ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

20.08.2025 •
ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან [მთლიანი ბიუჯეტი 4,8 მილიონი ლარია], მუნიციპალურ პროგრამას კი ქალაქის ბიუჯეტიდან 496 600 ლარით აფინანსებენ. 

ორივე პროგრამის ძირითადი მიზანი ფაქტობრივად ერთი და იგივეა – ქუჩაში ცხოველების [ძაღლი, კატა] აყვანა, თავშესაფარში დროებით გადაყვანა, ვაქცინაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია და სხვა, შემდეგ კი ცხოველების აყვანის ადგილებში დაბრუნება.

რატომ გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება ბათუმში, სადაც უკვე მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოდან [სეს] მიიღო და ვერც ბათუმის მერიისგან.

ორი პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, ფეისბუქზე ცხოველთა უფლებებისდამცველები ავრცელებენ არაერთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელიც, მათივე თქმით, ასახავს ქუთაისის თავშესაფარში მიუსაფარი ძაღლების არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აჭარის ცხოველთა უფლებებისდამცველებმა განცხადებითაც კი მიმართეს სეს-ს, რომ პროცესი მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ და „დაფიქსირდა ცხოველებზე და მოხალისეებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები — მათ შორის, უკვე გასტერილებული ცხოველები ღია, სისხლმდენი ჭრილობებით დაბრუნდნენ“.

ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც ელემენტარულ კითხვებს არ პასუხობს, „პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს“.

„ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში [საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს] უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 1501;

ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას“ – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის განხორციელების მიზნით, შეიძინეს „20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ“.

უპატრონო/მიკედლებული ცხოველების [ძაღლი, კატა] პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 26 ივნისს დაამტკიცა.

26 ივნისიდან 20 აგვისტომდე კი, სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სურსათის სააგენტოს მხოლოდ 14 ავტომობილი აქვს შეძენილი ჯამში 758 286 ლარად.

2025 წლისთვის საპილოტე პროგრამის დასაფინანსებლად 4 833 500 ლარია გამოყოფილი საიდანაც 1 256 600 ლარი იმ სამ მუნიციპალიტეტს [გურჯაანი, ქუთაისი, ბათუმი] გადაეცემა, სადაც პროგრამა განხორციელდება.

პროგრამა ითვალისწინებს:

„სააგენტოს მიერ კახეთის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საორიენტაციოდ, ჯამურად, 9 000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დაჭერასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანას;

სააგენტოს მიერ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების თავშესაფრის მიერ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს;

ამ ღონისძიებების შემდგომ, სააგენტოს მიერ ცხოველების გარემოში დაბრუნებას.

ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სპეციალისტების შრომის დასაფინანსებლად და შესყიდვების განსახორციელებლად, გამოყოფილია:

375 600 ლარი – გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის;
545 500 ლარი – ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის;
335 500 ლარი – ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის.“

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ასევე უნდა გადაეცეს „ინსინერატორები, საყურე ნიშნები, ცოფის ვაქცინები, დიაგნოსტიკური ტესტები, ნემსები, შპრიცები და დასაძინებელი შპრიცსასროლი მოწყობილობები. გაუხარჯავი ფულადი თანხები მუნიციპალიტეტებმა სააგენტოს უკან უნდა დაუბრუნოს“.

კითხვები, რომელზე პასუხებსაც „ბათუმელები“ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება:

  • დაწყებულია თუ არა ბათუმში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელება? როდის დაიწყო? პროგრამა მოიცავს მხოლოდ ქალაქ ბათუმს, თუ მთლიანად აჭარის რეგიონს?
  • რამდენი ეკიპაჟი მუშაობს ბათუმში? რომელ დღეებში და როგორია მათი სამუშაო გრაფიკი [ანუ, რომელ საათებში მუშაობს ეკიპჟ(ებ)ი]?
  • ბათუმის მერიის რომელი სამსახურია ჩართული აღნიშნული საპილოტე პროგრამის განხორციელებაში?
  • ტერიტორიულად სად ხდება ბათუმში აყვანილი ცხოველების გადაყვანა, რომელ თავშესაფარში?
  • რა შემთხვევაში ხდება აყვანილი ცხოველის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
  • როგორ ხდება იმის დადგენა – ბათუმში აყვანილ ცხოველს აქვს თუ არა გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა? [ბათუმში წლებია მოქმედებს ანალოგიური პროგრამა მუნიციპალურ დონეზე და ხდება ცხოველების ვაქცინაციაც და კასტრაცია-სტერილიზაციაც, მათ შორის, ეს პროგრამა გრძელდება მიმდინარე წელსაც]
  • რატომ გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება ბათუმში, სადაც უკვე მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა?

რაც შეეხება მუნიციპალურ პროგრამას.

ბათუმის მერიას 2024 წლის დეკემბერში ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე, 496 600 ლარით, რომელშიც ტრადიციულად ერთი კომპანია იმარჯვებს: შპს „რესიკაბ“ [ყოფილი „სევერ“].

ამ კომპანიასთან ბათუმის მერიას ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნულ თანხაზე აქვს გაფორმებული 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. მომსახურება კი „რესიკაბ“-მა 2025 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს:

მომსახურება, რომელიც შპს „რესიკაბ“-მა ბათუმში 2025 წლის განმავლობაში უნდა გასწიოს / წყარო: ხელშეკრულება

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „რესიკაბ“-ის დირექტორს, ჯემალ გოგიტიძეს, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ იანვრიდან მუშაობენ ჩვეულებრივად, ხელშეკრულების ფარგლებში და ახალი [საპილოტე] პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„ჩვენთან ცხოველი რომელიც მოგვყავს, იცრება ცოფზე და ასევე იცრება კომპლექსური ვაქცინით. მაგის გარეშე ჩვენგან ცხოველი ვერ გავა, გამორიცხულია. ცხოველს უკეთდება ნიშანი [ბირკა], რომელზეც არის ნომერი, ფიქსირდება ჩვენს ბაზაში და ამ ბაზის მეშვეობით ვამოწმებთ შემდგომ“ – გვითხრა ჯემალ გოგიტიძემ.

ვთქვათ, საპილოტე პროექტის ფარგლებში ქუჩიდან აყვანილი ძაღლი არის დაბირკული. სჭირდება თუ არა მას ხელახლა აცრა, ვთქვათ, ცოფზე, ან როდის უწევს ვაქცინაცია, ეს ყველა შემთხვევაში კომპანია „რესიკაბ“-თან უნდა გადამოწმდეს, ვინაიდან ბათუმში დაბირკულ ძაღლებზე ეს მონაცემები მხოლოდ ამ კომპანიას აქვს. ჯემალ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს რომ მათ ამ დროისთვის არავინ დაკავშირებია.

ბათუმში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით საპილოტე პროექტის ფარგლებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 1501 [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი ცხელი ხაზი]

ასევე დარეკოთ „რესიკაბ“-ის ცხელ ხაზზე: 579 74 22 88 [დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა]

„ბათუმელები“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს ცხელ ხაზს [1501] დაუკავშირდა. ოპერატორმა [დაახლოებით 6 წუთის შემდეგ] გვიპასუხა, რომ ბათუმში საპილოტე პროგრამა უკვე მოქმედებს:

„სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორები იღებენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფლის [კონკრეტული რეგიონი და მისამართი], სტატუსის [მიკედლებულია თუ არა] და სხვა დეტალების შესახებ. მიღებული ინფორმაცია გადაეცემა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის აყვანას და ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანას.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ბათუმიდან აყვანილი ცხოველები შესაძლოა გადაიყვანონ სხვა ქალაქების, მათ შორის ქუთაისისა და ოზურგეთის თავშესაფრებში. აღირიცხება ინფორმაცია, თუ სად უნდა დაბრუნდეს ცხოველი პროცედურების შემდეგ – თავშესაფარში დარჩეს თუ თავდაპირველ მისამართზე, საიდანაც წაიყვანეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს პატრონი ან მიკედლებულია.“

ცხელ ხაზზე ასევე გვითხრეს, რომ „პროგრამა საზოგადოებაში დიდი ინტერესით სარგებლობს, რაზეც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს. ამასთან, არსებობს გარკვეული გამოწვევებიც. ზოგიერთი ცხოველთა მოყვარული მოქალაქე გამოთქვამს პრეტენზიებს და ითხოვს ცხოველების გადაყვანის განსხვავებულ პროცედურებს. ასევე, აქტიურად განიხილება პროგრამაში მოხალისეების ჩართვის საკითხი“.

დამატებით შეკითხვებთან დაკავშირებით კი ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ინფორმაციას სეს-ს გადასცემენ და დაგვიკავშირდებიან.

მოგვიანებით სამინისტროდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო „ბათუმელების“ კითხვებთან დაკავშირებით პასუხს წერილობით უმოკლეს დროში მოგვაწვდის.

ბათუმში ბოლო ხუთი წელია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამებს და თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას აანონსებს, თუმცა არცერთი მათგანი არ განხორციელებულა. 

2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას აპირებდა, თუმცა პროგრამა არ დაწყებულა.

ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც 2020 წელს დააანონსეს.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ.

2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].

2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.

მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ არის.

„ბათუმელები“ ელოდება სურსათის ეროვნული სააგენტოსგან, ასევე ბათუმის მერიისგან პასუხებს და აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

 

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: