ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მომდევნო ორ წელში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება – შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან

09.10.2019 • 2233
მომდევნო ორ წელში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება – შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან

2019 წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 24,3 მილიონი ლარი შევიდა [სამი კვარტალის გეგმის თითქმის 100 პროცენტი]. აქედან, უშუალოდ კაზინოს მაგიდებიდან მიღებული შემოსავალი, 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 9,2 მილიონი ლარია.

სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის მერია წელს, ჯამში, 32 100 000 ლარს ელოდება, თითქმის 4 მილიონი ლარით ნაკლებს, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს ამ ბიზნესიდან ქალაქის ბიუჯეტში 36,1 მილიონი ლარი შევიდა.

კაზინოებიდან გარკვეული თანხა აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც ირიცხება. 2018 წელს კაზინოებიდან აჭარის ბიუჯეტში 9,7 მილიონი ლარი შევიდა.

„რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, გაცნობებთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამორინეების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს ყოველი წლის ბოლოს და აქვეყნებს მომდევნო წლის თებერვლის თვეში,“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

2018 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 1 970 900 ლარი ჩაირიცხა. 2019 წლის სამი კვარტლის გეგმით კი, გათვალისწინებული იყო 1 411 315 ლარის შემოსავალი, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტში ამ პერიოდში გაცილებით მეტი – 2 110 115 ლარი შევიდა.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2 სამორინე, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში უშუალოდ შემოსულია ორი სამორინედან,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიიდან.

რამდენი კაზინო ფუნქციონირებს 2019 წელს ბათუმში? – ჩვენს ამ კითხვაზე ქალაქის მერიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„სათამაშო ბიზნესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული სამორინე მაგიდების რაოდენობის შესახებ მიმართეთ შემოსავლების სამსახურს. აქვე გაცნობებთ, რომ ბათუმის ტერიტორიაზე ერთ სამორინე მაგიდაზე მოსაკრებლის ოდენობა კვარტალში შეადგენს 24 000 ლარს,“ – მოგვწერეს მერიიდან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ბათუმში 10 კაზინო მუშაობდა. შემოსავლების სამსახურის სათამაშო ბიზნესის ნებართვების რეესტრის მიხედვით, ბათუმში დღეს სამორინეს მოწყობის ნებართვას 10 კომპანია ფლობს [ნებართვების ვადაა 2020-2024 წლები].

კაზინო არ არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა, ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქობულეთში კაზინოს მოწყობის ვალდებულება აქვს ერთ კომპანიას, რომელმაც კაზინო 2021 წლის 15 თებერვლისთვის უნდა აამოქმედოს.

ქობულეთის გარდა, 2020-2021 წლებში, კაზინოს გახსნის ვალდებულება აქვს კიდევ 6 კომპანიას. ექვსივე კომპანიამ კაზინო ბათუმში უნდა გახსნას. ეს ვალდებულება მათ სამინისტროსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვთ.

ამ ექვსიდან გაურკვეველია ერთი კომპანიის კაზინოს გახსნის ვადა – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „მიმდინარეობს ბათუმის მერიასთან სასამართლო დავა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აჭარაში მოქმედ სამორინეებში ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 1 143 300 კაცი. სამორინეების ვიზიტორთა 81%-ს არარეზიდენტი ვიზიტორები [უცხო ქვეყნის მოქალაქეები] წარმოადგენდნენ. სამინისტრო სტატისტიკურ მაჩვენებლებს კაზინოებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ამუშავებს.

ამ თემაზე:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: