ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა. მერის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ მშენებლობას პერმანენტულად მანამდეც აპროტესტებდა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 მარტსაა გაცემული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება.

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას კი ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

2018 წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

„ბათუმელებმა“ კი, დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამ პროექტს ახორციელებენ გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ასევე, უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება – მაშინ, როცა ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობას აქციებით აპროტესტებდნენ, „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მამუკა ხაზარაძე დაკითხა. 

დღეს, 24 ივლისს, კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. „მაინც ავაშენებთ!!!”, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და აზიარებს ცნობას, რომლის თანახმადაც პორტისათვის გენერალური მშენებელი კომპანია შეირჩა. ის ფრანგული Eiffage იქნება.

იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში და რა სახის სატრანზიტო ტვირთების გადატანაა დასაშვები ამ ტერმინალიდან – ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით?

ამ თემაზე:

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში სხვა სამუშაოებიცაა დაგეგმილი. აქ უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას გეგმავს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, რათა უზრუნველყოფილი იყოს 10 ათასი ტონა ტევადობის თხევადი აირის გადამტანი ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. თამარის დასახლებაში ამისთვის 7 ახალი აირსაცავი რეზერვუარი მოეწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის].

მთავარი ფოტო: კარბამიდის ტერმინალის ინფრასტრუქტურის განლაგების სქემა / ფოტო პროექტიდან

ამ თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

ერმაკოვი მოსამართლეს: მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში

ბიუჯეტიდან დაკარგულ 1 მილიონ 300 ათასზე გააკეთა აქცენტი სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ, როცა მან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე დღეს, 24 ივლისს, “მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე” წინასასამართლო სხდომას ხელმძღვანელობს. პროცესის ერთ-ერთი ნაწილი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შესაძლო შეცვლაა.

“ეს არაა სამართლებრივი მსჯელობა, ძალიან უჭირს პროკურატურას,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. მან კანონის ჩანაწერზე ისაუბრა, სადაც განმარტებულია, რომ “კონკრეტული ფაქტების და ინფორმაციის საფუძველზე” უნდა დგინდებოდეს პირის პატიმრობიდან გათავისუფლების საფრთხე.

“პროკურორს დაავიწყდა, რომ ბრალდებულებს დროებით შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. თუ არასამოხელეო დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეს ჰგავს პინგ-პონგის თამაშს, ასე შეიძლება ნებისმიერმა პირმა ჩაიდინოს დანაშაული,” – დასძინა რამინ პაპიძემ.

ადვოკატმა ბიუჯეტიდან დაკარგულ მილიონზეც ისაუბრა. მან პროკურატურას მიანიშნა, რომ საქმეში არ არის მოწმე ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ამ გაფლანგვით რაიმე ფინანსური სარგებელი მიიღეს ბრალდებულებმა.

რამინ პაპიძე საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების ნაცვლად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასაც ითხოვს.

ბიუჯეტიდან დაკარგულ ფულზე ისაუბრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმაც. მან ყურადღება “ბაზისბანკსა” და ბათუმის მერიას შორის არსებულ სასამართლო დავაზე გააკეთა, რაც ჯერ არ დასრულებულა  – “იაფი სახლის პროექტზე” საბანკო გარანტიის ნამდვილობა თავის დროზე “ბაზისბანკმა” დაადასტურა. ამჯერად ბათუმის მერია ამ ბანკს სთხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც პროკურატურა მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავება.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საქმეზე,” – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბაგრატ ხალვაშის და ეგარსლან ლომიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატმა ბრალდებულების 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა.

“მილიონ 600 ათასი იყო კომპანიისთვის ავანსის სახით გადარიცხული და არა მილიონ სამასი, ბატონო პროკურორო,” – მიმართა პროკურორ რამაზ შავაძეს გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა. ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურორი მხოლოდ დაკარგულ თანხაზე არ უნდა საუბრობდეს, თუკი გამოძიება ირწმუნება, რომ წინასწარ განზრახვით თანხის გაფლანგვასთან გვაქვს საქმე.

ადვოკატს დაეთანხმა ბრალდებული გიორგი ერმაკოვი, ბათუმის ყოფილი მერი:

“მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში და პოლიციაში… სამი წელია მიმდინარეობდა ამ საქმის გამოძიება, ჩვენ გამოგვკითხეს და ვერ მეტყვის პროკურორი ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჩვენ თავი ავარიდეთ ან გამოუცხადებლობას ჰქონდა ადგილი,” – აღნიშნა ერმაკოვმა.

“მას შემდეგ, რაც გამოკითხეთ არჩილ ვანაძე, მას შეუზღუდეთ რომელიმე ეტაპზე ტელეფონით კომუნიკაცია?” – მიმართა პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძეს არჩილ ვანაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ბაგრატ მანველიძე – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი და განათლების მინისტრის მოადგილე

“არა,” – მოკლედ უპასუხა ადვოკატს პროკურორმა.

“ეს ადასტურებს იმას, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ახლა მით უმეტეს აღარ არსებობს… არჩილ ვანაძეს შეეძლო დაერეკა ვინმესთვის დაკავებამდე. მან იცოდა, რომ იყო ძიება და ეს სამი წელი გრძელდებოდა,” – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

“ამ საქმეზე 27 ტომი წარმოადგინა პროკურატურამ,” – აღნიშნა მოსამართლემ, როცა იგი წინასასამართლო სხდომის კიდევ ერთ საკითხს – მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავდა. მხარეებმა ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნიეს, თუმცა სადავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში თითოეულ მოწმეს მოუსმენენ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღევანდელ პროცესზე შვიდივე ბრალდებულს ჰკითხა, ცნობენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ. ბრალდებულებს ერთნაირი პასუხი ჰქონდათ: “არა”.

არჩილ ვანაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სასამართლო დარბაზში პერიოდულად ისმის ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ხმა: “თავისუფლება არჩილ ვანაძეს,” – სკანდირებენ აქციაზე.

„აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია მზადაა“ – ტურიზმის დეპარტამენტის პასუხი ენმ-ს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც დღეს, 24 ივლისს, გაიმართა. ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მთავრობის ტურიზმის პოლიტიკა გააკრიტიკეს და აჭარის მთავრობას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბოლო წლებია სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში რეგიონში რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ევროპულ ბაზრებზე, როგორებიცაა: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი.

სარეკლამო კამპანიებს არ ვანხორციელებთ რუსეთის ტურისტულ ბაზარზე.

მიმდინარე წელსაც რეგიონის პოპულარიზაცია იანვრიდან დავიწყეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, რაც შემდეგ სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, სატელევიზიო რეკლამებითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით გაგრძელდა. ამ წუთებშიც, BBC-ზე, Euronews-ზე, Deutsche Welle-ზე სატელევიზიო რეკლამის შემდეგ, რეგიონის საიმიჯო რგოლებს National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

გვინდა გავახაროთ ჩვენი ოპონენტები, რომ უკვე მზადაა რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც გახდება სამოქმედო გეგმა მთავრობისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტის პრეზენტაცია აგვისტოში იგეგმება. რაც შეეხება კურორტ გოდერძის, იქ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც 160 მილიონ ივესტიციას და 18 ინფრასტრუქტურულ პროექტს ითვალისწინებს.

სწორედ მთავრობისა და კერძოს სექტორის თანამშრომლობის შედეგია ის ჩარტერული რეისებიც, რაც ბათუმში წელს ტალინიდან, ბაქოდან, ვარშავიდან, ყაზახეთიდან და ვილნიუსიდან სრულდება. ბათუმი და ზოგადად, აჭარა კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საერთაშორისო კონფერენციების, ფესტივალების, სპორტული ღონისძიებებისა და შეხვედრების ეპიცენტრი ქვეყანაში,“ – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

________

ფოტო: gobatumi.com

ლარი დღეს დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გაუფასურდა

გუშინ ბათუმის ქუჩებში ვალუტის პუნქტებთან დამონტაჟებულ ელექტრონულ ტაბლოზე 1 დოლარის ყიდვა 2.88 ლარად იყო შესაძლებელი. ზოგიერთ პუნქტთან ფიქსირდებოდა 2.89 ლარიც.

დღეს, 24 ივლისს, ლარის კურსმა აქამდე არსებული ყველა უარყოფითი რეკორდი მოხსნა – ამ დროისთვის [15:00] 1 დოლარის ყიდვისთვის 2.92 ლარი დაგჭირდებათ.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც – დღეს [დრო იგივე] 1 ევროს ყიდვა 3.25 ლარად არის შესაძლებელი.

 

 

 

ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია

ქობულეთში, საკანალიზაციო მილი, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წვიმის შედეგად რუსთაველის ქუჩის მონაკვეთში ისე დაზიანდა, რომ მთელი სისტემის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგური და დროებითი მილი. პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთისთვის 102 641 ლარი გამოიყო, საიდანაც 42 ათასამდე ლარი დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად დაიხარჯა. ამ მონაკვეთში ახალი ქსელი უნდა გაკეთდეს, რისთვისაც, სავარაუდოდ, ტენდერი გამოცხადდება.

ქობულეთის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2009-2010 წლებში განხორციელდა.

„მიმდინარე წლის 30 ივნისს რუსთაველის ქუჩის N300-ის წინ მწყობრიდან გამოვიდა წყალანირების 800 მმ-ნი მილი, რითაც მოხდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება. ამასთან ფეკალური მასა გამოედინება ჭებიდან… შესაბამისად, სოციალური უკმაყოფილება შესაძლებელია გართულდეს. მერიის ინტერესს წარმოადგენს ხელშეკრულების ფარგლებში, რამდენი წელი იყო განსაზღვრული საგარანტიო პერიოდად და რა მოვლენის დადგომიდან იწყება მისი ათვლა. ასევე გვაინტერესებს აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში თქვენი ჩართულობა რეაბილიტაციის პერიოდში“, – აღნიშნულია ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის წერილში, რომელიც მან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019 წლის 4 ივლისს გაუგზავნა.

„ქობულეთის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა 2010 წელს, ხოლო საგარანტიო [დეფექტებზე პასუხისმგებლობის] პერიოდად განსაზღვრული იყო 1 წელი. ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას ჩაერთოს რეაბილიტაციის პროექტში“, – მოწერეს მეორე დღესვე ფონდიდან ქობულეთის მერს.

23 ივლისს ქობულეთის მერმა წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს და დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობა ითხოვა:

„მწყობრიდან გამოვიდა წყალანირების 800 მმ-იანი მილი, რითაც მოხდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება. ფეკალური მასები გადმოვიდა საკანალიზაციო ჭებიდან, რამაც წარმოშვა ქალაქში, ტურისტულად აქტიურ ზონაში, უსიამოვნო სუნი… ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის იმიჯისთვის შეუფერებელია მსგავსი მდგომარეობა, შესაბამისად, სოციალური უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონლია სასწრაფოდ განხორციელდეს დროებითი ღონისძიება. ამასთან, ვინაიდან წყალანირების მილი განთავსებულია დაჭაობებულ ადგილას, დღის წესრიგში დგას არსებული მაგისტრალური ხაზის მოდერნიზაცია და დამატებითი გადამქაჩი სადგურის მოწყობა… აღნიშნული პრობლემის დროულად მოუგვარებლობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური უკამყოფილება და ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება დიდი ხნის განმავლობაში [შესყიდვის შესაბამისი პროცედურების დასრულებამდე]. გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა ზემოთხსენებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით“.

შესყიდვების სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღი 26 ივლისია; დროებითი ქსელი კი უკვე მოწყობილია.

კანალიზაციის ახალი მილი დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე უნდა მოეწყოს. ამ მილით კანალიზაციის წყალი N3 სატუმბ სადგურამდე გადაიქაჩება [ამ ფუნქციას ახლა დროებითი მილი ასრულებს], აქედან კი – ჩოლოქის გამწმენდ ნაგებობაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზიანებულ მონაკვეთში მოწყობილი იყო პლასტმასის მილი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა ქობულეთის საკანალიზაციო სისტემამ ნორმალურად იმუშაოს.

დაზიანებულ მონაკვეთზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ქობულეთის მერიისგან ველოდებით, რომელსაც აქვე მოგაწვდით.

 

მთავარი ფოტო: ქობულეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 ივლისს, ბათუმში იმყოფებოდა, სადაც მან გამოცდები შეაჯამა.

გორგოძის თქმით, წელსაც დაახლოებით ის მიმართულებებია პოპულარული, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა. „ესაა სამედიცინო, სამართალი, მენეჯმენტი, მართვა და ა.შ. რომელ მიმართულებაზეა ყველაზე დიდი ან ნაკლები კონკურენცია, ამ ეტაპზე ამას თვალს არ ვადევნებთ, რადგან აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა, ასევე ქულების გამოცხადების შემდეგაც შეუძლიათ არჩევანი შეცვალონ“, – ამბობს გორგოძე.

მისი თქმით, ქულების გამოქვეყნება აგვისტოს პირველივე რიცხვებიდან დაიწყება. პირველად ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დაიდება.

გორგოძის თქმით, 2019 წლის გამოცდებზე შემცირებული იყო დაგვიანების შემთხვევები და აბიტურიენტები უფრო მობილიზებული იყვნენ.

11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.

2020 წელს ეროვნული გამოცდები სხვა სტანდარტით ჩატარდება. აბიტურიენტები აღარ ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას. სავალდებულო იქნება მხოლოდ სამი საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია. მათემატიკა იმის მიხედვით დაემატება, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს აბიტურიენტი, ჰუმანიტარულს თუ ტექნიკურს.

ცვლილებები იქნება სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, ამის შესახებ განათლების სამინისტრო დებულების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ ისაუბრებს.

ეროვნული გამოცდების პარალელურად მიმდინარეობდა სამაგისტრო და მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებიც, რომელიც ასევე დღეს დასრულდა.

სამაგისტრო გამოცდაზე 12 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, მასწავლებლის საგნობრივ გამოცდაზე კი  – 31 ათასი პედაგოგი, აქედან 10 ათასი მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველია.

მასწავლებლის გამოცდის შედეგების გამოქვეყნებაც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

მთავარი ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი/2019 წლის ეროვნული გამოცდები

____

ამავე თემაზე:

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს, 24 ივლისს, ბათუმში, „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ, რადგან სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

გორგოძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო დებულება აგვისტოს შუა რიცხვებში, განათლების მინისტრის ხელის მოწერის შემდეგ გამოქვეყნდება.

„თავიდან ითქვა, რომ გამსვლელ ქულას დაადგენდნენ უნივერსიტეტები, თუმცა ეს ასე აღარ იქნება, რადგან უმაღლეს სასწავლებლებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ზოგ უნივერსიტეტს გაუჩნდა იმის შიში, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, იმის გამო, რომ ბევრი სტუდენტი მიიღოს, შესაძლოა ძალიან დაწიოს ბარიერი და ამან გამოიწვიოს სწავლის ხარისხის გაუარესებაო. საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება აღარ იქნა მიღებული. ორ კვირაში დამტკიცდება დებულება, სადაც გაწერილი იქნება 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩაბარების სტანდარტი“, – ამბობს სოფიო გორგოძე.

ახალი სტანდარტის მიხედვით, სავალდებულო იქნება ორი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში. მესამე საგანს – ისტორიას ან მათემატიკას აბიტურიენტი იმის მიხედვით ჩააბარებს, თუ რა პროფილის ფაკულტეტს აირჩევს.

„თუ ტექნიკური მიმართულებით სურს აბიტურიენტს ჩაბარება – იქნება მათემატიკა, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე ჩააბარებს ისტორიას.

რაც შეეხება სამედიცინოს, აქ ცოტა სხვაგვარად იქნება, რადგან მიმდინარეობდა კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან და რაღაც სხვანაირი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც საბოლოოდ განათლების მინისტრმა უნდა დაამტკიცოს“, – გვეუბნება სოფიო გორგოძე.

გორგოძის თქმით, მეოთხე საგნის დამატების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ გამსვლელ ქულას ვერ აწესებენ, უნივერსიტეტებს მაინც ექნებათ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ სჭირდება აბიტურიენტს მათემატიკის ჩაბარება, თუკი ის ბიოლოგიაზე აბარებს? სოფიო გორგოძე ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში, სადაც შეზღუდულია გამოცდების რაოდენობა, სტანდარტი სამი საგნის ჩაბარებას ითვალისწინებს.

„ეს არის უცხო ენა, მშობლიური და მათემატიკა, ეს არის უნივერსალური და ამაზე არავინ დავობს, რადგან ეს სამი საგანი არის ყველაფრის საფუძველი“.

დღეს, 24 ივლისს, ეროვნული გამოცდები დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აქედან გამოცდებზე 95-პროცენტამდე აბიტურიენტი  გამოცხადდა.

მსოფლიოს 8 ყველაზე სასტიკი ციხე

მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ციხეები ძირითადად ის ადგილებია, სადაც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს.

  1. სან-კვენტინის ციხე, კალიფორნია.

კალიფორნიის შტატის ყველაზე ძველი, სან-კვენტინის ციხე 1852 წელს დაარსდა. ციხეში დღემდე არსებობს გაზის კამერა, თუმცა სიკვდილმისჯილების განაჩენი სისრულეში მოჰყავთ მხოლოდ ინექციით.

სან-კვენტინის ციხეში ძალადობა მუდმივად პრობლემაა. განსაკუთრებული, ფართომასშტაბიანი შემთხვევა აქ 2006 წელს მოხდა, როცა რასობრივი ნიშნით რამდენიმე თავდასხმის შედეგად 100 პატიმარი დაჭრეს, ორი კი მოკლეს. ციხე ცნობილია თავისი გაუსაძლისი პირობებით.

  1. ბანგ-კვანგის ციხე, ბანკოკი, ტაილანდი.

ამ ციხეშიც სიკვდილმისჯილები იხდიან სასჯელს. ციხის ადმინისტრაციას უცნაური დამოკიდებულება აქვს სიკვდილმისჯილებისადმი – მათ არ ეუბნებიან ზუსტად როდისაა დაგეგმილი სიკვდილით დასჯა და სასჯელის აღსრულებამდე მხოლოდ ორი საათით ადრე ამცნობენ.

  1. ციხე კუნძულ რიკერსზე – ნიუ იორკი

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ციხეა მსოფლიოში, 90-იან წლებში ამ ციხეში წელიწადში 1000 – მდე პატიმარს ჭრიდნენ, ბევრი სხვადასხვა ტიპის რეფორმის შემდეგ ეს რიცხვი 1000 დან 70-მდე შემცირდა.

  1. ციხე კუნძულ ალკატრასზე

კალიფორნიის სანაპიროსთან მდებარე ეს ციხე წლების განმავლობაში იყო დაკეტილი და აქ საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს, მაგალითად, ალ კაპონე. ალკატრასის ციხეს უკავშირდება პატიმრების – ფრენკ მორისისა და ძმები – ჯონ და კლარენს ენგლინების დაუჯერებელი გაქცევა. მათ ნესტიანი გვირაბით მიაღწიეს საკანალიზაციო მილებამდე და მერე ხმელეთზე გასვლაც მოახერხეს, თუმცა როგორ, დღემდე დაუდგენელია – სავარაუდოდ, სრუტე გადაცურეს.

თუმცა ციხის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ პატიმრებმა ვერ შეძლეს სრუტის გადაცურვა და დაიხრჩვნენ.

განგაში რომ არ ატეხილიყო და გაქცევა გარკვეული დროის მანძილზე არ შეემჩნიათ, გაქცეულებმა საკუთარი ფიტულები გააკეთეს მუყაოსგან და თავიანთ ლოგინებში “დააწვინეს” დასაძინებლად.

1963 წელს ალკატრასის ციხე საქვეყნოდ ცნობილი ცუდი რეპუტაციის გამო დაიხურა.

  1. დიარბაკირის ციხე

თურქეთის დიარბაკირის ციხე 1980 წელს გაიხსნა და არაადამიანური პირობებით გახდა ცნობილი. ციხის წარსულის შავ ლაქად მიიჩნევა სამუდამო პატიმრობამისჯილი ბავშვები საკნებში. ამ ციხეში განსაკუთრებული სისასტიკით ციხის ზედამხედველები გამოირჩევიან და არა პატიმრები.

1996 წელს ციხეში გახმაურებული ამბავი მოხდა – ციხის მცველებმა და პოლიციამ პატიმრებს სცემა, გარდაიცვალა 10 და დაიჭრა 23 პატიმარი.

  1. ლა საბანეტას ციხე

ლა საბანეტას ციხე ვენესუელაში მდებარეობს და 15 000 პატიმარზეა გათვლილი, მაგრამ საკნებში 25 000 მსჯავრდებულსაც ათავსებენ. ციხის თითო მეთვალყურე 150 პატიმარს ზედამხედველობს. ამ ციხეში უამრავი ძალადობრივი ინციდენტი ხდება. სროლების დროს 1994 წელს 108 პატიმარი დაიღუპა. ჯამში კი ლა საბანეტას ციხის ძალადობრივ გარემოს 196 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, 624 პატიმარი კი დაიჭრა.

  1. კარანდირუს ციხე

ბრაზილიის კარანდირუს ციხე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ციხეა. ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ყოველი მეხუთე პატიმარი შიდსითაა ინფიცირებული. 1992 წელს ციხის ადმინისტრაციამ აქაც დახოცა პატიმრები, შემთხვევას 102 პატიმარი შეეწირა.

  1. გუანტანამოს ციხე 

აშშ-ს ეს სასტიკი ციხე ბარაკ ობამამ გააუქმა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ისევ აღადგინა.

ციხე მსოფლიო მნიშვნელობის უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრებისთვისაა, მათ შორის ძირითადად ტერორისტები არიან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

დღეს გაირკვევა, მერიის 7 მაღალჩინოსანს პატიმრობაში დატოვებენ თუ გაათავისუფლებენ  

„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 24 ივლისს, გაირკვევა, დაიწყება თუ არა არსებითი განხილვა, ასევე წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ დაკავებულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს. წინასასამართლო სხდომა ახლახან დაიწყო მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

სასამართლო პროცესს შვიდივე ბრალდებული ესწრება.

სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან საპროტესტო აქცია ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ ვანაძის ახლობლებმა გამართეს. ისინი ვანაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 24/7/2019. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“
ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 24/7/2019. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“
ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 24/7/2019. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს დააკავეს. ამ პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. ბრალდებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების [მითვისება, ან გაფლანგვა], ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილის [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] დარღვევას ედავება. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება.

დაკავებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტირისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში. 

ამ თემაზე:

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

არჩილ ვანაძის მხარდამჭერი აქცია ბათუმის სასამართლოსთან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები ამ წუთებში აქციას მართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

პროკურატურის ვერსიით, მერიამ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ისე, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვერტ ჯორჯიამ“.

შვიდივე დაკავებული ბათუმის მერიის მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსანია.

ბარალის დადასტურების შემთხვევაში მათ 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 

 

ენმ ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში დღეს, 24 ივლისს, ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა ხელისუფლებას „ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევის“ ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. „ჩვენ მოვამზადეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში და მოიცავს ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებენ ენმ-ში.

ხუთპუნქტიანი გეგმა

[checklist]

  • განხორციელდეს სარეკლამო კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც ბათუმს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს, აღნიშნული ქვეყნების დიდი ქალაქებიდან დაინიშნოს დამატებითი რეისები, მგზავრობის სუბსიდირებით;
  • ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონფერენციები, ტრენინგები და სხვა შეხვედრები ჩაატაროს აჭარაში, ასევე შესწავლილი იქნას სამიზნე ქვეყნების მაის-ტურიზმის ბაზრები და მომზადდეს სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება ამ სფეროში მომუშავე ოპერატორებისათვის;
  • ტურისტულ სააგენტოებთან და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს მესაკუთრეებთან ერთად შეიქმნას სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება სამიზნე ქვეყნების ტუროპერატორებზე;
  • დაიგეგმოს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტები ბათუმში, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპორტული შეკრებები და ღონისძიებები გაიმართოს აჭარაში;
  • მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად დაუყოვენებლივ დაიწყოს ტურიზმის განვითარების რეგიონული სტრატეგიის მომზადება, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, ასევე ბაზრის დივერსიფიცირებას, რათა შემცირდეს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება.

[/checklist]

„2012 წლის შემდეგ ტურიზმის მიმართულება ფაქტობრივად ჩავარდა, 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა რეკლამირებაზე და რეალურად ახალი არაფერი შექმნილა, უფრო მეტიც სარისკო რუსულ ბაზარზე ტურიზმის დეპარტამენტმა 2016-2018 წლებში რეკლამირებაზე დახარჯა 671 372,90 ლარი.

დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, არ წარმოებს რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის კვლევა ქვეყნების მიხედვით, რაშიც ბიუჯეტიდან იხარჯება თანხები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის არანაირი გეგმა არ გააჩნია ხელისუფლებას“, – აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.

ენმ-ის ბათუმის ოფისის ხედვით, „ხელისუფლებამ ბოლო წლებში მიზანმიმართულად გაზარდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, რაც რისკებს შეიცავდა, უფრო მეტიც როდესაც შეწყდა ავიაფრენები, ნაცვლად იმისა, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე ემუშავათ ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმის დეპარტამენტი ფაქტობრივად დაკავდნენ რუსული პროპაგანდით, რომ ჩვენს ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა რუსეთისა. თუმცა ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როცა 2012 წლამდე არ ვიყავით რუსულ ბაზარზე დამოკიდებული და ტურიზმი უფრო სწრაფად ვითარდებოდა“.

 

მთავარი ფოტო: ბრიფინგი პარტიის ოფისში / ფოტო: ენმ

აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება

სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 169 996 ლარს შეადგენს.

დღეისათვის მიმდინარეობს სამარაგე აუზებისა და მაგისტრალის მოწყობა.

სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნაგო“.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით აჭარისაღმართის მოსახლეობა სუფთა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

გამარტივებული იპოთეკური სესხი – ტერაბანკის ინოვაციური პროდუქტი

მომხმარებლებს, რომლებიც სახლის შეძენას გეგმავენ, ტერაბანკი ახალ, ინოვაციურ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანხის გაცემისას ბანკი შემოსავალს მომხმარებლის მიერ გაკეთებული შენატანების მიხედვით დაითვლის და სესხის აღების მსურველებისთვის შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება აუცილებელი არ იქნება.

სახლის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებელს მხოლოდ მისი ღირებულების 20% და სესხების ან დეველოპერულ კომპანიის განვადების გადახდის დადებითი ისტორია უნდა ჰქონდეს. პროდუქტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 12 წელია. სესხები ლარში გაიცემა.

„ტერაბანკისთვის მოქნილი, მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული პროდუქტების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამარტივებული, ინოვაციური იპოთეკური სესხი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ბინის ყიდვას დეველოპერული კომპანიებისგან აპირებს, ან სურს, დეველოპერებთან უკვე არსებული შიდა განვადება ჩვენი გამარტივებული იპოთეკური სესხით ჩაანაცვლოს“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკი მომხმარებლებს იპოთეკური სესხების მრავალფეროვან არჩევანსა და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. ივლისის თვეში ბანკმა ახალი იპოთეკური სესხი საცხოვრებლის შეცვლის მსურველებისთვისაც შექმნა. პროდუქტი მათ საშუალებას აძლევს, თანხა მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა, ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ და თანხის გადახდა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ დაიწყონ. აღსანიშნავია კონკრეტულ სეგმენტებზე – რეპეტიტორებსა და ემიგრანტებზე მორგებული სესხებიც, რომლებიც მარტივი პირობებით გაიცემა და უძრავი ქონების შეძენის ბარიერებს მათ სრულიად უხსნის.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

წიგნი „კავკასია“, ლუდი – „ალუდა“ და „ქალაუ“ – რა ხდება დღეს ჰამბურგის ქართულ ფესტივალზე

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 19 ივლისს დაიწყო და 28 ივლისამდე გაგრძელდება ფესტივალი – „ქოლგა თბილისი – ფოტოფესტივალი“. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი თეონა გოგიჩაიშვილი, რომელიც უკვე 8 წელია ამ ფოტოფესტივალის თანაორგანიზატორი და კურატორია, გვიყვება, რომ დღეს ფესტივალის ფარგლებში  მოუსმინეს საქართველოდან ჩასულ ფოლკლორის შემსრულებლებს. დღესვე ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და ხმაურიანი ნაწილი ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დაგემოვნება იყო.

თეონა გოგიჩაიშვილი გვიყვება, რომ ქართულ-გერმანული მეგობრობის აღსანიშნავი ფესტივალზე, სწორედ დღეს, კონცერტთან ერთად გაიმართა ქართული სამზარეულოს ვორკშოპი, ასევე წიგნის პრეზენტაცია და ისეთი ღონისძიებები, „რაც გერმანელ ხალხს საქართველოს კულტურას უფრო ახლოს გააცნობს“.

„განსაკუთრებით მინდა წარმოვაჩინო ჩვენი ქართული კვარტეტის – „ქალაოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც შეასრულეს ქართულ ხალხურ სიმღერები და საგალობლები. დღეს სიმღერით, სამზარეულო ვორკშოფითა და თავისი სუფრით, ქართული კერძები გერმანელ საზოგადოებას გავაცანით. ჩვენთან ერთად არის ასევე მიშიკო სულაკაური – 23 წლის ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც სამი კვირა რჩება ჰამბურგში და აკეთებს საოცარ ნამუშევარს – თუშურ კრიპტოგრამას, კედელს და სამნაწილიან ინსტალაციას. აგრეთვე მოხარშავს თუშურ ლუდს – „ალუდ“, – გვითხრა თეონამ.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გულივერ თეისიც. ის დღეს ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს წიგნს – „კავკასია“, სწორედ ასე ჰქვია მის წიგნს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოსცა.

გულივერ თეისი

„კავკასია“ შტეფან ორტთან ერთად მოვამზადე ორწლიანი მოგზაურობის შედეგად. ოქტომბერში დავბრუნდი აქ. ეს არის წიგნის პირველი პრეზენტაცია ჰამბურგში. შტეფან ორტი, რომელმაც ეს წიგნი დაწერა, სამწუხაროდ, დღეს ჰამბურგში არ იმყოფება და მე, როგორც ფოტოგრაფი ვიქნები დღეს აქ პრეზენტატორი“, – გვითხრა გულივერ თეისმა.

კავკასია

გულივერ თეისი ამბობს, რომ ის არის მოგზაური ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომელმაც უკვე ორჯერ იმოგზაურა საქართველოში და ქართულ სამზარეულოს შესახებ გერმანულ ჟურნალებში სტატიებიც გამოაქვეყნა. გულივერ თეისი ამბობს, რომ ის ორ კვირაში ისევ აპირებს საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ჩამოსვლას.

ფესტივალის შესახებ ქუჩებში გამოფენილმა არც თუ ისე ცოტა აფიშებმა, ჰამბურგში მცხოვრებ ქართველებს მისცა შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ამ ფესტივალის მონაწილეები. ისინი ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად თანხმდებიან, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ინფორმირებული საქართველოს შესახებ. ამ ფესტივალის განწყობა კი, თავისი არსით, ეხმაურება საქართველოში ევროპელი ტურისტების მოზიდვის კამპანიის მხარდაჭერას.

„ქოლგა თბილისი-ფოტოფესტივალის“ ფინანსური მხარდამჭერი ჰამბურგის კულტურის დეპარტამენტია.

ტექსტი მომზადებულია ნათია შენგელიძეზე დაყრდნობით

საქველმოქმედო კამპანია 6-შვილიანი დედის დასახმარებლად

სტატია 32 წლის ქალზე, რომელიც ნაქირავებ ბინაში, სიღარიბეში ზრდის 6 შვილს, batumelebi.ge-ზე 22 ივლისს გამოქვეყნდა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩართულობით მიმდინარეობს საქველმოქმედო კამპანია ოჯახის დასახმარებლად. მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და სათამაშოები შეაგროვეს,  კომპანიებმა –  „მარდი ჰოლდინგმა“ და „ანბანის კოშკმა“ კი ოჯახს პროდუქტი და ტკბილეული შეუძინეს.

ტკბილეული ოჯახისთვის

საქველმოქმედო კამპანია გრძელდება.

თუ გსურთ, დაეხმაროთ ოჯახს, სადაც ბავშვები იძულებულნი არიან იატაკზე დაიძინონ და ძირითადად უფასო სადილით იკვებებიან, დარეკეთ ნომერზე: 592 59 24 24 

საქველმოქმედო კამპანიას გააშუქებს გაზეთი „ბათუმელები“.

გაეცანით სტატიას ოჯახის შესახებ:

ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს

 

 

ავარია აჭარისწყალზე, „ღვინის სახლთან“ – დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 23 ივლისს, მდინარე აჭარისწყლის სანაპიროზე, „ღვინის სახლთან“ ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავარია
ავარია

 

„ჩემს სახლს ვეძებდი და მიცნეს: უი, სიმა, შენა ხარო?“ – ქართველი ებრაელების დაბრუნება 40 წლის შემდეგ

შაპტაი [შაქრო] და სიმა ხენები [ხიხინაშვილები] ქართველი ებრაელები არიან და ზაფხულს ბათუმში ატარებენ. ისინი მეშვიდე წელია ჩამოდიან საქართველოში. შვიდი წლის წინ სიმამ და შაქრომ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს – ზუგდიდსა და ბაღდათში, ანუ იქ, სადაც დაიბადნენ და ბავშვობა გაატარეს… სიმას და შაქროს ოჯახებმა საქართველო 1973 წელს დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში წავიდნენ. მაშინ სიმა 10 წლის ყოფილა, შაქროს – 16 წელი უსრულდებოდა.

„…ჩავედით ზუგდიდში და ჩემს ქუჩას დავუწყე ძებნა. ჩვენ შაუმიანის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ბაზართან ახლოს, მაგას რა დამავიწყებს,“ – გვიყვება სიმა და 2012 წელს ზუგდიდში იმ ქუჩაზე მისვლის ამბავს იხსენებს, სადაც ბავშვობა გაატარა: – „ვიკითხე და მიპასუხეს, ესაა შაუმიანის ქუჩაო. ამოვიჩემე, როგორ არის ეს შაუმიანი, სადაა მდინარე, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს ჩადიოდა-მეთქი… თურმე, ამოუშენებიათ მდინარე და აღარ ჩანს. პატარა ვიყავი, იმ მდინარის პირას რომ ხელი ვიტკინე, ახლაც მაქვს ნიშანი,“ – იხსენებს სიმა და ხელის მტევანს გვაჩვენებს. „ზოოპარკში მივყავდით მშობლებს, იქ გადასასვლელი იყო და წავიქეცი,“ – დასძენს იგი.

სიმა ემოციურად ჰყვება ზუგდიდელ მეზობლებთან შეხვედრასაც: „სახლი უცებ ვეღარ ვიცანი. ჩემს სახლს გარედან ჰქონდა კიბე, ახლა შიგნიდან აუშენებიათ და გარეთა კიბე მოუშლიათ… სახლთან როცა მივედი, გარეთ მეზობლები დომინოს თამაშობდნენ. ვის ეძებთო, ერთმა მოხუცმა მკითხა. ვუთხარი, მე დანიელ ხი…ს შვილი ვარ-მეთქი და აღარ დამასრულებინა გვარის თქმა: უი, სიმა, შენა ხარო?… ის კაცი მამაჩემის მეგობარი იყო. უცებ მოგროვდა ხალხი. ყველა გამომკითხეს: დები, ძმები, მშობლები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები. ზოგი იხარეს, ზოგიც – იქვე გამოიგლოვეს. სიმა დაბრუნებულაო და სუფრა გაშალეს…“

სუფრა გაშალეს ბაღდათშიც, სადაც იმ დღეებში შაქრო ხიხინაშვილი დაბრუნდა.

„ჩემი სახლი დანგრეულია… მის ნაცვლად ახალი კორპუსი აუშენებიათ. სოფელში ღამით მივედით და ჩემს მეგობარს, ბაჩუკის ვესტუმრეთ. დილიდან ატყდა კაკუნი. ხან ერთი გვექაჩებოდა, ხან – მეორე. მეორე დღეს ყველა ჩემი ყოფილი კლასელი შეიკრიბა ჩემს პატივსაცემად და ერთად ვიქეიფეთ,“ – გვიყვება შაქრო.

შაქრომ და სიმამ ერთმანეთი ისრაელში გაიცნეს და დაოჯახდნენ. ისინი ერთად იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ საბჭოთა პერიოდში საქართველოში დარეკვას და ბავშვობის მეგობრებთან დაკავშირებას.

„მე ვურეკავდი ბაღდათში ბაჩუკის, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია… ჯერ ირეკებოდა ფოსტაში, მერე იქედან ურეკავდნენ იმას, ვისაც ტელეფონი ჰქონდა, ის ეძახდა ბაჩუკის, ამას ბარე ორი-სამი საათი სჭირდებოდა. ხდებოდა ისეც, რომ წყდებოდა ხაზი,“ – ამბობს შაქრო.

სიმას და შაქროს საქართველოში ჩამოსვლამდე ბაჩუკი ჩასულა ისრაელში. ეს 90-იან წლებში მომხდარა.

„მაშინვე იცნეს ერთმანეთი, როცა ერთმანეთი დაინახეს,“ – ღიმილით იხსენებს სიმა. – „ჩვენ ხაიფას სადგურში ველოდით ბაჩუკის, გემით ჩამოვიდა. სადგურში ალბათ კილომეტრი იქნებოდა ერთმანეთისგან დაცილებული, ერთმანეთს ხელს უქნევდნენ, ის იქედან ტიროდა, ეს – აქედან“.

„როგორ ვერ ვიცნობდი… ერთი დედის მუცლიდან არ დავბადებულვართ, თორემ ერთად გავიზარდეთ“, – ბრაზობს შაქრო.

ცოლ-ქმარს ქართული ენის შესახებაც ვკითხეთ: ბავშვობაში ნასწავლი ახსოვთ, თუ მერე ისწავლეს.

„დედაჩემს აქედან სკოლის სახელმძღვანელოები ჰქონდა წამოღებული ისრაელში. დაგვისვამდა და გვასწავლიდა ქართულს. ივრითს მაინც ისწავლით, დედაენა არ უნდა დაივიწყოთო… მახსოვს, ხშირად წამიშლიდა ნაწერს, ეს არ ვარგა, თავიდან დაწერეო… შვილებსაც ვესაუბრები ხშირად ქართულად, მაგრამ მათ ქართულად ლაპარაკი უჭირთ,“ – გვითხრა სიმამ.

შაქრო და სიმა ხიხინაშვილები ახლა ისრაელში ცხოვრობენ. შაქრო ავტობუსის მძღოლად მუშაობს, სიმა – მომვლელად მოხუცთა თავშესაფარში. შაქრო ამბობს, რომ ხშირად აქვს ურთიერთობა ისრაელში მცხოვრებ ან სამუშაოდ ჩასულ ქართველებთან.

„აქ რომ სამუშაო იყოს, არ წავა ამდენი ხალხი… მართალი გითხრათ, საქართველოში რომ ვიყო, არსად წავიდოდი, აქაც გავართმევდი თავს. თუ საქმე გიყვარს და გესმის, შეიძლება გახსნა რაღაც, მით უმეტეს, სოფელში როცა ცხოვრობ, იქ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება,“- დასძინა შაქრო ხიხინაშვილმა.

ივანიშვილის რეზიდენციასთან, კარავში მისასვლელი პლაჟი ლოდებით ჩაგვიხერგეს – აქტივისტი

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მოშიმშილე პირებსა და აქციის ორგანიზატორებს კარვები კიდევ სამ ადგილზე აქვთ განთავსებული – ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან ახლოს, სასტუმრო „პარაგრაფის“ სიახლოვეს პლაჟთან და  გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბესო ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პლაჟთან განთავსებულ კარავში აქტივისტები ვეღარ მიდიან, რადგან მესამე დღეა პლაჟი ლოდებით ჩახერგეს. „კარავთან რომ მიხვიდე, ზღვაში უნდა შეცურო, ისე ვერ გადახვალ“, – გვეუბნება ბესო ქათამაძე.

ქვის ლოდებით ჩახერგილი პლაჟის ნაპირი

მისი თქმით, პლაჟის ჩახერგვაში ჩართული იყო ოზურგეთის გარემოს ზედამხედველობის სამსახური, გურიის პოლიციის დეპარტამენტი და ოზურგეთის მერია.

„ტრაქტორი მოიყვანეს და უზარმაზარი არხი გაჭრეს, რომელიც პირდაპირ ზღვის ნაპირზეა. ამ არხში ჩაედინება ფეკალური მასები, რომელიც ოლიგარქის სახლიდან გამოდის და ჩადის ზღვაში, მათივე სანაქებო „პარაგრაფთან“ ახლოს.

ჩვენ შეგვეზღუდა გადაადგილება, ვეღარ მივდივართ კარავთან, რადგან ჩაყრილია დიდი ლოდები. ზღვის სანაპიროსთან ფიჭვნარია ახლოს, სადაც ტურისტები გადადიოდნენ და ისინიც ვეღარ გადადიან“, – ამბობს ქათამაძე.

აქტივისტების თქმით, ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ კარავში ვეღარ მიდიან, რადგან გზა ლოდებით ჩახერგეს

„საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა და ჩახერგვაც კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით. ურეკში პლაჟის მსუბუქი გადახერგვისთვის 25-25 ათასი ლარით დააჯარიმეს ადამიანები და აქ რასაც აკეთებენ, ამისთვის პასუხი არავის მოეთხოვება“, – ამბობს ბესო ქათამაძე.

ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარავი 10 ივლისს დაუნგრიეს უცნობმა პირებმა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებულნი არიან, „ისინი „ციცინათელას“, „ბლექსი არენას“ და დენდროპარკის დაცვის ბიჭები იყვნენ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ“, – ამბობს ქათამაძე.

საპროტესტო აქციები  შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით,  20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ყოველდღე იმართება თბილისში, პარლამენტის წინ. საპროტესტო აქციები ამავე მოთხოვნით იმართება შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის წინაც, სადაც მოშიმშილეებმა კარავი გამართეს.

პოლიციამ საკარმიდამო ნაკვეთიდან რამდენიმე ტომარა კანაფი ამოიღო

პოლიციამ  ხარაგაულში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა.  დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად 57 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი“, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ ამოიღეს.

ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობის კანაფი იმერეთში პოლიციამ გასულ კვირასაც ამოიღო:

პოლიციამ საკარმიდამო ნაკვეთიდან სამი პიკაპი ,,კანაფი” ამოიღო

 

სტეფანოვკის სასაფლაოზე ბილიკები და საფლავები ეკალ-ბარდითაა დაფარული

სტეფანოვკის სასაფლაოზე საფლავებამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, ბილიკები ბალახითა და ეკალ-ბარდითაა დაფარული. სასაფლაო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარეობს და ბათუმს ეკუთვნის. შესაბამისად, მის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. სასაფლაოს გასწვრივ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთ მხარეს, ფაქტობრივად  არ არსებობს ტროტუარი და იქ გავლა ფეხით მოსიარულეთათვის შეუძლებელია. იქ, სადაც, წესით, ტროტუარი უნდა იყოს, მაღალი ბალახი და ამოთხრილი  მიწის გორებია.

„აქ ასვენია ჩემი მშობლები, ამიტომ ხშირად დავდიოდი, მაგრამ ბოლო დროს ისეთი ვითარებაა, რომ მისვლა შეუძლებელი ხდება“, – ამბობს ბათუმის მცხოვრები გულნარა კაკაბაძე.

მოქალაქის თქმით, რომელმაც „ბათუმელებს“ იმ მიზნით მომართა, რომ მისი ხმა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწვდინოს, ამ სასაფლაომდე მიღწევა მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, რაც  ტროტუარი გადათხარეს  და მის არათუ მოპირკეთებაზე, არამედ პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზეც არავის უზრუნია. ახლა სასაფლაოს შესასვლელთან ტროტუარი მთლიანად აყრილია, მანქანების სავალი ნაწილის კიდეებზე კი გაწვიმებისთანავე უზარმაზარი გუბეები დგება.

„სასაფლაოს შესასვლელთან რომ მიაღწიო, ან ამ გუბეებში უნდა გაიარო, ან დაზიანებულ ტროტუარზე, სადაც მიწა გორებად ყრია და ატალახებულია“, – გვიყვება გულნარა კაკაბაძე.

ასე გამოიყურება “ტროტუარი” სასაფლაოს გვერდით

მოქალაქე ამბობს, რომ ამ პრობლემით შეწუხებულმა მოქალაქეებმა მრავალგზის მიმართეს ბათუმის მერიას, თუმცა მათგან არავითარი რეაგირება არ ყოფილა.

გულნარა კაკაბაძე ასევე წუხს იმაზე, რომ სასაფლაოზე გაუვალი ბალახია და არავინ ზრუნავს მის მოწესრიგებაზე. „შეიძლება გველებიც მომრავლდნენ, ამიტომ იქ მისვლა მე, პირადად, უკვე მეშინია. გარდა ამისა, ქვეწარმავლები შეიძლება იქ მცხოვრებთათვისაც პრობლემად იქცნენ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, სტეფანოვკის სასაფლაოზე წლების განმავლობაში იდგა ნაგვის ურნები, რამდენიმე თვის წინ, ეს ურნები სასაფლაოს ტერიტორიიდან გზაზე გამოიტანეს.  ახლა ამ ურნებით სასაფლაოს გასწვრივ მცხოვრები ოჯახები სარგებლობენ. სასაფლაოზე კი დღითიდღე მატულობს ნარჩენები და მოუწესრიგებელია.

მოუწესრიგებელია და სარეველბითაა დაფარული საფლავებამდე მისასვლელი ბილიკები

ბათუმის სასაფლაოების დირექტორი ავთანდილ ბურკაძე ამბობს, რომ  გარე ტერიტორია მოსავლელად მათ არ ეკუთვნით. სასაფლაოს შიდა ტერიტორიას კი მუდმივად წმენდენ.

“შიგა ტერიტორიაზე ბილიკები გაწმენდილია. უშუალოდ საფლავებს ხელს ვერ ვკიდებთ და არც გვაქვს უფლება მოვკიდოთ მეპატრონის გარეშე. მეპატრონემ უნდა გაწმინდოს. რემონტი ჩავატარეთ, 120 მეტრი ღობე გავაკეთეთ. ჩვენ რაც გვევალება, ის კეთდება, როგორც კი ბალახი ამოდის, იცელება,” – ამტკიცებს ავთანდილ ბურკაძე.

სასაფლაოზე მისულ “ბათუმელებს” ბილიკები ბალახით დაფარული დახვდა,  ზოგ ადგილს კი ეტყობოდა, რომ იქ გაწმენდითი სამუშაოები არავის ჩაუტარებია.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის პრესცენტრის ცნობით,  სასაფლაოს გვერდით მდებარე ტროტუარს მიმდინარე კვირის ბოლომდე [26 ივლისამდე] მოაწესრიგებენ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ბათუმის მერიის  კეთილმოწყობის სამსახურის პრეროგატივაა.

 

რა დანამატები აიკრძალება შოკოლადში

„ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს, ჯერჯერობით პროექტის სახით არსებობს და მიმდინარეობს მისი განხილვა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში საქართველოში იმპორტირებულია 21 595 900 აშშ დოლარის შოკოლადი, სხვადასხვა შოკოლადისა და კაკაოს ნაწარმი.

ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ ბაზარზე განთავსებულმა კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტებმა უნდა დააკმაყოფილოს ამ რეგლამენტით და ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ბაზარზე განთავსებული ასეთი პროდუქტები ეტიკეტირებული უნდა იქნეს  ტექნიკური რეგლამენტისა და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, რეგულირებას დაექვემდებარება კაკაო და შოკოლადის პროდუქტები. მათ შორის: კაკაოს ცხიმი; კაკაოს ფხვნილი, კაკაო; შოკოლადის ნაირსახეობები; შოკოლადის სხვა პროდუქტები; სხვადასხვა ფორმის შოკოლადი.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, მაგალითად, შოკოლადი (იგივე მწარე შოკოლადი, ნახევრადტკბილი შოკოლადი, შავი (მუქი) შოკოლადი ან “chocolat fondant”) – ეს არის „პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტებისა და შაქრებისგან და რომელიც, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, შეიცავს არანაკლებ 35% კაკაოს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის არანაკლებ 18% კაკაოს ცხიმს და არანაკლებ 14% კაკაოს მშრალ, უცხიმო ნივთიერებებს;
კაკაოს ფხვნილი, კაკაო – კი, არის „პროდუქტი, რომელიც მიღებულია გასუფთავებული, კანგაცლილი და მოხალული კაკაოს მარცვლების ფხვნილად გარდაქმნით და რომელიც შეიცავს არანაკლებ 20% კაკაოს ცხიმს (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) და არაუმეტეს 9% წყალს“.

რეგლამენტის პროექტს ახლავს მცენარეული ცხიმების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლებელია დამატებული იქნას სხვადასხვა შოკოლადის პროდუქტში იმ პირობით, რომ დამატებული მცენარეული ცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საბოლოო, მზა პროდუქტის 5%-ს [რეგლამენტით განსაზღვრული ნებაყოფლობითი (არასავალდებულო) დასაშვები ინგრედიენტების საერთო წონის გამოკლების შემდეგ, კაკაოს ცხიმის ან კაკაოს მშრალი ნივთიერებების შემცირების გარეშე].

მცენარეული ცხიმები, რომლებიც შესაძლებელია დამატებული იქნეს ზოგიერთი შოკოლადის პროდუქტზე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ოდენობით / ცხრილი ტექნიკური რეგლამენტის პროექტიდან

შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც გარდა კაკაოს ცხიმისა, შეიცავენ სხვა მცენარეულ ცხიმებს, შესაძლებელია ბაზარზე განთავსებული იქნას მხოლოდ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე, ინგრედიენტების ჩამონათვალთან, ხედვის იმავე არეალში მკვეთრად (მკაფიოდ), ტიპოგრაფიულად ადვილად შესამჩნევად, მითითებული იქნება: „კაკაოს ცხიმთან ერთად შეიცავს მცენარეულ ცხიმებს“. პროდუქტის დასახელება შესაძლებელია განთავსებული იქნას ხედვის სხვა არეალში.

რეგლამენტის პროექტით, გარკვეულ შოკოლადის პროდუქტებში შესაძლებელია დამატებული იქნას სხვა საკვები ნივთიერებები შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

[crosslist]

  • დაუშვებელია იმ ცხოველური ცხიმების და მათგან წარმოებულების დამატება, რომლებიც არ არის წარმოებული რძისაგან;
  • ფქვილის, სახამებლის გრანულების ან ფხვნილის დამატება დასაშვებია მხოლოდ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
  • დამატებული საკვები ნივთიერებების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მზა პროდუქტის საერთო წონის 40%-ს.

[/crosslist]

გარკვეულ პროდუქტებზე დასაშვებია მხოლოდ იმ არომატიზატორების დამატება, რომლებიც არ ახდენენ შოკოლადის და რძის ცხიმის გემოს იმიტაცია/სიმულაციას. დასაშვებია არომატიზატორები – ვანილინისა და ეთილვანილინის გამოყენება ცალ-ცალკე ან კომბინაციაში ისე, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ/კგ-ს.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შაქრებისა, დასაშვებია შაქრის შემცვლელების (დამატკბობლების) გამოყენება იმ პირობით, რომ შაქრების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების შემთხვევაში სათანადო ინფორმაცია უნდა განთავსდეს შოკოლადის დასახელებასთან ახლოს.

რეგლამენტი სამომავლოდ დაავალდებულებს ბიზნესოპერატორს, უზრუნველყოს ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე; ამასთან, შესაძლებელია ბიზნესოპერატორმა, გამოიყენოს განსხვავებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დასაბუთებული იქნება, რომ გამოყენებული განსხვავებული მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა.

ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო კონტროლის დროს; შემოსავლების სამსახური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას; ბიზნესოპერატორი – შიდა საწარმოო კონტროლოს დროს.

ბაზარზე არსებული და ეტიკეტირებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების დროისთვის არ იქნება შესაბამისობაში რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, შესაძლებელია დარჩეს განთავსებული ბაზარზე პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლის პირველ იანვრამდე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში [იანვარი-ივნისი] საქართველოში შემოტანილია:

2 230 000 აშშ დოლარის – შოკოლადი და კაკაოს შემცველი მზა ნაწარმი დანარჩენი, 2 კგ-ზე მეტი მასით ბრიკეტებში, ფირფიტებში ან ფილებში, ან თხევადი, პასტისებრი, ფხვნილისებრი, გრანულირებული ან რაიმე სხვა ანალოგიური სახით კონტეინერებში ან პირველად საფუთავებში 2 კგ-ზე მეტი შიგთავსით;

3 528 100 აშშ დოლარის – შოკოლადი და კაკაოს შემცველი მზა ნაწარმი დანარჩენი, 2 კგ-ზე ნაკლები მასით ბრიკეტებში, ფირფიტებში ან ფილებში გულსართით;

2 524 700 აშშ დოლარის – შოკოლადი და კაკაოს შემცველი მზა ნაწარმი დანარჩენი, 2 კგ-ზე ნაკლები მასით ბრიკეტებში, ფირფიტებში ან ფილებში გულსართის გარეშე;

12 351 100 აშშ დოლარის – დანარჩენი შოკოლადის და კაკაოს შემცველი მზა კვების პროდუქტები;

962 000 აშშ დოლარის – კაკაო-მარცვალი, მთელი ან დამსხვრეული, ნედლი ან მოხალული; კაკაო-პასტა, ზეთი, ცხიმი, ფხვნილი [შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე].

გარდა ამისა, საქართველოში იმპორტირებულია ასევე კაკაოს შემცველი სხვადასხვა პროდუქტი [ვაფლები, ნაყინი და სხვა].

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში შემოტანილია 554 600 აშშ დოლარის დანადგარები საკონდიტრო მრეწველობისათვის, კაკაო-ფხვნილისა ან შოკოლადის წარმოებისათვის.

ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

მაგდანა ხაბაძე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და შპს „განათლების“ ბიოლოგიის მასწავლებელია, რუსუდან შავაძე კი მე-6 საჯაროს სკოლაში ქიმიას ასწავლის. ისინი იმ 12 მასწავლებელს შორის არიან, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. რას ელოდებიან ამ სტაჟირებისგან პედაგოგები და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში სწავლება აქტიური გახდეს. გამარჯვებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა.

რუსუდან შავაძე უფროსი მასწავლებელია. ის ამ სტაჟირებისგან ბევრს მოელის, პირველ რიგში,  საინტერესო ექსპერიმენტებს. „ჩვენთან საბუნებისმეტყველო დარგში პრაქტიკა მოიკოჭლებს – ჯერ კიდევ არ არის სფერო ისე წარმოდგენილი, როგორც საჭიროა, მაშინ როცა 21-საუკუნე საბუნებისმეტყველო საგნების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია“, – გვეუბნება პედაგოგი.

რუსუდან შავაძე ამბობს, რომ პრაქტიკით სწავლება არა მარტო მოსწავლეებს მოსწონთ, მასაც, როგორც პედაგოგს, მეტ სტიმულს აძლევს და სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს ხდის.

„სახალისო აქტივობების დროს ბავშვები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ. სხვანაირად მათ ვერ დააინტერესებ. მარტო წიგნით, ცარცითა და დაფით ეს საგნები ნამდვილად არ ისწავლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლონეთში მიღებული პრაქტიკა და ცოდნა დამეხმარება უფრო საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი და უფრო პოპულარულიც ეს საგანი“, – ამბობს რუსუდან შავაძე.

მისი თქმით, აუცილებელია ეს გამოცდილება კოლეგებსაც გაუზიაროს სკოლაში.

პედაგოგის აზრით, ქართული სკოლების რესურსები არ იძლევა ყოველდღიური პრაქტიკის შესაძლებლობას, თუმცა ბევრი პედაგოგი ცდილობს, რომ სადემონსტრაციო ექსპერიმენტები მაინც ჩაატაროს გაკვეთილზე.

„ჩვენს სკოლაში არის ლაბორატორია და მეტ-ნაკლებად გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა აუცილებელია სკოლის ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობდეს. ქიმიის კლუბიც მაქვს, სადაც 15-მდე მოსწავლე დადის სხვადასხვა კლასიდან და მინდა, რომ აქ მუშაობაც უფრო საინტერესო გავხადო“, – გვიყვება თავის გეგმებზე პედაგოგი.

რუსუდან შავაძის აზრით, სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის თანამედროვე სასწავლო რესურსების გარდა, აუცილებელია კლასში მოსწავლეთა რაოდენობის დარეგულირება. „20-ზე მეტი ბავშვი არ უნდა იყოს კლასში, თუ გვინდა, რომ ყველა მოსწავლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. მასწავლებელს უნდა მიეცეს უფრო მეტი დრო ბავშვებთან სამუშაოდ, ეს გადატვირთული საათები და ქაღალდომანიაც ძალიან დამღლელია.

სკოლა პრაქტიკაზე ორიენტირებული უნდა გახდეს. სახელმწიფომ უნდო იზრუნოს მეტ განათლებაზე, ბავშვსა და მასწავლებელზეც. კი ბატონო, ხელფასებს ამატებენ, მაგრამ ინფლაციაც მაღალია და ეს ხელფასიც არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ განათლებაში კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი“.

მაგდანა ხაბაძეც უფროსი მასწავლებელია და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად ემზადება. ისიც პირველად მიდის ამ პროგრამით ევროპაში და მისი მოლოდინიც არის ის, რომ მიიღებს მეტ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან დამეხმარება ეს პროგრამა პროფესიულ ზრდაში, რადგან ჩემი კოლეგები იყვნენ წასული და კმაყოფილი, აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ“, – გვეუბნება მაგდანა.

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა მილენიუმის პროგრამაში მოხვდა, რის შემდეგაც სკოლის ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდა და ლაბორატორიებიც თანამედრო ტექნოლოგიებითა და რესურსებით აღიჭურვა. „სრულიად ახალი რესურსი მოგვიტანეს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში, ამიტომ ევროპული გამოცდილება ძალიან დამეხმარება, რომ საინტერესო ექსპერიმენტები ჩავატაროთ ახალ ლაბორატორიებში.

სულ ვცდილობ, ბავშვებს გავუღვიძო მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნისადმი, ამიტომ ვგეგმავ სახალისო აქტივობებს, ჯგუფური მუშაობა, შიდა დაკვირვების წესები გვაქვს და სექტემბრიდან, როცა ლაბორატორიაშიც გავიშლებით, უფრო კარგი იქნება.“

მაგდანა ხაბაძე ამბობს, რომ ის ბიოლოგიის გარდა სკოლაში ბუნებისმეტყველებასაც ასწავლის და სკოლის განახლებამდე თვითონ ცდილობდნენ სასწავლო რესურსების შექმნას.

„ბავშვებს ძალიან უჭირთ ადამიანის ანატომიის შესწავლა, რადგან პროგრამა დეტალურ ცოდნას მოითხოვს. აქამდე არ გვქონდა მულაჟები, რომ ბავშვები ვიზუალურად დაკვირვებოდნენ ორგანოებს, ახლა ამის საშუალება მოგვეცემა. საკლუბო მუშაობასაც ვგეგმავთ სექტემბრიდან, ამიტომ ამ პროგრამით მიღებული გამოცდილება, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება“, – გვეუბება ის.

მაგდანა ხაბაძის თქმით, უცხოურ პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ის ინგლისური ენის შესწავლას გეგმავს, რომ სხვა დროსაც შეძლოს უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და სხვა საინტერესო პროგრამებში მონაწილეობა.

გამარჯვებული პედაგოგები კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სექტემბერში გაემგზავრებიან. ისინი ამ ცენტრში ათ დღეს დაჰყოფენ.

დღეს ბათუმში თამარის დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 23 ივლისს, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს 15-დან 22 საათამდე შეეზღუდებათ წყლის მიწოდება.

კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ქსელზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

ბავშვი, რომელსაც ავარიის შედეგად მშობლები და ძმა დაეღუპა, ნათესავებმა წაიყვანეს

13 ივლისს  მომხდარი ავარიისას დაშავებული 7 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები და პატარა ძმა ავარიის შედეგად დაეღუპა, ნათესავებმა საქართველოდან წაიყვანეს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება აღენიშნება, დასტაბილურდა და ნათესავებმა იგი თვითმფრინავით წაიყვანეს სამშობლოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახი საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად.

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე 13 ივლისს მოხდა. შედეგად დაიღუპა არაბი ცოლ-ქმარი და მათი ექვსი წლის შვილი. ავარიისას სულ დაშავდა 12 ადამიანი – არაბი და პოლონელი ტურისტები და ორი ქართველი მძღოლი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

___________

ფოტოზე: ავარიის ადგილი. ფოტო: TV 25

 

გაუპატიურების ახალი საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს გაუპატიურების საქმეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომის დახურვა, დღეს, 23 ივლისს, პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პროკურორის შუამდგომლობას ბრალდებულის სამივე ადვოკატი და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის ბრალდებულმა ირაკლი თ.-მ გააუპატიურა. პოლიციაში მეზობელმა დარეკა იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც დაზარალებული ქალი და ბრალდებული ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლის ჩვენების მიხედვით, მან ბინიდან ქალის კივილის ხმა გაიგონა.

გამოძიება ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.

ადვოკატების თქმით, მომხდარს ბრალდებული უარყოფს. იგი 32 წლისაა. ადვოკატების ვერსიით, დაზარალებულად ცნობილი გოგო ბათუმში ირაკლი თ.- სთან დაოჯახების მიზნით ჩამოვიდა და შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ირაკლიმ მას მშობლები არ გააცნო.

ადვოკატის, ნონა დუმბაძის თქმით, არ არსებობს საქმეში არც ერთი მტკიცებულება, რაც გაუპატიურების ფაქტს დაადასტურებს. ადვოკატი აქცენტს აკეთებს დაზარალებულად ცნობილი ქალის მაგისტრ მოსამართლისთვის უკვე მიცემულ ჩვენებაზე, სადაც იგი, პოლიციის განყოფილებაში მიცემული თავდაპირველი ჩვენებისგან განსხვავებით, გაუპატიურებას ან რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავს.

დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მან წინასწარ მისცა სასამართლოს ჩვენება, რადგან შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს.

დღევანდელ პროცესზე უნდა გაირკვეს, რამდენად დასაშვებია ის მტკიცებულებები, რაც მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს. მოსამართლე ასევე გადაწყვეტს, საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება თუ არა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი თ.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სკოლები, რომლებმაც პირველკლასელები ვერ მიიღეს

საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელს დაახლოებით ასი სოფლისა და ერთი ქალაქის საჯარო სკოლებს პირველკლასელი არ ეყოლებათ. ამ ჩამონათვალში მოხვდა აჭარის მუნიციპალიტეტების 19 სოფელიც.

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი – შუახევის ათი სოფლის სკოლებს არ ეყოლებათ წელს პირველკლასელი მოსწავლე. შუახევის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ 4 სკოლაში არ ჰყავდათ პირველკლასელი. წელს ასეთი სკოლების რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ედუარდ გოგრაჭაძის თქმით, სკოლების მიხედვით მატება მკვეთრია, თუმცა იგივე არ ითქმის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა რაოდენობაზე. „მაგალითად, გასულ სასწავლო წელს 134 ბავშვი შევიდა პირველ კლასში. წელს მათი რიცხვი 110-მდე შემცირდა“, – გვითხრა ედუარდ გოგრაჭაძემ.

შუახევის მუნიციპალიტეტი

[checklist]

  • სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლა
  • სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლა
  • სოფელ ვანის საჯარო სკოლა
  • სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლა
  • სოფელ გომარდულის საჯარო სკოლა
  • სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლა
  • სოფელ წყაროთის საჯარო სკოლა
  • სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა
  • სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლა
  • სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლა[/checklist]

პირველკლასელის გარეშე მომავალ სასწავლო წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 სოფლის საჯარო სკოლა შეხვდება. გასულ წელს ამ მუნიციპალიტეტში სულ 2 სკოლას არ ჰყავდა პირველკლასელი, წელს ასეთი სკოლების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

ხულოს მუნიციპალიტეტი

[checklist]

  • სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა
  • სოფელ პანტნარის საჯარო სკოლა
  • სოფელ კალოთის საჯარო სკოლა
  • სოფელ სკვანის საჯარო სკოლა
  • სოფელ თხილვანის საჯარო სკოლა
  • სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლა
  • სოფელ გელაურის საჯარო სკოლა[/checklist]

რაც შეეხება პირველკლასელთა ნაკადს – გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებმა 264 პირველკლასელი მიიღო, წელს მათი რაოდენობა 225-მდე შემცირდა.

პირველკლასელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში წელს ერთი სოფლის სკოლას არ ეყოლება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

[checklist]

  •  სოფელ აჭის საჯარო სკოლა[/checklist]

ქობულეთის მსგავსი ვითარებაა ქედაშიც.

ქედის მუნიციპალიტეტი

[checklist]

  • სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა[/checklist]

რაც შეეხება ხელვაჩაურს, წელს ამ მუნიციპალიტეტს არ აქვს ისეთი სკოლა, სადაც პირველკლასელი არ ეყოლებათ.

სოფლებთან ერთად წელს ქალაქის სკოლასაც არ ეყოლება პირველკლასელი. ეს ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო სკოლა იქნება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივლისის  21 საათიდან 24  ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 13-18 დმ –4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 25-26 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

___________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. ამისთვის ტერმინალი აპირებს თხევადი აირების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და შემდგომში მის ექსპლუატაციას.

დაგეგმილია: არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის]; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელს, რათა უზრუნველყოფილი იყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

შესაბამისი განცხადებით ბათუმის ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 11 ივლისს მიმართა და სკოპინგის ანგარიშიც წარუდგინა. სკოპინგის ანგარიშის [გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მიღების და გადატვირთვის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის და ექსპლუატაციის პროექტის] საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში 2019 წლის 8 აგვისტოს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

ბათუმის მერიაში ჩანიშნული „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის, უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის  განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ ასევე წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 12 აგვისტომდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

[red_box]სკოპინგის ანგარიშის მიხედვით:[/red_box]

რეკონსტრუქციის სამუშაოები განხორციელდება გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების [გნა] და სხვა ნავთობპროდუქტების არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის პარალელურ რეჟიმში.

რეკონსტრუქციის ფარგლებში ასევე განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გაფართოვდება ვაგონცისტერნებიდან გნა-ს ჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა და გაიზრდება მისი გამტარუნარიანობა; კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება ობიექტზე მისასვლელ სარკინიგზო ხაზს; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და გაიზრდება გნა-ს გადასატუმბი საკომპრესორო დანადგარების სიმძლავრე; დამონტაჟდება თხევადი აზოტის ახალი, უფრო მეტი სიმძლავრის დანადგარი, ასევე, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება და განახლდება: გნა-ს მიღების, შენახვისა და გადატვირთვის ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული, სარეზერვუარო პარკებში და ნავმისადგომებზე დაგაზიანების კონტროლის, სარეზერვუარო პარკებში და ნავმისადგომებზე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემები; ავარიული ელექტრომომარაგების სისტემა; წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები;

დაგეგმილი საქმიანობის პროექტირების დაწყების წინ საწარმო უზრუნველყოფს წინა საპროექტო კვლევების ჩატარებას, სივრცითი, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წინასწარ შეთანხმებას ქალაქ ბათუმის მერიასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, რის საფუძველზეც მომზადდება გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მიღების, შენახვის და გადატვირთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის საპროექტო დავალება.

რეზერვუარები განთავსდება 3 მეტრ სიღრმეზე, ბეტონის საძირკვლებზე, 2 ჯგუფად. ერთ ჯგუფში ერთმანეთის პარალელურად განთავსდება 3 რეზერვუარი, ხოლო მეორე ჯგუფში – 4 რეზერვუარი. რეზერვუარების პარკის ორივე ჯგუფი განთავსდება მიწაყრილის ქვეშ, ხოლო გარშემო მოეწყობა რკინა-ბეტონის კედელი ორმაგი არმირებით.

მიწაყრილი და სარეზერვუარო პარკის შიდა ტერიტორია დაიფარება წყალგაუმტარი ფენით. რეზერვუარების გარშემო მოეწყობა რეზერვუარების მილსადენების მომსახურების სივრცე რ/ბ კედლებით და გადახურვით, მათ შორის ნარჩენი კონდესატისაგან რეზერვუარების დასაცლელად, რომელიც მილსადენით გადაიტვირთვება შემკრებ რეზერვუარში.

რეზერვუარების პარკი აღიჭურვება ხანძრის ქაფით ქრობის და წყლით გაგრილების ავტომატური სისტემით [ხელის მართვის დუბლირებული პულტით] ამერიკული სტანდარტის NEPA-58 და NEPA-15 -ს მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნული სტანდარტის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით რეზერვუარების აღჭურვის შემთხვევაში, მინიმალური დასაშვები მანძილი რეზერვუარებიდან სხვა უახლოეს ობიექტამდე 100 მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთი უახლოესი საცხოვრებელი ზონიდან კი დაცილებულია 150 მ-ით.

მიწისქვეშა მილსადენები გაყვანილი იქნება 3 მ სიგანის რკინაბეტონის არხებით, რომელიც ბუნებრივად განიავდება. რეკონსტრუქციის შემდეგ სარკინიგზო ესტაკადა კვლავ ორჩიხიანი იქნება. თითოეულ ჩიხში ერთდროულად 15 ვაგონ-ცისტერნის მიწოდება იქნება შესაძლებელი, რაც ჯამში 30 ვაგონ-ცისტერნას შეადგენს.

ПУЭ – ს თანახმად, სარკინიგზო ესტაკადა საშიშროების В-1г კლასს ეკუთვნის. შესაბამისად, გნა-ს სარკინიგზო ესტაკადის მილსადენებზე, 20 მეტრის დაშორებით, კვლავ გათვალისწინებული იქნება ელექტროამძრავიანი ფეთქებადუსაფრთხო გამომრთველი ონკანები, რომელთა დანიშნულებაა გნა-ს სარკინიგზო ესტაკადის გამორთვა ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში.

ექსპლუატაციაში დარჩება არსებული საკომპრესორო-სატუმბო სადგური, რომელიც კვლავ გამოყენებული იქნება არსებული 5000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკში გნა-ს შესატუმბად და ამავე რეზერვუარებიდან N2 ნავმისადგომზე მდგომ ტანკერში გნა-ს გადასატვირთად 90-100 ტონა/სთ სიჩქარით. ახალი საკომპრესორო სადგურის საშუალებით გნა-ს რეზერვუარებში და უნაპირო ნავმისადგომზე მდგომ ტანკერებში გნა-ს გადტუმბვის სიჩქარე კი იქნება 300-350 ტონა/სთ. რეკონსტრუირებული სარკინიგზო ესტაკადა მოემსახურება როგორც არსებულ 5000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკს, ისე ახალ 21 000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკს.

გათხევადებული აირების მიღების და გადატვირთვის სადგური განლაგებულია შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ჩრდილო-აღმოსავლეთით განცალკევებულად მდებარე 13 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე [თამარის დასახლებაში], ყოფილი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ტერიტორიაზე განლაგებულია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ნავთობშლამებისა და ნავთობით დაბინძურებული გრუნტების დროებითი განთავსების მოედნები.
გნა-ს რეზერვუარების მიმდებარედ განთავსებულია ასევე შპს „აჭარგაზის“ 7 რეზერვუარი; ამავე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს „სიგმატიქსი“, რომელიც ახდენს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ გადაცემული ნავთობშლამების ინსინერაციას.

მილსადენები გაყვანილი იქნება შემდეგ ტერიტორიებზე:
შპს ,,ბათუმი პეტროლეუმის“ ტერიტორიაზე, ღობის გასწვრივ, მიწისზედა გაყვანით, მაღალ საყრდენებზე; ყოფილი კაზინეცის ქუჩაზე, რკინიგზის ვაკისამდე, მიწისქვეშა გაყვანით, შპს ,,ბათუმი პეტროლეუმის“ ღობის გარეთა მხარეს, სპეციალურ რ/ბ არხით, (რკინიგზის გადაკვეთა – შესრულდება არსებულ გასასვლელში მიწისქვეშა რ/ბ არხის საშუალებით); თამარ მეფის გამზირის გადაკვეთა პერპენდიკულარულად, მიწისქვეშა რ/ბ არხით; ქუჩის გადაკვეთის მთელ მონაკვეთზე მილები მოქცეული იქნება ფოლადის მილებისგან დამზადებულ ფუტლარებში (მილი-მილში); შემდგომ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის მილსადენები გაიყვანება სანაპიროს გასწვრივ მდ. ბარცხანამდე. მდ. ბარცხანაზე გათვალისწინებულია მიწისზედა გადასასვლელი მაღალ დგარებზე და შემდგომ ნაპირის გავლით ნავთობპროდუქტების არსებულ ტექნოლოგიურ ესტაკადამდე. ტექნოლოგიურ ესტაკადაზე მილსადენების გაყვანა ხდება ზედა იარუსის არსებულ ტრავერსებზე, ქვედა იარუსზე დამატებითი საყრდენი დგარების დაყენებით, და ასეთი ვარიანტით ხდება მათი მიყვანა გამწმენდი ნაგებობების მოედნამდე. გამწმენდი ნაგებობების მოედნიდან უნაპირო ნავმისადგომამდე მილსადენების სიგრძე შეადგენს დაახლოებით 500 მეტრს და განთავსებულა П-სებრ საყრდენებზე.

საქართველოს მთავრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ყაზტრანსოილმა“ უნდა უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. ანუ, გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადაზიდვის მოცულობების გაზრდა ხელს შეუწყობს ამ ვალდებულების შესრულებას. მიღწეულია რეალური შეთანხმება ყაზახეთში მოქმედ კომპანია „თენგიზშევროილთან“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით გნა-ს წლიური ტვირთბრუნვის წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდის თაობაზე. გნა-ს გადატვირთვასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალიზაციის სხვა საწარმო საქართველოში არ ფუნქციონირებს…

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების პროცესში მოსალოდნელია გაიზარდოს ეკოლოგიური და სამრეწველო რისკები. მათ შორის:

[crosslist]

  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
  • ადგილი ექნება ზედაპირული წყლების ბუნებრივ ჩამონადენზე ზემოქმედებას.
  • მოსალოდნელია შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარე კუბასწყალის წყლის ხარისხის გაუარესების გარკვეული რისკები;
  • ოსალოდნელია ნარჩენების რაოდენობის ზრდა და შესაბამისი გაზრდილი ზემოქმედება გარემოზე და ა.შ.

[/crosslist]

სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ უზრუნველყოფს საქმიანობის პროცესში მოსალოდნელი რისკების სათანადო მართვას, განახორციელებს შესაბამის შემარბილებელ და საკომპენსაციო ღონისძიებებს და დააწესებს ქმედით სისტემურ კონტროლს აღნიშნული ღონისძიებების შესრულებაზე, რათა მაქსიმალურად შეამციროს ბუნებრივ გარემოზე მოსალოდნელი ნეგატიური ზემოქმედებების მასშტაბები და გავრცელების არეალი.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქმიანობისთვის შერჩეული ტერიტორია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა მაღალ ანთროპოგენურ ზემოქმედებას. აღნიშნულის შედეგად საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში ნიადაგი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში დაგეგმილი საქმიანობა შესაძლოა შერჩეული ნაკვეთის ან მეზობელი ტერიტორიების ნიადაგების დამატებითი უარყოფითი ზემოქმედების მიზეზი გახდეს. კომპანია უზრუნველყოფს მდინარე კუბასწყლის და ზღვის წყლების ხარისხის მონიტორინგს ეკოლოგიური მონიტორინგის გეგმის შესაბამისად როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პირობებში“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„სკოპინგის ანგარიშში ნეგატიური ზემოქმედებების ხასიათი, მასშტაბები და შეფასება მოკლედ არის განხილული და ეს ყველაფერი დეტალურად განხილული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის შესაბამის პარაგრაფებში“ – აცხადებს „ბათუმის ნავთობტერმინალი“.

დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით გზშ-ს, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ მას შემდეგ მოამზადებს, რაც სამინისტრო სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის N 2 ნავმისადგომზე გადატვირთვის პროცესი / ფოტო: სკოპინგის ანგარიშიდან

რაც არ განგიცდია, ვერც გადაიღებ, ყალბი გამოვა – გურამ წიბახაშვილი

ამჯერად Fuji-ის მსუბუქი კამერით იღებს და ამბობს, რომ ქუჩის გადაღებებისთვის ეს სრულიად საკმარისია. უამრავი ფოტოაპარატი გამოუცვლია, აქვს უზარმაზარი ფოტოარქივი, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების არტისტების ცხოვრების ამსახველი კადრები ამოარჩია და ბათუმში მოაწყო ფოტოგამოფენა „ზამთარი გადატანილია“. ამავე სახელწოდებით გურამ წიბახაშვილის ფოტოალბომიც გამოიცა, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები ავსებს ისტორიებით.

„80-90-იანი წლების დასაწყისშიც იგივე ხდებოდა საქართველოში, რაც ახლა ხდება. ის ზამთარი გადატანილია, მაგრამ როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს – ზამთარი ისევ მოვა. როგორ ზამთარსაც მოვიყვანთ, ისეთი იქნება გადასატანი, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – ამბობს გურამ წიბახაშვილი – იგივე წიბახა.

იღებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ამბებს, აქციებს, რომელიც შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით იმართება. ამბობს, რომ როგორც ფოტოგრაფი მშვიდადაა, რადგან უამრავი ადამიანი იღებს კამერით, აფიქსირებს ისტორიულ ფაქტებს და თუ მის ობიექტივს რაიმე გამორჩება, აუცილებლად გადაიღებს ამ ფაქტს ვინმე სხვა.

„ბევრი ადამიანი იღებს ჩემ ირგვლივ და ყველაფერი ფიქსირდება. 90-იან წლებში ასე არ იყო. ცოტა ფოტოგრაფი იყო, კამერა ყველას არ ჰქონდა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იყო ფაქტების გადაღება-შემონახვა. ახლა ყველაფერში კამერაა ჩამონტაჟებული. გადაღების მიზანი ინფორმაციის, ფაქტის დაფიქსირებაა. დღეს ინფორმაციული ველი დიდია და ამ ინფორმაციის ვიზუალურად დაკარგვა ყოვლად შეუძლებელია, თუ სპეციალურად ფოტოგრაფი არ გადაიღებს რამეს, ვინმეს მაინც აღმოაჩნდება მოვლენის კადრი. ეს კარგია.

სკოლაში გვასწავლიდნენ. ლიტერატურას, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო საგნებს კი ბატონო, მაგრამ ვიზუალური ენა? ამას არა. არადა, ეს ისეთივე ენაა, როგორც ჩვეულებრივი, საკომუნიკაციო ენა. გაიზარდა ვიზუალური ენის როლი.

საქართველოში კარგი ფოტოგრაფიის დიდი ბუმია. ბევრი ახალგაზრდა ფოტოგრაფი მუშაობს ნაყოფიერად და ხარისხიანად. ფოტოგრაფიის სკოლები გაიხსნა, სადაც ისწავლება ვიზუალური კომუნიკაციის ენა.

ფოტოგრაფიის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი დოკუმენტურობაა. როგორი ტრანსფორმაციაც არ უნდა გაუკეთო კადრს, იცი, რომ დასაწყისში იყო რაღაც პირველადი, ნამდვილი გამოსახულება“.

გურამ წიბახაშვილი იხსენებს, რომ როცა გადაღებას იწყებდა, ფოტოგრაფობა სერიოზულ პროფესიად არ მიიჩნეოდა. პროფესიით ქიმიკოსია და მისი ოჯახის წევრებს ძალიან სწყინდათ, ქიმიას რომ ჩამოშორდა და ფოტოაპარატით დაინტერესდა. უწევდა წიგნებით, ჟურნალებით სწავლა, მერე ფოტოგრაფები გაიცნო და მათთან დამეგობრებაც სწავლის კიდევ ერთ საშუალებად იქცა.

მასწავლებლად ლეონარდო და ვინჩის მიიჩნევს. მისმა  ჩანახატებმა ტექსტებით შთააგონა, გადაეღო ფოტოები და ეწერა ამბები.

წიბახას უამრავი საყვარელი ფოტოგრაფი ჰყავს, მაგრამ მათ შორის დუან მიხალსს გამოარჩევს, ვისი საშუალებითაც ფოტოგრაფიული აზროვნება ისწავლა.

„თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების მუშაობას ვაკვირდები დიდი ინტერესით, მაინტერესებს რას აკეთებენ, რა არის აქტუალური მათთვის. ყველა შეიძლება გახდეს ფოტოგრაფი, ეს ყველაზე ლიბერალური პროფესიაა, მაგრამ აუცილებელია ადამიანური, რაღაც ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც. თუ ეს არ არის, გამოსახატიც არაფერია. რაც არ განგიცდია, ვერც გადმოსცემ – ყალბი გამოვა“, – ამბობს წიბახა.

ფოტოგრაფის პირველი პროფესიული გამოცდილება გაზეთ „7 დღეში“ მიიღო, რომელიც 1992 წლიდან გამოდიოდა. პრესაში მუშაობა ფოტოგრაფისგან დიდ მობილიზებას მოითხოვდა, მერე კი ეს მისთვის დიდ გამოცდილებად იქცა.

„ვიღებ ფირიანი კამერებითაც სტუდიაში. თავად ვამჟღავნებ და ვბეჭდავ, კოლექციონერები ეძებენ ხშირად ფირით გადაღებულ ფოტოებს და ამიტომ. ფირი წარსულს არ ჩაბარდება, მაგრამ იქცევა იშვიათობად. ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვინც ფირით გადაიღებს ფოტოებს. არის ხალხი, ვისაც ამის გარეშე არ შეუძლია“, – ასე ფიქრობს წიბახა.

ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33A ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე კონცერტს გამართავს

ბათუმის ჩოგბურთის კორტები არაერთი მუსიკალური საღამოს მასპინძელია ყოველ ზაფხულს. 17 აგვისტოს კი კორტებზე ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33A-ს სოლოკონცერტი გაიმართება.

17 აგვისტოს ბათუმში ჯგუფი ძირითადად ძველ სიმღერებს შეასრულებს, რითაც მსმენელისთვის საყვარელ და პოპულარულ ბენდად იქცა, თუმცა სიმღერების ნაწილი ინტერპრეტირებული იქნება და ნიაზ დიასამიძე რამდენი ახალ სიმღერასაც წარუდგენს მსმენელს.

Tickets.ge-ზე ონლაინშეძენის შემთხვევაში კონცერტის ბილეთი 20 ლარი, ადგილზე ყიდვისას კი 30  ლარი ღირს.
ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33A-ს ბათუმში კონცერტის ორგანიზატორია  „ქართული ღვინის ფონდი“.

რა გაძვირდა და რამდენით – პროდუქტის ფასები ლარის გაუფასურების შემდეგ

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი – სევერიან ხინკილაძე რძის პროდუქტებს ეტიკეტს უცვლის. „რძის პროდუქტები უკვე 10 თეთრით გაძვირდა და შესაცვლელიაო,“ – ამბობს ის და რძის პროდუქტების მაცივრის თაროზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ძველ ფასებს მაჩვენებს. ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების და საკვები პროდუქტების გაძვირების გამო ფასების ეტიკეტებს ახლა თითქმის ყველგან და ყველაფერზე ცვლიან.

რძის პროდუქტები 10 თეთრით გაძვირდა

„ყველაფერი გაძვირდა, ზოგ პროდუქტს 20 თეთრი დაემატა, ზოგს – 50. მაგალითად, შაქარს აქამდე ლარ-ნახევრად ვყიდდით, ახლა კილო შაქარი 1 ლარი და 70 თეთრია, მაკარონი 50 თეთრით გაძვირდა, ბრინჯი და წიწიბურა არ გაძვირებულა. ბრინჯი ისევ ლარი და 60 ღირს, წიწიბურა – 1 ლარი და 80 თეთრი. ენერგეტიკული სასმელი „ბუმიც“ გაძვირდა 20 თეთრით, პური არ გაძვირებულა ჯერ და ესაა მთავარი,“ – ამბობს სევერიან ხინკილაძე.

ამ და სხვა სუპერმარკეტების კონსულტანტების თქმით, ყველაზე მეტად ფასის ზრდა გაყინულ პროდუქტებზე აისახა. მაგალითად, გაყინული ქათმის საშუალო ფასი ახლა 7 ლარიდან იწყება. კონსულტანტების განმარტებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში გაყინული ხორცის პროდუქტებზე ფასი საშუალოდ 1 ან 2 ლარით გაიზარდა.

„რასაც მაღალი ფასი ჰქონდა, ის არ გაძვირებულა. მაგალითად, ზეთი დიდ ბოთლებში 17 ლარი და 50 თეთრი რომ ღირდა, ახლაც იგივე ფასი აქვს. მაგრამ 2 ლარით გაძვირდა მზესუმზირის ის ზეთი, რომელიც 13 ლარი და 50 თეთრი ღირდა. ღარიბი ფენისთვის გაძვირდა ისევ ცხოვრება“, – გვითხრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტმა, დავით ვერძაძემ.

ივლისში შაქარი 20 თეთრით გაძვირდა.

საკვები პროდუქტების გაიაფებაზე საუბრობენ ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები. „გახედეთ რიგებს, მყიდველი არავინაა და ვინ მოუმატებს ფასს,“ – ირწმუნებიან აქ.

საქონლის რბილ ხორცს აგრარულ ბაზარში საშუალოდ 17-19 ლარად იყიდით, ქათმის ხორცის ფასი კი 6 ლარი 50 თეთრიდან იწყება. „6 ლარშიც გამოვაო,“ – გვითხრა მოვაჭრემ, როცა დახლს მოვშორდით. ვენერა გორგაძის თქმით, ერთი თვის წინ კილოგრამ ქათამს საშუალოდ 7 ლარად ყიდდა.

ბაზარში იმერული ყველი საშუალოდ 8 ლარი ღირს, სულგუნი – 12 – 14 ლარი. „მარტო სულგუნს მოვუმატეთ თითო ლარი, ზაფხულია და ვითომ მაინც გაიყიდებაო,“ – დასძენენ ყველით მოვაჭრეები.

ნიგვზისა და ბოსტნეულის გამყიდველების თქმით კი, ლარის გაუფასურება მათ დახლებს არ შეხებია: კილოგრამი ნიგოზი 15 ლარი ღირს, ქართული ნიგოზი – 20. კარტოფილის საშუალო ფასი – 1 ლარი და 20 თეთრიდან იწყება.

მერყევია კიტრისა და პომიდვრის ფასები. მაგალითად, იზოლდა ქოქოლაძე ამბობს, რომ სახლის კიტრს გასულ თვეში 2 და 3 ლარად ყიდდა, ახლა კი, სახლის კიტრის ფასი ლარ-ნახევარია, სათბურის – 70 თეთრი. აგრარულ ბაზარში კილოგრამი პომიდვრის შესაძენად 2,50 – 3,50 ლარი დაგეხარჯებათ.

 

ლარმა მორიგი მკვეთრი გაუფასურება გასული თვის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ამჟამად 1 დოლარის შესაძენად  2.88 ლარის გადახდა მოგიწევთ ბათუმის ქუჩებში.

გუშინ, 21 ივლისს, კიდევ ერთხელ – 4-5 თეთრით გაძვირდა ბენზინიც. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს ბენზინის გაძვირება საკვებ პროდუქტებზე.

გამარჯვებული კონკურსანტები აჭარიდან – 12 პედაგოგი სტაჟირებას პოლონეთში გაივლის

ვარშავაში საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა სტაჟირების კონკურსის 12 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდა.

ბიოლოგია:

  • ნინო ქათამაძე (ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა)
  • ნონა ქორიძე  (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა)
  • მაგდანა ხაბაძე (ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა)

ბუნებისმეტყველება:

  • დალი თებიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა);
  • ნინო მალაზონია (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა);
  • თამარ კონცელიძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა);

ფიზიკა:

  •  მერაბ დიასამიძე  (ქედა, მახუნცეთის საჯარო სკოლა);
  •  მზევინარ იმედაშვილი (ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა);
  •  მარინე ხოზრევანიძე (ბათუმის მე-9  საჯარო სკოლა);

 ქიმია:

  • თამარა ბერიძე (ხელვაჩაური, ფერიის საჯარო სკოლა);
  • ნაირა ჯაყელი (ხელვაჩაური, ჭარნალის საჯარო სკოლა);
  • რუსუდან შავაძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა).

კონკურსის მეორე ეტაპზე 24 პედაგოგი მონაწილეობდა. სტაჟირების პროგრამააჭარის განათლების ფონდს  ჰქონდა გამოცხადებული.

კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან პოლონეთში, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში – „სკოლა კლასთან“ (School with Class Foundation)  2019 წლის 22-29 სექტემბერს.

 

მთავარი ფოტო: აჭარის განათლების ფონდი/გასაუბრება სტაჟირების კონკურსში მონაწილე პედაგოგებთან.

 

 

„შავი ზღვის ღვინის ფესტივალი“ და ღვინის უფასო დეგუსტაცია ბათუმის ბულვარში

16 , 17 და 18 აგვისტოს ბათუმის ძველ ბულვარში „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება.

ქართულ ღვინოს სამი დღის განმავლობაში ასამდე ღვინის მარანი წარმოადგენს. ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია ფესტივალის სტუმრებისთვის უფასო იქნება, გაიყიდება სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

აფიშა

დაგეგმილია ასევე:

• ეთნოკულინარიული გამოფენა – ქართული ყველის, ჩირისა და ჩურჩხელის ნაირსახეობებით
• ტრადიციული კერძების მასტერკლასი
• ქართული რეწვის პროდუქტების ორმოცი მწარმოებლის გამოფენა (თექა, მინანქარი, თიხა და ა.შ.)
• ოცდაათი თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენა – გაყიდვა და ტრადიციული სამოსელის გამოფენა

ფესტივალის ორგანიზატორია „ქართული ღვინის ფონდი“.

__________

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ვის ეკუთვნის და როდის გაიხსნება რვაფეხა

ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც „რვაფეხას“ მესაკუთრეა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფუნქციონირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სამუშაოების ჩაბარების შემდეგ გადაწყდება.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ჯერ ბათუმის მერია შენობას მიიღებს ექსპლუატაციაში შესაბამისი წესით და ამის შემდეგ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს სამინისტრო. შესრულებული სამუშაოების  ჩაბარების შემდეგ კი, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შემდგომში ამ ნაგებობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაიბარებენ სამუშაოებს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, მათთვის შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ამ დროისთვის არავის მიუმართავს. მერიაში განმარტავენ, რომ „რვაფეხა“ არ საჭიროებს ექსპლუატაციაში მიღებას, ვინაიდან მას მხოლოდ რესტავრაცია ჩაუტარდა. „თუმცა, მერიაში შემოსულია ეკონომიკის სამინისტროდან მომართვა – შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტებია საჭირო. მერიაში ეს მომართვა ჯერ არ განუხილავთ და მას, სავარაუდოდ, სამინისტროსთან ერთად განიხილავენ,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე „ფანტაზია“ [„რვაფეხა“] ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

2012 წლამდე 2 053 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია „რვაფეხა“ [220 კვ/მ], ბათუმის მერიას ეკუთვნოდა, თუმცა ამავე წლის მაისში, ის საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცეს. ამ განკარგულებით, აჭარას საკუთრების უფლება შეუწყდებოდა, თუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ განკარგავდა ქონებას.

ბათუმის საკრებულოს 2016 წლის განკარგულებით კი, ცვლილება შევიდა 2012 წლის განკარგულებაში და აჭარის მთავრობას „რვაფეხას“ რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქონება საკუთრებაში უბრუნდებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა განკარგულებაში რეაბილიტაციის დასრულების დრო მითითებული არ არის.

ამონარიდი ბათუმის საკრებულოს 2016 წლის განკარგულებიდან

2014 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცეს ასევე საკუთრებაში „რვაფეხას“ მიმდებარედ არსებული კიდევ ორი ნაკვეთი [„ჰილტონზე“ პირდაპირი ფორმით სარგებლობაში განკარგვის მიზნით, საერთო ფართობით – 3 268 კვ/მ]. თუმცა, 2016 წელს ცვლილება შევიდა 2014 წლის განკარგულებაშიც და აჭარის მთავრობას დაევალა გადაცემულ მიწის ნაკვეთების მხოლოდ კეთილმოწყობა. შესაბამისად, ქონება „ჰილტონისთვის“ აღარ გადაუციათ. ეს ტერიტორია დღეს ბათუმის ბულვარზე უზუფრუქტით არის გადაცემული და მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს.

„რვაფეხა“ და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აჭარის საკუთრებაშია

ამ თემაზე:

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

 

შსს: ბათუმში ოთხ არასრულწლოვანს დედა და დეიდა მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს დედა და დეიდა, რომლებიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

„ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა“ – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა სამთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოში, სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან.

პროგრამას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს.

როგორც პროექტის მენეჯერი მარიკა ციბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის პროგრამაში 50-მდე პირია დარეგისტრირებული. „ბევრმა გამოთქვა სურვილი, ამიტომ ოქტომბერში კიდევ დაემატებიან ბენეფიციარები“, – გვეუბნება ციბაძე.

მისი თქმით, პროგრამა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში არ გვითხრეს, ამ მიზნის მისაღწევად რა თანხა დაიხარჯება.

სსიპ-ის პიარმენეჯერმა ლიკა ბაბლუანმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა საჯარო ინფორმაცია პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა, ეს მაშინ, როცა სსიპ-ი და პროგრამაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მოგვიანებით კი დასძინა, რომ ამ ციფრის გასაგებად, ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ და „მას კანონით დადგენილ, ათდღიან ვადაში მოგვაწვდის“.

მთავარი ფოტო: განათლების სამინისტრო/რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირები სახელმწიფო ენის შესწავლის სამთვიან კურსს გაივლიან.

Exit mobile version