მთავარი,სიახლეები

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

14.02.2025 •
„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“, – ეს სარედაქციო სვეტია გაზეთის, რომელიც 19 წლის უკანონო პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში გამოუშვა.

„საკანი 101“ – ასე ჰქვია გაზეთს და მისი პირველი ნომერი 2025 წლის 10 იანვარს გამოვიდა.

ძველ ბათუმში, ზვიად ცეცხლაძის სახლისკენ ქვაფენილიანი გზა მიდის. 10 იანვრის დილაა. ზვიადის სახლში მისი მშობლები თბილისში წასასვლელად ემზადებიან. 11 იანვარს ზვიადის სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.

დილის 11 საათია, ზვიადის დედასთან, ნარგიზ დავითაძესთან ინტერვიუს ტელეფონის ზარის გამო ვწყვეტთ. „ზურა, ზვიოა? მოდი, მოდი…“ – ეძახის ნარგიზი მეუღლეს და სთხოვს, ტელეფონი შემოიტანოს. ვიდეო კადრის გაფუჭება არ უნდა, მაგრამ არც შვილის ზარის გამოტოვება სურს.

„რა ხდება მაქეთ?“ – ეს იყო ზვიადის პირველი კითხვა მშობლებთან.

მშობლებს ზვიადთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდათ. ზვიადმა მათ სთხოვა, რომ ციხეში შეეგზავნათ წიგნი ზვიად გამსახურდიას შესახებ. საუბარი ორ წუთს გრძელდება. მშობლები ზვიადს ჰპირდებიან, რომ მეორე დღეს პროცესზე ნახავენ.

„მხნედ ვარ, ამაყად ვარ, ბრძოლის სულისკვეთებით. რა ხვედრიც გვარგუნა ამას ვიაზრებთ – საზოგადოებას იმედს არ გავუცრუებთ. ვიბრძვით გამარჯვებამდე,“ – საზოგადოებისთვის გზავნილს უტოვებს მშობლებს ზვიადი.

„თვეში 15 წუთი აქვს საუბრისთვის და ამ წუთებს ანაწილებს. როცა დარეკავს, ცდილობს სწრაფად ილაპარაკოს და ეს წუთები გამოიზოგოს. თავიდან არ იცოდა და ერთბაშად მიახარჯა. ამის გამო მთელი ათი დღე არ ჰქონდა სასაუბრო წუთები და ვერ დაგველაპარაკა. ახლა რაციონალურად ანაწილებს. 3 დღეში ერთხელ მაინც რეკავს,“ – გვიხსნის ზურა ცეცხლაძემ, ზვიადის მამა.

„როცა მისი ზარი შემოდის, მერე ძალა მემატება“ – გვეუბნება ზვიადის დედა, ნარგიზ დავითაძე და ვაგრძელებთ ინტერვიუს, რომელსაც ზვიადის ოთახში ვწერთ.

ზვიადის ოთახის ერთ კედელზე მსოფლიო რუკის გამოსახულებითაა შპალერი გაკრული. ყველგან, სადაც რუკაზე რუსეთი წერია, წარწერა გადახაზულია და ლურჯი კალმითაა მიწერილი „Occupant“.

„ერთ დღეს სახლში რომ მოვედი ასეთი დამხვდა კედელი,“ – გვიხსნის ზვიადი დედა. 

მას შემდეგ, რაც ზვიად ცეცხლაძის სახელი ყველამ გაიგო, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? – ვეკითხებით ზვიადის დედას.

„ნერვიულობა, მეტი არაფერი არ შეიცვალა. არ მეგონა თუ პატრიოტიზმი და ასეთი რაღაცები ხალხს გააღიზიანებდა“ – გვპასუხობს ის.

ნარგიზ დავითაძე ამბობს, რომ ზვიადის პატრიოტად გაზრდა „მამამისის ბრალია“.

„პატარაობისას ზურას გარეშე არ იძინებდა. იძახდა – მამა მომიწვევსო. ზურა ზღაპრების ნაცვლად უყვებოდა ამბებს საქართველოზე, როგორი იყო ჩვენი ქვეყანა. რა გამოიარა ჩვენმა წინაპრებმა. ისრუტავდა ბავშვი.

ძალიან თავისუფალი ბავშვი იყო. ეზოში რომ ჩავიდოდა, მალე ბრუნდებოდა ხოლმე. ვეკითხებოდი, რატომ ბრუნდები ასე მალე-მეთქი და ვერ ვთანხმდებით დედა აზროვნებაშიო. ისინი სხვანაირად ფიქრობენ, მე სხვანაირად და თანხვედრაში ვერ მოვდივართო. შემოვიდოდა, ხატავდა და წერდა. ხან კედელზე, ხან რვეულში.

მეოთხე თუ მეხუთე კლასში იყო ლექციებს კითხულობდა ეროვნულობაზე. შექმნა ჯგუფი, ონლაინ და სახლში მოჰყავდა მისი ტოლები. ეროვნულ თემებზე ესაუბრებოდა – საქართველოში გვაკლია ეროვნული სულისკვეთებაო. სხვათა შორის ბევრი ბავშვი აიყოლია – ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეროვნული სულისკვეთებაო – იძახდა,“ – იხსენებს ზვიადის დედა.

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძემ 2022 წელს, თავის მეგობრებთან ერთად დააფუძნა. მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ორგანიზაცია ბათუმში და შემდეგ უკვე თბილისში, სხვადასხვა საპროტესტო აქციაში იყო ჩართული.

2024 წლის 19 აპრილის საღამოს თბილისში, გმირთა მემორიალის წინ ახალგაზრდები შეიკრიბნენ და ფიცი დადეს. მომდევნო დღეებში ფიცის ტექსტი დიდი ვნებათაღელვის და გარჩევის საგანი გახდა ქართულ საზოგადოებაში.

ეს ტექსტი გმირთა მემორიალისკენ მიმავალ გზაზე, მარშის დროს დაწერა ზვიად ცეცხლაძემ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.
ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – შეჰფიცეს ერთმანეთს და წინაპრებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოსულმა ახალგაზრდებმა.

ზურა ცეცხლაძეს ზვიადის სამეცადინო ოთახისკენ მივყავართ. ერთი კედელი სრულადაა დაფარული სერტიფიკატებით. ყველა მათგანზე ზვიად ცეცხლაძის სახელი წერია და მოსწავლეობის პერიოდში სხვადასხვა დროს აქვს მიღებული.

„როცა ჩემმა შვილმა თვალი გაახილა, ყველგან ზვიად გამსახურდიას ფოტო დახვდა. ჩვენ ვზრდიდით დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების შესახებ ისტორიით ჩვენს შვილს და როცა დრო გავიდა, ვერც კი მივხვდით, როგორ გახდა ჩვენზე უფრო ზვიადისტი, ჩვენზე უფრო ეროვნული,“ – ასე ახასიათებს ზურა ცეცხლაძე საკუთარ შვილს.

ზურას მამა, ზურას ძმა და თავად ზურა ცეცხლაძეც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ 90-იან წლებში. როგორც ზურა ცეცხლაძე ამბობს, მათი ოჯახი ზვიადისტების ოჯახი იყო და ისინი იბრძოდნენ დამოუკიდებელი საქართველოსათვის.

„ჩვენი ოჯახი ეროვნული მოძრაობის ავანგარდში იყო. 1990 წელს, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, როცა მამა ჰელსინკის კავშირში გაწევრიანდა. თვით ზვიად გამსახურდიას ხელმოწერით აქვს მოწმობა, დღემდე ვინახავთ მას.

ჩემი უფროსი ძმა ეროვნული გვარდიის წევრი იყო. მე უფრო პოლიტიკაში ვიყავი ჩართული, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოს მასშტაბით იქმნებოდა დაუმორჩილებლობის კომიტეტები, უკანონო რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. აჭარაში დაუმორჩილებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით. ზვიადისტების ოჯახი იყო ჩვენი.

სულ მქონდა სურვილი და ვამბობდი – თუ მეყოლება ბიჭი, ზვიადს დავარქმევ-მეთქი. თუ ორი მეყოლებოდა, იქნებოდა ზვიადი და მერაბი.

როცა ჩემი მეუღლე დაფეხმძიმდა, გვითხრეს, რომ ტყუპები გველოდებოდა და ორივე ბიჭები იყვნენ. მუცელშივე შევურჩიეთ სახელი, რომელი-რომელი უნდა ყოფილიყო. ტყუპიდან ერთი სამწუხაროდ ცოცხალი ვერ დაიბადა, ის, რომელსაც მერაბი ერქვა. ზვიადი კი გადარჩა და მას სახელი ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად დავარქვით,“ – გვიყვება ზურა ცეცხლაძე ოჯახის ისტორიას. 

ზვიად ცეცხლაძის მშობლები ნარგიზ დავითაძე და ზურა ცეცხლაძე კითხულობენ ზვიადის ლექსებს

19 წლის სტუდენტს, ზვიად ცეცხლაძეს, ოფიციალური ბრალის მიხედვით, პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. 

„სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ედავება, კანონიერი ხელისუფლების დამხობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება, “ – ასე აღწერს თავადაც იურისტი ზურა ცეცხლაძე საკუთარი შვილის წინააღმდეგ არსებულ საქმეს.

ზვიად ცეცხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. დაკავებამდე ის შაბათობით, დილით, ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ, თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციას უმართავდა. ზვიად ცეცხლაძე ირაკლი კობახიძის სტუდენტი იყო.

საქართველოში პროევროპული აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. უკვე 78 დღეა ეს პროტესტი არ შეწყვეტილა.

ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბრის საღამოს დააკავეს თბილისში. აქციების დაწყების პირველ ორ დღეს ზვიადი თბილისში არ ყოფილა, ბათუმში იყო, რადგან ბაბუა გარდაეცვალა.

ფეისბუქის პირდაპირი ეთერი, რომელიც ზვიად ცეცხლაძის საქმის მთავარი მტკიცებულებაა, 30 ნოემბერს ჩაწერა „დაფიონის“ ფეისბუქ გვერდზე. ასევე, ზვიად ცეცხლაძის საქმეში დევს მისი დროებით ნაქირავები ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, რის ქონასაც თავად ზვიად ცეცხლაძე კატეგორიულად უარყოფს.

ზვიად ცეცხლაძეს ხელი არ მოუწერია ჩხრეკის ოქმისათვის. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: