ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ანგისის ბაზა აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმის“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო

09.10.2019 • 3017
ანგისის ბაზა აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმის“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო

72 626 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული და რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაში იყო, აჭარის მთავრობამ „დინამოს“ კაპიტალიდან მთლიანად ამოიღო და ის აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დინამოს“ მომავალ მმართველს – კომპანია „ლამინს“, ამ ტერიტორიის ნაწილი განსაღვრული ვალდებულებებით უნდა გადაეცეს, დარჩენილი ტერიტორია კი, დაუბრუნდეს ბათუმის მუნიციპალიტეტს.

შესაბამისი მემორანდუმი გაფორმებულია, „დინამო ბათუმის“ 49 წლით გასხვისების პროცედურები კი ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე „დინამო ბათუმი“ და მთელი ქონება [ანგისის ბაზა] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და მას რეგიონის მთავრობა განკარგავს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, შპს „ლამინს“, 72 626 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად გადაეცემა 58 613 კვ.მ, თუმცა არა როგორც უშუალოდ „დინამო ბათუმის“ საკუთრება, არამედ როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება.

„უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილი, კერძოდ, 14 013 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით გადაეცეს [დაუბრუნდეს] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს,“ – აღნიშნულია საკრებულოს განკარგულებაში.

ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დასაბრუნებელი მიწის ნაკვეთები [1] და „ლამინისთვის“ 49 წლით გადასაცემი ტერიტორია [2] ანგისის ბაზაზე

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ჯამში 14 013 კვ/მ ფართობის მიწას 2019 წლის აგვისტოში ითხოვდა.

„აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიკარგება სხვა საინვესტიციო პირობების განხორციელების მიზნით“, – აღნიშნული იყო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის საკრებულოში შესულ წერილში. რა „სხვა საინვესტიციო პირობებზე“ იყო საუბარი, სამინისტრო წერილში არ აკონკრეტებდა.

ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტისთვის ჯერ დაბრუნებული არ არის და ის, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის საკუთრებაში რჩება.

შპს „ლამინი“ ლამინი ჯგუფის“ შვილობილი კომპანია და მას „დინამო ბათუმის“ 100% წილი და ანგისის ბაზა 49 წლით სარგებლობაში ვალდებულებებით გადაეცემა.

„ლამინი“ ვალდებული იქნება:

[checklist]

  • ყოველწლიურად გადაიხადოს სარგებლობის საფასური 100 000 ლარი;
  • საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად განახორციელოს არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია თანამშრომელთა გასამრჯელოების, ეკიპირების, მივლინებების, შეკრებების, ფეხბურთელთა მკურნალობის, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ევროტურნირებზე პროფესიული გუნდის მონაწილეობის, ამხანაგური თამაშებისა და სხვა საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს განვითარების კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სტადიონებს, ღია ტიპის აუზს, საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმისთვის“ შენობას, საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტს და მოსაცდელ დარბაზს და სხვა.
  • სულ პროექტისთვის განახორციელოს არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია [არ იგულისხმება საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება].

[/checklist]

საკრებულოს განკარგულებით განსაზღვრული ვალდებულებები [დეტალუირად], რომელიც შპს „ლამინმა“ „დინამოს“ სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა შეასრულოს:

 

აჭარის მთავრობამ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ანგისის ბაზის ტერიტორია, რომელიც ადრე „დინამო ბათუმის“ კაპიტალში იყო, 5 საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში: 58 566 კვ/მ ფართობის ნაკვეთი [რომელზეც ტრიბუნა და მოედნებია განთავსებული და რომელიც „ლამინს“ გადაეცემა] და ამ ნაკვეთის მომიჯნავე 3408 კვ/მ, 2 766 კვ/მ, 383 კვ/მ და 7 445 კვ/მ ფართობის ნაკვეთები [რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდეს].

შპს „ლამინი“-ს მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა.

________________________

მთავარი ფოტო: ანგისის ბაზა / „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: