ივანიშვილი: სექტემბრიდან ხალხთან მეტი კომუნიკაცია გვექნება

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია ექნებათ ხალხთან. ბათუმში მყოფ ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება საყვირების ხმის ფონზე უწევდა. სასტუმრო „ჰილტონის“ ჰოლში შედიოდა იმ ადამიანების ხმები, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვდნენ და ივანიშვილის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან:

ივანიშვილმა თავისი პარტიის მომავალ გეგმებზე საუბრის ჭრილში თქვა:

„დაფუძნდა აჭარის პარტიული რეგიონული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც წარვადგინეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაფორმდება ყრილობაზე, რომელიც ჩვენ გაზაფხულზე გვექნება. გარდა ამისა, ჩვენ საუბარი გვქონდა და ესეც ამას ეძღვნებოდა, რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნების პერიოდში აქტიურდებოდა მხოლოდ, ჩვენ ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვაცხადებთ. ყველა დრო არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასულია მთლიან რეგიონებში და სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით აქტიურები ვიქნებით. მაქსიმალური რაოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან თუ პარლამენტიდან თუ საკრებულოებიდან, მოვახერხებთ რეგიონებში გასვლას, საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას, გვექნება პოლემიკა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს…“

დღეს ცნობილი გახდა, რომ იქმნება „ქართულ ოცნების“ აჭარის ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელადაც თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარადგინეს.

 

 

 

ლავროვი გამოცდილი, დიდი პოლიტიკოსია, არ უნდა ეშლებოდეს – კალაძე

დღეს, 17 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში პარტიული დახურული შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს განცხადება კახი კალაძემაც გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა გვქონდა აჭარაში,  სადაც  მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული  ორგანიზაციის დაფუძნებისთვის. კანდიდატად წარმოდგენილია თორნიკე რიჟვაძე და მინდა მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად ის იქნება წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც ზოგადად აჭარაში ხორციელდება – როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან აჭარაში, მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რეჟიმში იყოს კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

შეიქმნება თუ არა კოალიციური მთავრობა და ზოგადად პარლამენტში რამდენი პარტია მოხვდება, დამოკიდებულია ჩვენს მოსახლეობაზე. მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას, სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. ზუსტად მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს არჩევანი 2020 წლის არჩევნებზე თავიანთი გემოვნებისა და პროგრამების მიხედვით.

ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია და იმის რესურსიც გააჩნია ქართულ ოცნებას, უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, თუმცა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული.

ცუდია რაც [20 ივნისს] მოხდა, არავის არ უნდა ეპატიოს და არ უნდა იყოს იმის მცდელობა, რომ საქართველოს ნომერ პირველ ინსტიტუტს შეუტიონ და  შტურმით აღების მცდელობა იყოს. ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეს ქვეყნისთვის. სახელისუფლებო ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით” – აცხადებს კახი კალაძე.

ჟურნალისტებმა მას კითხა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შესახებაც, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ,,დაგმოს გიორგი გაბუნიას სამარცხვინო გამოხდომა”

კალაძე მიიჩნევს, რომ  „კერძო არხის ჟურნალისტის მდაბიო გამოხტომები არ უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დალაგების ან არევის კრიტერიუმები, ლავროვი  დიდი, გამოცდილი პოლიტიკოსია და მას არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რაღაცები. ჩვენი კურსი ევროპაში ინტეგრაციაა და რუსეთთან გვაქვს დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლო წლებში წინგადადგმული ნაბიჯებით – ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ჩვენი მიზანია გავხდეთ დიდი ოჯახის, ევროპის წევრი” – განაცხადა ბათუმში ვიზიტისას კახა კალაძემ.

თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელად წარადგინეს

დღეს, 17 ივლისს,  მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ იმყოფებოდა, სადაც  „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. აქამდე „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია არ არსებობდა.

პარტიის აჭარის რეგიონულ ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძე ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილის „ჰილტონში“ სტუმრობა ენმ-სა და სხვა აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე გამოჩნდა ტრანსპარანტები: „STOP ბიძინა“, „წადი გახარია“. აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.

ივანიშვილმა „ჰილტონი“ რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

 

ივანიშვილმა „ჰილტონი“ პროტესტის ფონზე დატოვა

ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ჰილტონი“, სადაც ის შეხვედრას მართავდა, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა. იმ დროს, როცა ივანიშვილის ესკორტი სასტუმროს ტოვებდა, მცირე ინციდენტი მოხდა – ენმ-ის წევრებმა მცირე ხნით რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს.

შეხლა-შემოხლა იყო პოლიციასა და აქტივისტებს შორის.

აქცია „ჰილტონთან“, სადაც ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავდა / ბათუმი, 17.07.2019

დღეს, 17 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული დახურული შეხვედრა გამართა „ჰილტონში“.

დღეს დაფუძნდა „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

ამ თემაზე:

„STOP ბიძინა“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, სადაც ივანიშვილი შეხვედრას მართავს

 

 

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რივიერას მშენებლობას ნაციონალებისგან მართული ადამიანები აპროტესტებენ

ბათუმში მყოფ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა ბათუმში, რივიერაზე დაგეგმილი 5 კოშკის მშენებლობაზე ჰკითხეს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ქალაქში არსებული საპროტესო განწყობა, რაც ამ მშენებლობას უკავშირდება, „ნაციონალური მოძრაობისგან“ არის მართული:

„აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას“.

2011 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყეს, ბათუმში მცხოვრებლები ამ მშენებლობას აპროტესტებდნენ. დაიგეგმა აქციაც „ხელები შორს ბათუმის ბულვარისგან“. მაშინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ესენი არიან შავბნელი ძალები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან.

 

„ვიცი ვაშინგტონისა და ევროპის პოზიცია“ – ივანიშვილი გახარიას გადადგომაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმში იმყოფება. ის პარტიულ აქტივთან სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვედრას მართავდა. ჟურნალისტებმა მას გიორგი გახარიას გადადგომაზე ჰკითხეს.

„ოპოზიციური პარტიები 21 ივნისიდან გახარიას გადადგომას ითხოვენ, არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვები არ ჰქონია ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როცა მეორე დღესვე ითხოვენ ამას, ყველაფერი ნათელია. სწორად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვები რომ ყოფილიყო, მაშინ დადგებოდა გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის. შევხვდი ელჩებს, ვიცი ვაშინგტონისა და ევროპის პოზიცია”.

„STOP ბიძინა“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, სადაც ივანიშვილი შეხვედრას მართავს

„STOP ბიძინა“, „გახარია წადი“ – ტრანსპარანტებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, საპროტესტო აქცია იმართება. დღეს, 17 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიულ დახურულ შეხვედრას მართავს, სადაც სავარაუდოდ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს აირჩევენ. შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

საპროტესტო აქციას აქტივისტები მართავენ, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საპროტესტო აქცია სასტუმრო „ჰილტონთან“
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ციხის შემდეგ ტელეფონის აკრებაც კი მიჭირდა, მაგრამ მერე კომპიუტერიც ვისწავლე – პატიმარი

39 წლის ზვიად მგელაძე ქობულეთის სოფელ ზენითში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ საპატიმროში შვიდი წელი გაატარა და გათავისუფლების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ტელეფონზე ნომრის აკრეფაც კი უჭირდა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, ახლა თანამედროვე ავტოსახელოსნო აქვს, სადაც მალე კომპიუტერული დიაგნოსტიკით მომსახურებასაც შესთავაზებს კლიენტებს.

ამბობს, რომ საკუთარი ბიზნესის წინსვლისთვის ბევრი იშრომა, რის შედეგსაც უკვე გრძნობს.

„გათავისუფლების შემდეგ გაორმაგებული ძალით შევუდექი ცხოვრებისკენ შემობრუნებას. მე ასეთი განწყობა მქონდა, ყველაფერი ვცადე, ბიზნესი რომ დამეწყო და წინ წამეყვანა საქმე. თუმცა ტელეფონის ნომერს ვერ ვკრებდი ციხიდან გამოსული, იმდენად შეცვლილი და განვითარებული ტექნოლოგიები დამხვდა. კომპიუტერის შესწავლაც დამჭირდა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ციხიდან 2012 წელს გათავისუფლდა და საზოგადოებაში ინტეგრაცია ეტაპობრივად შეძლო. საქართველოში თავიდან ვერ დასაქმდა და ავტოსაქმის შესასწავლად ერაყის სპეციალურ სასწავლებელში გაემგზავრა სამი წლით. საქართველოში დაბრუნდა და მეგობრის დახმარებით სახელოსნო მოაწყო, ნელ-ნელა გააფართოვა, დღეს კი სამ ადამიანსაც ასაქმებს და მალე მეოთხე კადრსაც მიიღებს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ზვიადს სახელოსნოსთვის აუცილებელი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რითაც ოსტატმა სახელოსნოს გაფართოება შეძლო.

,,მყავს პენსიონერი ბებია, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ, ხანდახან ღამის ორამდეც მიწევს შრომა, მაგრამ სხვანაირად საქმე წინ ვერ წავა. ძალიან რთული იყო თავიდან ბიზნესის დაწყება. მახსოვს პირველად საკუთარი, ორი გაფუჭებული მანქანა დავშალეთ ნაწილ-ნაწილ გასაყიდად“, – იხსენებს ზვიად მგელაძე.

ის იხსენებს ასევე, რომ ციხის მოსაწყენი წლები წიგნების კითხვით გადააგორა. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტა აქვს – ხშირად კითხულობს და ამბობს, რომ სასულიერო ლიტერატურისა და ისტორიული რომანებისთვის ყოველ თვეში აქვს განსაზღვრული შემოსავლის ნაწილი.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

 

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

აჭარაში 10 000 დოლარის ყალბი კუპიურები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. უწყების ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

____________

ფოტო: pexels.com

ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე, აქტივისტების მიერ გამოფენილი ბანერის – „წადი გახარიას“ გამო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური აქტივისტებს აჯარიმებს.

„ყოველდღე მოდიან, გვთხოვენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ. წერენ რაღაც ოქმებს და გვეუბნებიან, რომ ჯარიმები მოგვივა. თუმცა კონკრეტულად ვის სახელზე წერენ ჯარიმას, არ ვიცით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხათუნა ბერიძე.

მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მათ ეუბნება, რომ ბანერის გამოფენით ისინი ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებენ.

„ჩვენ ვიცით, რომ ამის უფლება გვაქვს და კანონს არ ვარღვევთ. ყოველ 6 საათზე მოვდივართ და 1-2 საათით ვკიდებთ ბანერს, შემდეგ ვხსნით და მივდივართ“, – ამბობს ბერიძე.

„ბათუმელები“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, დათო ზოიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბანერის გამოფენის გამო სამართალდარღვევის ოქმი შვიდჯერ შეადგინეს. „ზედამხედველობის სამსახურმა დააფიქსირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კოდექსის 150-ე მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას სხვადასხვა ბანერების, პლაკატებისა და წარწერების თვითნებურად მონტაჟისა და განთავსების შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაზე.

კოდექსი პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს 50-ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში არის 500 ლარი. შედგა შვიდი ოქმი და ყოველ სამართალდარღვევაზე იქნება შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს ზოიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ვის აჯარიმებენ კონკრეტულად, ზოიძე ამბობს, რომ ბანერის გამოფენაზე პასუხისმგებელ პირს. „პირველ შემთხვევაში სხვა პიროვნება იყო, მეორე შემთხვევაში – სხვა. ვინც ადგილზეა უფლებამოსილი პირი, ის ჯარიმდება. დაახლოებით 450-ლარამდე ჯარიმა დაუგროვდათ“.

აქტივისტებმა ბანერი – „წადი გახარია“ ჩაქვის ხიდზე პირველად  12 ივლისს გამოფინეს.

 

 

გრილი დღეები და ხანმოკლე წვიმა ღამით – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივლისის 21 საათიდან 17 ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე:  5-10 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 18-19 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“.

„რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის.

პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და ძველი ბათუმის დამცველი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი ინტენსიურად მოითხოვდა, რომ მერიას უარი ეთქვა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე.

„არა ჩაბეტონებას“, „არ გვინდა ნაადრევი სიკვდილი“, „გაწიე კედელი, დამანახე ზღვა“ და სხვა არაერთი მოწოდება უამრავჯერ გაახმოვანეს მოქალაქეებმა, როგორც ხალხმრავალ საპროტესტო აქციებზე, ასევე სხვადასხვა ფორმატში. ამის მიუხედავად, ბათუმის თვითმმართველობამ  ხალხის აზრი არ მოისმინა და რივიერას პროექტი საკრებულოს სხდომაზე მაინც გაიტანა.

სხდომის დაწყებამდე საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა სიტყვის გამოსვლისთვის ნებართვა ითხოვეს. მათ ამის უფლება არ მისცეს – „ორი დღით ადრე უნდა მოგემართათო“.

„რივიერას“ თემა მეორე საკითხად გავიდა. მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსმა იმაზე დაიწყო საუბარი, რომ პროექტია რივიერა ბათუმისთვის მომგებიანია და სამუშაო ადგილები შეიქმნება. სამოქალაქო აქტივისტები შეეცადნენ, მისგან უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მოესმინათ, მაგრამ ვერ მოისმინეს.

ბათუმის საკრებულო

იგივე თქვა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ეს პროექტი ქალაქისთვის არის უსაფრთხო და როგორც „მრავალი თაობის ბათუმელი“, წლების შემდეგ აუცილებლად იამაყებს იმით, რომ პროექტი მისი მერობის პირობებში დაიწყო.

ლაშა კომახიძე უფრო შორსაც წავიდა და თქვა, რომ „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელებულა საქართველოში და მთელს რეგიონშიო“.

სხდომაზე მყოფი მოქალაქეები მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ სიტყვით გამოსვლის უფლება. როგორც იქნა, ბოლოს მიკროფონთან ნინო ინაიშვილი აღმოჩნდა. მან საკრებულოს და მერს კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოების განწყობა ამ პროექტზე და თქვა, თუ რამდენად დამაზიანებელია ეს პროექტი ქალაქისთვის:

„თქვენ, ქალაქის ხელისუფლება ვალდებული ხართ მოუსმინოთ ხალხს და სერიოზულ კითხვებს პასუხი გასცეთ. ჩვენ ვითხოვთ პასუხს. ჩვენ რაც ამ დარბაზში მოვისმინეთ, ამან აღგვაშფოთა, რადგან ბათუმი არ უნდა იქცეს ერთი სეზონის ქალაქად. ეს გადაწყვეტილება არასწორია და თქვენი ვალდებულებაა, რომ პოლიტიკა  სწორად განსაზღვროთ, თუმცა თქვენ ამაში ძალიან სუსტები ხართ“.

ინაიშვილის კრიტიკული შეფასებების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ისევ გააგრძელა „რივიერას“ ღირსებებზე საუბარი და  საკრებულოს წევრებს კენჭისყრისკენ მოუწოდა. თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დარბაზიდან ისევ მოჰყვა რეპლიკები.

„ადამიანების ჯანმრთელობა თქვენ არ გაინტერესებთ. ჯერ გამოიკვლიეთ და მერე გაეცით ნებართვები მაღლივ შენობებზე?“ – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ექიმმა ზეინაბ დიასამიძემ.

მანდატური ცდილობს შოთა გუჯაბიძე გაიყვანოს დარბაზიდან

საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ სულ ცოტა ხუთჯერ მაინც სთხოვა საკრებულოს თავმჯდომარეს მისთვის სიტყვის უფლება მიეცა, თუმცა უარი მიიღო. „მე მაქვს უფლება მოვითხოვო სიტყვა“, – ეუბნებოდა შოთა გუჯაბიძე თავმჯდომარეს.

ის პრინციპულად ეკითხებოდა თავმჯდომარეს, თუ რა პროცედურა უნდა გაევლო, რომ ბოლოს და ბოლოს მისთვის მოესმინათ. თავმჯდომარემ კი საპასუხოდ უთხრა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მოუსმენდა.

„სხდომის შემდეგ არ მინდა, ახლა მინდა“, – ეუბნებოდა გუჯაბიძე. მაშინ სულიკო თებიძემ დაცვას დაუძახა: „გაიყვანეთ, ხელს მიშლის“. შოთა გუჯაბიძის დარბაზიდან გასაყვანად მანდატური მოვიდა.

შოთა გუჯაბიძემ დარბაზში მყოფ ბათუმის მერს უსაყვედურა: „თქვენ ყველაფერს ამას უყურებდით და არ ჩაერიეთ“.

მერმა მისკენ მიმართულ საყვედურს ასე უპასუხა: „მე არ მოგეცი სიტყვა? საკრებულოში ხარ შოთა…“

„კი საკრებულოში ვარ და საკრებულოს თავმჯდომარისგანაც მქონდა თანხმობა, რომ სიტყვას მომცემდა. თქვენ უყურებდით ამ ყველაფერს და არ ჩაერიეთ ამაში“, – უპასუხა გუჯაბიძემ.

„ჩემი დანაშაულია, რომ არ ჩავერიე იმაში, რომ სიტყვა არ მოგცეს?“- რიტორიკულად იკითხა ლაშა კომახიძემ და თავი გააქნია.

ამის შემდეგ გუჯაბიძეს თავისი პოზიციის დაფიქსირება ჟურნალისტებმა სთხოვეს. თუმცა სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან უკანა რიგებში საკრებულოს ოპოზიური პარტიის წევრებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნი ატეხეს. დარბაზი აჩოჩქოლდა და საკრებულოს თავმჯდომარე სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა. შოთა გუჯაბიძე დარბაზიდან გავიდა, დარბაზში ჩხუბი, პოლემიკა, ყვირილი და მოწოდებები ერთდროულად ისმოდა სხვადასხვა მხრიდან.

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ „რივიერას“  მიმართ პროტესტს „არა გახარიას“   პროტესტიც მიუერთა და თაბახის ფურცელზე დააწერა:  #როდიონივი #გახარია-წადი“.

მირდატ ქამადაძე წარწერით – #როდიონოვი #გახარია-წადი

სულიკო თებიძე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რამდენიმე წუთის მანძილზე, ხან მანდატურებს მოუხმობდა, ხან პოლიციას. ამის მიუხედავად, მან სიტუაციის გაკონტროლება მაინც ვერ შეძლო.

„რატომ დაარღვიე რეგლამენტი“ – მაგიდაზე ხელების ბრახუნით ეკითხებოდნენ ენმ-ს წევრები სულიკო თებიძეს. თავმჯდომარის სკამიდან ადგა და ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

საკრებულოს წევრების დაცარიელებული სკამები ცოტა ხნით სამოქალაქო აქტივისტებმა დაიკავეს. მათ უმრავლესობის წევრებს მაგიდაზე საპროტესტო გზავნილები დაუტოვეს:

„არა, ნაადრევ სიკვდილს. ჩვენ გვინდა ჰაერი!“, „ნუ ანგრევ ბათუმს, ნუ უნგრევთ ქალაქს თქვენს შვილებს“, „ქალაქი უარს გეუბნებათ“ და ა.შ.

სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოში

შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე სულიკო თებიძემ მალევე დააყენა ხუთი ცათამბჯენის საკითხი განხილვაზე და მალევე მიიღო უმრავლესობის წევრების 17 ხმა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ისინი კენჭისყრას უკანონოს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ის პროცედურების დარღვევით ჩატარდა, რასაც გააპროტესტებდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა კი საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი აქციაა დაანონსეს.

რივიერაზე ცათამბჯენების აშენება „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ ერთ-ერთ კომპანიას სურს. მისი ფინანსური მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ქვეყნის მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია.

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს ბათუმის კონცხთან დაკავშირებით.

კვლევა 2013 წელს ჩაატარა სახელმწიფომ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაშინ ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა.

ამავე თემაზე:

როგორ დავისვენოთ ზღვაზე იაფად

აჭარის სანაპირო ზოლი დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული. ორი დღე დამჭირდა, ფეხით რომ შემომევლო პლაჟის ყველა მონაკვეთი. მქონდა მიზანი, მეგობრებისთვის დამემტკიცებინა, რომ ზღვაზე დასვენება შედარებით იაფადაც შესაძლებელია, თუ კი კარგად იცნობ აჭარის სანაპიროს და შესაფერის ადგილს შეარჩევ. 

მთავარი პირობა – თუ აჭარის სანაპიროზე ხელმისაწვდომ ფასად გსურთ დასვენება, არჩევანი საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებზე უნდა შეაჩეროთ. აქ ფასები დაბალია, შეიძლება ფასზე მოლაპარაკება და მრავალ საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლში საკვების ადგილზე მომზადებაც შესაძლებელია, რაც კიდევ უფრო აიაფებს დასვენებას. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა – საოჯახო სასტუმროებსა და ჰოსტელებში გაჩერება გაძლევთ შესაძლებლობას გაიცნოთ ახალი, საინტერესო ადამიანები, თქვენი მასპინძლები და სხვა დამსვენებლები.

მოდით, სარფიდან დავიწყოთ. 

სარფი საზღვრისპირა, პატარა სოფელია და დამსვენებლებისთვის პირველ რიგში ზღვის კამკამა წყალთან ასოცირდება. სარფში დასვენება შესაძლებელია მთებზე შეფენილ სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში, საიდანაც ზღვის ფანტასტიკური ხედები იშლება. აქ დასვენება ხელსაყრელია ოჯახებისთვისაც. დასაქირავებელი ოთახების ფასი 30 ლარიდან იწყება და კომფორტის დონის მიხედვით იზრდება. 

პლაჟზე ნებივრობა თუ მოგწყინდებათ, შეგიძლიათ აივანზე ან საგულდაგულოდ გამწვანებულ ეზოში მოკალათდეთ ზაფხულისთვის გადადებული წიგნების წასაკითხად.  

მარი კაბარია სარფელია. მისმა ოჯახმა საოჯახო სასტუმრო რამდენიმე წლის წინ გახსნა და ყოველ ზაფხულს იღებენ ტურისტებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. მარის სასტუმროში ერთი ოთახის დაქირავება, სადაც სამ ადამიანს შეუძლია დარჩენა, 50 ლარი ღირს. საოჯახო სასტუმროს აქვს სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ კერძი. მსგავსი სასტუმროები განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ბავშვებთან ერთად ისვენებს პლაჟზე, საოჯახო სასტუმროებს აქვთ ეზოები, სადაც ბავშვები სუფთა, უსაფრთხო გარემოში შეძლებენ თამაშს და დასვენებას.

სარფი. ხედი საოჯახო სასტუმროდან
ფერადი კოტეჯები სარფში
ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ, თუკი სარფში ჩახვალთ. ლოდი ზღვაშია „ჩავარდნილი“. ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც ტურისტებისთვის, ქვაომხაზედან შავ ზღვაში ჩახტომა ერთგვარი ექსტრემია.

შემდეგი გაჩერება კვარიათია. ასე სხვაგან ვერსად ისიამოვნებთ ზღვაში ცურვისას მწვანე მთების ცქერით. სუფთა წყალი, სანაპირო, მთიდან მობერილი ნიავი კვარიათს განსაკუთრებულ ადგილას აქცევს. 

კვარიათი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კვარიათში ღამის გათევა შესაძლებელია როგორც უშუალოდ სანაპიროზე, ასევე ფერდობზე განლაგებულ საოჯახო სასტუმროებში. საშუალოდ ფასები ერთი ადამიანისთვის 20-30 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე ადის. 

სანაპიროზე ღია კაფეები, რესტორნები და ბუნგალოებია, სადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის მოსაწონ ადგილს. 

უკვე მრავალი წელია კაფე „რაკუშკები“ კვარიათის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ეს ზედ ზღვის პირას მდებარე, პატარა, ჭრელაჭრულა კაფეა, ხელნაკეთი ჭაღებითა და ნიჟარის მძივებით მორთული. კაფე მხატვრისა და მასწავლებლის, ნათია ბოლქვაძის საოჯახო ბიზნესია. „რაკუშკებში“ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაც შეგიძლიათ და ევროპული სამზარეულოსიც, რომ არაფერი ვთქვათ აქვე დამზადებულ, ცივ კომპოტებსა და კოქტეილებზე.

ორიგინალური აბაჟური „რაკუშკებში“
მეგობრების მიერ გახსნილი საოჯახო სასტრუმროს წინ მდებარე კაფე კვარიათში

გონიოს მონაკვეთიც ასევე გთავაზობთ ბევრ სიმწვანეს, ლამაზ ხედებს და სასიამოვნო – ბიუჯეტურ დასვენებას. ფასები გონიოშიც 20-30 ლარიდან იწყება. 

გონიო, ლურჯი და მწვანე ფერების კონტრასტი

22 წლის სტუდენტი, ნუცა ნინუა, დასვენებისას ძირითადად საოჯახო სასტუმროებს არჩევს. ნუცა ამბობს, რომ პირველ რიგში, ასეთი სასტუმროები გაცილებით იაფია და მეორე – როგორც წესი, ასეთ სასტუმროებს თავისებური გარემო აქვთ და ეს იზიდავს.

„ფასი, თავისებურება და ავთენტურობა. ანუ ფულს ვიხდი არა მხოლოდ საწოლში, არამედ რაღაც ტიპის ინტერაქციაში მასპინძლებთან და თითქოს რაღაც ლამაზის ნაწილი ვარ“ – ამბობს ნუცა.

შემდეგი გაჩერება ბათუმია. 

წელს აქაც საკმაოდ დაბალ ფასად შეძლებთ დასვენებას. მომრავლდა კომფორტული ჰოსტელები და მცირე ზომის სასტუმროები. ჰოსტელებში შეგიძლიათ 15-20 ლარად დარჩეთ, ან დაიქირავოთ ოთახი 30ლარიდან და ზემოთ – საოჯახო სასტუმროში.

ჰოსტელში გაჩერება განსაკუთრებით კარგი იდეაა, როცა ბათუმში მეგობრებთან ერთად მიდიხართ დასასვენებლად. ერთ ოთახში რამდენიმე რჩებით და მხიარულება და თავგადასავლები გარანტირებულია – თან იაფად! თუმცა ბევრი სოლო მოგზაურიც ირჩევს ჰოსტელს, რადგან ჰოსტელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, გარდა დაბალი ფასისა, ის არის, რომ საერთო სივრცე იძლევა ახალი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების გაცნობის შესაძლებლობას. 

ძველი ბათუმი

თუ ისე მოხდა, რომ ბათუმში თქვენს დასვენებას წვიმიანი ამინდი დაემთხვა, შეგიძლიათ კაფე-ბარებს, მუზეუმებს, თეატრებს ეწვიოთ ან აქაურების მსგავსად სანაპიროზე ითევზაოთ. ამბობენ, ამღვრეულ წყალში თევზი კარგად მოდისო. სცადეთ თქვენც. 

სანაპიროზე

თუ ბათუმის ხასიათი გინდა გაიგოთ, ისტორიულ ნაწილში გირჩევთ დარჩენას. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ქალაქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ქსოვილი. მასპინძლები, რა თქმა უნდა, მეგობრულები არიან და თუ გაგიმართლათ, შეიძლება ყავაზე მკითხაობასაც გამოჰკრათ ხელი.

ბათუმში დასვენების დროს საოჯახო სასტუმროს შერჩევისას ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – ზღვასთან ახლოს მდებარე საოჯახო სასტუმროები შედარებით ძვირია, ვიდრე ცოტა მოშორებით მდებარე. ისიც გახსოვდეთ, რომ ბათუმი პატარა ქალაქია და სიტყვა – „შორს“, ხშირად 2-3 კილომეტრს აღნიშნავს, რისი დაფარვაც არც ფეხით სეირნობისაა პრობლემა, მაგრამ თუ ეს არ გსურთ კიდევ ერთი საჭირო ინფორმაცია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში საზღვაო სეზონზე დილის 7 საათიდან ღამის პირველის ნახევრამდე მუშაობს.

იგივე ეხება კაფე-ბარებსაც. თუ ბათუმის ბულვარში და ქალაქის პირველ ზოლში მდებარე კაფე-ბარებში დააპირებთ შესვლას, უფრო მეტი თანხა დაგჭირდებათ, ქალაქის მეორე-მესამე ზოლში კი „მეგობრულ“ ფასად შეძლებთ კვებას. იგივე ეხება ქობულეთსაც.

და კიდევ ერთი დეტალი – ბათუმის სანაპიროზე შეზლონგის დაქირავება 3 ლარი ღირს, ქოლგის – 1 ლარი. რა თქმა უნდა,  არის ე.წ. „ფასიანი პლაჟებიც“, სადაც ქოლგა და შეზლონგი უფრო ძვირია. რაზე შეაჩერებთ არჩევანს – ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ბევრი დამსვენებელი არჩევს სულაც თავად შეიძინოს მზისგან დამცავი ქოლგა და ატაროს პლაჟზე – ეს ვარიანტი, ცხადია, ყველაზე იაფია.

ძველი ბათუმის არქიტექტურა

ჰოსტელები ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ზღვისპირა აჭარის სხვა ადგილებში და ფასებიც სხვადასხვაა. ბათუმში ჰოსტელის ფასი 12-15 ლარიდან იწყება [საუბარია ქალაქის ცენტრისგან მოშორებით ჰოსტელებზე]. ჰოსტელებს ხშირად სტუმრობენ უცხოელი სოლო მოგზაურები. ერთ-ერთი მათგანია მარტა პოლონეთიდან, რომელიც წელს ჰოსტელ „გრინდორის“ სტუმარი იყო და „ბუქინგზე“ წერს, რომ სწორედ ასეთი ადგილებით გამო გამახსოვრდება საქართველო, როგორც ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა.

ჰოსტელი „გრინდორი“

შემდეგი გაჩერება ქობულეთია, გამწვანებული სანაპირო ზოლი, ფიჭვნარი და კაფე-ბარებისა და ბუნგალოების ურიცხვი რაოდენობა.  

ქობულეთი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

 მთავარ გამზირს თუ დაუყვებით, აღმოაჩენთ, რომ  მარცხნივ საბჭოური და მარჯვნივ თანამედროვე არქიტექტურა კონტრასტულად ერწყმის ერთმანეთს.

ქობულეთი

ქობულეთი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ვარიანტია აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. წელს ქობულეთში ოთახის დაქირავების ფასი 10 ლარიდან იწყება და მყუდრო საოჯახო სასტუმროებიდან მაქსიმალურად კომფორტულ აპარტამენტებამდე გვთავაზობს არჩევანს. 

თუ ქობულეთში ორი კვირის განმავლობაში, ბიუჯეტურ საოჯახო სასტუმროში დაისვენებთ, სადაც დღე-ღამე 10-15 ლარი ღირს ერთი ადამიანისთვის, 150-200 ლარი დაგჭირდებათ, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ იაფია. ხოლო თუ ბაზარში ივლით და თავად დაამზადებთ საკვებს ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტებისგან, ზღვაზე დასვენება კიდევ უფრო იაფი დაგიჯდებათ.

ქობულეთის საოჯახო სასტუმროს ეზოში

ცალკე შექების ღირსია ქობულეთური მასპინძლობის ამბავი. ეზოებში თქვენ გადააწყდებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც კამათელს აგორებენ მასპინძლებთან ერთად. ეზოები მოვლილია და გამწვანებული. იდეალური გარემოა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის.

ქობულეთის ერთ-ერთი ასეთ საოჯახო სასტუმროში ნამდვილი პატარა პარკი დამხვდა. შიდა ეზო, ფანჩატური, კომფორტული გარემო, საერთო სამზარეულო, სადაც სადილის მომზადება შეიძლება და ეს ყველაფერი სულ რაღაც 15 ლარად დღე-ღამეში ერთი ადამიანისთვის.

საოჯახო სასტუმროს ეზო ქობულეთში

ვფიქრობ, მისია შესრულებულად უნდა გამოვაცხადო. აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე იაფად დასვენება შეუძლებელი ნამდვილად არ არის, თუ კი არჩევანს საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებსა და ჰოსტელებზე შეაჩერებთ და საკვების მომზადებაზე, ძირითადად, თქვენ იზრუნებთ. 

ასე რომ,  გელოდებით, ცხელ ზაფხულში ზღვაზე დასვენება ყველაზე მეტად აგრილებს.

ზაფხული, მზის ჩასვლა ბათუმის სანაპიროზე.

რივიერაზე მშენებლობის მოწინააღმდეგის თქმით, პოლიციამ მათი აქტივისტი „შეცდომით“ დააკავა

დღეს, 16 ივლისს, ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც საკრებულოს სხდომას უნდა დასწრებოდა, პოლიციამ საკრებულოს შენობასთან დააკავა – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე წერს ფეისბუქზე:

„დღეს ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრუნდებოდა სხდომაზე გამოცხადებული 1-საათიანი შესვენების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შენობასთან აიყვანეს… პოლიციის მანქანით პოლიციის შენობამდე მიიყვანეს და გადმოსვეს, თანაც კორექტულად ბოდიში მოუხადეს – შეგვეშალეთო“.

მისივე თქმით, აქტივისტს საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურს.

დღეს ბათუმის საკრებულოში „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო. საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რივიერაზე ცათამბჯენების აგებას ეწინააღმდეგებიან.

საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის დასაწყისში საზოგადოება „ბათომს“ საკრებულომ განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა.

 

ფორმალური დაზღვევა მუშებისთვის

16 ივლისი თბილისში კიდევ ერთი მუშის დაღუპვით დაიწყო. სამშენებლო ობიექტებზე უბედური შემთხვევების მაჩვენებელი ისევ მზარდია იმის მიუხედავად, რომ კანონით უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული რეგულაციების დაცვა სავალდებულო გახდა.

სავალდებულო გახდა მშენებელი მუშების დაზღვევაც – კანონმა სამშენებლო კომპანიებს 2019 წლის პირველი იანვრიდან დაავალა ყველა მუშის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა. 80 პროცენტი დააზღვიეს კიდეც, თუმცა მშენებელი მუშა, მესამე სექტორი, სადაზღვევო კომპანია თუ პარლამენტარი – ყველა თანხმდება იმაზე, რომ „მუშების დაზღვევა არ მუშაობს“.

რა არ მუშაობს მშენებელი მუშების დაზღვევაში

„კანონს არ განუსაზღვრავს, რა ლიმიტით უნდა დაეზღვიათ ეს ადამიანები. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიების დიდმა ნაწილმა მინიმალური პაკეტები შეისყიდა, რომ ფორმალურ დონეზე კანონი დაეცვათ,“ – განმარტავს თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი.

სადაზღვევო კომპანიაში განმარტეს, რომ დაზღვევის მინიმალური პაკეტი – 3 ათასი ლარია, ანუ თუკი მუშა საწარმოო შემთხვევის შედეგად დაინვალიდდება და მუშაობას ვეღარ შეძლებს, მისი ოჯახი 3 ათას ლარს მიიღებს. დაზღვევა ითვალისწინებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც მაქსიმუმ 3 ათასი ლარის ფარგლებში.

„ჩვენ მინიმალური პაკეტი გავაკეთეთ – 3 ათასი ლარი. უფრო დაბალფასიანი პაკეტი რომ შეგვეთავაზებინა, იმასაც იყიდნენ,“ – დასძენს თინა სტამბოლიშვილი. მისივე თქმით, ევროპული პრაქტიკით, სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს შემთხვევას, როცა დაღუპულის ოჯახი მინიმუმ 5-10 წლის განმავლობაში იღებს იმ ხელფასს, რასაც გარდაცვალებამდე მშენებელი იღებდა.

„ამ ცვლილების მოტივაცია იყო არა მხოლოდ უბედური შემთხვევის თავიდან არიდება, არამედ უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება… რეალურად გამოვიდა, რომ დასაფლავების თანხას იღებს მხოლოდ დაღუპული მუშის ოჯახი,“ – დასძენს თინათინ სტამბოლიშვილი.

„ჯი პი აი ჰოლდინგის“ მონაცემებით, არიან სამშენებლო კომპანიებიც, რომლებმაც განსხვავებული პაკეტი შეიძინეს, თუმცა მინიმალური პაკეტების მიმართ ინტერესი დიდია. სადაზღვევო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სამშენებლო კომპანიებს არ აქვთ განცდა, რომ დაღუპული ან მძიმედ დაშავებული მუშის ოჯახი მათ სასამართლოში უჩივლებს და ზიანის ანაზღაურება მოუწევთ.

დაღუპული მუშის ოჯახი სამშენებლო კომპანიას სასამართლოში უჩივის

„…როცა ჩამოვარდა, ამბობენ, რომ გონება არ დაუკარგავს, ლაპარაკობდა ყველაფერსო. საავადმყოფოში შეყვანის დროსაც გვითხრა სახელი და გვარიო, ასე მითხრეს ექიმებმა. როცა მე მივედი, ის უკვე გონებაზე აღარ იყო,“ – გვიყვება თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული ვეფხვია ხუჭუას მეუღლე, ნინო მჭედლიძე. შემთხვევა 16 მარტს მოხდა – მშენებლობიდან სამი ადამიანი ერთდროულად ჩამოვარდა, ორი ადგილზე დაიღუპა, ვეფხვია ხუჭუა კი – შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე.

„30 წლის იყო ვეფხვია, ორი წელი ჰქონდა მუშაობა დაწყებული მღებავად… ვეფხვია სამტრედიიდანაა, მე – ხარაგაულიდან. ერთი შვილი გვყავს, ოთხი წლისაა, უსახლკაროდ დავრჩით, ნაქირავებში ვცხოვრობდით, ახლა ნათესავთან ვარ,“ – ამბობს ნინო მჭედლიძე. მის საქმეს ახლა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტები სწავლობენ. ნინო აპირებს, რომ სამშენებლო კომპანია „მონოლითს“ სასამართლოში უჩივლოს და ის ფული აიღოს ყოველთვიურად, რასაც ვეფხვია იღებდა.

„ასეთია ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, ვიდრე ბავშვი სრულწლოვანი გახდება… ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგს, რომ სამოქალაქო წესით დავიწყოთ დავა,“ – განმარტავს EMC-ის იურისტი, კოტე ერისთავი.

ვეფხვია ხუჭუას სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა დაზღვევის თანხა ამ დრომდე ნინო მჭედლიძეს არ აუღია. ნინოს თქმით, სადაზღვევო კომპანია კონკრეტულ დოკუმენტაციას ელოდება.

„ძირითადად დავები მორიგებით სრულდება და საქმე სასამართლომდე არ მიდის, ეს იშვიათი გამონაკლისია,“ – აღნიშნავს EMC-ის იურისტი, კოტე ერისთავი. იგივე გვითხრეს მშენებელთა პროფესიულ კავშირებში.

„ჩვენ ამ კუთხით არ გვაქვს არც ერთი საქმე. დაზღვევა ფორმალურია, მაგრამ არავინ დავობს. ძირითადად შემთხვევის შემდეგ მაინც ახერხებს სამშენებლო კომპანია ოჯახთან შეთანხმებას და საუბარიც კი აღარავის უნდა,“ – გვითხრა მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, მარინა კურტანიძემ.

სასამართლოსთვის მიმართვას და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებს ჟანა არუთინიანიც. მისი მამა – რაჯ არუთინიანი 2019 წლის 12 თებერვალს დაიღუპა „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობაზე. რაჯი დაცვის თანამშრომლად მუშაობდა და სამშენებლო კიბეზე ასვლის დროს ჩამოვარდა.

„ეს მოხდა შემოვლის დროს… მან საფეთქელი დაარტყა და ადგილზე მოკვდა. 56 წლის იყო მამაჩემი, ის  იყო ჩემი ოჯახის მარჩენალი… მუშებმა მითხრეს, სულ კანკალით ავდიოდით მაგ კიბეზე, ისე ყანყალებდა და მოაჯირი არ ჰქონდაო. ვიცოდით, რომ რამე მოხდებოდაო… უკვე ხუთი თვე გავიდა და სამშენებლო კომპანიიდან არავინ შემხმიანებია. ვაპირებ, რომ ვიდავო სასამართლოში,“ – გვითხრა ჟანა არუთინიანმა.

რაჯ არუთინიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა. მის ოჯახს  7 ათასი ლარი უნდა მიეღო, თუმცა ოჯახს ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღია, რადგან ექსპერტიზის დასკვნა ჯერ კიდევ მზად არ არის.

 

როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას მთავრობა?

„მანიპულირება მოხდა კანონის ჩანაწერის… გიდასტურებთ, რომ ეს არის პრაქტიკულად ფორმალური,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის წევრია. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ შეთანხმება მიღწეულია და პირველ სექტემბრამდე ჯანდაცვის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას.

„ამ ბრძანებით განისაზღვრება მინიმალური პაკეტი რა უნდა იყოს, რას უნდა მოიცავდეს ეს,“ – დასძენს დიმიტრი ცქიტიშვილი.

„ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ამ საკითხზე, ვთხოვეთ დახმარება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას და ექსპერტი ჩაერთვება ამ პროცესში,“ – გვითხრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ. ამ ეტაპზე სამინისტროში ვერ გვითხრეს, განისაზღვრება თუ არა მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დაზღვევის მინიმალური ზღვარი ან რა ოდენობის თანხას მოიაზრებს ამ „მინიმალურ ოდენობაში“ ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მშენებლობაზე 2019 წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში 11 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 16 ივლისს მშენებლობიდან კიდევ ერთი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ინფორმაციით, 2018 წელს საწარმოო ადგილებზე 199 დაშავდა და 59 დაიღუპა. 2011-2018 წლებში კი, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

_____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/349701/

 

 

 

 

 

 

ბათუმის სასამართლო ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა დატოვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა: ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა. ლევან გელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ინდირა მაშანეიშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე იგი უვადოდ გაამწესეს – 2019 წლის 14 თებერვალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის სასამართლოებში მუშაობდა. ის მოსამართლეა 2005 წლიდან. ინდირა მაშანეიშვილი სამოქალაქო დავებს განიხილავდა.

ბათუმის სასამართლოში გამწესებამდე მოსამართლეობის გამოცდილება არ ჰქონია ლევან გელოვანს. იგი 2017 წელს გაამწესეს სამი წლის ვადით. მანამდე ლევან გელოვანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

მოსამართლე ლევან გელოვანი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. მან რამდენიმე გახმაურებული საქმე განიხილა. ერთ-ერთი ბოლო საქმე ბათუმის „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ იყო. მოსამართლემ შვიდივე მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლევან გელოვანმა განიხილა „ბათუმის აქციის საქმეც“.

ამ დროისთვის ვაკანტურია ორი ადგილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

 

 

 

 

„გიორგი მიქაუტაძის საქმის“ განმხილველი მოსამართლე დააწინაურეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი დააწინაურეს. იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმუშავებს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ხვიჩა კიკილაშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან დღეს, 16 ივლისს გაათავისუფლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის მდივანიც გიორგი მიქაუტაძეა. „მიქაუტაძის საქმის“ განხილვა გასულ წელს დაასრულა ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრუწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრუწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდევ ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან და თავშესაფარს ითხოვენ – ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ წავიდნენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ საქმეში არასრუწლოვნის მშობლების ინტერესებს იცავდა. საქმის მსვლელობის დროს, საია-ს შეფასებით, მოსამართლე – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

„გონიოს პლაჟის ინციდენტმა“ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობდა იუსტიციის საბჭოს მდიოვანი – გიორგი მიქაუტაძე.  მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ხვიჩა კიკილაშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლიდან. მანამდე, სამი წლის განმავლობაში იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ხვიჩა კიკილაშვილმა მოსამართლედ მუშაობა სიღნაღში დაიწყო. მან მოსამართლის მანტია 2006 წელს მოირგო. მანამდე 12 წლის განმავლობაში ხვიჩა კიკილაშვილი პროკურატურის სისტემაში მუშაობდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხვიჩა კიკილაშვილის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება 9 ივლისს მიიღო, თუმცა საბჭოს ამ დრომდე არ უმსჯელია იმ კუთხით, რომ კიკილაშვილი ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარეც იყო.

 

5 კოშკი 6-ის ნაცვლად – რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა.

ბათუმის საკრებულომ დღეს, 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

საკრებულოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს წევრები ამ პარტიიდან აცხადებენ, რომ კენჭისყრა პროცედურის დარღვევით წარიმართა. 

საზოგადოება „ბათომმა“, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მიმართა ქალაქის თვითმმართველობას, „უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე“. საკრებულოს სხდომაზე კი „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი საბოლოო არ არის და ის არქიტექტურულ ნაწილში შესაძლოა შეიცვალოს.

ამ თემაზე: ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

ბათუმი რივიერა – 5 კოშკი ექვსის ნაცვლად – ფოტორენდერი პროექტიდან, რომელიც შესაძლოა კიდევ შეიცვალოს

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, მერიაში აცხადებენ, რომ ასეთი სახის ობიექტზე ნებართვას მერია არ გასცემს.

„მერიის მიერ დადგინდა, რომ საპროექტო კომპლექსი, რომლის მშენებლობასაც აპირებს „ბათუმი რივიერა“, თავისი მახასიათებლებით, ფუნქციური დატვირთვიდან და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს მე-5 კლასის ობიექტს, რაზეც ქ. ბათუმის მერიის მიერ ნებართვა არ გაიცემა, ასეთი სახის ობიექტზე მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ განმარტებით ბარათში.

საქართველოს კანონმდებლობით, V კლასის [განსაკუთრებული მნიშვნელობის] ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

ნახეთ პროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტები:

რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

ბათუმის საკრებულომ საბჭოთა გენერლის მემორიალური დაფის გახსნას მხარი დაუჭირა

ბათუმის საკრებულოში დღეს მხარი დაუჭირეს საბჭოთა გენერლის, მიხეილ ბეჟანიძის  მემორიალური დაფის გახსნას ბათუმში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „მიხეილ ბეჟანიძე იყო მილიციის გენერალ-მაიორი, აჭარის ასსრ შსს მინისტრის მოადგილე (1975-1988), მინისტრი (1988-1991), დაჯილდოებულია 1 ორდენით და 12 მედლით“.

მიხეილ ბეჟანიძისთვის მემორიალური დაფის გახსნის საკითხის განხილვისას საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა გელა დეკანაძემ იკითხა, მიხეილ ბეჟანიძე სუკის გენერალი იყო თუ მილიციის. ის ასევე დაინტერესდა, უზენაესი საბჭოს სხდომა, რომელმაც მას გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა, 9 აპრილამდე იყო თუ 9 აპრილის შემდეგ?

ამ კითხვას საკრებულოს წევრმა პირდაპირ არ უპასუხა. მან თქვა – „უზენაესმა საბჭომ გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა 1989 წელს“. თუმცა, დოკუმენტაციას, რომელიც დღეს საკრებულოში ჰქონდათ წარმოდგენილი, თან ერთვის სსრკ 1989 წლის 1-ელი ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მიხეილ ბეჟანიძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

დოკუმენტებს ასევე თან ერთვის სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრ ბაკატინის ხელმოწერილი წერილი, სადაც ის მიხეილ ბეჟანიძეს მაღალ წოდებას ულოცავს: „გისურვებთ შემდგომ წარმატებას, თქვენს საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობაში ჩვენი დიადი სამშობლოსათვის“.

„ღირსების ორდენის მფლობელი რომაა, ამას არაფრად თვლით, ერთი რეგიონის ორი ქალაქის საპატიო მოქალაქე რომ იყო, ეს ჩვეულებრივი ადამიანის რეგალიაა? – ეს პასუხიც 9 აპრილთან დაკავშირებული კითხვის ავტორს გასცეს დღეს ბათუმის საკრებულოში.

„ამ ქალაქში თუ ვინმეს ეკუთვნის ღირსება და პატივისცემა, ამ ადამიანს ეკუთვნის“, – ეს პოზიცია საკრებულოს სხვა წევრმა დააფიქსირა.

საკითხის მომხსენებელმა თქვა, რომ „ბატონ მიხეილს ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი ის არის და სამაგალითო, რომ ადამიანმა სამაგალითო შვილი აღზარდა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ემსახურება“.

მიხეილ ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, ლევან/ნუკრი ბეჟანიძის მამაა.

„ეს პიროვნება იყო კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი, კარგი პიროვნება, ჩვენი კუთხის კარგი წარმომადგენელი, კარგი კაცი… მე ვიცნობდი მას, ადრე შს ორგანოებში ვმუშაობდი, ყველა ამ ადამიანს დადებითად ახასიათებდა. ბევრი იღვაწა ჩვენი რეგიონისთვის. კარგი ქართველი კაცია“, – ასე დაახასიათა კიდევ ერთმა გამომსვლელმა მიხეილ ბეჟანიძე.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

 

სარფსა და წითელ ხიდზე 1კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში  – „სარფსა“ და „წითელი ხიდზე“ არადეკლარირებული  ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 70156.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს [საერთო წონა – 914,29 გრამი] ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  289-ე  მუხლის მე-10  ნაწილის შესაბამისად, 12 და 15 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს,  სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, ჯამში 24080.48 ლარის ოდენობით შეეფარდათ , ხოლო 13 ივლისს მომხარ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გველის ნაკბენი – როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს

მსოფლიოში გველის 600-მდე  სახეობაა, რომელთა 70% შხამიანია. საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე, ძლიერი სიცხის დადგომამდე, შეიძლება დღისითაც შეგვხვდეს, მაღალი ტემპერატურის დროს კი გრილ და ჩრდილიან ადგილებში ისვენებს.

გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია.

შხამიანი გველისგან დაგესვლის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაგესვლის შემდგომ ვითარდება:

კანზე გველის კბილის ნიშანი; სისხლმდენი ჭრილობა; მხედველობის ბუნდოვნება; დაკბენის ადგილის წვა; კრუნჩხვა; დიარეა; თავბრუსხვევა; ოფლიანობა; გრძნობის დაკარგვა; ცხელება; წყურვილის შეგრძნება; ქსოვილის ლოკალური კვდომა; კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა; გულისრევა, ღებინება; გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში; პულსის აჩქარება; მწვავე ტკივილი; კანის გაფერმკრთალება; ნაკბენის შეშუპება; საერთო სისუსტე.

გართულებების თავიდან ასაცილებლად გველის დაგესვლისას კატეგორიულად არ შეიძლება:

[crosslist]

  • ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
  • ნაკბენის გაკვეთა;
  • მოწვა;
  • ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი);
  • ლახტის დადება;
  • ყინულის დადება;
  • სპირტიანი სასმელის მიღება;
  • არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი;

[/crosslist]

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

[checklist]

  • დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე, სიცივის შეგრძნებისას გადააფარეთ საბანი ან პლედი;
  • გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილის დროს ასევე რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება;
  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით და მიმართეთ ექიმს, რომელიც ნაკბენის მიხედვით გაარკვევს, დაგესვლა არის შხამიანი თუ უშხამო გველისგან;
  • ეცადეთ, დაკბენილიც და თანმხლებიც იყოთ მშვიდად. დაკბენილი პიროვნება დაარწმუნეთ, რომ ექიმი ეფექტურად უმკურნალებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.
  • დაზიანებული (დაკბენილი) არე უმჯობესია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა;
  • თუ კბენა მოხდა ხელის არეში, მოიხსენით ბეჭედი ან სხვა რაიმე მორთულობა, რაც დაზიანებულ არეზე ან მის ახლოს გიკეთიათ, ვინაიდან ნაკბენისათვის დამახასიათებელია შეშუპება;
  • თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანმა ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი შხამიანი იყო;
  • რეგულარულად აკონტროლეთ დაზარალებულის სასიცოცხლო ნიშნები – ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა;
  • თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოკიდოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით სრულ უსაფრთხოებაში. თუ დამკბენი გველის მოკვლა ვერ მოახერხეთ, ნუ დაკარგავთ დროს და ზედმეტად ნუ გარისკავთ. ტრანსპორტირების შემთხვევაში მკვდარი გველი მოათავსეთ მყარ ყუთში ან მკვრივ ტომარაში (პარკი). მიუხედავად ამისა, მკვდარი გველის თავთან იყავით ფრთხილად, ვინაიდან რეფლექსურად 1 საათის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია კბენა.

[/checklist]

ნაკბენთა უმეტესობა გამოწვეულია დაზარალებულის მიერ გველის პროვოცირებით (გაღიზიანებით). რაც შეეხება პრევენციას, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან გველის კბენა:

  • მინდვრად, ტყეში ან სხვაგან ყოფნისას თუ მიწაზე შენიშნავთ ჭრელ, ლამაზ ჯოხს ან მსგავს საგანს, არ ეცადოთ მისი ხელში აღება ან ფეხის დადგმა, ეს შესაძლოა გველი იყოს.
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული გველების უმეტესობა არ არის შხამიანი, თავი აარიდეთ ხელის ხლებასა და მათთან თამაშს, თუ არ გაქვთ სპეციალური მომზადება გავლილი.
  • თუ ხართ გველების გავრცელების ტერიტორიაზე, ან გეეჭვებათ ამ ადგილას გველების არსებობა, ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ჩექმა).
  • თუ თან გაქვთ ჯოხი, სიარულისას აკაკუნეთ, რადგან მსგავსი გამაფრთხილებელი ხმის გაგონებისას გველი თვითონ მოგერიდებათ.

მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

საკრებულომ „რივიერას“ გრგ-ის დამტკიცებაზე საქმისწარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულომ რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს, რადგან, მათი თქმით, კენჭისყრა პროცედურის დარღვევით წარიმართა.

ამ გადაწყვეტილებით ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების მომზადებას ავალებს მერიას, შემდეგ ეტაპზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება საჯარო განხილვით, ბოლო ეტაპზე კი, მერია საკითხს ხელახლა წარუდგენს საკრებულოს გრგ-ის დასამტკიცებლად.

ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

„ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ქალაქს არ უნდა. ქალაქს ეს სჭირდება,“ – მიმართა დღეს, 16 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ამ პროექტის განხორციელებით რეკრეაციული ზონა არ შემცირდება. მან ასევე თქვა, რომ ჰქონდა შეხვედრები კომპანიასთან და მიაღწია იმას, რომ ექვსი შენობის ნაცვლად, ხუთი აშენდება.

„ეს ძალიან კარგი პროექტია ქალაქისთვის. ამას ვამბობ, როგორც ქალაქის მერი და ბათუმელი, რომელსაც არავისზე ნაკლებად არ უყვარს ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებით ეს პროექტი იქნება ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, თვალსაჩინო ობიექტი, რომელიც ქალაქს გადაიყვანს ახალ ეტაპზე… ჩვენ ავიღეთ ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო. ეს და მსგავსი ჯილდოები არ მოდის ინფრასტრუქტურის შესწავლის გარეშე… აქ მოვისმინე კითხვები, რამდენად შეიძლება გეოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე ამ პროექტის განხორციელებაო. საუბარია ინვესტორზე, რომელიც ერთი მილიარდის ჩადებას აპირებს.

მეორე: ინვესტორი, რომელიც ახორციელებს მილიარდიან პროექტს, არის გულშემატკივარი ქალაქის, რადგან ამ პროექტით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა ქალაქს, როგორც ტურისტულ ობიექტებს. მე მესმის ხშირად, რომ ეს არის ქალაქის ფილტვები, ეს ცოტა არასერიოზულია, ქალაქს აქვს მრავალკილომეტრიანი ზღვისპირა ზოლი და გათვალისწინებულია აქ სივრცეები…“, – აღნიშნა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

მერმა საკრებულოს სთხოვა, დაიწყოს საქმისწარმოება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების პროექტს განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის საბოლოო პროექტი და მერია ინვესტორთან ამ კუთხით მუშაობს.

ლაშა კომახიძემ ისე დატოვა ტრიბუნა, რომ მას კითხვებზე არ უპასუხია.

 

 

სიტყვა მომეცით, რატომ მოიყვანეთ დაცვა და არტილერია – გუჯაბიძე

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში გამოსვლა დაასრულა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მან თქვა, რომ მხარს უჭერს ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიაზე მაღლივი კოშკების მშენებლობის პროექტს.  როგორც მან განაცხადა, ამაყია, რომ ეს პროექტი მისი მერობის პირობებში დაიწყება.

ლაშა კომახიძემ ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმში ამ მშენებლობით ერთმილიარდიანი ინვესტიცია შემოვა.

მერის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელია. ის „რივიერაზე“ ამ მასშტაბის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

შოთა გუჯაბიძეს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. საკრებულოს თავმჯდომარე ამ წუთებში აცხადებს, რომ დაცვა მოვიდეს და შოთა გუჯაბიძე ტრიბუნას მოაშოროს.

ბათუმის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

„ბათომის“ წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე განცხადების გაკეთება სხდომის დასაწყისშივე სურდათ, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს იმ მიზეზით, რომ ამისათვის „ბათომს“ ორი დღით ადრე უნდა მიემართა საკრებულოსთვის. თუმცა „ბათომი“ საკრებულოს ორი დღით ადრე ვერ მიმართავდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკითხი, რომელზეც „ბათომს“ სურს განცხადების გაკეთება, განსახილველ თემებში ბათუმის საკრებულომ გუშინ, 15 ივლისს, საღამოს შეიტანა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა ნუსხას 15 ივლისს, 19:30 საათზე დაამატეს და მეორე საკითხად შეიტანეს მუხლი – „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი“.

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო. საკრებულოს სხდომას ესწრებიან საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რივიერაზე ცათამბჯენების აგებას ეწინააღმდეგებიან.

რა გზავნილები დაუტოვეს ბათუმის საკრებულოს წევრებს აქტივისტებმა შესვენებაზე [ფოტო]

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში [13:30] საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, სამოქალაქო აქტივისტები კი საკრებულოს წევრებს მაგიდაზე ბარათებს უტოვებენ.

ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები

 

ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

 

ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი [398,8 ლარი] გადმოირიცხა, რაც, გასული წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 6,3%-ით [8,5 აშშ დოლარით] მეტია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან გაცილებით მეტი თანხა გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. შესაბამისად – 56,78 მილიონი აშშ დოლარი და 34,78 მილიონი აშშ დოლარი.

ფულადი გზავნილები საქართველოში 2019 წლის ივნისში / წყარო: ეროვნული ბანკი

2019 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაიგზავნა 17,5 მილიონი აშშ დოლარი [48,5 მილიონი ლარი], რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 %-ით ნაკლებია.

ბათუმსა და ქობულეთში 1500 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმსა და ქობულეთში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

___________

ფოტოზე: შემოსავლების სამსახური

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს: თქვენ ამართლებთ ძალადობას

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე 20 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა.

„მათი მოწოდებებით, ქმედებებით, წაქეზებებით, მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე ორი საათის განმავლობაში ახორციელებდა შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე. დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდაც, სამწუხაროდ, რამდენიმემ დაკარგა თვალი. ფაქტია, რომ აღიკვეთა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდით დამხობის გზა. დღეს ჩვენს ხელისუფლებაში არის პარტია, რომლისთვისაც ერთ-ერთი ამოსავალი და მთავარი არის ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონმდებლობის დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველა ის პიროვნება, ვინც ცდილობდა სახელწიფო გადატრიალების მოწყობას და ყველა ის პოლიციელი, ვინც გადაამეტა თავის უფლებამოვალეობას, სასტიკად დაისჯება,“ – განაცხადა სულიკო თებიძემ.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლა გენერალ როდიონოვის სიტყვას შეადარა 9 აპრილის მოვლენების შემდეგ. „თქვენ ამართლებთ ძალადობას“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინიციატივა, ბათუმის საკრებულოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ფრაქციას მიმართვა არ დაურეგისტრირეს.

ვრცლად ამ თემაზე: 

ბათუმის საკრებულომ ენმ-ის ინიციატივა 20 ივნისის მოვლენებზე არ დაარეგისტრირა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის კონკურსს აცხადებს – მესამე მცდელობა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ვაკანსიაზე. მაუწყებელში დირექტორის ორი კონკურსი უკვე ჩაიშალა – 31 მაისს ხმები გაიყო და კონკურსი ვერ შედგ, იგივე მოხდა 10 ივლისს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც  აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება. განცხადებები კონკურსში 16 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

სამეურვეო საბჭომ დირექტორის კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არაუგვიანეს 24 აგვისტოს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მრჩეველთა საბჭო ირჩევს. საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. მაუწყებლის დირექტორის პოსტზე არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც სამ ხმას მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

 

„ბათომის“ მიმართვა: ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობას იწყებს.

საზოგადოება „ბათომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს ქალაქის თვითმმართველობას.

„მოვითხოვთ, ქალაქის მმართველობამ უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე.

ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია, ისტორიული ბათუმის ნაწილია, ერთადერთი დარჩენილი სივრცეა, რითაც ქალაქი ზღვას უკავშირდება. მოვუწოდებთ ქალაქის თვითმმართველობას – დაიცვას ჩვენი ქალაქის იტორიული კულტურული ღირებულება და ნუ უგულებელყოფს მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას.

გაითვალისწინოს მეცნიერების აზრი და რივიერა დააბრუნოს ისტორიული დაცვის ზონაში, ეს ზონა რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ ქალაქგანვითარების ცივილური წესებისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დაცვით განიხილოს ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი!“ – ნათქვამია მიმართვაში.

საკრებულოში სხდომა, სადაც „რივიერას“ საკითხი უნდა განიხილონ, დღეს, 16 ივლისს, გაიმართება. სხდომაზე დასწრებას აპირებენ ის მოქალაქეები, რომლებიც რივიერაზე ცათამბჯენების აგებას ეწინააღმდეგებიან.

__________

ფოტოზე: „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

იუსტიციის სამინისტროს განმარტება 17-ათასლარიან ბილეთზე: წულუკიანმა ბიზნესკლასით იფრინა

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრმა განმარტება მოგვაწოდა თეა წულუკიანის ნიუ იორკში ვიზიტის შესახებ, რისთვისაც მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთში ბიუჯეტიდან 17 118 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, თეა წულუკიანმა ბიზნესკლასით იმგზავრა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის #211 დადგენილების თანახმად (მუხლი 3, მე-14 პუნქტი) იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ხანგძლივობა 5 საათზე მეტია, შესაძლებელია ბიზნესკლასის ბილეთის შეძენა. მოცემული მარშრუტის ხანგრძლივობა ერთი მიმართულებით – სტამბული – ნიუ იორკი, შეადგენს 10 საათს და 55 წუთს. ხოლო ნიუ იორკი – სტამბული 9 საათსა და 40 წუთს“, – მოგვწერეს იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრიდან.

სამინისტროდან გამოგვიზაგვნეს თეა წულუკიანის მგზავრობის ბილეთის ჯავშნის დოკუმენტი, სადაც არ ჩანს, რა თანხა დაიხარჯა ბილეთის შესაძენად. ე.წ. ჯავშანში მითითებულია, რომ თეა წულუკიანმა ბიზნესკლასით კი არა, ეკონომკლასით იმგზავრა თბილისიდან შეერთებულ შტატებში.

იუსტიციის სამინისტროდან 2019 წლის სექტემბერში გაკეთებული ჯავშანი მოგვაწოდეს. თეა წულუკიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით გასული წლის სექტემბერში იმყოფებოდა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ისევ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს. ამჯერად გვითხრეს, რომ საბოლოოდ თეა წულუკიანმა ბიზნესკლასის ბილეთი შეიძინა, რადგან ამის საშუალებას კანონი იძლეოდა. პრესცენტრმა ამ ეტაპზე ვერ მოგვაწოდა ბილეთი, რომლითაც იმგზავრა რეალურად მინისტრმა თეა წულუკიანმა შეერთებულ შტატებში.

იუსტიციის მინისტრის წინასწარი სამგზავრო ბილეთი ნიუ იორკამდე და პირიქით. ამ დოკუმენტით ვერ დგინდება, რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან თეა წულუკიანის ამერიკაში მგზავრობისთვის

 

 

საკრებულო ბათუმში 6 თაუერის აშენებაზე სამართლებრივ პროცედურებს იწყებს 

დღეს, 15 ივლისს, ბათუმის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში კიდევ ერთი საკითხი დამატებას დაუჭირა მხარი – ხვალ, 16 ივლისს, საკრებულო დაიწყებს მსჯელობას „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა ნუსხას ახლახანს [19:30] დაამატეს და მეორე საკითხად შეიტანეს მუხლი:

„ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი“.

საკითხის მომხსენებელი იქნება მირიან მეტრეველი, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი.

თუ ბათუმის საკრებულო ხვალ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების მომზადებას დაავალებს მერიას, შემდეგ ეტაპზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება საჯარო განხილვით. ბოლო ეტაპზე კი მერია საკითხს ხელახლა წარუდგენს საკრებულოს გრგ-ეს დასამტკიცებლად.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

_______

ნახეთ პროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტები:

რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

 

ბათუმის საკრებულომ ენმ-ის ინიციატივა 20 ივნისის მოვლენებზე არ დაარეგისტრირა

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს  მიმართვის პროექტი არ დაურეგისტრირეს.  ფრაქცია მიმართვის ტექსტში ითხოვდა, რომ ბათუმის საკრებულოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ბათუმის საკრებულოში, მირდატ ქამადაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკრებულომ მათ ამ ქმედებით ინიციატივის უფლება წაართვა.

„თვითმმართველობას შეუძლია მიიღოს კონკრეტული უწყებისადმი მიმართვა, ამიტომ ჩვენ ოფიციალურად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, პარასკევს, 12 ივლისს, საკრებულოში დავარეგისტრირეთ საქართველოს მთავრობისადმი მიმართვის პროექტი. საკრებულოს უნდა ემსჯელა და კენჭისყრაზე უნდა დაეყენებინა ეს საკითხი და თუ დაუჭერდა უმრავლესობა მხარს, ამის შემდეგ გამოვიდოდა, რომ ბათუმის საკრებულო მიმართავდა საქართველოს მთავრობას, მაგრამ ჩვენი ინიციატივა დღის წესრიგშიც კი არ შეიტანეს,“ – აცხადებს მირტად ქამადაძე.

მისი თქმით, დეპუტატის ინიციატივა, რომელიც რეგისტრირდება ფორმალური პროცედურების დაცვით, უნდა შევიდეს საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში. „თუმცა, ბიურომ დღის წესრიგშიც არ შეიტანა და ამით დაარღვია კანონი. დღეს, 15 ივლისს, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ერთპიროვნულად მივიღე თურმე გადაწყვეტილება და ამიტომ არ უნდა შევიდეს ეს საკითხი დღის წესრიგში, წინასწარ უნდა გაგევლოთ კონსულტაცია ჩვენთანო,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

მისი თქმით, იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მას ვერ მიუთითა სამართლებრივი ნორმა, რომელიც საკრებულოს წევრს ინიციატივის დაყენებამდე კონსულტაციების გავლას ავალდებულებს იურიდიულ კომისიასთან.

მიმართვის პროექტში, რომლის  დარეგისტრირებასაც საკრებულოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, წერია: „2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მიწვეული იქნა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც თავის დროზე აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა.

სერგეი გავრილოვმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა, საიდანაც ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა.  შეურაცხმყოფელია და ჩრდილს აყენებს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საზოგადოების მისწრაფებებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, როგორც ამ ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ, დააფიქსიროს პოზიცია აღნიშნულ შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით და საოკუპაციო რეჟიმს აჩვენოს საზოგადოების ერთიანობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის იდეისათვის ბრძოლაში“.

რეზოლუციის პროექტში საქართველოს მთავრობის მისამართით დაყენებულია შემდეგი მოთხოვნები:

  • გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები
  • საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით
  • გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
  • საქართველოს ხელისუფლებამ მიმართოს ყოველგვარ ძალისხმევას, რათა არ დაუშვას საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერება ქვეყნის ტერიტორიაზე და მიიღოს ზომები რუსული პროპაგანდისა და პროვოკაციების აღსაკვეთად
  • დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სერგეი გავრილოვის პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას და რუსული ინტერესების გატარებას
  • გაძლიერდეს ანტისაოკუპაციო კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთის ინტერესების გატარებას საქართველოში.

რეზოლუციის პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მოსახლეობამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქვა სამართლიანი პროტესტი, რომელიც დარბეული იქნა ძალოვანი უწყებების მიერ, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს დამიზნებით ესვროდა სპეცრაზმი, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება, ნაწილმა დაკარგა მხედველობა, ნაწილი ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება, დაკავებული იქნა ასობით მოქალაქე, პოლიცია ახორციელებდა ადამიანების დევნას და ძალადობას მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანები საკმაოდ მოშორებით იყვნენ საქართველოს პარლამენტის შენობისგან“.

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა დაგეგმილია ხვალ, 16 ივლისს, სწორედ ამ სხდომაზე აპირებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნული საკითხის განხილვას.

ბაქო-ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ავიაკომპანია მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარულ რეისებს კვირაში ორის ნაცვლად სამჯერ შეასრულებს.

ავიარეისები Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა წელს დაიწყო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Buta Airways-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.

ამავე თემაზე: 

რა ღირს ფრენა ბათუმიდან ბაქოში – პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ

 

 

ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

15 ივლისს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის საკონფერენციო დარბაზში ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთები განთავსდა. პროექტის მიზანს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, პირველადი სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებულობა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლა წარმოადგენს.

მემომორანდუმი ბათუმის ბულვარსა და ევექსს შორის გაფორმდა
მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის ბულვარსა და რეფერალურ ჰოსპიტალს შორის

პირველადი დახმარების გაწევის მიზნით აჭარის რეგიონში 1000 მოხალისე გადამზადდება, მათ შორის ბათუმის ბულვარის თანამშრომლები.

„ბათუმის ბულვარისთვის ვიზიტორების უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, ბულვარი დიდი სიამოვნებით ჩაერთო ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მიერ შემოთავაზებულ პროექტში და სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავს პროექტებში ჩართულობას“- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ირაკლი ჟინჭარაძე
ირაკლი ჯინჭარაძე

აღნიშნული კამპანიის მთავარი გზავნილია „ 5 დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – შეცვალე სტატისტიკა“ .

მოხალისეებს უფასოდ ჩაუტარდებათ ტრენინგი ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული სპეციალისტების მიერ. გადაეცემათ სერტიფიკატები და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი, რისი მეშვეობითაც მოქალაქეებისთვის სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.

დაინტერესებულ პირებს, საშუალება აქვთ შეავსონ სპეციალური ფორმა ბმულზე: www.evexhospitals.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 032 255 05 05.

ბულვაში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა
ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა
ბულვაში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა
ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

ზურაბ პატარაძე გარეჯის ინციდენტზე აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს – მედია

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დავითგარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, ახსნა-განმარტებებისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩი დაბარებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მოქმედებები სრულად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და განვიხილავთ მას, როგორც პროვოკაციას, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციის გამოწვევა.  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე მხარისგან მოითხოვა, გამოიძიოს ეს ინციდენტი და გაწეული სამუშაოსა და შესაბამისი ქმედებების შესახებ საქმის კურსში ჩაგვაყენოს“, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

უდაბნოს მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის გუშინ მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა ილარიონმა განუცხადა.

“მესაზღვრეებთან მოუვიდათ დაპირისპირება იმის გამო, რომ ისინი არ იცავენ ჰიგიენას [კელიებში]. ასევე,  ხატები შეაგროვეს და ზევით, ტაძართან ამოუტანიათ. ადგილობრივებმა ხატები ისევ უდაბნოს მონასტერში დააბრუნეს”, – განაცხადა დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა.

საქართველოს შს სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტის შესწავლა დაწყებულია.

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავითგარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა. ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

Exit mobile version