქციაზე არ წავიდეს. აზას თქმით, ახლა სწორედ რუსთაველზე დგომაა გადამწყვეტი, რომ ივანიშვილის მიერ მიტაცებული საქართველო გადარჩეს.
„დარბევების დროსაც იქ ვიყავი და ახლაც, ყოველ ღამე ვდგავარ რუსთაველზე. საზმაუს მარშს ვუერთდები და შემდეგ იქიდან მივდივართ რუსთაველზე.
დარბევების დროს, ერთ ახალგაზრდას გადავეფარე და პოლიციელებმა ძირს დამაგდეს, გადამიარეს. ყველაფერი მტკიოდა და რამდენიმე დღე ჩაწოლილი ვიყავი. მერე წამლები მივიღე, ვიტამინებიც დავლიე და ფეხზე დავდექი. ახლა ნაკლებად მიჭირს და ყოველ დღე აქციაზე ვარ.
ერთმა პოლიციელმა ძალიან მომიშალა ნერვები, როცა მითხრა, არ ხარ შენ აფხაზეთიდან, თვალით არ გაქვს ნანახი აფხაზეთიო. მერე აქციის მონაწილეებმა მითხრეს, ბებო, შენ რომ ნერვები მოგიშალა, ეგ ცრუმოწმეაო და ასე ეძახდნენ კიდეც – „ცრუმოწმე, ცრუმოწმე“, – გვიყვება აზა.
აზა ჩილაჩავა იდგა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე და ფარნებიც აანთო თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად.
„მზიას მხარდასაჭერ აქციაზე მანქანების ზოლში რომ ვიდექი, უკნიდან ვიღაცამ ბოთლი მესროლა და რაღაც მომაძახა. თუმცა სხვა ახალგაზრდა მოვიდა და ჩამეხუტა.
დავდივარ სინდისის პატიმრების სასამართლოებზეც. დღეს მუსელიანცს მიუსაჯეს და ვიტირე. რატომ ტანჯავენ ასე ახალგაზრდებს…
ჩემთან უბანში დევნილები ცხოვრობენ და ზოგი მეუბნება, რომ რუსი მოსწონს. საკუთარი სახლებიდან რომ აყარა, იმათზე მეუბნებიან მომწონსო. არ ვიცი რა სჭირს ამ ხალხს. მოვკვდები და ამას არასდროს ვიტყვი. ყოველთვის ვამბობ, რომ რუსი ჩვენი მტერია.
ვფიქრობ, უფრო შიში აქვთ რუსის, ვიდრე სიყვარული, რადგან ამბობენ – „რას იზამ, ბომბი რომ დაგიშინონო“. აბა რა გინდათ, დავუჩოქოთ, რუსებს მივცეთ ქვეყანა-მეთქი?
იცით, რამდენი ნანობს აფხაზეთში ჩვენს აქეთ წამოსვლას? იმიტომ, რომ უარესი ცხოვრება აქვთ დღეს. თავიანთ ენაზეც კი ვეღარ ლაპარაკობენ ახალგაზრდები. ეგონათ კარგად იცხოვრებდნენ, მაგრამ უარესი მიიღეს. მათაც ასე ატყუებდნენ რუსები.
განა ჩვენი წინაპრები ყოველთვის არ იბრძოდნენ? მაგრამ ის აქვთ ჩაჭედილი ტვინში, რასაც „ოცნება“ იმეორებს.
ამხელა უბნიდან ორი ადამიანი დავდივართ მარტო აქციაზე, წარმოგიდგენიათ? „ჰე, წავიდა მიტინგა“ – ასე მომაძახებენ ხოლმე, დამცინიან.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე
71 წლის ქალი ვარ და ხალისით დავდივარ აქციაზე, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის ვიბრძვი. ქვეყნის ბედი მადარდებს, თორემ ჩემი ცხოვრება ისედაც გაილია. მინდა ახალგაზრდებმა მაინც იცხოვრონ ევროპაში.
ევროპაში გვექნება მშვიდობაც, რადგან ომი მარტო რუსეთს უნდა. ან როდის იყო, რომ ქართველები სადმე ომს ვიწყებდით. ან რა ენა უტრიალდებათ ანწუხელიძის გმირობას რომ აუფასურებენ.
მე ბოლომდე ვიბრძოლებ, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, უბრალოდ. ღამეებიც მაქვს ნათენები, მოწამლულიც ვარ გაზისგან, ფეხქვეშაც გამიგდეს პოლიციელმა, მაგრამ სულ ვიძახი, რომ მე ჩემი დრო მოჭმული მაქვს, აქ ახალგაზრდების მომავლისთვის ვდგავარ.
რუსების ხელში ერთი დღე არ მინახავს. ვიბრძვი, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს და ასე ვიქნები ბოლომდე ახალგაზრდების გვერდით.
ისეთ სიკვდილს ვნატრობ, ქვეყნის დარდი რომ არ გამყვეს, რომ გული მქონდეს კმაყოფილი იმით, რომ რუსებს მოვიშორებთ და ვიქნებით ევროპაში. მაშინ გვექნება წესიერი ჯანდაცვა, წესიერი პენსია და წესიერი სასამართლო. არა ისეთი უსამართლო სასამართლო, როგორც დღეს გვაქვს.
არ მინდა შემეშინდეს იმის, ქუჩაში როცა მივდივარ პოლიციელმა დაცვის ნაცვლად თავში არ ჩამარტყას. კარგი ცხოვრება მინდა რომ გვქონდეს.
მეც შემიძლია სახლში ჯდომა, მაგრამ ვერ დავჯდები, ახალგაზრდების გულისთვის ვიბრძვი.
უნდა გამოფხიზლდნენ ადამიანები და გამოვიდნენ საბრძოლველად. ერთი გოგო მეუბნება, ბებო, სულ გხედავ, როგორ დადიხარ აქციაზე და მეც მომეცი მოტივაცია, ვნანობ, რომ ცხრა თვე სახლში ვიჯექი და აწი სულ ვივლიო. ძალიან გამიხარდა, რომ ვიღაცისთვის მაინც ვარ მაგალითი.
ერთ-ერთი აქციის მონაწილეს დაბადების დღე ჰქონდა და ტორტი გავუკეთე. ვუთხარი, როცა გავიმარჯვებთ, უფრო დიდ ტორტს გამოვაცხობ-მეთქი. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. აუცილებლად.
4 ოქტომბერს ბევრ ხალხს ველოდები საპროტესტო აქციაზე. ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეთ. მე მაშინ დავმშვიდდები, როცა „ოცნება“ წავა და ეს ქვეყანა აყვავდება. ივანიშვილის გარეშე, რა თქმა უნდა“, – ამბობს აზა ჩილაჩავა.
__________________
მთავარ ფოტოზე: აზა ჩილაჩავა/ფოტო: მარიამ ნიკურაძე.






