მთავარი,სიახლეები

დაპატიმრებაზე პროკურატურის მოთხოვნას სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს – საია

09.10.2019 • 1827
დაპატიმრებაზე პროკურატურის მოთხოვნას სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს – საია

„შეინიშნება პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაის“ ახალ ანგარიშში, რომელშიც სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული გასული წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. საია-ს იურისტები სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ეს ორგანიზაცია მსგავს მონიტორინგს 2011 წლიდან ამზადებს.

საია-ს მონიტორინგმა აჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში [83%] სასამართლო არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას.

„სასამართლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასამართლო ნაკლები გულმოდგინებით ეკიდება პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხს და თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელად ტოვებს პატიმრობას, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე არ ასაბუთებს პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობას,“ – წერია საია-ს ანგარიშში.

მონიტორინგი შეეხო საპროცესო შეთანხმების ნაწილსაც. საია-ს შეფასებით, სასამართლო იშვიათად მსჯელობს სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, ურიგდება პროკურატურას და სასამართლო განხილვა წყდება.

„საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე დაკვირვებამ გამოავლინა არაერთი შემთხვევა, როდესაც პროცესები ჭიანურდებოდა, კერძოდ, სხდომები დაგვიანებით იწყებოდა ან, საკმაოდ ხშირად, გახსნისთანავე ხდებოდა მათი გადადება… საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ოჯახური დანაშაულების პროცენტული მაჩვენებელი, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის გამოვლენის გაზრდილ რაოდენობაზე მიუთითებს“, – ვკითხულობთ საია-ს ანგარიშში.

საია-ს დასკვნაში საუბარია ნარკოდანაშაულებზეც. ორგანიზაციის შეფასებით, ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ კანონმდებლობას ხარვეზები აქვს. „აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიხვეწოს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ნუსხა და დაწესდეს ადეკვატური სასჯელები,“ – წერია საია-ს ანგარიშში.

„სასამართლო პროცესების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სისხლის სამართალწარმოება ხარვეზებით მიმდინარეობს, თუმცა, გარკვეულ საკითხებში შეინიშნება გაუმჯობესებული მიდგომები,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: