„შუახევი ჰესი“, რომლის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში ჩამოინგრა და ორი წელია გაჩერებულია, 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.
მანამდე კი, ოქტომბერში, ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“, დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ „შუახევი ჰესი“ 2020 წლის მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს.
„ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე დაყრდნობით, გვირაბების 70 % იქნება მოპირკეთებული,“ – ამბობს პრაშანტ ჯოში, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი. ის ასევე ამბობს, რომ რეაბილიტირებული გვირაბები უსაფრთხოა.
2017 წელს ორი თვის გახსნილ „შუახევი ჰესის“ 37-კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. მათ შორის, სხალთა-დიდაჭარის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი ორ ადგილას, ხოლო დიდაჭარა-შუახევის დამაკავშირებელი სადაწნეო გვირაბი – ექვს ადგილას.
“პროექტის მშენებლობის დაწყებამდე, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების ფაზის დროს, ჩატარდა გეოლოგიური კვლევები – აიღეს სინჯები. სწორედ ამ სინჯებით წარმოდგენა გექმნება, როგორი ტიპის ქანებია საპროექტო არეალში და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც ხდება. მაგრამ შეუძლებელია, რომ ყველა ერთ მეტრში აიღო ქანის სინჯები. როდესაც გვირაბი წყლით შეივსო და ეს შევსება საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, წყალთან რეაქციაში შევიდა ეს ქანები, გამოავლინა სისუსტე და გაიბერა. წყლით გაიჟღინთა ქანები და ის გამაგრება, რაც ჩვენ გვქონდა გამოყენებული, საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ქანების შესაჩერებლად.
ეს იყო უნიკალური შემთხვევა, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაში და მშენებლობის დროს არ გამოვლენილა,” – ასე ხსნის “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი მიზეზს, თუ რატომ ჩამოიშალა ორი წლის წინ ჰესის გვირაბები.
შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ პრობლემა, რომელიც „არაპროგნოზირებადმა ქანებმა“ გამოიწვია, უკვე მოგვარდა და მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
„აჭარისწყალი ჯორჯიასი“ არ სჯერა იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებსაც საერთო პრობლემა აერთიანებთ – სოფლებში გამქრალი სასმელი და სარწყავი წყლები, საფრთხის შემცველი საცხოვრებელი გარემო, დაბზარული სახლები და შიში, „რომ შეიძლება რამე უბედურება დატრიალდეს“.
გორხანაური, ყინჩაური, მახალაკიძეები, ჩანჩხალო, ღურტა, იაკობაძეები – აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სოფლიდან ერთ-ერთში მაინც თუ მიხვალთ, იქ მცხოვრები ბავშვიც კი გეტყვით, რომ მათ სოფელს საფრთხე ემუქრება.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/3025314414360446/
„ერთ დილას ჩვენ შეიძლება უბრალოდ აღარ ვიყოთ“, „ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა კომპენსაცია, მაგრამ მოგვეცით გარანტია, რომ რაიმე საშიშროება არ გვემუქრება“, „სამი დიდი და ტრაგიკულად დასრულებული კატასტროფა მოხდა ამ ხეობაში. ხალხი დაიღუპა. ესენი მოვიდნენ და ჰესი ააშენეს,“ – ამ ამბებს ადგილობრივები ჰყვებიან.
სპეციალისტების აზრით, მართალია, საქართველოს მთავრობა მუდმივად საუბრობს დიდი ჰესების აუცილებლობაზე, მაგრამ აჭარაში განხორციელებულმა პროექტმა აჩვენა, რომ უმსხვილესი ინვესტიციის არსებობის პირობებშიც კი, შეუძლებელია გამართული ინფრასტრუქტურის აშენება.
შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, 76 ოჯახი ცხოვრობს. სოფელი მდინარე ჩირუხის ორივე სანაპიროზეა გაშენებული. მდინარის მარცხენა სანაპიროზე სოფლის იმ ნაწილს, რომელსაც საფრთხე შეექმნა, რაბათის უბანი ჰქვია. სწორედ რაბათის უბანში მცხოვრები 22 ოჯახი ჩივის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში [EBRD]. EBRD-მა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ფუნქციონირების დასაფინანსებლად 86.5 მილიონი აშშ დოლარის (63.7 მილიონი ევრო) ოდენობის კრედიტი მისცა.
საჩივარში, რომელიც EBRD-ში 2018 წლის მარტში გაიგზავნა, მოსახლეობა თავის პრობლემას აღწერს, კერძოდ, წერს, რომ სოფლის თავზე გამავალი ჩირუხი-სხალთას დამაკავშირებელი გვირაბი გაბურღვის ნაცვლად „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ აფეთქებით გაიყვანა. შედეგად, გააქტიურდა მეწყერები, დაიწყო ქვათა ცვენა, გაქრა სასმელი და სარწყავი წყლები. საჩივარში ასევე წერია, რომ კომპანიამ არ მოუსმინა მოსახლეობას და სოფლის პრობლემებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.
რაბათის უბანში მცხოვრები 22 ოჯახი ითხოვს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ჩაატაროს მოსახლეობის ქონების ინვენტარიზაცია, განსაზღვროს შესაბამისი საკომპენსაციო პაკეტები ინდივიდუალურად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მოთხოვნების შესაბამისად.
პრაშანტ ჯოში, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ის პრობლემები, რაზეც რაბათის უბანში საუბრობენ, არავითარ კავშირში არ არის პროექტთან. ის ფიქრობს, რომ 22 ოჯახს ვიღაც ამხედრებს პროექტის წინააღმდეგ.
„არ არის ეს ჰესის მიერ გამოწვეული. როდესაც პროექტი ჯერ კიდევ დიზაინის ფაზაზე იყო, მაშინ გამოვლინდა, რომ ეს ტერიტორია არის მეწყრულად საშიში, სადაც ხდება ეროზიები, ქვების ცვენა და ა.შ. ხალხი ამბობს, როცა ასეთი მეწყრული ადგილია, როგორ შეიძლება იქ პროექტის დაგეგმვაო. პროექტები, განსაკუთრებით ჰიდროპროექტები, მთელ მსოფლიოში გადის მთაში და ამ ადგილებშიც იგივე პრობლემებია, ქვების ცვენა, მეწყერი… ჰიდროპოტენციალი არის მთებში – ისე ხდება დიზაინის შემუშავება, მეთოდოლოგიის შერჩევა, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშ არ დადგეს. როდესაც ხალხი წინააღმდეგია ჰიდროპროექტების, ქმნიან ასეთ ამბებს,“ – ამბობს პრაშანტ ჯოში.
„აჭარისწყალი ჯორჯიასთან“, კომპანიასთან, რომელმაც „შუახევი ჰესი“ ააშენა, პრეტენზიები აქვთ სოფელ ღურტას, ჩანჩხალოს, გორხანაულისა და ყინჩაურის მცხოვრებთაც. პრობლემები აქაც იდენტურია, მოთხოვნები – სხვადასხვა.
მაგალითად, სოფელ ღურტის მოსახლეობის ნაწილი ითხოვს მუდმივ კომპენსაციას, რომელიც მანამდე უნდა გაიცეს, სანამ ჰესი იფუნქციონირებს; გორხანაულში მცხოვრები ათი ოჯახი, ასევე, ითხოვს მიყენებული ზიანის ადეკვატურ კომპენსაციას; სოფელ ყინჩაურში მცხოვრები 55 ოჯახი კი ითხოვს, სოფელი სრულად გაასახლონ.
სოფელი ყინჩაური იმ ადგილიდან, სადაც ჩირუხი-სხალთის დამაკავშირებელი გვირაბი გადის, 3 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. სწორედ ამ მანძილზე აპელირებს „აჭარისწყალი ჯორჯია“, როცა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას სოფელ ყინჩაურთან დაკავშირებით.
მთავარი კითხვა, რომელსაც მოსახლეობა სვამს, არის – იქნება თუ არა უსაფრთხო ის გვირაბები, რომელთა რეაბილიტაციისათვის 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
პრაშანტ ჯოში: “ბევრი გვეკითხება რეაბილიტაციას ორი წელი რატომ დასჭირდა. პირველად სამუშაოები დავიწყეთ იმისათვის, რომ გაგვეგო რა მოხდა და რატომ მოხდა. 1000-ზე მეტი სინჯი ავიღეთ გვირაბიდან, როგორც დაზიანებული, ისე დაუზიანებელი უბნებიდან. საუკეთესო ლაბორატორიებში იგზავნებოდა ქანის სინჯები შესამოწმებლად. და არამარტო ქანის, ის ცემენტი, რაც გამოყენებული იყო შიგნით, ის შურფები, რითაც გამაგრება იყო გაკეთებული, წყლის ანალიზებიც – ყველაფერი შემოწმდა. ძალიან დეტალური კვლევა ჩავატარეთ.
ამდენი ძალისხმევა და რესურსი მიმართული იყო იქითკენ, რომ შეგვემუშავებინა ისეთი გეგმა, რომლითაც ყველა უბანი გათვლილი და შესწავლილი იქნებოდა. ძალიან დეტალურად შევისწავლეთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდეს.
ახლა ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. ამ შეფასებებზე დაყრდნობით, გვირაბების 70 % იქნება ჩაბეტონებული. დარწმუნებული ვართ, რაც გაკეთდა იქნება გრძელვადიანი და მსგავსი რამ აღარ მოხდება”.
მიუხედავად იმისა, რომ “სხალთაჰესი” ექსპლუატაციაში გაშვებული არ არის, გვირაბში, რომლითაც ჩირუხისწყალი სხალთისწყალს უკავშირდება, წყალი დგას.
„მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ ეს შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.
„რადგან ჩირუხი-სხალთას დამაკავშირებელი გვირაბი დაკეტილია და ეს წყალი არ მოდის მახალაკიძეებიდან, მაშინ რა წყალია? თუ გვირაბში წყლის კონტროლი არ ხერხდება და ამ რაოდენობის წყალი გამოდის, ნიშნავს იმას, რომ გვირაბი სახიფათოა და შეიძლება ჩამოინგრეს.
გადაკეტილში თუ ამდენი წყალი მოდის და ვერ კონტროლდება, როგორ იმოქმედებს იმდენი წყალი ამ ყველაფერზე, გვირაბის კედლების სიმყარე რამდენადაა დაცული. ზოგადად, ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში წყლის ინფილტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ვინაიდან ისინი რეცხავენ კედლებს და დროთა განმავლობაში სჭირდებათ რკინა-ბეტონში ჩასმა.
თავის დროზე, როდესაც გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობდა, არ იქნა კარგად შესწავლილი ამ ხეობის გეოლოგია და საკმაოდ არამყარ მასაში იყო გატარებული გვირაბი. ეს წყალი, შესაძლებელია, იყოს ის წყაროები, რომლებიც დაიკარგა სხვადასხვა სოფლში – გვირაბის გაჭრამ მისცა წყალს ახალი მიმართულება, გაჩნდა ახალი ნაპრალები, ხოლო ის ძველი ნაპრალები ამოივსო,“ – ამბობს მანანა ქოჩლაძე.
გვირაბში არსებულ წყალში საფრთხეს ვერ ხედავს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი და ამბობს, რომ ეს ნორმალურია.
„ეს ბუნებრივი გრუნტის წყლებია. გრუნტის წყლები ყოველთვის იქნება. ეს ნორმალურია. სპეციალური მილები კეთდება, რომ გრუნტის წყლების აკუმულირება ზემოთ სადმე არ მოხდეს და პირიქით, გვირაბში ჩამოედინოს,“ – ამბობს პრაშანტ ჯოში.
არაერთი სხვა პრობლემის გარდა, ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები მოსახლეობა ხეების გახმობის გამო წუხს. წიწვოვანი ხეები ბოლო ოთხი წელია ხმება. ხეები უმეტესად იმ ადგილებშია გამხმარი, სადაც „შუახევი ჰესის“ გვირაბები გადის.
ოფიციალური ინფორმაციით, წიწვოვან ხეებს აჭარის მაღალმთიანეთში მავნებელი მწერი – კენწეროს ქერქიჭამია ანადგურებს. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ჯუმბერ აბულაძე პროცესს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.
„კლიმატის ცვლილების უარყოფითი მხარე ბოლო სამი წლის მანძილზე გამოისახა ამაში – იქ, სადაც წიწვოვანი ხეებია შუახევსა და ხულოში, ზაფხულში 60-70 დღე წვეთი ნალექი არ მოდის. ამის გამო ძლიერ სიცხეში იქმნება მავნებლის განვითარების პირობები. ნიადაგიდან წყლის უკმარისობის გამო ხეები ვეღარ იღებენ წყლის საკმარის რაოდენობას, სუსტდებიან, მავნებელი ამ დასუსტებულ ხეს პოულობს და ანადგურებს,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
მისივე თქმით, ნაძვნარებში სააგენტო 2014 წლიდან ათავსებს მწერსაჭერ ფერომონებს, რომელიც მავნებლებს იჭერს და ანადგურებს. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ხეების ხმობა შუახევი ჰესის მშენებლობას, ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ არა.
„უარყოფითი და არასწორი აზრია გავრცელებული, რადგან ბორჯომის ხეობაშიც იგივე მდგომარეობაა, შეიძლება ითქვას, უარესი. კონკრეტულად აჭარაში, ავიღოთ ნენია, ბუთურაული და ის მხარე, მდინარის გაღმა მხარე, სადაც საერთოდ არ არის გვირაბი, იქაც ხმება წიწვოვანი ხეები. სოფელ ბუთურაულის თავზე მასობრივად ერთ მონაკვეთში ცხრაასამდე ძირი აღვრიცხეთ, სრულად რომ გახმა. საერთოდ შორსაა ჰესის გვირაბთან. ამიტომ ეს არასწორი აზრია. დაემთხვა ისე, რომ სადაც ჰესია, იქ ხმება, მაგრამ მარტო იმ ზოლში არ ხმება, სხვაგანაც ხმება“.
2013 წლის სექტემბერში ბათუმიდან 67 კილომეტრში, დაბა შუახევში, საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო. დაანონსდა მდინარე აჭარისწყალზე სამი ახალი ჰესის აშენება. პროექტის მიხედვით, მთები, რომლებიც დაბა შუახევს გარს აკრავდა, სადერივაციო გვირაბებით დაიქსელებოდა. შუახევის ცენტრიდან ერთ კილომეტრში, მდინარე აჭარისწყალზე, გაკეთდებოდა წყალსაცავი. საქართველოს მთავრობაში ამბობდნენ, რომ ეს იყო მომავლის პროექტი, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა.
„შუახევი ჰესის“ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზაგი, „Tata Power “-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, „Clean energy Group“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბორდ მიკელსენი და IFC-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ჟულიენ ტიურო, საქართველოში აკრედიტებული ნორვეგიის, ინდოეთის, თურქეთის ელჩები, დონორი ორგანიზაციების, აზიის განვითარების ბანკის, EBRD -ის და USAID -ის მენეჯერები აჭარაში.
2017 წლის ივნისში „შუახევი ჰესი“ საზეიმოდ გახსნეს. ჰესმა სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა. თუმცა აგვისტოში ერთ-ერთი გვირაბი ჩამოიშალა და 600-მილიონიანი პროექტი გაჩერდა.
2019 წლის მდგომარეობით ჰესი ისევ გაჩერებულია. დაზიანებული გვირაბის რეაბილიტაცია ჰესის მშენებელ კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ჰესის მშენებლობაზე კომპანიამ 400 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.
კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, ნოემბერში დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება – რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში „შუახევი ჰესი“ სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. „შუახევი ჰესამდე“ ოქტომბერში ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“. საბოლოოდ, სრული დატვირთვით „შუახევი ჰესი“ 2020 წლის მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.