მთავარი,სიახლეები

ბიძინასთან „უფასო ფულმა“ იმუშავა, კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა მიშასთან – რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? | ინტერვიუ

22.08.2025
ბიძინასთან „უფასო ფულმა“ იმუშავა, კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა მიშასთან – რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? | ინტერვიუ

„საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში  მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა.

საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, უნდა გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. როცა ეს მოხდება, აღარც ეს მუქარა იმუშავებს და არც ხმის ყიდვის მცდელობა,“ – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

  • როცა ვლაპარაკობთ რეჟიმზე, რა სახის რეჟიმად იქცა „ქართული ოცნება“, როგორია მისი ბუნება და რაზე დგას?

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მემარჯვენე პოპულისტური რეჟიმი, რომელიც დაფუძნებულია მანამდე მიღებული ჭეშმარიტების ცნების სრულიად გაუფასურებაზე და არსებული ნორმების გაუფასურების გზით საკუთარი ლეგიტიმაციის გაღრმავებაზე.

ასევე დაფუძნებულია მანამდე ტრადიციულად მიჩნეული ფასეულობების, ჩვეულებების, ნორმების, ღირებულებების და პარადიგმების სრულ გაუფასურებაზე.

„ოცნება“ აქტიურად მიმართავს მანამდე არსებული ნაციონალისტური პარადიგმების, მიდგომების გაუფასურების პოლიტიკას.

საზოგადოებაში ისპობა ჭეშმარიტების, ღირებულებების ცნება და მსგავსი რაღაცები, იმ მიზნით, რომ მათ ნიადაგზე ვერ მოხდეს ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზება.

  • რა პოლიტტექნოლოგიას იყენებს რეჟიმი საზოგადოების დასამორჩილებლად?

ამათი პოლიტტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ აქამდე წარმოუდგენელი, მიუღებელი რიტორიკაც კი, სხვადასხვა დოზით მიეწოდება საზოგადოებას.

მათი მთავარი მიზანი ამ მიუღებელი რიტორიკის ნორმალიზაცია და პოზიტიურად წარმოჩენა კი არ არის, არამედ ის, რომ ეს უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. იმდენად უნდა გაჩვეულებრივდნენ, რომ საზოგადოებას ამაზე არანაირი რეაქცია აღარ უნდა ჰქონდეს.

  • „რუსებო“, „სამშობლოს მოღალატეებო“ – ეს არის ოპოზიციის რიტორიკა ხელისუფლებისადმი. თქვენ ფიქრობთ, რომ ამასაც ყური შეეჩვია და მსგავს შეფასებებზე აღარ აქვთ ხელისუფლებას ან მის მომხრეებს რეაქცია?

ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი საზოგადოების წარსული როგორია. გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ვიდეო, სადაც ასე ვთქვათ, აგენტებს ასამართლებენ.

ყველამ ვიცით ეს ვიდეო. რეალურად, ამის სათავეები ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნულ მოძრაობამდე და ჩვენთან არსებულ პოლიტიკის კეთების სტილამდე მიდის.

ჯერ კიდევ გამსახურდიას პერიოდის რიტორიკით – „ამათ ვამხელ, იმათ ვამხელ, აგერ არქივები გაიხსნება, აგერ სუკ-ის შენობაში ეს დევს, ის დევს“ – 90-იანებშივე დაიწყო სამშობლოს მოღალატის და აგენტის ცნების გაუფასურების პროცესი.

შევარდნაძის და მერე უკვე სააკაშვილის პერიოდში, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ამ საკითხზე მსგავსი მიდგომა, საჭირო აღარ გამხდარა. თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში დაწყებულ „ენვერის“ ტიპის სპეცოპერაციებს. მაშინ ეს ყველაფერი ისე მართეს, რომ „მოღალატის“, „რუსეთუმეს“ და მსგავსი ტიპის ცნებები გააუფასურა.

სანდრო ბაკურაძე

შესაბამისად, ეს საკმაოდ ადრე დაწყებული პროცესია, რომელსაც ახლა „ოცნებამ“ სათავისო ფორმა მისცა.

ანუ „ოცნების“ ინოვაციასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ქვეყანაში უკვე არსებული პოლიტიკის კეთების სტილის აპროპრიაციასთან.

რაც შეეხება პერსპექტივებს, თუკი რაიმე რეალური იდეოლოგიური ცვლილება არ მოხდა, საბოლოოდ ალბათ მივალთ იქამდე, როდესაც ყველა პოლიტიკური და კულტურული ცნება, რომელიც ტრიალებდა ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში, გაუფასურდება და საკმაოდ ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებას მივიღებთ.

  • როგორ უნდა ველაპარაკოთ მაშინ რეჟიმს, ანუ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი?

პირველ რიგში, ვფიქრობ, სრულიად რეალური ნათელი მომავლის ცნებაა საჭირო, მაგალითად, შეღავათიანი კრედიტების თემა წამოვწიოთ, სოფლის განვითარების საკითხი. თუ ვაპირებთ ალტერნატიული ხელისუფლების შეთავაზებას, ვინ, რის საფუძველზე და როგორ აპირებს ამ ქვეყნის მართვას და რა უმაგრებს ამას ზურგს – ამ თემაზე უნდა ელაპარაკოს ოპოზიცია ხალხს.

ყველა ქვეყანაში, სადაც მემარჯვენე პოპულისტებმა წაიფორხილეს, იმუშავა სრულიად რეალისტურმა, გასაგებმა ნათელი მომავლის ცნებამ. იმუშავა ოპტიმისტურმა პოლიტიკამ, რომელიც აგებული იყო არა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსთან პოლემიკაში შესვლაზე, არამედ იმაზე, თუ რას გააკეთებდნენ თავად მომავალში.

თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, სტამბოლის მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუს მთელი პოლიტიკა ხალხთან პირისპირ კომუნიკაციას ემყარებოდა. მან მოიგო უდიდეს ქალაქში არჩევნები.

იმამოღლუს მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა იმაზე, თვითონ ვინ იყო და რას გააკეთებდა. არ ლაპარაკობდა იმაზე ვინ იყო ხელისუფლება. ალტერნატივის განცდა გააჩინა. ხელისუფლება თითქოს არც არსებობდა.

როცა სტამბოლის მართვის საშუალება მიეცა, საქმის გამკეთებელი კაცის იმიჯზე ააგო დანარჩენი პოლიტიკური იმიჯი.

ავიღოთ უნგრეთი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პეტერ მადიარი. უნგრეთი ორბანის პერიოდში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ განსხვავებით ორბანისაგან, მადიარმა მომავალზე გააკეთა აქცენტი.

პეტერ მადიარი ლაპარაკობს რას გააკეთებს, როგორ და რა ვადაში. ამ რიტორიკაში ორბანი მხოლოდ წარსულის გადმონაშთად იქცა, მთავარი აქცენტი კი მომავალზე კეთდება.

პროპაგანდაც სათავისოდ გამოიყენა მადიარმა. მან თქვა, „თუკი Deep State-ი ასეთი ძლიერია, დავალაგოთ ურთიერთობა და ვიმეგობროთ Deep State-თან“. პეტერ მადიარმა, როდესაც საშუალება მიეცა, ხელისუფლების რიტორიკა ხელისუფლებისავე წინააღმდეგ თავის სასარგებლოდ შეაბრუნა.

მაგრამ დავაკვირდეთ, ორივე შემთხვევაში, ნაცვლად ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პოლემიკაში ჩართვისა, პოლიტიკოსებმა რესურსი დახარჯეს საკუთარი მესიჯების გადაცემაზე. ორივე შემთხვევაში აქტიურად იმუშავა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთან პირისპირ კომუნიკაციის სტრატეგიამ.

მაგალითად, პიტერ მადიარი ტრანსილვანიაშიც კი ჩავიდა ადგილობრივ უნგრელებთან სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსილვანია რუმინეთის შემადგენლობაშია და იქაური უნგრელები ტექნიკურად, როგორც დიასპორა, ისე აძლევენ ხმას.

ანუ ნაცვლად ბუდაპეშტის კომფორტულ უბანში ყოფნისა, პიტერ მადიარი ტრანსილვანიის სოფლებშიც კი ჩავიდა.

ჩვენთან კიდევ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ.

ოპოზიცია ვერ გვპირდება ვერაფერს, თან ნაწილი ისევ წარსულის რომანტიზებითაა დაკავებული. ვგულისხმობ იგივე სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, რომლის ისტორიული შეფასებაც რეალურად საკმაოდ ორაზროვანია და ნებისმიერ ოპოზიციას ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

ამ დროს ხელისუფლებას, რომელიც ბევრად უფრო შორეული წარსულის რომანტიზებითაა დაკავებული, როდესაც საქმეს სჭირდება, ვერანაირად ვერ აჯობებ.

ერეკლე მეორის პერიოდი რომ ახსოვდეს, ისეთი ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. შესაბამისად, ის პერიოდი ბევრად უფრო იოლია, მოჭრა შენს გემოზე და მის რომანტიზება მოახდინო, თავისი გეორგიევსკის ტრაქტატით, რუსეთთან კარგი ურთიერთობების მითებით, რაღაცეები დაამახინჯო, რაღაც ვარდისფერი სურათი შექმნა.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მომსწრე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს ქვეყანაში – მათთვის ევროინტეგრაციის და რეფორმების პერიოდის თემის მიყიდვა ბევრად უფრო რთულია.

შესაბამისად, მომავალზე ორიენტირების გარდა, რას, როგორ, რანაირად გავაკეთებთ, სხვა გზა არ არსებობს.

მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა იყოს იმაზე, ქვეყნის შიგნით რას ვაკეთებთ. ვინაიდან, ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ, ისეთი ფაქტორებია, რის გამოც ქართული პუბლიკა არაერთხელ, საკმაოდ სერიოზული იმედგაცრუების მსხვერპლი გახდა. თუკი მთლიანად საგარეო პოლიტიკაზე და ევროინტეგრაციაზე იქნება აგებული ოპოზიციის პოლიტიკური მესიჯი, ამას ძალიან ბევრი ისეთი სუსტი წერტილი აქვს, რომელსაც თუკი ხელისუფლება გამოიყენებს, მაშინ ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. შესაბამისად, ეს მომავალზე ორიენტირებული რიტორიკაც პირველ რიგში შიდა პოლიტიკურ გეგმაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

  • თქვენი აზრით, კონკრეტულად რა გეგმა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ ხალხს?

პირველ რიგში, პოზიტიური და რეალისტური მესიჯები უნდა იყოს და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად ეს რა იქნება. მთავარია, იყოს შესრულებადი და როდესაც გკითხავენ, როგორ შეასრულებ, იცოდე პასუხი.

მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში იმ დროს კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა იმუშავა. ვინაიდან ეს იყო მარტივად გასაგები და პრინციპში განხორციელებადიც.

ბიძინას შემთხვევაში, უფასო ფულის და მსგავსი ტიპის რიტორიკამ იმუშავა. უფასო ფულის ამბავი, ცოტა ფინანსური განათლება თუ გაქვს საზოგადოებას, რა თქმა უნდა სისულელეა, მაგრამ პოზიტიური მესიჯი იყო და იმუშავა.

მთავარია, რეალისტური და გასაგები მესიჯი იყოს.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ როდესაც ხელისუფლების მესიჯებს პოლემიკაში არავინ არ მიჰყვება, ამ მესიჯებს ძალიან მალე ივიწყებენ.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ შიდა კეთილდღეობაზე დამყარებული გზავნილები სჭირდება დღეს ოპოზიციას, რაშიც თითოეული მოქალაქე თავის თავს დაინახავს?

კი, ასეა.

ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენთან უყვართ წამოძახება „კარტოფილზე გაცვალა ხმა“ და ა.შ. მაგრამ გვაქვს იგივე 2012 წლის მაგალითი, ამას გარდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული მაგალითები გვაჩვენებს, რომ თუკი ცვლილებების ატმოსფერო იქმნება ქვეყანაში, თუ ოპოზიციის მესიჯი, იმიჯი პოზიტიურია, ეს ხალხი ხმას აღარ ყიდის.

საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა.

უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. ეს როცა მოხდება, აღარც მუქარა იმუშავებს და არც ხმის ყიდვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: