მთავარი,სიახლეები

საზეიმო ღონისძიებებისთვის ფულის ხარჯვის მანკიერი პრაქტიკა ბათუმში – „გამჭვირვალობა“

09.10.2019 • 1274
საზეიმო ღონისძიებებისთვის ფულის ხარჯვის მანკიერი პრაქტიკა ბათუმში – „გამჭვირვალობა“

„ყველაზე დიდი თანხა – 697 105 ლარი გამარტივებული შესყიდვების გზით ბათუმის კულტურის ცენტრმა დახარჯა,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალ კვლევაში. ორგანიზაციამ ის გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა, რომლითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ საქმე „მანკიერ პრაქტიკასთან“ გვაქვს, რადგან საზეიმო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრულია და ამ დროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს გამარტივებული შესყიდვა არ უნდა სჭირდებოდეს.

კვლევის მიხედვით, 2017-2019 წლებში ბათუმში საზეიმო ღონისძიებებისთვის 1 მილიონ 493 ათას 385 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 827 735 ლარი [ჯამური თანხის დაახლოებით 55%] გამარტივებული შესყიდვების გზით გაიხარჯა.

2017-2019 წლებში ბათუმის კულტურის ცენტრმა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებების მოსაწყობად 33 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რომელთა ჯამური ღირებულება 827 735  ლარი იყო.

„2017-2019 წლებში „ბათუმობისადმი“ მიძღვნილი ყველა ღონისძიება უტენდეროდ ჩატარდა და ჯამში 249 558 ლარის ოდენობის 18 პირდაპირი შესყიდვა გაფორმდა; 26 მაისის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხის 81% ასევე უტენდეროდ დაიხარჯა. რაც შეეხება ტურისტული სეზონის გახსნას და საახალწლო ღონისძიებებს, აქ გახარჯულ თანხაში გამარტივებული შესყიდვების წილი 46% და 31%-ია,“ – აღნიშნულია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში ხაზგასმულია ეჭვებიც ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე.

„გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტორი კომპანიებიდან ერთ-ერთი –  ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ანა სიხარულიძის კომპანია „ი(ნ)ვენტ პროდაქშენსია“. 2017 წელს აჭარის კულტურის სამინისტრომ ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების ორგანიზება სწორედ ამ კომპანიას 105 500 ლარად დაუკვეთა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე ეჭვები მაშინაც გამოთქვა.“ – წერია კვლევაში.

კვლევაში მოხვდა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ „ჯეო ივენთთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც 56 980 ლარზე. ეს კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. კვლევის ავტორებმა მერიის აუდიტის სამსახურს ამ კონტრაქტის დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

„მნიშვნელოვანია, არტისტების შერჩევისთვის გამჭვირვალე და განჭვრეტადი კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კორუფციის რისკები… ამასთან, ხშირად ის კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებენ, მსგავსი ტიპის მომსახურების მისაღებად გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებშიც უმეტესად უკონკურენტოდ იმარჯვებენ, რაც კულტურის სფეროს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის შთაბეჭდილებას ტოვებს,“ – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: