ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს

32 წლის ნაირას 6 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობს. მერიაში უთხრეს, რომ ბინას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეშვიდე შვილს გააჩენს. ნაირა ქმარს გაშორდა. ახლა ნაირა ექვს შვილთან ერთად ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, თუმცა დიასახლისი უკვე სთხოვს ბინის დაცლას – „ბავშვები ხმაურობენ და მაწუხებენო, მეუბნება“. მარტოხელა ქალი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.

ნაირა თავის ექვს შვილთან ერთად პატარა ზომის ორ ოთახს ქირაობს – ერთ სივრცეში სამზარეულო აქვს მოწყობილი, მეორეგან იძინებენ. ბავშვებს იატაკზე ვუგებ და ისე ვაძინებო – გვიყვება ის.

„ქმარი ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. მამცირებს, შეურაცხყოფას მაყენებს და ბოლოს სექსუალურად ძალადობაც დაიწყო. დავიღალე, მასთან ცხოვრება აღარ მინდა, დავიღალე მისი პრობლემებითაც. მინდა შვილებზე ვიზრუნო, ოღონდ მარტოს გამიჭირდება და სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას“, – გვეუბნება ნაირა.

ნაირა ამბობს, რომ 17 წელი მეუღლის სახლში შეუსრულდა. არასრულწლოვანი გათხოვდა და 15 წელი ქმართან და შვილებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს.

უფროსი შვილი 11 წლისაა, ყველაზე პატარა კი 11 თვის შესრულდა. ნაირა ქმართან ოფიციალურად განქორწინებას აპირებს და მალე მიმართავს სასამართლოს. „ადრე მეუბნებოდნენ, ბავშვების ხათრით არ დაანგრიო ოჯახიო და ამ ხათრმა მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე“, – გვეუბნება ნაირა.

ნაირა და მისი მეუღლე თავდაპირველად სამტრედიაში, ქმრის მშობლების ძველ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა როგორც გვეუბნება, ბინა დაინგრა და იქ ცხოვრება ვეღარ გააგრძელეს. „ვის არ მივმართე, პრემიერსაც კი მივწერე წერილი, რომ ჩემი ექვსი შვილისთვის საცხოვრებელი მიეცათ, მაგრამ არავინ არ გამცა პასუხი.

ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად და აქაც 15 წელია ნაქირავებში ვცხოვრობთ. რადგან აქ ვარ რეგისტრირებული, ბათუმის მერიასაც მივმართე, მაგრამ მითხრეს, ბინა რომ მოგცეთ, შვიდი ბავშვი უნდა გყავდესო. ექვს ბავშვს არ უნდა ბინა?

ყოფილ ქმარს ოჯახში ისედაც არაფერი შემოჰქონდა, სულ ვალებს იღებდა. სოციალური შემწეობაც ვეღარ მოვახმარე ბავშვებს. 600 ლარს ვიღებთ და 300 ლარის გახდა მიწევს ქირაში. ბევრი ბავშვისთვის ოთახის დათმობა არავის არ უნდა. ერთი თვეა, რაც ვიქირავე და დიასახლისი უკვე ბინის დაცლა მთხოვს, ბევრი ხართ, ბავშვები ხმაურობენ და დამიცალეთო. რა ვქნა, 15 წელია აღმა-დაღმა დავდივართ, ახლა კიდევ ასე მოგვიწევს.

მინდა სახელმწიფო დამეხმაროს, რომ ჩემი შვილები ღირსეულად გავზარდო, ქუჩაში არ იყვნენ, ისწავლონ“.

ნაირას არც პროფესიული განათლება აქვს და არც უმაღლესი. ამბობს, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა და განათლების მიღების შესაძლებლობა არ მიეცა.

„ერთი თვეა, რაც დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. დღეგამოშვებით ვმუშაობ. როცა სამსახურში ვარ, პატარებთან ერთ-ერთი ბავშვის ნათლიას ვტოვებ. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფოს დახმარებას ვთხოვ, საცხოვრებელი ფართობია. მარტო ვერ შევძლებ ამ პრობლემის გამკლავებას“, – გვეუბნება ქალი.

ნაირა თავის შვილებს უფასო სასადილოდან მოტანილი საჭმლით კვებავს – დღეში ერთხელ მოაქვს სამი პური და სხვა დანამატები. ამბობს, რომ ეს არ ჰყოფნით.

 

მგზავრთა გადაყვანებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა.

აღნიშნული მაჩვენებელი 20 %- ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.  ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული.

“მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება და მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს,” – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზამ“ ბილეთების შეძენის მარტივი და კლიენტზე მორგებული სერვისი დანერგა. ახლა უკვე ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც არის შესაძლებელი და მგზავრს საშულება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში. „საქართველოს რკინიგზა“ უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ – ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე!”

6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე 3 მუშა დააჯარიმეს – აფეთქება კარიერზე

4-4 ათასი ლარით დაჯარიმდნენ მუშები, რომლებიც ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, კლდის აფეთქებაზე მუშაობდნენ. ეს ის სოფელია, სადაც გასული წლის 31 ოქტომბერს, კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშის დროს 6 წლის ბიჭი დაიღუპა.

უნებართვო აფეთქებაზე ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობა არავის აუღია – ტრაგედიის საპასუხოდ მხოლოდ კლდის აფეთქების სამუშაოები შეჩერდა ჭინკაძეებში. პასუხისგებაში მიცემული სამი მუშა კი, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სისხლის სამართლის წესით დააჯარიმა.

„ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. რეალურად დამნაშავე იყო სხვა… მუშა არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებდა. მათ რასაც დაავალებდნენ, იმას აკეთებდნენ. ეს გაწერილია ხელშეკრულებებშიც და გამოჩნდა მოწმეთა ჩვენებებშიც,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი მუშების ინტერესებს იცავდა სასამართლოში და ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

კლდის აფეთქებაზე მყოფი სამი მუშა გამოძიებამ პირველ ნოემბერს დააკავა. მათ პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინა ბრალი, რაც გულისხმობს „უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებულები 244-ე მუხლის მიხედვით გაასამართლა – „ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.

ეს მუხლი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას ითვალისწინებს.

მსჯავრდებულ მუშებს ჯარიმის – 4 ათასი ლარის გადახდა არ მოუწევთ. მათ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ჩაუთვალა სასჯელის მოხდად. მსჯავრდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და საქართველოც დატოვეს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.

სამშენებლო მასალის მოპოვების სამუშაოებს ჭინკაძეებში ჰოლანდიური კომპანია „სტრუკ ჯორჯიას“ დაკვეთით თურქეთში დაფუძნებული „ალბაირაქი“ ახორციელებდა. ამ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული მუშები, რომლებიც დაჯარიმდნენ. უშუალოდ კლდე კი, კომპანიამ „დინამიტი ლ.დ.“-მ ააფეთქა. დაახლოებით ერთი კვირის წინ პროკურატურამ ამ კომპანიის ორ პასუხისმგებელ პირს წარუდგინა ბრალი – ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

„სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სასამართლო ჯარიმას გამოიყენებს… ისინი 5 – 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

სოფელ ჭინკაძეებში სამშენებლო სამუშაოების მოპოვება შეწყვიტა კომპანია „ალბაირაქმა“. ამ კომპანიის წარმომადგენელი, გია ღოღობერიძე ამბობს, რომ დაღუპული ბავშვის ოჯახს ზიანის ანაზღაურების თანხა გადაუხადეს.

„სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა. განკარგულების მიხედვით, „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ 65 ათასი კუბური მეტრი ანდეზიტ-პორფირიტი უნდა მოეპოვებინა სოფელ ჭინკაძეებში. ამავე განკარგულების მიხედვით, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენებაზე ზედამხედველობა წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

_____

ამ თემაზე:

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

 

 

კონკურსი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად

აჭარაში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 პროცენტის და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში);
  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი დედით, მამით ან  უდედმამო  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
  •  სტუდენტები, რომლებიც არიან  მრავალშვილიანი ოჯახის  ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
  • სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები უნდა წარადგინონ  აჭარის განათლების სამინისტროში 2019  წლის 1-ლი აგვისტოდან 30 აგვისტოს  ჩათვლით.

_____________________

ფოტოზე: აჭარის განათლების სამინისტრო

ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი წყლის ნაცვლად  ცხელი წყლის დალევა სჯობს, ბევრი ყავის და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღებისაგან კი უმჯობესია თავი შევიკავოთ – რეკომენდაციები ზაფხულის კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასეთ დროს უკეთესია  თითო ჯერზე წყლის მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმლებს.

წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე), სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს.

სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. გამომდინარე აქედან, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე დაბლა ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობს. დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტ წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცოტა წყალს იღებს, შეშუპება ქრონიკული ხდება.

ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმი მარილსა და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც, როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ივსებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია, უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს.

რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმელისა და ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევენ. წყურვილის გრძნობის გაძლიერებას, ასევე, ტკბილი წვენები იწვევს.

სიცხეში უკეთესია პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენის მიღება. ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მათში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა ამგვარი კოქტეილის დალევა რეკომენდებულია წყალთან გაზავებით.

რაც შეეხება ცივ წყალს. ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შევიწროების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ „დამცავ სისტემას“ რთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან.

ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა.

რაც შეეხება კვებას, ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება შეუზღუდავად შეიძლება. აღნიშნული პროდუქტები აგრილებენ და ხელს უწყობენ სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან – გამოშრობისგან იცავს.

საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი, კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები – გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.

თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას მატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების  – ბოსტნეულისა და ხილის სალათების, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და სუფები (უხორცო), ეს ის კერძებია, რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს  – სადილად მიღება უპრიანია. ამგვარი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება, იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად.

ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად სასურველია რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა.

ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდიანრე ბიოქიმიური რეაქციები. ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები  კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნეს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება,  თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არ არის.

______________________________

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 

ფოტო: pexels.com

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით „საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა – სახეობა – სახვითი ხელოვნება; მხატვარი – იოსებ შარლემანი; შექმნის დრო – 1918 წელი,  თბილისი. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი – საქართველოს ეროვნული არქივი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი – სახეობა – სახვითი ხელოვნება; მხატვარი – იოსებ შარლემანი; კონცეფციის ავტორები – ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი შევარდნაძე. 1918 წელი, თბილისი. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

წყარო: ბრძანების დანართი

სააგენტოს დირექტორის ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე ვახტანგ VI-ის სტამბაში, 1709 გამოცემულ „დავითნს“, რომელიც ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება ძალაში 2019 წლის 18 ივლისს შევიდა.

 

ხულოში მიკროავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა ერთი მგზავრი

ხულოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ვაშლოვანთან, სამარშუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი – დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია

ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის სახე  გახდა, უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.

რივალდო აჭარაბეთის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „არენა“ ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ქართველი ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი „adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი“. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, – განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.

„აჭარაბეთის“ ამბასადორი რივალდო საქართველოში ჩამოდის

ქობულეთში ავარიის შედეგად ავტომანქანა ამოყირავდა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, 2 ავტომანქანა  შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, სოფელ გვარაში

ღრუბელი და ხანმოკლე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის  21 საათიდან 22 ივლისის  21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 ივლისს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

შავი ზღვის ჯაზფესტივალი “ინკოგნიტომ” დახურა

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 20 ივლისს  ბრიტანულმა ჯგუფმა  Incognito-მ დახურა.

Incognito ბრიტანეთში 1979 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის სოლისტი და სულის ჩამდგმელი ჟან-პოლ მონიკია.  ბენდს  46 სინგლი, 17 სტუდიური და 2 ცოცხალი შესრულების ალბომი აქვს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

 

ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

 

დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად 12 100 აშშ დოლარის მითვისება ედება

აჭარაში თანხის მითვისების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მოქალაქემ მისთვის უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოსაყვანად 12 100 აშშ დოლარი ჩაურიცხა, თუმცა დაკავებულმა აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის გამოფენა ბათუმში

„ზამთარი გადატანილია“ – ასე ჰქვია გურამ წიბახაშვილის გამოფენას, რომელიც ბათუმის თიბისი გალერეაში 20 ივლისს გაიხსნა. გამოფენა და ამავე სახელწოდების ქართული და ინგლისურენოვანი წიგნი ფოტოგრაფის 250-მდე კადრსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს, გვიამბობს 1987 – 1995 წლების მრუმე ყოფაში არტისტების ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ვისთვისაც ომი, სიბნელე, უიმედობა და მძიმე სოციალური პირობები შემოქმედებით მუხტად იქცა.

წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა.

ექსპოზიციის ნაწილი იყო სტუდია “Film Asylum“-ის მიერ გადაღებული ფილმიც, რომელშიც გოგი გვახარია, ოლეგ ტიმჩენკო, რობი კუხიანიძე, ლაშა ბაქრაძე, თეო ხატიაშვილი და სხვები 90-იანებში ფიზიკური და მენტალური გადარჩენის ისტორიებზე, ზამთრის გადაგორების ამბებსა და გადასატან ზამთრებზე ყვებიან.

„თუ ადამიანს რამის კეთება უნდა, ნებისმიერ სიტუაციაში იმოქმედებს, რადგან იყო ადამიანი, ნიშნავს ქმნიდე და აკეთებდე რამეს. 90-იან წლებში ბევრი სხვადასხვა ჯგუფი და არტისტი იყო, ამ გამოფენის მთავარ თემად ჩემი თაობის ერთი ნაწილი  და მათ გარშემო არსებული სოციალური ყოფა ავირჩიე.

სათაურის იდეა – „ზამთარი გადატანილია“ ერთი გამოფენისგან მოგვივიდა, რომელიც 1993 წლის დეკემბერში მოეწყო. მამუკა ცეცხლაძემ გამოფენას „ზამთარი გადასატანია“ დაარქვა, ყოველთვის არსებობდა მოლოდინი, რომ იმ წლებში რომელიმე ჩვენგანი გაქრებოდა და არამხოლოდ ზამთარი, ყოველი დღე იყო გადასატანი. 25 წელი გავიდა მას შემდეგ და ყველაფერი გადავაგორეთ, ამიტომაც დავარქვით  ამ წიგნს და გამოფენას სიმბოლურად – „ზამთარი გადატანილია“. თუმცა, წინ არაერთი ზამთარია, რომელსაც თავად შევქმნით და მერე თავადვე გადავაგორებთ“, – ამბობს გურამ წიბახშვილი.

ორასგვერდიან წიგნ-ალბომში ანა კორძაია-სამადაშვილი 90-იანების რეალურ გმირებს აცოცხლებს, რომლებიც არ ხატავდნენ, არც წერდნენ, მაგრამ აბსურდში ცხოვრებით ძალაუნებურად იქცეოდნენ პერსონაჟებად, ნინიკო მაგალითად, რომელიც გრძელ თმას ვერ იბანდა უწყლობის გამო, პაემანზე წასვლის წინ კი მთელმა უბანმა შეუგროვა წყალი ოქროსფერი თმა რომ თამამად გაეშალა.

წიგნის პერსონაჟია თავად ანაც – გოგო 39 ნომერი, ყველგანმავალი ლურჯი ბოტასებით (მაშინ, როცა მისი ფეხის ,,ალალი“ ზომაა 37)  და იმ პერიოდში წარმოუდგენლად მდიდრული ხელფასით – 40 დოლარი!

წარმოგიდგენიათ დანგრეულ 90-იანებში ჩუბიკას მოდელების დეფილე? ან ლადო ბურდული, რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოში პირველად დაფინანსებული ალტერნატიული მუსიკის კონცერტს მართავს? – წიბახას ფირებმა ყველა და ყველაფერი შემოინახა.


როგორც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის პროექტების მენეჯერი მაშო სამადაშვილი ამბობს, პროექტზე თითქმის წელიწად-ნახევარი მუშაობდნენ გამომცემლობა ,,ინდიგოს“ ჯგუფთან ერთად, იდეა კი გურამ წიბახაშვილთან პირადი საუბრისას დაიბადა.

„კულტურა და განათლება თიბისის მთავარი პრიორიტეტია ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. არ ვცდილობთ გვქონდეს ლამაზი პროექტები, ჩვენთვის მთავარი შინაარსის შემცველი, შემეცნებითი იდეების მხარდაჭერაა“, – ამბობს მაშო სამადაშვილი.

გამოფენა „ზამთარი გადატანილია“ ბათუმის თიბისი გალერეაში 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ამავე სახელწოდების წიგნის შეძენა კი მსურველებს შეუძლიათ მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“.

50-მდე ცნობილი ბრენდი – ბათუმში ატელიე აუთლეთის კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა 

დღეს, 20 ივლისს ბათუმში, გორგილაძის N88-ში, სავაჭრო ცენტრ ბათუმი მოლის მესამე სართულზე „ატელიე აუთლეთის“ რიგით მესამე მაღაზია საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე უამრავ სტუმარს შორის ცნობადი სახეებიც იმყოფებოდნენ. გახსნის ცერემონიას მსახიობები რუსკა ქარქაშაძე და კახა კინწურაშვილი უძღვებოდნენ.  აუთლეთში მოსული სტუმრების განწყობაზე ზრუნავდა მუსიკალური ბენდი და დიჯეი. ბავშვებს დაურიგეს ბუშტები.

დღეს შესაძლებელი იყო მყიდველს მიეღო დამატებით 10%-იანი ფასდაკლება, თუ კომპანიის ფეისბუქ-პოსტს ან ლაივ-ჩართვას გააზიარებდა.

მაღაზიაში მისულ მყიდველს ფართო არჩევანი დახვდება

ფერიდე როხვაძე- ატელიე აუთლეთის მენეჯერი: „სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს ბათუმისთვის. როგორც იცით, ატელიე აუთლეთი 10 თვეა რაც დაარსდა, მესამე ფილიალია, რაც გავხსენით. ვფიქრობთ, ეს  სიახლეა ბათუმელებისთვის მიმზიდველი იმიტომ უნდა იყოს, რომ ძალიან ბევრი ბრენდი გვაქვს, 50-მდე დასახელების და მგონია, რომ ძალიან კმაყოფილი და ხელდამშვენებული უნდა წავიდს აქედან მყიდველი.

გვაქვს ყველა სეგმენტზე მორგებული ფასები. მაგალითად, საცურაო კოსტიუმები 14.90 ლარიდან იწყება. გვაქვს მამაკაცებიც სექცია, სადაც მდიდრულ ბრენდებზე გვაქვს ფასდაკლება.“

„ატელიე აუთლეთის“ გახნის ცერემონიალი

ატელიე აუთლეთს 2 მაღაზია უკვე აქვს თბილისში. როგორც ამბობენ, ყოველ შაბათს განახლდება კოლექცია და მოდის მიმდევრებს ყოველკვირეულად ექნებათ  შესაძლებლობა შეიძინონ ახალ-ახალი, ტრენდული ტანისამოსი თუ ფეხსაცმელი. 

„ატელიე აუთლეთის“ გახნის ცერემონიალს მუსიკალური ბენდი აფორმებდა

„ატელიე აუთლეთი“ მომხმარებელს 50-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, კაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობს. მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა : Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike და სხვები.

დღეიდან ატელიე აუთლეთის მაღაზია ბათუმი მოლში ყოველდღიურად 10 საათიდან მიიღებს მომხმარებელს.

„ატელიე აუთლეთში“ Massimo Dutti-ს შეძენა შეგიძლიათ
არის ქალისა და მამაკაცის კოლექციები
შეგიძლიათ შეარჩიოთ ტანსაცმელი თქვენი პატარებისათვის

ამავე თემაზე:

რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება

ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა. მას მიაჩნია, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ეს მშენებლობა ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს საბოლოოდ წაშლის.

შოთა გუჯაბიძე:

„მას შემდეგ, რაც კი არსებობს ცნება – ისტორიული ზონა, ეს ადგილი ყოველთვის არის ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონა ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში ვრცელდება განსაკუთრებული რეჟიმი: რისი აშენება შეიძლება და რისი დანგრევა, არის მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული. ასეთი დოკუმენტი საბჭოთა პერიოდში უკვე არსებობდა. არსებობდა პოსტსაბჭოთა პერიოდში ე.წ. აბაშიძის პერიოდს რომ ვეძახით. შემდეგ უკვე 2004 წლიდან ძალიან ძალიან დიდი ფული დაიხარჯა ამ ადგილის გამოკვლევაზე.

ეს ადგილი არამარტო ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისთვისა, არამედ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ბურუნთაბიეს ციხე იდგა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ფრანგი მოგზაურის ჟან მურიეს ნაშრომებში არის აღწერილი. აქ იდგა მიხეილის პოლკი. მეფის რუსეთის დროს დავით კლდიაშვილი მსახურობდა 26 წლის განმავლობაში. საბჭოთა პერიოდში აქ სამხედრო ნაწილი იდგა…

აქ ირგვლივ ყველაფერი ისტორიულია: ჯერ კიდევ ქალაქის სტატუსის მიღებამდე ამ სახლში [სამშენებლოდ მონიშნული ტერიტორიის გვერდით] ცხოვრობდა დურმიშხან ჟურული, რომელიც ქალაქის პირველი პირი იყო. აქ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია იდგა, ახლა 12-იანები რომ დგას, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაინგრა. აზიზიეს მეჩეთი იდგა აქ.

აქ გვაქვს ბოლო მოგებული ომი საქართველოს ისტორიაში, სადაც დაკრძალული არიან მაზნიაშვილის მეომრები – 50 ადამიანია დაკრძალული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, ხშირად ვუწოდებთ ამ ადგილს იუნკრების საფლავს და, სხვათა შორის, აქ არც ერთი იუნკერი არ არის დაკრძალული…

ხელისუფლება ხშირად მანიპულირებს, რომ აქ ყველაფერი კანონიერად ხდება. ისინი არ აღიარებენ, რომ დანაშაულს სჩადიან. მრავალი დოკუმენტი არსებობს იმის წინააღმდეგ, რასაც აპირებენ და ერთ-ერთი, სადაც მკაფიოდ და მოკლედ არის ჩამოყალიბებული ასე გამოიყურება: აქ [დოკუმენტში] ქუჩების დონეზე მითითებულია, სად გადის ისტორიული ზონის საზღვრები. ნინოშვილის ქუჩა, ბარბიუსის ქუჩით [ახლა ამ ქუჩას სულიკო ჟღენტის სახელი ჰქვია] ზღვამდე, სანაპირო ზოლი მიჰყვება ზღვას, საზღვაო ვაგზლამდე და ვაგზლიდან ჭავჭავაძემდე.

ეს ის ზონაა, სადაც ახლა მშენებლობას აპირებენ. ეს შედის ისტორიული ზონის საზღვრებში. რა ხდება ამ ზონის საზღვრებში? ამ დოკუმენტით ქალაქ ბათუმის ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში აკრძალულია სამსართულზე მაღალი შენობა-ნაგებობის აშენება. სამი სართული არ არის 55 სართული მოგეხსენებათ. ამ დოკუმენტით ამ ადამიანებს 4-სართულიანი შენობის აშენება უნდა გაუჭირდეთ… [ამ დოკუმენტით ჩანს] რა დონეზე არის უგლებელყოფილი კანონი, საზოგადოების აზრი.

ეს იტორიული ადგილია. ზუსტად ამ ადგილზე ძალიან ბევრჯერ სამყაროს ორი უზარმაზარი იმპერია შეჯახებია ერთმანეთს – რუსეთის და ოსმალეთის იმპერია, რომელიც დღეს ბუნებაში აღარ არსებობს, მაგრამ დგას ბათუმი, ვდგავართ ჩვენ და ვიცავთ იმ ისტორიას, ადგილს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა ისევე დასრულდება, როგორც ჩვენ [გვსურს] და არა ისე, როგორც ერთ-ორ ფულიან კაცს უნდა, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იშოვოს“.

შოთა გუჯაბიძე

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნათია აფხაზავამ თქვა, რომ საზოგადოებას აქვს ზუსტად ოთხი დღე დარჩენილი იმისათვის, რომ წარუდგინოს თვითმმართველობას მოსაზრებები და არგუმენტები, რატომ არ უნდა აშენდეს ქალაქის ისტორიული ზონაში მაღლივი ინტენსივობის შენობები.

ნათია აფხაზავას თქმით, ქალაქი ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, თუ ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენებს ააშენებენ.

„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობას აწყობენ ბათუმის ქუჩებში. ისინი ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის შესაძლებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა სურს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას. ამ მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი.

ნათია აფხაზავა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნახეთ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ბათუმის რივიერაზე მშენებლობასთან დაკავშირებით:

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რივიერას მშენებლობას ნაციონალებისგან მართული ადამიანები აპროტესტებენ

“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – საპროტესტო აქცია ბათუმში [ფოტო]

„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ამ წუთებში ბათუმის რივიერაზე ამ ადგილას 5 კოშკის აშენების მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა უკვე გააჟღერეს შემდეგი მოთხოვნები:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: შეჩერდეს პროექტის „რივირას“ საქმისწარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მოგიწოდებთ, გაითვალსიწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის გაკეთებულ სამთავრობო დოკუმენტში, აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია: „დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“.

ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური სარგებელი ეჭქვეშ დგება და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.

მოვითხოვთ, რივიერა დაუბრუნდეს ისტროიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე რითაც ძველი ბათუმის ზღვას უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიული ბათუმი დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას.

„მთავარი ღირებულება ეკონომიკური მოტივით არ უნდა დავკარგოთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქცია ბათუმის რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ

ბათუმი რივიერაზე 5 ცათამბჯენის აშენებას სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია აპირებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი. ბათუმის მერიამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გასაცემად უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები.

 

საპროტესტო აქცია ბათუმის რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რივიერას მშენებლობას ნაციონალებისგან მართული ადამიანები აპროტესტებენ

 

პოლიციამ საკარმიდამო ნაკვეთიდან სამი პიკაპი ,,კანაფი” ამოიღო

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო, რაც სამ პიკაპში ჩატვირთეს და ისე გაიტანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ზ.კ  დააკავეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ გასულ კვირას გაზრდილი ხელფასები შეიმცირა

„ძალადაკარგულად ჩაითვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, – წერია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახლახანს გამოაქვეყნა.

შესაბამისად, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება აღარ გაიზრდება.

11 ივლისის დადგენილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით.

დღეს, 20 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლების ანაზღაურება იქნება იმ ოდენობის, რაც აქამდე: მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე – 2 900 ლარი; მოადგილე – 2 700 ლარი; წევრი – 2 625 ლარი.

ამავე თემაზე:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ხელფასები გაიზარდა

 

რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა იმოგზაურეს ივნისის თვეში საქართველოში

ივნისში ყველაზე მეტი, 212 981 ვიზიტორი  საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი  167 529 ვიზიტორი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 156 117 ვიზიტორი თურქეთიდან, 148 792 ვიზიტორი სომხეთიდან, 57 837 ვიზიტორი ევროკავშირის ქვეყნებიდან, 28 125 უკრაინიდან და 22 674 ისრაელიდან.

ივნისის თვეში საქართველოში ასევე იმოგზაურეს საუდის არაბეთის, ირანის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის და კორეის რესპუბლიკის მოქალაქეებმა.

ჯამში ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი 905 177 უცხო ქვეყნის მოქალაქემ გადმოკვეთა. აქედან,  24 საათი და მეტი ქვეყანაში – 464 384 ვიზიტორმა დაჰყო.

წყარო: შსს

 

“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 20 ივლისს, 19 საათზე, რივიერას გადასარჩენად ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება.

„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები.

„ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი აუნთო ქალაქის თვიმმართველობამ. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი, საიდანაც ქალაქი ნიავდება და ხედავს ზღვას. არ გაითვალისწინეს მეცნიერების მოთხოვნა – ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა ეს ისტორიული ადგილი და არ მიეცა ინვესტორისთვის ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდეს ეკოლოგების გაფრთხილება – მრავალსართულიანი განაშენინების საფთხის შესახებ.

მოვითხოვთ, ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას,“ – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია შვიდ საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, დრამატული თეატრის უკან, იუნკერების მემორიალთან გაიმართება.

მოკლედ ბათუმი რივიერას შესახებ

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა.

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

მთავარი ფოტოს ორიგინალი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ამავე თემაზე:

უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ბათუმის რივიერაზე? [გამოკითხვა]

აჭარაში 23 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 161 აბი „სუბოქსინის“ გარდა  ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი.

დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ი.ბ. რომელსაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა ედება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღეს ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

დღეს, 19 ივლისს, ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფამ“ ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა გახსნა.

„მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და უკვე 7 კლინიკას აერთიანებს თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში.

კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე, ასევე „ავერსისა“ და სხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე წითელი ლენტი მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ერთად გაჭრეს.

ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა
ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

კლინიკის დამფუძნებელმა ბათუმის მერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრსა და მოწვეულ სტუმრებს „მედალფას“ კვლევითი-დიაგნოსტიკური კაბინეტები და ახალი აპარატურა დაათვალიერებინა. კლინიკის პრეზენტაცია მუსიკის ფონზე საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.

კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე და „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე
კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე და „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე

ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა
ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

ეს „მედალფას“ მეშვიდე სამედიცინო დაწესებულებაა, მაგრამ აჭარაში პირველია.

„დღემდე გვქონდა სამედიცინო დაწესებულებები გურიასა და შიდა ქართლის რეგიონში, ახლა უკვე აჭარაშიც. კლინიკა მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულებაა და ჩვენი სამარკო ნიშანი რამდენიმე სამედიცინო განხრით, აპარატურით და სხვადასხვა სერვისით მომსახურებაა. კომპანია „მედალფამ“ პირველად შემოიტანა საქართველოში ოფიციალურად ისეთი დიდი და ძველი, ტრადიციული იაპონური ბრენდის სამედიცინო აპარატურა, როგორიცა „Hitachi“. გახსნასთან დაკავშირებით მოსახლეობას ვთავაზობთ უფასო კონსულტაციებს და ფასდაკლებებს დიაგნოსტიკაზე ივლისის თვის დასასრულამდე“, – ამბობს „მედალფას“ გენერალური დირექტორი, გიორგი ამბროლიანი.

დასაწყისისთვის ბონის კლინიკა „მედალფამ“ 150-მდე სამუშაო ადგილი შექმნა, რაც ამდენივე დასაქმებულს ნიშნავს, თუმცა ვაკანსიების რაოდენობა დროდადრო გაიზრდება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჰოსპიტალურმა ქსელმა 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და უზრუნველყო რეაბილიტაცია-მოდერნიზება. „მედალფა ბონის კლინიკა“ 55 საწოლზეა გათვლილი, ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა მომსახურებას უწევს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს. აქ ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განყოფილებაც.

ავერსის და მედალფას დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, ყვება თუ რატომ და როგორ გადაწყდა ბონის დასახლებაში მედალფას კლინიკის დაარსება:

„სამი წლის წინ შემოგვთავაზა აჭარის მთავრობამ  გაგვეკეთებინა ამ ობიექტის პრივატიზაცია, იმ პირობით, რომ აღვადგენდით კლინიკას და დავასაქმებდით მინიმუმ 100 ადამიანს. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ეს წინადადება. ობიექტი გერმანელი ტყვეების მიერაა აშენებული საკმაოდ მყარად. შევინარჩუნეთ შენობა, დავამატეთ ბლოკები, ფართობს აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მომავალში დამატებითი ბლოკები ავაშენოთ. ვამაყობთ, რომ ძველ, განადგურებულ შენობაში მოეწყო ულტრათანამედროვე კლინიკა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბათუმის მოსახლეობა კმაყოფილი იქნება „მედალფას ბონის კლინიკის“ მომსახურებით“, – ამბობს პაატა კურტანიძე.

„მედალფა“ პირველი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი იაპონური ფირმის „Hitachi”-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა შპს „ინტერმედსერვისის“ მეშვეობით.

„მედალფა ბონის კლინიკა“ მუდმივად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო სამედიცინო სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებს. კლინიკის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით ივლისის თვის ბოლომდე ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები კლინიკაში უფასოა,  ექოსკოპიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე კი ამავე პერიოდში 30 % – იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ბათუმში ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები [ფოტო]

ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ მათგანს კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მეორე – გულკერდის დაჟეჟილობა, მესამეს – ჭრილობა ფეხზე, მეოთხეს კი – ჭრილობა თავზე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიაში სამი ავტომობილი მონაწილეობდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: ტანია ზარკჟევსკაია
ფოტო: ტანია ზარკჟევსკაია
ფოტო: ტანია ზარკჟევსკაია

 

სამი გოგო საზღვაო სამართალს საზღვარგარეთ ისწავლის

მარიამ მგელაძე, მარიამ ძიძიგური და ნინო პატარაია საზღვაო სამართალს საზღვარგარეთ ისწავლიან. „ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში“ – ამ კამპანიას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში გოგონები უნივერსიტეტებთან დააკავშირა და შემდეგ რეკომენდაცია საღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაუწია.

ნინო პატარაია შვედეთის ქალაქ მალმოში მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში ისწავლის. იგი საზღვაო სამართლის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამას გაივლის. ნინომ ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს დაფინანსება მოიპოვა.

„ძალიან ბევრი გამოწვევა დგას ამ სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის კუთხით… საერთაშორისო კონვენციების მიუხედავად, ისევ იტაცებენ მეზღვაურებს. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და უფრო მეტი თანამშრომლობა ალბათ,“ – გვითხრა ნინო პატარაიამ. იგი ფოთში ცხოვრობს და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დასრულებული საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

ნინო პატარაია გამოწვევად მიიჩნევს მეზღვაურების შრომით კონტრაქტებსაც. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი მაინც ინფორმირებაა. „მთავარი პრობლემა მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა, როცა ისინი კონტრაქტს აწერენ ხელს,“ – დასძინა ნინო პატარაიამ.

ჯერჯერობით არ იცის რა მიმართულებით იმუშავებს მარიამ ძიძიგური. იგი ბათუმელია და ბათუმის საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციაში მუშაობს.

„რაც უფრო მეტი სპეციალისტი გვეყოლება ამ კუთხით, მით უფრო გაუმჯობესდება ვითარება, მათ შორის, მეზღვაურების უფლებების დაცვის კუთხით. ასევე, აკადემიის სტუდენტებს უფრო კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ,“ – ამბობს მარიამ ძიძიგური.

მარიამ ძიძიგური მალტის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო საზღვაო სამართლის მაგისტრატურაზე ისწავლის.

ჰამბურგში, გერმანიაში საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის საზაფხულო აკადემიაში უკვე სწავლობს მარიამ მგელაძე.

„დღეს, საზღვაო სამართლის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საზღვაო გარემოს დაცვისა და საზღვაო რესურსებით სარგებლობის, საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების, მეზღვაურთა დასაქმებისა და შრომის უფლებების დაცვის საკითხები…  ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ვალდებულებასა და  გამოწვევას წარმოადგენს  საკანონმდებლო სივრცის ევროპის საკანომდებლო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, ქართველ მეზღვაურთა დასაქმებისა და საზღვაო გარემოს დაცვის საკითხები,“ – აღნიშნავს მარიამ მგელაძე.

მთავარი ფოტო: მარიამ ძიძიგური

მარიამ მგელაძე

 

 

ატელიე აუთლეტი – 20 ივლისს ბათუმში ყველაზე დიდი აუთლეტი გაიხსნება

[checklist]

  • ორმაგი ფასდაკლება – გააზიარეთ ჩვენი ფეისბუქპოსტი და მიიღეთ დამატებით 10%-იანი ფასდაკლება

[/checklist]

20 ივლისს ქალაქ ბათუმში, „ბათუმი მოლის“ მესამე სართულზე, საზეიმოდ გაიხსნება „ატელიე აუთლეტის“ მესამე ფილიალი. „ატელიე აუთლეტი“ მომხმარებლებს სთავაზობს 50-მდე ცნობილი ბრენდის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას.

ჩვენს ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike და სხვა.

გვეწვიეთ და შეიძინეთ ბრენდული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად.

გელოდებით ხვალ, 20 ივლისიდან გორგილაძის N88-ში.

გახსნა: 13:00 საათზე

მის.: სავაჭრო ცენტრი Batumi Mall

„კაკუნი სამოთხის კარზე“ და სხვა ქანდაკებები ძველი საფლავებიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, გურანდა ბენიძემ და ეკა გიგაურმა თბილისსა და მის შემოგარენში უძველესი საფლავები შეისწავლეს ფინალური გამოცდისთვის. ძიების პროცესში მათ აღმოაჩინეს „კაკუნი სამოთხის კარზე“ თუ ედუარდ მუნკის მუზის – დაგნი იუელის საფლავის ქვა. როგორ და რატომ დაინტერესდნენ ამ თემით სტუდენტები? – „ბათუმელები“ ამის შესახებ  სტუდენტებს ესაუბრა. 

„ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ ჩვენს ქვეყანას ამხელა კულტურული მემკვიდრეობა ჰქონდა“, – გვითხრა გურანდამ, რომელიც მეგობართან ერთად მუშაობდა უძველესი, წარმართული და ქრისტიანული საფლავების შესწავლაზე. სტუდენტებმა 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. გურანდა ამბობს, რომ ამ საფლავების შესწავლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

მათ მიერ გადაღებული ფოტოებიდან ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა უცნობი ადამიანის საფლავზე განთავსებული ქანდაკების ფოტო. „კაკუნი სამოთხის კარზე“ – ასე ეძახიან მესაფლავეები ამ ქანდაკებას, რომელიც კუკიის სასაფლაოზე, ბარდებსა და მცენარეებში შენიშნეს სტუდენტებმა.

„კაკუნი სამოთხის კარზე“ – ქანდაკება გვხვდება უცნობი ადამიანის საფლავზე. გურანდას თქმით, მესაფლავეები ამ სახელით მოიხსენიებენ ქანდაკებას.

„ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს ძეგლი იქნებოდა მუზეუმში. იმდენად შთამბეჭდავია, მიქელანჯელოს ნამუშევარს ჰგავს. გასაოცარი ოსტატობით არის შექმნილი, სხეულის კუნთებიც კი გამოყვანილია“, – ამბობს გურანდა.

მისი თქმით, საფლავი დახლოებით 1900 წლებშია გაკეთებული და უცნობია, თუ ვინ არის დაკრძალული. საფლავს წლებია არავინ აკითხავს: „მესაფლავეებს მოსწონთ ქანდაკება და ამიტომ უვლიან. ხშირად წმენდენ ბალახისგან, თუმცა ძლივს შევნიშნეთ, ისე იყო ეკალ-ბარდებში მიმალული“.

მისი აზრით, ეს ქანდაკება ნამდვილად წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას და მის შენარჩუნებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. „ან მუზეუმში უნდა გადაიტანონ, რომ დროთა განმავლობაში არ დაზიანდეს“, – მიიჩნევს ის.

დღეს საფლავი და ეს ქანდაკება ბედის ანაბარადაა მიტოვებული. მის სანახავად მხოლოდ ფოტოგრაფები თუ შემოივლიანო, – უთხრეს გურანდას მესაფლავეებმა.

თემაზე მუშაობის იდეა ეკა გიგაურს გაუჩნდა. გვიყვება, რომ ამ თემით ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაინტერესდა, რადგან პატარობისას ნახა სამაროვნები, რომელმაც მასზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა.

„აქ არის სამაროვნების კულტურა, საფლავზე იცოდნენ ისეთი ქვის დადება, სადაც მთლიანად არის ამოტვიფრული ადამიანი. ეს რომ პირველად ვნახე, პატარა ვიყავი და ჩამრჩა გონებაში. რამდენჯერაც ვნახე ეს საფლავები, იმდენჯერ განმიახლდა მათ მიმართ ინტერესი. როცა სალექციო კურსის ფარგლებში ლექტორმა დაგვავალა ფილმის გადაღება, ეს თემა გამახსენდა და დავიწყეთ მოძიება“.

„ცხვარიჭამიას სასაფლაოზე ბევრი უძველესი საფლავია, მათ შორის ერეკლე მეფისდროინდელი. ეს საფლავები ამბავს გიყვება გარდაცვლილზე. ზოგი ჯმუხი სახით ხატია, ზოგი – გაღიმებული, ზოგს ხელები ჰქონდა შეკრული, რაც მორჩილებაზე მიუთითებს, ზოგს ეწერა, რომ ერეკლე მეფეს ახლდა ომში და იქ დაიღუპა. სწორედ ამიტომ არის ეს საფლავები გამორჩეული“, – ამბობს გურანდა.

სტუდენტები გვიყვებიან, რომ ყველა საფლავი განსხვავებულია და სხვადასხვა კულტურის თანაცხოვრებაზე მეტყველებს ერთ გარემოში.

„ვნახეთ ბერძნულ-რომაული სტილის აკლდამა, რომელიც 1943 წელს გარდაცვლილ დავით ვაშაკიძეს ეკუთვნის. მის ასაგებად დედას სახლის გაყიდვაც კი მოუხდა.

აკლდამა კუკიის სასაფლაოზე

„ამ ისტორიის მიხედვით, დედა აკლდამაში გადმოსახლდა და ყოველდღე ბალზამირებას უკეთებდა მიცვალებულს. აკლდამის კედელზე გამოსახულია დაჭრილი ჯარისკაცი. წარწერების მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ დედა ჯარისკაცის გულზე დაასვენეს და აკლდამა მიწით ამოავსეს.

აკლდამას წარწერებიც ბერძნული აქვს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის უცხოელი არქიტექტორების მიერ არის აგებული“ – გვიყვება საფლავის ისტორიას გურანდა.

სტუდენტებმა ცხვარიჭამიაში ერთი პერიოდის, თუმცა ვიზუალურად განსხავავებული ძველი საფლავები გადაიღეს.

ზოგი საფლავი პატარაა, წახნაგოვანი, თხელი, ზოგი საფლავის ქვა უფრო სქელია, „რაც ალბათ მათ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ძველი საფლავებიდან ჩანს, რომ ჩვენში დაკრძალვის ტრადიცია უფრო მგლოვიარე იყო, ვიდრე დღეს. უფრო მეტი განცდა ჩანს ამ საფლავებზე. დღეს ადამიანებს თითქოს უფრო გაცივებული აქვთ გრძნობები და ეს ჩანს საფლავებზეც“, – გვეუბნება გურანდა ბენიძე.

ის გვიყვება კიდევ ერთი საფლავის შესახებ, რომელიც 14 წლის გოგონას ეკუთვნის:

„საფლავზე წერია თუ როგორ დაამწუხრა მშობლები მისმა სიკვდილმა. აქვეა წარწერა იმაზეც, რომ დედამ ვერ გაუძლო მის სიკვდილს და მალევე გარდაიცვალა.

ქანდაკება კუკიის სასაფლაოს შესასვლელთან

ძველი საფლავები უფრო მეტყველია, ფაქტობრივად, გარდაცვლილის ისტორიას გვიყვება, თანამედროვე საფლავებზე კი მხოლოდ დაბადების და გარდაცვალების თარიღებია ხშირად. მეტი არაფერი“.

გამოსახულება ერთ-ერთ უძველეს საფლავზე

სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ორი საფლავი ცხვარიჭამიას სასაფლაოზე. ამ საფლავებზე არც ჯვარია გამოსახული და არც სხვა  რელიგიისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმბოლო. „ოთხკუთხა ქვებია და ზედ ადამიანებია გამოსახული, თუმცა ძალიან პრიმიტიულად. ერეკლე მეორის დროინდელ საფლავის ქვებზე, მაგალითად, ტანისამოსიც ნათლად ჩანს, ნაწნავებიც კი ამოტვიფრულია, ამ საფლავებზე კი მარტივი მოხაზულობაა და თუ რომელი პერიოდისაა, კვლევა სჭირდება“, – ამბობს გურანდა.

„როგორი ხაზი აქვთ, – მეტყველი, თხრობითი… სამაროვნებზე თითქმის ყველა სამარხს აქვს წარწერა, რომ მნახველს სთხოვს შენდობას. ეს სამარხები საკუთარ ისტორიებს ყვებიან, ვიღაცას ქრისტიანული ჯვარი აქვს მიხატული, ვიღაცას ბორჯღალი, რაც რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. საბრძოლო, შრომის იარაღებია წარმოდგენილი, რომელ სოციალურ ფენას წარმოადგენენ, ესეც კარგად ჩანს და რადგან ეს თემა არ არის ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი, ვფიქრობთ, ამ ხაზს გავყვებით“, – გვეუბნება ეკა.

მისი თქმით, ეს სამარხები კარგად აჩვენებს ეთნოფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელ ელემენტებს.

გურანდა ამბობს, რომ იპოვეს ნორვეგიელი ფერმწერის, ედვარდ მუნკის მუზის, დაგნი იუელის საფლავის ქვაც, რომელიც მესაფლავეებმა საკუთარი სახსრებით გადაარჩინეს. ულამაზესი ნორვეგიელი ქალი 1901 წელს თბილისში, სასტუმროში მოკლეს. 

ასე გამოიყურება დაგნი იუელის საფლავის ეპიტაფია
გურანდა ამბობს, რომ ფინალური ნაშრომისთვის 14 ძველი საფლავი გადაიღეს, თუმცა სამომავლოდ კიდევ აპირებენ ძველი და საინტერესო სამარხების მოძიებას.

სტუდენტების მოკლე დოკუმენტურ ფილმში მოხვდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების საფლავებიც, რომლებიც, გურანდა ბენიძის თქმით, ამ კლანის სრულიად განსხვავებულ ცხოვრების წესზე მეტყველებენ. „გადავიღეთ ცოცხალი ადამიანის საფლავი, რომელიც სიცოცხლეშივე გაუკეთებია“, – გვეუბნება გურანდა. მან გვითხრა, რომ უკვე ბევრი ადამიანი დაუკავშირდა ახმეტიდან, გორიდან, გურიიდან, რომელთაც უნდათ საინტერესო საფლავები აჩვენონ სტუდენტებს.

სტუდენტები უძველესი საფლავების შესწავლას თიანეთშიც აპირებენ, სადაც ერთხელ უკვე იმყოფებოდნენ. „თიანეთში დაკრძალვისა და გლოვის ძალიან დამახასიათებელი ტრადიცია არსებობს. ვნახეთ საფლავებზე დატოვებული შავი თავსაფრები. როგორც იქ გვითხრეს, სანამ ეს თავსაფრები არ გახუნდება, მანამდე უნდა იყოს საფლავზე“, – გვეუბნება გურანდა.

აქ განისვენებს სასულირო პირის, იოსებ ბერიძის ქალიშვილი და მისი ოჯახის სხვა წევრები. ბერიძემ კუკიის სასაფლაოზე ააგო წმ. ნინოს სახელობის ეკლესია.

გადაკეტილი ქუჩა სასამართლოსთან – რას ჰყვებიან „რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე“ ბრალდებულები

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები გარეთ,“ – ამ მოთხოვნით დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხულიგნობისთვის ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ბადრაგის სამსახურის იმ ავტომანქანას არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას, რომლითაც ბრალდებულები გადაჰყავდათ.

საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი – სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთი, გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ვერ დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა დანით. მას ამ დრომდე ეძებენ. შესაბამისად, ამ დროისთვის დაკავებული არიან ის პირები, ვინც ხელით ჩხუბობდა.

ბრალდებულების ახლობლებს პოლიციელებმა განუმარტეს, რომ მათ უნებართვოდ ქუჩის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციელებმა ე.წ. კორიდორის მოწყობა მოახერხეს, სადაც ბადრაგის მანქანამ გაიარა. ამ დროისთვის [15:40 საათი] ბრალდებულების ახლობლები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იკრიბებიან.

ქუჩის გადაკეტვამდე ხმაური იყო სასამართლო პროცესზეც. პატიმრობიდან გათავისუფლება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა რეზო წ.-მ სთხოვა. „ჩვენ შევრიგდით ოჯახებით და იყო შეხვედრა… ღმერთს მადლობა, ყველა გადავრჩით,“ – მიმართა რეზო წ.-მ მოსამართლეს.

მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ, ამ საქმის კიდევ ერთი ბრალდებული – გიორგი ტ. შეახსენა. ისიც „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზე“ დააკავეს, ოღონდ ციხეში მყოფებისგან განსხვავებით, გამოძიების ვერსიით, იგი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა და გასროლასაც აპირებდა. ეს ბრალდებული პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ის ხულიგნობაში ბრალდებულ პირებთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენდა.

ადვოკატმაც ეს უთხრა მოსამართლეს, რომ „გარემოება შეიცვალა“.

„გიორგი ტ. რატომ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი სასამართლოსთვის?“ – იკითხა მოსამართლემ. მან ბრალდებულებს კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა მოსთხოვა, რაც დაადასტურებდა, რომ მხარეები შერიგდნენ. ვინაიდან ასეთი მტკიცებულება დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი არ იყო, მოსამართლემ ოთხივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„მე რომ მქონოდა იარაღი და დავეჭირე, ხომ მომცემდნენ სამ  წელიწადს? კაცი, რომელიც ადამიანს უმიზნებდა, გარეთაა… დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ,“ – გვითხრა ომარ ქ.-მ. ის პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის, ტარზან ქ.-ს მამაა.

ბრალდებულებს და არც მათი ოჯახის წევრებს გათავისუფლებულ გიორგი ტ.-ზე საუბარი არ სურთ. „ეს ჩვენი საქმე არ არის,“ – მოკლედ გვიპასუხეს მათ. ახლობლები მიიჩნევენ, რომ ჩხუბი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ოთხი თვეა ეს ადამიანები ციხეში არიან და „საკმარისად უკვე დაისაჯნენ.“

ჩხუბი მოსამართლეს დაუდასტურა ბრალდებულმა რეზო წ.-მაც. მისი თქმით, იგი დაჭრილი ადამიანის სანახავად მივიდა რესპუბლიკურში. „იყო ხმაურიც, რაც არ იყო სწორი და ამან გამოიწვია მედპერსონალის პარალიზება… მაგრამ ჩვენ ვიყავით თავდაცვის რეჟიმში,“ – უთხრა რეზო წ.-მ მოსამართლეს.

ბრალდებულებმა დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებლებს უთხრეს, რომ მათ „ნახევარი სიმართლე“ ასახეს ოქმებში.

„თქვენ უთხარით უფროს გამომძიებელს, უჩა კახიძეს, არ ემთხვევა ჩვენება ერთმანეთს და რა გავაკეთოთო… თქვენ დამალეთ ის, თუ რა მოხდა საავადმყოფოს ფაქტამდე, მანამდე ჩვენ პოლიციის მე-4 განყოფილებაში ვიყავით,“ – მიმართა გამომძიებელ რომან სირაძეს ბრალდებულმა დათო ქ.-მ.

რა მოხდა საავადმყოფოსთან კონფლიქტამდე, ან რის გამო დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“? – მოტივებზე საუბარი ბრალდებულებს ამ ეტაპზე არ სურთ, არც მათ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს. დაპირისპირების მიზეზს ნაწილობრივ მხოლოდ ბრალდებული რეზო წ. შეეხო:

„ჩვენ გვითვალთვალებდნენ… მერე შეეშალათ, ავტომანქანა აერიათ და ჩვენ ნაცვლად გალახეს ჩვენი მეგობრები. ჩვენ მივედით დაჭრილი მეგობრის სანახავად საავადმყოფოში, მერე ისინიც მოვიდნენ და ამან გამოიწვია ხმაური…“ – აღნიშნა რეზო წ.-მ.

ერთ-ერთ წინა სასამართლო სხდომაზე კი ერთ-ერთმა დაკავებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის მოჭიდავეა და ამ ჩხუბის დროს თავს იცავდა „ქურდული სამყაროს წევრებისგან“.

ბრალდებულებს ჯერ ჩვენება სასამართლოსთვის არ მიუციათ.

 

ამ თემაზე:

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

 

თიბისი IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს კურსებზე – UX და NET. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 31 ივლისამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ:

[checklist]

[/checklist]

თიბისი IT აკადემიაში სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო პლატფორმა ერთი მხრივ, აერთიანებს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი, მეორეს მხრივ, კი მათ შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.

თიბისი IT აკადემიაში განათლების მიღება ჟიურის მიერ შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ. 4 თვის განმავლობაში, ახალგაზრდებს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე.

სტუდენტების პირველმა ნაკადმა IT აკადემიაში 4 თვიანი კურსი უკვე გაიარა. თიბისის გადაწყვეტილებით, აკადემიის 25-ვე კურსდამთავრებული სტუდენტი თიბისი ბანკსა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდება.

„თიბისი მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თიბისი ავითარებს ეკოსისტემებს, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის მონაწილე კომპანიები ინტეგრირებული სერვისების მიწოდებით ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ფინანსური ტექნოლოგიების ცოდნის შეძენა და გავრცელება მთელ ბაზარზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თიბისი IT აკადემიის დაფუძნება. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კურსზე სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა სტუდენტმა შეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კარგი განათლების მიღება“, – ამირან შეროზია, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy.

თეგეტა მოტორსი პირველ საავტომობილო ექსპოს გამართავს ბათუმში

Tegeta Motors • თეგეტა მოტორსი საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში გამართავს.

ექსპოზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო მასშტაბის ბრენდები როგორც საავტომობილო ინდუსტრიიდან, ასევე პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით: Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Total, JCB, Shell, Mobil და სხვა.

გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გაეცნონ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

გამოფენაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

რა თქმა უნდა, დღე არ ჩაივლის სიურპრიზების გარეშე – ჩვენ გავათამაშებთ არაერთ საინტერესო საჩუქარს და მათ შორის –  NIU Georgia • ნიუ საქართველო‘ს სკუტერს. გათამაშებაში სკუტერის მოგება შეუძლია აბსოლუტურად ყველა დამსწრეს.

ცხადია, ექსპო არ ჩაივლის მუსიკის გარეშეც და საღამო ჯგუფი „ფრანის“ კონცერტით დასრულდება, რომელიც „არტ-გენის“ პროგრამას შემოგთავაზებთ.

ღონისძიების წარმდგენი იქნება TBC – თიბისი .

მის.: ბათუმი, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთა.

ბრალდებულების ახლობლები სასამართლოსთან ბადრაგის მანქანას არ ატარებენ

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ ბრალდებულების ახლობლები. სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა იმართება იმ პირების საქმეზე, რომლებმაც გამოძიების ვერსიით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში იჩხუბეს ამ წლის მარტის თვეში. ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

გამოძიების ვერსიით,  საავადმყოფოს ეზოში იჩხუბა რამდენიმე პირმა. ბრალდების თანახმად, მათ შორის ერთ-ერთ პირს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღო. მოგვიანებით ეს პირი, გიორგი ტ. გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე. ის პირები კი, რომლებიც ხელით ჩხუბობდნენ, დღემდე პატიმრობაში რჩებიან.

ერთ-ერთმა დაკავებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის მოჭიდავეა: „მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო“.

სწორედ ამ დაკავებულების ახლობლები მართავენ ახლა საპროტესტო აქციას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.

საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს, ადვოკატების თქმით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულების ახლობლები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, შეხვედრას ითხოვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან.

სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.

აქცია სასამართლოსთან. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“
აქცია სასამართლოსთან. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

ამავე თემაზე: 

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

 

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, სსიპ ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება.

18 ივლისს, სსიპ ბათუმის ბულვარმა განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა.

განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას.

ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის – ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით.

პროექტი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების)  ნაწილს.

ელექტრონულ კონკურსში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაიწყება და  19 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებისა და დარგის საუკეთესო სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია. კონკურსის დასრულების შემდგომ საპროექტო დოკუმენტაციას ასევე დარგის სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული მიმღები კომისია ჩაიბარებს.

ინფორმაცია ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=311856&lang=ge

ძროხა ბათუმის სკვერში – მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდა [ფოტო]

„სანდასუფთავებამ“ ბათუმში მოქალაქე დააჯარიმა, რომლის ძროხა ყინულის სასახლის მიმდებარე სკვერში ძოვდა ბალახს. ჯარიმა ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყუროდ დატოვების გამო 20 ლარია.

ფოტო: შპს სანდასუფთავება

ბარათი 10 ლარად, რომლითაც აჭარაში 40%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ ტურისტულ ობიექტებში

Batumi Discount Card – ასე ეწოდება ფასდაკლების ბარათს, რომლის ათ ლარად შეძენის შემთხვევაში, აჭარაში მდებარე 52 ტურისტულ ობიექტში 40-პროცენტამდე ფასდაკლებას მიიღებთ.  მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი და კვებისა და განთავსების სხვადასხვა  ობიექტი.

Batumi Discount Card-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა.

„ბარათში შევძელით თავი მოგვეყარა 50-ზე მეტი ტურისტული ობიექტის, ღირსშესანიშნაობის, კვებისა და განთავსების ობიექტისთვის, სადაც წლის ნებისმიერ დროს ბარათის მფლობელებს 10-დან 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ,“ – აღნიშნა პრეზენტაციაზე თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ფასდაკლებების ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა.

ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და აქტივობებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით.

Batumi Discount Card-ის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაცია ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა ბათუმში

შაბათს, 20 ივლისს, 19 საათზე, ბათუმში, „თიბისი გალერეაში“, გურამ წიბახაშვილის გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია – „ზამთარი გადატანილია“ გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები 90-იანი წლების საქართველოს ასახავს. ამავე სახელწოდების წიგნი გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, მის ისტორიებს და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით შეიქმნა.

მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის 37. „თიბისი გალერეა“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის  21 საათიდან 20 ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 21-22 ივლისს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

პატრულის თანამშრომლები ახალი უნიფორმით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახალი დიზაინის უნიფორმებით იმუშავებენ.

„თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან. გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე“, – აცხადებენ შსს-ში.

პატრული/პოლიცია
Exit mobile version