ბათუმში დაკარგულ კაცს ეძებენ

ოჯახი 36 წლის საბა ხარებავას ეძებს.

ოჯახის ინფორმაციით, საბა ხარებავა 13 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში დაიკარგა. ამ დღის შემდეგ ის ოჯახს აღარ დაჰკავშირებია.

„ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები.

გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის.

თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია — თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“ – ნათქვამია საბა ხარებავას ოჯახის განცხადებაში.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555 455 670 ან 558 656 911

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, შეტყობინება დაკარგული პირის შესახებ უწყებაში შესულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

რას წერს თურქული მედია სარფის საბაჟოზე შეფერხებების მიზეზზე

სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

თურქული მედიის თანახმად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტექნიკური შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს დაზიანებული სამგზავრო ესკალატორებია.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თურქი ოფიციალური პირები თურქულ მედიასთან ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მძიმე ტვირთს ასახელებენ, რომელსაც საზღვარზე თვითდასაქმებულები აწყობენ.

„როგორც ირკვევა, მგზავრები და მოვაჭრეები ხშირად ათავსებენ მოძრავ ბილიკებსა და კიბეებზე იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე დასაშვებია, რაც ტექნიკური გაუმართაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ესკალატორები შეგნებულად დააზიანეს. ოფიციალურ პირების ცნობით, ზოგიერთ პირს შეგნებულად გამოჰყავს მწყობრიდან ეს სისტემები, რათა შემდეგ მგზავრებს მძიმე ბარგის ტარებაში ფული გამოართვან, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა,“ – წერს თურქული მედია.

სარფის საბაჟოს სერვისებით წლის განმავლობაში მილიონობით მოქალაქე სარგებლობს.

სარფის საბაჟოდან პერიოდულად არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც საბაჟოზე არსებულ გრძელ რიგებს ასახავს.

ლავროვის მორიგი ტყუილი: კრემლის მიზანი ყირიმის და დონბასის მიტაცება არ ყოფილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“ და მისი „მთავარი ამოცანა რუსი ხალხის დაცვა იყო“.

„ჩვენ არასდროს გვისაუბრია იმაზე, რომ რაღაც ტერიტორიების მიტაცება გვჭირდება. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი.

ჩვენი მიზანი იყო იმ ხალხის, რუსი ხალხის დაცვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწებზე, რომელმაც აღმოაჩინეს ეს მიწები, მათთვის სისხლი დაღვარეს, როგორც ყირიმში, ასევე დონბასში და შექმნეს ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა – პორტები, ქარხნები, ფაბრიკები“ – ციტირებს ლავროვს რუსული სააგენტო „ტასი“.

ამავე დროს, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – ლავროვმა გამოიყენა სიტყვა სამუშაო. „ჩვენ არ ვამბობთ უარს რაიმე სახის სამუშაოზე – არც ორმხრივზე და არც სამმხრივზე, პრეზიდენტმა [პუტინმა] ეს არაერთხელ განაცხადა“ – თქვა ლავროვმა.

ორივე შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტყუის.

უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული. იმავე, 2014 წელს, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატისტების მიერ.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო უკრაინაში, მას შემდეგ, როდესაც პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ უკრაინაში.

რაც შეეხება რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების მოლაპარაკებას  რუსეთის თავდასხმის შემდეგ – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

ამავე თემაზე:

ტრამპმა პუტინს დაურეკა, ვაშინგტონში მოლაპარაკებები დასრულდა – რა გავიგეთ ამ დრომდე 

აგვისტოში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისთვის 25 პირი დააჯარიმეს

მოქალაქეები ძველ ბათუმში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილება მხოლოდ ახალ ბულვარში დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიამდეა დაშვებული, დარღვევების შემთხვევები ძველ ბათუმში მაინც ფიქსირდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის 25 პირი დააჯარიმეს.

საერთო ჯამში სხვადასხვა დარღვევისთვის ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა 70 დარღვევა გამოავლინა გასულ კვარტალში, თუმცა არ ვიცით, აქედან რამდენია ჯარიმა მოძრაობის წესის დარღვევისთვის.

ბულვარში დადგენილი წესების კონტროლს მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილის, სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, ზაფხულში მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები გახანგრძლივებული დროით, ღამის 12 საათამდე მუშაობენ, რადგან ამ დროს დარღვევების რაოდენობა იმატებს.

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება 2019 წლიდან არის აკრძალული. მაშინ ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო, იმ მოტივით, რომ კვადროციკლის შეჯახების გამო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, დაშავდნენ.

შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ ვრცელდება, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.

„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, მას ტელეფონი არ აქვს“ – კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 19 აგვისტოს, „ტვ პირველთან“ თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია, რადგან რიჟვაძეს „ტელეფონი არ აქვს“.

„მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს.

თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი მიმართულებით.

რაც შეეხება გამოძიებას –  ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რომელიც არსებობს, შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან და ამ კადრების გასაჯაროებას ვერაფერი დაუდგება წინ, ეს არის ისეთი კადრები, რომელიც უშუალოდ ამ შემთხვევას, უშუალოდ არ ასახავს, თუმცა შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, საზოგადოებისთვის.

დაინტერესდით პროკურატურასთან და გაგიზიარებენ“ – თქვა კობახიძემ.

  • რა ხდება?

7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული.

მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ოჯახის დაცვას სთხოვდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში, ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსის, ალექსი ახვლედიანი სახლში სცადა.

სამართალდამცველებმა ახვლედიანი იმავე დღეს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.

თორნიკე რიჟვაძეს პირველი სასწრაფო ოპერაცია საგარეჯოს კლინიკაში გაუკეთეს, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან თორნიკე რიჟვაძე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტა, ოჯახის მოთხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

თანამდებობის დატოვებიდან მალევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძეს „ფულს სთხოვდნენ“ და არაოფიციალურად დაკავებული ჰყავდათ მამამისიც, დავით რიჟვაძეც.

9 ივლისს არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა,  იქ მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია.

10 ივლისს კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „მას და მის მეგობრებს“ „არავითარი პრეტენზია არ აქვთ“.

საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი წელს რუსეთში გავიდა – 7 თვის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი რუსეთში გავიდა – 385,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.

ამ კუთხით მეორე ადგილზეა თურქეთი – 175,2 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე – ჩინეთი – 168,8 მილიონი აშშ დოლარი.

„2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე], 70,8 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 202.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.6 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 144.8 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი],

ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 122.3 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი]“ – წერს საქსტატი.

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ [არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე] 3,84 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, „ადგილობრივი ექსპორტი [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე], მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა და 1,74 მილიარდი აშშ დოლარს გაუტოლდა“ – წერს საქსტატი.

საქსტატის მონაცემებით:

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში [ადგილობრივი ექსპორტის ჩათვლით] 79.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი [815.5 მლნ. აშშ დოლარი], ყაზახეთი [494.8 მლნ. აშშ დოლარი] და რუსეთი [412.0 მლნ. აშშ დოლარი].

2025 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 478.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 202.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 148.1 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).

რაც შეეხება იმპორტს – 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ყველაზე მეტი საქონელი შემოტანილია თურქეთიდან [1 556.2 მლნ. აშშ დოლარი], აშშ-დან [1 553.1 მლნ. აშშ დოლარი] და რუსეთიდან [1 087.5 მლნ. აშშ დოლარი].

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 058.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 727.6 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 7.1 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელები [ხელით შესრულებული] 481.3 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 4.7 პროცენტი].

———-

მთავარი ფოტო: გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ / „ბათუმელების“ არქივიდან

 

ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან

აჭარაში ინვესტორები ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არაფინანსური აქტივების ნაწილში გეგმა ისევ ვერ შეასრულა.

ორი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ამჯერად შესრულების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო წინა წლებში. 2025 წლის 2 კვარტლის გეგმა 68 მილიონი ლარი იყო ფაქტობრივი შესრულება 4 მილიონი ლარია.

არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

სამინისტროს განმარტებით, ქონების გასხვისების მიზნით აუქციონები გამოაცხადეს, თუმცა უშედეგოდ. ინტერესი არავის დაუფიქსირებია განმეორებით აუქციონებზეც.

ამას ემატება ისიც, რომ ინვესტორების ნაწილი, რომლებმაც სახელმწიფოსთან ვალდებულებები გასულ წლებში აიღეს, ამ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. ზოგს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა არაერთხელ გადაუვადეს.

წინა წლების გამოცდილებით ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო. აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2024 წელს შეასრულა, ვერც 2023 და 2022 წელს, თუმცა, მიუხედავად ასეთი შედეგებისა, საპროგნოზო მაჩვენებელში ციფრები მაინც გაზარდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ აქ საქმე გვაქვს არამხოლოდ შესრულების, არამედ დაგეგმვის პრობლემასთანაც. როგორც ჩანს, მთავრობას მაღალი პროგნოზები ბიუჯეტის ხელოვნურად გაზრდისთვის და ციფრებით მანიპულირებისთვის სჭირდება. გაზრდილ ბიუჯეტზე მთავრობა გასულ წელსაც აპელირებდა.

აჭარის მთავრობა მკაცრი რეკომენდაციის მიუხედავად, ბიუჯეტში ციფრებს ხელოვნურად რომ ზრდის, ამაზე სახელმწიფო აუდიტიც წერდა.

აუდიტი გასული წლის ბოლოს, ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც წერდა, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი ფულადი რესურსით გეგმავს. ეს წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.

ამის გათვალისწინებით აუდიტი მკაფიო რეკომენდაციას აძლევდა აჭარის მთავრობას, ყურადღება მიექცია ფინანსური რესურსის დროული ათვისებისთვის, რომ საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი წლის ბოლო თვეში არ დახარჯულიყო და არ გაზრდილიყო ნაშთი გადასახდელების გეგმის შეუსრულებლობის გამო.

აუდიტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მხარჯავმა დაწესებულებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ პროექტების განხორციელების მიმდინარეობის როგორც წინა გამოცდილება, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და ამაზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, იმისათვის, რომ ოპტიმალურად გადანაწილდეს თანხები და 2025 წლის ბოლოს მოცულობითი საბიუჯეტო რესურსი აუთვისებელი არ დარჩეს.

„მიუხედავად ამისა, აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა ფიქსირდებოდა 2022 და 2023 წლებში. იგივე ვითარებაა 2024 წლის ბოლოსაც“ – წერს აუდიტი. 

ბათუმში ელექტროსკუტერები ისევ ქაოსურად მოძრაობენ – მერიამ რეგულაცია ვერ შეიმუშავა

ბათუმის მერია ქალაქს ელექტროსკუტერით მოძრაობის რეგულაციების შემუშავებას 2024 წელს დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. 2025 წლის აგვისტოში მერიაში პასუხი არ აქვთ კითხვაზე – ამ დრომდე რატომ ვერ შეიმუშავეს ელექტროსკუტერით მოძრაობის წესები ქალაქში.

ბათუმში წელს ელექტროსკუტერების რაოდენობა გაიზარდა და მათი მოძრაობა კიდევ უფრო ქაოსური გახდა.

ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები ელექტროსკუტერს სამსახურში მისასვლელადაც კი იყენებენ, თუმცა ტროტუარებზე არსებული ქაოსის გამო, რასაც არასწორი პარკირება და სხვადასხვა ბარიერები იწვევს, მათაც ისევე უჭირთ გადაადგილება, როგორც ველოსიპედის მომხმარებლებს.

არის შემთხვევები, როცა ელექტროსკუტერით მოსარგებლეები ქალაქის ქუჩებში, ტროტუარებზე, სწრაფად მოძრაობენ და ასეთ დროს ქვეითად მოსიარულეს სწრაფი რეაქცია სჭირდება იმისთვის, რომ მათ თავი აარიდოს. საფრთხის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ელექტრომოწყობილობებით სწრაფი გადაადგილება არაერთი ავარიის მიზეზიც გახდა, რის გამოც ბულვარში სასეირნოდ გასულმა ადამიანებმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღეს.

სწორედ ამ შემთხვევებს ასახელებდა რეგულაციის შემოღების აუცილებლობის მიზეზად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც შეზღუდვის შემოღების ინიციატორი იყო.

უსაფრთხოების წესების შესაბამისად, ელექტროსკუტერით გადაადგილება რეკომენდებული არ არის არასრულწლოვანებისთვის, ასევე – არაფხიზელ მდგომარეობაში. საჭიროა ჩაფხუტის ტარება და ასე შემდეგ, თუმცა ამაზე კონტროლს არავინ ახორციელებს.

ელექტროსკუტერებით გადაადგილებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების აუცილებლობაზე გასულ წელს ბათუმის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზეც ისაუბრეს. ამ სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც, რომელიც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ამ მიმართულებით რეგულაცია აუცილებლად შესამუშავებელია. მან სხდომაზე განაცხადა, რომ ამაზე მერიაში იმუშავებდნენ.

თუმცა, 2024 წლის 31 მაისს ბათუმის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, „ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების წესის“ რამდენიმე მუხლი 2025 წლის იანვრამდე შეაჩერა, შემდეგ ეს ვადა კიდევ გააგრძელეს.

ამ ცვლილების მიხედვით ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაუშვეს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტროტრანსპორტის, მხოლოდ სამბორბლიანი ელექტროსკუტერის გადაადგილება.

გარკვეული შეზღუდვების შეჩერების ინიციატორი ამ შემთხვევაშიც ბათუმის ბულვარი იყო. საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, ამ მოთხოვნით მერიას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა.

ზელენსკიმ გაასაჯაროვა უსაფრთხოების გარანტიებზე საკუთარი მოთხოვნების დეტალები

აშშ-ში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა. ზელენსკი არ ელის, რომ „გადაწყვეტილების მიმღები კოალიციის“ ყველა მონაწილე უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის.

ზელენსკის თქმით, მის მიერ მომზადებულ პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, გარკვეულ ვალდებულებებს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს აკისრებს, რომლებიც ნებაყოფლობით შეუერთდნენ ე.წ. „გადაწყვეტილების მიმღებ კოალიციას“.

„ჩვენ ვილაპარაკებთ 30 ქვეყანაზე (კოალიციის მონაწილეებზე – ევროპარლამენტი). და ჩვენ ვისაუბრებთ, ამ ქვეყნებიდან  რეალურად ვინ, რას შეძლებს შემოგვთავაზოს,“ – განმარტა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის აცნობიერებს, რომ ამ ქვეყნების წვლილი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული იქნება.

„ვიღაც ალბათ მზად იქნება ისაუბროს სამხედრო კონტინგენტით მონაწილეობაზე, ვიღაც – დაზვერვაზე, ვიღაც – ზღვაზე, ვიღაც – ცის უსაფრთხოებაზე. ვიღაცას არ აქვს საკონსტიტუციო უფლება (სხვა სახელმწიფოებისთვის უსაფრთხოების დახმარების გაწევის), მაგრამ შეუძლია დააფინანსოს თავდაცვის ძალებისთვის საჭირო სამხედრო-ინდუსტრიული პროდუქციის წარმოება,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მან პარტნიორებს უკრაინის საერთო ხედვა გააცნო და ეს „მომდევნო 7-10 დღეში ფორმალურ სახეს მიიღებს“.

უკრაინული ხედვის აღწერისას, ზელენსკიმ ორი ძირითადი ელემენტი გამოყო – ფინანსურ-მატერიალური და უსაფრთხოების ვალდებულებები.

„უსაფრთხოების გარანტიების ჭრილში საჭიროა დამატებითი ფინანსები. ვაპირებ ამ თანხების მოძიებას. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ ამისათვის ფინანსური წყარო გვესაჭიროება“, – აღნიშნა მან.

„ფინანსურ კომპონენტში ასევე შედის ფინანსების შემოდინება, რაც უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდება, რათა უსაფრთხოების საჭირო დონე შეინარჩუნოს. თუმცა, შესაძლებელია დისკუსია იმის თაობაზე, კონკრეტულად რომელ კომპონენტს დააფინანსებენ პარტნიორები. მაგალითად, თუ ჩვენ საკუთარი გადასახადებიდან დავაფინანსებთ თავდაცვის ძალების ხელფასებს, მაშინ თავდაცვითი წარმოებისთვის ძლიერი დაფინანსება დაგვჭირდება,“ – განმარტა ზელენსკიმ.

ფინანსური კომპონენტის მეორე ელემენტია ამერიკული შეიარაღება, რომელსაც ითხოვს უკრაინა. „ამაში შედის თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა. ამ პაკეტში ნამდვილად შედის ჩვენი წინადადება 90 მილიარდ დოლარზე,“ – თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

„მესამე ნაწილი – ეს ჩვენი დრონების წარმოებაა. უკვე გვაქვს შეთანხმება აშშ-სთან, რომ როდესაც ჩვენი ექსპორტი გაიხსნება, ისინი უკრაინულ დრონებს შეიძენენ,“ – დაამატა მან.

გარდა ამისა, უკრაინამ პარტნიორებს გადასცა საკუთარი ხედვა უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ – „როგორ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიები, რომელი ძალები იმოქმედებენ უკრაინის დასაცავად აგრესიის განმეორების შემთხვევაში.“

ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საკითხზე დეტალურ კომენტარს თავი აარიდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 071 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 11 118 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 148 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 31 698 ერთეული [+66]
  • MLRS – 1 470 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 208 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 51 894 ერთეული [+209]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 060 ერთეული [+123]
  • სპეცტექნიკა – 3 943 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 78 100 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 643 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 587 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 660 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 862 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ გაასაჯაროვა უსაფრთხოების გარანტიებზე საკუთარი მოთხოვნების დეტალები

ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის წლინახევრის ბავშვი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების მიზანია ჩატყდეს ხიდები ევროპასთან. პროპაგანდამ მენტალური ნაგავი ზედაპირზე ამოიტანა“ – ინტერვიუ

„არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე იქნება არიდებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე.

როგორ აშორებს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირს, დასავლეთს და რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა ამ დაშორების პრევენციისათვის – ეს არის საკითხები, რომელზეც „ბათუმელები“ ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

ვიქტორ ყიფიანი
  • ბატონო ვიქტორ, როგორ გვაშორებს „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლება ევროპას და პირადად თქვენ რა ნიშნებს ხედავთ?

ეს დაშორება ორი მთავარი მიმართულებით იკვეთება. პირველი – ევროკავშირის მხრიდან, გარკვეული რეკომენდაციები, გნებავთ მოთხოვნებიც, რომელთა დაკმაყოფილებაც, უკეთ რომ ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება, ჯიუტად, თანმიმდევრულად და ღიად არ სრულდება „ქართული ოცნების“ მხრიდან.

მაგრამ მთავარი მიზეზი, ჩემთვის გარდა დასახელებულისა, არის ქართული სახელმწიფოს დისფუნქცია, მისი ამოგდება რეგიონული თუ არამარტო რეგიონული პროცესებიდან, საქართველოს როლის დაკნინება და შესაბამისად ჩვენი საერთაშორისო პოზიციებზე ჩვენი ხმის დადუმება. ამას ემატება ასევე ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების განცდის მოშლა, ეკონომიკური წინსვლის, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების არარსებობა.

მე ხაზს ვუსვამ – ინკლუზიურს, ვინაიდან ციფრობრივად ჩვენ კი გვაფარებენ ხოლმე სხვადასხვა ვარდისფერ სტატისტიკას, მაგრამ ერთი არის სტატისტიკა და მეორეა სტატისტიკის მიღმა რეალური სურათი და განცდა იმისა, რომ საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს, თუ ნებისმიერ სხვას, დღეს კანონი ძალიან შერჩევითად იცავს.

განცდა იმისა, რომ არ ხარ უზრუნველყოფილი არც ფიზიკური, არც ეკონომიკური და არც სოციალური უსაფრთხოებით, პირდაპირ და უშუალოდ ურტყამს სახელმწიფოებრიობის განცდას და სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს.

რომ შევაჯამო, ორი მიმართულებით ჩანს, რომ ვშორდებით ევროპას:

ერთი არის საგარეო მიმართულებით ჩვენი ანგარიშვალდებულება, ამ სიტყვის სწორი გაგებით, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც არაფერს არ მოითხოვენ ჩვენგან გარდა ერთისა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ბევრად უფრო წელში გამართული, ვიდრე ის დღეს არის.

მეორე მიმართულება არის ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეების წინაშე, საკუთარი მოსახლეობის წინაშე, რაც პირველზე ნაკლებმნიშვნელოვანი არ არის და შეიძლება ითქვას, უფრო მეტიც არის.

აი, ასე შეიძლება ალბათ შეჯამდეს ჩვენი დაშორება ევროპისგან, იმიტომ, რომ ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ევროპა არ არის მხოლოდ ევროპული სამართალი, ევროპა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუტები, ევროპა პირველ რიგში ჩემი გაგებით, ეს არის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ და აი ამ დამოკიდებულებაში სწორედ ჩვენ ვხედავთ ყველაზე მთავარ დაშორებას ევროპისგან.

  • დღეს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. თქვენთვის პირადად, რამდენად რეალურია ეს საფრთხე? რას არ აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი?

ეს საფრთხე არათუ რეალურია, არამედ პრაქტიკულად, ფაქტობრივად უკვე შემდგარი მოვლენაა, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ იურიდიული გაფორმება სჭირდება.

ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ არანაირი ნიშანწყალი ამ წუთისათვის, რომელიც გვეტყვის ან მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია აპირებს რამენაირად სიტუაციის იმგვარად შეცვლას, რომ კურსი გაიხსნას ევროპისაკენ, არ არის.

უფრო მეტიც, არათუ არ არის, არამედ დაწყებული რიტორიკით, გაგრძელებული კანონმდებლობით, დასრულებული, გნებავთ, ინსტიტუციური სიმრუდით, „ქართულ ოცნებას“ და მასთან დაკავშირებულ ინტერესთა ჯგუფებს საკმაოდ თანმიმდევრულად, ჯიუტად, მათი გაგებით, შეურყევად მივყავართ სწორედ ამ ფაქტობრივი მოვლენის იურიდიულ გაფორმებამდე.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ, ზეგ მოხდება რაიმე სასწაული და ეს კურსი შეიცვლება, მიდგომა გაჯანსაღდება, ევროპული პერსპექტივა სულ მცირე ახლო მონაკვეთში გაიხსნება ამათ ხელში.

ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენ რეალისტურად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მკითხველს და ვუთხრათ, რომ ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილია [ვიზალიბერალიზაციის გაუქმება].

ერთადერთი რაც რჩება ამ გზაზე, არის ევროკავშირის მხრიდან ფორმალური, სამართლებრივი გაფორმება ამ გადაწყვეტილების.

დავასრულებ კიდევ ერთხელ იმით, რომ არანაირი პერსპექტივა, მოციმციმე ან გნებავთ არამოციმციმე, „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, რომ ეს საფრთხე იქნება არიდებული არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში მე ამის ობიექტურ ნიშნებს ვერ ვხედავ და სამწუხაროდ, მგონია, რომ არ ვარ უმცირესობაში.

  • გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის იქითკენ, რომ გაგვიუქმდეს უვიზო მიმოსვლა?

ბოლო პერიოდი საერთოდ იმ აზრზე ვარ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცალკე ვიზალიბერალიზაციის, უვიზო რეჟიმის ან სხვა, კონკრეტული საკითხები.

ეს არის ერთიანი პოლიტიკური კურსის შემადგენელი ელემენტები და ეს ერთიანი პოლიტიკური კურსი, „ოცნების“ მხრიდან, მიმართულია იქითკენ, რომ ჩატყდეს წლების განმავლობაში ნაშენები ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ევროატლანტიკურ ერთობას შორის. აქაც, როდესაც ჩვენ ხიდის ჩატეხაზე ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, ორი ტექნიკურ-შინაარსობრივი ფორმა წარმომიდგენია.

პირველი, რომ საკუთრივ ევროკავშირს ვათქმევინოთ, („ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან ვამბობ), რომ ევროკავშირი გადაიღალა საქართველოთი და თვლის საქართველოს, როგორც უპერსპექტივო ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

ეს არის ერთი ფორმა ხიდის ჩატეხის ფორმალური გაფორმების, ხოლო მეორე ვარიანტია, როდესაც „ქართული ოცნება“ თავად მოახდენს ამის დეკლარირებას.

კი, ახლა ვინმე შეიძლება შემომედავოს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ამის მოწმენი ვართ და მე ამაში აბსოლუტურად დავეთანხმები, მაგრამ ამ კურსის გაფორმებას სჭირდება ფორმალური დეკლარირება. გავბედე და ჩემს თავზე ავიღე კიდევაც ასეთი პროგნოზი, რომ ჩვენ წლის ბოლოსათვის, მაღალი ალბათობით, ასეთი დეკლარირების მოწმენი გავხდებით.

ეს იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ მმართველობის სადავეები ისევე უპირობოდ იქნება „ქართული ოცნების“ ხელში, როგორც ეს დღეს არის.

  • რა მიზანი ან სარგებელი აქვს „ოცნებისთვის“ ამ იზოლაციას? რატომ უნდათ ქვეყნის ჩაკეტვა, დასავლური სამყაროსგან იზოლირება?

ჩემი ახსნა არის ბანალურად სადა და მარტივი. რა არის ევროპული პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცე? ეს არ არის მხოლოდ მხოლოდ გეოგრაფია. ეს არის გარკვეული პრინციპების ერთობა. ამას ხშირად ვეძახი დასავლურ მატრიცას.

ეს რა არის?

ეს არის სამართლის უზენაესობა, ეს არის გამართული არჩევნები, ეს არის ღია პლურალისტური საზოგადოება, ეს არის რეალურად მიუკერძოებელი მედია, ეს არის ინკლუზიური ეკონომიკა და მრავალი სხვა, რომელიც ქმნის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისათვის აბსოლუტურად გაურკვეველ გარემოს.

და თუ პოლიტიკური ძალა კონცენტრირებული არის არა ამ პრინციპების განვითარებაზე, რომელიც თანხვედრაში არის ქვეყნის განვითარებასთან, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მაშინ ეს ყველაფერი, რაც ახლა მე ჩამოგითვალეთ, ხელშემშლელია.

ხელშემშლელია, თუ შენ ჯანმრთელად არ უდგები პროცესს, თუ შენს აუდიტორიას, შენს ამომრჩეველს, ან გნებავთ სხვა პარტიების ამომრჩეველს, შენს საზოგადოებას, არ ესაუბრები პატიოსანი პოლიტიკური ენითა და კულტურით.

ამდენად, თუ ევროკავშირი გიქმნის საფრთხეს, თუ არ შეიცვალე, თუ არ ტრანსფორმირდი, თუ არ იცვალე ფერი, სტილი, მეთოდი, მაშინ დაკარგავ ძალაუფლებას. რადგან ვერ იქნები კონკურენტუნარიანი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში და მაშინ შენ ეს ხელშემშლელი გარემოებები უნდა ამოშანთო.

არის კიდევ მეორე ვერსია, რომელიც შედარებით უფრო კონსპიროლოგიური ხასიათისაა. ეს პროცესები, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ, მხოლოდ შიდაქართული წარმოშობისაა თუ ხომ არ არის ამ პროცესებში ასევე გარედან თანამონაწილეობა?!

იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში ხდება, რაც უკრაინაში ხდება, ალბათ ჩვენ მივადექით იმ ეტაპს, როცა ასეთი დაშვებაც შეგვიძლია გავაკეთოთ.

  • ბოლოს გკითხავთ საქართველოს თითოეული იმ მოქალაქის როლზე, რომელსაც უნდა ევროპა, აირჩია ევროპა და ახლა იცავს თავის ევროპულ მომავალს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ახლა მოქალაქემ, რომ ვერ გაბედოს მთავრობამ საბოლოოდ ევროპულ მომავალზე უარის თქმა?

ახლა უნდა ვიყო ძალიან კრიტიკული და თვითკრიტიკულიც. ჩავთვალოთ, რომ ის კრიტიკა, რომელიც გაჟღერდება ჩემს პასუხში, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართაც არის.

მე პირადად, რაღაც ეტაპზე შემექმნა ილუზორული წარმოდგენა, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით შეუქცევადად, როგორც პროევროპული საზოგადოება.

ახლა, როცა პროევროპულს ვამბობ, ეს ევროპა თვითმიზანი არ არის. ეს არის ის რესურსები, რამაც შეიძლება ჩვენი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს და ადამიანის როლი, მისი მნიშვნელობა და ღირებულება გამოკვეთოს სახელმწიფოსთან მიმართებაში.

ამიტომ ვარჩევთ ჩვენ ევროპას, ამიტომ ვარჩევთ ჩვენ დასავლეთს და არა, ეს არ არის გემოვნების საკითხი, ეს არ არის რაღაც აკვიატება, ასე ვთქვათ.

იმ პროპაგანდის პირობებში, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ, აღმოჩნდა, რომ ჩვენში თურმე ძალიან იოლად ყოფილა შესაძლებელი საბჭოთა წარსულის გაღვიძება. ძალიან მტკივნეულია იმის აღიარება, რომ ჩვენ თურმე ბოლომდე არ განვთავისუფლებულვართ იმ წარსულისგან, რასაც საბჭოთა წარსული ჰქვია. თურმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, მიდრეკილი ყოფილა შემგუებლობისაკენ, მიდრეკილი ყოფილა, ცხოვრებაში იოლი გზების ძებნისაკენ. 

ჩვენ რუკაზე ფერი კი ვიცვალეთ, თითქოსდა მივდიოდით წინ, თან არც თუ ცუდად, მაგრამ პირველწყარო ჩვენი პრობლემებისა სადღაც მაინც დარჩა.

ამ ბოლო წლებმა პრაქტიკულად გააშიშვლა ეს მიძინებული თვისებები. პროპაგანდამ, აგიტაციამ და სხვადასხვა ხერხებმა, ეს მენტალური ნაგავი წამოწია და ზედაპირზე ამოიტანა. და ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით ისევ იგივე დილემის წინაშე: საით წავალთ ხვალ?

წავალთ, უფრო სწორედ, გავაგრძელებთ იმ გზას, რომელსაც ავად თუ კარგად მივუყვებოდით ბოლო მინიმუმ ორი ათეული წლის განმავლობაში? თუ ისევ გადავიჩეხებით იმ წარსულში, რომელსაც ჰქვია მენტალური საბჭოეთი, მენტალური კოლონიალიზმი?

ამაში უნდა გამოვუტყდეთ ჩვენ თავს, რომ ჩვენ შეიძლება შევქმნათ მეტ-ნაკლებად გამართული მართლმსაჯულების სისტემა, მეტ-ნაკლებად გამართული პოლიცია, მეტ-ნაკლებად გამართული ეკონომიკური ინსტიტუტები, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ კი ჯერ კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, არის გონებაში მოსახდენი მენტალური ცვლილება.

გამოჩნდა, რომ ჩვენს მენტალურ დამოკიდებულებაში ნახტომი, ჯერ კიდევ არ მომხდარა და ეს აუცილებლად მოსახდენია, რომ წარსულთან ჩვენი ბმა და კავშირი საბოლოოდ გავწყვიტოთ.

რას უპირებს ნარკომომხმარებლებს „ოცნება“ რუსული მოდელით – „ყირიმის მაგალითი გველის“

„ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმაც, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა.

ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. იგი სამედიცინო ცენტრის „ურანტის“ ხელმძღვანელია და მას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობა კერძო სამედიცინო ცენტრებში შესაძლებელი აღარ არის.

რა განზრახვა აქვს „ოცნების“ მთავრობას, რა იცვლება ამით? – „ბათუმელებმა“ ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ზურაბ, კონკრეტულად რა იცვლება ოპიოდური დამოკიდებულების ჩანაცვლების პროგრამაში? – საუბარია პაციენტებზე, რომლებსაც მეტადონის ნაცვლად სხვა პრეპარატებით მკურნალობენ. 

მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ამ დრომდე 3500 კაციდან 47 % გადავიდა მხოლოდ. ბევრი პაციენტი მისვლისთანავე წამოვიდა უკან.

სამწუხაროდ, 50 % ამ ადამიანებისა რჩება ქუჩაში. გააგრძელეს პროგრამაში რეგისტრაცია 22 აგვისტომდე და შეიძლება კიდე 100 კაცი მიემატოს, ვინც ვერ უძლებს და ჩაეწერება ალბათ.

ეს ტენდენცია, ზოგადად, მიუთითებს იმაზე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროგრამას მთავრობა არ განიხილავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პროგრამები საერთოდ დაიხურება. განცხადებები, რომ ეს პროგრამა განკუთვნილია განკურნებასა და გამოჯანმრთელებაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს – შესაძლოა, რაღაც ახალი აქვთ მოგონილი და ნობელის პრემიაზე წარადგენენ, არ ვიცი.

  • თუმცა კერძო სამედიცინო ცენტრებში ეს ადამიანები თავად აფინანსებდნენ საკუთარ მკურნალობას, ახლა მათ უფასოდ უმკურნალებენ. 

აქამდეც იყო უფასოდ ხელმისაწვდომი იგივე პროგრამები, მაგრამ არ მიდიოდა ხალხი. როცა იცი, რომ პროგრამა უფასოა, რატომ არ მიხვალ და არ ჩაერთვები, თუ ყველაფერი კარგად არის იქ?

ჩანაცვლებითი თერაპიის 90 %-ს აკონტროლებდა სახელმწიფო, კერძო პროგრამებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ხელმისაწვდომი იყო მაღალი დონის სერვისი, გეოგრაფიულად გაშლილი იყო. სახელმწიფოსგან არანაირ კაპიკს არ იღებდა ეს პროგრამები.

სახელმწიფო დაახლოებით 7 მილიონ ლარს ხარჯავს წლის განმავლობაში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. საიდან დაიხარჯება თანხები ახალი მომხმარებლებისთვის? – მაგას არავინ ამბობს. ესეც გაუგებარია ამ დროისთვის.

  • თქვენ ახსენეთ კონფიდენციალურობა. რა ხარისხით იყო დაცული კერძო ცენტრებში მომხმარებლის შესახებ პერსონალური მონაცემები? სახელმწიფო უწყებებისთვის – სუსთვის, ამ პირების შესახებ ინფორმაცია მაინც ცნობილი იქნებოდა. 

დიახ, ჩვენს ქვეყანაში ამის მტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი მხრიდან დაცული იყო მაქსიმალურად ამ პაციენტების მონაცემები.

კანონის მიხედვით, პაციენტს შეუძლია ანონიმურად გაიაროს ასეთი ტიპის მკურნალობა. ეს პროტოკოლი და კანონი ერთნაირია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროგრამისთვის.

  • რა თანხას იხდიდნენ ადამიანები კერძო სამედიცინო ცენტრებში? 

ეს იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა დოზას იღებდა პაციენტი, რამდენს იღებდა და ასე შემდეგ. დაახლოებით 500-800 ლარი გამოდიოდა თვეში.

ადამიანებს უღირდათ ამ თანხის გადახდა, რადგან არ უწევდათ რიგში დგომა, ჰქონდათ წვდომა ექიმთან, ფსიქოლოგთან. გარდა ამისა, ჰქონდათ დეტოქსის ჩატარების საშუალება. აქ დადიოდნენ დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, კარგ პოზიციებზე მუშაობენ, შეეძლოთ ამ თანხის გადახდა და დაცული მომსახურების მიღება. მათ ნამდვილად არ სურთ საკუთარი ვინაობის გამჟღავნება: საქართველოში როცა ადამიანი წამალდამოკიდებულია, ის კრიმინალთან არის ასოცირებული, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მიერ.

  • ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა კონკრეტული ბრალდებები კერძო პროგრამების მიმართ, მათ შორის ის, რომ, მაგალითად, ერთი და იგივე პირი ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებასო.

ასე სახელმწიფო პროგრამის უამრავი პაციენტი იყო ჩვენთან, რომელსაც ჩვენ ვავლენდით და ვუშვებდით უკან. ჯამში 15 000 პაციენტში 2 პროცენტამდე თუ იღებდა მომსახურებას ორ ცენტრში – სასაცილოა ეს ყველაფერი. მაგის პრევენციის მექანიზმებიც გვქონდა – იქ [სახელმწიფო პროგრამაში] სხვა პრეპარატია და აქ სხვა პრეპარატი.

  • რა იცვლება კონკრეტულად პაციენტებისთვის? მაგალითად, ვინც ბათუმშია და სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიით, ივლიან ნარკოლოგიურში, სადაც მეტადონიც გაიცემა?

დიახ. შეგიძლიათ მიხვიდეთ დილით და გადაიღოთ, რა ხდება: ინფრასტრუქტურა რა მდგომარეობაშია, რა სერვისს იღებენ სახელმწიფო პროგრამის პაციენტები, რა პირობებში უწევთ ექიმებს და ექთნებს მუშაობა, რა ხელფასი აქვთ?  პაციენტს ჰკითხეთ, რამდენჯერ ნახა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ექიმი, ან ფსიქოლოგი, როცა შეიძლება ხუთი წელი და რვა წელი იქ დადის?

ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება.

  • რატომ გაქვთ ეს განცდა, რომ ნარკომომხმარებლების სამკურნალო, ან სარეაბილიტაციო პროგრამები დაიხურება? 

აქეთკენ მიდის ყველაფერი. თუ ეს ნარატივი გაგრძელდა, აუცილებლად დახურავენ. ეს შეეხება მეტადონის პროგრამასაც.

მეტადონი ყოველთვის მხოლოდ სახელმწიფო პროგრამა იყო. ჩვენ გვქონდა ბუპრენორფინი ნალოქსონთან ერთად, რომელიც ზოგადად მსოფლიოში ნარკოტიკადაც არ ითვლება – მესამე ჯგუფშია, ფსიქოტროპული პრეპარატია და მას სხვაგვარი რეგულაცია აქვს კონტროლის.

  • რა ელის იმ პაციენტს სამართლებრივად, ვინც არ გადავა სახელმწიფო პროგრამაში? 

ვინც ქუჩაში დარჩება და მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკს, კანონი, მოგეხსნებათ, გამკაცრებულია – ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან… ფაქტია, რომ მიმართავენ შავ ბაზარს, რად უნდა ამას ლაპარაკი?

ისევ გაჩნდება ბაზარზე მძიმე ნარკოტიკები და გვექნება ის, რაც ხდება ამ დროს: ზედოზირება, ინფექციის გაზრდა, კრიმინალის გაზრდა, შავი ბაზრის გააქტიურება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მოქმედებს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა? როგორც ვიცით, რუსეთშიც გაუქმებულია მსგავსი ჩანაცვლებითი პროგრამები… 

რუსეთში არც არსებობდა ჩანაცვლებითი პროგრამები. ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა.

ზუსტად ეს ნარატივი აქვს რუსეთის მთავარ ნარკოლოგს და ზოგადად რუსეთის ნარკოლოგიას, რასაც დღეს ამბობს ჩვენი მთავრობა. რუსეთის ნარკოლოგია ამბობს, რომ ჩანაცვლებითი თერაპია არის ლეგალური ნაკომანია. ამას გვეუბნება საქართველოს მთავრობაც, რომ ჩვენ თურმე ნარკოტიკს ვაძლევთ იმას, ვისაც ეს არ სჭირდება, დიდხანს და განზრახ ვაჩერებთ პროგრამაში, კომერციული ინტერესები გვაქვს და წამლის გასაღება გვინდა. ეს ყველაფერი არის სრული ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს.

შეეძლოთ, ამ დრომდე შეემოწმებინათ ჩვენი საქმიანობა. წარმოიდგინეთ, 15 აგვისტოს უნდა შეჩერებულიყო ჩვენი საქმიანობა და 14-ში შეგხვდნენ – ფაქტობრივად, ტელევიზორიდან გავიგეთ, დახურვას რომ გვიპირებდა სამინისტრო. მანამდე სამინისტროს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენთან. ასე ხდება იმიტომ, რომ ტყუილს ამბობენ და თვითონაც იციან, რომ ამას ჩვენ ვხედავთ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთშიც კი არის  ჩანაცვლებითი თერაპია. ბელარუსშიც არის ჩანაცვლებითი თერაპია.

ყირიმში იყო პრეცედენტი, როცა რუსეთი შევიდა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები ზუსტად ერთ დღეში დახურეს. ამას მოჰყვა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირებით, ბევრი დაიჭირეს, ვინც მოასწრო უკრაინაში გადასვლა – გადარჩნენ, დანარჩენები კი, სადღაც მოათავსეს ვითომ სარეაბილიტაციო ცენტრებში და ძალინ ცუდი შედეგები დადგა.

მოკლედ, ყირიმის მაგალითია დაახლოებით ის, რაც გველის ცოტა ხანში აქ, საქართველოში.

მთავარი მიზანი ჩანაცვლებითი პროგრამის არის ის, რომ ადამიანმა არ მოიხმაროს არალეგალური ნარკოტიკი, არ ჩაიდინოს კრიმინალი, არ გადადოს სხვას ინფექცია, არ მოახდინოს შავი ბაზრის სტიმულირება და მიიღოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი დოზა, ჩაიტაროს ფსიქორეაბილიტაცია, თუ გასვლა მოუნდება პროგრამიდან, დაეხმარონ გასვლაში და ასე შემდეგ.

პირდაპირ თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, რომ რამდენიმე ხანში მოუწევთ პრეპარატის შეცვლაც. ესეც უკვე გაცხადებულია, რომ ამ ადამიანებს სავარაუდოდ მეტადონზე გადაიყვანენ, ან დეტოქსს ჩაუტარებენ…

  • თქვენი აზრით, რატომ აწყობდა „ოცნებას“ ამ სფეროში რუსული მოდელის გაზიარება? შეიძლება აქ იყოს პოლიტიკური მიზნები? გვახსოვს, როგორ გამოიყენა „ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ მათ შორის მეტადონის პროგრამით მოსარგებლეები. 

მათი მიზანია, სრულ კონტროლში ჰყავდეთ ეს ადამიანები და ჩაუტარონ სავალდებულო მკურნალობა. ეს არის ზუსტად ის ნარატივი, რაც რუსეთშია – ერთი-ერთშია ყველაფერი.

იმედია, ოდესმე ვინმე დაინტერესდება, რატომ გაწირეს ამდენი ადამიანი.

ამიტომაც არის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზედოზირებით გარდაცვალების, ასევე, ინფექციები. რუსეთში პირდაპირ ჩაწერეს კანონში, ვინც გაუწევს პროპაგანდას ჩანაცვლებით თერაპიას, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

  • აქეთკენ მივდივართ, ასე ფიქრობთ? 

შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ ყველა პროგრამა დაიხურება გარკვეული დროის განმავლობაში – ამას  ვნახავთ. თუ მედიკამენტს არ შეისყიდიან წელს, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამები აღარ გაგრძელდება.

სახელმწიფო დღეს მთლიანად აუქმებს კერძო ბიზნესის, კერძო მიმწოდებლების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანას. აქ გარდა ნარკოლოგიისა, არის ონკოლოგია, ფსიქიატრია, ქირურგია, ანესთეზიოლოგია და ასე შემდეგ, უამრავი დარგია, რომელიც ხმარობს სპეც-კონტროლის წამლებს და შესაბამისად, პირველი ოქტომბრიდან არცერთ იმპორტიორ კომპანიას აღარ აქვს უფლება, შემოიტანოს ასეთი მედიკამენტები.

სახელმწიფო ვის მისცემს უფლებას, რომ რაღაცა აკეთოს – ვის არ მისცემს, ანუ სრული მონოპოლია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას ქვეყანაში. მაგალითად, ოთხი თვე არ არის „ციკლოდოლი“ ქვეყანაში. ეს არის პრეპარატი, რომელსაც ხმარობს ფსიქიატრია მძიმე ფსიქიკური აშლილობების დროს, გარკვეული მედიკამენტების მიღების დროს, კორექტორია. ახლაც უნდა შემოიტანონ, მაგრამ ვერ შემოაქვთ, ანუ ფაქტობრივად ვრჩებით მედიკამენტების გარეშე. რა გითხრათ, ქვის ხანა იწყება!

  • ჯანდაცვის მინისტრმა შესთავაზა კერძო სამედიცინო ცენტრებს დასაქმება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რას აპირებთ? 

არავინ არ გადადის, რადგან ზუსტად იციან, რა მონურ და მძიმე პირობებში მოუწევთ მუშაობა. ჩემგან ერთი, თუ ორი ექიმი გადავიდა მხოლოდ. სამწუხაროდ, ყველა ეს ადამიანი ქუჩაში დარჩა.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება

21 აგვისტოს, ხუთშაბათს, 20 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ესაა მარშის მთავარი გზავნილი და ასე ეწოდება ონლაინმედიების საერთო კამპანიას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

„მოდი მედიის მხარდასაჭერად მარშზე ფარნით და გაანათე გზა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე!

მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და გაანათე გზა. თითოეული ნათება მოქალაქის ხმაა, რომელიც ამბობს: ქვეყანა ცოცხალია, ხალხი, ფხიზლადაა, სინათლე არ ჩაქრება!

პარლამენტთან დაგხვდება ფოტოგამოფენა, სადაც დამოუკიდებელი ონლაინმედიების ჟურნალისტების მიერ გაშუქებულ მნიშვნელოვან მასალებს ნახავ.

რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ფონზე – თავისუფლების, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების ფასად აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.

რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის.

ჩვენ ამას ერთობით და წინააღმდეგობით ვპასუხობთ“ – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

კამპანია – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – 13 აგვისტოს, ონლაინმედიების ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით დაიწყო. ამ აქტმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რამდენად რეალურია სიბნელის დადგომის საფრთხე.

ნახეთ კამპანიის პლატფორმა – სინათლე მედია 

ეს კი ის ანგარიშის ნომრებია, რომელზე გადარიცხვითაც შეგიძლიათ დამოუკიდებელ, ქართულ ონლაინმედიებს დაეხმაროთ: თიბისი ბანკი – #GE76TB7548536080100013; საქართველოს ბანკი – #GE06BG0000000609779465

მიმღები: “ხალხის წყარო”

ამ ბმულზე კი შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ემიგრაციიდან.

„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი

„ბებიაჩემმა ამ შეგნებით გამზარდა, რომ რუსეთი მტერია, რადგან ჩემი წინაპრები კომუნისტებმა დახვრიტეს, ჩემი ორი ბიძა აფხაზეთში მოკლეს, ჩემი თანამემამულეები კი გამოყარეს აფხაზეთიდან. შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც რუსებმა თუნდაც ამ 20 წლის განმავლობაში გაგვიკეთეს.

ამიტომ, კალაძის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას ევროპა შანტაჟისთვის იყენებს, მტერს კი გულშემატკივრობს. მე ვერ ვიცხოვრებდი იმ ტვირთით.

ან რა შეიძლება ვთქვა კობახიძეზე… არ ვიცი, როგორ შეიძლება მოგწონდეს, როგორ ურტყამს ნიღბიანი ადამიანს სახეში ჩექმას ან როგორ შეიძლება ამართლებდე რუსეთს.

ცხოვრებაში ბევრი ადამიანი მინახავს, მაგრამ ასეთი სინდისგარეცხილები არავინ“- ამბობს დათია ბადალაშვილი, მწერალი, მასწავლებელი. სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის სამოქალაქოს და ისტორიის მასწავლებელი.

„ბათუმელები“ პედაგოგს ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე და ქვეყანაში არსებულ კრიზისებზე ესაუბრა.

„ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით იმას დავკარგავთ, რაც ჩვენი ერის დიდი ხნის ოცნება იყო – სწრაფვას დასავლეთისკენ.

ცოტა ხნის წინ სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ ვკითხულობდი და გამოდის, რომ ამ კაცის, ასევე სხვების – ნიკიფორე ირბახის, ვახტანგ მეექვსის ოცნებები, რომელიც ამ ყველაფერს შეეწირა, წყალში იყრება.

ძალიან ვწუხვარ, რადგან ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, თავისუფალი მიმოსვლის გარდა ევროპა ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს განათლებას და რაც მთავარია, ადამიანის უფლებებს.

ცოტა ხნის წინ, კახა კალაძის განცხადებას ვუსმენდი, რომელმაც თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციას შანტაჟისთვის იყენებს ევროპაო, რაც დიდი სისულელეა. საერთოდაც ვფიქრობ, რომ კალაძე და მისნაირების ოჯახები, უკვე ცხოვრობენ ევროპაში, რადგან მათ არ ეშინიათ, თუ მათი შვილი ცუდად გახდება, როგორ უშველონ.

ჩემნაირ ადამიანებს კი გვეშინია ცუდად გახდომის, იმიტომ, რომ არ ვიცით როგორ გვიმკურნალებენ, ან გვეშინია, რომ სახლ-კარის გაყიდვა მოგვიწევს მკურნალობისთვის.

ადამიანები აქ შიშით იღვიძებენ, იმიტომ, რომ არ იციან ხვალ რა ჭამონ. კალაძე და მისნაირები ისედაც „ევროპაში“ ცხოვრობენ და მათ ეს არ ანაღვლებთ. მათ უსმენენ მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები და ამის სჯერათ.

თუმცა, მე ერთი რაღაცის იმედი მაქვს, როცა ეს სისტემა, ჩემნაირ ადამიანებს შეჭამს, მერე მიადგება მათ და ალბათ მერე დაინახავენ სად არის სიმართლე“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა რომ შეინარჩუნოს, ამისთვის კარგი მასწავლებელია საჭირო.

„არა ისეთი მასწავლებლები, როგორიც დღევანდელი 90%-ია, რომელიც 20 ლარის და რამდენიმე კილოგრამი ხახვის გამო სამთავრობო აქციებზე გადის და ყოველ არჩევნებზე ხმებს უგროვებს პარტიას. როცა ერთ-ერთ მათგანს ვკითხე, თუ რატომ იქცეოდა ასე, მითხრა, რომ ასე იყო ყოველთვის და უბრალოდ მიეჩვია, რომ სხვა გზა არ არის.

სხვა გზა კი ნამდვილად არის. თუ ყველა მასწავლებელი უარს ეტყვის სისტემას მორჩილებაზე, სისტემა ვერაფერსაც ვერ იზამს, მაგრამ როგორ უნდა დაიძლიოს ეს შიში?!

იცით, ხანდახან ვფიქრობ, რომ სანამ ეს, მონობაში გაზრდილი თაობა არ წავა, არაფერი გვეშველება, რადგან მათ ყოველთვის სხვის დაკრულზე ცეკვა უწევდათ. ჯერ პიონერობის, მერე კომკავშირლობის, მერე კი პარტიის და ეს ყველაფერი მათ გონებაშია დალექილი.

ჩემთვის მიუღებელია, ბავშვს ვასწავლო ვაჟა-ფშაველას პოემა, შემდეგ გამოვიდე და ისეთი რაღაცები ვაკეთო, როგორსაც ისინი აკეთებენ. მე მიმაჩნია, რომ მღვდელი ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ამბიონზე ლაპარაკობს და მასწავლებელიც ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც მასწავლებლის არსია“ – ამბობს დათია.

მისი თქმით, დღეს სამწუხაროდ, სკოლა ვერაფერს აძლევს ბავშვებს.

„უბრალოდ, მყვირალა ფრაზებს ვაწერთ გამოსაშვებ საღამოზე და ვეუბნებით, რომ ცხოვრება ია-ვარდით იქნება მოფენილი, მაგრამ ჩვენ ღია ომში ბავშვებს შეიარაღების გარეშე ვუშვებთ.

ვუშვებთ უნივერსიტეტებში, სადაც შესაბამის განათლებას არ აძლევენ, სადაც რექტორები ისეთივე კონფორმისტები არიან, როგორც მასწავლებლები და რას ვთავაზობთ მათ? წელებზე ფეხი უნდა დაიდგან, რომელიმე ბენზინგასამართ სადგურზე იმუშაონ და თან ისწავლონ და იცხოვრონ. ძილგატეხილი სტუდენტი როგორღა ისწავლის, რაღას შექმნის.

ხელისუფლების მიერ წელიწადში ერთხელ ჩატარებული ზეიმი ბავშვთა დაცვის დღეს უბრალოდ ფარისევლობაა, რადგან მე მინახავს ბავშვი, რომელიც მშიერი მოდის სკოლაში. მე მინახავს ბავშვი, რომელსაც ელემენტარული სასკოლო ნივთები არ აქვს. მინახავს ბავშვი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გულისამრევია ხელისუფლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ თურმე ბავშვთა დღეს ზეიმობენ.

როცა შშმ ადამიანს 200 ლარ პენსიას უნიშნავ, შენ მას სასიკვდილოდ იმეტებ. თავად კი 10 000-ზე მეტ ლარს იღებენ, ისევ ჩვენი კისრით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მაქვს უიმედობის განცდა, რადგან ჩვენი ბავშვები თავისუფლებაში გაიზარდნენ და ვფიქრობ, ასეთი ადამიანები შეცვლიან სამყაროს და ჩვენს ცხოვრებასაც, თორემ წინა თაობის მასწავლებლების იმედი საერთოდ არ მაქვს“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო გადარჩება იმ შემთხვევაში, თუ არ შევწყვეტთ ბრძოლას.

„მე, როგორც მწერალი, ვიბრძოლებ ჩემი სიტყვით და წერით.

თუ რომელიმე ჩვენგანი არ გაჩუმდება, ეს უკვე ბრძოლაა. როცა ჩუმდები, ესე იგი, მარცხდები.

მე ვერ შევძელი გაჩუმება, რადგან ჩემი მოსწავლის ხელებს სცემდნენ იქ (რუსთაველზე) და დღემდე მაქვს დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ ახალგაზრდები უჟანგბადო ციხეში სხედან, მე კიდევ თავისუფლად ვმოძრაობ და ვსუნთქავ.

შინაგანად ძალიან მაწუხებს და მტკივა ეს“- გვეუბნება დათია.

ის მასწავლებლებში სოლიდარობის დეფიციტზე წუხს:

„50 000-მდე მასწავლებელია საქართველოში, ხომ?! ასეთი არასოლიდარული ადამიანები მე არ მინახავს. პირდაპირ შემაძრწუნებელია. ახლა ვხვდები, რა ხდებოდა 37-ში, დაახლოებით. უფრო მეტიც, მინახავს მასწავლებელი, რომელსაც უხარიათ იმის ყურება, როგორ სცემენ აქციაზე ბავშვებს. არც დაკავებული მასწავლებლისთვის გამოუხატავთ სოლიდარობა, მაგრამ უკვე აღარც მიკვირს, რადგან მათი მთავარი საზრუნავია, მათ არ შეექმნათ პრობლემა. დანარჩენი კი შავმა წყალმა წაიღოს, ხმას არ ამოიღებენ.

როცა ბავშვს ეუბნები, რომ კარგი მოქალაქე უნდა იყო, შემდეგ გამოდიხარ, ჯდები „მარშრუტკაში“ და მიდიხარ იქ, სადაც დგომა არ გინდა და მერე ლაპარაკობ იმაზე, რომ ბავშვები გიყვარს, ასე არ არის, შენ ბავშვები არ გიყვარს.

ამ ხალხს გულის სიღრმეში შურთ, რომ მათ არასდროს ჰქონდათ ისეთი ბავშვობა, როგორც დღევანდელ ბავშვებს აქვთ. შურთ მათში თავისუფლების აღმოჩენა, ის, რომ მათი მსგავსი ვერასდროს იქნებიან. მაგრამ ერთი რამის იმედი მაქვს – როცა სისტემა მათ მიადგება, მათ შვილებს სცემენ ან დაიჭერენ, როცა მათაც მოშივდებათ, მერე ამოიღებენ ხმას“-გვეუბნება დათია ბადალაშვილი.

ის, როგორც მასწავლებელი გვესაუბრება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზეც.

„ჩვენ ვიცით ისტორია, როგორი ბედი ჰქონდათ ხოლმე დამსმენებს 37-ში. ისეთივე ბედი ექნებათ იმათაც, ვინც ახლა მტერს თანაუგრძნობს.

უბრალოდ, იმდენად მოსწონთ ეს მდგომარეობა, რომელიც აქვთ, რომ არ უნდათ ამ კომფორტიდან გამოსვლა, თორემ არც ისეთი ბრმები არიან, ვერ მიხვდნენ, მტერს რომ არ უნდა თანაუგრძნო. მაგრამ ისიც იციან, რომ უკრაინის ან მისი პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს აგინებ. ივანიშვილის გინება კი როგორ სრულდება, ჩვენც მშვენივრად ვიცით.

მე ბებიაჩემმა ასე შეგნებით გამზარდა, რომ „რუსეთი მტერია“, რადგან ჩემი წინაპრები კომუნისტებმა დახვრიტეს, ჩემი ორი ბიძა აფხაზეთში მოკლეს, ჩემი თანამემამულეები კი გამოყარეს აფხაზეთიდან. შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც რუსებმა თუნდაც ამ 20 წლის განმავლობაში გაგვიკეთეს.

ამიტომ, კალაძის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას ევროპა შანტაჟისთვის იყენებს. მტერს კი გულშემატკივრობს. მე ვერ ვიცხოვრებდი იმ ტვირთით.

ან რა შეიძლება ვთქვა კობახიძეზე… არ ვიცი, როგორ შეიძლება მოგწონდეს, როგორ ურტყამს ნიღბიანი ადამიანს სახეში ჩექმას ან როგორ შეიძლება ამართლებდე რუსეთს.

ცხოვრებაში ბევრი ადამიანი მინახავს, მაგრამ ასეთი სინდისგარეცხილები არავინ.

როცა კოჯორთან ფილიპე მახარაძემ და მამია ორახელაშვილმა სანგრებში ჩახოცილ ახალგაზრდებს ჩახედეს, თქვეს, რომ ეს ყველაფერი ნოე ჟორდანიას ბრალია. თურმე მარო მაყარაშვილი ნოე ჟორდანიას გამო მოკვდა. და ახლაც გვეუბნებიან, რომ მე დავიწყე თურმე ომი და მე ვარ რუსეთის მტერი. რა გამოდის, მტერი რომ სახლში მივარდება, დედას მაგინებს და გაბრაზებული ხელს თუ შევუბრუნებ, დამნაშავე ისევ მე ვარ?

არ ვიცი, ეს როგორ უნდა ჩამოირეცხონ. როგორც ფილიპე მახარაძემ, სერგო ორჯონიკიძემ, გიგლა ბერბიჭაშვილმა, შადიმან ბარათაშვილმა ვერ ჩამოირეცხეს, ვერც ესენიც ჩამოირეცხავენ.

მე არ ვიცი, ამის ქვემოთ ფსკერი სადაა, მაგრამ იმდენად არიან საკუთარ ტყავზე დამოკიდებულები, ერთ ბეწვ სიცოცხლეზე, რომ აღარ იციან რა ქნან“ – ამბობს დათია ბადალაშვილი.

მისი თქმით, ევროპულ სივრცეს დაშორებული განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.

„ყოველ ორ წელიწადში განათლების მინისტრი იცვლება, რომელსაც სახეზეც ვერ ვცნობ.

სკოლის ავტორიზაციები როგორც არის, კი იცით, ყველაფერს ერთმანეთისგან იწერენ სკოლები. ამ დროს კი, ბავშვები გვეკარგება. მე ეს ამბავი დიდად მაწუხებს. ამიტომ, სანამ პირში სული მიდგას, უნდა გამოვადგე ამ ქვეყანას“- ამბობს დათია ბადალაშვილი.

როგორია თეთრ სახლში დღევანდელი შეხვედრების განრიგი საქართველოს დროით

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება, შეხვედრაში მონაწილეობას ევროპისა და NATO-ს წამყვანი ლიდერებიც მიიღებენ. განხილვის მთავარი თემა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკას სამიტზე წამოყენებული პირობებია.

აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე სტუმრად მივლენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები. მათ შორის:

  • ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
  • ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი
  • გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
  • ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი
  • იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს თეთრ სახლში შეხვედრების განრიგი, საქართველოს დროით ასე გამოიყურება:

21:00 საათზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს მიესალმება და უკვე 21:15 საათზე, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტში მათი ორმხრივი შეხვედრა დაიწყება.

მოგვიანებით, 22:15 საათზე, ტრამპი მიიღებს ევროპელ ლიდერებს;

23:00 საათზე კი, თეთრი სახლის აღმოსავლურ ოთახში, დაიწყება მრავალმხრივი შეხვედრა ევროპელი ლიდერების მონაწილეობით.

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 81 საკონკურსო წიგნიდან 10 ფინალისტი გამოვლინდა.

2025 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

  • მაია ბადრიძე | მაქს ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება” (დიოგენე)
  • კატია ვოლტერსი | ოლგა ტოკარჩუკის „ემპუსების ნადიმი“ (ინტელექტი)
  • ანი კოპალიანი | ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ (ინტელექტი)
  • გიორგი მაჭარაშვილი | ჯოზეფ კემპბელის „ათასსახოვანი გმირი“ (პალიტრა L)
  • გვანცა ფოფხაძე | ლუციუს ანეუს სენეკას „მორალური წერილები ლუკილიუსს“ (დიოგენე)
  • ოქტაი ქაზუმოვი | გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ქარდა ქარდუხი | ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგია“ (ინტელექტი)
  • მანანა ღარიბაშვილი | პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის „ხმა ტომისიდან“ (არტანუჯი)
  • ბაჩანა ჩაბრაძე | ანტონენ არტოს „თეატრი და მისი ორეული“ (თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი)
  • ზაზა ჭილაძე | კორმაკ მაკართის „გზა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე  მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა.

ჯანმო: ბუნებრივი კატასტროფები ევროპაში, ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობაა

ბოლო 20 წლის განმავლობაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ევროპაში 30%-ით გაიზარდა. 2022 და 2023 წლებში 35 ქვეყანაში ერთად აღრიცხული იყო 100 000-ზე მეტი გარდაცვალება. „მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მომავალ წლებში გაიზრდება,“ – იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული კრიზისი აღარ არის შორეული საფრთხე ან სეზონური ხასიათის ზიანი. „ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რეალურ დროში ვითარდება,“ – წერია ჯანმოს ევროპის რეგიონის კლიმატისა და ჯანმრთელობის საკითხებში პანევროპული კომისიის ღია წერილში, რომელიც 53 ქვეყნის მთავრობებსა და ჯანდაცვის უწყებებს გაეგზავნა.

კომისიის ინფორმაციით, ევროპაში რეკორდული სიცხეები სულ უფრო ხშირად ფიქსირდება, ისინი ძლიერია და მომაკვდინებელი. „ეს მოვლენები ჩუმი მკვლელებია, გარდაცვალების რეესტრში ისინი ხშირად აღნიშნულია როგორც ინსულტი, გულის შეტევა ან სუნთქვის უკმარისობა. თუმცა, ნამდვილი მიზეზი ნათელია“, – აღნიშნულია წერილში.

დასავლეთ ევროპაში 2025 წლის ივნისი ყველაზე ცხელი თვე იყო, ზაფხულამდე ორი ძლიერი თბური ტალღა დაფიქსირდა.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორსულები, მცირეწლოვნები და გარე სივრცეებში მომუშავე ადამიანები.

სითბოს გავლენა ჯანმრთელობაზე მხოლოდ ფიზიკური არ არის – იზრდება შფოთვა, ქვეითდება ძილი და კოგნიტიური ფუნქცია. კლიმატის ცვლილება ასევე ხელს უწყობს რეგიონში ოდესღაც იშვიათი დაავადებების გავრცელებას – ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში დენგეს ვირუსის ადგილობრივად გავრცელების შემთხვევები 2022-დან 2024 წლამდე 368%-ით გაიზარდა.

მომატებული ტემპერატურა დამატებით ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს. სიცხის დროს იზრდება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მიმართვიანობა, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა, ფილტვებისა და თირკმლის პრობლემების გამო. ზიანდება ფსიქიკური ჯანმრთელობაც: ძილი უარესდება, შფოთვა ძლიერდება და კოგნიტიური ფუნქცია ქვეითდება.

ამასობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სითბური დარტყმისა და ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ, რადგან ზოგიერთი რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი ამცირებს ორგანიზმის ტემპერატურის რეგულირების უნარს.

კომისია მოუწოდებს ქვეყნებს, დააჩქარონ სიცხისგან დაცვის გეგმები – ადრეული ქმედებები გადაარჩენს სიცოცხლეს და შეამცირებს საავადმყოფოებზე ზეწოლას. წერილში ხაზგასმულია, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ნიშნავს ჯანმრთელობის დაცვასაც, კერძოდ, ემისიების შემცირებამ შეიძლება გადაარჩინოს 5 მილიონზე მეტი სიცოცხლე, ხოლო ქალაქებში მწვანე სივრცეების გაზრდამ სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 40%-მდე შეამციროს:

„ქალაქებში მწვანე სივრცეების ზრდა ამცირებს სითბოს ზემოქმედებას, აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს კომუნალურ გადასახადებს და შთანთქავს ნახშირბადს. ურბანული გამწვანების 30%-ით ზრდამ შეიძლება სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 40%-მდე შეამციროს. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის, თანასწორობისა და ქვეყნების ეკონომიკის გამარჯვებაა“.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, ასახონ ეკონომიკურ პოლიტიკაში ჯანმრთელობისა და მდგრადობის პრიორიტეტები. „მთლიანი შიდა პროდუქტი ვერ ზომავს ყველაზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელი ადამიანებისა და ჯანსაღი ეკოსისტემების ღირებულებას“, – ვკითხულობთ წერილში.

ოთო ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს, მისი სიცოცხლის გადასარჩენად თანხის შეგროვება გრძელდება

ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ოთო ქათამაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა მძიმეა.

ოჯახი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებას აგრძელებს.

„ძალიან მძიმედაა საქმე,  ინფექცია მძვინვარებს და ჯერჯერობით არ იხევს უკან… გამთენიას ოთია გადაიყვანეს ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში, მის მდგომარეობაში სტამბული გამოირიცხა. იმგზავრა ნორმალურად, უკვე ადგილზეა. თურქი ექიმები შეაფასებენ მდგომარეობას და დაისახება მკურნალობის კონკრეტული გეგმა. დეტალები ჯერ არ ვიცით, მაგრამ როგორც კი გვეცოდინება მოგახსენებთ. არ ნებდება ჩვენი მეგობარი და არც ჩვენ დავნებდებით, მეგობრებო. ძალიან ვჭირდებით ჩვენს ოთიას,“ – წერენ ოთო ქათამაძის მეგობრები.

ოთო ქათამაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

#GE18TB7915445064300021

#GE13BG0000000862494700

მიმღები: ქეთევან კუპრეიშვილი (ოთო ქათამაძის დედა)

ოთო ქათამაძეს ანევრიზმა გაუსკდა, რის შემდეგად ის რეანიმაციაში მოათავსეს. რეჟისორის მდგომარეობა რეანიმაციაში დამძიმდა და მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.

ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის წლინახევრის ბავშვი

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს, 18 აგვისტოს, დილით, მაშველებმა ხარკოვში სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია.

უკრაინული მედიის, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, წლინახევრის გოგონა.

დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია.

რუსეთმა ხარკოვის სამრეწველო რაიონებზე „შაჰედებით“ შეტევა 17 აგვისტოს, ღამით განახორციელა. ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ.

 

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკრგებზე ომში – 18 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 070 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940]
  • ტანკი – 11 118 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 148 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 31 632 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 469 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 208 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 51 685 ერთეული [+157]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 937 ერთეული [+116]
  • სპეცტექნიკა – 3 942 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 77 959 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 618 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 586 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 625 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 813 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის წლინახევრის ბავშვი

“ყველა თანხმდება, რომ საზღვრები იძულებით არ უნდა შეიცვალოს” – ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში მატარებელი ბავშვს დაეჯახა – მას ოპერაცია უტარდება

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა.

დაშავებული ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულ ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

__________________

მსგავს თემაზე: 

სახიფათო ლიანდაგი ბათუმში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა

„როგორც გადმოცემით ვიცი, გოცირიძეს თან ჰქონდა დანა“ – აქციაზე დაკავებულების ადვოკატი

დღეს, 17 აგვისტოს, სამოქალაქო აქტივისტებს, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს, ბრალი წარუდგინეს.

როგორც აქტივისტების ადვოკატი, ომარ ფურცელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, აქტივისტებს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული აქტივისტები ბრალს არ აღიარებენ.

ადვოკატის თქმით, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ვინმე ბექა გოცირიძე უჩივის, რომელიც რუსეთაველის პროტესტში მონაწილე სამოქალაქო აქტივისტების თქმით, არაერთხელ არის შენიშნული პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში.

„ამ ეტაპზე არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ აქტივისტები დაკავებული იყვნენ. წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ თვითონ მუხლი, ნაკლებად მძიმეა და როგორც წესი, ამ ბრალზე დაკავება არ ხდება თუ რაიმე კონკრეტული რისკი არ არსებობს.

ამიტომ აშკარაა, რომ რუსთაველის კონტექსტი განაპირობებს მათ დაკავებას და მეორე, ამ საქმეში რაიმე განსაკუთრებული დანაშაულის მტკიცება არ არის“, – ამბობს თოშხუას და შერვაშიძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

ფეისბუქში ვრცელდება ვიდეო-კადრები, სადაც მოქალაქეების თქმით, რუსთაველზე მომხდარი ინცინდენტის ფაქტია ასახული. შესაბამისად, ადვოკატს ვკითხეთ, რამდენად ავთნტურია ეს კადრები და ნამდვილად თუ ასახავს შემთხვევას, როცა ბექა გოცირიძე პროტესტის მონაწილეებს მიუვარდა.

„ახლახან გამოვედი იზოლატორიდან, ამიტომ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს კადრებზე. თუმცა, საჯარო წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით დგინდება ის, რომ ეს ადამიანი – ბექა გოცირიძე, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ არაერთხელ იმყოფებოდა რუსთაველზე პროვოკაციის მოწყობის მიზნით. მათ შორის, ახალი წლის პერიოდში, მათ შორის 17 მაისს და გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით.

აქციის მონაწილეებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აკეთებდა პროვოცირებას კონფლიქტის გამოწვევის მიზნით და ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ამის ამსახველი რამდენიმე ვიდეო-მასალა უნდა არსებობდეს და ამ ეტაპზე ვადგენთ, სად და რა ფორმით არის.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როგორც გადმოცემით ვიცით და მოწმეების ჩვენებით უნდა დადგინდეს, ამ ადამიანს თან ჰქონდა დანა. გამოყენების მიზანიც უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ, თავდასხმა აქციის მონაწილეებზე“, – ამბობს ადვოკატი.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ბექა გოცირიძის ფოტოები, სადაც ის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებთან ერთად არის ასახული.

ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ამ დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

დაკავებული აქტივისტების წინასასამართლო სხდომის თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული. ამიტომ დატოვებენ თუ არა აქტივისტებს წინასწარ პატიმრობაში, ჯერ უცნობია.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის დაკავებას „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა – მან დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.

„მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა გოცირიძემ განახორციელა, რეჟიმის პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს. ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, თორნიკეს და მინდიას“, –  წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებზე, რომელიც ქვეყანაში მე-9 თვეა იმართება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებმა 65-მდე ადამიანია სისხლის სამართლის წესით დააკავა.

ამ დროისთვის მხოლოდ ორი სინდისის პატიმარი გაათავისუფლეს.

ქვეყანაში ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.

_________________

მთავარი ფოტო: დაკავებული აქტივისტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.

 

პოლონელმა მოხალისე ვეტერინარებმა მარტვილში ძაღლები და კატები გაასტერილეს

პოლონელმა მოხალისე ვეტერინარების ჯგუფმა, მარტვილში 185 მიუსაფარი ძაღლი და კატა გაასტერილეს.

როგორც მოხალისეების მასპინძელმა, მარიამ შეყილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლონელმა მოხალისეებმა ფაქტობრივად ის საქმე გააკეთეს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გაეკეთებინა, თუმცა არ აკეთებს.

მისი თქმით, მოხალისე ვეტერინარებმა ცხოველების გასტერილება საველე პირობებში შეძლეს.

„პროცედურები ოთხ დღეს გაგრძელდა და მთლიანობაში წარმოუდგენელი რაოდენობა – 185 ცხოველის სტერილიზაცია მოხერხდა.

შარშან ზუგდიდში იყვნენ მოხალისეები ჩამოსული და იქაც 4 დღეში 208 ძაღლის სტერილიზაცია გააკეთეს. წელს კი მარტვილი შევარჩიეთ იმიტომ, რომ აქ არ არსებობს ვეტერინარული კლინიკა და ხელმისაწვდომობა სტერილიზაცია-კასტრაციაზე, რის გამოც ძალიან ბევრი ცხოველი და მათ შორის ადამიანი იტანჯება“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო წელიწადში ერთხელ აცხადებს ტენდერს, რომელსაც ძირითადად ოზურგეთის თავშესაფარი იგებს. „მთელი საქართველოდან სხვადასხვა კუთხიდან დაატარებენ ძაღლებს სტერილიზაციისთვის. ანუ სიცხეში, სიცივეში „მარშრუტკით“, რაც არც ისე კარგი პრაქტიკაა. თანაც, წელიწადში შეიძლება სადღაც 80 ცხოველი გაასტერილონ, რაც ზღვაში წვეთია.

ჩვენ მივესალმებით ადგილზე სტერილიზაციას ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში.

პოლონელი მოხალისები მარტვილში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ.

ჩვენს ორგანიზაციას (Zero Stray Georgia) ზუგდიდში ორ კლინიკასთან აქვს ხელშეკრულება, ვუფინანსებთ პატრონიან ძაღლებს და კატებსაც სტერილიზაციას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის გაცილებით ჰუმანური პრაქტიკა, ვიდრე მაგალითად კახეთიდან ოზურგეთში ჩამოიყვანო ძაღლი გასასტერილებლად და დააბრუნო უკან.

ხშირ შემთხვევაში ავადმყოფებს აბრუნებენ, მალევე კვდებიან ან საერთოდ ვერ აბრუნებენ, ადგილზე უკვდებათ და ძალიან დიდია ვირუსების გავრცელების და იქით-აქეთ გადატანის რისკი“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

მისი თქმით, თბილისს აქვს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და ადგილზე ასტერილებენ ცხოველებს, მაგრამ სხვა რეგიონებში ამის შესაძლებლობა ადგილზე არ არის.

„რეგიონებში საერთოდ მწირია სტერილიზაციაზე ხელმისაწვდომობა, რადგან არც კლინიკები არსებობს და არც ფული აქვს ამისთვის ხალხს. ამიტომ ვეხმარებით ადამიანებს შინაური ცხოველების სტერილიზაციაში და ასევე, ჩვენი ევროპელი მეგობრებიც გვეხმარებიან უსასყიდლოდ“, – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ცხოველები, რომლებსაც აქვთ მძიმე ტრავმები, სტერილიზაციის შემდეგ, მათი ქუჩაში გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ მოხალისეები ასეთი ცხოველების აყვანაზეც ზრუნავენ.

მიუსაფარი ცხოველები, რომელიც მოხალისეებმა გადაარჩინეს.

„ქუჩაში, ერთ-ერთ გასვლის დროს, ვიპოვე ფეხმოტეხილი ძაღლი, რომელსაც დეფორმირებულად ჰქონდა შეზრდილი ფეხი. როგორც ჩანს მანქანა დაეჯახა და არასწორად შეუხორცდა ძვალი. იმდენად იყო დაზიანებული და ინფიცირებული, რომ სავარაუდოდ მალე მოკვდებოდა. წამოვიყვანეთ ეს ძაღლი საველე ვეტერინარულ კლინიკაში და გავასტერილეთ. ჩაუტარდა ფეხის ამპუტაციაც.

ახლა ამ ძაღლზე მე ვზრუნავ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი არის ქუჩიდან აყვანილი ყველაზე მოწყვლადი, მიუსაფარი ცხოველების გამოჯანმრთელება, ოპერაციები. გვყავს შემფარებელი ოჯახები, რომლებსაც ფულს ვუხდით, რომ ჩვენს გადარჩენილ ცხოველებს მოუარონ. ამით ორმაგი სიკეთე გამოდის. ის, რომ მოწყვლადი ოჯახები იღებენ პატარა შემოსავალს და ცხოველიც გადარჩენილია.

სამი-ოთხი თვის განმავლობაში შეფარებულია ასეთი ცხოველი, შემდეგ კი ჩვენი ორგანიზაციიდანვე გაჩუქდება ჩეხეთში.

ხუთი ასეთი ძაღლი გვყავს ამ დროისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ყველასთვის არ გვყავს პატრონი“, – გვეუბნება მარიამ შეყილაძე.

მისი თქმით, მოხალისე ვეტერინარები წელს ახალი ზელანდიიდანაც გამოეხმაურნენ და შესაძლოა მომავალ წელს, ახალ მოხალისეებსაც უმასპინძლონ.

„ევროპაში, ქუჩაში, თითქმის, ვერ ნახავთ მიუსაფარ ცხოველებს. ნორმალურ ქვეყნებში ამ პრობლემას სახელმწიფო აგვარებს“, – ამბობს მარიამ შეყილაძე.

__________________

მთავარი ფოტო: პოლონელი მოხალისეები მარტვილში.

მერცი და ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას ვაშინგტონში

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებებში. შეხვედრა ვაშინგტონში ხვალ, 18 აგვისტოს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახური, ისე თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორშაბათს გაემგზავრება ვაშინგტონში, რათა პოლიტიკურ მოლაპარაკებები გამართოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან,“ – ამ განცხადებას ავრცელებს გერმანული მხარე.

დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე, ფონ დერ ლაიენი და ზელენსკი ერთად მიიღებენ მონაწილეობას ვიდეოკონფერენციაში, რომელსაც ჰქვია „მტკიცე კოალიცია“. ხოლო ხვალ, 18 აგვისტოს ზელენსკის მოწვევით, ურსულა ფონ დერ ლაიენი თეთრ სახლშიც შეუერთდება მის შეხვედრას დონალდ ტრამპთან.

გერმანიის მთავრობის განმარტებით კი, კანცლერის ვიზიტის მიზანია „ინფორმაციის გაცვლა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ალასკაში შეხვდა“.

ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად აშშ-ში მიდიან მისი პოზიციების გასამყარებლად – Politico

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები გეგმავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში გაჰყვნენ, რათა გააძლიერონ მისი პოზიციები დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს და თავიდან აიცილონ თეთრ სახლში კონფლიქტის გამეორება.

ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით წერს.

ევროპელი დიპლომატებისა და ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ევროპა ცდილობს თავიდან აიცილოს „ჩასაფრება“ ზელენსკისთვის, რამაც შესაძლოა პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა დააზიანოს ამ მგრძნობიარე მომენტში.

სწორედ ამიტომ იგეგმება ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის ვაშინგტონში ვიზიტი – ის ტრამპის ერთ-ერთი ფავორიტი თანამოსაუბრეა. ვარაუდობენ, რომ სტუბი ზელენსკის მოლაპარაკებებზე თან გაჰყვება. შესაბამისად, დაეხმარება ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილებაში და ასევე ამერიკის პრეზიდენტის დარწმუნებაში, რომ მომავალ მოლაპარაკებებში ევროპაც უნდა იყოს ჩართული.

წყაროების ცნობით, აშშ-ში შესაძლოა ჩავიდეს ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც, რომელსაც ტრამპთან ახლო ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული.

„ევროპა და უკრაინა ვაშინგტონის ორშაბათის სამიტს გადამწყვეტად მიიჩნევენ, რათა დაარწმუნონ ტრამპი, რომ არ დათანხმდეს კიევისათვის მიუღებელ პირობებს, განსაკუთრებით – იმ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას, რომელთაც მოსკოვი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს“, – წერს პოლიტიკო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპისა და პუტინის ჩახუტებამ ევროპაში შეშფოთება გამოიწვია: აქ ფიქრობენ, რომ თეთრ სახლში შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი მეგობრული დამოკიდებულებით არ შეხვდნენ.

Reuters-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს უარი განაცხადა დონეცკის ოლქის დათმობაზე – ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ. გამოცემის თანახმად, უკრაინა-აშშ-ის პრეზიდენტების საუბარი საათ-ნახევარი გაგრძელდა. მას ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში დაგეგმილია ორშაბათს, 18 აგვისტოს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს 21 საათიდან 18 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

  • სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 აგვისტოს აჭარაში ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 069 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900]
  • ტანკი – 11 116 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 143 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 31 589 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 468 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 208 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 51 528 ერთეული [+186]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 821 ერთეული [+88]
  • სპეცტექნიკა – 3 942 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 77 959 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 618 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 586 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 625 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 813 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე 

პუტინს სურს უკრაინაში რუსული ენის ოფიციალური სტატუსი და არ სურს შეხვდეს ზელენსკის – NYT

„პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა“ – ინტერვიუ ანკორიჯის შეხვედრაზე

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პუტინს სურს უკრაინაში რუსული ენის ოფიციალური სტატუსი და არ სურს შეხვდეს ზელენსკის – NYT

„უკრაინსკა პრავდა“ ამერიკული გამოცემა „The New York Times“-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა შემდეგი გარანტიები: რუსულ ენას უკრაინაში ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს და უზრუნველყოფილი იქნას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უსაფრთხოება.

ამასთან, პუტინი ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.

„პუტინმა მოითხოვა გარანტიები, რომ რუსულ ენას უკრაინაში ოფიციალური ენის სტატუსი დაუბრუნდება და უზრუნველყოფილი იქნება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების უსაფრთხოება,“ – განუცხადეს გამოცემას წყარომ.

The New York Times-ის დაყრდნობით „უკრაინსკა პრავდა“ ასევე წერს ანონიმური ოფიციალური პირების სხვა განცხადებებზე: ტრამპმა გამოთქვა იმედი სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე პუტინთან და ზელენსკისთან, თუმცა პუტინი „ამ დროისთვის უარს ამბობს ზელენსკისთან შეხვედრაზე, რადგან მას ხელოვნურად შექმნილი ქვეყნის არალეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის“.

როგორც გამოცემა წერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა უარი თქვა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავის მოთხოვნაზე. მას მიაჩნია, რომ სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია, თუ ზელენსკი დასთანხმდება დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ტერიტორიები გადასცეს რუსეთს.

გამოცემის წყაროს თანახმად, სანაცვლოდ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას შესთავაზებს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე და წერილობითი პირობას დადებს, რომ რუსეთი აღარ დაესხმის თავს უკრაინას ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას.

გამოცემის თანახმად, ზელენსკი და ევროპის ლიდერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დონეცკის არაოკუპირებული ტერიტორიების დათმობას, სადაც მდებარეობს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ხაზები და ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.

Reuters-ის თანახმად კი, რომელსაც ასევე „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის დროს უარი თქვა პუტინის მოთხოვნაზე – დონეცკის ოლქის აროკუპირებული ტერიტორიები გადასცეს რუსეთს, სხვა რეგიონებში ფრონტის გაყინვის სანაცვლოდ.

___

მთავარი ფოტო: Getty Images

„პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა“ – ინტერვიუ ანკორიჯის შეხვედრაზე

„პუტინმა რეალურად ტრამპი საკუთარი თამაშის ნაწილად აქცია, რადგან მან მიიღო ის, რაც უნდოდა მიეღო, ტრამპმა ვერ მიიღო ის, რაც მის გეგმაში შედიოდა“, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე, პოლიტიკის ექსპერტი „ბათუმელებთან“.

რა აჩვენა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ქალაქ ანკორიჯში და რას შეიძლება ველოდეთ ტრამპისგან? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მიხეილ სარჯველაძეს.

  • ბატონო მიხეილ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ აშშ-ს პრეზიდენტის – ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე. როგორ ფიქრობთ, უნდა ყოფილიყო იმ ფორმატში, იმ ფორმით, რაც ვნახეთ, თუ შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო?

პრინციპში მაინც ადრეა საუბარი, რადგან არ ვიცით ზუსტი შინაარსი, რა და როგორ იყო. თუმცა, რაც ვნახეთ გარედან, ჩემი შთაბეჭდილება იყო ის, რომ ტრამპი რეალურად, სწორად ვერ აფასებს პუტინს და, ზოგადად, პუტინის ინტერესებს.

ტრამპის ინტერესი რაც იყო, შეთანხმება შემდგარიყო და შედეგი ჰქონოდა, მან ამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. მით უმეტეს, შეხვედრა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მოლოდინი იყო ძალიან მაღალი.

თუმცა, ვნახეთ პუტინი, რომელიც იძებნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომელიც დიდწილად იზოლირებულია საერთაშორისო პოლიტიკაში და შეხვედრის დროს ვიხილეთ პუტინის დომინაცია. ვნახეთ, რომ რეალურად ეს ყველაფერი იყო საერთაშორისო იზოლაციის, პუტინის და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის, ასე ვთქვათ, ერთგვარი დარღვევა. რეალურად, ამ შეხვედრიდან სარგებელი მხოლოდ პუტინმა და რუსეთმა მიიღო.

  • პუტინის დომინანტობა რაში ჩანდა?

დომინანტობა ჩანდა იმ ყველაფერში, რომ ის რეალურად, როგორც ჩანს, არავითარ დათმობაზე არ წასულა და, სავარაუდოდ, არც იყო მის ინტერესში, რომ შეთანხმება შემდგარიყო უკრაინასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს პირველი მანიშნებელია იმის, რომ რეალურად პუტინს სულ სხვა ინტერესები გააჩნია.

პუტინის და ტრამპის ინტერესები ერთმანეთთან აცდენაშია. ტრამპი ფიქრობს კომერციულად, საშინაო პოლიტიკის და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. მისი საგარეო პოლიტიკა ემყარება ძირითადად ეკონომიკურ ინტერესებს.

ამ დროს, პუტინი, პირველ რიგში, არ ფიქრობს კომერციულად. მისთვის ეკონომიკური სარგებელი, ეკონომიკური ინტერესი არ არის უმთავრესი ინტერესი, როგორც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემთხვევაშიც, რომელიც რუსეთს აკავშირებდა გერმანიასთან. ფაქტობრივად, მან უარი თქვა ამ ეკონომიკურ სარგებელზე უკრაინასთან ომის დაწყებით.

მისთვის არა ეკონომიკური ფაქტორი, არამედ გეოპოლიტიკური და ასე ვთქვათ, რუსეთის ნეოიმპერიული ინტერესები განმსაზღვრელი.

  • თუ ეკონომიკური ინტერესი არ აქვს რუსეთს, მაშინ გეოპოლიტიკაში დომინანტობა რაში სჭირდება?

გეოპოლიტიკისთვის უპირატესობის მინიჭება ეს არის ერთგვარი ტრავმის შედეგი, როგორც პუტინის, ისე რუსეთის. ეს იყო ზუსტად პუტინის მიზანი, რომ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ანუ რუსეთის იმპერია დაინგრა, თანაბარ დონეზე ყოფილიყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სუპერსახელმწიფო. ჩემი აზრით, მან ეს შეძლო ამ შეხვედრით. მას და ტრამპს შორის თანაბარ დონეს ვგულისხმობ და მან ამ მიზანს მიაღწია. რას მიაღწია ტრამპმა? – ვერც ვერაფერს, ჯერჯერობით.

ვფიქრობ, ამის გამო ტრამპზე ზეწოლა გაიზრდება. პუტინი კი შეთანხმებაზე წავა მხოლოდ მაშინ, როცა ის პირველ რიგში დააზღვევს რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ამ გეოპოლიტიკურ ინტერესებზეა მიბმული რუსეთის ეკონომიკური ინტერესებიც. სწორედ ამიტომ ამახვილებდა რუსული მხარე, მათ შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ყურადღებას.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, პირველ ადგილზე დგას რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები და მისი პოზიცია, როგორც განახლებული იმპერიის.

  • თქვენ ამბობთ, რომ ტრამპი არის აცდენაში პუტინის მიზნებთან. მას ხომ ჰყავს მრჩევლები, ანალიტიკოსები და პუტინის მიზანიც გაცხადებულია დიდი ხანია, რომ სურს საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა. უკრაინაში შეჭრის მიზანიც ხომ ეს იყო. მაშინ რატომ ვერ აუღო ალღო?

როცა საქმე საერთაშორისო პოლიტიკას ეხება, აქ დიდია მათი თანხვედრა, რადგან ისინი ერთნაირად ხედავენ საერთაშორისო წესრიგს. მათთვის მსოფლიო არ არის, ასე ვთქვათ, მულტილატერალური წესრიგი, რომელიც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას ემყარება, კონფლიქტის პოტენციალის შემცირების თუ ეკონომიკური განვითარების მიზნით. ისინი საერთაშორისო წესრიგს ხედავენ, როგორც მულტიპოლარულ სივრცეს, სადაც დიდი სახელმწიფოები განსაზღვრავენ პატარა სახელმწიფოების ბედს. სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ ესწრებოდა უკრაინა ამ შეხვედრას, მაშინ, როცა ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ტრამპის და პუტინის ხედვით სუპერსახელმწიფოები განსაზღვრავენ საერთაშორისო წესრიგს.

ტრამპის, ასე ვთქვათ, ერთგვარი ეგოისტური მიზანი არის ის, რომ ის გახდეს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. ეს თავად ბევრჯერ აღნიშნა. მე მგონია, რომ, პირველ რიგში, მედიაციის ტრამპისეული მცდელობები ემსახურება მათ შორის მის, ასე ვთქვათ, სუბიექტურ ინტერესებს.

  • მშვიდობის მიღწევა რამდენად შესაძლებელია სხვისი ჩაგვრის ხარჯზე. უსამართლობაზე ხომ ვერ დაფუძნდება მშვიდობა?  

რა თქმა უნდა, ცალკეული ქვეყნების ხარჯზე დამყარებული მშვიდობა სამართლიანი ვერ იქნება. თუმცა, ტრამპისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, ეკონომიკური, კომერციული ინტერესები დგას პირველ ადგილზე და მშვიდობა არის ამ ინტერესების ერთგვარი დანამატი. თუ ის შეძლებს, რომელიმე კონფლიქტის გადაჭრას და ამისთვის მიიღებს საერთაშორისო აღიარებას, სწორედ ეს არის მისი მიზანი, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური მოღვაწე.

მან ყველაფერს მიაღწია, აქვს სიმდიდრე და პოლიტიკური ძალაუფლება. ახლა მისი მიზანია შევიდეს ისტორიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის. მშვიდობა მხოლოდ ამ პოლიტიკის დანამატია. ის არ არის მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამაშია განსხვავება.

  • მაგრამ თუ ტრამპი დაინახავს, რომ ხელმოცარული აღმოჩნდება პუტინთან მოლაპარაკებებში და ვერ შეასრულებს მედიატორის როლს, რას შეიძლება ველოდოთ მისგან?

ამაშია საქმე, ტრამპი უკვე ხელმოცარულია იმ მხრივ, რომ რეალურად ამ შეხვედრით პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა. შესაბამისად, ახლა ტრამპზე გაიზრდება ზეწოლა, მათ შორის კონგრესის მხრიდან, რადგან ილუზიაა, რომ რუსეთი არსებულ მოცემულობაში დათმობაზე წამოვა საერთოდ. მგონია, რომ ტრამპი ისევ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, დიდი ალბათობით.

თუმცა, ეს უფრო სპეკულაციის სფეროა, რადგან ის ვერ შეეგუება, ასე ვთქვათ, დიპლომატიურ მარცხს და შეეცდება განტევების ვაცის პოვნას. არსებობს მეორე ალტერნატივაც, რომ შესაძლოა უკრაინის ხარჯზე შეეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან. არც ეს არის გამორიცხული.

  • უკრაინის ხარჯზე რას ნიშნავს?

როგორც ვიცით, დღის წესრიგში დგას რუსეთის მოთხოვნა და ეს შეეხება უკრაინის რეგიონებს – დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს და ზაპოროჟიეს, რომელსაც ვერ აკონტროლებს რუსეთი სრულად, მაგრამ რუსეთს აქვს პრეტენზია, რომ ეს ტერიტორიები გახდეს საბოლოოდ რუსეთის შემადგენელი ნაწილი. ამას არ ეთანხმება უკრაინა და უკრაინას რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გააჩნია.

დიახ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღესაც გაიმეორა და ადრეც თქვა, რომ ისინი არ აპირებენ არცერთი გოჯის დათმობას რუსეთისთვის.

შესაძლოა ტრამპი შეეცადოს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ზეწოლა უკრაინაზე.

  • იარაღს არ მიაწვდიან?

ყველაფერი შეიძლება ზეწოლის შემადგენელი ნაწილი იყოს. მათ შორის იარაღის მიწოდებაც, რადგან უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იარაღის მიწოდება. ეს შეეხება ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებს, ფინანსურ დახმარებას და ასე შემდეგ.

დღეს ევროკავშირის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება და გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა. მათაც თქვეს, რომ უკრაინის ინტერესების გარეშე ვერ მოხდება ვერანაირი შეთანხმება.

რეალურად, ევროკავშირი არ წარმოადგენს ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნებოდა დამკვირვებლის როლში, არამედ დაესწრებოდა ამ შეხვედრას უკრაინასთან ერთად. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს „დიდი ბიჭები“ ხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ განსაზღვრონ სხვა სახელმწიფოების ბედი – ეს არის ტრამპის და პუტინის ხედვა.

ომი მიმდინარეობს ევროპის ტერიტორიაზე და არსებობს ტრანსატლანტიკური კავშირი, ალიანსი ჯერ კიდევ და მაგრამ როგორც აღვნიშნე, ტრამპი არ აღიქვამს საერთაშორისო წესრიგს როგორც მულტილატერალურს, ისევე როგორც რუსეთი. სწორედ ამიტომ იყო პუტინისთვის მნიშვნელოვანი იქ, წითელ ხალიჩაზე გავლა, ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევა და ოვაციებით დახვედრა – ადამიანი, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი.

  • ბევრი კომენტარი იმაზე, რომ „ტრამპმა ხელი ჩამოართვა ომის დამნაშავეს“. როგორც ვიცით, ჰააგის სასამართლოს მისი დაკავების ორდერიც აქვს გამოცემული. ამ შემთხვევაში როგორ მუშაობს საერთაშორისო სამართალი, ეს არ გამოიწვევს ამ ინსტიტუციების ავტორიტეტის შელახვას?

რეალურად, ვხედავთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ნაციონალური ინტერესები სულ უფრო ძლიერ განსაზღვრავენ წესრიგს. ღირებულებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წილი კი მცირდება. ამიტომ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ არ იარსებებს ლიდერი, რომელიც მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელ ლიდერს, როგორიც პუტინია, ხელს არ ჩამოართმევს.

  • მაგრამ დემოკრატიის მცველებს, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სწორედ იმის იმედი გვაქვს, რომ დამნაშავე დაისჯება, ანუ გვაქვს საერთაშორისო გავლენიანი ინსტიტუციების იმედი. გამოდის, რომ ეს არაფერს ნიშნავს? მაშინ რა შეაკავებს დიქტატორებს?

ზუსტად ამაშია საქმე, რომ საერთაშორისო წესრიგში რეალურად მიმდინარეობს ერთგვარი კონკურენცია ავტორიტარიზმსა და ლიბერალური დემოკრატიის მოდელს შორის. სამწუხაროდ, ავტოკრატიული ქვეყნების რაოდენობა იზრდება და დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობა, პირიქით მცირდება. ის ფაქტი, რომ  ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი, ანუ რეალურად პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელიც ავტორიტარული იდეების მატარებელიც არის საკუთარ თავში, ამ საერთაშორისო ტენდენციის ნაწილია.

მათ შორის, გაძლიერდა საერთაშორისო ორგანიზაციების ეროზია და ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმისი მოლოდინი, რომ მაგალითად, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა ყოველთვის გარანტირებული იქნება.

იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მულტიპოლარულ საერთაშორისო წესრიგს ესწრაფვიან, საგარეო პოლიტიკას უპირველეს ყოვლისა ნაციონალური ინტერესები განსაზღვრავს, თუნდაც შედარებით მცირე სახელმწიფოების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ხარჯზე.

ფაქტია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჰააგის სასამართლოს უკვე თავად დაუწესა სანქციები და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აშშ-ის მიმართ არანაირი იურისდიქცია არ გააჩნია.

  • თუმცა ამან გააჩინა პრეცედენტი და შესაძლოა სხვა ქვეყანამაც გაიმეოროს იგივე?

თუ არ ვცდები, არსებობს უკვე სხვა შემთხვევებიც, როცა პუტინი ყაზახეთში და მონღოლეთში ჩავიდა. თუმცა მაგალითად გერმანიის კანცლერი მსგავსი პომპეზურობით, წითელი ხალიჩით და ოვაციებით არ მიიღებდა პუტინს. შესაბამისად, განსხვავება რა თქმა უნდა არსებობს, მათ შორის ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ პუტინმა შეძლო ამ შეხვედრით საკუთარი საერთაშორისო იზოლაციის დარღვევის დაწყება. ეს არის მთავარი და საშიში ფაქტი.

პუტინმა შეძლო ის, რომ ის თანაბარ დონეზე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს იყო მისი დიდი ხნის მიზანი, რადგან პუტინის გადმოსახედიდან რეალურად ამ ყველაფრით ხდება რუსეთის, როგორც სუპერსახელმწიფოს აღიარება. პუტინი ცდილობს დაძლიოს ტრავმა, რომელიც მიიღო იმპერიულმა მეხსიერებამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

  • ეს გათვლილი ჰქონდა პუტინს და ამის საჩვენებლად დათანხმდა?

გათვლილი ჰქონდა და მე მგონია, რომ პუტინმა რეალურად ტრამპი საკუთარი თამაშის ნაწილად აქცია. ჩემი გადმოსახედიდან.

რეალურად მან მიიღო ის, რაც უნდოდა მიეღო და ტრამპმა ვერ მიიღო ის, რაც მის გეგმაში შედიოდა. გამოდის, რომ პუტინმა გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე ტრამპმა შეძლო. მან ვერც ვერაფერი მიიღო.

რეალურად პუტინმა შეძლო, რომ ტრამპი, ასე ვთქვათ, ერთგვარ ჩიხში შეიყვანა, რადგან ტრამპი ახლა იძულებული იქნება სწრაფად იმოქმედოს და შეთანხმებას მიაღწიოს, ან საკუთარი მარცხი ვინმეს დააბრალოს. თუ ის შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მის საერთაშორისო იმიჯს საგრძნობლად დააზიანებს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ რუსეთი რეალურად დათმობებზე არ მიდის.

რადგან უკრაინა დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ლოგიკურია, რომ ტრამპი უკრაინაზე გაზრდის ზეწოლას, მაგალითად, უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებით დათმობებზე წასვლის სანაცვლოდ.

  • ფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში დასავლეთი დროს გამონახავს საქართველოსთვის? მეზობელ ქვეყნებში ვხედავთ რა პროცესიც ვითარდება, ჩვენ რას უნდა ველოდეთ?

მგონია, რომ პირიქით ხდება. ანუ დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში.

ეს ჩანს იმაში, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ გვაქვს კანდიდატი წევრის ქვეყნის სტატუსი…

დიახ, შესაძლოა წლის ბოლომდე გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთს მაღალი ინტერესი გააჩნია საქართველოს მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

მაგრამ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ საჭირო მომენტში ყველაზე არასაჭირო ხელისუფლება გვყავს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სახით და ეს არის ჩვენი, როგორც საზოგადოების ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ამის გამო საქართველო საერთოდ ამოვარდნილია რეგიონული სურათიდან, ზუსტად რუსული ზეგავლენის გამო.

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაშია, მაშინ როცა სომხეთიც კი, რომელსაც რუსული სამხედრო ბაზა აქვს ტერიტორიაზე, ცდილობს მულტივექტორული პოლიტიკა შეცვალოს და დასავლეთზე ფოკუსი გააძლიეროს. ასევეა აზერბაიჯანიც. მისი მზერაც ამ ეტაპზე ძირითადად დასავლეთისკენ არის მიმართული, მას შემდეგ, რაც ბაქომ რუსეთისგან მიიღო ის, რაც სურდა, პასიური პოზიცია ყარაბაღის საკითხში.

ამ ყველაფერს ეშველება მხოლოდ ერთი რამით – თუ გვინდა, რომ საქართველოში გვქონდეს დემოკრატია, საქართველო იყოს განვითარებული ქვეყანა, ერთადერთი გამოსავალი რეჟიმის ცვლილებაა, რადგან რუსეთის ზეგავლენის ქვეშ საქართველო ვერ იქნება ეკონომიკურად განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა.

  • ვიზალიბერალიზაციის ან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელი იქნება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება?

როცა საქმე უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, საქართველო ყოველთვის არის რისკის ქვეშ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნებაყოფლობით გახდეს რუსეთის კოლონია. სომხეთის მაგალითი ვახსენე, სადაც რუსეთის ზეგავლენა სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერია, მაგრამ სომხეთი ამ ყველაფერს მაინც არ ეპუება, რადგან რუსეთი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საკუთარი გავლენის შენარჩუნებას.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა დრო იხელთეს და სწორადაც იქცევიან. საქართველოს შემთხვევაში, არსებობს მმართველი პარტიის ეგრეთ წოდებული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელმაც მიგვიყვანა ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაკარგვამდე. ანუ ქვეყანას რეალურად სტრატეგიული მიზნები აღარ გააჩნია და ჩვენ ვართ რუსეთის კეთილ ნებაზე დამოკიდებული სახელმწიფო. რუსეთზე, რომელიც არ აღიქვამს საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ.

ამიტომ, როცა აშშ-ს ინტერესები სამხრეთ კავკასიასთან და შავ ზღვასთან მიმართებით იზრდება, როცა ევროკავშირის ინტერესიც ძალიან მაღალია, ეს ისტორიული მომენტი ახლა უნდა გამოვიყენოთ, თორემ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მდგომარეობაში, როცა ათწლეულები დაგვჭირდება რუსეთისგან თავის დასაღწევად.

მიხეილ სარჯველაძე

მაგრამ ეს ცვლილება გარედან ვერ მოხდება. ეს ცვლილება უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით.

რაც დრო გადის, „ქართული ოცნება“ პროპაგანდის მეშვეობით კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას საზოგადოებაზე, რომ თითქოს ის არის მშვიდობის გარანტი. რეალურად, ამჟამად საქართველო დამოკიდებულია რუსეთის კეთილ ნებაზე და არაფერს აკეთებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც საზოგადოებამ თუ ვერ შევძელით ამ რეჟიმის შეცვლა, მაშინ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ქვეყანა საბოლოოდ წავა ავტორიტარიზმის მიმართულებით და რუსეთს მივებმებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენს უახლეს ისტორიაში მსგავსი განვითარება და ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იქნება საქართველოსთვის.

_____________________

მთავარი ფოტო: ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ქალაქ ანკორიჯში.

„სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის შეფასებას აქვეყნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ. მისი აზრით, ალასკაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის აღდგა მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი. მისი თქმით, საუბარი „მშვიდ გარემოში, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე“ წარიმართა.

მედვედევის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს პირადად და დეტალურად გააცნო მოსკოვის პირობები უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.

როგორც ის ამბობს, თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა „უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის ესკალაციაზე – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.“

„შეხვედრამ დაამტკიცა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია წინასწარი პირობების გარეშე და პარალელურად „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ფონზეც,“ – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ამ შეხვედრის მთავარი შედეგი ისაა, რომ „მომავალ მოლაპარაკებებში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შედეგზე პასუხისმგებლობა პირდაპირ დაეკისრა კიევსა და ევროპას.“

___

ალასკაში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ტრამპისა და პუტინის შეხვდრა, რომლის შემდეგაც პრეზიდნეტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან.  ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

როგორ მუშაობენ „ბებოებად გადაცმული“ ტროლები – ქართველი პროპაგანდის ევოლუცია

სოციალური ქსელები საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ველია. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასა და ონლაინ სივრცეში, “ქართული ოცნებისთვის” სასურველი, ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად პროსახელისუფლებო მედია, ყალბი პროფილები და კოორდინირებული კამპანიები გამოიყენება.

ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებული ადამიანების წინააღმდეგ, გააქტიურებული დისკრედიტაციის კამპანიები – აუცილებლად შეამჩნევდით პოლიტპატიმრებისა და აქტივისტების შესახებ გავრცელებულ პოსტებზე, ზიზღის ენით დაწერილ კომენტარებს, რომლებიც დაკავებულების უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ. ამ კომენტარების ავტორების პროფილზე გადასვლისას, შვილიშვილებით გარშემორტყმული უწყინარი ბებოების ფოტოები გხვდება – ეს ბოლო პერიოდში ქართველი ტროლის ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟია. 

  • ვინ აკვირდება ტროლებს

საქართველოში წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს აქტიურად აკვირდება სამოქალაქო სექტორი. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) წლებია სწავლობს ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროპაგანდისტულ კამპანიებს. ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორი, ქრისტი ფარჯიანი ამბობს, რომ არაავთენტური ექაუნთების პერსონაჟები პერიოდულად იცვლება:

„თავიდან უფრო ადვილად აღქმადი ტროლები იყვნენ – მაგალითად, ედოთ ინტერნეტიდან მოპარული ლამაზი გოგოების ფოტოები და რომ დაძებნიდი, ადვილად პოულობდი. მოგვიანებით ასეთი ფოტოები ხელოვნური ინტელექტით [AI] გენერირებული ფოტოებით ჩანაცვლდა, თუმცა AI- ს მიერ დაშვებული შეცდომების გამო, მათი არანამდვილობა ხშირად აშკარა იყო.

ნაწილი ექაუნთების საერთოდ არ შეიცავდა პიროვნების შესახებ ინფორმაციას – მაგალითად, ფეისბუქ პროფილს სახელად „რკინის ნაკეთობები”, შეიძლება სერიოზული პოლიტიკური შეფასებები დაეკომენტარებინა სხვადასხვა პოსტზე. შესაბამისად, დეზინფორმაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, უფრო ადვილად პოულობდნენ ასეთ ექაუნთებს.

ახლა, მისი თქმით, „არაავთენტური ანგარიშების დიდი ნაწილი საშუალო და უფრო ზევით ასაკის (ძირითადად) ქალების პროფილებისგან შედგება“. იმას, თუ რატომ შეირჩა ქართველი ტროლისთვის ასეთი პერსონაჟი, რამდენიმე მიზეზი აქვს.

„ერთი მიზეზი ალბათ არის ის, რომ სახელისუფლებო გუნდს, ძირითადად მხარდამჭერები დაახლოებით ამ ასაკის ადამიანები ჰყავს. გარდა ამისა, სანდოობაც მეტად არის, მომხმარებელი ფიქრობს “ეს ამხელა ასაკიანი ქალი ტროლი ხომ არ იქნება” ან/და ვინ მოიპარავდა ასეთი ასაკიანი ქალის ფოტოს“.

როცა ძველი სტილი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საცნობი ხდება, ტროლების „სახეები“ იცვლება: „მაგალითად, ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით პროფილებს ლამაზი გოგოების ფოტოებით ან BMW-ს მანქანებით, მაგრამ როცა ადვილად საცნობი გახდა საზოგადოებისთვის, რომ ეს პროფილები ავთენტური არ იყო, ტროლების სახე შეიცვალა და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, საშუალო ასაკის ქალების აქტიურობა, რომლებსაც ანაღვლებთ, რა ხდება ქვეყანაში და თავიანთ აზრს, აი ასე გულწრფელად აფიქსირებენ“, – ამბობს ქრისტი ფარჯიანი.

  • როდის და როგორ აქტიურდება ტროლების ქსელი

როგორც კი მოქალაქეები ან ორგანიზაციები „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებენ, იწყება ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიები. ასეთი კამპანიები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა აქციებზე დაკავებული პირების წინააღმდეგ, თუმცა განსაკუთრებით გააქტიურდნენ დაკავებულების განაჩენის გამოცხადების პერიოდში.

მაგალითად, ერთ-ერთი უახლესი კოორდინირებული კამპანია, ივნისის თვეში, “მითების დეტექტორმა” გამოავლინა, რომელიც მათე დევიძისთვის განაჩენის გამოტანის პროცესს უკავშირდება. ამ დროს სოციალურ ქსელში, მათე დევიძის დისკრედიტაციის მიზნით, ყალბი და ანონიმური (რეა ლობა, Aravin, მიხეილ მზეთუნახავი, ბოროტმოქმედია) ანგარიშები გააქტიურდნენ, რომლებიც პროსახელისუფლებო მედიასთან (posTV, იმედი) ერთად მათე დევიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, ყალბი ანგარიშების ნაწილი პროსახელისუფლებო ფეისბუკის გვერდებთან იყო დაკავშირებული, ნაწილი კი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ისინი კოორდინაციაში იყვნენ სამთავრობო მედიასა და სხვა ანონიმურ ანგარიშებთან.

ჯერ კიდევ 2019 წელს, Facebook-მა, გამოავლინა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კოორდინირებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც წაშალა 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი, რადგან დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

ქრისტი ფარჯიანი განმარტავს, რომ კოორდინირებული თავდასხმები ემყარება წლების განმავლობაში აგებულ ფართო ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს პროპაგანდისტულ მედიასა (posTV, „იმედი“) და სააგენტოებს („kvira.ge“, „ნიუსჰაბი“, „მხარე“ და სხვ.). ხოლო ისეთი გზავნილებისთვის, რასაც ეს მედიები არ/ვერ ავრცელებს, არსებობენ ეგრეთ წოდებული „ექსპერტები“ და Facebook-ზე აქტიური „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. 

„ასევე, როდესაც რაღაცა ტრაგედია ხდება, ან უნდათ, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს დამნაშავე იპოვონ ამ ყველაფერში, ჰყავთ „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები Facebook-ზე, რომლებიც იწყებენ დისკრედიტაციის კამპანიებს. მაგალითად, ასე მოხდა თვალჭრელიძის ქუჩის ამბების დროს. ზუგდიდის ხანძრის შემთხვევაშიც, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, „ოცნების“ მხარდამჭერებს ფეისბუქზე ავრცელებინებდნენ ბრალდებებს, თითქოს დედა იყო დამნაშავე, რადგან „დედას არ ეცალა“. 

აი, ასეთი ინფრასტრუქტურა აქვთ და საკმაოდ ბევრი ტროლი ამ ყველაფრის ნაწილია“, – ამბობს ქრისტი.

  • რა ამოცანები აქვთ ტროლებს და როგორ ატყუებენ ალგორითმს

არაავთენტურ ანგარიშებს ძირითადად ორი ფუნქცია აქვს: პოსტების ინტერაქციის გაზრდა (ლაიქები, რეაქციები) და რაც შეიძლება მეტი კომენტარის დატოვება, რომ რეალობა წარმოაჩინონ ისე, როგორც აწყობს პროპაგანდას.

„ამით ორი მიზანი მიიღწევა: ერთი – როცა ხედავ, რომ ძალიან ბევრი კომენტარი ერთ აზრს აფიქსირებს, მერე სხვებს უჭირთ, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება; მეორე – ალგორითმი ტყუვდება, თვლის, რომ ასეთი კომენტარები მნიშვნელოვანია და მეტ მომხმარებელს აჩვენებს.

ამას აკეთებენ შემდეგი ტაქტიკით: წერენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და შემდეგ აღარ პასუხობენ კომენტარებს, რასაც სხვა მომხმარებლები პასუხობენ. ამ დროს მეტა თვლის, რომ რადგან ბევრი ადამიანი პასუხობს ამ კომენტარს, ესე იგი ეს ანგარიში მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს არაავთენტური ანგარიშები უფრო პოპულარული ხდებიან და მეტ ადამიანს უჩენს მათ კომენტარს“, – განმარტავს ქრისტი ფარჯიანი.

როდესაც მონიტორინგის ჯგუფები ტროლების კოორდინირებული ქცევას გამოავლენს, ინფორმაცია გადაეცემა Meta-ს, რის შედეგადაც ის შლის ასეთ ქსელებს – არა გზავნილების შინაარსის, არამედ ქცევის გამო.

  • როგორ იქმნება ტროლების ქსელი და რა ართულებს მათ ამოცნობას

როგორც წესი, ეს სქემა მუშაობს არა ერთი-ორი ანგარიშით, არამედ ორგანიზებულ ქსელების პრინციპით. ქსელები შედგება ათეულობით ყალბი პროფილისგან, რომლებიც ერთმანეთთან ინტერაქციაში შედიან – წერენ კომენტარებს, ალაიქებენ ერთმანეთის პოსტებს, თითქოს ავთენტურები არიან. მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ ეს პროფილები რეალურ ადამიანებს ეკუთვნის.

„შარშან, წლის ბოლოს ერთი ასეთი ქსელი აღმოვაჩინეთ, სადაც შედიოდა დაახლოებით 30-მდე ანგარიში, რომლებიც ერთმანეთთან შედიოდნენ ინტერაქციაში, უწერდნენ ერთმანეთს კომენტარებს – „მაიკო, ჩემო ლამაზო“ და მსგავსი. მაიკოს სურათი სინამდვილეში რუსი ბლოგერის მოპარული ფოტო იყო – არანაირი მაიკო არ არსებობდა.

თუ ადრე ძირითადად ახალგაზრდა გოგოების ფოტოებს იპარავდნენ, ახლა ტენდენცია შეიცვალა – აქტიურად იყენებენ ასაკოვანი ქალების ფოტოებს, რადგან ძველი სქემა უკვე ამოცნობადი გახდა და ასეთი პროფილებით ცდილობენ განსხვავებული რეალობის შექმნას”. 

ბებოებად “გადაცმული” ტროლების ამოცნობას ართულებს ის ფაქტიც, რომ შესაძლოა ანგარიშები გაკეთებული იყოს რეალური ხანდაზმული ადამიანების ფოტოებით, რომლებიც არ აქტიურობენ ინტერნეტში:

„შეიძლება ანგარიშები რეალური ადამიანების ფოტოებით იყოს შექმნილი და ნათესავი უკომენტარებდეს, თუმცა თავად არ მართავდეს პროფილს. თუმცა, ხშირად ისეთი თანამედროვე ენით და ინფორმაციული წყაროებით ხელმძღვანელობენ ეს ანგარიშები, რომ ძნელია დაიჯერო ასაკოვან ადამიანებს შეიძლება ასეთ წყაროებზე მიუწვდებოდეთ ხელი“.

  • უცნაური სტუმრები TikTok-ზე

თუ ადრე ტროლების ძირითადი ჰაბიტატი საქართველოში ფეისბუქი იყო, ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა და არაავთენტური ანგარიშები აქაც მომრავლდა.  

საქმე ის არის, რომ თავად Tik-Tok-ი ახალგაზრდულ პლატფორმად ითვლება, თუმცა კომენტარებში ხშირად ჩანს საშუალო ან უფროსი ასაკის ადამიანების პროფილები. სწორედ ამას მიიჩნევენ სპეციალისტები საეჭვოდ, რადგან ასეთი აუდიტორია, ბუნებრივად, არ არის TikTok-ზე აქტიური.

„TikTok-ის ენა განსხვავებულია, უფრო ახალგაზრდული და ძალიან განსხვავდება ეს კომენტარებიც, TikTok-ისთვის არადამახასიათებელი კომენტარებია, სწორედ ეს არის ხოლმე საეჭვო. მაგალითად აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ უდევს ვიდეო TikTok-ზე, არც ერთი რეპოსტიც არ აქვს გაკეთებული, ან თუ აქვს რეპოსტები, მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიდეოების და მეტი ინტერაქცია არ აქვს არავისთან“, – განმარტავს ქრისტი.

მართალია, პროსახელისუფლებო და პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშების ნაწილი რეალურ ადამიანებს ეკუთვნით, თუმცა ISFED-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი კოორდინირებული კამპანიების მასშტაბები ცხადყოფს, რომ სოციალური ქსელები დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარი არხია საქართველოში.

____

ამავე თემაზე:

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

 

არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები – განცხადება

დღეს, 16 აგვისტოს, 34-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ სოლიდარობის წერილი გაავრცელა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიურო, ე.წ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება.

განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ, ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები.

თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით  და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია – ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა – დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.

ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას.

ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში.

თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად.

თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას.

ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა.

პატივისცემითა და ურყევი სოლიდარობით“-ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც დღეს, 16 აგვისტოს გავრცელდა.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 34 ორგანიზაცია.

  1. Europe Foundation • ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა
  2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის • Civic Movement for Freedom
  3. EuroClub Kvareli • ყვარლის ევროკლუბი
  4. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  5. საქართველოს ევროპული ორბიტა/Georgia’s European Orbit
  6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი-Economic Policy Research Center ‒ EPRC
  7. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი / Civil Solidarity Fund
  8. სასამართლოს გუშაგი-GeorgianPrevention For Progress
  9. პრევენცია პროგრესისთვის./Prevention For Progress
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  11. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/ Georgian Young Lawyers’ Association
  13. მწვანე ალტერნატივა/ Green Alternative
  14. უფლებები საქართველო – Rights Georgia
  15. ინფორმაციის თავისფლების განვიატარების ინსტიტუტი -IDFI
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  17. თბილისი პრაიდი –
  18. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი Tolerance and Diversity Institute (TDI)
  19. საქართველოს მომავლის აკადემია Georgia’s Future Academy
  20. მედიაომბუდსმენი Mediaombudsman
  21. Georgian Charter of Journalistic Ethics- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  22. ბათუმელები • Batumelebi.ge
  23. ნეტგაზეტი- ge
  24. პროაქტივ ჯგუფი საქართველო
  25. მედია კლუბი Media club
  26. სტუდია რე
  27. ადამიანის უფლებათა ცენტრი-HRC
  28. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  29. EECMD – აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  30. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი
  31. International Center on Conflict and Negotiation
  32. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  33. სამოქალაქო იდეა- Civic Idea
  34. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – Women’s Initiative Supporting Group

________________

მთავარი ფოტო: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო ემუქრება.

________________

ამ თემაზე:

„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე

ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტობანზე – დაიღუპა 1 ადამიანი

ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ავარიის გამო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებულიყო იყო ავტობანზე.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის 6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს მოხდა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 069 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
  • ტანკი – 11 112 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 135 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 31 540 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 467 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 207 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 51 342 ერთეული [+152]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 558 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 58 733 ერთეული [+137]
  • სპეცტექნიკა – 3 942 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 77 659 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 598 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 586 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 581 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 749 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მართალია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა “დიდი პროგრესია”.

ალასკაში ორ სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ტრამპისა და პუტინის შეხვდრა, რომლის შემდეგაც პრეზიდნეტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან.  ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

უფრო ვრცლად: შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დიდი პროგრესია – ტრამპი 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს

სარფის მთაზე „ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, გურამ ჯიჯავაძის კომპანია, „გურუ ინვესტი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა განათავსონ.

მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 7 ნაკვეთზე იგეგმება, კომპანია სამომავლოდ მათ გაერთიანებას გეგმავს. ნაკვეთების ფართობი ჯამში ერთ ჰექტარზე მეტია [10 604 კვ.მეტრი] სამშენებლო ნაკვეთები ერთი მხარეს კერძო საკუთრებას, მეორე მხარეს კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ესაზღვრება.

ტერიტორიის ზედაპირი რელიეფურია და განსხვავდება ნიშნულები, პირდაპირ ესაზღვრება მე-7 ქუჩას, ხოლო დანარჩენი მხრიდან სამეზობლო ნაკეთებია.

პროექტის მიხედვით აქ უნდა განთავსდეს საცხოვრებელი კომპლექსი: ბლოკი A, B და C მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ბლოკი D-„რეცეფშენი“, ბლოკი E-აუზი, და 13 ერთეული ვილა.

პროექტის რენდერი

პროექტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე განთავდება 81 ავტოსადგომი, მათ შორის 4 შშმ პირისთვის იქნება განკუთვნილი. A ბლოკი-მოიცავს ერთ საპარკინგე სართულს და 5 საცხოვრებელ სართულს ტერასით. საპარკინგე პირველ სართულზე განთავსებული იქნება 14 ერთეული ავტოსადგომი და 4 სათავსო.

რენდერი

შპს „გურუ ინვესტი“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა და კომპანიის 100 პროცენტს გურამ ჯიჯავაძე ფლობს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია.

2020 წლიდან დღემდე მან ოცნებას 230 000 ლარი შესწირა.

 

გურამ ჯიჯავაძე არის ასევე შპს „ახალი ბათუმი ჯგუფის“ 50 პროცენტის მფლობელი, „გურუ დეველოპმენტის“, „გურუ ქონსთრაქშენისა“ და „გურუ ჰოლდინგის“ 100 პროცენტის მფლობელი.

„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე

„ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი. მან და კიდევ 5-მა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან წერილი მიიღო.

ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ დიქტატურის დამყარების გზაზე ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება იყოს. რას აპირებენ სამოქალაქო ორგანიზაციები? – „ბათუმელები“ ლევან ნატროშვილს ესაუბრა, იგი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, თქვენ და კიდევ ხუთმა ორგანიზაციამ რაჟდენ კუპრაშვილის წერილი მიიღეთ – აგენტებად რატომ არ რეგისტრირდებითო. რა არის თქვენი პასუხი?

ჩვენი პასუხი არის ის, რაც არაერთხელ გავაჟღერეთ: კანონი, რაც საქართველოში გადმოიღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ეგრეთ წოდებული FARA, არ ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებსაც საკუთარი წესდება აქვთ, საკუთარი ინტერესები აქვთ და არ არიან დონორების და დამფინანსებლების ინტერესების გამტარებლები.

ასეთი ორგანიზაციები FARA-ს რეესტრში არ რეგისტრირდებიან და მათ არ ეხება ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან ეს არის ამერიკული კანონის ანალოგი – ასე არის ყოველ შემთხვევაში კომუნიკაციის დროს გაჟღერებული „ქართული ოცნების“ მხრიდან – ჩვენ არ გვეხება.

მოგეხსენებათ, „სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამოქალაქო ორგანიზაციაა – 1995 წელს დაფუძნებული. მას შემდეგ ამ ორგანიზაციამ არაერთი საქმე გააკეთა და არაერთი მხარდამჭერი ჰყოლია, არაერთი დამფინანსებელი, დონორი, პარტნიორი და ასე შემდეგ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვინმეს აგენტი ვართ და ვინმეს ინტერესებს ვატარებთ?

მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციის, თუ ფიზიკური პირების მხრიდან, არის სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი საწესდებო მიზნები, ჩვენი ამოცანები, რაც გვაქვს განსაზღვრული და რასაც ემსახურება ორგანიზაცია – ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობაა. სწორედ, აი, ამ მიზნების განხორციელებაში გვეხმარება და არავის ინსტრუქციებს არ ვასრულებთ, არავის დავალებებს არ ვასრულებთ. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ამ კანონის ინტერესის საგანი.

  • კუპრაშვილის უწყება როგორ ასაბუთებს, რომ თქვენ გაქვთ ვალდებულება, დარეგისტრირდეთ აგენტებად? 

წერილში პირდაპირ არ წერია, რომ ჩვენ ვარღვევთ კანონს, მაგრამ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ასე ფიქრობენ – წერილი ისეა ფორმულირებული, რომ მათ გარკვეული ინფორმაცია მოაქვთ მაგალითად და ამბობენ, რომ შეიძლება თქვენ გიწევდეთ ამ რეესტრში დარეგისტრირება და გვთხოვენ განმარტებას: რატომ არ დავრეგისტრირდით აქამდე ამ რეესტრში.

წერილში მოყვანილია, რომ მათ შეისწავლეს ჩვენი ვებგვერდი, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც პირველი წერილის პასუხად მივაწოდეთ, შეისწავლეს ჩვენი დაფინანსების წყაროები და ამბობენ, რომ შეიძლება ჩვენ გვიწევდეს ამ რეესტრში დარეგისტრირება.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროში მიიჩნევენ, რომ გვიწევს ცალსახად დარეგისტრირება, მაგრამ ამას ვნახავთ კომუნიკაციის შედეგად, როდესაც ჩვენ უკვე მივწერთ წერილს და განმარტებებსაც მივაწვდით. მერე შევხედავთ, რა გადაწყვეტილებას და რა ნაბიჯებს გადადგამს ბიურო.

  • რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო გემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. ელოდებით, რომ შესაძლოა დაიწყოს სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაპატიმრება?

სამწუხაროდ. არაფერი გამორიცხული არ არის. ამ წერილშიც მითითებულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, თუკი გიწევს დარეგისტრირება და არ რეგისტრირდები.

ვიცით ეს კანონები, მათ შორის ე.წ. FARA რა მიზნით იქნა მიღებული, მის მიღების წინა პერიპეტიები რა იყო და როგორი ნარატივები ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, – რომ მათ სურდათ ფაქტობრივად სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურება.

ვიცით, რომ ეს კანონები სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული. ველოდებით, ცხადია, რომ შეიძლება დაიწყოს ამ კანონის აქტიური გამოყენება კონკრეტული ჯგუფების მიმართ, ვინ არასასურველ პირებს წარმოადგენს „ოცნებისთვის“. ეს ორგანიზაციები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის…

ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, საკუთარ საქმეს აკეთებენ და ხშირად შეიძლება კრიტიკაც ისმოდეს მათი მხრიდან. ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ პარტიებმა, ხელისუფლებამ, იმ მხარემ, ვისაც აქვს პოლიტიკური ხელისუფლება, უნდა მიიღოს ეს კრიტიკა, გაითვალისწინოს, რაღაც არ გაითვალისწინოს, მაგრამ ასეთი პირების და ორგანიზაციების დევნა სრულიად მიუღებელი, არადემოკრატიული პრაქტიკაა.

ეს პროცესი მიუთითებს, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანა ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის. რასაც ვხედავთ, ეს ავტორიტარული მმართველობა სულ უფრო მეტად კონსოლიდირებული ხდება – სულ უფრო მეტი სტანდარტი ირღვევა ადამიანის უფლებების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით.

  • რას აპირებთ ახლა, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

შემდეგ კვირაში ჩვენ მივწერთ წერილს ანტიკორუფციულ ბიუროს, რადგანაც ითხოვენ, რომ განმარტებები მივაწოდოთ. ჩვენ მივაწვდით ჩვენს პოზიციას, რაც არის ამ კანონთან დაკავშირებით – გვიწევს თუ არ გვიწევს რეგისტრაცია.

ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

  • თქვენი ორგანიზაციაც ამ ეტაპზე არ იღებს დაფინანსებას რომელიმე უცხო ქვეყნიდან?

ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ იღებს ორგანიზაცია დაფინანსებას, მაგრამ დაფინანსების მიღება არ ნიშნავს, რომ შენი დონორის აგენტი ხარ და მის ინტერესებს ატარებ, ხომ?

ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც რაღაც ორგანიზაციას, ან თუნდაც ფიზიკურ პირს აქვს გარკვეული მიზნები და კარგი საქმის გაკეთება სურს უანგაროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უსასყიდლოდ ვაწვდით ამ სერვისს ჩვენს ქვეყანას. ამისთვის კი, არის შესაძლებელი ფონდების მოძიება, შემოწირულობები, არსებობენ სპეციალური, საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათგან ვიზიდავთ დაფინანსებას და ეს ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაციისთვის, როდესაც იგი ცდილობს, მოიძიოს მხარდამჭერები, პარტნიორები გარკვეული კარგი საქმის გასაკეთებლად.

ჩვენც ამ კატეგორიაში გავდივართ. ის კანონი, რაზეც არის საუბარი, საერთოდ სხვა კატეგორიაა – სადაც მოქმედებს ასეთი კანონები, იქ არის ძალიან ცხადი, პირდაპირი კავშირი შემკვეთსა და შემსრულებელს შორის. დონორი იქნება თუ პრინციპალს რასაც ეძახიან, მან დავალება უნდა მისცეს კონკრეტულ პირს, ამისთვის შეიძლება თანხა გადაიხადოს ან არ გადაიხადოს და ისე მისცეს დავალება და მისი, ანუ პრინციპალის ინტერესებით მოქმედებდეს ეს პირი.

ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ჩვენ დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ და ვერავინ გვეტყვის, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. რეპუტაცია აქვს ორგანიზაციას, მას ქველმოქმედების მიზნით ბევრი ორგანიზაცია ეხმარება და ეს სულ სხვა სამართლებრივი რეალობაა.

  • ხედავთ შანსს, რომ დღეს სასამართლოს თქვენ ამ პოზიციას გაიზიარებს?

არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი, რომ სასამართლოში ამის დამტკიცება შესაძლებელია – სასამართლოც, სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად, სამწუხაროდ, არის მიტაცებული და პოლიტიზებული. სასამართლო ხშირად ასრულებს მმართველი პარტიის დაკვეთებს. შესაბამისად, დიდი იმედი ამ მიმართულებით არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, სხვა არაფერი არ დაგვრჩენია რეალურად. ვაპირებთ, რომ გავყვეთ ამ პროცესს ბოლომდე!

  • საზოგადოებას რას ეტყოდით: რას ვკარგავთ ახლა, როცა სამოქალაქო ორგანიზაციებს დაპატიმრებით ემუქრება ივანიშვილის რეჟიმი?

მგონი, უკვე ყველა თვალსაჩინოდ ხედავს, რომ ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. ასე იწყებოდა ყველა სხვა, დღეს უკვე ავტორიტარულ ქვეყანაში თავისუფლებების შეზღუდვა, სივრცეების შეზღუდვა, რამაც საბოლოო ჯამში, დიქტატორული რეჟიმები ჩამოაყალიბა. დიქტატურა რომ კარგი არ არის, მგონი, საქართველოს მოქალაქისთვის ამის ახსნა-განმარტება ზედმეტია, ხომ?

ბევრი ადამიანი, ვინც ახლაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, საბჭოთა კავშირს მოსწრებია და იცის რა არის, თუ თვითონ არ იცხოვრა, მონაყოლი ექნება, ან ფილმები ექნებათ ნანახი… როგორც წესი, თუ გინდა, რომ დიდი კეთილდღეობა გქონდეს, ელემენტარულად კარგი განათლება გქონდეს, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, შენი შვილები იზრდებოდნენ ნორმალურ ქვეყანაში, დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს.

თუ იქნება დიქტატურა, ის კეთილდღეობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და უსაფრთხოების რისკებს გააჩენს ადამიანებისთვის, არ იქნება უსაფრთხო ცხოვრება და თავისუფლება. ვიცით, რომ ასეთი ქვეყანა ცუდია და ამ მიმართულებით მიდის ჩვენი ქვეყანა.

დღეს ერთს მიადგებიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და საბოლოო ჯამში გამოვა ისე, რომ საქართველო დაემსგავსება ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას, სადაც აღარ არის დემოკრატიის არანაირი ჩანასახი. ცხადია, ეს ყველასთვის ცუდი იქნება.

Exit mobile version