ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

10.04.2025
კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ბათუმი-სარფის და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების კომპენსაცია გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად გადაიხადოს.

„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს ორი პროექტი შეეხება.

„ნება დაერთოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოახდინოს ბათუმის შემოვლითი გზის-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისა და ქობულეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ფარგლებში ზემოქმედების არეალში მოხვედრილი სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ[ებ]ის წესების შესაბამისად შედგენილი მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად, მათ შორის, თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ ან/და სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ან/და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებით, აჭარის მთავრობამ ან/და შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა „მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემის მიზნით“, სათანადო მონაცემები გზების დეპარტამენტს უნდა მიაწოდონ.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია კონკრეტულად რომელ ნაკვეთებს და რა დოზით შეეხება აღნიშნული პროექტები. ზოგადად, გზების დეპარტამენტი კი, საკომპენსაციო ნაკვეთების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ იძლევა.

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა

პროექტის მიხედვით ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [აქ სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.

რა თანხა დასჭირდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ვის მიერ დაფინანსდება პროექტი – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან „ბათუმელებისთვის“ დაახლოებით ორი თვის წინ გამოგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად „შესაბამისი პროცედურების დაწყება ახლა იგეგმებოდა“.

„დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია თავის მხრივ მოიცავს მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმას, რომლის განხილვა/დამუშავებაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე. შესაბამისად, გეგმის საბოლოო ვერსიის მიღების შემდგომ, განისაზღვრება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების საკომპენსაციო ღირებულება.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ განსახლების პროცედურების განხორციელების დაწყების თაობაზე, დაინტერესებულ პირებს ეცნობება დამატებით.“ – მოგვწერეს მაშინ გზების დეპარტამენტიდან.

ამ თემაზე ვრცლად: ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, ამ დროისთვის მშენებლობაზე ტენდერიც არ არის გამოცხადებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რაც შეეხება ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებას, სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „მოდერნიზებული გზის საპროექტო სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 2 წელი. სამუშაოები კი სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება“.

ამავე დოკუმენტით, წინასწარი გათვლებით ახალი გზა შეეხება 200-მდე კერძო მიწის ნაკვეთს და 20-ზე მეტ შენობა-ნაგებობას. ქონების საკომპენსაციოდ კი ჯამში 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

ამ თემაზე ვრცლად: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – სად გაივლის ახალი მაგისტრალი

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის პარალელურად დამატებით კიდე ერთი ორზოლიანი გზის მშენებლობის პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის ბოლოს გასცა სკოპინგის დასკვნა, რომლითაც „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის მომზადება უზრუნველყოს სკოპინგის დასკვნის შესაბამისად“.

_________________________

მთავარ ფოტოზე: ჭოროხის დელტა, ხედი სოფელ ჭარნალიდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: