„რატომ ვარ ამ დღეში მე, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ამ სისტემაში ვარ და მინდა განვვითარდე. ჩავაბარე ყველა გამოცდა, რაც სახელმწიფომ დამიწესა, წარვადგინე პროფესიული პორტფოლიო, ყველაფერი გავაკეთე, რაც კი ამ სქემის ფარგლებში მევალებოდა.
და უცებ, ამ „სამართლიანი ფორმულით“, როგორც სამინისტროში უწოდეს, მე მაკლდება ხელფასი მომატების ნაცვლად“, – ამბობს დაწყებითი განათლების წამყვანი მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე.
რატომ გამოიწვია ქაოსი და უკმაყოფილება განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა სახელფასო ფორმულამ და რატომ არიან პედაგოგები უკმაყოფილო? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე დისკუსია გამართა.
მინდია ფუტკარაძესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ინგლისურის მენტორი მასწავლებელი, როლანდ შავაძე.
„ზოგადად, დიდი გაურკვევლობაა ამ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. იმ ფორმულით, რომელიც დააანონსა სამინისტრომ, დავიანგარიშე ჩემო ხელფასი და მატება მაქვს სადღაც 85 ლარამდე“, – ამბობს როლანდ შავაძე.
რატომ 85 ლარით და არა 500 ლარით? – მინისტრი ხომ არაერთ პლატფორმაზე იმეორებდა, რომ „უპრეცედენტო“ ზრდა იქნებოდა და ყველა მასწავლებელს გაეზრდებოდა ხელფასი. იქნებ ავხსნათ, რატომ არ გაეზარდა ყველა პედაგოგს თანაბრად ხელფასი? – ვკითხეთ როლანდ შავაძეს.
ის განმარტავს, რომ ამ ახალი სახელფასო ფორმულით, მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს – წამყვანებს და მენტორებს სამინისტრომ გაუუქმა სტატუსის დანამატები, რამაც გამოიწვია ხელფასების კლება.
ახალი ფორმულით, მასწავლებელი იმ შემთხვევაში აიღებს 500-ლარიანი მატებით ხელფასს, თუ მას სრული საათობრივი დატვირთვა აქვს სკოლაში. რაც გულისხმობს 18-25 საათს კვირაში.
„ახალი სახელფასო ფორმულით, მენტორი იქნები თუ წამყვანი, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საათობრივ დატვირთვას ექცევა უკვე ყურადღება და თუ ადრე, 1 საათის ღირებულება იწყებოდა 28 ლარიდან, ახლა საათის ღირებულება თითქოს გაიზარდა 96 ლარამდე.
თუ აქამდე მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი 1475 ლარს იღებდა სტატუსის დანამატს, ახლა ამ თანხას ვეღარ აიღებს, უბრალოდ ეს თანხა ჩაიშალა საათების რაოდენობაში და რეალურად არაფერი არ გაზრდილა. უბრალოდ სახელწოდება შეეცვალა“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მისი თქმით, სტატუსების მოსაპოვებლად ამ წლების მანძილზე პედაგოგების ნაწილმა უდიდესი შრომა გასწია, რომელსაც სახელმწიფო წყალში უყრის.
„ღამეებს ათევდნენ მასწავლებლები, ოჯახებზეც კი თქვეს უარი, რომ ეს ვალდებულებები შეესრულებინათ და ეზრუნათ თავიანთი პროფესიული წინსვლისთვის და იმისთვისაც, რომ ღირსეული ანაზღაურება მიეღოთ. ახლა კი რატომ უნდა იწვალოს მასწავლებელმა კარიერული ზრდისთვის, როცა ეს არაფერს აღარ უცვლის?“ – ამბობს როლანდ შავაძე.
მინდია ფუტკარაძე დეტალურად ხსნის იმ მიზეზებს, რის გამოც ახალი ფორმულით მისი ხელფასი არ გაიზარდა.
„დაწყებით საფეხურზე მასწავლებლებს კომპეტენცია დადასტურებული გვაქვს სამ საგანში. ეს არის ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. რომელიც ჯამში I-II კლასებში გამოდის 14 საათი კვირაში, III-IV კლასებში კი 13 საათი.
თუ ხვალ ამ საათების მიხედვით, მაგალითად 300 ან 400 ლარი დამემატება, კანონში ნათლად წერია, რომ ორი წლის შემდეგ, საათებს ისევ ძველი სქემით აანაზღაურებენ და 96 ლარის ნაცვლად, ისევ 30 ლარიდან აითვლება საათის ღირებულება.
აი, ამ საათების ანგარიშის შედეგად, მე დღეს ხელფასი არ გამზრდია, დამრჩა იგივე ანაზღაურება.
დაწყებითი საფეხურის ძალიან ბევრი მასწავლებელია სკოლებში და ისინიც მსგავს მდგომარეობაში არიან.
ამდენი ხანია სისტემაში ვარ და მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა, რომ მოლოდინი გქონდეს ხელფასის დაკლების და არა ზრდის.
ანუ რას უნდა ველოდოთ, ვინმეს წყალობას უნდა ველოდოთ მომავალში?
რატომ ვარ ამ დღეში მე, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ვარ ამ სისტემაში, მინდა რომ განვვითარდე, ნებისმიერი გამოცდა ჩავაბარე, რაც კი სახელმწიფომ დააწესა, 10 კრედიტზე მაქვს ჩაბარებული საგნის გამოცდა, შემდეგ კარიერული წინსვლის გამოცდა, წარვადგინე პორტფოლიო, ყველაფერი – რაც კი სქემის ფარგლებში მევალებოდა და მქონდა მოტივაციაც, რომ გამეზრდებოდა ხელფასი და უცებ – ამ „სამართლიანი ფორმულით“, როგორც სამინისტროში უწოდეს, მე მაკლდება ხელფასი მომატების ნაცვლად“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.
- რა კატეგორიის მასწავლებელს გაეზარდათ ხელფასი?
„რეალურად, ხელფასები მოემატებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ 18 საათზე ზემოთ, 25 საათამდე. ოღონდ ასეთი მასწავლებლების კატეგორია არის ძალიან მცირე.
თუ აქამდე სტატუსის დანამატი 15 საათზე გქონდა, ახლა ეს ყველაფერი მოიშალა და უნდა იბრძოლო საათების რაოდენობაზე, რომ ხელფასის მატება რეალურად იგრძნო. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ დაპირისპირებას სკოლებში.
ჩვენ გვაქვს სკოლები მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, სადაც კლასებიც კი არ არის და, შესაბამისად, საათებიც არ არის. ამ მასწავლებლებს კი არ მოემატებათ ხელფასი, არამედ დააკლდებათ.
თუ 18-25 საათამდე გაქვს, მხოლოდ მაშინ იგრძნობ მატებას და თუ ამაზე ნაკლები გაქვს, მაშინ პირიქით, ხელფასის კლებას იგრძნობ“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მისი აზრით, მსგავსი მიდგომა არა მარტო აკნინებს პედაგოგის შრომას და პროფესიას, სკოლებში ახალგაზრდა კადრების შესვლის შესაძლებლობასაც აფერხებს.
„მოტივირებულ, გულანთებულ ახალგაზრდებში მოტივაციას მოკლავს ეს მიდგომა. ისედაც პრობლემაა სკოლებში ახალგაზრდა კადრების შედინების და კვლევამაც აჩვენა, რომ ჩვენ 7-პროცენტიანი კლება გვაქვს სკოლებში 30 წლამდე მასწავლებლების შედინების. ახალი სახელფასო ფორმულა იწვევს დემოტივაციას.
გარდა ამისა, რატომ უნდა გვიწევდეს მასწავლებლებს საათების ძებნა, რომ ხელფასის მატება ვიგრძნოთ?
ეს გამოიწვევს ქაოსს სკოლებში, ასევე, არ არის გამორიცხული, რომ იყოს ნეპოტიზმი და თუ ამას ადმინისტრაცია კეთილსინდისიერად არ მიუდგა, შეიძლება ვიღაცებმა გამოიყენონ სათავისოდ“, – ამბობს შავაძე.
საჯარო სკოლებში დირექტორების უმრავლესობა ხელისუფლების მიმართ ლოიალობის მიხედვით ინიშნებიან. შესაბამისად, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ საათების განაწილების საკითხი, საარჩევნო პერიოდში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასწავლებელთა ხმების მოზიდვის ბერკეტად იქცეს? – ვეკითხებით პედაგოგებს.
როლანდ შავაძის აზრით, გამორიცხული არაფერია.
„როცა სკოლები პოლიტიზებულია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან დაშინების მექანიზმები უკვე ამუშავებულია. ამის მაგალითია ის, რომ ძალიან ბევრი კარგი კადრი დაიბლოკა დირექტორების კონკურზე – გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ იმიტომ, რომ კანდიდატის სანათესავოში ვიღაც მხარს არ უჭერდა სახელისუფლებო პარტიას.
პოლიტიზებულ სკოლაში კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლის ადგილიც აღარ რჩება, რადგან პოლიტიზებული დირექტორები შეეცდებიან ჩაახშონ კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლების ხმა. ჩვენ მივიღებთ ისეთ რეალობას, როცა მასწავლებელი იძულებული იქნება სკოლა დატოვოს“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მინდია ფუტკარაძე აზრით, „როცა ვამბობთ, რომ უნდა ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებული, ბავშვისთვის უნდა მოვიცალოთ და ასე შემდეგ, ახალი პოლიტიკით სწავლების ხარისხი არ აიწევს. პირიქით მოხდება.
რეფორმა არ უნდა იყოს არეულობის, ერთმანეთთან დაპირისპირების მომტანი, რატომ უნდა ვიბრძოლოთ საათების გამო მასწავლებლებმა? რატომ ვუშვებთ ამ სიტუაციას სკოლებში?
თუკი მე მთელ ჩემ დროს დავუთმობ მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებას, როდის დავუთმო დრო არაფორმალურ განათლებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის?
დამრიგებელმა როდის უნდა გააკეთოს თავისი საქმე, როდის უნდა მივაქციოთ ბავშვს ყურადღება, რომელ ემოციურ კავშირზეა საუბარი.
ამიტომ ხდება მერე გაკვეთილები მოსაბეზრებელი, მოსწავლეებს აღარ აქვთ ინტერესი. ამიტომ არ შეიძლება მასწავლებლის ხელფასი საათებზე იყოს მიბმული.
სქემას ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ამაზე უკეთესი იმით იყო, რომ ნაკლები საათით შეგეძლო მეტი ხელფასი აგეღო და დრო დაგეთმო სხვა საკითხებისთვისაც“, – გვეუბნება მინდია.

ახალი სახელფასო ფორმულა სკოლაში – დისკუსია
როლანდ შავაძის აზრით, სპონტანურად, გათვლების გარეშე მასწავლებლების ხელფასის მატებაზე საუბარი, ძალიან დიდი შეცდომა იყო.
„ვფიქრობ, ეს წამოსცდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს, რომ გაზრდიდნენ ხელფასებს და შემდეგ დიდხანს ფიქრობდნენ რა მოეხერხებინათ ამ დაპირებისთვის.
ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან ხელფასების მატება დაკავშირებული უნდა იყოს ეკონომიკის ზრდასთან ან რომელიმე სექტორში აღარ უნდა იყოს საჭირო თანხა. ეს შეიძლება გადმოიტანო განათლებაში. ამ შემთხვევაში, არცერთი არ ყოფილა.
ამიტომ იყო თავიდანვე ბლეფი ეს დანაპირები და ამიტომ ვერ შესრულდებოდა. ამიტომაც ჰყავთ ბევრი განაწყენებული მასწავლებელი სისტემაში.
ჩემი აზრით, ბევრი ღირსეული ადამიანი შეეცდება სისტემიდან გავიდეს და ჩვენ მივიღებთ ისეთ სიტუაციას, როგორიც გვქონდა 90-იანებში.
თუ არ იქნება შრომა შესაბამისად დაფასებული, ყველა ვარიანტში, სისტემას შემორჩება მხოლოდ ის კატეგორია, რომელსაც წასასვლელი არსად არ აქვს და ერთეულები, რომლებიც ენთუზიაზმით დარჩებიან და ექნებათ სხვა საარსებო შემოსავალი.
სხვა შემთხვევაში, თავს ყველა შეურაცხყოფილად იგრძნობს და სისტემიდან გავა.
მეც ვაპირებ უკვე რომ გავიდე სისტემიდან“, – ამბობს როლანდ შავაძე.
„თუ სამართლიან ფორმულასთან გვაქვს საქმე, მაშინ რატომ არის ანაზღაურება განსხვავებული საათებს შორის? რატომ ღირს 15 საათის ზემოთ ჩემი ჩატარებული გაკვეთილი 206 ლარი და 15 საათს ქვემოთ 80 ლარი?
ხელისუფლებამ იცის ყველას რომ არ აქვს 15 საათი და იმიტომ.
ამიტომ, მინდა მივმართო ჩემ კოლეგებს – როცა ხელფასს ითვლით, კარგად დაფიქრდით და ისე დაუკარით ხოლმე ტაში. თუ კრიტიკულად არ შევხედავთ, არაფერი გვეშველება.
მე მინდა, რომ გვქონდეს სტაბილურობის განცდა ამ სისტემაში, შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი, რომ უკეთესი გავხდეთ ყოველდღიურად და ეს თუ ასე არ იქნება, ალბათ მეც მომიწევს გავიდე სისტემიდან“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.
როლანდ შავაძე კი დასძენს, რომ მთავრობამ, არჩევნების წინ ხელფასების მატების ნაცვლად მასწავლებლებს 200-ლარიანი „სოციალური შემწეობა“ დაუნიშნა და ისიც დროებით, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია.






