„რუსეთი ავად არის ტერიტორიებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა, რა კავშირი აქვს მასთან“, – ამბობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.
მას ვთხოვეთ რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასება – ლავროვმა თქვა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“, არამედ რუსეთის მიზანი „რუსი ხალხის დაცვა“.
- ქალბატონო ლელა, ალბათ არავის სჯერა იმის, რომ რუსეთს მხოლოდ რუსების დაცვა აინტერესებს სხვის ტერიტორიაზე. რა მოიაზრება ლავროვის ამ განცხადების უკან რეალურად?
სინამდვილეში, რუსეთი არის სახელმწიფო, რომლისთვისაც ღირებულია მიწა და ხალხი არის მხოლოდ საშუალება. მას რუსი ხალხის ბედი რეალურად არ აწუხებს, თორემ მთელი რუსეთი მოსკოვის, პეტერბურგის და ეკატერინბურგის მიღმა რა მდგომარეობაშია, ეს არავისთვის არ არის დაფარული.
ის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში სხვისი მიწების დასაპყრობად მან გაწირა მილიონობით რუსი მოქალაქე, ეს ხომ ყველასათვის თვალსაჩინოა. მისთვის რუსი ხალხი, თავის ტერიტორიაზე თუ სხვის ტერიტორიაზე, მხოლოდ საშუალებაა მისი ავადმყოფური მიდრეკილების, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა დაიპყროს.
ამიტომ ლავროვის ეს წინადადება, რომ თითქოს არ ყოფილა არასოდეს ტერიტორიების დაპყრობა მიზანი, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა.
ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება ეს გავიგოთ, როგორც თავის მართლებაც, რომ სხვის ტერიტორიაზე კი არ შეიჭრნენ, არამედ რუს ხალხს იცავენ, ისე როგორც საქართველოში კი არ შემოიჭრნენ თურმე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას იცავდნენ.

ლელა ჯეჯელავა
- აფხაზი და ოსი მოსახლეობა რომ არ ადარდებს ამაზე მეტყველებს გაჩანაგებული ქალაქები და სოფლები, რომელიც ოკუპირებული აქვს…
აფხაზეთზე კი არა, რუსეთზეც კი არ ზრუნავს კრემლი. რუსულ ქალაქებზე, რუსულ სოფლებზე არ ზრუნავს. ეგრეთ წოდებული „გლუბინკა“, რასაც ეძახიან რუსეთში, წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობს. შემთხვევითი კი არ იყო 2008 წლის ომის დროს უნიტაზები რომ მიჰქონდათ რუს ჯარისკაცებს საქართველოდან – მათთვის ეს არის ფუფუნება. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა მათთვის.
ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რუსეთში გავრცელებული მაღალი ალკოჰოლიზმის ფონზე, ასობით ადამიანი სიცოცხლეს ამთავრებს ე.წ. ჩეჩმაში. მაგრამ ეს ცნობილი ფაქტია და ამაზე თავად რუსი ბლოგერები წერენ.
ამიტომ აფხაზეთზე და ოსეთზე ზრუნვა კი არა, რუსეთი ავად არის ტერიტორიებით – ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა და რა კავშირი აქვს მასთან.
- ეს დაავადება რუსული იმპერიალიზმიდან მოდის თუ სხვა რამეა კიდევ?
საქმე იმაშია, რომ რუსეთი ისტორიულადაც ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით არ არის ჰომოგენური სახელმწიფო. ძალიან სპეციფიკური სახელმწიფოა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთი არის სამართალმემკვიდრე საბჭოთა იმპერიისა, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ბოროტების იმპერია უწოდა. პრაქტიკულად, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, არის იმ ბოროტების იმპერიის კონვულსიები.
რასაკვირველია, მცდელობაა საბჭოთა იმპერიის აღდგენის, თუმცა ეს აბსოლუტურად ილუზორულია და უტოპიური – მე ძალიან ხშირად ვამბობ საჯარო გამოსვლებშიც, რომ ვერავინ ვერ დაასახელებს ვერც ერთ ისტორიულ ეპოქაში და ვერც ერთ გეოგრაფიულ გარემოში, რომ დამხობილი იმპერია ოდესმე აღმდგარა.
იმპერიების შექმნას, განვითარებას და შემდეგ გაქრობას აქვს თავისი კანონზომიერებები. შესაბამისად, ის არ უშვებს იმას, რომ იმპერია კვლავ აღდგეს.
100 წლის წინ მოვლენებმა ხომ გვაჩვენა, რომ გაქრა ოსმალეთის იმპერია. ახლა რუსეთის იმპერიის ჯერია – საბჭოთა კავშირის დაშლით არ დასრულებულა ბოროტების ღერძი, რადგან ეს როლი თანამედროვე რუსეთმა იტვირთა.
- იმპერია შესაძლოა ვერ აღდგეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს პატარა ქვეყნების ჩაგვრის ხარჯზე შეინარჩუნოს გავლენა სხვის მიწებზე, რესურსებზე და ასე შემდეგ. ამის მცდელობა ხომ აქვს საქართველოშიც.
ეს რისკები რასაკვირველია არსებობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა, რადგან იმ პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელზედაც გავლენას ავრცელებდა რუსეთი, ძალიან ცოტა ქვეყანაა დარჩენილი, რომელიც ნებაყოფლობით შეიძლება დათანხმდეს მისი გავლენის ქვეშ ყოფნას.
სამწუხაროდ, ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ კოლაბორაციონისტული ხელისუფლებების ხარჯზე, ისეთი, როგორიც ჰყავს ბელარუსს, საქართველოს, რომლებიც მზად არიან საკუთარ ძალაუფლებას უმსხვერპლონ ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები.
მაგრამ ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სხვა პროცესებსაც და გარდა ამისა, თვით რუსეთშიც არის უამრავი ნაღმი. რაც უფრო მეტხანს გააგრძელებს რუსეთი უკრაინაში ომს, რომელშიც იფიტება როგორც ეკონომიკურად, ასევე ადამიანური რესურსით და ბევრი სხვა ნიშნითაც, მით უფრო გაიზრდება არსებული უკმაყოფილება რეგიონებში.
ეს გახლავთ მაგალითად თათრეთი, ჩრდილო კავკასია და ციმბირი, სადაც პრაქტიკულად რუსეთის გავლენები უკვე იმდენად შემცირებულია, რომ ვერც კი ვიტყვით, რომ ეს რუსული სახელმწიფოს ორგანული ნაწილია.
ვიცით, რომ ჩინეთის დომინაციაა ციმბირში ძალიან დიდი და ვხედავთ, რომ ამ ომის ფონზე რუსეთი ნელ-ნელა ხდება ჩინეთის პროქსი სახელმწიფო. რუსეთს აღარასოდეს აღარ ექნება და არც ამ ეტაპზე აქვს უკვე შესაძლებლობა იყოს შეერთებული შტატების, ჩინეთის და ევროკავშირის თანასწორი სუბიექტი.
ძალიან ხშირად, დასავლეთის მიდგომები რუსეთის მიმართ ცოტა ნაივური იყო, როცა მათ ჰქონდათ იმედი, რომ რუსეთისგან ოდესღაც დადგებოდა დემოკრატიული სახელმწიფო. მაგრამ ამ ფორმით, როცა რუსეთი კვლავ წარმოადგენს სრულიად განსხვავებული კულტურული, რელიგიური, სრულიად განსხვავებული მსოფლაღქმის მქონე ხალხების არანებაყოფლობით ერთობას, შეუძლებელია, მისგან დემოკრატიული სახელმწიფო დადგეს.
- თუ ჩინეთიც მის დასუსტებას ელის და მხოლოდ ამიტომ გულშემატკივრობს ამ ომში, რატომ არ წყვეტს უკრაინაში ომს, ამას ვერ აანალიზებს?
პუტინი არის ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ადამიანი და ასე ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, როცა საკუთარ ძალაუფლებას ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. თორემ, რუსეთის ინტერესები დღეს რომ არის შელახული, ასე არ ყოფილა არასდროს, ისტორიულად.
პუტინმა მთლიანად დაკარგა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, პეტრე პირველის მიერ გაჭრილი ფანჯარა ევროპაში და გავლენები ბალტიის ზღვაზე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც ახლა ხდება კავკასიაში, სადაც უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკის გეოსტრატეგიული ინტერესები ზანგეზურის დერეფანში – რუსეთი პრაქტიკულად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე და უკრაინის ომიც მას ეკონომიკურად ფიტავს. ძალიან სერიოზული დეფიციტი აქვთ ბიუჯეტში უკვე.
- თქვენ იცით, რომ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა შემოსული ქვეყანაში და ვხედავთ, როგორ მოიკიდეს მათ ფეხი თითქმის ყველა ქალაქში. აქვთ სალონები, რესტორნები, კაფეები, სოციალური სივრცეები, საბავშვო ბაღები და საერთოდ არ ცდილობენ ინტეგრაციას. არ სწავლობენ ქართულს და არ გამოხატავენ პატივისცემას ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ. რა ტიპის საფრთხეს უქმნიან ისინი ჩვენს ქვეყანას?
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ ეს ადამიანები რუსეთმა არ გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, რა უძღოდა აფხაზეთში და ოსეთში რუსეთის შეჭრას. რუსული პასპორტების დარიგებით დაიწყო ხომ ეს პროცესი. უნდა იცით, რომ ამ ტიპის პასპორტებით დღეს საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანი ცხოვრობს.
ეს მძლავრი იარაღია რუსეთისთვის, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლია ყველგან აამოქმედოს. აქედან გამომდინარე, ლავროვის გზავნილი ჩვენთვის პრობლემაა. მით უმეტეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რომელიც კოლაბორაციაშია რუსეთთან. ძალიან სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს და დაგვანახოს ის რისკები, რომლის წინაშეც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს საქართველო.
გარდა ამისა, თითოეული მოქალაქის შეგნებაზეა დამოკიდებული, რომ არ შევიდეს კომუნიკაციაში რუსებთან და არ ელაპარაკოს მათ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენა ბევრმა იცის საქართველოში. ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდებიან მიიღონ ის მოთხოვნები, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა უყენებს რეზიდენტებს და ჩვენც უნდა მოვიქცეთ ასე. აბა ჩაბრძანდით სომხეთში და ნახავთ რუსულ ენაზე თუ გიპასუხებთ ვინმე.
- მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ელაპარაკებიან რუსებს რუსულად. თუმცა ისინი უკვე იმდენად ბევრნი არიან, კომუნიკაციის გარეშეც შეუძლიათ ცხოვრება.
ქართული ენა ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას. მაგალითად, აფთიაქში, სუპერმარკეტებში, კლინიკებში.
- ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ობიექტებშიც რუსულად ესაუბრებიან მათ.
ბანკებში, აფთიაქებში რუსულ ენაზე რომ დაიწყეს ქვითრების ამორტყმა, აი ეს არის კოლაბორაცია და ეს არის სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა.
აბა ნახეთ ახალგაზრდობა თუ შედის კომუნიკაციაში რუსულად? არა. არც ერთ შემთხვევაში. მათ უფრო ჰყოფნით მოქალაქეობრივი შეგნება და ბევრად უკეთ წარმოადგენენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საშუალო თაობას, რომელსაც საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილება აქვს, ჯერ კიდევ ვერ ამოუღია ცნობიერებიდან, რომ რუსული ენა იყო დომინანტი და ყველასთვის სავალდებულო პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
საქართველოში აქამდე არ გვყოლია „ბიდლოს“ ცნობიერების ფენა, რასაც დღეს ვხედავ, სამწუხაროდ. ბოლო პერიოდში ფორმირდება საზოგადოების ასეთი ნაწილი და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი – ამ ტიპის საზოგადოება პატივს სცემს მხოლოდ შიშველ ძალას. ამ ტიპის საზოგადოებას დაკარგული აქვს საკუთარი თავის პატივისცემა, ქვეყნის ინტერესებზე ლაპარაკი ზედმეტია, საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი არ აქვს.
- „ქართული ოცნება“ ხომ ამ პოლიტიკას ეწევა ბოლო წლებია – აკნინებენ სამშობლოსთვის ბრძოლას, გმირობას. ეს არის მიზეზი თუ სხვა რამეა კიდევ?
როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ დაიწყო მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით ცხოვრება და ჩათვალა, რომ მეტი არ არის საჭირო. სწორედ აქედან მოდის ის ძალიან დიდი აგრესია, დაუფარავი ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნა და წარმოუდგენელი სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს და ლაპარაკობს.
პრორუსებიც გვყოლია, ევროსკეპტიკოსებიც ქვეყანაში, მაგრამ ამ ტიპის ცნობიერება ადრე არ შემიმჩნევია. ამ 13 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად შეძლო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალური ოკუპაცია.
- გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით ვკარგავთ ვიზალიბერალიზაციას, შესაძლოა დავკარგოთ კანდიდატის სტატუსიც და ევროსაბჭოდანაც კი შეიძლება გამოგვაძევონ. ასეთი იზოლაციის პირობებში, რუსული პროპაგანდით და რუსული ხელისუფლებით, რამდენად შევძლებთ სახელმწიფო ინტერესების დაცვას?
იმ საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ შეგვრჩა აზროვნების უნარი და საკუთარი თავის პატივისცემა, უნდა გავიაზროთ, რომ ის ნაწილი, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, არასოდეს არ შეწუხდება იმით, რომ საქართველოს გამოაგდებენ ევროსაბჭოდან. პირიქით, ჩათვლის, რომ ამით საქართველო გახდა უფრო მეტად დამოუკიდებელი, რადგან ეს პროპაგანდით მოწამლული, ინტოქსირებული ადამიანები არიან, ოკუპირებული ტვინებით და მათი შეცვლა ამ ეტაპზე შეუძლებელი მგონია.
ვფიქრობ, იმ ნაწილმა ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩა პატივისცემა საკუთარი თავის, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა გაუშვათ და ეს უნდა გახდეს ჩვენი არსებობის მთავარი ამოცანა. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
- ხალხის ამ ნაწილს, ვისზეც საუბრობთ, აქვს „ოცნების“ გაშვების საკმარისი რესურსი?
ადამიანს, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, ხომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. ადამიანი, რომელიც ავადაა, ყველაფერს მიმართავს – ტრადიციულ მედიცინას, არატრადიციულს, ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინოს.
ან ცეცხლი რომ უკიდია, რა ჭურჭელიც აქვს ხელში, იმით იწყებს წყლის დასხმას, ხომ? ამიტომ ახლა ზუსტად ამ ტიპის აზროვნება გვჭირდება.
არც იმაზე ფიქრის დროა, ეს პოლიტიკოსები მოგვწონს თუ არა. ვინ კარგია და ვინ უკეთესია, ვინ ცუდი. ყველა, ვისაც წარმოგვიდგენია ის საფრთხე, რაც ამ ქვეყანას ემუქრება, ის, რომ რეალურად იფერფლება ეხლა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, – ყველაფერი, ამას არ გვაპატიებს შთამომავლობა.
ეს შეგვიძლია პროტესტით, უწყვეტი პროტესტით. არა ისე, 200 კაცი რომ დგას მოედანზე, არამედ ძალიან მძლავრი პროტესტით უნდა შევძლოთ. მჯერა, რომ ეს შესაძლებელია, თუ მოვიკრებთ ძალებს და ბოლომდე გავაცნობიერებთ რა საფრთხე გვემუქრება. ვფიქრობ, სანამ ბოლომდე არ გადაეკეტება ადამიანებს ჟანგბადი და სუნთქვის შესაძლებლობა აქვთ, მანამდე ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეებს.
- ჟანგბადის გადაკეტვა რა იქნება ამ ქვეყნისთვის?
თუნდაც ის, რომ პოლონეთში ვეღარ წავლენ სამუშაოდ, როცა სამუშაო ვიზების გაცემა შეწყდება.
ეს იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც. ვფიქრობ, ევროპის ქვეყნების მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკას აუცილებლად ექნება შედეგი. უნდა გაგრძელდეს რუსეთის სანქციები და „მეგობარი აქტი“, რომელსაც დიდი იმედით ვუყურებ, ბრიტანეთის მიერ დაანონსებული სანქციებიც უნდა ამუშავდეს და არ უნდა მიეცეს რეექსპორტის შესაძლებლობა რუსეთს.
ავტომანქანების რეესპორტი თუ აღარ ექნებათ რუსეთში, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება. მგონი, საკუთარი სტომაქი მაინც აიძულებს მასას, გააცნობიეროს, რომ რაღაც ისე ვერ არის.






