„საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან და ზარალდება. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი,“ – მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. მას 4 ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ და იმ საპროტესტო აქციაზე, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აანონსებენ.
ანალიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე უმთავრესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია და თანმიმდევრული მოქმედებებია, რაც ჯერ არ ჩანს:
„4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას. ამ მოლოდინებს აჩენენ ისევ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია და „ოცნების“ დასასრულის დასაწყისი.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა,“ – გვიყვება გიორგი ბილანიშვილი.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბილანიშვილთან ჩაწერა, ის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარია.
- ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია წინააღმდეგობის პროცესისთვის 4 ოქტომბერი? ამ თარიღზე აკეთებს სწორებას ოპოზიციის ნაწილი და მიიჩნევს, რომ დასავლეთის თვალში ამ დღეს უნდა გამოჩნდეს პროტესტის მასშტაბი.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი უკვე გადალახა და დასავლეთში მათზე მკაფიო წარმოდგენა არსებობს, თუ რას წარმოადგენს ის. არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვები, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მათ შორის ოპოზიცია როგორ მოახერხებს მობილიზებას და ხალხში არსებული პროტესტის გარდასახვას პოლიტიკურ დივიდენდებში.

გიორგი ბილანიშვილი
ამიტომაც, 4 ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი ეტაპია, ეს მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ მას დააკვირდებიან: რომელი პარტია როგორ მოიქცევა და ეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები რა შედეგებს გამოიღებს. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ ოპოზიციურმა პარტიებმა და ძალიან ფრთხილად, ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთი ქმედებების განსაზღვრისას, რომ საკუთარი თავი, ასევე ერთმანეთი არ დააზიანონ. ნებისმიერი ქმედება, რასაც ოპოზიცია გეგმავს, უნდა იყოს თანმიმდევრული და არა მყისიერ შედეგზე გათვლილი.
ის გეგმები, რაც ახლა ჟღერდება, არა მგონია მაინცადამაინც სწორი იყოს და შედეგზე ორიენტირებული.
- რომელ გეგმას გულისხმობთ? ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი აანონსებს ხალხმრავალ აქციას რუსთაველზე და მშვიდობიან რევოლუციას, ნაწილი კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებას აპირებს…
ჩემი აზრით, ჯობდა, რომ ამ არჩევნებში არავის არ მიეღო მონაწილეობა, ან თუ ასე გადაწყვიტეს, ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. ორმა პარტიამ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, დანარჩენებმა – უარი თქვეს. ახლა ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა არ მიმაჩნია სწორად – ორივე მხარე ზარალდება.
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ სწორი გათვლები: თუ ეს აქცია არ იქნება მასშტაბური და „ჩავარდება“, ეს დააზიანებს, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საზოგადოების განწყობას.
- მშვიდობიან რევოლუციასაც აანონსებს, მაგალითად, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი – ლევან ხაბეიშვილი.
თუ ამ განცხადებებს არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ეს იქნება დამაზიანებელი.
როცა გვესმის განცხადებები, რომ რაღაც ძალიან მასშტაბური იქნება და ეს იქნება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი – დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები ისმის, თუ ამას არ მოჰყვება სათანადო გაგრძელება, ბუნებრივია, ეს ისევ დამაზიანებელი იქნება პროტესტისთვის.
საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან ხოლმე და ზარალდებიან. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი. ამ თვალსაზრისით ეს არასწორია.
მეორეა „ქართული ოცნება“, რომელშიც არ ვგულისხმობ მარტო პარტია „ქართულ ოცნებას“ – ვგულისხმობ კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც აქვს მედია რესურსი, საექსპერტო და პროპაგანდის რესურსები, ასევე იყენებს სპეცსამსახურებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად – ამ ყველაფერს გამოიყენებს, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რომ გაიძლიეროს საკუთარი პოზიციები და კიდევ უფრო დაასუსტოს ოპოზიცია.
ეს უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ყველას, როგორც ამ აქციის ორგანიზატორებს, ისე მთლიანად ოპოზიციას, რომელიც გეგმავს თავის ქმედებებს.
- ოპოზიცია საეტაპო თარიღად ნიშნავს 4 ოქტომბერს. თქვენი დაკვირვებით, კონკრეტულად ამ დღეს ამა თუ იმ ფორმით გამოხატულმა პროტესტმა რა შეიძლება შეცვალოს?
მე არ ვუყურებ ასე, რომ ეს არჩევნები არის რაღაც საეტაპო, არა მგონია მაინცდამაინც მნიშვნელოვანი იყოს ის, ამ არჩევნებზე როგორ აჩვენებს თავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში.
ამას არჩევნები კი ჰქვია, მაგრამ ეს არ არის არჩევნები, რომელიც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ტარდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ხომ? ეს არჩევნები ტარდება ძალიან მძიმე გარემოში. ასევე ძალიან მძიმე გარემოში ჩატარდა წინა არჩევნები, მასშტაბური გაყალბებებით, სადაც პირდაპირ იყო, მაგალითად, ხმების ყიდვა. ეს შედარებით ახალი პრაქტიკაა მასშტაბების გაზრდის თვალსაზრისით და ამას მარტო საქართველოში არ ვხედავთ, ეს იყო იგივე მოლდოვასა და უკრაინაში. ეს ყველაფერი რუსეთის ხელწერაა.
ამიტომაც ალოგიკური იქნება ვინმეს ეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს, ან დამთავრებულია ყველაფერი.
არსებობს რისკი, რომ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამას ის ყველა ვარიანტში ეცდება, მაგრამ მგონია, რომ იმდენად აღარ არსებობს კითხვის ნიშნები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ქვეყნის გარეთ, არა მგონია, ამ არჩევნებში მონაწილეობით, ან არმონაწილეობით, ვინმეს წარმოდგენა შეეცვალოს.
ერთადერთი, რაც სამწუხაროდ არჩევნებმა შეიძლება აჩვენოს, არის ეს: ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს რესურსი და მყარად დგას ფეხზე. ეს არა იმდენად საგარეო შედეგისთვის, არამედ საპროტესტო მუხტისთვის იქნება დამაზიანებელი.
- 4 ოქტომბრის აქციის მასშტაბს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა იმაზე საქართველოს შეუჩერებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას, ან გააძევებენ თუ არა ევროსაბჭოდან?
„ქართული ოცნება“ ამ შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა აქამდე და გააგრძელებს ამ კურსს. თუ ის დარჩება ხელისუფლებაში, მიაღწევს კიდეც ამ შედეგს, რადგან ეს შედის რუსეთის ინტერესში – „ქართული ოცნება“ არის რუსეთის ინტერესების პირდაპირი გამტარი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაში. „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა ევროკავშირი, რომ შეეჩერებინა ჩვენი გაწევრიანების პროცესი – საერთოდ აღარ არსებობს ნატოში ინტეგრაციის თემა. თავად გააქრო დღის წესრიგიდან, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხები.
„ქართული ოცნება“ არ შეცვლის და ვერც შეცვლის ამ კურსს, იმდენად არის რუსეთზე დამოკიდებული. ასე რომ, „ოცნების“ ამოცანაა შეწყდეს უვიზო მიმოსვლა და აღარ ჰქონდეს საქართველოს ევროპასთან არანაირი ურთიერთობა.
- ამ ვითარებაში რის გაკეთება შეიძლება იყოს სწორი 4 ოქტომბერს, თქვენი აზრით?
ოპოზიციური პარტიები უნდა მოქმედებდნენ საერთო ჩარჩოს ფარგლებში – არ უნდა აზიანებდნენ ერთმანეთს, უნდა მოქმედებდნენ თანმიმდევრულად და აძლიერებდნენ წნეხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მე არ ვიძახი, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, მაგრამ კოორდინაციის ძალიან მაღალი ხარისხი უნდა იყოს, რომ რა რესურსებიც გააჩნიათ, ისინი ეფექტურად, ერთმანეთის დასაზიანებლად კი არ გამოიყენონ, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეგ არ ჩანს და როცა ეს არ ჩანს, რა სტრატეგიაზეა საუბარი? ვის რა სტრატეგია შეიძლება ჰქონდეს? შეიძლება, ერთი ერთს ფიქრობდეს, მეორე მეორეს ფიქრობდეს და საბოლოო ჯამში, არც ერთი არ იყოს, ასე ვთქვათ, გამართლებული ბოლომდე და ასეთი დაქსაქსულობის პირობებში – გამართული.
„ქართული ოცნებას“ აქვს სათანადო რესურსები: ადამიანური რესურსი, მატერიალური, პროპაგანდის, ფინანსური. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერაც. ისე არ არის, რომ მისი რეიტინგი ნულს უტოლდება.
„ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული მხარდაჭერა კრემლის სახით, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორ იმოქმედოს, რომ ეს პროტესტი ჩაშალოს – ეს იქნება რუსეთის ფედერაციაში თუ, მაგალითად, ბელარუსში.
ოპოზიციას კი, ეს რესურსები არ აქვს. ამას ემატება ერთმანეთს შორის გათიშულობა და დაქსაქსულობა. ამ პირობებში წარმატება ძალიან ძნელად მისაღწევი იქნება, თუ შეუძლებელი არა.
- რუსეთს ზურგი აქციეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ეს მოცემულობა არაფერს ცვლის?
ჩვენს რეგიონში განვითარებული პროცესები გულისხმობს რუსეთის პოზიციების შესუსტებას სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც დამაიმედებელია. ფართო სურათში რომ შევხედოთ, „ქართული ოცნებისთვის“ დამაიმედებელი დიდად არაფერი არ ჩანს. ის, რომ სანქციები მის წინააღმდეგ მოქმედებს და რუსეთს პრობლემები ექმნება – რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, აუცილებლად აისახება საქართველოზე. ეს დამატებითი პრობლემა იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
ქვეყნის შიდა და საგარეო ფლანგზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო ეფექტურად, კოორდინირებულად და დახვეწილად უნდა იმუშაონ ამ მოცემულობაში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს – ხელისუფლების შენარჩუნების და გადარჩენის საკმაოდ მაღალი შანსი. თუ ოპოზიცია იმუშავებდა უფრო აქტიურად და კოორდინირებულად, ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნების“ ეს შანსები განულდებოდა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.
მზა რეცეპტი, ბუნებრივია, არ მაქვს.
- დღეს რამდენად შეიძლება ეს მოლოდინი გვქონდეს ოპოზიციისგან, როცა ლიდერების დიდი ნაწილი ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია?
დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ ისინი აბსოლუტურად უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, ეს რეჟიმის ავტორიტარიზმის ხარისხს უსვამს ხაზს, მაგრამ ჩემი აზრით, ოპოზიციის შიგნით პრობლემები „ქართული ოცნების“ გარეშეც არსებობს.
- უშვებთ, რომ შესაძლოა გააძლიეროს კრემლმა ზეწოლა „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობაზე?
რუსეთის ხედვით პოსტ-უკრაინის მერე, პოსტ-საბჭოთა სივრცეში უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რეალობა. იმ ახალ რეალობაში ისეთი კვაზი-სუბიექტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, იმ სტატუსს ვერ შეინარჩუნებენ და დაიწყება „სიტუაციის გადალაგება“.
ამ სიტუაციის გადალაგების პროცესში, რას მოსთხოვენ „ქართულ ოცნებას“, ან როგორი კონფიგურაცია იქნება, ამაზე მიჭირს მსჯელობა – ჯერ არ ჩანს კარგად კონტურები, თუ როგორ დასრულდება ომი.
- თქვენი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე და მხოლოდ გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი?
არა. გარეთ შეიძლება ყველაფერი დალაგდეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ, მაგრამ თუ შიგნიდან არ გამოვიყენებთ ამას, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
თუ ოპოზიციას არ ექნება სტრატეგია და თანმიმდევრული მოქმედება, ძალიან მცირე შანსია გადარჩენის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არსებობენ იმისთვის, რომ ხელისუფლების პრობლემები გამოიყენონ, ასე ვთქვათ, საკუთარი რეიტინგის, პოლიტიკური დივიდენდების გასაზრდელად. თუ ამას არ გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, მაშინ ძალიან გაჭირდება სიტუაციის შეცვლა.
- ავტორიტარიზმი ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ანადგურებს, ასუსტებს პოლიტიკურ ოპოზიციას. ამ ვითარებაში საზოგადოების ორგანიზებას და წინააღმდეგობას, თქვენი აზრით, არ შეუძლია პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა?
რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი ამას ნიშნავს და ჩვენ მყარად ვდგავართ ავტორიტარიზმის გზაზე. ამიტომაც ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, ოპოზიციური ძალები კოორდინირებულად მოქმედებდნენ: ცალ-ცალკე მათი განადგურება, ბევრად უფრო მარტივი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მოქმედების გარეშე შეიძლება რაღაც მოხდეს – „ქართული ოცნება“ ერთ დღესაც ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის „შეიძლება“: შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა.






