„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობაზე ეკატერინე ხუციშვილმა შეცვალა.
შუკაკიძე ცენტრის დირექტორად, 2018 წლიდან მუშაობდა.
ახალი დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი დღეს, 22 აგვისტოს წარადგინეს. ხუციშვილი 2017 წლიდან მუშაობს განათლების სამინისტროში, ზოგადი განათლების პოლიტიკის მიმართულებით.
წლების განმავლობაში მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა ბიუჯეტიდან, თუმცა მასწავლებლების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების მიმართ, რადგან მათი თქმით, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს ხშირ შემთხვევაში, ფორმალური დანიშნულება ჰქონდა და არ იყო მასწავლებლის რეალურ საჭიროებებზე მორგებული.
ამ წლების განმავლობაში არაერთი ცვლილება შევიდა მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში, რაც ასევე კრიტიკას იწვევდა მასწავლებლების მხრიდან.
მასწავლებლის ხელფასი ბოლო წლების განმავლობაში ამ კარიერულ სქემაზე იყო მიბმული და პედაგოგების ანაზღაურებას განსაზღვრავდა სტატუსი.
მენტორი და წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგები შედარებით მაღალ ხელფასს იღებდნენ, პრაქტიკოსი პედაგოგები კი შედარებით ნაკლებს, რაც ასევე იწვევდა მასწავლებლების ნაწილის უკმაყოფილებას.
განათლების ერთ-ერთმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, კარიერული განვითარების სქემით მიღებული სტატუსები 2024 წელს გააუქმა და სახელფასო ანაზღაურება საათობრივ ბადეს დაუკავშირა, რამაც ახალი უკმაყოფილების ტალღა ააგორა სკოლებში.
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ახალი სასწავლო წლისთვის ასევე აანონსებს განათლების სისტემის რეფორმას, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.
განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სფეროს წარმომადგენლების გარეშე მიღებული პარტიული გადაწყვეტილებები, განათლების სისტემას მხოლოდ ზიანს მოუტანს და არა განვითარებას.
__________________
მთავარ ფოტოზე: ეკატერინე ხუციშვილი და ბერიკა შუკაკიძე.






