მთავარი,სიახლეები

ოლისოვი: რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციას გააგრძელებს

06.06.2025
ოლისოვი: რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციას გააგრძელებს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი უფროსი დიმიტრი ოლისოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობას გააგრძელებს.

ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტული მედია „ტასსი“ წერს და ოლისოვს ციტირებს:

„რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საზღვარგარეთ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინტერესთა სექცია, მისი მთელი შემადგენლობა, გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ოლისოვმა რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც „ტასსის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, თბილისში გაიმართა.

ოლესოვმა ასევე აღნიშნა, რომ ცნობილი ქართველი მწერლების მრავალი ნაწარმოები რუსულ ენაზეა დაწერილი, რომლებიც „არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ რუსულად აზროვნებდნენ კიდეც“.

რუსეთი რუსული ენის დღე 6 ივნისს აღნიშნავს.

ოლისოვმა რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის მოვალეობა ორ ივნისს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ტროფიმოვი შეცვალა.

ვრცლად:

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის უფროსად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: