როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აგვისტოს 21 საათიდან 23 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 24 აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 25 აგვისტოს კი აჭარაში იწვიმებს.

ოზურგეთი – გომისმთას გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი – გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.

„შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება დეპარტამენტი დღეს, 22 აგვისტოს.

განახლებული ინფორმაცია: გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 აგვისტოს 13:00 საათის მდგომარეობით, გზაზე მოძრაობა აღდგა. 

რუსეთის მიერ „დარიალთან“ დატოვებული უკრაინის მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დააბრუნეს

შსს-ს ინფორმაციით, „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე ჩარტერული რეისით უკრაინაში დაბრუნდა.

„უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“-აცხადებს შსს.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ „დარიალსა” და რუსულ გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს“ შორის ათობით უკრაინელი იმყოფებოდა გაუსაძლის პირობებში. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.

მათ არ აქვთ უფლება რუსეთში დაბრუნდნენ, თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი.

_____________

ამ თემაზე:

შსს საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელებზე განცხადებას ავრცელებს

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 074 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 11 124 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 160 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 31 835 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 472 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 210 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 787 ერთეული [+318]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+33]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 426 ერთეული [+110]
  • სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 78 728 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 697 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 772 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 095 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

„რუსეთისთვის ღირებულია მიწა და არა ხალხი. მას მიწის ავადმყოფობა სჭირს“ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოპოზიციამ საერთო ჩარჩოში უნდა იმოქმედოს, ცალკე მათი განადგურება მარტივია „ოცნებისთვის“ – ინტერვიუ

„საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან და ზარალდება. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი,“ – მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. მას 4 ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ და იმ საპროტესტო აქციაზე, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აანონსებენ.

ანალიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე უმთავრესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია და თანმიმდევრული მოქმედებებია, რაც ჯერ არ ჩანს:

„4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას. ამ მოლოდინებს აჩენენ ისევ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია და „ოცნების“ დასასრულის დასაწყისი.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა,“ – გვიყვება გიორგი ბილანიშვილი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბილანიშვილთან ჩაწერა, ის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარია.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია წინააღმდეგობის პროცესისთვის 4 ოქტომბერი? ამ თარიღზე აკეთებს სწორებას ოპოზიციის ნაწილი და მიიჩნევს, რომ დასავლეთის თვალში ამ დღეს უნდა გამოჩნდეს პროტესტის მასშტაბი. 

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი უკვე გადალახა და დასავლეთში მათზე მკაფიო წარმოდგენა არსებობს, თუ რას წარმოადგენს ის. არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვები, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მათ შორის ოპოზიცია როგორ მოახერხებს მობილიზებას და ხალხში არსებული პროტესტის გარდასახვას პოლიტიკურ დივიდენდებში.

გიორგი ბილანიშვილი

ამიტომაც, 4 ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი ეტაპია, ეს მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ მას დააკვირდებიან: რომელი პარტია როგორ მოიქცევა და ეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები რა შედეგებს გამოიღებს. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ ოპოზიციურმა პარტიებმა და ძალიან ფრთხილად, ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთი ქმედებების განსაზღვრისას, რომ საკუთარი თავი, ასევე ერთმანეთი არ დააზიანონ. ნებისმიერი ქმედება, რასაც ოპოზიცია გეგმავს, უნდა იყოს თანმიმდევრული და არა მყისიერ შედეგზე გათვლილი.

ის გეგმები, რაც ახლა ჟღერდება, არა მგონია მაინცადამაინც სწორი იყოს და შედეგზე ორიენტირებული.

  • რომელ გეგმას გულისხმობთ? ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი აანონსებს ხალხმრავალ აქციას რუსთაველზე და მშვიდობიან რევოლუციას, ნაწილი კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებას აპირებს… 

ჩემი აზრით, ჯობდა, რომ ამ არჩევნებში არავის არ მიეღო მონაწილეობა, ან თუ ასე გადაწყვიტეს, ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. ორმა პარტიამ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, დანარჩენებმა – უარი თქვეს. ახლა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა არ მიმაჩნია სწორად – ორივე მხარე ზარალდება.

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას.

  • მშვიდობიან რევოლუციასაც აანონსებს, მაგალითად, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი – ლევან ხაბეიშვილი.

თუ ამ განცხადებებს არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ეს იქნება დამაზიანებელი.

როცა გვესმის განცხადებები, რომ რაღაც ძალიან მასშტაბური იქნება და ეს იქნება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი – დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები ისმის, თუ ამას არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ბუნებრივია, ეს ისევ დამაზიანებელი იქნება პროტესტისთვის.

საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან ხოლმე და ზარალდებიან. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი. ამ თვალსაზრისით ეს არასწორია.

მეორეა „ქართული ოცნება“, რომელშიც არ ვგულისხმობ მარტო პარტია „ქართულ ოცნებას“ – ვგულისხმობ კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც აქვს მედია რესურსი, საექსპერტო და პროპაგანდის რესურსები, ასევე იყენებს სპეცსამსახურებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად – ამ ყველაფერს გამოიყენებს, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რომ გაიძლიეროს საკუთარი პოზიციები და კიდევ უფრო დაასუსტოს ოპოზიცია.

ეს უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ყველას, როგორც ამ აქციის ორგანიზატორებს, ისე მთლიანად ოპოზიციას, რომელიც გეგმავს თავის ქმედებებს.

  • ოპოზიცია საეტაპო თარიღად ნიშნავს 4 ოქტომბერს. თქვენი დაკვირვებით,  კონკრეტულად ამ დღეს ამა თუ იმ ფორმით გამოხატულმა პროტესტმა რა შეიძლება შეცვალოს? 

მე არ ვუყურებ ასე, რომ ეს არჩევნები არის რაღაც საეტაპო, არა მგონია მაინცდამაინც მნიშვნელოვანი იყოს ის, ამ არჩევნებზე როგორ აჩვენებს თავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში.

ამას არჩევნები კი ჰქვია, მაგრამ ეს არ არის არჩევნები, რომელიც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ტარდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ხომ? ეს არჩევნები ტარდება ძალიან მძიმე გარემოში. ასევე ძალიან მძიმე გარემოში ჩატარდა წინა არჩევნები, მასშტაბური გაყალბებებით, სადაც პირდაპირ იყო, მაგალითად, ხმების ყიდვა. ეს შედარებით ახალი პრაქტიკაა მასშტაბების გაზრდის თვალსაზრისით და ამას მარტო საქართველოში არ ვხედავთ, ეს იყო იგივე მოლდოვასა და უკრაინაში. ეს ყველაფერი რუსეთის ხელწერაა.

ამიტომაც ალოგიკური იქნება ვინმეს ეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს, ან დამთავრებულია ყველაფერი.

არსებობს რისკი, რომ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამას ის ყველა ვარიანტში ეცდება, მაგრამ მგონია, რომ იმდენად აღარ არსებობს კითხვის ნიშნები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ქვეყნის გარეთ, არა მგონია, ამ არჩევნებში მონაწილეობით, ან არმონაწილეობით, ვინმეს წარმოდგენა შეეცვალოს.

ერთადერთი, რაც სამწუხაროდ არჩევნებმა შეიძლება აჩვენოს, არის ეს: ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს რესურსი და მყარად დგას ფეხზე. ეს არა იმდენად საგარეო შედეგისთვის, არამედ საპროტესტო მუხტისთვის იქნება დამაზიანებელი.

  • 4 ოქტომბრის აქციის მასშტაბს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა იმაზე საქართველოს შეუჩერებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას, ან გააძევებენ თუ არა ევროსაბჭოდან? 

„ქართული ოცნება“ ამ შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა აქამდე და გააგრძელებს ამ კურსს. თუ ის დარჩება ხელისუფლებაში, მიაღწევს კიდეც ამ შედეგს, რადგან ეს შედის რუსეთის ინტერესში – „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ინტერესების პირდაპირი გამტარი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაში. „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა ევროკავშირი, რომ შეეჩერებინა ჩვენი გაწევრიანების პროცესი – საერთოდ აღარ არსებობს ნატოში ინტეგრაციის თემა. თავად გააქრო დღის წესრიგიდან, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხები.

„ქართული ოცნება“ არ შეცვლის და ვერც შეცვლის ამ კურსს, იმდენად არის რუსეთზე დამოკიდებული. ასე რომ, „ოცნების“ ამოცანაა შეწყდეს უვიზო მიმოსვლა და აღარ ჰქონდეს საქართველოს ევროპასთან არანაირი ურთიერთობა.

  • ამ ვითარებაში რის გაკეთება შეიძლება იყოს სწორი 4 ოქტომბერს, თქვენი აზრით?  

ოპოზიციური პარტიები უნდა მოქმედებდნენ საერთო ჩარჩოს ფარგლებში – არ უნდა აზიანებდნენ ერთმანეთს, უნდა მოქმედებდნენ თანმიმდევრულად და აძლიერებდნენ წნეხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მე არ ვიძახი, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, მაგრამ კოორდინაციის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა იყოს, რომ რა რესურსებიც გააჩნიათ, ისინი ეფექტურად, ერთმანეთის დასაზიანებლად კი არ გამოიყენონ, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ეგ არ ჩანს და როცა ეს არ ჩანს, რა სტრატეგიაზეა საუბარი? ვის რა სტრატეგია შეიძლება ჰქონდეს? შეიძლება, ერთი ერთს ფიქრობდეს, მეორე მეორეს ფიქრობდეს და საბოლოო ჯამში, არც ერთი არ იყოს, ასე ვთქვათ, გამართლებული ბოლომდე და ასეთი დაქსაქსულობის პირობებში – გამართული.

„ქართული ოცნებას“ აქვს სათანადო რესურსები: ადამიანური რესურსი, მატერიალური, პროპაგანდის, ფინანსური.  სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერაც. ისე არ არის, რომ მისი რეიტინგი ნულს უტოლდება.

„ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული მხარდაჭერა კრემლის სახით, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორ იმოქმედოს, რომ ეს პროტესტი ჩაშალოს – ეს იქნება რუსეთის ფედერაციაში თუ, მაგალითად, ბელარუსში.

ოპოზიციას კი, ეს რესურსები არ აქვს. ამას ემატება ერთმანეთს შორის გათიშულობა და დაქსაქსულობა. ამ პირობებში წარმატება ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება, თუ შეუძლებელი არა.

  • რუსეთს ზურგი აქციეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ეს მოცემულობა არაფერს ცვლის? 

ჩვენს რეგიონში განვითარებული პროცესები გულისხმობს რუსეთის პოზიციების შესუსტებას სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც დამაიმედებელია. ფართო სურათში რომ შევხედოთ, „ქართული ოცნებისთვის“ დამაიმედებელი დიდად არაფერი არ ჩანს. ის, რომ სანქციები მის წინააღმდეგ მოქმედებს და რუსეთს პრობლემები ექმნება – რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, აუცილებლად აისახება საქართველოზე. ეს დამატებითი პრობლემა იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ქვეყნის შიდა და საგარეო ფლანგზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო ეფექტურად, კოორდინირებულად და დახვეწილად უნდა იმუშაონ ამ მოცემულობაში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს – ხელისუფლების შენარჩუნების და გადარჩენის საკმაოდ მაღალი შანსი. თუ ოპოზიცია იმუშავებდა უფრო აქტიურად და კოორდინირებულად, ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნების“ ეს შანსები განულდებოდა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

მზა რეცეპტი, ბუნებრივია, არ მაქვს.

  • დღეს რამდენად შეიძლება ეს მოლოდინი გვქონდეს ოპოზიციისგან, როცა ლიდერების დიდი ნაწილი ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია?

დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ ისინი აბსოლუტურად უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, ეს რეჟიმის ავტორიტარიზმის ხარისხს უსვამს ხაზს, მაგრამ ჩემი აზრით, ოპოზიციის შიგნით პრობლემები „ქართული ოცნების“ გარეშეც არსებობს.

  •  უშვებთ, რომ შესაძლოა გააძლიეროს კრემლმა ზეწოლა „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობაზე?

რუსეთის ხედვით პოსტ-უკრაინის მერე, პოსტ-საბჭოთა სივრცეში უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რეალობა. იმ ახალ რეალობაში ისეთი კვაზი-სუბიექტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, იმ სტატუსს ვერ შეინარჩუნებენ და დაიწყება „სიტუაციის გადალაგება“.

ამ სიტუაციის გადალაგების პროცესში, რას მოსთხოვენ „ქართულ ოცნებას“, ან როგორი კონფიგურაცია იქნება, ამაზე მიჭირს მსჯელობა  – ჯერ არ ჩანს კარგად კონტურები, თუ როგორ დასრულდება ომი.

  • თქვენი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე და მხოლოდ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი?

არა. გარეთ შეიძლება ყველაფერი დალაგდეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ, მაგრამ თუ შიგნიდან არ გამოვიყენებთ ამას, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

თუ ოპოზიციას არ ექნება სტრატეგია და თანმიმდევრული მოქმედება, ძალიან მცირე შანსია გადარჩენის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არსებობენ იმისთვის, რომ ხელისუფლების პრობლემები გამოიყენონ, ასე ვთქვათ, საკუთარი რეიტინგის, პოლიტიკური დივიდენდების გასაზრდელად. თუ ამას არ გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, მაშინ ძალიან გაჭირდება სიტუაციის შეცვლა.

  • ავტორიტარიზმი ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ანადგურებს, ასუსტებს პოლიტიკურ ოპოზიციას. ამ ვითარებაში საზოგადოების ორგანიზებას და წინააღმდეგობას, თქვენი აზრით, არ შეუძლია პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა? 

რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი ამას ნიშნავს და ჩვენ მყარად ვდგავართ ავტორიტარიზმის გზაზე. ამიტომაც ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ძალები კოორდინირებულად მოქმედებდნენ: ცალ-ცალკე მათი განადგურება, ბევრად უფრო მარტივი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება რაღაც მოხდეს – „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა.

„რუსეთისთვის ღირებულია მიწა და არა ხალხი. მას მიწის ავადმყოფობა სჭირს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ავად არის ტერიტორიებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა, რა კავშირი აქვს მასთან“, – ამბობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.

მას ვთხოვეთ რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასება – ლავროვმა თქვა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“, არამედ რუსეთის მიზანი „რუსი ხალხის დაცვა“.

  • ქალბატონო ლელა, ალბათ არავის სჯერა იმის, რომ რუსეთს მხოლოდ რუსების დაცვა აინტერესებს სხვის ტერიტორიაზე. რა მოიაზრება ლავროვის ამ განცხადების უკან რეალურად?

სინამდვილეში, რუსეთი არის სახელმწიფო, რომლისთვისაც ღირებულია მიწა და ხალხი არის მხოლოდ საშუალება. მას რუსი ხალხის ბედი რეალურად არ აწუხებს, თორემ მთელი რუსეთი მოსკოვის, პეტერბურგის და ეკატერინბურგის მიღმა რა მდგომარეობაშია, ეს არავისთვის არ არის დაფარული.

ის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში სხვისი მიწების დასაპყრობად მან გაწირა მილიონობით რუსი მოქალაქე, ეს ხომ ყველასათვის თვალსაჩინოა. მისთვის რუსი ხალხი, თავის ტერიტორიაზე თუ სხვის ტერიტორიაზე, მხოლოდ საშუალებაა მისი ავადმყოფური მიდრეკილების, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა დაიპყროს.

ამიტომ ლავროვის ეს წინადადება, რომ თითქოს არ ყოფილა არასოდეს ტერიტორიების დაპყრობა მიზანი, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა.

ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება ეს გავიგოთ, როგორც თავის მართლებაც, რომ სხვის ტერიტორიაზე კი არ შეიჭრნენ, არამედ რუს ხალხს იცავენ, ისე როგორც საქართველოში კი არ შემოიჭრნენ თურმე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას იცავდნენ.

ლელა ჯეჯელავა
  • აფხაზი და ოსი მოსახლეობა რომ არ ადარდებს ამაზე მეტყველებს გაჩანაგებული ქალაქები და სოფლები, რომელიც ოკუპირებული აქვს…

აფხაზეთზე კი არა, რუსეთზეც კი არ ზრუნავს კრემლი. რუსულ ქალაქებზე, რუსულ სოფლებზე არ ზრუნავს. ეგრეთ წოდებული „გლუბინკა“, რასაც ეძახიან რუსეთში, წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. შემთხვევითი კი არ იყო 2008 წლის ომის დროს უნიტაზები რომ მიჰქონდათ რუს ჯარისკაცებს საქართველოდან – მათთვის ეს არის ფუფუნება. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა მათთვის.

ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რუსეთში გავრცელებული მაღალი ალკოჰოლიზმის ფონზე, ასობით ადამიანი სიცოცხლეს ამთავრებს ე.წ. ჩეჩმაში. მაგრამ ეს ცნობილი ფაქტია და ამაზე თავად რუსი ბლოგერები წერენ.

ამიტომ აფხაზეთზე და ოსეთზე ზრუნვა კი არა, რუსეთი ავად არის ტერიტორიებით – ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა და რა კავშირი აქვს მასთან.

  • ეს დაავადება რუსული იმპერიალიზმიდან მოდის თუ სხვა რამეა კიდევ?

საქმე იმაშია, რომ რუსეთი ისტორიულადაც ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით არ არის ჰომოგენური სახელმწიფო. ძალიან სპეციფიკური სახელმწიფოა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთი არის სამართალმემკვიდრე საბჭოთა იმპერიისა, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ბოროტების იმპერია უწოდა. პრაქტიკულად, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, არის იმ ბოროტების იმპერიის კონვულსიები.

რასაკვირველია, მცდელობაა საბჭოთა იმპერიის აღდგენის, თუმცა ეს აბსოლუტურად ილუზორულია და უტოპიური – მე ძალიან ხშირად ვამბობ საჯარო გამოსვლებშიც, რომ ვერავინ ვერ დაასახელებს ვერც ერთ ისტორიულ ეპოქაში და ვერც ერთ გეოგრაფიულ გარემოში, რომ დამხობილი იმპერია ოდესმე აღმდგარა.

იმპერიების შექმნას, განვითარებას და შემდეგ გაქრობას აქვს თავისი კანონზომიერებები. შესაბამისად, ის არ უშვებს იმას, რომ იმპერია კვლავ აღდგეს.

100 წლის წინ მოვლენებმა ხომ გვაჩვენა, რომ გაქრა ოსმალეთის იმპერია. ახლა რუსეთის იმპერიის ჯერია – საბჭოთა კავშირის დაშლით არ დასრულებულა ბოროტების ღერძი, რადგან ეს როლი თანამედროვე რუსეთმა იტვირთა.

  • იმპერია შესაძლოა ვერ აღდგეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს პატარა ქვეყნების ჩაგვრის ხარჯზე შეინარჩუნოს გავლენა სხვის მიწებზე, რესურსებზე და ასე შემდეგ. ამის მცდელობა ხომ აქვს საქართველოშიც.

ეს რისკები რასაკვირველია არსებობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა, რადგან იმ პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელზედაც გავლენას ავრცელებდა რუსეთი, ძალიან ცოტა ქვეყანაა დარჩენილი, რომელიც ნებაყოფლობით შეიძლება დათანხმდეს მისი გავლენის ქვეშ ყოფნას.

სამწუხაროდ, ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ კოლაბორაციონისტული ხელისუფლებების ხარჯზე, ისეთი, როგორიც ჰყავს ბელარუსს, საქართველოს, რომლებიც მზად არიან საკუთარ ძალაუფლებას უმსხვერპლონ ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები.

მაგრამ ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სხვა პროცესებსაც და გარდა ამისა, თვით რუსეთშიც არის უამრავი ნაღმი. რაც უფრო მეტხანს გააგრძელებს რუსეთი უკრაინაში ომს, რომელშიც იფიტება როგორც ეკონომიკურად, ასევე ადამიანური რესურსით და ბევრი სხვა ნიშნითაც, მით უფრო გაიზრდება არსებული უკმაყოფილება რეგიონებში.

ეს გახლავთ მაგალითად თათრეთი, ჩრდილო კავკასია და ციმბირი, სადაც პრაქტიკულად რუსეთის გავლენები უკვე იმდენად შემცირებულია, რომ ვერც კი ვიტყვით, რომ ეს რუსული სახელმწიფოს ორგანული ნაწილია.

ვიცით, რომ ჩინეთის დომინაციაა ციმბირში ძალიან დიდი და ვხედავთ, რომ ამ ომის ფონზე რუსეთი ნელ-ნელა ხდება ჩინეთის პროქსი სახელმწიფო. რუსეთს აღარასოდეს აღარ ექნება და არც ამ ეტაპზე აქვს უკვე შესაძლებლობა იყოს შეერთებული შტატების, ჩინეთის და ევროკავშირის თანასწორი სუბიექტი.

ძალიან ხშირად, დასავლეთის მიდგომები რუსეთის მიმართ ცოტა ნაივური იყო, როცა მათ ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთისგან ოდესღაც დადგებოდა დემოკრატიული სახელმწიფო. მაგრამ ამ ფორმით, როცა რუსეთი კვლავ წარმოადგენს სრულიად განსხვავებული კულტურული, რელიგიური, სრულიად განსხვავებული მსოფლაღქმის მქონე ხალხების არანებაყოფლობით ერთობას, შეუძლებელია, მისგან დემოკრატიული სახელმწიფო დადგეს.

  • თუ ჩინეთიც მის დასუსტებას ელის და მხოლოდ ამიტომ გულშემატკივრობს ამ ომში, რატომ არ წყვეტს უკრაინაში ომს, ამას ვერ აანალიზებს?

პუტინი არის ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ადამიანი და ასე ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, როცა საკუთარ ძალაუფლებას ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. თორემ, რუსეთის ინტერესები დღეს რომ არის შელახული, ასე არ ყოფილა არასდროს, ისტორიულად.

პუტინმა მთლიანად დაკარგა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, პეტრე პირველის მიერ გაჭრილი ფანჯარა ევროპაში და გავლენები ბალტიის ზღვაზე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც ახლა ხდება კავკასიაში, სადაც უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკის გეოსტრატეგიული ინტერესები ზანგეზურის დერეფანში – რუსეთი პრაქტიკულად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე და უკრაინის ომიც მას ეკონომიკურად ფიტავს. ძალიან სერიოზული დეფიციტი აქვთ ბიუჯეტში უკვე.

  • თქვენ იცით, რომ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა შემოსული ქვეყანაში და ვხედავთ, როგორ მოიკიდეს მათ ფეხი თითქმის ყველა ქალაქში. აქვთ სალონები, რესტორნები, კაფეები, სოციალური სივრცეები, საბავშვო ბაღები და საერთოდ არ ცდილობენ ინტეგრაციას. არ სწავლობენ ქართულს და არ გამოხატავენ პატივისცემას ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ. რა ტიპის საფრთხეს უქმნიან ისინი ჩვენს ქვეყანას?

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ ეს ადამიანები რუსეთმა არ გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, რა უძღოდა აფხაზეთში და ოსეთში რუსეთის შეჭრას. რუსული პასპორტების დარიგებით დაიწყო ხომ ეს პროცესი. უნდა იცით, რომ ამ ტიპის პასპორტებით დღეს საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანი ცხოვრობს.

ეს მძლავრი იარაღია რუსეთისთვის, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლია ყველგან აამოქმედოს. აქედან გამომდინარე, ლავროვის გზავნილი ჩვენთვის პრობლემაა. მით უმეტეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რომელიც კოლაბორაციაშია რუსეთთან. ძალიან სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს და დაგვანახოს ის რისკები, რომლის წინაშეც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს საქართველო.

გარდა ამისა, თითოეული მოქალაქის შეგნებაზეა დამოკიდებული, რომ არ შევიდეს კომუნიკაციაში რუსებთან და არ ელაპარაკოს მათ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენა ბევრმა იცის საქართველოში. ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდებიან მიიღონ ის მოთხოვნები, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა უყენებს რეზიდენტებს და ჩვენც უნდა მოვიქცეთ ასე. აბა ჩაბრძანდით სომხეთში და ნახავთ რუსულ ენაზე თუ გიპასუხებთ ვინმე.

  • მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ელაპარაკებიან რუსებს რუსულად. თუმცა ისინი უკვე იმდენად ბევრნი არიან, კომუნიკაციის გარეშეც შეუძლიათ ცხოვრება. 

ქართული ენა ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას. მაგალითად, აფთიაქში, სუპერმარკეტებში, კლინიკებში.

  • ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ობიექტებშიც რუსულად ესაუბრებიან მათ.

ბანკებში, აფთიაქებში რუსულ ენაზე რომ დაიწყეს ქვითრების ამორტყმა, აი ეს არის კოლაბორაცია და ეს არის სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა.

აბა ნახეთ ახალგაზრდობა თუ შედის კომუნიკაციაში რუსულად? არა. არც ერთ შემთხვევაში. მათ უფრო ჰყოფნით მოქალაქეობრივი შეგნება და ბევრად უკეთ წარმოადგენენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საშუალო თაობას, რომელსაც საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილება აქვს, ჯერ კიდევ ვერ ამოუღია ცნობიერებიდან, რომ რუსული ენა იყო დომინანტი და ყველასთვის სავალდებულო პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

საქართველოში აქამდე არ გვყოლია „ბიდლოს“ ცნობიერების ფენა, რასაც დღეს ვხედავ, სამწუხაროდ. ბოლო პერიოდში ფორმირდება საზოგადოების ასეთი ნაწილი და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი – ამ ტიპის საზოგადოება პატივს სცემს მხოლოდ შიშველ ძალას. ამ ტიპის საზოგადოებას დაკარგული აქვს საკუთარი თავის პატივისცემა, ქვეყნის ინტერესებზე ლაპარაკი ზედმეტია, საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი არ აქვს.

  • „ქართული ოცნება“ ხომ ამ პოლიტიკას ეწევა ბოლო წლებია – აკნინებენ სამშობლოსთვის ბრძოლას, გმირობას. ეს არის მიზეზი თუ სხვა რამეა კიდევ?

როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ დაიწყო მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით ცხოვრება და ჩათვალა, რომ მეტი არ არის საჭირო. სწორედ აქედან მოდის ის ძალიან დიდი აგრესია, დაუფარავი ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნა და წარმოუდგენელი სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს და ლაპარაკობს.

პრორუსებიც გვყოლია, ევროსკეპტიკოსებიც ქვეყანაში, მაგრამ ამ ტიპის ცნობიერება ადრე არ შემიმჩნევია. ამ 13 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად შეძლო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალური ოკუპაცია.

  • გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით ვკარგავთ ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა დავკარგოთ კანდიდატის სტატუსიც და ევროსაბჭოდანაც კი შეიძლება გამოგვაძევონ. ასეთი იზოლაციის პირობებში, რუსული პროპაგანდით და რუსული ხელისუფლებით, რამდენად შევძლებთ სახელმწიფო ინტერესების დაცვას?

იმ საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ შეგვრჩა აზროვნების უნარი და საკუთარი თავის პატივისცემა, უნდა გავიაზროთ, რომ ის ნაწილი, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, არასოდეს არ შეწუხდება იმით, რომ საქართველოს გამოაგდებენ ევროსაბჭოდან. პირიქით, ჩათვლის, რომ ამით საქართველო გახდა უფრო მეტად დამოუკიდებელი, რადგან ეს პროპაგანდით მოწამლული, ინტოქსირებული ადამიანები არიან, ოკუპირებული ტვინებით და მათი შეცვლა ამ ეტაპზე შეუძლებელი მგონია.

ვფიქრობ, იმ ნაწილმა ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩა პატივისცემა საკუთარი თავის, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა გაუშვათ და ეს უნდა გახდეს ჩვენი არსებობის მთავარი ამოცანა. ამის გარეშე არაფერი გამოვა.

  • ხალხის ამ ნაწილს, ვისზეც საუბრობთ, აქვს „ოცნების“ გაშვების საკმარისი რესურსი?

ადამიანს, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, ხომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. ადამიანი, რომელიც ავადაა, ყველაფერს მიმართავს – ტრადიციულ მედიცინას, არატრადიციულს, ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინოს.

ან ცეცხლი რომ უკიდია, რა ჭურჭელიც აქვს ხელში, იმით იწყებს წყლის დასხმას, ხომ? ამიტომ ახლა ზუსტად ამ ტიპის აზროვნება გვჭირდება.

არც იმაზე ფიქრის დროა, ეს პოლიტიკოსები მოგვწონს თუ არა. ვინ კარგია და ვინ უკეთესია, ვინ ცუდი. ყველა, ვისაც წარმოგვიდგენია ის საფრთხე, რაც ამ ქვეყანას ემუქრება, ის, რომ რეალურად იფერფლება ეხლა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, – ყველაფერი, ამას არ გვაპატიებს შთამომავლობა.

ეს შეგვიძლია პროტესტით, უწყვეტი პროტესტით. არა ისე, 200 კაცი რომ დგას მოედანზე, არამედ ძალიან მძლავრი პროტესტით უნდა შევძლოთ. მჯერა, რომ ეს შესაძლებელია, თუ მოვიკრებთ ძალებს და ბოლომდე გავაცნობიერებთ რა საფრთხე გვემუქრება. ვფიქრობ, სანამ ბოლომდე არ გადაეკეტება ადამიანებს ჟანგბადი და სუნთქვის შესაძლებლობა აქვთ, მანამდე ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეებს.

  • ჟანგბადის გადაკეტვა რა იქნება ამ ქვეყნისთვის?

თუნდაც ის, რომ პოლონეთში ვეღარ წავლენ სამუშაოდ, როცა სამუშაო ვიზების გაცემა შეწყდება.

ეს იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც. ვფიქრობ, ევროპის ქვეყნების მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკას აუცილებლად ექნება შედეგი. უნდა გაგრძელდეს რუსეთის სანქციები და „მეგობარი აქტი“, რომელსაც დიდი იმედით ვუყურებ, ბრიტანეთის მიერ დაანონსებული სანქციებიც უნდა ამუშავდეს და არ უნდა მიეცეს რეექსპორტის შესაძლებლობა რუსეთს.

ავტომანქანების რეესპორტი თუ აღარ ექნებათ რუსეთში, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება. მგონი, საკუთარი სტომაქი მაინც აიძულებს მასას, გააცნობიეროს, რომ რაღაც ისე ვერ არის.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს – მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ Tik-tok-ში, ხოლო 20 აგვისტოს instagram-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ძმას.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოსცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან 20 აგვისტოს, კიევში გააკეთა, როდესაც რაკეტების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა.

„ჩატარდა წარმატებული გამოცდა და ჯერჯერობით ეს რაკეტა ყველაზე წარმატებულია იმ რაკეტებს შორის, რომლებიც ჩვენ გვაქვს – ის სამი ათას კილომეტრს დაფრინავს“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ უკრაინის პრეზიდენტს.

ზელენსკის თქმით, დეტალები მანამ არ გახმაურდება, სანამ „ასობით რაკეტის გამოყენების შესაძლებლობა არ იქნება“.

მისი თქმით, „ფლამინგოს“ მასობრივი წარმოება უნდა დაიწყოს 2026 წლის ბოლოს.

„ფლამინგოს“ ფოტო Facebook-ზე გამოაქვეყნა „ასოშიეითედ პრესის” უკრაინელმა ფოტოჟურნალისტმა ეფრემ ლუკაცკიმ. მისი ცნობით, ის „Fire Point“-ის მიერ არის წარმოებული. საუბარია სახმელეთო რაკეტაზე.

ფოტო: „ასოშიეითედ პრესი“

„ცდილობენ დამაბრალონ ის, რასაც თვითონ აკეთებენ – კავშირი რუსულ კაპიტალთან“ – IDFI-ის დირექტორი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ეხმიანება „ოცნების“ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი.

გიორგი კლდიაშვილი პროსამთავრობო მედიის ინფორმაციას ორკესტრირებულ, ცილისმწამებლურ და მადისკრედიტირებელ კამპანიას, უწოდებს, რომელიც მიმართულია მისი, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობის წინააღმდეგ.

„მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ჩემი საქმიანობის გამო ქოცი პროპაგანდისტები აწუხებენ უსაფუძვლო და უაზრო კითხვებით.

ქოცნება და ქოცპროპაგანდა აქტიურად ცდილობს დამაბრალონ მე ის, რასაც თვითონ აკეთებენ, კავშირი რუსებთან და რუსულ კაპიტალთან.

მე ჩემს ქართველ პარტნიორებთან ერთად მაქვს ლეგალური ბიზნესი, რომელიც არის ქართული ტურიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სახე. ის შეიქმნა 2020 წელს სრულად ქართული კაპიტალით – საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით, „აწარმოე საქართველოს“ სესხის სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით და ევროკავშირის და EBRD-ს ფინანსური დახმარებით.

არანაირი რუსულ კაპიტალს კავშირი არ აქვს და არ ექნება სასტუმრო “ქვევრებთან” – ეს არის ქოცპროპაგანდის მიერ მოგონილი ნარატივი.

ჩემს პარტნიორებს აბრალებენ რუსობას, ადამიანებს, რომლებიც არიან ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, ცხოვრობენ საქართველოში და ჩართული არიან საოჯახო ბიზნესში, რომელიც სრულად ქართული კაპიტალით შეიქმნა. მათზე რუსობის დაბრალება არის სრული სიბეცე და ტყუილი. ჩემი პარტნიორები არიან ქართველები სულით და ხორცით და საქართველოში აკეთებენ ქართულ საქმეს.

აქვე მინდა ვისაუბრო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის შესახებ, რომლითაც ისარგებლა სასტუმრო „ქვევრებმა“. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა 2020 წელს საშუალებას იძლეოდა, მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხის საშუალებით, ხელი შეეწყო ტურისტული ბიზნესისთვის, კონკრეტული სტანდარტების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში – სასტუმროს მშენებლობა, ოთახების მინიმალური რაოდენობა, დასაქმებული ადამიანები და სხვა.

მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ეს ტურისტული ობიექტი უნდა ყოფილიყო საქართველოში არსებული რომელიმე კომერციული ბანკიდან აღებული სესხით აშენებული, რაც საქართველოს ბანკიდან ავიღეთ. სასტუმროს განვითარებისთვის, ასევე ჩვენს ბიზნესს მიღებული აქვს ევროკავშირის და EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერა. სასტუმრო ქვევრებმა სრულად დააკმაყოფილა სუბსიდირების მისაღებად საჭირო ყველა მოთხოვნა, შეასრულა ყველა ვალდებულება და შექმნა უნიკალური, ქართულ ტრადიციების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტი, დასაქმებული ჰყავს ათობით ადგილობრივი თანამშრომელი და მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, სასტუმრო ვითარდება და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა საქართველოში.

ამავდროულად, სასტუმროს უკვე გადახდილი აქვს ბიუჯეტში გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა, ვიდრე სასტუმრომ სუბსიდირების სახით მიიღო.

არასოდეს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი და ფინანსური გადაკვეთა IDFI-ს და სასტუმრო ქვევრებს შორის არ ყოფილა.

ვაცხადებ, რომ ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყოლოდა და მოჰყვეს ჩემთან დაკავშირებულ ბიზნესს, ჩემს პირად და ოჯახის უსაფრთხოებას, ჩემი საქმიანობის, აქტივობის და განცხადებებს გამო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც, პირადად და IDFI-ს საქმიანობით, როგორც ჩანს, დიდ დისკომფორტს უქმნის პრორუსულ რეჟიმს.

ასე, რომ ჩემთვის არ არის მოულოდნელი ის, რაც ქოც პროპაგანდამ დაიწყო და აგრძელებს ვითომ ჩემი და IDFI-ს დისკრედიტაციის მიზნით. სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ თავად პრორუსებმა ქართველებს გვეძახონ პრორუსები!

ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე და მოსალოდნელ რეპრესიებს არასდროს გადაუწონია ქვეყნის ინტერესები. ეს ცილისმწამებლური კამპანიაც, სწორედ აღნიშნულის დასტურია“ – წერს გიორგი კლდიაშვილი ფეისბუქზე.

საჯარო რეესტრის თანახმად, სასტუმრო „ქვევრებს“ ხუთი მეწილე ჰყავს, გიორგი კლდიაშვილის ჩათვლით. ორ მეწილეს, გიორგი როჩიკაშვილსა და დავით სპარსიაშვილს, რეესტრის თანახმად, ორმაგი, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, თუმცა „ოცნების“ პროპაგანდისტულის მედიის, „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები და არ არის მითითებული, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია კი მტერს საკუთარ რიგებში ეძებს – ზვიად ცეცხლაძე

ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ,

რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?

დღეს, 21 აგვისტოს, 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილი გავრცელდა.

წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.

წერილის შინაარს გთავაზობთ უცვლელად.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ერთობის ეტალონი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმეა…

ვხედავთ ოპოზიციის შიგნითვე განსხვავებული აზრი როგორ იდევნება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ გაგვაჩნია პოლიტიკური კონსტრუქციულობის კულტურა (რაც ჩვენთვის, პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მაგალითით უნდა ესწავლებინათ).

როგორც მოქალაქეს, მიჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა – შესწევს ძალა ოპოზიციას, რომ შექმნას სიცოცხლისუნარიანი კოალიციური მთავრობა?

ქუჩაში გამოსული, როდესაც ვითხოვდი მთავრობის ცვლილებას, არსებული ხელისუფლების ალტერნატივად წარმომედგინა კოალიციური მთავრობა. მწამდა, რომ არსებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა მთავრობა აჯობებდა და მწამდა, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სიტუაცია აიძულებდა ოპოზიციას, გაერთიანებულიყო (ამ უკანასკნელში კი მძიმედ შევცდი).

მაშინ, როდესაც მთლიანი ოპოზიციის არსებობა კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოს სუვერენიტეტს კი საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია ახერხებს, რომ მტერი საკუთარ რიგებში ეძიოს – ოთხი ოპოზიციური ცენტრი ორ ნაწილად იყოფა და ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად ერთმანეთს ლანძღავს, თუმცაღა არც ერთ მათგანს სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია.

ამ ორად გაყოფილი ცენტრებიდან ერთ-ერთმა საკუთარი თავი მარტივ მამრავლებადაც კი დაშალა, რომ უფრო მეტნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ თავად ეს მარტივი მამრავლებიც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და კონკრეტული თარიღის თაობაზე ჩხუბობენ.

ჩემთვის, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქისთვის, ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ერთობის არარსებობაშიც თითოეული თქვენგანი სხვას ნებისმიერს დაადანაშაულებს, მაგრამ არა საკუთარ თავს. პასუხისმგებლობა კი ყველას ერთნაირად გეკისრებათ.

მიპასუხეთ ერთ კითხვაზე – ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?

ჩემი ციხეში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, მაგრამ რას იტყვით იმ 19-20 წლის ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან ციხეში, რომ ოპოზიციური პარტიები არ ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ. გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ბედზე?“, – წერს სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.

რას ამბობენ გორში რაზმაძის განცხადებაზე – „ჩემი სახლი რუსებმა გადაწვეს და ეს მივწერე გუშინ“

„მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში.

რას ფიქრობენ აგვისტოს ომისგან დაზარალებული გორელები საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის განცხადებაზე ამერიკულ მედიასთან?

„ბათუმელებმა“ დავით რაზმაძის განცხადების შეფასება გორელ მურაზ რომელაშვილს სთხოვა – მისი ორი შვილი, ტანკისტი ძმები – გიორგი და გელა რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.

„ჩემთვის ეს არის მიუღებელი!

ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, არა?! მოსწონს ამ კაცს რუსები და რა გავაკეთო. მან ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა და როგორც მოხდა“, – ამბობს მურაზ რომელაშვილი „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე ვესაუბრეთ ლია ჩლაჩიძესაც, ერგნეთის ომის მუზეუმის დამაარსებელს, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა სახლ-კარი გადაუწვეს.

„არ ვიცი რა ვთქვა, თავზარდამცემი იყო ეს ჩემთვის, როცა ვნახე საკრებულოს თავმჯდომარის ინტერვიუ და წუხელვე მივწერე.

დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარეა უკვე მესამედ თუ მეოთხედ. ყოველთვის ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მაგრამ ასე ღიად პრორუსული განცხადებები აქამდე არ მომისმენია. ახლა რა დაემართა, არ ვიცი. ალბათ კიდევ უნდა საკრებულოს თავმჯდომარეობა და თავს აწონებს პატრონებს.

თუ ასეთი განწყობა აქვს რუსების მიმართ, რომ „მშვიდობისმყოფელები“ დაუძახოს, მე რაღა ვთქვა მაშინ, როდესაც 9 აგვისტოს სახლში დავბრუნდი და დაფერფლილი დამხვდა სახლ-კარი, ყველაფერი. ზუსტად ეს მივწერე დავით რაზმაძეს წუხელ, მაშინ ჩემი სახლი და მთელი სოფელი რომ გადაწვეს რუსებმა, ისინი „მიშას ხულიგნები“ იყვნენ თუ რუსი „მშვიდობისმყოფელები“-მეთქი.

გაუგონარია ეს. აღშფოთებული ვარ“, – გვითხრა ლია ჩლაჩიძემ.

მისი თქმით, გორის საკრებულოს თავმჯდომარე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა რუსული ნარატივების გავრცელებაში.

„ამ ბოლო დროს, ძალიან დაიწყო „ქართული ოცნების“ ნარატივების გაჟღერება სხვადასხვა ფორმით და ეს მე არ მომწონდა. დღეს გამოუქვეყნეს უამრავი რაღაც, რაც მანამდეც უთქვამს თურმე და ესეც დავალება იყო „ოცნების“ თუ რა იყო, არ ვიცი.

მეც ვიყავი „ოცნების“ წევრი თავის დროზე, მაგრამ ბევრი დარტყმა მივიღე მათგან, როგორც მორალურად, ასევე სხვა მხრივ, რადგან ვხედავდი მათ პრორუსულ განწყობებს და წამოვედი მათგან.

დავით რაზმაძე არ არის მართალი. როგორ შეიძლება ამაზე არ გქონდეს ადეკვატური პასუხი, გორელი იქნები თუ სამტრედიელი, არ აქვს მნიშვნელობა.

ლია ჩლაჩიძე

ევროპის ყველა სასამართლომ გაამართლა საქართველო და თქვეს, რომ ომი დაიწყო რუსებმა. ჩვენ რატომ ვიდანაშაულებთ თავს, წულუკიანის კომისიის არ იყოს, არ ვიცი.

როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ მთელი მსოფლიო ოკუპანტს ეძახის რუსეთს და შენ „მშვიდობისმყოფელი“ ეძახო.

წნევამ ამიწია, ეს რომ წავიკითხე. როგორ შეიძლება გმირების გაუფასურება.

მე ეროვნულ მუზეუმში საპატიო ადგილზე მაქვს ანწუხელიძის სურათი და ცრემლებით ვყვები ამ კაცის გმირობის ამბავს. როგორ შეიძლება ანწუხელიძე გამოიყვანო დამნაშავედ ამ ომში.

არ შეიძლება ამის მშვიდად ყურება. ესენი უნდა წავიდნენ, წაშავდნენ. როგორმე უნდა მოიყაროს ერთად თავი ეროვნულმა ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს მომავალს არ დაუკარგავენ.

აი, ასეთი ხალხი კი, 50 წლით კიდევ უკან გვხევენ“, – ამბობს ლია ჩლაჩიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა გორის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ბექა ქორჩილავას.

გორის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია ამ განცხადებების გამო, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.

„ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო განცხადება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარისგან. რასაც იძახის ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა  ჩინოვნიკები, იმას ახმოვანებენ დღეს გორის მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელია დავით რაზმაძე, რომელიც 2008 წლის ომში ადანაშაულებს ჩვენს სამხედროებს, ჩვენს გმირებს, ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს.

ეს არის სამარცხვინო რამ და გორელების შეურაცხყოფაა.

ამიტომ, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავიწყეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროცედურული საკითხები, დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – ამბობს ბექა ქორჩილავა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის საკრებულო მალე დაასრულებს მუშაობას, პროცედურულად მაინც შესაძლებელია თავმჯდომარის იმპიჩმენტის დაწყება.

„შემდეგ სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია იმსჯელებს, ანუ პროცედურულად შესაძლებელია. „ქართული ოცნების“ პირობებში, ძნელია, ზოგადად, სამართალს მიაღწიო, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ გორმა და გორელებმა.

ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოები აქვს დალეული.

მერე, როცა ხელისუფლება შეიცვალა, რაზმაძემაც შეცვალა „პლასტინკა“, როგორც იტყვიან და გახდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

2017 წლიდან გორის საკრებულოს წევრი ვარ და ეს კაცი მუდმივად იყო დაკავებული წინა ხელისუფლების ლანძღვით და ზოგადად, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ამ ადამიანის მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის.

ლანძღავდა ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ჰქონდა დიდი განცხადებები, „ევროკავშირი დაინგრესო“ ამბობდა და ზოგადად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე არ იყო.

მე შინდისიდან ვარ. ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ აგვისტოს კვირეულზე ამოდიან სოფელ შინდისში, იქ მოჩვენებითად ცრემლებს ღვრიან და იქიდან, მემორიალიდანვე განცხადებას აკეთებენ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დაიწყო ომი.

ეს არის სამარცხვინო და მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ადამიანმა და დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.

ასეთი ადამიანები არიან დღეს „ქართული ოცნების“ სახეები იმ ქალაქში, სადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ათობით რუსული ბომბი ჩამოცვივდა“, – ამბობს ბექა ქორჩილავა.

დღეს, 21 აგვისტოს, გორში საკრებულოს თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ საპროტესტო აქცია იგეგმება გორის საკრებულოსთან.

„მოგიწოდებთ! ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალურს, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტებს, დღეს ყველას გელოდებით გორში! ეს არ არის მხოლოდ გორის სირცხვილი ეს ყველაფერი საქართველოს ღირსებაზე გადის! მნიშვნელოვანია რომ საჭირო და დროული პასუხი გაეცეს ამ არარაობას!“ – ნათქვამია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.

დღეს, 21 აგვისტოს, „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელმაც თქვა, რომ მასთან ინტერვიუს დიდი ნაწილი არასწორადაა გაშუქებული და „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია, რომელიც ომის კორესპონდენტის, სკოტ ანდერსონის მომზადებულია, ცილისწამებაა. ამავე დროს, რაზმაძემ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა, რომ ომის პროვოცირებაში სააკაშვილი დაადანაშაულა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე 2023 წელსაც მოექცა მედიის ფოკუსში. რაზმაძემ მაშინ იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, თქვა, რომ „მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს“ და „ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს, მოუნდება იქით [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] გააგრძელოს ქეიფი, ილოცოს … არ შეიძლება!“

რაზმაძის განცხადება ფაქტობრივად მიემართებოდა რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თამაზ გინტურის მკვლელობას – 2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა.

ამავე თემაზე:

რა (არ) თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ NYT-თან ინტერვიუში რუსეთზე და ევროკავშირზე?

______________

მთავარი ფოტო: ლია ჩლაჩიძე/ფეისბუქის გვერდიდან.

წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.

ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი.

ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში.

დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი.

ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ.

ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის შედეგად თბილისში დაიღუპა [50], მეორე ადგილზეა იმერეთი [45], ხოლო მესამეზე – აჭარა [30].

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ავარიების ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზები იყო: მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ა.შ.

გასულ, 2024 წელს საქართველოში ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი იყო.

________________

ფოტოზე: 20 აგვისტოს მომხდარი ავტოავარია ქობულეთის ავტობანზე, რომელსაც 4 ზუგდიდელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. კადრი ვედეომასალიდან.

ქედაში გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოავარია მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში, დღეს, 21 აგვისტოს.

სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს, ღამეს, ზაკარპატიის ოლქში, ქალაქ მუკაჩევოში მდებარე ამერიკულ სამოქალაქო საწარმოზე რუსეთმა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტით განახორციელა შეტევა.

„ამ ღამეს რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს. ძალიან მრავლისმეტყველია. საწარმოში ჯერ ისევ აქრობენ ხანძარს.

მაშველები ასევე მუშაობენ სხვა რეგიონებში – ზაპოროჟიედან ვოლინამდე. სულ, ღამით, უკრაინის წინააღმდეგ 574 დრონი და 40 რაკეტა გამოიყენეს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შევძელით, სამწუხაროდ, არა ყველას.

რუსებმა ეს დარტყმა ისე განახორციელეს, თითქოს საერთოდ არაფერი შეცვლილა. თითქოს მსოფლიოს მხრიდან არანაირი ძალისხმევის გაწევა არ ხდება ამ ომის შესაჩერებლად. ამაზე რეაგირებაა საჭირო. მოსკოვისგან ჯერ კიდევ არ არის სიგნალი, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას და ამ ომის დასრულებას. ზეწოლაა საჭირო. მკაცრი სანქციები, მკაცრი ტარიფები“ – წერს ზელენსკი ტელეგრამზე.

ოფიციალური კიევის ცნობით, მუკაჩევოში რუსული დარტყმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. რუსულ მხარეს ამერიკულ საწარმოზე თავდასხმის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ამერიკული საწარმო

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 073 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830]
  • ტანკი – 11 120 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 157 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 31 789 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 471 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 209 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 469 ერთეული [+315]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 565 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 316 ერთეული [+114]
  • სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 78 728 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 697 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 772 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 095 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც უკრაინის სამშვიდობო გარანტიებში – ინტერვიუ

შემდეგი სატყუარა იქნება კონფედერაცია აფხაზეთ-ცხინვალსა და თბილისს შორის – ინტერვიუ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ

„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე.

„…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის,  ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების 3-ე მუხლში ნახსენები ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევისთვის”, – ნათქვამია 51 დეპუტატის დეკლარაციაში.

„ეს იქნება უდიდესი რეპუტაციული დარტყმა, როცა ქვეყანა გაძევებულია ევროსაბჭოდან, ან როცა ქვეყანას ამით ემუქრებიან,“ – მიიჩნევს გიორგი ბურჯანაძე.

რომელი ქვეყანა გაუძევებია ამ დრომდე ევროსაბჭოს? – „ბათუმელებმა“ გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველია.

  • ბატონო გიორგი, რა გზავნილია საქართველოსთვის დეკლარაცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი ავრცელებს? საუბარია საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესის დაწყებაზე: „რეპრესიების ამ გზით საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, არღვევს თავის ვალდებულებებს და ლახავს ასამბლეის ავტორიტეტს,“ – ვკითხულობთ დეკლარაციაში. 

ევროსაბჭოში საქართველო გაწევრიანებულია 1999 წლიდან, შევარდნაძის დროს, როცა ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები გაჟღერდა. მას შემდეგ ევროსაბჭოს მეშვეობით საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ბევრი რამ შეიცვალა – უმეტესად ევროსაბჭოს ეგიდით და ფარგლებში არის მიღებული უამრავი სხვადასხვა დოკუმენტი და დეკლარაცია. დემოკრატიაში და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს თუ რამე მიღწევა აქვს, ამაში ევროსაბჭოს ძალიან დიდი დამსახურებაა.

ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, არანაირი პროგრესი და წინსვლა არ გვაქვს. წელს ევროსაბჭომ მიიღო ორი რეზოლუცია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე. ევროსაბჭოს ბევრი მოწოდება ჰქონდა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გაუმჯობესება არ ყოფილა. პირიქით, გაუარესება მიდის

51 დეპუტატის განცხადება სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ თუ არ იქნება გაუმჯობესება, ისინი მზად არიან უფრო მეტად მკაცრი ღონისძიებები მიიღონ, რაც მათ ხელშია. უშუალოდ საპარლამენტო ასამბლეის ხელში არის ის, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ უფლებამოსილების არაღიარება. ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გააკეთონ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ არიან წარმოდგენილი, თუმცა ხვალ და ზეგ მათ კიდევ შეიძლება წარადგინონ წარმომადგენლები. დღევანდელ დეკლარაციაში მითითებულია, რომ რომც მოხდეს ახლიდან წარმოდგენა, ისინი არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ რწმუნებებს და უფლებამოსილებებს საპარლამენტო ასამბლეაში.

ამის გარდა, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები დამატებით საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან განიხილონ შესაძლებლობა: მიმართონ მინისტრთა კომიტეტს, რომ საქართველო გაძევებული იქნას ევროპის საბჭოდან.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში: 26 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია და პირველად  ემუქრებიან საქართველოს გაძევებით. ეს არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ ბოლო 26 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ისე გაუარესებული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ასეთი მუქარა არასდროს მოგვისმენია.

  • ეს ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს დეპუტატების შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე პერიოდში დემოკრატია ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია დღეს? 

კი, ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ახლა და სწორედ ამის გამო კეთდება პირველად ასეთი განცხადება – ჯერ არ მოუწოდებენ, მაგრამ მათ შეუძლიათ, რეზოლუცია მიიღონ, სადაც ამას ჩაწერენ. ასეთი რამ მიღებულია რუსეთთან მიმართებით – 2022 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი გააძევა. ამას უძღოდა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ასეთი მოწოდება კომიტეტის მიმართ რუსეთის გაძევებაზე. ასე რომ, ამის პრეცედენტი არსებობს. 

  • რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანა ევროსაბჭოს ამ დრომდე გაუძევებია? 

საბერძნეთი გასული საუკუნის 70-იან წლებში. მაშინ საბერძნეთში იყო ხუნტა, რომელიც შემდეგ დამარცხდა და საბერძნეთი დაუბრუნდა დემოკრატიულ რელსებს. საბერძნეთი შემდეგ ევროსაბჭოშიც გაწევრიანდა და ევროკავშირშიც.

  • ევროსაბჭოში 46 წევრი სახელმწიფოა, როგორ მიიღება გადაწყვეტილება ქვეყნის გაძევებაზე?

ამ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრთა კომიტეტი – 46 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტრთა კომიტეტის ორი-მესამედია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.

51 დეპუტატი, ვინც ხელს აწერს ამ დეკლარაციას, 24 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ აქ არის წარმოდგენილი 4 დიდი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეაში.

ასე რომ, ეს ძალიან რეპრეზენტატული და დიდი წარმომადგენლობის მქონე განცხადებაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკლარაციის ავტორი არის „ალდეს“ ლიდერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – იულიან ბულაი, რომელიც იყო საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოქტომბრის არჩევნებზე.

  • რა სახის მანიპულაცია იყო „ოცნების“ არალეგიტიმური პრემიერის, ირაკლი კობახიძის პასუხი საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების მიმართ: „ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ გვაქვს შეჩერებული“? 

ეს არის პროპაგანდა. ჯერ ერთი, „ქართულ ოცნებას“ თავისით კი არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, არამედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უთხრა, რომ ახალი არჩევნები დანიშნეთ და პოლიტპატიმრები გამოუშვით, თორემ შეგიწყვეტთ უფლებამოსილებასო. იმის გამო, რომ მათ არ დანიშნეს არჩევნები და პოლიტპატიმრები არ გამოუშვეს – თითქოს რაღაც ღირსეული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან და თვითონ დატოვეს. რეალურად ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იცოდნენ, საპარლამენტო ასამბლეა აპრილში მათ შეუწყვეტდა უფლებამოსილებას. ამიტომ თვითონვე შეიწყვიტეს ეს უფლებამოსილება.

რაც ამ წერილში წერია, არის, რომ თვითონ ხვალ და ზეგ, აი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სესიის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ხელახლა გააგზავნოს დეპუტატების სია და თქვას, რომ მათი უფლებამოსილება ცანიო. ეს დეკლარაცია სწორედ იმისთვის არის, რომ მომავალში, ხვალ და ზეგ, „ქართულმა ოცნებამ“ რომ სცადოს პოლიტიკურ ჯგუფებთან დღის წესრიგები დაალაგოს და გადაწყვეტილებები მიიღოს, აი ეს თავიდან იქნას აცილებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ხელთ არსებული ბერკეტი სწორედ ეს არის. ამიტომაც, ისინი ახსენებენ „ქართულ ოცნებას“, რომ თუ უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება ხვალ და ზეგ, მათ ხელთ არსებულ ყველაზე მძიმე იარაღს „ქართული ოცნების“ მიმართ კვლავ გამოიყენებენ.

  • გარდა იმისა, რომ საქართველოს აღარ ჰყავს წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში და „ოცნების“ მთავრობას ვეღარც ეყოლება, ამ დეკლარაციაში საუბარია კიდევ უფრო უარეს შედეგზე – გაძევებაზე.

დიახ, დეპუტატები წერენ ორ რამეს: ერთია ის, რომ თუ ხვალ და ზეგ შენ წარმოადგენ სიას და ეცდები, რომ კიდევ გახდე საპარლამენტო ასამბლეის წევრი – ჩვენ ამას არ ვცნობთ. მეორე საკითხია, რომ ევროსაბჭოდან გაგაძევებთო, ოღონდ ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ საპარლამენტო ასამბლეა ვერ იღებს და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

  • როგორ აისახება ეს საქართველოზე, ჩვენზე, მოქალაქეებზე, თუ საქართველოს ევროსაბჭოდან გააძევებენ? გაძევების შემთხვევაში საერთოდ ვეღარ მივმართავთ, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს? 

ეს იქნება უდიდესი რეპუტაციული დარტყმა, როცა ქვეყანა გაძევებულია ევროსაბჭოდან, ან როცა ქვეყანას ამით ემუქრებიან. ეს ნიშნავს, რომ მათ სერიოზული ადამიანის უფლებების პრობლემები აქვთ.

თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, ყველა გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო. ასევე, ციხეების მონიტორინგის უფლებამოსილების მქონე ორგანო წამების პრევენციის კომიტეტი, ასევე რასიზმის და შეუწყნარებლობის კომიტეტი, ვენეციის კომისია, კორუფციის საკითხებზე მომუშავე გრეკო და სხვები.

ყველაზე ხელშესახები და პრობლემური ევროსასამართლო იქნება, სადაც გაძევების შემთხვევაში ახალი საქმეები საქართველოდან ვეღარ შევა. გაძევებამდე ევროსასამართლოში შესული საქმეების განხილვას კი, დაასრულებენ, როგორც ეს ხდება რუსეთის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ევროსაბჭოს ასამბლეაში არ არიან ქართველი დეპუტატები [ასამბლეა ირჩევს ევროსასამართლოს მოსამართლეებს], ასამბლეა ქართველი დეპუტატების გარეშე აირჩევს საქართველოს მიერ წარგზავნილ მოსამართლეს, თუ იგი დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

  • ევროსასამართლოს მოსამართლეებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევს. როცა ჩვენ ამ ეტაპზე არ გვყავს წარმომადგენლობა ასამბლეაში, როგორ შეარჩევენ მოსამართლეს საქართველოდან?

ლადო ჭანტურიას [მოსამართლე საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში] თუ არ ვცდები, მომავალი წლის იანვარში გასდის ვადა, ამ ეტაპზე ასამბლეიდან ორი გაძევებული ქვეყანა ვართ: საქართველო და აზერბაიჯანი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების გარეშე.

ასევე, ვენეციის კომისიას კი ჰყავს ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნებიც, მაგრამ წევრობა ავტომატურად განაპირობებს იმ ბენეფიტს, რომ შეგიძლია, ამ შემთხვევაში, ამით ისარგებლო. 

  • თქვენი დაკვირვებით, რაზეა გათვლილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების გზავნილი გაძევებაზე? ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ვხედავთ, რომ არ ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს. 

ეს არის გათვლილი იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები. იმის გამო, რომ ვიღაც ამას არ ასრულებს, არ ნიშნავს იმას, რომ მათ თავიანთი საქმე არ უნდა აკეთონ, არ მოუწოდონ და არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები.

შეიძლება, ვიღაც ამას არასერიოზულად უყურებდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ – საერთაშორისო და ადგილობრივი წნეხის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, ერთ დღესაც მოუწევს ყველას შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების კუთხით.

  • რეალურად უშვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გააძევონ ევროსაბჭოდან? 

მგონია, რომ ეს ნაადრევი ეტაპია, ეს არის პირველადი ეტაპი. გადაწყვეტილებას იღებს მინისტრთა კომიტეტი. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ყურადღებით უნდა იქნას მიღებული.

  • მაგრამ არაკონსტიტუციური მთავრობა არც იმ პირობებს ასრულებს, რაც უნდა შეესრულებინა აგვისტოს ბოლომდე უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესანარჩუნებლად. ამ კუთხით რას ელით? 

უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას იღებს ევროსაბჭო და მას სჭირდება უბრალო უმრავლესობა.

საქართველოს მთავრობას დედლაინი ჰქონდა აგვისტოს ბოლომდე, შემდეგ მომზადდება ანგარიში და სავარაუდოდ ოქტომბერში უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა.

შემდეგი სატყუარა იქნება კონფედერაცია აფხაზეთ-ცხინვალსა და თბილისს შორის – ინტერვიუ

რუსეთის ФСБ-მ 18 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მანქანამ, რომელიც „მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დატვირთული“.

„მანქანა უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით და გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსში“, – აცხადებს ФСБ-ე. რუსეთის სპეცსამსახურების თქმით, საქართველოდან შეტანილი ბომბით უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა.

ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მხოლოდ მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „შეიძლება მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს“.

რატომ დასჭირდა რუსეთს საქართველოს ამ კონტექსტში მოხსენიება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი შაიშმელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ФСБ-ს ამ განცხადებას?

ჩვენ, როდესაც თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტში, გამომდინარე ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან, ვმსჯელობდით რაღაც ტიპის საფრთხეებზე, სცენარებზე, რომელიც რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა ჩვენ წინააღმდეგ, რაღაც ტიპის სამხედრო პროვოკაციისთვის მათ შორის, პრეტექსტად, სულ ტრიალებდა ერთი სცენარი, როდესაც რუსები ბრალს გვდებენ ტერორისტული საქმიანობის ან ირიბ მხარდაჭერაში ან ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში და ასე შემდეგ.

თავის დროზე, იცით, რომ პანკისის ხეობასთან მიმართებით პერიოდულად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა ამ ტიპის განცხადებებს და იმუქრებოდნენ წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით. ერთხელ განახორციელეს კიდევაც.

შევარდნაძის პერიოდი იყო მაშინ, 11 სექტემბერი დაემთხვა და მაშინაც პუტინმა ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენა – ჩრდილო-კავკასიური წინააღმდეგობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საერთო ჩარჩოში ჩასვა.

პუტინი იყო პირველი, ვინც მაშინ პრეზიდენტ ბუშს დაურეკა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. შედეგად მოხდა ის, რომ ჩრდილო-კავკასიური წინააღმდეგობა და სხვადასხვა ტიპის სეპარატისტული მოძრაობა, მთლიანად მონათლა ტერორიზმად და ასე გადატეხა ეს წინააღმდეგობა.

აქედან მოყოლებული, ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა არ გამქრალა ამ ნაწილში.

ახლა, უბრალოდ, ცვლადი არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსულ ინტერესებს ატარებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და ამავე დროს რაღაცნაირად სიმპატაიზერია რუსეთის ომისა უკრაინაში, სხვადასხვა მიზეზის გამო.

ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადება გვესმის, აქ შემოდის ორი ვარიანტი. ერთი ის, რომ რუსებს არ მოუხსნიათ დღის წესრიგიდან საქართველოს წინააღმდეგ ამ ფორმით ზეწოლის განხორციელების სცენარები, მაგრამ არა მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ზეწოლისთვის სჭირდებოდეთ. უფრო მგონია მეორე ვარიანტი, როცა რუსეთი ამ ძველი სცენარით ცდილობს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას.

ანუ, რაღაც ტიპის კოორდინაცია არსებობს მოსკოვსა და თბილისს შორის იმისათვის, რომ გაამყარონ „ქართული ოცნების“ მთავარი ნარატივი იმის თაობაზე, რომ „არსებობენ ძალები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ“.

  • პროპაგანდის გასაძლიერებლად სჭირდებათ მხოლოდ?

მგონი ეს ასეა. ვფიქრობ, ამით „ქართული ოცნება“ ცეცხლს ეთამაშება. იმიტომ, რომ ამით მართლა ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს საქართველოში.

წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ლარსის გამშვები პუნქტი გადალახა მანქანამ, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებლით. გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტერიტორიას, საფრთხეს ვუქმნით მეზობელს, რომელიც ომშია ჩართული. შესაბამისად, ამ მეზობელს ხელ-ფეხი ეხსნება იმისთვის, რომ გითხრას – შენ თუ ვერ აკონტროლებ რაღაცას, მაშინ თვითონ გააკონტროლებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებამ გამიჩინა განცდა, რომ ჩვენ ვნახავთ განვითარებას ამ ამბების.

მაშინ გამოდის, გაძლიერდება ნარატივი იმის თაობაზე, რომ, თითქოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უნდოდა ვიღაცას იმისთვის, რომ რუსეთისთვის შეექმნა პრობლემა და ის, რომ ეს ყველაფერი გადაზრდილიყო მეორე ფრონტში.

  • როცა ამბობენ, მანქანა „უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით“, რომელ ქვეყნებს გულისხმობენ თქვენი აზრით. რამდენად მოიაზრება ამათში ვთქვათ იგივე აზერბაიჯანი, რომელიც აღარ ავლენს ბოლო პერიოდში რუსეთის მიმართ სიმპათიას?

ვფიქრობ, თუ ეს ყველაფერი კოორდინირებულია „ქართულ ოცნებასთან“, ისინი ვერ გაბედავენ სომხეთის და აზერბაიჯანის ღიად დადანაშაულებას ამ საკითხში. იმიტომ, რომ ეს ძალიან ურთულებს მათ ადგილზე საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს. ვიცით, რომ მათ ისედაც ძალიან შეზღუდული აქვთ საგარეო პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა და ორად ორი ქვეყანაა სამეზობლოში, ვისთანაც რაღაც ურთიერთობები შემორჩათ, ხომ?!

„ოცნებას“ აწყობს, რომ ეს დაუკავშირდეს რომელიმე დასავლურ ქვეყანას, რომელსაც ზღვის გავლით უნდა შემოეტანა ტვირთი საქართველოდან და გაეტანა ლარსის გამშვებ პუნქტზე.

„ოცნებას“ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის სჭირდება, რომ ეს იყოს დასავლეთი, დასავლური ქვეყანა და შეიძლება არც კი დაასახელონ, კონკრეტულად რომელი.

მაგრამ, თუ ეს ყველაფერი რუსებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე გააკეთეს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შემდგომ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ.

  • რა შეიძლება იყოს ეს?

მიზანი შეიძლება რუსეთს ჰქონდეს ბევრი. მაგალითად, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ 2004 წელს ითხოვდნენ, მაშინ, როცა რუსული ბაზები გადიოდა ქვეყნიდან. მაშინ ეს არ გამოვიდა. ამიტომ შემდგომი ზეწოლის ფორმა შეიძლება იყოს ეს, რომ ადგილზე გააჩინონ რაღაც ტიპის წარმომადგენლობა, რუსი ოფიცრების შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საზღვრის კონტროლში, ან „ანტიტერორისტულ ოპერაციაში“.

შეიძლება იყოს კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმა, როგორიც არის რომელიმე რეგიონის დაკავება სამხედრო გზით.

ამ ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე მოიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გავხდებით დასავლური სამყაროს ნაწილი. 

„ოცნება“ უბრალოდ გვატყუებს ახლა, რომ თითქოს, თვითონ არიან უსაფრთხოების გარანტია. უბრალოდ, უახლოეს პერიოდში, ანუ სანამ რუსეთი უკრაინის ომშია ჩართული, რაღაც ტიპის სამხედრო მანევრებს არ ველოდები, მაგრამ მოთხოვნები, სხვადასხვა ფორმით ზეწოლა შეიძლება იყოს.

  • 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ზახაროვამ თქვა, რომ ელოდებიან საქართველო-აფხაზეთი – დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის სამართლებრივი დოკუმენტის გაფორმებას, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებს ძალის გამოუყენებლობას ამ რეგიონებზე. ფიქრობთ, რომ ამ პროცესის ზეწოლისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ თუნდაც ეს ბოლო განცხადება?

რუსეთს მთელი ასორტიმენტი აქვს ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი არეალი, სადაც ისინი შეიძლება მოქმედებდნენ.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თბილისში შეიქმნა წულუკიანის კომისია, რომელიც ღიად სდებს ბრალს საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამით ამყარებს რუსულ ნარატივს, რ საბაბითაც მათ დაიწყეს ინტერვენცია 2008 წელს.

წულუკიანის კომისიით რუსეთის ინტერვენციას ვამართლებთ, რადგან ინტერვენციის შედეგი იყო არა მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. და თუ ეს აღიარება იქნება ლეგიტიმური, ანუ შენივე ე.წ. პარლამენტის დასკვნით გამყარებული, მაშინ შემდეგი ნაბიჯია ის, რომ ამ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“ შენ უნდა გააფორმო ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება.

გიორგი შაიშმელაშვილი

ეს ლოგიკა აქვს რუსეთს 2008 წლიდან მოყოლებული. ჟენევაში ყოველდღე აყენებდნენ იმ საკითხს. იმის გამო, რომ ჩვენ ჟენევაში ასე თუ ისე მყარად ვიყავით, გვყავდა იქ პარტნიორები, დასავლელი მეგობრები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ამ პოზიციას, რუსეთი ამ ზეწოლას ვერ ახორციელებდა ჩვენზე.

დღეს კი, როდესაც ქვეყანა დაუცველია, ზურგს აქცევს დასავლელ პარტნიორებს, თვითონვე ამყარებს რუსეთის ამ ნარატივს კომისიის დასკვნით… რუსებისთვის ბუნებრივი გაგრძელება იქნება გააძლიერონ ჟენევაში ჩვენზე ზეწოლა.

მათ იციან, რომ ისეთივე ენთუზიაზმით ვეღარ დაგვიცავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩატეხილია ხიდები ამჟამად და არავინ მოიკლავს თავს ჟენევაში ჩვენ დასაცავად.

ეროვნული ინტერესების მთელი კასკადი დგას დარტყმის ქვეშ წულუკიანის კომისიის შექმნით და თუ „ოცნება“ აპირებს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და აშკარაა, რომ აპირებს, მაშინ მას სჭირდება ძლიერი მოკავშირე და ეს მოკავშირე ირიბი მხარდამჭერი ვეღარ იქნება. დიპლომატიური კავშირები ვერ აღდგება იმ დროს, როცა ტერიტორიული პრობლემები ღია ჭრილობად გვაწევს – ქვეყანაში არის ოკუპაცია.

ამიტომ, „ოცნებას“ ჩასატარებელი აქვს რაღაც ღონისძიება, რის შედეგადაც ტერიტორიული პრობლემების საკითხი უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს შეიძლება მოხდეს ორი გზით – ერთი შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რომელიც ალბათ ძალიან გაუჭირდებათ. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ იდეასაც დატესტავენ.

მაშინ შემდეგი სატყუარა იქნება, ის ქიმერა, რომელსაც ჰქვია კონფედერაცია აფხაზეთს-ცხინვალსა და თბილისს შორის. ამ იდეაზე ჯერ საჯაროდ არ ლაპარაკობს „ოცნება“, მაგრამ მგონია, რომ შემდეგი სატყუარა, რომელსაც საზოგადოებას შემოუგდებენ, იქნება ეს.

  • ეს ხომ ქართული სახელმწიფოს ღალატი გამოდის?

თავისთავად. ამის შედეგად საქართველოს მოუწევს თავის საგარეო არჩევანზე საბოლოოდ უარის თქვას, ანუ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ის მთლიანად ჩამოეკიდევა რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

ჩვენ დავკარგავთ საგარეო პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები იქნება მოსკოვში და როცა რუსეთი მოისურვებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას მაშინ ჩამოშლის.

  • დღეს საქართველო დგას ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის წინაშე, შეიძლება ამას მიჰყვეს კანდიდატის სტატუსიც. ევროსაბჭომაც კი დასვა საქართველოს გაძევების საკითხი… რა ელის ამ ქვეყანას, როგორ გადარჩება? 

ამიტომაც არის „ქართული ოცნების“ გასტუმრება აუცილებელი. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური გემოვნების საკითხი, არამედ ეგზისტენციალური საკითხია ჩვენთვის, ყველასთვის.

ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, იდენტობის, დამოუკიდებლობის საკითხი. თუ ამას ვერ შევძლებთ, პროექტი, რომელსაც ერქვა დამოუკიდებელი სახელმწიფო, უბრალოდ, დაამთავრებს არსებობას.

ადამიანის უფლებები ბევრ ქვეყანაში იზღუდება, მაგრამ ღიად ანტიდასავლურ რიტორიკაში დიქტატორული რეჟიმებიც კი არ ერთვებიან, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ დღეს ღიად არის ჩართული ამაში.

ჩემი აზრით, იმაზე მეტი განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს განზრახვა არის ფორმალურ, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში შესვლა რუსეთთან. ეს ნიშნავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას.

ფორმალურ ურთიერთობებში შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ნიშნავს იმას, რომ შენ ირიბად აღიარებ ამ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს.

რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში გააჩაღეს ბიზნესი საკუთარი მომხმარებლისთვის – სახეზეა პარალელური ეკონომიკა

„საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. იქირავეს სასტუმროები, რესტორნები, აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, სათავისოდ შექმნეს ერთგვარი კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა,“ – ასე აღწერს კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ქართულ ტურისტულ და სამომხმარებლო სფეროში არსებულ სიტუაციას.

მისი თქმით, რუსული კაპიტალის უკონტროლოდ შემოსვლამ და რეგულაციების არ არსებობამ განაპირობა ე.წ. „კუნძულოვანი ეკონომიკის“ შექმნა, სადაც ყველა რგოლში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩაბმული.

კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები თავად ქმნიან ბიზნესს, შესაბამისად არიან დამსაქმებლები, ობიექტებზე დასაქმებული ჰყავთ ასევე რუსეთის მოქალაქეები, მათი მომხმარებლების დიდი წილი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე და პროდუქციაც, უმეტეს წილად შემოაქვთ რუსეთიდან.

„ბათუმელები“ ესმა კუნჭულიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ესმა, როგორც ვიცით, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ დიდი ხანია ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესში დამოუკიდებელ კვლევებს ატარებს. რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბათუმის რეალობიდან – როგორი ტურისტული სეზონი აქვს ბათუმს წელს?

„ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ 2010 წლიდან იკვლევს გასტრონომიულ კულტურასა და გასტროტურიზმს. ჩვენი ექსპერტების ბოლო მონაცემებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლიდან საქართველოში ტურიზმი „გადასხვაფერდა“.

მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმისტური ოფიციალური სტატისტიკისა, რეალური სურათი სულ სხვაა და ბევრად რუხი ფერისაა. სახეზეა ინფლაციური წნეხი: საკვები პროდუქტების მკვეთრმა გაძვირებამ გაზარდა, როგორც რესტორნების, ასევე სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ფასები.

შედეგად, გასტროტურიზმი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა.

თუ დღეს მთავრობაში მოკალათებული ჩინოვნიკები საქართველოს რეგიონებს ვარდისფერი სათვალის გარეშე მოივლიან, აუცილებლად დაინახავენ სამწუხარო ვითარებას. საკურორტო ზონებში თვალშისაცემად იმატა სასტუმროებსა და რესტორნებზე გამოკრულმა აბრებმა – „ქირავდება“ ანდა „იყიდება“.

მაგალითად, ახალციხეში, რაბათის მიმდებარედ, რამდენიმე სასტუმრო დროებით ან სრულად გაჩერებულია, ბათუმშიც არაერთი დახურული ობიექტია.

მეპატრონეებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ მათი ნაწილი ბაზარზე ვერ უმკლავდება გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ ტურისტულ ნაკადს. რაც მთავარია, ვერ უმკლავდება ე.წ. „კუნძულოვან ეკონომიკას“, რაც 2022 წლიდან ხილულად გაჩნდა ქართულ ბაზარზე.

ესმა კუნჭულია, კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი
  • თქვენი დაკვირვებით, რა არის ბათუმში არსებულ ტურისტულ და კვების ობიექტებში მთავარი პრობლემა?

რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მხოლოდ აჭარის ზღვისპირეთის პრობლემა არ არის, თუმცა აქაური მაგალითი ბევრად მკაფიოა. ჩავრთოთ youtube და დავუკვირდეთ რეკლამებს. პირველ 10 წუთში აღმოაჩენთ, რომ აჭარაში ბევრი ლამაზი  გრანდიოზული კორპუსი შენდება და იყიდება და ამ ყველაფერს რეკლამები „რუსულ ენაზე“ ყიდიან… მხოლოდ რამდენიმე სამშენებლო კომპანიის რეკლამა შეგხვდებათ ინგლისურ ენაზე.

იგივე ხდება ინსტაგრამზე. სარეკლამო ტურისტული ვიდეოების 99% რუსულ ენაზეა. მგონი, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, სად გაქრა ევროპელი ტურისტი?

დიახ, ევროპელი ტურისტი გამქრალია. ქუჩებში, სანაპიროზე, რესტორნებში, ყველგან… ამიტომ რამდენადაც არ უნდა გაავარდისფერონ ეკონომიკური თუ ტურისტული სამთავრობო სტატისტიკა, ბათუმის ქუჩებში მოწყენილი სახით დადის რეალობა.

2022-2025 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული ერთგვარი „კუნძულოვანი ეკონომიკა“, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ტურიზმისა და სარესტორნო სექტორებში.

ბათუმში კი კიდევ უფრო ნათლად ჩანს ეს ერთგვარი „ჩაშენებული“ ტურიზმი, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მასშტაბურ მიგრაციას მოჰყვა.

მაგალითად, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, ქართველ გიდებთან ჩატარებული ინტერვიუებისას, ჩანდა ტენდენცია, რომ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. ისინი აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით, იქირავეს სასტუმროები და რესტორნები, გააჩაღეს საკუთარი ბიზნესი თავიანთი მომხმარებლისთვის.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, შექმნეს ერთგვარი სათავისოდ კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა.

ეს პროცესი 3 წლის წინ ეტაპობრივად დაიწყო – პირველ ეტაპზე, მიგრაციის ტალღამ მკვეთრად გაზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, რასაც ქირის ფასების უპრეცედენტო ზრდა მოჰყვა. თანდათან ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია მაღალსართულიანი სახლებით გადაიჭედა, მყიდველთა 80% კი უცხოელია (უმთავრესად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები).

ეს მხოლოდ ციფრები ხომ არ არის, ამ ციფრების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აქვე აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს. აშკარაა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ვერ უძლებს ამ არასტანდარტულ კონკურენციას და უწევთ ბაზრის დატოვება.

წესით ამას სამთავრობო სექტორიც უნდა განიცდიდეს და ცდილობდეს ვითარების დალაგებას.

  • რუსული კაპიტალი, როგორც ე.წ. კუნძულოვანი ეკონომიკის შემქმნელი – როგორ შეცვალა ამ პარალელურმა ეკონომიკამ სიტუაცია ადგილობრივი ბიზნესისთვის?

როგორც უკვე გითხარით, 2022 წლამდე რუსეთის ფედერაციიდან და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული ვიზიტორები, აქტიურად სარგებლობდნენ ადგილობრივი ტურისტული სერვისებით. ბოლო ერთი წელია კი, მათმა ნაწილმა სრული „დამოუკიდებლობა“ მოიპოვა.

ადგილობრივი გიდებისა და კერძო სატრანსპორტო მომსახურების მომწოდებლების ინფორმაციით, მათ სერვისებზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ჩვენი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ „პარალელური ეკონომიკა“ მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ ბიზნესს, მიზანმიმართულად გაზრდილი ფასები კი მოქალაქეებს. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უკონტროლოა.

მაგალითად, ძველ ბათუმში ქართული რესტორნებისა და კაფეების მეპატრონეებმა გვითხრეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული მოქალაქეები, ვინც აქ ცხოვრობს და ტურიზმით არის დაკავებული, მათ „წილის“ სანაცვლოდ სთავაზობენ ტურისტთა მიყვანას ან სხვა შეღავათებს.

აქ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: როგორ რეაგირებენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ვინ იცავს ადგილობრივი მეწარმის უფლებებს? სამწუხაროდ, არავინ… სახელმწიფო სტრუქტურები თვალს ხუჭავენ ბევრ საკითხზე, რასაც ბოლო პერიოდში აჭარის მთავრობაში მომხდარი შოკისმომგვრელი ამბებიც მოწმობს.

  • რა საფრთხეს შეიცავს ეს ე.წ. „კუნძულოვანი ეკონომიკა“ ქვეყნისთვის, ადგილობრივი ტურისტული ბაზრისთვის?

ერთი შეხედვით, უცხოური კაპიტალის ტრიალი სასარგებლო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის არ განიხილება „ჩვეულებრივ“ ანდა „ნეიტრალურ“ სახელმწიფოდ.

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის პოლიტიკის შედეგად არის ოკუპირებული, ხოლო რუსეთის კაპიტალზე დაფუძნებული „კუნძულოვანი ეკონომიკა” აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ჰიბრიდული გავლენების შემადგენელ ნაწილად.

ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას, ერთ დღეს შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მობრუნდეს, როგორც აქამდე არაერთხელ მობრუნებულა. რუსეთის მთავრობებს სჩვევიათ საქართველოს მიმართ მოულოდნელი რისხვის გადმოფრქვევა და სადამსჯელო მოქმედებები, გავიხსენოთ ქართული ღვინისა თუ სხვა ქართული პროდუქტების ემბარგოები, საქართველოს მოქალაქეების საჩვენებელი დეპორტაციები და ა.შ.

საქართველო ბუნებით ტოლერანტი ქვეყანაა, ჩვენ არ ვუპირისპირდებით ადამიანებს, ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ისტორია სავსეა მტრის დანდობის ეპიზოდებით, მაგრამ ჩვენივე ტოლერანტობა არ უნდა გვექცეს ჩვენივე საწინააღმდეგო „იარაღად“. ამას გრძნობს და განიცდის საზოგადოება, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ადამიანები  ხმამაღლა აკრიტიკებენ არსებულ ვითარებას.

და რა უნდა ვქნათ?

აუცილებელია სიტუაციის შესწავლა, მეწარმეების მოსმენა, რეგულაციების დაწესება, სტრატეგიული რისკების გათვლა, გამჭვირვალობის გაზრდა, უცხოური კაპიტალით დაფუძნებული ბიზნესების სრული მონიტორინგი.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადგილობრივი მეწარმეები და მოქალაქეები.

და ბოლოს, ეკონომიკაც და ტურიზმიც ისეთ ქვეყანაში ყვავის, სადაც სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანებს არ აპატიმრებენ.

მე მზია ამაღლობელის ბოლო სამ სასამართლო სხდომას დავესწარი ბათუმში და მინდა კიდევ ერთხელ გავუგზავნო მას ჩემი და ჩემი მეგობრების სიყვარული „ბათუმელების“ გვერდებიდან.

საქართველო, აუცილებლად მალე გახდება წარმატებული ეკონომიკისა და ევროპული სტანდარტების ქვეყანა.

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან [მთლიანი ბიუჯეტი 4,8 მილიონი ლარია], მუნიციპალურ პროგრამას კი ქალაქის ბიუჯეტიდან 496 600 ლარით აფინანსებენ. 

ორივე პროგრამის ძირითადი მიზანი ფაქტობრივად ერთი და იგივეა – ქუჩაში ცხოველების [ძაღლი, კატა] აყვანა, თავშესაფარში დროებით გადაყვანა, ვაქცინაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია და სხვა, შემდეგ კი ცხოველების აყვანის ადგილებში დაბრუნება.

რატომ გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება ბათუმში, სადაც უკვე მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოდან [სეს] მიიღო და ვერც ბათუმის მერიისგან.

ორი პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, ფეისბუქზე ცხოველთა უფლებებისდამცველები ავრცელებენ არაერთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელიც, მათივე თქმით, ასახავს ქუთაისის თავშესაფარში მიუსაფარი ძაღლების არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აჭარის ცხოველთა უფლებებისდამცველებმა განცხადებითაც კი მიმართეს სეს-ს, რომ პროცესი მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ და „დაფიქსირდა ცხოველებზე და მოხალისეებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები — მათ შორის, უკვე გასტერილებული ცხოველები ღია, სისხლმდენი ჭრილობებით დაბრუნდნენ“.

ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ელემენტარულ კითხვებს არ პასუხობს, „პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს“.

„ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში [საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს] უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 1501;

ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას“ – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის განხორციელების მიზნით, შეიძინეს „20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ“.

უპატრონო/მიკედლებული ცხოველების [ძაღლი, კატა] პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 26 ივნისს დაამტკიცა.

26 ივნისიდან 20 აგვისტომდე კი, სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სურსათის სააგენტოს მხოლოდ 14 ავტომობილი აქვს შეძენილი ჯამში 758 286 ლარად.

2025 წლისთვის საპილოტე პროგრამის დასაფინანსებლად 4 833 500 ლარია გამოყოფილი საიდანაც 1 256 600 ლარი იმ სამ მუნიციპალიტეტს [გურჯაანი, ქუთაისი, ბათუმი] გადაეცემა, სადაც პროგრამა განხორციელდება.

პროგრამა ითვალისწინებს:

„სააგენტოს მიერ კახეთის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საორიენტაციოდ, ჯამურად, 9 000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დაჭერასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანას;

სააგენტოს მიერ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების თავშესაფრის მიერ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს;

ამ ღონისძიებების შემდგომ, სააგენტოს მიერ ცხოველების გარემოში დაბრუნებას.

ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სპეციალისტების შრომის დასაფინანსებლად და შესყიდვების განსახორციელებლად, გამოყოფილია:

375 600 ლარი – გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის;
545 500 ლარი – ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის;
335 500 ლარი – ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის.“

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ასევე უნდა გადაეცეს „ინსინერატორები, საყურე ნიშნები, ცოფის ვაქცინები, დიაგნოსტიკური ტესტები, ნემსები, შპრიცები და დასაძინებელი შპრიცსასროლი მოწყობილობები. გაუხარჯავი ფულადი თანხები მუნიციპალიტეტებმა სააგენტოს უკან უნდა დაუბრუნოს“.

კითხვები, რომელზე პასუხებსაც „ბათუმელები“ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება:

  • დაწყებულია თუ არა ბათუმში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელება? როდის დაიწყო? პროგრამა მოიცავს მხოლოდ ქალაქ ბათუმს, თუ მთლიანად აჭარის რეგიონს?
  • რამდენი ეკიპაჟი მუშაობს ბათუმში? რომელ დღეებში და როგორია მათი სამუშაო გრაფიკი [ანუ, რომელ საათებში მუშაობს ეკიპჟ(ებ)ი]?
  • ბათუმის მერიის რომელი სამსახურია ჩართული აღნიშნული საპილოტე პროგრამის განხორციელებაში?
  • ტერიტორიულად სად ხდება ბათუმში აყვანილი ცხოველების გადაყვანა, რომელ თავშესაფარში?
  • რა შემთხვევაში ხდება აყვანილი ცხოველის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
  • როგორ ხდება იმის დადგენა – ბათუმში აყვანილ ცხოველს აქვს თუ არა გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა? [ბათუმში წლებია მოქმედებს ანალოგიური პროგრამა მუნიციპალურ დონეზე და ხდება ცხოველების ვაქცინაციაც და კასტრაცია-სტერილიზაციაც, მათ შორის, ეს პროგრამა გრძელდება მიმდინარე წელსაც]
  • რატომ გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება ბათუმში, სადაც უკვე მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა?

რაც შეეხება მუნიციპალურ პროგრამას.

ბათუმის მერიას 2024 წლის დეკემბერში ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე, 496 600 ლარით, რომელშიც ტრადიციულად ერთი კომპანია იმარჯვებს: შპს „რესიკაბ“ [ყოფილი „სევერ“].

ამ კომპანიასთან ბათუმის მერიას ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნულ თანხაზე აქვს გაფორმებული 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. მომსახურება კი „რესიკაბ“-მა 2025 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს:

მომსახურება, რომელიც შპს „რესიკაბ“-მა ბათუმში 2025 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს / წყარო: ხელშეკრულება

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „რესიკაბ“-ის დირექტორს, ჯემალ გოგიტიძეს, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ იანვრიდან მუშაობენ ჩვეულებრივად, ხელშეკრულების ფარგლებში და ახალი [საპილოტე] პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„ჩვენთან ცხოველი რომელიც მოგვყავს, იცრება ცოფზე და ასევე იცრება კომპლექსური ვაქცინით. მაგის გარეშე ჩვენგან ცხოველი ვერ გავა, გამორიცხულია. ცხოველს უკეთდება ნიშანი [ბირკა], რომელზეც არის ნომერი, ფიქსირდება ჩვენს ბაზაში და ამ ბაზის მეშვეობით ვამოწმებთ შემდგომ“ – გვითხრა ჯემალ გოგიტიძემ.

ვთქვათ, საპილოტე პროექტის ფარგლებში ქუჩიდან აყვანილი ძაღლი არის დაბირკული. სჭირდება თუ არა მას ხელახლა აცრა, ვთქვათ, ცოფზე, ან როდის უწევს ვაქცინაცია, ეს ყველა შემთხვევაში კომპანია „რესიკაბ“-თან უნდა გადამოწმდეს, ვინაიდან ბათუმში დაბირკულ ძაღლებზე ეს მონაცემები მხოლოდ ამ კომპანიას აქვს. ჯემალ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს რომ მათ ამ დროისთვის არავინ დაკავშირებია.

ბათუმში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით საპილოტე პროექტის ფარგლებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 1501 [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი ცხელი ხაზი]

ასევე დარეკოთ „რესიკაბ“-ის ცხელ ხაზზე: 579 74 22 88 [დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა]

„ბათუმელები“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს ცხელ ხაზს [1501] დაუკავშირდა. ოპერატორმა [დაახლოებით 6 წუთის შემდეგ] გვიპასუხა, რომ ბათუმში საპილოტე პროგრამა უკვე მოქმედებს:

„სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორები იღებენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფლის [კონკრეტული რეგიონი და მისამართი], სტატუსის [მიკედლებულია თუ არა] და სხვა დეტალების შესახებ. მიღებული ინფორმაცია გადაეცემა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის აყვანას და ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანას.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ბათუმიდან აყვანილი ცხოველები შესაძლოა გადაიყვანონ სხვა ქალაქების, მათ შორის ქუთაისისა და ოზურგეთის თავშესაფრებში. აღირიცხება ინფორმაცია, თუ სად უნდა დაბრუნდეს ცხოველი პროცედურების შემდეგ – თავშესაფარში დარჩეს თუ თავდაპირველ მისამართზე, საიდანაც წაიყვანეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს პატრონი ან მიკედლებულია.“

ცხელ ხაზზე ასევე გვითხრეს, რომ „პროგრამა საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობს, რაზეც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს. ამასთან, არსებობს გარკვეული გამოწვევებიც. ზოგიერთი ცხოველთა მოყვარული მოქალაქე გამოთქვამს პრეტენზიებს და ითხოვს ცხოველების გადაყვანის განსხვავებულ პროცედურებს. ასევე, აქტიურად განიხილება პროგრამაში მოხალისეების ჩართვის საკითხი“.

დამატებით შეკითხვებთან დაკავშირებით კი ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ინფორმაციას სეს-ს გადასცემენ და დაგვიკავშირდებიან.

მოგვიანებით სამინისტროდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო „ბათუმელების“ კითხვებთან დაკავშირებით პასუხს წერილობით უმოკლეს დროში მოგვაწვდის.

ბათუმში ბოლო ხუთი წელია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამებს და თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას აანონსებს, თუმცა არცერთი მათგანი არ განხორციელებულა. 

2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას აპირებდა, თუმცა პროგრამა არ დაწყებულა.

ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც 2020 წელს დააანონსეს.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ.

2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].

2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.

მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ არის.

„ბათუმელები“ ელოდება სურსათის ეროვნული სააგენტოსგან, ასევე ბათუმის მერიისგან პასუხებს და აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

 

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

წელს რუსეთიდან საქართველოში 770 ათასი მოქალაქე შემოვიდა – ექვსი თვის მონაცემები

2025 წლის პირველ ორ კვარტალში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 770 714 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.

2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 271 988 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი – 498 726.

სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში, რუსეთის 535 048 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვარი.

საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე წელსაც რუსეთის ფედერაციაა. მეორე ადგილზეა თურქეთი [573 088 მოქალაქე], ხოლო მესამე ადგილზე – სომხეთი [547 112 მოქალაქე].

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო.

სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის 1 459 541 მოქალაქე და ეს იყო 401-პროცენტიანი ზრდა 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა და 1 887 223 – გავიდა, ხოლო გასულ, 2024 წელს კი საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა და ეს იყო რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ბოლო ოთხი წელია, საზღვრის კვეთის მაჩვენებლების მიხედვით, რუსეთი არის ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება.

_______________________

ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ზურაბ ქურციკიძე

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 4 ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ბათუმში LIB.GE და რესტორანი „რუსთაველი“ დამეგობრდნენ

დღეს ბათუმში LIB.GE და  რესტორანი „რუსთაველი“ დამეგობრდნენ.

თვეში ერთხელ LIB.Ge აკადემია ბათუმში, სწორედ ამ სივრცეში გამართავს ლექცია-სემინარებსა და დისკუსიებს.

LIB.GE აკადემია არის არაფორმალური განათლების სივრცე და ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ონლაინ სკოლა საქართველოში მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც გიორგი კეკელიძემ დააფუძნა.

აკადემიაში რეგისტრაცია მიმდინარეობს, გაკვეთილებს საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და ხუთეულის წევრები) გაუძღვებიან.

აღსანიშნავია, რომ Lib.ge – აკადემიის ბრენდის ელჩი ევროპაში ქალბატონი ინგა  თოფურია იქნება.

ვინ აშენებს ცათამბჯენებს ფიროსმანის ქუჩაზე და რას აპროტესტებს მოსახლეობა

ბათუმის მერის ყოფილი მოადგილის, ხელვაჩაურის საკრებულოს  წევრისა და კიდევ სხვა პირების კომპანია, შპს „ცენტრალ სითი ლაინი“,  ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #8- ის მიმდებარედ, ცათამბჯენს აშენებს.

შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ დირექტორი და 38 პროცენტის მფლობელი ზურაბ ბერიძეა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი. კომპანიის 38 პროცენტს გიორგი ზოიძე ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი შპს „უან პროჯექტის“ საკუთრებაა, რომლის 50-5- პროცენტსაც ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის შოთა ფუტკარაძის კომპანია და  ლუკა გერეხელიას კომპანიები ინაწილებენ.

ამ მშენებლობას მიმდებარედ  მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს. „დაგვპირდა თქვენს კორპუსსაც ავიღებო და აღარ აპირებს“ – ამბობენ ისინი.

დღეს, 20 აგვისტოს, მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. 

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები მასშტაბური ცათამბჯენების მშენებლობის შემდეგ უსაფრთხო ვეღარ იქნება. მშენებლობის ნებართვის ნებართვის მიღებამდე მშენებელი მათ დაჰპირებია, რომ ჩანაცვლებას მათაც შესთავაზებდა, ამიტომაც თავის დროზე აქ 50-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ შეეწინააღმდეგენ.

ამ სამშენებლო პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა როცა მერიის ინიციირებით ბათუმის საკრებულომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. იგივე კვარტალში კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას სხვა კომპანია  – „ბლექ სი თაუერი“ გეგმავს, ამიტომაც კომპანიებმა ბათუმის მერიას ერთობლივი განაშენიანების დეტალური გეგმით მიმართეს.

დოკუმენტის მიხედვით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოს [N113] პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩა N10-ში გეგმარებითი ერთეული მოიცავს 7 სამშენებლო მიწის ნაკვეთს და მათი ფართობი შეადგენს 8003 კვ.მეტრს, მათ შორის საპროექტო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობია 4194 კვ.მეტრი.

მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთები

 

 

 

ამავე თემაზე:

ცათამბჯენების მშენებლები ირწმუნებიან, რომ მოგება მინიმალური აქვთ

 

 

 

 

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზების ფარგლებში, 22 აგვისტოს, სითი მოლის საბურთალოს და გლდანის ფილიალების 60-მდე შერჩეულ ობიექტში, თიბისი კონცეპტის Visa სადებიტო ბარათებით გადახდისას, 30%-იანი ქეშბექი ულიმიტოდ დაგიბრუნდებათ.

შეთავაზება იმოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას.

22 აგვისტოს ქეშბექ აქცია გავრცელდება თიბისი კონცეპტ Visa Signature და Visa Platinum-ის, როგორც ძველ, ისე ახალ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე.

გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, შეთავაზება იმოქმედებს შერჩეული ობიექტების სრულ კოლექციაზე, მათ შორის, ფასდაკლებულ ნივთებზეც. დაბრუნებული თანხა კი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად აგესახებათ.

შეთავაზების ფარგლებში, Jo Malone-სა და Aromateque-ში 30%-ის ნაცვლად, 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.

შერჩეული ობიექტების კატეგორია და ჩამონათვალი ტრადიციულად მრავალფეროვანია:

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

Sense Concept Store, Calzedonia, Intimissimi, The North Face, Diesel, Napapijri, Scotch & Soda, Magellan, Lee Cooper, Under Armour, Shoes Loft, Crocs, Skechers, Top Sport , Adidas, Puma, Timberland, Dressarium Kids, Dan John, Karl Lagerfeld, Marc O’Polo, Lion Of Porches, Yamamay, Giordano, Petit Bateau, Hackett, BOSS, HUGO, Paul & Shark.

  • აქსესუარები

Corner, Messy Weekend, Izipizi, Swarovski, Nicolo, Franco Fontana, Toreli.

  • პარფიუმერია და თავის მოვლა

Jo Malone, Aromateque, Voulez-Vous, Lutecia, Atelier Rebul, Laline, L’Occitane, Yves Rocher, Mac Cosmetics.

  • სახლი

Manamo Home, Berghoff, Villeroy & Boch, Jysk, Grills Home & Kitchen, Palais des Thés, Old Supra, Tac, Miniso.

  • სპორტი

OKTOPUS – მხოლოდ სითი მოლის ფილიალი.

გამონაკლისებისა და შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 20 აგვისტოს, აქტივისტი თამარ კურატიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2000 ლარით დააჯარიმა.

სამოქალაქო აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს.

6 აგვისტოს საღამოს, იმ დღეს, როცა მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელ ჭიშკარზე გაჩნდა მზია ამაღლობელის სტენსილი – „სილა რეჟიმს“.

შსს-მ გარე სათვალთვალო კამერები ამოიღო და ასე დაადგინა სტენსილის ავტორი.

თამარ კურატიშვილმა დღეს არ უარყო, რომ სტენსილი მისი გაკეთებული იყო, თუმცა იქვე განმარტა, რომ რაც გააკეთა, ყველაფერი ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

სასამართლოზე თამარ კურატიშვილი მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა და თქვა, რომ სტენსილები ნამდვილად მან გააკეთა, თუმცა მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

„სილა რეჟიმს“ – ეს სტენსილები არის ჩემი გაკეთებული. მე მიმაჩნია, რომ ეს ჯდება ჩემი გამოხატვის თავისუფლებაში. ეს წარწერები გაკეთდა 6 აგვისტოს, იმ დღეს როცა მზია ამაღლობელს განაჩენი გამოუტანეს. ეს სტენსილები იყო ბრაზი, რომლის გამოხატვაც მინდოდა.

მე ვარ აქტივისტი და ჩემი აქტივისტობის განმავლობაში ყოველთვის ვჯდებოდი კანონის ფარგლებში, ოღონდ კანონის, რომელიც ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.

მე წარწერები გავაკეთე იმ შენობის ღობეზე, სადაც დააკავეს მზია ამაღლობელი“, – თქვა თამარ კურატიშვილმა სასამართლო სხდომაზე.

შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ და თენგიზ კვირკველიამ სასამართლოზე მოიტანეს ვიდეო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს როგორ აკეთებს აქტივისტი წარწერებს.

თენგიზ კვირკველიამ თქვა, რომ ამ სტენსილების შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო, შემდეგ დასქრინა და ოქმი შეადგინა.

თუმცა საქმის მასალების მიხედვით ჩანს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული სტენსილის ფოტოები ვინმე დანო დუმბაძემ დასქრინა და არა პოლიციელმა თენგიზ კვირკველიამ.

„იკვეთება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაული“, – თქვა თეა ლაღაძემ და აქტივისტის დაჯარიმება მოითხოვა. მანვე თავის დასაბუთებაში სცადა მტკიცება, რომ აქტივისტის მიერ სტენსილის გაკეთება პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

„პოლიციის დისკრედიტაცია არ ყოფილა ჩემი მიზანი, არასდროს მიცდია. არ ვეთანხმები ამ ბრალდებას. მეორეც, ვამბობ, რომ ჩემი გაკეთებულია ეს სტენსილები და მე არ უარვყოფ ამას, მაგრამ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში.

მინდოდა რომ ეს გზავნილი – „სილა რეჟიმს“ დარჩენილიყო იმ შენობის ფასადზე, სადაც უსამართლობა მოხდა მზია ამაღლობელის მისამართით.

რაც შეეხება ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ დაწყებულია დევნა შინაარსის გამო და არა ფორმის. ებრძვიან სტენსილების შინაარსს.

რამდენი სტენსილია ბათუმის ქუჩებში? ქალბატონო მოსამართლევ, საინტერესო იქნება სტატისტიკის ნახვა, განყოფილებებიდან რამდენი მოგმართავთ იმ წარწერების გამო აი, კედლებზე რომ წერია – „გიორგი სად ხარ? „მეტალიკა“, „ნათია მიყვარხარ“.

როცა კონკრეტული შინაარსი ენიჭება ამ სტენსილებს, მხოლოდ მაშინ იწყება დევნა,“ – თქვა თამარ კურატიშვილმა საკუთარ სასამართლოზე.

„თუ იდენტიფიცირება ვერ მოხდა, როგორ მივმართავთ. ქმედებაა დარღვევა და არა შინაარსი,“- განმარტა შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.

მოსამართლემ საბოლოოდ შსს-ს პოზიცია გაიზიარა და თამარ კურატიშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.

„სილა რეჟიმს“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 15-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,22-23 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რას ამბობს კომპანია

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, დღეს, 20 აგვისტოს, წყალმომარაგება შეეზღუდა ბათუმის გარკვეულ უბნებს.

„გვიან ღამით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.

აღნიშნულის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ:

გოგებაშვილის, ბაქოს, ჭავჭავაძის #1, წერეთლის #15/17, კაჩინსკების, ნიჟარაძის, ჰელიმიშის, ადლიის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფ. ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ბარცხანაში, ფაღავას, მაქაცარიასა და სვიშევსკის ქუჩებზე, ორთაბათუმში, წინსვლის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს“ – იუწყება კომპანია.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება დღეს, 20 აგვისტოს, 17:00 საათისთვის აღდგება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 072 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 11 119 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 152 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 31 748 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 470 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 208 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 154 ერთეული [+260]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 565 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 202 ერთეული [+142]
  • სპეცტექნიკა – 3 943 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 78 434 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 677 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 737 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 014 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/584561/

„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ამ შეხვედრაზე ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი შოთა კაკაბაძე. მას ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე ვესაუბრეთ: რა გზავნილია აშშ-ს და ევროპის ერთიანობა პუტინისთვის?

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარიგება შედგება რუსეთს და დასავლეთს შორის,“ – ამბობს ანალიტიკოსი.

პოლიტოლოგს ვკითხეთ საქართველოზეც – ამ მოცემულობაში რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში, სადაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე რუსეთს ზურგი აქციეს?

  • ბატონო შოთა, რას აჩვენებს თქვენთვის თეთრ სახლში ევროპელი ლიდერების შეხვედრა? ევროპელი ლიდერების გზავნილებიდან რა იყო თქვენთვის ყველაზე საყურადღებო? 

გამოიკვეთა ის, რომ ევროპის სურვილია, არ დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდის მიღმა.

თუ გახსოვთ, გაზაფხულზე საუდის არაბეთში უშუალო კონტაქტი შედგა რუსულ და ამერიკულ მხარესთან და ევროპა იყო გარეშე. მაშინ გაჩნდა ეს განცდა, რომ არ არიან მოლაპარაკების მაგიდასთან. მგონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ამბობდა თავის დროზე, თუ არ ხარ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხარ მენიუში. დაახლოებით, აი, ამის შიში არსებობს ევროპაში, დასავლეთში – არ დარჩეს მოლაპარაკების მაგიდის მიღმა!

გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით.

გუშინ CNN-თან იყო ფინეთის პრეზიდენტის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ ფინეთმა ძალიან კარგად იცის, რა არის რუსეთი. მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთმა გამოიარა დაახლოებით მსგავსი – რუსეთთან ომი, რაც სამ თვეს გრძელდებოდა. განსხვავება ის არის, რომ მაშინ ფინეთი იყო მარტო. დღეს უკრაინას უკან უდგას დასავლეთი, ამ შემთხვევაში დასავლეთ ევროპა, რაც ამ მხრივ მნიშვნელოვანია. მთავარი, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ რომ უკრაინა არ არის მარტო.

  • ეს იმის ხაზგასმაა, რომ უკრაინის ბედი არ არის დამოკიდებული მხოლოდ აშშ-ზე? 

კი, რა თქმა უნდა. ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან: ტრამპს აქვს შედარებით არატრადიციული, მოდი, ესე ვთქვათ, ექსტრაორდინარული და არატრადიციული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ. მას აქვს უფრო მეტად „ბიზნეს-მაინდიდ“ მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას სჭირდება, რაც შეიძლება მალე დაინახოს შედეგი და შემდეგ ეს შედეგი გაყიდოს, როგორც შიდა აუდიტორიაში, ასევე გარეთ.

ტრამპი ბევრჯერ იმეორებს, რომ მან შეძლო რამდენიმე ცხელ წერტილში, განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც 30 წელია კონფლიქტი მიმდინარეობდა, ამის უცებ დასრულება. მას აქვს იგივე მიზანი უკრაინაში, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს ომი, ან ყოველ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანოს. ამიტომ, ისეთი რაღაცები, როგორიც არის, ვთქვათ, ტერიტორიული საკითხები, ყირიმის საკითხი, აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი და ასე შემდეგ, მისთვის მეორეხარისხოვანია ამ ფონზე.

სწორედ აქ შემოდის ევროპა, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდაზე შემოაქვს ასეთი საკითხები: „რას ვშვრებით ყირიმში? რას ვუშვრებით იმ ბავშვებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინიდან მოიტაცეს და ახლა იმყოფებიან რუსეთში?“ – ეს ჩანდა გუშინდელ გზავნილებში.

ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა არის ის, რომ ევროპამ უფრო მეტად უნდა იტვირთოს თავის თავზე თავდაცვის ხარჯები.

  • მაკრონი ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად ნიშნავს ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას. 

ევროკავშირს აქამდე ჰქონდა ფუფუნება, რომ ყოფილიყო ნატოს ქოლგაში, რომელშიც ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების წილია. ეს საშუალებას აძლევდა ევროკავშირს საკუთარი ფინანსები, მაგალითად, გაეშვა სოციალურ საკითხებზე, ჯანდაცვაზე. ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომაა – დროა, ევროკავშირმა უფრო მეტი ტვირთი აიღოს თავის თავზე და მაქსიმალურად დისტანცირდეს ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხებისგან.

ეს გადაწყობა კი, არ არის მარტივი. ერთ და ორ წელიწადში არ მოხდება ევროპისთვის ეს გადაწყობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყობის პროცესში, როგორღაც ამერიკის შეერთებული შტატები დარჩეს ჩართული, როგორც უსაფრთხოების გარანტი.

გუშინდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანსაც, რომ ეს კავშირი არ გაწყდეს ევროპის კონტინენტს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

  • ევროპისთვის აშკარაა, რომ აშშ-ს აქტიური ჩართულობის გარეშე პრაქტიკულად რთული იქნება უსაფრთხოების გარანტიების შექმნა იგივე უკრაინისთვის? 

რა თქმა უნდა. მასშტაბები, რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს – ფინანსური, ან რასაც თავდაცვაში ხარჯავს, ტექნოლოგიური – იარაღის წარმოების კუთხით და ასე შემდეგ – ამას ვერ დაეწევა ევროკავშირი ასე მარტივად. ამას დასჭირდება დრო.

იგივე თავდაცვითი ფონდის იდეა, რომელიც ევროკავშირმა გააჟღერა, წლებზეა გათვლილი და არა დღეს და ხვალ.

  • რას უნდა ელოდეს ამ დროს უკრაინა? ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის თქმით, ტრამპის მზაობა, მიიღოს მონაწილეობა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებში, სრულ თანხმობაშია მსურველთა კოალიციის გეგმებთან. 

ამ კუთხით დეტალები ჯერ უცნობია და ნაადრევი იქნება დასკვნების გამოტანა. მე პირადად დასავლეთის ჯარის განლაგება, ან დასავლეთის ჩართულობა სამხედრო თვალსაზრისით კონფლიქტში, ამ ეტაპზე ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია.

მაგალითად, ცეცხლი შეწყდა და სამშვიდობო ძალები განლაგდა უკრაინაში, ვთქვათ, ფრანგული, ბრიტანული სამშვიდობო ძალები, მაგრამ ამ სამშვიდობო ძალებს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის გარეშე ძალიან გაუჭირდება ეფექტური ცეცხლის შეწყვეტის კონტროლი, იმიტომ, რომ ცეცხლის შეწყვეტაში იგულისხმება ისიც, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, ამ სამშვიდობო ძალების ფუნქცია უნდა იყოს ამ ცეცხლის შეწყვეტის აღკვეთა. ამის კონტროლი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო დახმარების გარეშე იქნება ძალიან რთული.

ჯერ ცოტა ნაადრევია რამე კონკრეტულზე საუბარი. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რაზეც არის ლაპარაკი, ესაა გარანტიები უკრაინისთვის დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს, მაგალითად, ტაივანს ამერიკასთან: იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი თავს დაესხმება ტაივანს, ამერიკის შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას იღებს, რომ იარაღს მიაწვდის შეზღუდული რაოდენობით, რაც დასჭირდება ტაივანს თავდაცვისთვის.

  • თქვენი დაკვირვებით, ამ შეხვედრების შემდეგ რამდენად გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების პირობა? 

ჩემი აზრით, უკრაინისთვის ამ ეტაპზე რთულია ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება. ფაქტია, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს უკრაინელები ეფექტურად ვერ აკონტროლებენ, არის ნაწილი, რომელიც რუსეთმა კონსტიტუციით გამოაცხადა თავის ტერიტორიად და რუსეთი ახლა წინაპირობად ასახელებს, ეს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი, ოფიციალურად იქნას აღიარებული რუსეთის ტერიტორიადო. ამაზე უკრაინისთვის დათანხმება არის ძალიან რთული. უკრაინის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ამაზე დათანხმება ფაქტობრივად პოლიტიკური თვითმკვლელობის განაჩენია.

მეორეს მხრივ, ბუნებრივია, უკრაინას ძალიან სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, იმისთვის, რომ ამოისუნთქოს, მოძლიერდეს და დაიწყოს ხელახალი, შესაძლო მომავალი კონტრშეტევისთვის მზადება. ამ ეტაპზე უკრაინისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს არსებული კონფლიქტის გაყინვა, თუმცა ამავდროულად ამ მოცემულობის აღიარება, როგორც ოკუპაციის და არა, როგორც რუსეთის ტერიტორიის. დაახლოებით ისე, რაც გვაქვს საქართველოში: ჩვენც არ გვაქვს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი არღვევს.

  • რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ დროს აშშ-ს და ევროპის ერთიანობის დემონსტრირებას? 

სწრაფი, ეგრეთ წოდებული ბლიც-კრიგი რუსეთს არ გამოსდის. ამიტომ, მას აქვს გრძელვადიანი გათვლა. გრძელვადიან გათვლაში იგულისხმება ის, რომ ტრანსატლანტიკურ ერთობაში შეიტანოს განხეთქილება. პუტინის მოლოდინია, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლელ პარტნიორებს შორის შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება.

ამას დაემატება ისიც, რომ შეიძლება 3-4-5-წლიანი კონფლიქტით უბრალოდ გადაიღალონ დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, რომლებიც ცოტა შორს არიან რუსეთისგან და ვთქვათ, პირადად, ისტორიულად ეს გამოცდილება არ აქვთ, მაგალითად, ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. საუბარია ქვეყნებზე, ვისთვისაც ასეთი აქტუალური არ არის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. პუტინის გათვლით, ხანგრძლივ პერსპექტივაში უკრაინას დაფინანსება შეუმცირდება და იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს. ამიტომაც არ ჩქარობს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას.

მეორეს მხრივ, დასავლეთში ძალიან კარგად ესმით, რა არის პუტინის ტაქტიკა და შეძლებისდაგვარად ცდილობენ, რომ ამას დაუპირისპირონ აი, ეს კოორდინაცია, ერთიანი მოქმედება.

  • დასავლეთის გათვლაა, რომ რუსეთის რესურსები იკლებს? ეს ერთიანობა რა გზავნილია პუტინისთვის? 

ბუნებრივია, ეს ომი რესურსების გამოფიტვაზეა, მაგრამ ამავდროულად მხარეები ახალ რეალობასაც ერგებიან. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც დრონებში აშკარად უკრაინას ჰქონდა უპირატესობა და მან ამ კუთხით მნიშვნელოვნად დაჩაგრა რუსეთი, მაგრამ როგორც სხვადასხვა ექსპერტი ამბობს, ნელ-ნელა ამ რეალობას მოერგო რუსეთი და რუსეთმაც შეიმუშავა საპასუხო ტაქტიკა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსი ბევრად უფრო დიდი აქვს რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ყველაზე მეტად უკრაინას ახლა რაც უჭირს, ეს არის ადამიანური რესურსი… დასავლეთის მიზანია, რომ პირველ რიგში, სასწრაფოდ ცეცხლი შეწყდეს, ოღონდ ისეთ პირობებზე, რომელიც არ იქნება უკრაინისთვის დანებების ან მარცხის ტოლფასი.

დასავლეთისთვის იმედისმომცემია ამ ერთიანობის დემონსტრირება. საბოლოო ჯამში პუტინს ერთადერთი, რაც ესმის, არის ძალის ენა. პუტინთან საუბარი დათმობით არ ჭრის. ეს ერთიანობა აჩვენებს მზაობას, რომ უფრო მტკიცედ დაუდგნენ უკრაინას.

  • საქართველოზეც მინდა გკითხოთ – რას შეიძლება ველოდეთ ჩვენ სამხრეთ კავკასიის ბოლო ტენდენციის გათვალისწინებით, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ზურგი აქციეს რუსეთს?

საქართველოს შემთხვევაში ცოტა რთულად არის საქმე იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინისთვის ნატოს წევრობის მაგივრად ხდება რაღაც სხვა ალტერნატივის შეთავაზება. რუსეთის იმ პრეტენზიას, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს, აშშ, როგორც ჩანს მიიღებს, როგორც მოცემულობას, ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის ნატოში წევრობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე საუბარია მოლდოვა-უკრაინის გაყოფაზე ევროკავშირში გაწევრების კუთხით: უკრაინას ბლოკავს უნგრეთი, ასევე სლოვაკეთი, მოლდოვის მიმართ კი, ეს პრეტენზიები არ აქვს ამ ორ ქვეყანას, ამიტომ არის საუბარი, რომ შეიძლება მოლდოვა ცალკე პაკეტში განიხილონ და დაჩქარდეს მოლდოვის საკითხი. ეს ასევე ძალიან ცუდი ნიშანი იქნება საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გადაიწევს სადღაც უკან.

საქართველოსთვის ბუნებრივად მნიშვნელოვანია, რაზე შეთანხმდებიან რუსეთი და უკრაინა. გუშინ მაკრონმა ინტერვიუს დროს ახსენა ჯერ რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოში და მერე უკრაინა. ეს არაა შემთხვევითი და მიუთითებს იმას, რომ „2008 წლის ომის ქეისი“ არსებობს და ეს არსებობს დასავლეთის მეხსიერებაში.

  • ელოდებით, რომ შესაძლოა გაიზარდოს რუსეთის ზეწოლა საქართველოზე? 

ჩემი აზრით, რუსეთის ურთიერთობას საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებასთან აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რადგანაც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები. რაც უნდა პრორუსული იყოს ხელისუფლება, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ მოგვარდება, მანამდე გაუჭირდება მას საერთაშორისო სამართლით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთან.

საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთში ურთიერთობები გაფუჭებული აქვთ და იზოლაციაშია, რუსეთთან ამ ურთიერთობებს ვერ აღადგენენ. რაღაც გაურკვევლობაშია საქართველო.

მე უფრო ველოდები, რომ სომხეთზე იქნება ზეწოლა რუსეთის მხრიდან – სომხეთში მაინც აქვს რუსეთს ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისი გავლენები, გინდაც სამხედრო ბაზის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის უმრავლესობა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, სომხეთის რკინიგზა და ასე შემდეგ. მომავალი წლის ივნისში სომხეთში არჩევნებია. ამიტომაც, რუსეთი უფრო სომხეთზე გააკეთებს აქცენტს, მით უმეტეს, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დროებით მიიღო.

რუსეთი სომხეთში მაქსიმალურად ეცდება ჰიბრიდული ომის ტაქტიკით სათავისოთ შემოატრიალოს ვითარება.

რამდენად წარმატებული იქნება – ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. აქ ირანის ფაქტორიცაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლს თავის საზღვართან დიდად არ მიესალმება, აქ შემოდის შავი ზღვის როლიც – მოგეხსნებათ, უკრაინა შავის ზღვისპირა სახელმწიფოა. თუ უკრაინის უსაფრთხოებაში შემოვიდა დასავლეთი და შავი ზღვა გახდა დასავლეთის უსაფრთხოების სფეროს ნაწილი, საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფერში – საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან, ის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გარიგება შედგება რუსეთს და დასავლეთს შორის.

  • მაგრამ შესაძლოა ზანგეზურის დერეფნით აგვიაროან გვერდი, თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ საქართველო უკვე რუსეთის აგენტია? 

აქ რამდენიმე მნიშვნელოვანია ფაქტორია, მათ შორის, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რასაც სჭირდება დრო, ასევე, სომხეთმა თურქეთთან უნდა დაალაგოს ურთიერთობები.

საქართველოს კი უკვე რამდენი ხანია აწყობილი აქვს შუა დერეფანი და გასასვლელი შავ ზღვაზე. შესაბამისად, უფრო იოლია უკვე არსებული ინფრასტრუქტურით ისარგებლო.

ასე რომ, საქართველოს ამ რეგიონში როლი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა რამდენად გრძელვადიანია ეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებს, ეს სხვა ამბავია.

„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი

„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელი სრული ანტისანიტარია იყო, ნაგავი ეყარა და საპირფარეშოდ იყო ქცეული.

ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდების განვითარების კერად ვაქციეთ.

მაგრამ ინსტალაციის – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ გამოფენის შემდეგ, გორის მერიამ წერილი მოგვწერა და სამ დღეში შენობის დაცლა მოგვთხოვა“- გვიყვება ოთო გვრიტიშვილი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენელი.

„ბათუმელები“ ოთოს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და მისი დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა.

„ვიზალიბერალიზაცია თუ დავკარგეთ, გარდა იმისა, რომ ადამიანები დაკარგავენ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, დავკარგავთ პიროვნული განვითარების შესაძლებლობასაც.

ახლა, ევროპისგან ჩამოშორება, 50 წლით კიდევ უკან დაგვხევს და თაობები დავკარგავთ განვითარების შესაძლებლობას.

ამ საპროტესტო აქციებმა ისიც აჩვენა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილმა თურმე თანაგრძნობის უნარი დაკარგა.

თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით, ეს კიდევ ერთხელ გააჩენს კითხვის ნიშნებს ჩვენს იდენტობაზე. გამოდის, არ ვყოფილვართ ისეთები, რაც წიგნებში გვიწერია, არც რუსთაველის გმირები ვყოფილვართ და არც არავინ. უბრალოდ, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

მისი აზრით, ბოლო პროცესებმა ასევე კარგად აჩვენა, თუ ვინ იბრძვის ამ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფოსთვის და ვინ – პირადი ინტერესებისთვის.

„თავიდან ძალიან ბევრი ადამიანი იდგა ქუჩაში, მერე კი ყველამ დავინახეთ, რომ ბევრი ჩაეხსნა ამ პროცესს. ვიღაცას არ უნდა ფინანსური კეთილდღეობაზე უარის თქმა და განერიდა.

ცალკე „ქართული ოცნება“ ეწევა პროპაგანდას, რომ თითქოს მშვიდობას იცავს.

გორის სოფლებშიც კი სჯერა ამის ხალხს. მათ ფიზიკურად განიცადეს ომის საფრთხე და მესმის, მაგრამ მეორე ვარიანტიცაა, გლეხებთან როცა მიდიან, ისევ იმ ძველ ამბებზე ელაპარაკებიან, – „ეგ ვაშლი რომ გაგქონდათ, ხილი რომ გაგქონდათ რუსეთში, ხომ კარგი იყო?!“ – იმ დროს ახსენებენ. ალბათ ამიტომაც იმუშავა იქ პროპაგანდამ, ომის თემამ და რუსულმა ნარატივებმა, სამწუხაროდ.

ამიტომ, ხშირად უნდა შევხვდეთ ამ ადამიანებს და პირისპირ ველაპარაკოთ, რადგან შავი რომ შავია, ხშირად ამის დამტკიცებაც კი გვიწევს, ისე არიან პროპაგანდით გაჟღენთილი.

„მშვიდობა უნდა იყოს“ გასაგებია, მაგრამ რის ფასად და როგორ, ეს არის გასარკვევი.

ამიტომ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და დრო არ უნდა დავიშუროთ ხალხთან შესახვედრად. განსაკუთრებით რაიონებში, სოფლებში უნდა ვიაროთ. ქალაქში კიდე სხვა სიტუაციაა, შედარებით“-ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

მისი თქმით, ხალხი უსმენს გავლენიან, ცნობად ადამიანებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ასეთი ადამიანები ხშირად გავლენ რეგიონებში და დაელაპარაკებიან ხალხს იმაზე, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მიიღწევა ევროპასთან ყოფნით და არა რუსეთის გავლენის ქვეშ.

„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელია, სრული ანტისანიტარია იყო. ეყარა ნაგავი და საპირფარეშოდ იყო ქცეული.

ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდებისთვის განვითარების კერად ვაქციეთ.

600 ათასი ევრო გრანტი მოვიპოვეთ და დავიწყეთ პროექტების კეთება მერიასთან ერთად.

ამ დაფინანსებით ფაქტობრივად შეიცვალა ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურა. გორის ციხის გარშემო გაკეთდა ბილიკი, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია რუსთაველის მემორიალს, გაკეთდა ეთნოგრაფიული მუზეუმის სახელოსნოები და კიდევ ბევრი რამ“ – გვეუბნება ოთო გვრიტიშვილი.

მისი თქმით, გორი არ არის ის ქალაქი, რომელსაც მხოლოდ სტალინის სახელით უნდა იცნობდნენ.

„ეს ქალაქი სხვა, ღირსეულ ადამიანებთან და სხვა კულტურასთან უნდა ასოცირდებოდეს. მაგალითად იაკობ გოგებაშვილთან, რომელიც აქედან იყო, მერაბ ბერძენიშვილთან, რომელიც გორშია დაბადებული და გაზრდილი. აქ ცხოვრობდა ვაჟა, აქ სწავლობდა და მოღვაწეობდა კირიონ მეორე და რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ამ ხალხით უნდა პოზიციონირებდეს გორი და არა სტალინით მემკვიდრეობით.

ევროკავშირის გაკეთებულმა საქმემ ეს ქალაქი შემოქმედებით რუკაზე სხვანაირად გამოაჩინა და ეს არის ჩვენი, ახალგაზრდა ფოტოგრაფების და იმ სივრცის დამსახურებაც.

დამოუკიდებელი საგამოფენო დარბაზი გვაქვს, რომლის მსგავსი მეორე შეიძლება არ იყოს ქვეყანაში და ახლა, ამ ყველაფერს გვართმევს მერია. ანუ ის, რისი შესაძლებლობაც მოგვცა ევროპამ, გვართმევს გორის მერია, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს ჩვენი აქტიურობა და იმის თქმა, რომ „ნაომარი ქალაქი, ბოდიშს არ იხდის“- ამბობს ოთო.

ინსტალაცია – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“, ახალგაზრდა აქტივისტებმა გასულ წელს, გორის ხელოვნების სახლში გამოფინეს იმის საპასუხოდ, როცა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილმა გორში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.

„იმდენად უარყოფითი ემოცია მოჰყვა ამას ადგილობრივ მოსახლეობაში, რომ მათ პარტიულ მომხრეებშიც კი უკმაყოფილება გამოიწვია. ტაშიც კი არ დაუკრეს ამ შეხვედრაზე მყოფმა ხალხმა და აქა-იქ გაისმა მხოლოდ ხმა.

ჩვენ ამ ინსტალაციით ვუპასუხეთ ბოდიშის მოხდას. რა თქმა უნდა ეს არ მოეწონა „ქართულ ოცნებას“ და მესამე დღეს მერიამ მოგვწერა წერილი, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდათ სივრცე და სამ დღეში უნდა დაგვეცალა ის შენობა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და ფუნქციურად დავტვირთეთ“-ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

ახლა საქმე სასამართლოშია და გორის ფოტოგრაფთა კლუბი დავას განაგრძობს იმ შენობის შესანარჩუნებლად, რომელიც გორის მერიას წლებია სანაგვედ ჰქონდა ქცეული.

ოთო მიიჩნევს, რომ შენობის წართმევის კიდევ ერთი მოტივი ახალგაზრდა ფოტოგრაფების და აქტივისტების წინააღმდეგობა იყო რუსული კანონის გამოც.

„ჩვენ ვიყავით იმ სარჩელის ხელმომწერებიც, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა და ბუნებრივია მონიშნული ვიყავით („ოცნების“ მიერ) და ველოდით კიდეც, რომ ეს მოხდებოდა.

გველაპარაკებიან რაღაც გეების ქორწინებაზე და ათას სისულელეზე. თავიდან მართლა ყველას გვეცინებოდა ამ ყველაფერზე, მაგრამ რეალურად, პრობლემაა ის, რომ სიტყვას დააკარგინეს საერთოდ ფასი, ღირსებას დააკარგინეს ფასი, მშვიდობას დააკარგინეს ფასი და ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ მეგობრები და ნაცნობები, ოჯახის წევრებიც კი გადაკიდეს ერთმანეთს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში და უფრო მეტი ფული იშოვონ.

იმდენად გადავგვარდით, რომ მზია ამაღლობელის ამბავზეც კი მათი მომხრეები გაიძახოდნენ – „დასაჭერია, აბა რა“. ქალს კაცმა ხელის დარტყმაზე როგორ უნდა უჩივლო? აი, ასეთი რაღაცის ნორმალიზებას ეწევიან.

საკუთარი ოჯახის წევრები რომ დააბეზღა ერთმა კომუნისტმა, ასეთი ხალხი მივიღეთ ხელისუფლებაში. მეტი გადაგვარება რა გინდა. ევროპის დაკარგვაზეც აღარ არის უკვე საქმე, ადამიანური ღირსების დაკარგვაზეა საუბარი“ – ამბობს ოთო.

მისი თქმით, ბრძოლა, რომელსაც დღეს ვხედავთ ქუჩებში, არ უნდა გაჩერდეს.

„ქუჩა იქნება, შენობა თუ სხვა სივრცე, ყველგან, ყველგან უნდა გაგრძელდეს ბრძოლა.

ხალხში უნდა გავიდეთ, პირდაპირი მნიშვნელობით და ველაპარაკოთ სხვა ადამიანებს ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

თუმცა დღეს, ისეთ სამყაროში ვართ, რომ მარტო არაფერი გამოდის და გარედანაც გჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ გვჭირდება სწორი საგარეო პოლიტიკა. უნდა ვაჩვენოთ ყველას, როგორ ძალადობს სისტემა ხალხზე, ახალისებს მოძალადეებს და ღირსებით ორდენებით აჯილდოებს.

ამიტომ ძალიან სწორი იყო პოლიციელების და მოსამართლეების დასანქცირება რაღაც დონეზე, მაგრამ თუ ეს პროტესტი გაჩერდა, თუნდაც ერთი დღით, ჩათვალეთ, რომ მთელი ეს 265-დღიანი ბრძოლა წყალში ჩაიყრება და ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ.

ავტორიტარიზმი გვაქვს უკვე ქვეყანაში და თუ ეს პროტესტი გადატეხეს, მერე შეიძლება კიდევ 20 წელი დარჩნენ ხელისუფლებაში“ – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, უკვე ისტორიაა და მას რუსეთის მეხოტბეები, სხვანაირად ვერ გადაწერენ.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა ერთი ან ორი მემატიანე აღწერდა ისტორიას. საბედნიეროდ, ციფრული მეხსიერების ეპოქაში ვართ და სულ რომ გადაწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები და წიგნები, ფაქტებს ვერაფერს უზამენ.

საბჭოთა კავშირმაც კი ვერ წაშალა სრულად ის წინააღმდეგობა, რასაც საქართველოს გასაბჭოების პერიოდში დააწყდა და ვერც დღევანდელ წინააღმდეგობას წაშლიან. ყველას ნამოქმედარი და ნათქვამი იწერება ციფრულ ისტორიაში“-ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

ამავე თემაზე:

„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი

არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც უკრაინის სამშვიდობო გარანტიებში – ინტერვიუ

„მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება,“ – თავის ვარიანტებს გვაცნობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევს შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

ვახტანგ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ პუტინის მოთხოვნას ტერიტორიების გაცვლაზე არავინ გაიზიარებს და ეს აბსურდია.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ტრამპი-პუტინის და შემდეგ უკვე თეთრ სახლში ევროპელი ლიდერების ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რა ჩანს თქვენი აზრით? რაზე შეიძლება შეთანხმდნენ რუსეთი და უკრაინა?

შეთანხმებაზე რა გითხრათ. საუბარი იქნება ალბათ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომლის კონტურებიც გამოჩნდა უკვე. საუბარია ასევე გარანტიებზე, რომელიც შეიძლება მიიღოს უკრაინამ და ეს გარანტიები ნამდვილად არ იქნება ის, რაც პუტინმა შესთავაზა უკრაინას. არ ვიცი, ცინიზმია, ტყუილი, თუ ირონია, როცა პუტინი დაგპირდება, არ დაგესხმები თავსო. როგორ ასრულებს რუსეთი თავის დაპირებებს, ჩვენც კარგად მოგვეხსენება და უკრაინასაც.

ძირითადად სამი ფორმაა, რაც შეიძლება გამოიყენოს დასავლეთმა გარანტიისთვის. ერთია დამკვირვებლები, რომელიც არც თუ ისე ძლიერი ვარიანტია – დამკვირვებლები 2014 წელსაც იყვნენ უკრაინაში და მათი ეფექტიანობა არ იყო მაღალი.

მეორეა – კონტინგენტი, რომელიც გადანაწილებული იქნება საზღვრის გაყოლებაზე. ეს იქნება უცხოელებისგან, დასავლეთის მიერ გამოგზავნილი სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი კონტინგენტი, მას შემაკავებელი ფაქტორი ექნება, ვინაიდან იგივე ბრიტანელი ჯარისკაცის ან ფრანგის სამხედრო მოსამსახურის მოკვლა ადვილად არ გაუვა რუსეთს.

მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება. როგორც ვხვდები, დასავლეთი ცდილობს, ჩინეთმაც მიიღოს მონაწილეობა ამ სამშვიდობო გარანტიებში. სხვათა შორის, თავიდან სწორედ ჩინეთმა შესთავაზა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტა იმ პოზიციებზე, რომლებზეც იმყოფებოდნენ, თუმცა მაშინ უკრაინამ უარი თქვა და მოითხოვა 2014 წლის მდგომარეობაზე დაბრუნება.

ვთვლი, რომ მთავარი გარანტორი უკრაინისთვის მაინც არის თავად უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა, რომელიც უნდა გაძლიერდეს აუცილებლად.

  • თუ შემუშავდება ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ამ შემთხვევაში რა ხდება? მსგავს მოდელს აქამდე თუ უმუშავია რომელიმე ქვეყნისთვის? ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ძირითადი როლი ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ.

დეტალების გარეშე ძნელია საუბარი, თუმცა ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთი აიღებს თავის თავზე – ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ დასავლეთი – უკრაინისთვის გარანტირებულად დახმარებას. ფაქტობრივად, უკრაინა იღებს იმ დახმარებას, რაც გათვალისწინებულია მე-5 მუხლით, ისე, რომ ფორმალურად არ არის ნატოს წევრი.

ეს ჩვეულებრივი და მიღებული შეთანხმებაა: თუ დაესხმება ვინმე რომელიმე მოკავშირეს, ხელშეკრულების მონაწილეს, წევრი ქვეყნები მას ეხმარებიან. რუსეთსაც აქვს მსგავსი ორგანიზაცია – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, მაგრამ არ სრულდება მისი პირობები – ეს სომხეთმა ყველაზე კარგად იცის.

  • ამბობთ, რომ ყველაზე დიდი შანსია ცეცხლის შეწყვეტაზე შედგეს შეთანხმება. ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, ტრამპი აღარ ახსენებს ცეცხლის შეწყვეტას, იგი ლაპარაკობს იმაზე, რომ აგვისტოს ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას მოვაწყობ და დასრულდება ეს ომიო. 

ტრამპის გამონათქვამებს ვერ შევაფასებ: დღეს ერთს იძახის, ხვალ – მეორეს. უფრო საყურადღებოა ის, თუ რას გააკეთებს.

ამ მოლაპარაკებებს აქვს თავისი ლოგიკური თანმიმდევრობა, ალგორითმი. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ჯერ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, რათა შემდეგ გაგრძელდეს მოლაპარაკება ნორმალურ ვითარებაში. ცეცხლის შეწყვეტა პირველი ნაბიჯია ამ რთულ მოლაპარაკებებში.

ბევრს მოჰყავს მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი: შეკრიბა ტრამპმა და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელიო, მაგრამ იქ სულ სხვა ვითარება იყო – არ იყო საომარი დაპირისპირება, მოიგო ომი აზერბაიჯანმა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შეხვედრა.

აქ ბრძოლა მიმდინარეობს, ბომბები ფეთქდება და ხალხი იღუპება. აქ ნორმალურ მოლაპარაკებაზე, მშვიდობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ იმედი მაქვს, წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდება. ამისკენ მიდის ეს გზა. მართლდება ჩემი ეს ვარაუდი. დასავლეთი სწორედ აფასებს დიპლომატიური გზებით ამ ვითარებას – ნებისმიერი მოლაპარაკების წარმატებისთვის აუცილებელია ჯერ ცეცხლის შეწყვეტა.

იმ პირობების შესრულება, რომელიც გააჩნია ამ ეტაპზე რუსეთს ან უკრაინას – არ არის მიღწევადი. არც უკრაინა და არც რუსეთი ერთიმეორის მიერ დასახლებულ მოთხოვნებს არ შეასრულებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა მიღწევადია ხანგრძლივი ვადით.

წინა ინტერვიუებში აღვნიშნე და გავიმეორებ: აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა თავის მომენტს ყარაბაღში: ასე რომ, უკრაინა უნდა გაძლიერდეს და დაელოდოს თავის მომენტს.

  • რაც შეეხება ტერიტორიების გაცვლას – რა სამხედრო გათვლებით მოქმედებს პუტინი? 

აბსოლუტური სისულელეა, რა უნდა გითხრათ ამაზე? მარტო რუსული ლოგიკა შეიძლება იყოს ასეთი, რომ მოდი, მე შენ წაგართმევ ტერიტორიას, მერე ამ ტერიტორიის ცოტა ნაწილს უკან დაგიბრუნებ და ბევრი მე დამრჩება.

  • რის დათმობას აპირებს პუტინი უკრაინაში დაპყრობილი ტერიტორიიდან? 

ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ნაწილებზეა საუბარი – ამ ოლქებში დიდი მონაპოვარი ისეც არ გააჩნია რუსეთს.

გაითვალისწინეთ, რომ 2022 წლიდან, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, რუსეთმა დაიკავა 5845 კვადრატულ კილომეტრამდე. ეს, მონაცემები ეფუძნება ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებს და ასევე მარტივად შეიძლება გაიზომოს სამხედრო მოქმედებების რუკებიდან. ეს არის უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 1%.

ამჯერად რუსეთი დაკავებული ტერიტორიის – ამ 1 %-ის მეათედზე ეუბნება უკრაინას, დაგიბრუნებ და სამაგიეროდ მომეცი დანარჩენი ტერიტორიები, რომელიც მე ვერ დავიკავეო. ამ დროს საუბარი ისეთ გამაგრებულ რაიონზე, როგორიცაა კრამატორსკი-სლავიანსკის აგლომერატი.

  • ამ ტერიტორიის აღების შანსი რუსებს ისედაც არ აქვთ? 

რა შანსი აქვთ? რუსებს კუპიანსკისთან ჰქონდათ წარმატებები: 10 კილომეტრით სიღრმეში შევიდნენ, მაგრამ მარწუხები მოჭრა ახლა ეროვნული გვარდიის პირველმა კორპუსმა, ანუ „აზოვმა“. ეს იყო რუსეთის რეკლამირებული შეტევა, როდესაც 15 კილომეტრზე წაიწიეს წინ ისე, რომ აი ამ გარღვევის სიგანე 1 კილომეტრიც არ იყო. ნებისმიერი სამხედრო თეორიით, გარღვევის სიგანე უნდა იყოს 4-6 კილომეტრი მინიმუმ მაინც, რათა არ მოხდეს ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგზე მთელი ამ გარღვევის ტყვიამფრქვევების, ან მცირე და საშუალო კალიბრის იარაღით სრული გაცხრილვა.

15 კილომეტრზე შესულ ნაწილს, ერთ კილომეტრის სიგანის დერეფნით რა მხარდაჭერა, ან მომარაგება უნდა ჰქონოდა? ეს გამოიყენეს უკრაინელებმა და მოწყვიტეს ეგრევე „რქები“ – გაჭრეს შუაზე ვითომდა რუსეთის წარმატებული მარწუხები.

  • პუტინი ასევე ითხოვს დონბასის სრულად დათმობას. აქ რა უპირატესობის მოპოვებაზე აქვთ გათვლა რუსებს? 

შემდეგ იწყება სტეპი – ტრიალი მინდორია, სადაც შეტევა გაუადვილდება რუსეთს. ამის გადაცემა რუსებისთვის ნიშნავს, რომ სამხრეთიდან მიადგებიან უკვე ხარკოვს და გაუადვილდებათ სამხედრო მოქმედებები.

აქ გამაგრებული თავდაცვითი რაიონია კრამატორსკი-სლავიანსკი, რომელიც ამ დროისთვის სრულად ფორტიფიცირებულია თავისი დასახლებული პუნქტებით, საინჟინრო მოწყობილობებით, კარგად ორგანიზებული და გატესტილი თავდაცვის კონფიგურაციით. აქვეა გაბატონებული სიმაღლე, რომელსაც შავი მთა ჰქვია, თუ არ ვცდები, საიდანაც სრულად კონტროლდება მისადგომები.

რატომ უნდა „აჩუქოს“ ეს ახლა უკრაინამ რუსეთს?

რუსეთი ამ დროს ამბობს სუმიდან ჯარებს გავიყვანო. სუმში სულ ორიოდე სოფელს აკონტროლებს რუსეთი, შეაჩერეს ისედაც უკრაინელებმა რუსები სუმში. რუსები ასევე ამბობენ, ხარკოვის იმ მცირე ტერიტორიებსაც დავაბრუნებო და სამაგიეროდ მთელ დონბასს ავიღებო. ეს რა ლოგიკაა, ვინ დათანხმდება ამას?

  • ეს უბრალოდ პუტინის სურვილებია, რომელიც არანაირი ლოგიკით არ აწყობს ზელენსკის?

ეს პუტინის „ნამიანი სიზმრების“ გამოხატულებაა, მეტი არაფერი.

  • რა რეალობის წინაშე აღმოჩნდა პუტინი – აწყობს მას ომის გაგრძელება? 

არ ვიცი, პუტინს რა აწყობს, მაგრამ პუტინის ხელისუფლების ყოფნის დროს სულ ომებია – მას აწყობს პერმანენტული დაპირისპირება.

დააკვირდით: ჯერ იყო ჩეჩნეთის მეორე ომი, მერე საქართველო, 2014 წელი – უკრაინა და სირია, შემდეგ 2022 წელი… პუტინს აწყობს ომები, მაგრამ მას ძალა ეფიტება ომის გასაგრძელებლად და საბოლოო გამარჯვებისთვის. ამ ტემპით შეუძლია რუსეთს ომის გაგრძელება დაახლოებით 5-6 წელი: ორი მეტრით წინ წაწევა და ორი მეტრით უკან დახევა, მაგრამ მას ყველაზე მეტად სულის მოთქმა სჭირდება, თუ ის აპირებს, ჰქონდეს მნიშვნელოვანი წარმატება.

იგივე მარკ რუბიოს განცხადებით, ბოლო ერთ თვეში რუსეთმა 20 000 კაცი დაკარგა. აღარ ვახსენებ ეკონომიკურ დანაკარგებს, რომელიც ძალიან დიდია რუსეთისთვის. მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინელების დარტყმების შედეგად 74 მილიარდი აშშ დოლარი აქვს დაკარგული.

ამიტომაც, რუსეთს სჭირდება სულის მოთქმა, მაგრამ არა ომის დასრულება. რუსეთისთვის იდეალური ვარიანტია ცეცხლის შეწყვეტა, რადგანაც ამ შემთხვევაში, ჯარები რჩებიან პოზიციებზე. ეს არ ნიშნავს, რომ უკან წამოვა ამდენი მებრძოლი, ყოფილი სამხედრო, რომლებსაც დაუბრუნდებიან თავიანთ გაუბედურებულ სოფლებს, არც ხელფასი ექნებათ და არც ნორმალური სოციალური დაცვა და კიდევ უფრო დამძიმდება სოციალური ფონი.

ცეცხლის შეწყვეტა მისცემს საშუალებას რუსეთს, რომ მოემზადოს და ხუთი წლის შემდეგ კიდევ გააგრძელოს ან სხვაგან გადაიტანოს, დაიწყოს რაღაც გარკვეული სამხედრო მოქმედებები.

  • რამდენად ძლიერდება და იცვლება ამასობაში უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? 

ახლა უფრო დახურულია ეს მონაცემები. ფაქტია, რომ აშშ ეხმარება უკრაინას დასავლეთის ფულით.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინა უკვე შეიარაღების 40 %-ის თავად აწარმოებს. ბოლო მიღწევა „ფლამინგოა“, ადგილობრივი წარმოების ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც 3000 კილომეტრამდე მოქმედებს. უკრაინელები ამბობენ, რომ „ფლამინგო“ უკვე გამოიყენეს საბრძოლო მოქმედებებში და ახლა აპირებენ მის სერიოზულ წარმოებას – თვეში 50 ერთეულამდე.

„ფლამინგო“ ფრთოსანი რაკეტაა, „ჭკვიანი“ სისტემებით აღჭურვილი, რომელიც საშუალებას იძლევა თავი აარიდოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაიონებს. ეს რაკეტა უკრაინელებმა დასავლეთის დიდი მხარდაჭერით დაამზადა და მაღალტექნოლოგიურია.

უკრაინელები ასევე ავითარებენ უპილოტო გამანადგურებლების წარმოებას, რაც უპილოტო საფრენი აპარატის, ძირითადად „შაჰედების“ და სადაზვერვო „ორლანების“ წინააღმდეგ გამოიყენება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინელების მხრიდან.

ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა გრძელდება.

ჩემი სუბიექტური აზრით, თუ ტრამპი საერთოდ ჩამოცილდება მოლაპარაკებების პროცესს და მხოლოდ იარაღის გაყიდვით დაკავდება, უკეთესი იქნება. ნაკლებ აურ-დაურევს ვითარებას. ამ მოლპარაკებებზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღოს.

უკრაინა 50%-მდე უნდა ავიდეს თავისი იარაღის წარმოების შესაძლებლობით – ამისთვის ყველა ფაქტორი არსებობს. უკრაინის პრობლემაა დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობასა და ფრონტის ხაზზე: რუსეთისგან განსხვავებით უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, თუმცა შეგუებული არიან იმასაც, რომ ეს ომია და აგრძელებენ ბრძოლას.

პოლონეთი აპირებს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმოს გამარტივებული წესით დასაქმების უფლება

პოლონეთი გეგმავს მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლებას.

პოლონეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველო იმ 5 ქვეყანას შორისაა, რომლის მოქალაქეები მარტივად, ნაკლები ბიუროკრატიით საქმდებიან პოლონეთში.

პოლონურ მედიაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა საქართველოს 47 086 საქართველოს მოქალაქეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთმა და იგივე პირმა წლის განმავლობაში სამსახური გამოიცვალა და განმეორებით მიიღო მუშაობის ნებართვა. 

შესაბამისმა უწყებებმა ჯამურად 6 560 დამსაქმებელი/ორგანიზაცია აღრიცხეს, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში საქართველოს 47 086 მოქალაქე დაასაქმეს.  

„დასაქმების პროცესის გართულება გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოს მოძიების მნიშვნელოვნად გართულებას. პოლონელი დამსაქმებლისთვის აღარ ვიქნებით საინტერესო.

იზრდება იმის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეები დადგებიან არალეგალური დასაქმების რისკის ქვეშ.

გართულებული პროცედურა უფრო დიდ რესურს და დროს მოითხოვს როგორც დამსაქმებლისგან ასევე კანდიდატისგან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა გაფრინდაშვილი, პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. ის აქტიურად ეხმარება საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურის გავლაში.

პოლონეთში დასაქმება 2015 წელს გაადვილდა. მაშინ პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის განკარგულებით, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეებისთვის გამარტივდა დასაქმების წესები.

ახლა კი ამ შესაძლებლობას საფრთხე ემუქრება.

როგორც პოლონური მედია წერს, საქართველოს ამოღება იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც მარტივად შეეძლოთ პოლონეთში დასაქმება, უკავშირდება საერთო დისკუსიას, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირში, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

  • რა უპირატესობა აქვს ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს და რას დაკარგავენ

იმისათვის რომ უცხოელი, არაევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე (შვეიცარიისა და ნორვეგიის მოქალაქეების გამოკლებით) პოლონეთში დასაქმდეს, მას ესაჭიროება სამუშაო ნებართვა (Zezwolenie na Pracę Typu A).

დასაქმების გამარტივებული წესის წყალობით, დამსაქმებელი საშუალოდ 2 კვირის ვადაში აკეთებდა სეზონური სამუშაოს ნებართვას (oświadczenie o powierzeniu wykonywania pracy cudzoziemcowi) პოლონეთში, რომელიც 12-24 თვის განმავლობაში იყო აქტიური.

ამ წესის წყალობით საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ლეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ, მათ არ უწევთ წლობით ოჯახების მიტოვება და საჭიროების შემთხვევაში საქართველოშიც მარტივად ბრუნდებიან.

  • რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი და რა ვადაში შეიძლება მიიღონ

ახალი კანონპროექტი, რომლითაც 2015 წლის განკარგულებაში ცვლილებები უნდა შევიდეს, პოლონეთის ოჯახის, შრომის და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შემუშავებული ბრძანებაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო ადვილად მიიღებენ ამ ბრძანებას და შესაბამისად, რეგულაციები შეიცვლება.

„ეს ბრძანება თუ შევა ძალაში საქართველოს მოქალაქეები ამოიშლებიან იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც ეკუთვნით გამარტივებული პროცედურები. მომავალში, პოლონეთში მუშაობის დასაწყებად, საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ სრული პროცედურის გავლა, ეს პროცედურები გრძელვადიანია, ძვირი და მოითხოვს უფრო მეტ ბიუროკრატიას.

ჩვენ ჩავითვლებით როგორც მესამე ქვეყნების მოქალაქეები (მაგ.: ინდოეთი, ნეპალი), რომელთათვისაც მოქმედებს მხოლოდ სრული და გრძელი პროცედურები.

ამასთან, ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, აქამდე გაცემულ სეზონური სამუშაოს ნებართვებს რა ბედი ეწევა.

აქამდე გაცემული მუშაობის უფლებები თუ გაუქმდება, შეიძლება დადგეს ხალხი ლეგალური სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე, რამაც ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის დაკარგვა, ბინის დაქირავება გახდეს პრობლემური, ასევე პრობლემა გახდება რეგისტრაცია ადგილობრივ სამოქალაქო რეესტრში, შეუძლებელი იქნება საბანკო მომსახურებით სარგებლობა,“ – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ახალი ცვლილებებით, გამარტივებული წესით სეზონურ სამუშაო ნებართვას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები. ამ სიიდან ამოიღებენ საქართველოს.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ პოლონეთში ლეგალურად მუშაობა მხოლოდ განცხადების საფუძველზე და ასევე აღარ ისარგებლებენ სეზონურ სამუშაოზე უპირატესი წესებით.

პოლონური მედია ავრცელებს შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს კომენტარს. სამინისტრო ასე ხსნის ცვლილებების მოტივს:

„საქართველოში პოლიტიკური ვითარების განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ევროკავშირის დონეზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე მიმდინარე განხილვების ფონზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირატესი წესების გაუქმება, რომლებიც ეხებოდა დასაქმების უფლებას პოლონეთის ტერიტორიაზე“.

ამასთანავე, სამინისტრო განმარტავს, რომ დაგეგმილი ცვლილება შეამცირებს იმ უცხოელთა რაოდენობას, ვინც მუშაობს პოლონეთში, ისევე როგორც იმ დამსაქმებელთა რაოდენობას, ვინც მათ ასაქმებდა.

ბათუმში დაკარგულ კაცს ეძებენ

ოჯახი 36 წლის საბა ხარებავას ეძებს.

ოჯახის ინფორმაციით, საბა ხარებავა 13 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში დაიკარგა. ამ დღის შემდეგ ის ოჯახს აღარ დაჰკავშირებია.

„ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები.

გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის.

თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია — თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“ – ნათქვამია საბა ხარებავას ოჯახის განცხადებაში.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555 455 670 ან 558 656 911

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, შეტყობინება დაკარგული პირის შესახებ უწყებაში შესულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

რას წერს თურქული მედია სარფის საბაჟოზე შეფერხებების მიზეზზე

სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

თურქული მედიის თანახმად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტექნიკური შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს დაზიანებული სამგზავრო ესკალატორებია.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თურქი ოფიციალური პირები თურქულ მედიასთან ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მძიმე ტვირთს ასახელებენ, რომელსაც საზღვარზე თვითდასაქმებულები აწყობენ.

„როგორც ირკვევა, მგზავრები და მოვაჭრეები ხშირად ათავსებენ მოძრავ ბილიკებსა და კიბეებზე იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე დასაშვებია, რაც ტექნიკური გაუმართაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ესკალატორები შეგნებულად დააზიანეს. ოფიციალურ პირების ცნობით, ზოგიერთ პირს შეგნებულად გამოჰყავს მწყობრიდან ეს სისტემები, რათა შემდეგ მგზავრებს მძიმე ბარგის ტარებაში ფული გამოართვან, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა,“ – წერს თურქული მედია.

სარფის საბაჟოს სერვისებით წლის განმავლობაში მილიონობით მოქალაქე სარგებლობს.

სარფის საბაჟოდან პერიოდულად არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც საბაჟოზე არსებულ გრძელ რიგებს ასახავს.

ლავროვის მორიგი ტყუილი: კრემლის მიზანი ყირიმის და დონბასის მიტაცება არ ყოფილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“ და მისი „მთავარი ამოცანა რუსი ხალხის დაცვა იყო“.

„ჩვენ არასდროს გვისაუბრია იმაზე, რომ რაღაც ტერიტორიების მიტაცება გვჭირდება. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი.

ჩვენი მიზანი იყო იმ ხალხის, რუსი ხალხის დაცვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწებზე, რომელმაც აღმოაჩინეს ეს მიწები, მათთვის სისხლი დაღვარეს, როგორც ყირიმში, ასევე დონბასში და შექმნეს ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა – პორტები, ქარხნები, ფაბრიკები“ – ციტირებს ლავროვს რუსული სააგენტო „ტასი“.

ამავე დროს, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – ლავროვმა გამოიყენა სიტყვა სამუშაო. „ჩვენ არ ვამბობთ უარს რაიმე სახის სამუშაოზე – არც ორმხრივზე და არც სამმხრივზე, პრეზიდენტმა [პუტინმა] ეს არაერთხელ განაცხადა“ – თქვა ლავროვმა.

ორივე შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტყუის.

უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული. იმავე, 2014 წელს, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატისტების მიერ.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო უკრაინაში, მას შემდეგ, როდესაც პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ უკრაინაში.

რაც შეეხება რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების მოლაპარაკებას  რუსეთის თავდასხმის შემდეგ – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინს შეხვდეს, თუმცა ეს შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

ამავე თემაზე:

ტრამპმა პუტინს დაურეკა, ვაშინგტონში მოლაპარაკებები დასრულდა – რა გავიგეთ ამ დრომდე 

აგვისტოში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისთვის 25 პირი დააჯარიმეს

მოქალაქეები ძველ ბათუმში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილება მხოლოდ ახალ ბულვარში დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიამდეა დაშვებული, დარღვევების შემთხვევები ძველ ბათუმში მაინც ფიქსირდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის 25 პირი დააჯარიმეს.

საერთო ჯამში სხვადასხვა დარღვევისთვის ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა 70 დარღვევა გამოავლინა გასულ კვარტალში, თუმცა არ ვიცით, აქედან რამდენია ჯარიმა მოძრაობის წესის დარღვევისთვის.

ბულვარში დადგენილი წესების კონტროლს მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილის, სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, ზაფხულში მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები გახანგრძლივებული დროით, ღამის 12 საათამდე მუშაობენ, რადგან ამ დროს დარღვევების რაოდენობა იმატებს.

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება 2019 წლიდან არის აკრძალული. მაშინ ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო, იმ მოტივით, რომ კვადროციკლის შეჯახების გამო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, დაშავდნენ.

შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ ვრცელდება, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.
Exit mobile version