მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს – სოლო კონცერტი ბათუმში

21.08.2024 •
„ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს – სოლო კონცერტი ბათუმში

ბათუმელი მომღერალი არჩილ ბერიძე „ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში დაასახელა. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ის გამსვლელ სიაში იქნება.

საარჩევნო სიაში დასახელებამდე ხუთი დღით ადრე კი მომღერალმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სოლო კონცერტი გამართა, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან დაუფინანსეს.

არჩილ ბერიძეს სოლო კონცერტისთვის აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 60 000 ლარი გადაიხადა. კონცერტის მხარდამჭერი იყო ბათუმის მერიაც. თუმცა მერია მალავს ინფორმაციას, რა თანხა გამოყვეს მომავალი პოლიტიკოსის სოლო კონცერტისთვის და რა ტიპის მხარდაჭერა გაუწია თვითმმართველმა ორგანომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრს.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატობა სურს [ეს, პირველ რიგში, მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას გულისხმობს], ინფორმაციის გასაჯაროების ნება არც „ოცნების“ კანდიდატს აღმოაჩნდა – მან ამ პარტიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პრესცენტრთან გადაგვამისამართა.

კითხვაზე, თუ რა დაუჯდა მისი სოლო კონცერტი ბიუჯეტს, მუსიკოსმა და მომავალმა პოლიტიკოსმა სტანდარტული პასუხი გაგვცა ტექსტური შეტყობინებით: – „შეგიძლიათ მიმართოთ მერიის და კულტურის სამინისტროს და მოგაწვდიან ინფორმაციას“.

მას ასევე ვკითხეთ, რადგანაც „ოცნების“ საარჩევნო სიაშია, არის თუ არა მისი ან პარტიის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტით სოლო კონცერტის გამართვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? „ოცნების“ კანდიდატი ირწმუნება, რომ მისი კონცერტი მანამდე დაიგეგმა, ვიდრე ის პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტდა.

„ჩემი კონცერტი ჩატარდა 10-11 აგვისტოს, ხოლო ჩემი წარდგენა გამოცხადდა 15 აგვისტოს. შესაბამისად, ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ და არც ჩემს კონცერტებზე გაჟღერებულა რაიმე პოლიტიკური განცხადება“, – მოგვწერა არჩილ ბერიძემ.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, არჩილ ბერიძის სოლო კონცერტზე.

რაც შეეხება კონცერტის ფინანსურ ნაწილს, როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, არჩილ ბერიძეს სოლო კონცერტისთვის თანხა გამოეყო „ფესტივალების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 600 ათასი ლარია. თითოეულ პროექტზე გათვალისწინებული იყო 80 ათასი ლარი.

თუმცა, როგორც სამინისტროში ამბობენ, არჩილ ბერიძეს მხოლოდ 60 ათასი ლარი დაუფინანსეს.

რაც შეეხება ბათუმის მერიას, მასაც მივმართეთ კომენტარისთვის, თუმცა მერიამ ამ საკითხზე დუმილი ამჯობინა და ბიუროკრატიული ბარიერები შექმნა.

„უნდა დაურეკოთ პრესცენტრს, ჩვენთან ასეთი წესია. მე უნდა მივცე ინფორმაცია და ისინი მოგაწვდიან თქვენ“, – გვითხრა ბათუმის მერიაში კულტურის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ, როცა ამ საკითხზე კომენტარისთვის მივმართეთ.

მას ვუთხარით, რომ პრესსამსახური საქმის კურსში იყო და 20 აგვისტოს, მთელი დღე ველოდებოდით ინფორმაციის მიწოდებას.

„ჩემგან მიწოდებულია“, – გვითხრა მერაბ ქიძინიძემ.

თუმცა, მერიის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ სამსახურს არჩილ ბერიძის სოლო კონცერტის ხარჯების შესახებ ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებია.

„გამოითხოვეთ ინფორმაცია“ – ასე დაასრულა „ბათუმელებთან“ ურთიერთობა მერაბ ქიძინიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: