დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „თავისუფლების მოედანი“ გამართავს დისკუსიას ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით.
საჯარო განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან 20:00 საათზე დაიწყება.
„თავისუფლების მოედნის“ განცხადებით, ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს.
ლუსტრაციის კანონი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. კანონის მიზანი იყო გამოეაშკარავებინა ყველა ის პირი, რომელიც ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
„ლუსტრაციის მიზანია არასდროს განმეორდეს ის, რაც ხდებოდა მაშინ და რაც ხდება დღეს.
იმიტომ, რომ დღესაც სპეცსამსახურები მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების დაშინებაში. ისინი განსაზღვრავენ დღევანდელი მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, უნივერსიტეტის პროფესორების, ხელოვანების, ჩვეულებრივი მშრომელების ბედს. ისინი წყვეტენ, ვინ დაწინაურდება და ვინ არა და ა.შ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს“- თქვა სიმონ ჯანაშიამ, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა კანონპროექტზე საუბრისას „ნეტგაზეთთან“.
„თავისუფლების მოედანი“ მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
საბჭომ უნდა შეისწავლოს არქივები და გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდნენ.
კანონის მიღების შემთხვევაში, მათ დროებით ან სამუდამოდ აეკრძალებათ პოლიტიკური თანამდებობების დაკავება, საჯარო სამსახურში დასაქმება, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობა, სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში მონაწილეობა.






