მთავარი,სიახლეები

მოქალაქემ სასამართლოშიც ვერ გაიგო, რატომ არ აძლევს პოლიცია საზღვრის კვეთის უფლებას

09.10.2019 • 2514
მოქალაქემ სასამართლოშიც ვერ გაიგო, რატომ არ აძლევს პოლიცია საზღვრის კვეთის უფლებას

„სასამართლომ სამართლებრივ ვაკუუმში მოაქცია ეს ადამიანები, ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერსად გაასაჩივრებენ“, – ასე აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მოქალაქე გიგა ბ.-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. გიგა ბ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც საზღვრის დატოვების უფლებას არ აძლევენ. მას არც ერთი ოფიციალური უწყება არ ეუბნება, რატომ შეუზღუდეს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება.

გიგა ბ. სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში მოწმეა. აპრილსა და მაისში იგი სარფის საბაჟოს გავლით ქვეყნის დროებით დატოვებას აპირებდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მებაჟეებმა მას უთხრეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთდა და თუ რატომ ჰქონდა შეზღუდვა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეტყოდნენ. „ბათუმელები“ 2019 ივლისში წერდა გიგა ბ.-ს და სხვა პირების შესახებ, რომლებსაც საზღვის კვეთაზე დაუსაბუთებლად უთხრეს უარი.

გიგა ბ.-ს თქმით, მას გამომძიებელმა უჩა კახიძემ უთხრა, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთდა, თუმცა არ აუხსნია რის საფუძველზე.

„შეზღუდული მაქვს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა? რის საფუძველზე მეზღუდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა?“ – ამ კითხვებით გიგა ბ.-მ 7 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი მას საერთოდ არ მიუღია.

7 ივნისის მიმართვა

 

„გააუქმეთ გამომძიებლის, უჩა კახიძის უკანონო მოქმედება, რომლითაც შეზღუდული მაქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა,“ – დაუწერა წერილში მოქალაქემ აჭარის მთავარ პროკურორს, ნათია სონღულაშვილს 19 ივნისს, თუმცა მოქალაქემ პასუხი ვერც პროკურატურისგან მიიღო.

19 ივნისის მიმართვა

 

მოქალაქეს არც შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა. 10 ივლისს გიგა ბ.-მ წერილით უშუალოდ მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა.

10 ივლისის მიმართვა

 

საბოლოოდ, მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

2 ოქტომბრის მიმართვა

 

სასამართლომ მოქალაქის საჩივარი არ დააკმაყოფილა და განჩინებაში ჩაუწერა, რომ საჩივარს ვერც გაასაჩივრებს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე 4 ოქტომბერს მიღებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ვერ დასტურდება, გამომძიებელმა მართლა შეუზღუდა თუ არა მოქალაქეს საზღვრის კვეთის უფლება. მოსამართლე ამავე გადაწყვეტილებაში არაფერს ამბობს, რის გარკვევა სცადა თავად სასამართლომ და რა გამოარკვია.

„წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალებით სასამართლოს არ უდასტურდება, რომ გიგა ბ.-ს მიმართ აღნიშნული უფლების განხორციელებაზე დაუწესდა რაიმე სახის შეზღუდვა და გამომძიებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორის მიერ ასეთი სახის გადაწყვეტილება წარმოდგენილი არ არის,“ – აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში იმის მიუხედავად, რომ გიგა ბ.-მ სასამართლოს ყველა დოკუმენტი წარუდგინა, რითაც მან საჯარო უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სცადა.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მოსამართლეს პროკურატურისგან უნდა მოეთხოვა ახსნა – განმარტება.

„საჩივრის ავტორი განმარტავს, თუ რის გამო ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები. სხვა ბერკეტი მოქალაქეს არ ჰქონდა. სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება… ველოდი, რომ ამ მიმართულებით ექნებოდა მსჯელობა მოსამართლეს, მაგრამ ეს განჩინებიდან არ ჩანს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

4 ოქტომბერი, სასამართლო განჩინება

 

„საჩივრის განხილვით სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზე აეკრძალა გიგა ბ.-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და რომლის საფუძველზეც დაირღვა ან დაირღვევა მისი კონსტიტუციური უფლება. მოქალაქე მხოლოდ აღნიშნავს საჩივარში იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საზღვარზე მისულს არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ იგი სარგებლობდა მოწმის სტატუსით. რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, გადაწყვეტილება, ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან და საზღვრის კვეთის შეუძლებლობაზე მას არ გადასცემია,“ – წერია განჩინებაში, რომელიც ამ ფრაზით სრულდება: „განჩინება არ საჩივრდება“.

საია-ს იურისტის განმარტებით, ეროვნულ დონეზე ამ გადაწყვეტილებას გიგა ბ. მართლაც ვერსად გაასაჩივრებს. გამოსავალი მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მიმართავს თუ არა მოქალაქე ევროსასამართლოს იმის გამო, რომ მას მეზობელ ქვეყანაში გადასვლის უფლება არ მისცეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: