მთავარი,სიახლეები

კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსის გამარჯვებულია

24.09.2019 • 2126
კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსის გამარჯვებულია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ გუშინ, 23 სექტემბერს, გამოსცა განჩინება, რის საფუძველზეც შეაჩერა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული მეოთხე კონკურსი. ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ, უჩივლა სასამართლოში.

სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი აქამდე სამჯერ გამოაცხადა. გიორგი კოხრეიძემ პირველ ორ კონკურსში 0 ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ერთი ხმის საჭიროებას ადგენს.

გიორგი კოხრეიძემ სასამართლოს მიმართა და საბჭოს მიერ 25 აგვისტოს მეოთხედ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება ითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მრჩეველთა საბჭოს მესამე კონკურსის გამარჯვებულად გიორგი კოხრეიძე გამოაცხადოს.

სარჩელის თანახმად, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ მესამე კონკურსის დროს სხდომაზე მყოფი საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა სწორედ მან მოიპოვა. 22 აგვისტოს გამართულ სხდომას საბჭოს ოთხი წევრი ესწრებოდა, მათგან ერთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, სხვა სამ წევრთაგან ორმა კი სწორედ მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

სასამართლომ გიორგი კოხრეიძის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დაავალდებულა: „შეჩერდეს 2019 წლის 25 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების #01-01/19 [მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი], მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე“.

მეოთხედ გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება 26 აგვისტოს დაიწყო და დღეს, 24 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან ოთხს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს გასდის. შესაბამისად, საბჭო დღეს მოქმედი შემადგენლობით ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს ვეღარ აირჩევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: