მთავარი,სიახლეები

შვედეთის ელჩი ბათუმში ვალენბერგის ქუჩაზე

10.10.2019 • 3012
შვედეთის ელჩი ბათუმში ვალენბერგის ქუჩაზე

ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს, შვედი დიპლომატისა და ბიზნესმენის რაულ ვალენბერგის ქუჩაზე გამოფენა მოეწყო, რომელსაც შვედეთის მოქმედი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომიც ესწრებოდა. ასევე აქ იმყოფებოდნენ ბათუმის ებრაული თემის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ამ გამოფენით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს შვედი დიპლომატის დამსახურება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში 10 ათასამდე ებრაელის სიცოცხლე იხსნა ჰოლოკოსტის დროს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, ბათუმში ისევ რომ ვიმყოფები, რადგან მომწონს ეს ქალაქი და  ყველგან ვგულშემატკივრობ. ახლა ჩვენ ვართ რაულ ვალენბერგის ქუჩაზე და რა თქმა უნდა, მშვენიერია, რომ მის სახელს ატარებს ეს ქუჩა, რადგან ვალენბერგმა თავისი გმირობით გვაჩვენა ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას. ასევე, ის, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი გმირობები“, –  თქვა ულრიკ ტიდესტრომმა „ბათუმელებთან“.

ის მოგვიყვა ახალგაზრდა ელჩზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებისთვის შვედური დამცავი პასპორტები შექმნა, რისი წყალობითაც 10 ათასამდე ებრაელმა შეძლო თავის გადარჩენა ფაშისტური რეჟიმისგან.

გამოფენას ესწრებოდნენ ბათუმში მცხოვრები ებრაელები და ებრაელთა დიასპორის ხელმძღვანელი ემილ კრუპნიკიც.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

წყაროების მიხედვით, ვალენბერგმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო [აქ ის შვედეთის ელჩი იყო] 4 500 პასპორტის გაცემის აუცილებლობაში დაარწმუნა, „თუმცა რეალურად უფრო მეტი პასპორტი გაიცა, რითაც დევნაში მყოფი ებრაელები ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას“.

ვალენბერგმა საერთაშორისო აღიარება მიიღო. 1981 წელს ის რიგით მეორე ადამიანი გახდა, რომელსაც აშშ-ის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ვალენბერგი საპატიო მოქალაქედ ცნო კანადამ და ისრაელმაც.

მსოფლიოში ვალენბერგისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტია სხვადასხვა ქალაქში აღმართული. მისი ისტორია შესულია წიგნებში, მუსიკალურ ნაწარმოებებში, მის სახელს ატარებს ბევრი ქუჩა, სკოლა და დაწესებულება, გადაღებულია არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.

2012 წელს ვალენბერგის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა. სწორედ ამ წელს მიენიჭა ბათუმში ნავსადგურის შესახვევს შვედი დიპლომატის სახელი, რომელიც სიმბოლოა რასიზმთან ბრძოლის, სიმამაცისა და გამბედაობის.

წყაროების მიხედვით, 1945 წელს, ბუდაპეშტში შესვლის დროს, საბჭოთა სამხედროებმა ვალენბერგი დააკავეს. რა ვითარებაში გარდაიცვალა ვალენბერგი, ეს დღემდე გაურკვეველია. „რუსული მხარე აცხადებდა, რომ ვალენბერგი 1947 წელს საბჭოთა ციხეში გარდაიცვალა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს“, – წერია წყაროებში.

რაულ ვალენბერგის მემორიალი მისივე სახელობის ქუჩაზე ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ერთ-ერთი ვერსიით, რაულ ვალენბერგის ლიკვიდაცია უშუალოდ სტალინის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მითითებით მოხდა.

„რაულ ვალენბერგის ოჯახის წევრები დღემდე ითხოვენ რუსეთის ხელისუფლებისგან საიდუმლო საარქივო მასალებზე წვდომას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი იმ ადამიანის გარდაცვალების დეტალებს, რომელსაც ძეგლი უდგას დედამიწის ყველა კონტინენტზე“, – ნათქვამია კვლევებში.

ამის მიუხედავად, ვალენბერგის გარდაცვალების წლად მიჩნეულია 1947 წელი, რასაც ამყარებს 2016 წელს აღმოჩენილი მაშინდელი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სადღიურო ჩანაწერებიც.

„ვალენბერგი საჭირო ადამიანი იყო, საჭირო ადგილას და საჭირო დროს“, – წერდა მის შესახებ შვედი დიპლომატი პერ აგნერი, რომელმაც 1945 წელს ვალენბერგს უსაფრთხო ადგილას წასვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „არჩევანი არ მაქვს. ამ დავალების შესრულებას დავთანხმდი და სტოკჰოლმში ვერასდროს დავბრუნდები, თუ არ მეცოდინება, რომ იმდენი ებრაელი გადავარჩინე, რამდენის ხსნაც ადამიანის ძლებს არ აღემატებოდა“, – წერდა ის აგნერს.

მეორე მსოფლიო ომის დროს რაულ ვალენბერგმა ჰოლოკოსტისგან ათი ათასამდე ებრაელი გადაარჩინა

ელჩ ულრიკ ტიდესტრომის თქმით, ვალენბერგის ქუჩის არსებობა ბათუმში კიდევ ერთხელ აჩვენებს მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და შვედეთს შორის.

შვედეთის ელჩი მეოთხედ იმყოფება ბათუმში. დღეს ის რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებსაც შეხვდება, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც ისაუბრებენ ქალაქის განვითარებასა და იმ გარემოსდაცვით პროექტებზე, რომლებსაც შვედეთის საელჩო ახორციელებს ჩვენს რეგიონში.

„მე ძალიან მიყვარს ბათუმი, აჭარა, მიყვარს ეს ქალაქი მისი კულტურული მემკვიდრეობა, ზღვა, კლიმატი, სამზარეულო და რაც მთავარია, სტუმართმოყვარე ადამიანები“, – გვითხრა ელჩმა.

რაულ ვალენბერგი ელჩად მუშაობის დროს. გვერდით, მისი ბავშვობის და პასპორტის ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: