მთავარი,სიახლეები

რა საერთო აქვთ „ოცნების“ პროპაგანდას საბჭოთა პროპაგანდასთან – რას წერდა „კომუნისტი“ დასავლეთზე 

22.08.2025 •
რა საერთო აქვთ „ოცნების“ პროპაგანდას საბჭოთა პროპაგანდასთან – რას წერდა „კომუნისტი“ დასავლეთზე 

საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად ასახავს იმ ნარატივებს, რომლებიც წლებია რუსეთში გამოიყენება. სუვერენიტეტის დაცვის ილუზია, „ტრადიციული ღირებულებებით“ მანიპულირება და დასავლეთის დემონიზაცია – ეს თემები ოკუპანტი სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის საყრდენია, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უფრო აქტიურად ჟღერს. 

  • ანტიდასავლური გზავნილები – რუსული ეკოსისტემის ნაწილი

ედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან აკვირდება ქვეყანაში ანტიდასავლურ პროპაგანდას. ორგანიზაციის კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილები ხშირად რუსული დეზინფორმაციის ეკოსისტემის ნაწილია, მაგალითად, პროპაგანდა ხშირად წარმოაჩენს დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ძალას.

ეს გზავნილი ამტკიცებს, რომ დასავლური სახელმწიფოები ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, კანონმდებლობასა და საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. სწორედ აქ ერთიანდება კრემლისა და “ქართული ოცნების” ნარატივები „ფერადი რევოლუციის“ თეორიის, “მაიდნის” მოწყობისა და ომში ჩათრევის მუქარის შესახებ.

  • „ტრადიციული ღირებულებები“ 

კრემლისა და “ქართლი ოცნების” ანტიდასავლურ პროპაგანდაში, კიდევ ერთ საერთო ხაზზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ანტონ ვაჭარაძე. მისი თქმით, ორივეგან ერთ-ერთი ძირითადი ხაზი არის „ტრადიციული ღირებულებების“ თემატიკაზე თამაში:

„აი, ამ თემატიკას მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს, მასში ერთიანდება როგორც ეს ე.წ. ოჯახური ღირებულებები, იგივე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა…”. მისივე თქმით, ეს ნარატივი მრავალმხრივია და ხშირად ხელოვნურად წამოწეული ისეთ კონტექსტში, სადაც საზოგადოებას გაცილებით უფრო რეალური პრობლემები აქვს.

  • საბჭოთა პროპაგანდის კვალდაკვალ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), რომელიც 16 წელია საქართველოში ანალიტიკურ და ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას ეწევა, დეზინფორმაციის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა აქვს ჩატარებული. ერთ-ერთი მათგანია ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები“, რომელიც 1970-იანი წლების გაზეთ „კომუნისტის” მიხედვით არის ჩატარებული.

ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ თანამედროვე ანტიდასავლური ნარატივი, რომელსაც კრემლი აწარმოებს, საბჭოთა პროპაგანდას ეფუძნება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ საინფორმაციო მანქანად ითვლება და იყენებდა ამ ჟანრის „საუკეთესო მიღწევებს“, მათ შორის ნაცისტური პროპაგანდის ტექნიკებს: „იქ სპეციალური აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებები არსებობდა… იყო პირდაპირი ინსტრუქციები, რა უნდა გასულიყო საინფორმაციო ველში და რა არა“, – ამბობს ვაჭარაძე.

  • საბჭოთა და თანამედროვე პროპაგანდის დასავლეთის წინააღმდეგ 

საბჭოთა და თანამედროვე კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადი სტრატეგიები ნაწილობრივ ტრანსფორმირდა, თუმცა დასავლეთის აგრესორად,რუსეთის კი მშვიდობისმყოფელად წარმოჩენის სტრატეგია – იგივე დარჩა. მაგალითად საბჭოთა პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა კრიტიკული სტატიები ნატოს გეგმებისა და წვრთნების შესახებ.

„დაუპატიჟებელი სტუმრის უადგილო ჩარევა“ – ეს კარიკატურის მინაწერია გაზეთ „კომუნისტის“ 75 წლის თებერვლის ნომერში. 1970-იანი წლების საბჭოთა პრესისთვის დამახასიათებელი იყო დასავლური სამყაროს, როგორც განხეთქილების შემომტანად და კონფლიქტის წამახალისებელ აქტორად წარმოდგენა.

საბჭოთა პერიოდში ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი საყრდენი კომუნისტური იდეოლოგია და ანტიკაპიტალიზმი იყო. თანამედროვე რუსულ პროპაგანდაში ეს იდეოლოგიური საფუძველი შეიცვალა და მის საფუძვლად „ტრადიციული ღირებულებები“, გვევლინება. ეს, ძირითადად, ლგბტ თემის დემონიზაციასა და დასავლეთის კულტურული „დეგრადაციის“ ხაზგასმას გულისხმობს. 

ამავდროულად IDFI-ს ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისების შესახებ კვლევაში ვკითხულობთ:„თანამედროვე ანტიდასავლური წარმოდგენების ფესვებს დავინახავთ ასევე 1970-იანი წლების პრესაში დასავლური ცხოვრების სტილის აღწერაზე დაკვირვებისას. საბჭოური პროპაგანდა დასავლურ ცხოვრების სტილს ცალსახად უკავშირებდა ნარკომანიას, ძალადობასა და რასიზმს, ამ უკანასკნელზე განსაკუთრებული ხაზგასმით”.

  • ომით მანიპულაცია 

კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთი ცენტრალური ხერხია ომით მანიპულაცია. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთს, ომში ჩამთრევ, ბოროტ ძალად წარმოაჩენს „ქართული ოცნებაც“.

ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ ომის თემით მანიპულირება არის კლასიკური საბჭოთა მეთოდი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ხელისუფლების მაქსიმალურად გასახანგრძლივებლად:

„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო სამი წლის განმავლობაში ომის შიშის ნარატივმა საუკეთესოდ იმუშავა, ამის გარშემო შეუძლიათ ახლა ხალხის გაერთიანება და კონტროლი. 17 წლის წინ ვნახეთ ეს საშინელება ჩვენს ქვეყანაში და დღეს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ კიდევ უფრო დიდ მასშტაბურ საშინელებას უკრაინაში. ამ ომით დაშინებამ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ომი დაიწყება, ესეც ერთ-ერთი საბჭოთა პროპაგანდის მეთოდია. ეს არის მეთოდი ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდ ხანს ყოფნისთვის“, – ამბობს ის.

ამასთან, აქტიურად გამოიყენება „ომში ჩათრევის“ თემა – სხვადასხვა ინტერვიუდან ამოკრებილი ცალკეული ციტატებისგან იქმნება ნარატივი, თითქოს ხელისუფლების ყველა ოპონენტი ომის მომხრეა და მიზანმიმართულად ითრევს ქვეყანას კონფლიქტში.

IDFI: თანამედროვე რუსული პროპაგანდა, საკუთარ განსაკუთრებულ როლს სხვადასხვა ღირებულების დაცვის კუთხით მუდმივად უსვამს ხაზს, იქნება ეს ქრისტიანობა/ სულიერება, ოჯახი თუ სხვა ასოცირებული ცნებები. ამ მიზნით, 2000-იანი წლებიდან აქტიურად ხორციელდება ე.წ. Русский мир-ის კონცეფციის კულტივირება, რომელიც ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსული გავლენისა და ორბიტის ქვეშ მოიაზრებს; რუსეთისთვის ჩარევის უფლებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები რუსეთისთვის მიუღებელ საგარეო კურსს აირჩევენ. რუსეთის შიგნით კი Русский мир-ის კონცეფცია ხაზს უსვამს რუსული ცივილიზაციის, როგორც ტრადიციული ღირებულებებისა და ქრისტიანობის უკანასკნელ ბასტიონის, გამორჩეულობას. Русский мир-ს საქართველოშიც ჰყავს პარტნიორები.

  • დასავლეთის დისკრედიტაცია – პროპაგანდის უცვლელი მეთოდი

კიდევ ერთი მსგავსება საბჭოთა და თანამედროვე ანტიდასავლურ პროპაგანდას შორის არის დასავლეთის ცხოვრების პირობების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. IDFI-ს კვლევის მიხედვით, საბჭოთა კავშირში მრავალფეროვანი ნარატივები და ვიზუალური მასალა იქმნებოდა, დასავლეთში არსებული რეალობის შესახებ და პრესის მეშვეობით ვრცელდებოდა. მათი მიზანი იყო დაერწმუნებინა მკითხველი, რომ – დასავლეთში ცხოვრება უარესია, ვიდრე საბჭოთა კავშირში.

მსგავსი გზავნილი დღესაც ისმის „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და სპიკერებისგან. მაგალითად, „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „საქართველო ევროკავშირის წევრ ათამდე სახელმწიფოსაც კი უსწრებს პრაქტიკულად, ყველა პარამეტრით“; „ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ „ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა, ჩაფლავდა“; ხოლო “ოცნების” ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს უსწრებს.

ასეთი განცხადებები, როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე დღეს, მიზნად ისახავს დასავლეთის ღირებულებებისა და განვითარების მოდელის დაკნინებას – ქვეყნის შიდა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ ადგილობრივი სისტემა უფრო წარმატებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია, რაც თანამედროვე ანტიდასავლურ პროპაგანდას აქვს ინფორმაციის გავრცელების არხების გაფართოებაა, კერძოდ ის, რომ ტრადიციული მედიასთან ერთად გამოიყენება სოციალური ქსელები და ტროლ-ფაბრიკები.

MDF-ის ანგარიშებიდან დასტურდება, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტექნიკა ხშირად, ვიზუალური და ვიდეო მანიპულაციებია. ასევე დაჭრილი ციტატებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება. ასევე, სოციალურ მედიასა და ტრადიციულ მედიაში კოორდინირებული გავრცელება.

IDFI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა კავშირში მედიის საქმიანობას პრესის სააგენტო „ნოვოსტი“ (Агентство печати «Новости») არეგულირებდა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. მისი მიზანი საზღვარგარეთ საბჭოთა პროპაგანდის გავრცელება იყო. დღეს იგი სახეშეცვლილი სახით, როგორც „რია ნოვოსტი“ (РИА Новости), კვლავ ფუნქციონირებს და ეკუთვნის სახელმწიფო კომპანიას Россия сегодня-ს“. ამ მედიაჯგუფში შედის РИА და „სპუტნიკი“, რომლებიც რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ არხებია საზღვარგარეთ.

ვაჭარაძის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნარატივები პირდაპირი დირექტივით მოდის რუსეთიდან თუ კოპირებით: „ფაქტია, რომ ეს ხდება“. გვერდიგვერდ დალაგებული განცხადებები „პრაქტიკულად იდენტურია“, თუმცა „ამას აქვს კიდევ ადგილობრივი ხასიათიც, ადგილობრივი მარილსაც მოაყრიან ხოლმე“, – ამბობს ის. შემდეგ კი რუსი პროპაგანდისტები – მათ შორის მარგარიტა სიმონიანი – ამ ხაზს საჯაროდ აქებენ, თითქოს საქართველო „ხუთიანზე ასრულებს დავალებას“ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში.

ანტონ ვაჭარაძე განმარტავს, რომ პროპაგანდისტული ნარატივების გაღრმავების მთავარი საფრთხე, საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და შთაბეჭდილებების ჩამოყალიბებაა, რაც მას უფრო ადვილად მართვადს ხდის და ასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. 

„მაშინ, როცა ასეთ ანკესზე არის წამოგებული, ადამიანების დიდი ჯგუფი, გაცილებით უფრო ადვილია მათი მართვა, მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება, მათი ჯიბეების დაცარიელება და ასე შემდეგ. საზოგადოება ხდება მოწყვლადი… ეს ყველაფერი იწვევს თავდაცვის უნარიანობის შესუსტებას ყველა ფრონტზე, მათ შორის საინფორმაციო, განათლების და ასე შემდეგ“. 

წინააღმდეგობის მთავარ გზად ის განათლების დონის ამაღლებას მიიჩნევს: „თუ საერთო განათლების დონე არ წავიდა, აქეთა მხარეს არ არის რესურსი, რომ ამხელა მანქანას დაუპირისპირდეს“.

მისი შეფასებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს: „იქითა მხრიდან პირდაპირ ისვრიან… არანაირი ეთიკის ნორმები არ აქვთ, ხოლო აქეთ მხარეს ყოველი სიტყვა უნდა იყოს ფაქტებზე დაყრდნობილი“.

სწორედ ეს განაპირობებს, რომ მიუხედავად მცდელობისა, პროპაგანდის მასშტაბი და სისწრაფე ხშირად აჭარბებს სიმართლის გავრცელების შესაძლებლობებს.

წყარო: IDFI

სტატია აშშ-ის სამხედრო ძალებში ახალი ტიპის იარაღის დანერგვის შესახებ: „უკვე სამი ათეული წელია ამერიკის სამხედრო ხროვა ცდილობს ბევრი ცხოველის ინსტინქტები და ჩვევები მილიტარისტული მიზნებით გამოიყენოს“. სტატიაში საუბარია სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის – სელაპი, დელფინი, თოლია, ღამურა, სკუნსი – სამხედრო მიზნით გაწვრთნაზე. მაგ.: ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ დელფინს უნდა ამოეცნო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავი და აეფეთქებინა.

პროპაგანდისთვის აქტუალური თემა იყო სპორტიც, განსაკუთრებით 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის კონტექსტში, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა დაახლოებით 70 ქვეყანამ — საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში დაწყებული ომის საპასუხოდ. წყარო: IDFI

გადაბეჭდვის წესი


ასევე: