მთავარი,სიახლეები

ტაქსი „მაქსიმი“ აქციაზე გასული მძღოლების მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს

09.10.2019 • 1908
ტაქსი „მაქსიმი“ აქციაზე გასული მძღოლების მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს

„მგზავრობების ღირებულება ითვალისწინებს კონკურენციას, მოთხოვნასა და მიწოდებას, ბალანსს მძღოლების მხრიდან შემოსავლის მიღების სურვილსა და მგზავრების ინტერესებს შორის, რომლებისთვისაც მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ,“ – აცხადებენ კომპანია „მაქსიმში“. დღეს, 9 ოქტომბერს, ამ კომპანიაში დასაქმებულმა დაახლოებით 250-მა მძღოლმა მუშაობა შეწყვიტა. მძღოლებმა მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. მათი აზრით, ზაფხულის პერიოდში გაზრდილი ფასები კომპანიას აღარ უნდა შეეცვალა.

„მაქსიმს“ არ შეუმცირებია ტარიფები. ზაფხულში მგზავრობის ღირებულება ქალაქის ცალკეულ რაიონებში უფრო მაღალი იყო, ახლა კი ფასები დაუბრუნდა სეზონურ ცვლილებებამდე არსებულ დონეს. უცნაურია, რომ მძღოლები აპროტესტებენ იმას, რაც აქამდე აწყობდათ… მათ იციან, რომ ფასების უსაფუძვლო ზრდა შეამცირებს ტაქსის მომსახურების სარგებლობის მსურველთა რაოდენობას, რის გამოც დაზარალდებიან,“ – აღნიშნულია კომპანია „მაქსიმის“ განმარტებაში, რომელიც კომპანიამ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა.

კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მძღოლები თავად ამცირებენ საკუთარ შემოსავლებს, რადგან საპროტესტო აქციაზე გავიდნენ.

„აქციის მონაწილეები თვითონ ამცირებენ თავიანთ შემოსავალს, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში ისინი ბევრი შეკვეთის შესრულებას შეძლებდნენ… „მაქსიმმა“ შესთავაზა პროტესტით გამოსულ მძღოლებს სამუშაო საკითხების მშვიდად განხილვა, თუმცა მათ გადაწყვიტეს ულტიმატუმის ენით მოქმედება. ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არგუმენტირებული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მივაწვდით ხმას ამ ადამიანებს“, – ამბობს ოფისის ხელმძღვანელი ბათუმში, თემურ ქობულაძე.

„ბათუმელებმა“ სცადა რამდენიმე მძღოლთან დაკავშირება. მათი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქცია. ისინი მენეჯერებთან შეხვედრას საღამოს აპირებენ. ამ დროისთვის „მაქსიმის“ მძღოლების ნაწილი მუშაობას აგრძელებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: