მთავარი,სიახლეები

„განა, შეიძლება დაივიწყო სანაპირო, ნავსადგური, მოალერსე ზვირთები“ – ჟორჟ სიმენონი ბათუმზე

10.10.2019 • 2703
„განა, შეიძლება დაივიწყო სანაპირო, ნავსადგური, მოალერსე ზვირთები“ – ჟორჟ სიმენონი ბათუმზე

„უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ მოვინახულე შავი ზღვის სანაპირო, სხვაგვარად არ შემეძლო, ისე შევიყვარე ეს მხარე. მაშინ აღმოვაჩინე ბათუმი, კავკასიის მთელი მშვენიერება. განა, შეიძლება დაივიწყო სანაპირო, ნავსადგური, ფერების სამხრეთული ზეიმი, მოალერსე ზვირთები… მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ადამიანები არიან. საათობით ვიდექი სანაპიროზე, დავდიოდი ბაზრებში (მიმაჩნია, რომ ბაზარი შესანიშნავი ადგილია დაკვირვებისთვის, აქ ადამიანები ძალიან ბუნებრივად იქცევიან) და არ შემეძლო მათთვის თვალი მომეშორებინა, ენა არ ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი მესმოდა, იმდენად ნათელი და გამომხატველია ჟესტები,“ – ასე იხსენებს ბათუმს ცნობილი ფრანგი მწერალი, ჟორჟ სიმენონი 1986 წელს გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია წიგნად ფონდში დაცული მწერალ ჟორჟ სიმენონის შემოქმედების თანამედროვე გამოცემები და იმ პერიოდის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვები, როცა ცნობილი მწერალი ბათუმს ესტუმრა. გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხი უნიკალური ფოტოს პრინტიც იმ ოცდაათიდან, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა ბათუმში ვიზიტისას გადაიღო.

მწერალმა ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმოგზაურა, მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ [Les Gens d’en Face] ერთ-ერთ ნაწილში მოქმედება სწორედ ბათუმში ხდება.

ოქტომბერში ბათუმს ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი ესტუმრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით. საჯარო ბიბლიოთეკის გამოფენა მან 9 ოქტომბერს დაათვალიერა და ბათუმში ის ადგილები მოინახულა, სადაც სიმენონის რომანში ხდება მოქმედება. ჯონ სიმენონი ბათუმში 11 ოქტომბრამდე დარჩება.

ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი ბათუმში.

გარდა იმისა, რომ ბათუმი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი ადგილია სიმენონის რომანში ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“, ბათუმში თავსგადამხდარი  ამბები დაედო ასევე საფუძვლად სიმენონის დიდ რომანს ,,ბანანას ტურისტები“. ამის შესახებ მწერალი გაზეთ ,,იზვესტიაში“ 1986 წელს გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ ინტერვიუში ამბობს.

„დავუმეგობრდი ერთ მოხუცს, მას ქალაქში ურმით ბოსტნეული და მწვანილი დაჰქონდა. ისეთი სახე ჰქონდა, ვნანობდი, რომ მხატვარი არ ვიყავი, სხვადასხვა ენის მოშველიებით ჩვენ როგორღაც ვახერხებდით ერთმანეთთან საუბარს. მან მიამბო თავისი ცხოვრების ისტორია და მე დავინახე კეთილშობილება, ჭეშმარიტი ადამიანური ღირსება, რომელსაც ვერაფერი დააკლო ცხოვრების სიძნელეებმა. აი, ეს იყო ნამდვილი ადამიანი, „უბრალო ადამიანი“, ვისგანაც უნდა ისწავლო გაუტეხლობა ცხოვრებაში. მე გავიგე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებას სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

ჩემი საუბრები მოხუცთან საფუძვლად დაედო რომანს „ბანანას ტურისტები“ – ეს არის ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელმაც უარი თქვა ცხოვრებასთან ბრძოლაზე. დიახ, რომანს საფუძველი ჩაეყარა ბათუმში – ჩემი იქაური დაკვირვებებისა და ფიქრების საფუძველზე.

ბათუმში ჩავუფიქრდი მთიელთა ფსიქოლოგიას, მათ ნიჭს, თვითმყოფადობას და ახლებურად შევხედე კავკასიას. ჯერ კიდევ ოციან წლებში სარეკლამო ტურისტული პროსპექტების მიხედვით, დავწერე სათავგადასავლო რომანი, სადაც იყო მზეთუნახავთა მოტაცებაც, მთის ბილიკებზე ცხენთა ჭენებაც და სროლაც… ბათუმში ნანახი და განცდილი ჩემთვის გაკვეთილი იყო მთელი ცხოვრებისათვის,“ – ამბობს ჟორჟ სიმენონი.


მთავარ ფოტოზე: ჟორჟ სიმენონი. ფოტო: spectator.co.uk

ამავე თემაზე:

ჟორჟ სიმენონის უცნობი ფოტოები და რომანი, რომელშიც მოქმედება ბათუმში ხდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: